ნაწლავის ჩხირის ევროპული ეპიდემია
გააზიარე:
“მკვლელი ნაწლავის ჩხირი”, “ევროპა ბოსტნეულს შიშის თვალით უყურებს” – სულ ცოტა ხნის წინ ასეთ სათაურებს მრავლად მოჰკრავდით თვალს ქართულ პრესაში. საქართველოს რომ საფრთხე არ ემუქრება, არაერთხელ ითქვა, თუმცა განვითარებულ
დასავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც ინტერესით ვადევნებდით თვალს. ხალხში ხმა დაირხა, რომ ეს ბაქტერია გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში სპეციალურად გამოიყვანეს... ეპიდაფეთქება დასასრულს უახლოვდება, ასე რომ, მოვლენათა შეჯამება და დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება. ჩვენმა ჟურნალმა დახმარებისთვის “ავერსის კლინიკის” ექიმს, გასტროენტეროლოგსა და ინფექციონისტს თენგიზ თელიას მიმართა.
– ბატონო თენგიზ, რას წარმოადგენს ნაწლავის ჩხირი და რამდენად საშიშია ის ადამიანისთვის?
– ნაწლავის ჩხირი ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი უხშირესი ბინადარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაქტერია ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (უმთავრესად – მსხვილ ნაწლავში) უწყინრად ცხოვრობს, ცალკეულ შემთხვევებში მას შეუძლია, ადამიანისთვის საშიში ნაწლავური ინფექცია, ასევე – არანაწლავური ინფექციაც (საშარდე სისტემის დაავადება, ახალშობილთა მენინგიტი, პერიტონიტი, სასახსრე ჩანთის ანთება, სანაღვლე გზების ინფექცია) გამოიწვიოს. ეს, გარდა თავად ორგანიზმის რეაქტიულობისა, იმის ბრალიც არის, რომ ნაწლავის ჩხირი მრავალი შტამით (სახესხვაობით) არის წარმოდგენილი. ამ შტამების უმრავლესობა უვნებელია, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი (ეჰნჩ), შესაძლოა მძიმე, ცალკეულ შემთხვევებში კი მომაკვდინებელი დაავადების მიზეზადაც იქცეს. ის სპეციფიკურ შხამს – ვეროტოქსინს (იმავე შიგატოქსინს) გამოიმუშავებს. აქედანვე წარმოდგება ტერმინი ენტეროჰემორაგიულიც, რაც ბერძნულად ნაწლავებიდან სისხლდენის გამომწვევს ნიშნავს. სწორედ ამ ჯგუფის ნაწლავის ჩხირით გამოწვეულმა ინფექციამ იფეთქა ევროპაში. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ამჟამად ეპიდემიის არავითარი წინაპირობა და ნიშანი არ არსებობს.
– რა გზით გადაეცემა ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი?
– ადამიანის ინფიცირების უმთავრეს გზად დაბინძურებული საკვები, მაგალითად, თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ხორცი და აუდუღარი რძე ითვლება. ბაქტერიის ზრდისა და გამრავლებისთვის 70-დან 50ºC-მდე ტემპერატურა სჭირდება. ოპტიმალური ტემპერატურა 37ºC-ია. მის გასანადგურებლად საკვების ყველა ნაწილში ტემპერატურამ 70ºC-ს უნდა გადააჭარბოს.
მნიშვნელოვანია ფეკალური მასებით წყლისა და სხვა პროდუქტების დაბინძურებაც, ისევე როგორც საკვების მომზადებისას ჯვარედინი კონტამინაცია, (როცა უმი ხორცით სამზარეულო ინვენტარი ისვრება, იქიდან კი ბაქტერია სხვა პროდუქტებზე ხვდება). აღწერილია როგორც სასმელ, ისე სარეკრეაციო წყალთან დაკავშირებული ეპიდაფეთქების შემთხვევებიც.
ნურც ადამიანისგან ადამიანისთვის გადაცემის შესაძლებლობა დაგვავიწყდება. მოზრდილები ეჰნჩ-ს დაავადების დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირა გამოყოფენ, ბავშვები კი უფრო მეტხანს.
– რა სიმპტომები ახასიათებს ნაწლავის ჩხირის ამ სახესხვაობით გამოწვეულ დაავადებას?
– დაავადებულთა უმრავლესობას აწუხებს მუცლის მოვლითი ტკივილი და ფაღარათი, რომელიც ზოგჯერ სისხლიან ფაღარათში გადაიზრდება. პაციენტთა უმრავლესობა 10 დღეში გამოჯანმრთელდება, მცირე ნაწილში კი ინფექციამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში დაავადება – ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუს) გამოიწვიოს.
– რა არის და რამდენად საშიშია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი?
– ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი არის ადამიანის ორგანიზმში წითელი სისხლის უჯრედების დაშლისა და თირკმლის უკმარისობის კომბინაცია. მისი მიზეზი უმეტესად სწორედ ინფექციური პროცესი ანუ შიგატოქსინის წარმომქმნელი ნაწლავის ჩხირია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით, ეჰნჩ-ის ინფექციათა ასიდან ათამდე შემთხვევაში ჰუს-ის განვითარებაა მოსალოდნელი, სიკვდილიანობა კი 3-დან 5%-მდე მერყეობს. დაავადების გადატანის შემდეგ ბევრს შესაძლოა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ჩამოუყალიბდეს.
ჰუს-ის არაეპიდემიური ფორმაც არსებობს, რომელიც არ უკავშირდება ინფექციურ პროცესს და, აქედან გამომდინარე, არც ნაწლავის ჩხირს, თუმცა ეს ფორმა გაცილებით იშვიათია.
– თუ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ამ ინფექციის შემთხვევაში მეტად ემუქრება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარების საფრთხე?
– წლევანდელი ეპიდაფეთქების სტატისტიკაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, ეპიდემიოლოგები სტატისტიკურ ანალიზის მოგვიანებით მოგვაწვდიან. რაც შეეხება წინა ეპიდაფეთქებების სტატისტიკას, დაავადების საშუალო ასაკი 4 წელია; საერთო ავადობის 55% 4-5 წლის პაციენტების წილად მოდის, 5-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილად – 33%, 18-დან 44 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისა – 6%, ხოლო 45 წელს გადაცილებულებისა -– 6%.
– თქვენი აზრით, რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ნაწლავის ჩხირით გამოწვეული ინფექციების შესახებ? შესაძლებელი თუა მათი თავიდან აცილება და როგორ?
– არა მხოლოდ ნაწლავის ჩხირის – საზოგადოდ, ნაწლავური ინფექციების თავიდან ასაცილებლად უმთავრესი მნიშვნელობა აქვს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვას. ხორცი თერმულად სათანადოდ დაამუშავეთ, რძე ყოველთვის აადუღეთ, ხილი და ბოსტნეული გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ. გაგიკვირდებათ და ამ უმარტივესი რჩევებით მრავალი დაავადების თავიდან აცილება შეიძლება.
ცნობისათვის
ნაწლავის ჩხირის O104:H4 შტამით გამოწვეულმა ინფექციამ გერმანიაში 2011 წლის მაისში იფეთქა. გერმანიის ოფიციალურმა პირებმა დამნაშავედ ჯერ ესპანეთიდან შემოტანილი კიტრი დაასახელეს, მოგვიანებით კი აღიარეს, რომ ესპანური სათბურები არაფერ შუაში იყო – იქაურ კიტრში ნაწლავის ჩხირის სპეციფიკური შტამის კვალიც არ აღმოჩენილა. ცოტა ხნის შემდეგ კი წყაროს ქვეყნის შიგნითვე მიაგნეს: ქვემო საქსონიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ინფექციის შესაძლო კერად ქალაქ ბინენბიუტელში არსებული ორგანული ფერმა დაასახელა, რომელიც მრავალი სახეობის ახალგაღივებულ საკვებს აწარმოებს. ბუნებრივია, ფერმა კერის აღმოფხვრამდე დაიკეტა. თავდაპირველად კვლევამ ვერაფერი დაადასტურა, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ადამიანის სიკვდილში დამნაშავე ბაქტერიის შტამი სწორედ ამ ფერმაში მოყვანილი თესლისა და პარკოსნების ღივებში აღმოაჩინეს. შედეგები საკონტროლო ლაბორატორიამაც დაადასტურა. თავიდან თუ მოსახლეობას ურჩევდნენ, კიტრს, პომიდორსა და სალათის ფურცლებს მორიდებოდნენ, ამჯერად პასტერის ინსტიტუტის რეკომენდაცია ნებისმიერი წარმოშობის თერმულად დაუმუშავებელი ღივების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
გარდა გერმანიისა, სადაც, ჯანმოს მონაცემებით, 24 ივნისისთვის 3717 შემთხვევა დაფიქსირდა და 43 ადამიანი გარდაიცვალა, ამ ორგანიზაციას დაავადების ერთეული შემთხვევები აცნობეს შვეიცარიამ, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და აშშ-მ. თითო ადამიანია გარდაცვლილი აშშ-სა და შვედეთში. ყველა, გარდა ხუთისა, დაავადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიაში იყო ნამყოფი. იმ ხუთი ადამიანის დაავადებაც გერმანულ კვალს უკავშირდება.
თუმცაღა ეპიდაფეთქება არ დამთავრებულა, სულ უფრო ნაკლები ხალხი ხდება ავადდება. ევროპა ბოსტნეულის კვლავ მშვიდად ყურებას სწავლობს. ესპანეთს ისღა დარჩენია, სასტიკი აღშფოთება გამოხატოს ნაჩქარევი და უსაბუთო ბრალდებისთვის, მისი ექსპორტიორები კი ზარალს ითვლიან: თურმე ეპიდემიის ყოველ კვირას მათთვის 200-მილიონიანი დანაკარგი მოუტანია. რუსეთმა და მისმა მთავარმა სანიტარმა ონიშენკომ კი კვლავ ყველაზე მეტად გამოიდეს თავი – მხოლოდ გერმანული და ესპანური კი არა, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში წარმოებული ახალი ბოსტნეულის იმპორტი აკრძალეს. ამან, ბუნებრივია, ევროპას გააკვირვა და აღაშფოთა. ევროპის განაპირა ნაწილში, ესე იგი ჩვენთან, ინფექციას არ ჩამოუღწევია.