კვებითი ალერგია ჩვილებში

გააზიარე:

ჩვილების მშობლებს რომ ვკითხოთ, ყველაზე ხშირად რის გამო ნერვიულობენ, პაწიას საკვები ამ ნუსხაში პირველს თუ არა, მეორე-მესამე ადგილს მაინც დაიკავებს. თუმცა ქვეყნიერებას სულ ცოტა ხნის წინ მოევლინნენ, უკმაყოფილების გამოხატვას უკვე ახერხებენ: ერთს ფაფა არ მოსწონს, მეორეს – ბოსტნეულის პიურე, მესამეს კი ხელოვნური ნარევი. მაგრამ ზოგჯერ გემოვნება არაფერ შუაშია – ბავშვის ორგანიზმი ამა თუ იმ საკვებს, უბრალოდ, ვერ იტანს ან მასზე წრეგადასულ რეაქციას ამჟღავნებს. “ალერგიაა!” – ვსვამთ დიაგნოზს და პაწაწინა დიეტაზე გადაგვყავს, ზოგჯერ არც ნათესავებისა თუ მეზობლების ნარჩევი წამლის მიცემისგან ვიხევთ უკან...


რა უნდა ვიცოდეთ კვებითი ალერგიის შესახებ, როდის ვიეჭვოთ, როგორ ავიცილოთ თავიდან და ვუმკურნალოთ? ამ და სხვა კითხვებით ალერგიისა  და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმს ბიძინა კულუმბეგოვს მივმართეთ.
– ბატონო ბიძინა, რამდენად ხშირია საკვებზე რეაქცია და მართებულია თუ არა ყველა მათგანის ალერგიად მონათვლა?
– საკვებზე რეაქცია მართლაც ხშირია, მაგრამ ყოველგვარი რეაქციის ალერგიად მიჩნევა გავრცელებული და საგანგაშო შეცდომაა. ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა განვასხვაოთ კვებითი ალერგია და საკვების აუტანლობა. ეს საკვებზე რეაქციის ორი კარდინალურად განსხვავებული კატეგორიაა და განსხვავებულ მიდგომასა და მართვას მოითხოვს.
ალერგია, როგორც იცით, მაშინ ვითარდება, როცა ადამიანის იმუნური სისტემა ამა თუ იმ უწყინარი ნივთიერების მიმართ ზედმეტ მგრძნობელობას იჩენს. კვებითი ალერგიის დროს პათოლოგიურ რეაქციებს საკვების შემადგენელი ერთი ან რამდენიმე ცილა რთავს. საკვების აუტანლობა კი ამა თუ იმ პროდუქტის ან მისი რომელიმე კომპონენტის მოუნელებლობაა. ამ პროცესში შეცვლილი იმუნური მექანიზმი არ მონაწილეობს. ასეთია მაგალითად, რძის შაქრის – ლაქტოზის აუტანლობა, ცელიაკია – ხორბლის ცილის აუტანლობა. უკეთესად სწორედ ამ მექანიზმს ეკისრება პასუხისმგებლობა საკვებზე რეაქციებში. საკვებით გამოწვეული ალერგიები კი ბავშვების მხოლოდ 4-6%-სა და მოზრდილების 1%-ში გვხვდება.
კვებითი ალერგია შესაძლოა სერიოზული, მათ შორის – სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების მიზეზად იქცეს.
– ყველაზე ხშირად რომელი პროდუქტი იწვევს ჩვილებში ალერგიულ რეაქციას?
– ადრეული ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგიაა ალერგია ძროხის რძეზე. სტატისტიკას თუ მოვიხმობთ, ის 4 წლამდე ასაკის ბავშვების 2%-ს აწუხებს.
ძროხის რძე შეიცავს ცილებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ალფა-ლაქტალბუმინი, ბეტა-ლაქტალბუმინი, კაზეინი. უმრავლესობა ძროხის რძის ალერგიის მქონე პაციენტებისა  სენსიბილიზებულია (მომეტებული მგრძნობელობა აქვს) სამივე ტიპის ცილის მიმართ.
ალერგიის კლინიკური გამოვლინებები იყოფა IgE-გაშუალებულ და არა-IgE-გაშუალებულ რეაქციებად. IgE იმუნური უჯრედების მიერ გამომუშავებელი ცილაა, რომელიც უმთავრესად დაუყოვნებელი ტიპის რეაქციებში მონაწილეობს. ეს რეაქციები რძის მიღების შემდეგ რამდენიმე წუთიდან 2 საათამდე ხანგრძლივობის პერიოდში ვლინდება კანის, პირის ღრუსა და ხახის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან`და გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივი ნიშნებითა და სიმპტომებით. რაც შეეხება რეაქციების სიმძაფრეს, ისინი მსუბუქიც შეიძლება იყოს და სიცოცხლისთვის საშიშიც, ანაფილაქსიის ჩათვლით.
შერეული ტიპის IgE-გაშუალებულ და არა-IgE-გაშუალებულ რეაქციებს მიეკუთვნება ატოპიური დერმატიტი (ეგზემა), ალერგიული გასტროინტესტინური დარღვევები.
არა-IgE-გაშუალებული რეაქციებია საკვების ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტური (წვრილი და მსხვილი ნაწლავების ანთებით მიმდინარე) სინდრომი, ცილით გამოწვეული პროქტიტი/პარაპროქტიტი (სწორი ნაწლავისა და მის ირგვლივ არსებული მიდამოს ანთება), კუჭ-საყლაპავის რეფლუქსი, ჩვილ ბავშვთა კოლიკა (მუცლის ჭვალი), შეკრულობა.
რძის თერმული დამუშავება ამცირებს შრატის ცილების ალერგიულობას, განსაკუთრებით – ბეტა-ლაქტალბუმინის მიმართ. ასეთი პროცესები მიმდინარეობს რძემჟავა პროდუქტების დამზადების დროს, ამიტომ რძის მიმართ ალერგიულები არცთუ იშვიათად კარგად იტანენ, მაგალითად, მაწონს.
რეაქციის მიზეზად რძის ორთქლის შესუნთქვაც შეიძლება იქცეს. ზოგიერთ პაციენტს სახლის პირობებში რძის  ადუღების დროსაც კი მასთან მიკარების გარეშე დასწყებია ალერგიული რეაქცია.
ძროხის რძეზე ალერგიის კლინიკური ნიშნები ვლინდება სიცოცხლის პირველსავე თვეებში, უმეტესად – ძროხის რძის ფორმულის მიღებიდან რამდენიმე დღეის ან კვირის შემდეგ.
– შეიძლება ითქვას, რომ ძროხის რძის მიმართ ალერგია ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების ხვედრია?
– ბუნებრივი კვება მართლაც ამცირებს კვებითი ალერგიის გამოვლენის ალბათობას. დედის რძე საუკეთესო საკვებია თითქმის ყველა ახალშობილისთვის. თუმცა ძალიან იშვიათად გამონაკლისებსაც ვხვდებით. დედის რძეზე მყოფი ზოგიერთი ბავშვი პირველი  რამდენიმე კვების შემდეგ ალერგიის ნიშნებს ამჟღავნებს. ასეთი რამ ხდება, როცა დედა ორსულობისას დიდი რაოდენობით იღებს რძესა და მის ნაწარმს – ძროხის რძის ცილები პლაცენტის გავლით აღწევს ნაყოფამდე და მის სენსიბილიზაციას, ზემგრძნობელობას იწვევს. დედის რძე მცირე რაოდენობით თავადაც შეიცავს ძროხის რძის ანტიგენებს და ალერგიული რეაქციების პროვოკატორად გვევლინება. ვიმეორებ, ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია, ასე რომ, ამ მიზეზით დედის რძის მიტოვება, საბედნიეროდ, ძალიან ცოტა პატარას უხდება.
– გარდა ძროხის რძისა, კიდევ რომელმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია?
– სტატისტიკის თანახმად, ასეთი პროდუქტებია:
კვერცხის ცილა. მის მიმართ ალერგია ბავშვებში ასევე საკმაოდ არის გავრცელებული, თუმცა შესაძლოა მოგვიანებითაც გამოვლინდეს. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი. ზოგიერთი ვაქცინა  (მაგალითად, წითელასი, ყბაყურასი, გრიპისა) წიწილის ემბრიონზე მზადდება. კვერცხის ცილისადმი ალერგიულ ბავშვებში მწვავე ალერგიული რეაქციის გამოწვევა მათაც შეუძლიათ.
თევზის პროდუქტები. მწვავე ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე უხარისხო, გაფუჭებული თევზი, ვინაიდან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი. მისმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა, რომელსაც ხშირად ახლავს თან ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თევზი გაფუჭებული იყო, თუმცა მოწამვლასთან ერთად არც თევზზე ალერგია უნდა გამორიცხოთ. 
თხილი და არაქისი.
სოია.
 ალერგიულ ბავშვებს ხშირად სოიის პროდუქტებს უნიშნავენ, მაგრამ ზოგჯერ პაწიები მის მიმართაც ამჟღავნებენ ჰიპერრეაქციას (ანუ ალერგიას). იმ ბავშვების 30-40%, ვისაც ძროხის რძეზე აქვს ალერგია, თურმე ვერც სოიას მიირთმევს.
ხორბალი. ამ მარცვლეულის ცილა უამრავ საკვებშია, ამიტომ ალერგიულ რეაქციასაც ხშირად იწვევს. ხორბლისადმი მომატებული მგრძნობელობა ხშირად ცელიაკიაში ერევათ. ეს უკანასკნელი დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ ძალუძს გლუტეინის შემცველი პროდუქტის  ათვისება.
– რა სიმპტომებით ვლინდება კვებითი ალერგია?
– საზოგადოდ, ალერგიის გამოვლინება მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია, თუმცა შედარებით მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში უმეტესად შემდეგი სიმპტომები გვხვდება: 
. ტუჩების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება და ქავილი;
. ჩახეხვისა და მოჭერის შეგრძნება ხახასა და ხორხში;
. გულისრევა, შემცივნება, ღებინება, ფაღარათი;
. კანის შეშუპება და გამონაყარი;
. ანაფილაქსია, ანუ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკიც კი. 
კვებითი ალერგიის საინტერესო სახეობაა ორალური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს პირის ღრუსა და ხახის ქავილი თერმულად დაუმუშავებელი ხილის ან ბოსტნეულის მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებათ სეზონური ალერგია მცენარეული მტვრის მიმართ.
ცნობილია, რომ ხილსა  და ბოსტნეულს აქვს საერთო ანტიგენური დეტერმინანტები სხვა მცენარეებთან, რაც განაპირობებს ჯვარედინ რეაქციებს. მაგალითად, ამბროზიის მიმართ სენსიბილიზებულ პაციენტს აღენიშნება ორალური სინდრომი ბანანისა და ნესვის მიღების დროს, ხოლო არყის ხის მტვრის მიმართ სენსიბილიზებულ პაციენტებს – სტაფილოს, ნიახურის, ატმის, კაკლის, კარტოფილის, ვაშლის მიღებისას.
– თუ ჩვილს რომელიმე პროდუქტის მიმართ ალერგია გამოაჩნდა, ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება?
– გააჩნია, რა შემთხვევაში. ადრინდელი მონაცემებით, ძროხის რძის მიმართ ტოლერანტობა სამ წლამდე ასაკში მიიღწევა, თუმცა უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ალერგიის ზოგიერთი სახეობა შეიძლება მოწიფულ ასაკშიც დარჩეს. პერსისტენციაზე გავლენას ახდენს სენსიბილიზაციის  ხარისხი, აგრეთვე ისიც, მცირდება თუ არა დინამიკაში სპეციფიკური IgE ანტისხეულების დონე და ახლავს თუ არა კვებით ალერგიას თან ასთმა ან სურდო.
კვერცხის მიმართ ალერგიაც, ჩვეულებრივ, ორი წლის ასაკისთვის ქრება, თხილისა და არაქისის მიმართ კი ალერგია მთელი ცხოვრება გრძელდება. 
– რას ემყარება კვებითი ალერგიების დიაგნოსტიკა?
– ძირითადად – ანამნეზს და, თუ საჭიროა, ლაბორატორიულ კვლევას. დაკვირვებული მშობელი, მით უმეტეს, თუ ალერგიის დღიურსაც აწარმოებს (დაწვრილებით ინიშნავს, როდის და რომელი საკვების მიღებისას შეამჩნია ესა თუ ის ალერგიული რეაქცია), სწორი ტაქტიკის შემუშავებაში ექიმის საუკეთესო დამხმარეა. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ორმაგი ბრმა, პლაცებოკონტროლირებული საკვებისმიერი პროვოკაცია. ამ დროს პაციენტი იღებს სპეციალურ კაფსულებში მოთავსებულ საკვებს, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტის გამორიცხვის მიზნით არც მან და არც ექიმმა არ იციან, რა პროდუქტია ეს. მხოლოდ ამგვარად შეიძლება დამნაშავე საკვების მაღალი სიზუსტით გამოვლენა, თუმცა ასეთი ტესტის ჩატარება ძალიან ძნელია.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვს კვებითი ალერგია აქვს?
– პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დადასტურდეს რომ ეს ნამდვილად ასეა, მერე კი:
* სრულიად უნდა გამოირიცხოს დამნაშავე საკვები. თუ ბავშვი ძუძუზეა, დედამ არ უნდა მიირთვას ძროხის რძე, თევზი, არაქისი, ნიგოზი. თუ ეს ალერგიის კონტროლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მოგვიწევს ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა და სპეციალური ჰიპოალერგიული  ნარევის დანიშვნა. ხელოვნური კვებისას კი ამ ნარევებს მეტი მნიშვნელობა აქვს.
ძროხის რძეზე ალერგიისას არამოდიფიცირებული თხის ან ცხვრის რძე პრობლემას ვერ აგვარებს, ამიტომ მათზე გადასვლა რეკომენდებული არ არის.
– ჰიპოალერგიული ნარევები ახსენეთ. თუ არის მათ შორის განსხვავება და როგორ შევარჩიოთ უკეთესი?
– ნარევის ალერგიული პოტენციალის შესამცირებლად ცილების დაშლას – ჰიდროლიზს მიმართავენ. ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ნარევები ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობას მხოლოდ 50 %-ით ამცირებს, ანუ ორიდან ერთ შემთხვევაში უეფექტოა, ამიტომ არჩევანს მათზე ნუ შეაჩერებთ. დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში ვიყენებთ ექსტრემალურად ჰიდროლიზებულ ნარევს, თუ სიმპტომები მაინც დარჩა, ჩვილს ამინმჟავების ფუძეზე დამზადებული ნარევს ან სოიის ნარევს ვაძლევთ. კვების ასეთი ცვლილების შედეგი 2-4 კვირაში უნდა გახდეს თვალსაჩინო, ნარევით კვება კი წლამდე უნდა გაგრძელდეს.
– რამეს ხომ არ ურჩევდით ამა თუ მი პროდუქტის მიმართ ალერგიული ბავშვების მშობლებს?
– სიამოვნებით. კვერცხზე ალერგიისას ორ წლამდე ასაკის ბავშვს კვერცხი არ უნდა ვაჭამოთ. მზა პროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას. კვერცხს შეიცავს მრავალი პროდუქტი, მათ შორის – ნამცხვრები.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა რეკომენდაციით, თევზის მიმართ ალერგიული ადამიანი უნდა ერიდოს ყოველგვარი სახეობის თევზს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ალერგიული იყოს მხოლოდ ერთი სახეობის თევზის მიმართ. 
არაქისსა და თხილზე ალერგიისას ერთადერთი გზა რაციონიდან ამ პროდუქტის ამოღებაა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ბავშვის საკვების მიმართ, უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ ბავშვისთვის დაბადების დღეზე თუ სადღესასწაულო სუფრაზე მირთმეული ტკბილეულის შემადგენლობა. სიფრთხილე საჭიროა ყველგან, სადაც დადის ბავშვი: სკოლაში, პარკში, მეზობლებთან, მეგობრებთან თუ ბებიასთან. ყველა გააფრთხილეთ თქვენი შვილის ალერგიულობის შესახებ.
– შესაძლებელი თუა, წინასწარ ვიეჭვოთ ბავშვის ალერგიულობა და მივიღოთ ზომები?
– ალერგიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ ბავშვებს, რომელთა ერთი ან ორივე მშობელი ან და-ძმა ატოპიით არის დაავადებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს დედის დიეტაზე ყოფნა რეკომენდებული არ არის (ამერიკის პედიატრის აკადემია ასეთ ორსულებს არაქისისა და თხილისგან თავის შეკავებას ურჩევს. სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ორსულის რაციონის შეზღუდვას საჭიროდ არ მიიჩნევენ. ზოგჯერ ძუძუთი კვების დროს ძროხის რძის, კვერცხისა და თევზის შეზღუდვას ვუწევთ რეკომენდაციას). თუ შესაძლებელია, ასეთი ბავშვები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, 6 თვემდე მხოლოდ დედის რძით უნდა იკვებებოდნენ. ხელოვნურ კვებაზე მყოფ მაღალი რისკის ახალშობილებს ჰიპოალერგიულ ნარევებს ვუნიშნავთ, სოიის ფორმულას კი შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებთ. მყარ საკვებს ბავშვის რაციონში შედარებით გვიან ვრთავთ: ფაფებსა და ბოსტნეულის პიურეს – 6 თვიდან, ძროხის რძეს – 12 თვიდან, კვერცხს – 24 თვიდან, არაქისს, თხილს, თევზს – 36 თვიდან.

გააზიარე: