როგორ დავამარცხოთ ცელულიტი

გააზიარე:

ბუნებრივია, C ვიტამინით მდიდარ ციტრუსს არაფერს ვერჩით – იმ ფორთოხალს ვგულისხმობთ, ჩვენს ბარძაყებზე, მუცელსა თუ დუნდულებზე რომ მოუკალათებია და არამცთუ საბანაო კოსტიუმის მორგებას, ჩვეულებრივი ტოპის ჩაცმასაც კი არ გვანებებს. 

რას წარმოადგენს ცელულიტი, რა იწვევს მას და შეიძლება თუ არა კანიდან საძულველი “ფორთოხლის ქერქის” მოცილება? ამის შესახებ “ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციის სამსახურის ექიმი-ფიზიოთერაპევტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მაკა მირზიაშვილი გვესაუბრება.

– ქალბატონო მაკა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ცელულიტი მხოლოდ ჩვენი დროის დაავადებაა? ან რატომ არის, რომ ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ სახელწოდებით სულ სხვა დაავადებას აღნიშნავენ?
– cellulitis, რომელიც თქვენ ახსენეთ, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა და სახელის გარდა არაფერი აქვს საერთო კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურულ ცვლილებებთან. ამ უკანასკნელს კი მედიცინა, სულ მცირე, ორი საუკუნეა იცნობს. პირველად ფრანგმა ექიმებმა აღწერეს და შეაფასეს მეცხრამეტე საუკუნეში, თუმცა ავადმყოფობად კი არა, კანის მდგომარეობად განიხილეს, 1920 წელს კი ისევ ფრანგმა ექიმებმა მას გარეგნული ნიშნების გამო “ფორთოხლის კანი” უწოდეს.
საერთო მიდგომა მისდამი დღემდე არ არსებობს. მედიკოს-სპეციალისტების უმრავლესობას ცელულიტი ავადმყოფობად არ მიაჩნია, მრავალი ექიმი კი მას გინოიდურ ლიპოდისტროფიას უწოდებს.
ცელულიტის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანია 1973 წელს წამოიწყო კოსმეტიკური სალონის მფლობელმა ნიკოლ რონსარმა, რომელიც ცდილობდა, თავის სალონში ახალი კლიენტები მიეზიდა. ამას მოჰყვა ანტიცელულიტური კოსმეტიკური ბიზნესის ბუმი. მხოლოდ 2009 წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოსმეტიკური კომპანიების მიერ ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალებებისგან მიღებულმა მინიმალურმა მოგებამ სამი მილიარდი დოლარი შეადგინა.
– მაინც რა უდევს საფუძვლად ცელულიტს?
– ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელსაც უწვრილეს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური ნაკადის დარღვევამდე მივყავართ. ეს არის შეგუბებითი მოვლენები ცხიმოვან ქსოვილში, რაც მის დისტროფიას (კვების მოშლას) იწვევს. კანქვეშა ანუ ჰიპოდერმის შემაერთებელი ქსოვილი ცხიმების სინთეზის ადგილია. ადიპოციტები – ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები ჭარბ გლუკოზას (სისხლის შაქარს) ცხიმად გარდაქმნიან და შავი დღისთვის ინახავენ, საჭირო დროს კი ცხიმს გლუკოზამდე შლიან და ენერგეტიკული საჭიროებისთვის უჯრედებს უგზავნიან, ნივთიერებათა ცვლას, სხეულის ენერგეტიკული ბალანსის დაცვას რომ მოხმარდეს. ნორმალური კანისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის ადიპოციტების დიდი რაოდენობა, რომლებიც ერთგვარ ცხიმოვან წილაკებში არიან დაჯგუფებულნი და გარს შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები (კოლაგენური და რეტიკულური ქსოვილები) არტყიათ. ცხიმოვანი წილაკები სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ლიპიდები და მათი დაშლის პროდუქტები სისხლში გადადის. ადიპოციტების ფუნქციობას ჰორმონების განსაზღვრული ჯგუფი ასტიმულირებს. დისფუნქცია, რომელიც ცელულიტის წარმოშობას უკავშირდება, გამოიხატება იმით, რომ ადიპოციტები მიღებულ ინფორმაციას ამახინჯებენ და საბოლოო ჯამში არასწორად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. ამის შედეგად ცხიმები უჯრედებში კი არა, მათ შორის არსებულ სივრცეში გროვდება. ეს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას არღვევს, ლოკალური ქსოვილები არასაკმარისად იკვებება, კანი შუპდება. თავდაპირველად შეშუპება ძნელად შესამჩნევი და უმნიშვნელოა, თუმცა ეს უკვე ცელულიტის პირველი სიმპტომია.
– მერე რა ხდება?
– ზემოთ აღწერილი ცვლილებების შემდეგ ადიპოციტები, ცხიმოვანი უჯრედები, ერთიანდება და იწვევს ქსოვილთა ფიბროზს – მრავლდება მკვრივი კონსისტენციის შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც სხვა მიმდებარე შემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურებთან კონტრასტს ქმნის. სწორედ მკვრივი და ფაშარი ქსოვილების მონაცვლეობა იწვევს ფორთოხლის ქერქის ეფექტს. კვანძების გადიდებასთან ერთად მკვრივდება ფიბროზული ქსოვილები, კანის ზედაპირი უსწორმასწორო ხდება, ბორცვაკებით იფარება. ეს უკვე მიშვებული ცელულიტის სტადიაა.
– ამრიგად, ცელულიტის რამდენიმე სტადიას განასხვავებენ?
– ცელულიტის სტადიის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ზემოქმედების შესარჩევად.
 პირველ სტადიაში შესაძლებელია სხეულის განსაზღვრული ნაწილების უბრალო გაფაშრების დიაგნოსტირება, რაც გამოწვეულია უჯრედთაშორისი სითხის დინების შეფერხებით – მას “მსუბუქ ცელულიტს” უწოდებენ.
მომდევნო ეტაპზე ადიპოციტების შემომსაზღვრელი რეტიკულური შემაერთებელი ბოჭკოები მკვრივდება და მაგრდება, რის გამოც კაპილარულ დონეზე ძნელდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია. ამ სტადიაში კანი ელასტიკურობას კარგავს  და მასზე ხელის დაჭერისას ჩანაჭდევები რჩება.
მესამე სტადიაში ვითარდება ლიპოსკლეროზი. ყალიბდება მიკროკვანძები, კანის ზედაპირი მკვეთრად ემსგავსება ფორთოხლის ქერქს. ამ სტადიას ხშირად მყარ ცელულიტს უწოდებენ.
მეოთხე სტადიაში კვანძები იზრდება, მოძრავი ხდება, იოლად ისინჯება თითებით და ხშირად შეხებისას მტკივნეულია.
– სხეულის რომელ ნაწილებზე ყალიბდება ყველაზე ხშირად ცელულიტი და ვინ არის ყველაზე ხშირად მისი მსხვერპლი?
– ცელულიტის საყვარელი ადგილებია დუნდულები, მკლავები, მუცლის წინა და გვერდითი კედლები. მისი სამიზნე სუსტი სქესია. თუმცაღა დაავადების გავრცელება ასაკთან ერთად იმატებს, პირველ ნიშნებს უკვე 25-27 წლის ასაკში ვხვდებით, ბოლო ხანს კი მისი უფრო მეტად გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა. გარდა ამისა, ცელულიტის შემთხვევებმა მამაკაცებშიც იმატა.
– რა იწვევს ცელულიტს?
– ცელულიტის ფენომენი სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუმცა უდავოა, რომ მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ფაქტორებს: ჰორმონულ ცვლილებებს, მემკვიდრეობას, არასწორ კვებას, სქესს, ეთნიკურ თავისებურებებს, ცხოვრების წესს. მრავალი მკვლევარი ცელულიტს XXI საუკუნის ფენომენად მიიჩნევს და ფიზიკური აქტივობის მკვეთრ შეზღუდვას უკავშირებს. სავარძელი სამსახურში და სახლში, ავტომობილის სალონი – ცელულიტის ძირითადი მიზეზები გახლავთ! თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა ცელულიტის კავშირი არა მხოლოდ ჰიპოდინამიასთან და, საზოგადოდ, არაჯანსაღ ცხოვრების წესთან, არამედ სტრესთანაც, რომელიც ჰორმონული დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია.
– რა როლს ასრულებს ფიზიკური ვარჯიში ცელულიტთან ბრძოლაში?
– ცელულიტი პრაქტიკულად არ ემართებათ მოქმედ სპორტსმენებს. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენად ეფექტურია აქტიური სპორტული ცხოვრება ცელულიტთან ბრძოლისას. ეს არ გულისხმობს მხოლოდ პროფესიულ სპორტს; სწორად შერჩეული ფიზიკური სავარჯიშოები, ფიზიოთერაპევტის, რეაბილიტოლოგის მიერ განსაზღვრული სხეულის სამიზნე ადგილების გააქტიურება მასაჟთან კომპლექსში ცელულიტის საწინააღმდეგო შეუცვლელი იარაღია.
– რამდენად შედეგიანია ცელულიტთან ბრძოლა?
– მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ მოწოდებულია უამრავი საშუალება, ჯერ კიდევ არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებები მათი ეფექტიანობის შესახებ. ცელულიტთან საბრძოლველად იყენებენ უამრავ მეთოდოლოგიას, ქირურგიული ჩარევით (ლიპოსაქციით) დაწყებული, ანტიცელულიტური მალამოებისა და ძვირად ღირებული ინექციების ჩათვლით. ცელულიტთან ბრძოლისას წარმატების გასაღები უნდა ვეძებოთ კომპლექსურ მიდგომაში, რომელიც გულისხმობს ბალანსირებულ დიეტას, აქტიურ, ჯანსაღ ცხოვრების წესს, ფიზიოთერაპიული მკურნალობის ფართო სპექტრს (ლაზერული თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტრო-ვაკუუმთერაპია, ელექტროთერაპია, წყალქვეშა მასაჟი, ჰიდროთერაპია, მარგალიტოვანი აბაზანები, პარაფინოთერაპია, ანტიცელულიტური მალამოებით ფონოფორეზი, მასაჟი და სხვა). მხოლოდ ამ მიდგომების კომპლექსური გამოყენება გამოიღებს სასურველ ნაყოფს. “ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სამსახური აღჭურვილია უნიკალური ფიზიოთერაპიული აპარატურით, რომელთა ეფექტური ზემოქმედებისა და ჩვენს კლინიკაში ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად ასეულობით პაციენტმა მიიღო სასურველი შედეგი. ცელულიტთან ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქცია, მას სისტემატური ხასიათს უნდა ჰქონდეს და მიმდინარეობდეს ექიმი ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით. მობრძანდით “ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სამსახურში და თქვენი სხეული აღიდგენს პირვანდელ მოქნილობასა და ელასტიკურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) პლაჟისა თუ აუზის მონახულების წინ.

გააზიარე: