ფეხბურთი თუ მუსიკა?

გააზიარე:

დადგა სექტემბერი და ყველას, ვისაც საბაღე- სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს, ერთიორად მოემატა საზრუნავი. მით უმეტეს, რომ სკოლა და ბაღი საკმარისი არ არის ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის – მშობელმა იმაზეც უნდა იფიქროს, დატვირთოს თუ არა შვილი დამატებითი სპორტული თუ შემოქმედებითი აქტივობებით.

ბავშვისთვის სპორტული სექციისა თუ შემოქმედებითი წრის შერჩევა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. თითოეული ბავშვი დამოუკიდებელი ინდივიდია თავისი სურვილებით, მიდრეკილებებით და მისწრაფებებით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასაკი, ფიზიკური თუ გონებრივი განვითარება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სუსტი მხარეები.

შევეცადეთ, საბაღე თუ სასკოლო საზრუნავით დატვირთული მშობლებისთვის საქმე ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა და სპორტულ-შემოქმედებითი წრეების შერჩევის რთულ გზაზე თქვენი მეგზურობა ვიკისრეთ.

დავიწყოთ სპორტული სექციებით. ბევრი სპორტსა და ჯანმრთელობას ერთმანეთთან აიგივებს და ჰგონია, რომ სპორტული დატვირთვა ნებისმიერი ბავშვისთვის სასარგებლოა. სპორტი და ფიზიკური აქტივობა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მით უმეტეს – თანამედროვე ბავშვებისთვის, რომლებიც კომპიუტერსა თუ პლანშეტს არიან მიჯაჭვულები და მთელ თავისუფალ დროს უმოძრაოდ ატარებენ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დატვირთვა აუცილებლად ზომიერი, ასაკისა და ჯანმრთელობის შესაფერისი უნდა იყოს. სხვაგვარად სპორტმა სარგებლობის ნაცვლად შესაძლოა უსიამოვნება მოგვიტანოს. მშობლებს ხშირად მოსდით შეცდომა, როცა ბრმად გადაწყვეტენ, ბავშვი აქტიურ სპორტსმენად აქციონ, რაც უმეტესად კრახით სრულდება.

აღმოსავლური ორთაბრძოლები, მათ შორის – აიკიდო, კარატე, უშუ, ავითარებს კოორდინაციას, მოქნილობას და სისხარტეს. აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე ბავშვის შეყვანა ხუთი წლიდან შეიძლება. ეს არის სპორტი ბავშვებისთვის, რომლებსაც თავდაჯერება და გამბედაობა აკლიათ – აღმოსავლური ორთაბრძოლები სწორედ ამ თვისებებს ავითარებს, მაგრამ წინასწარ უნდა შეეგუოთ, რომ თუ არჩევანს მათზე შეაჩერებთ, თქვენი შვილი ბევრჯერ დაბრუნდება შინ თვალჩალურჯებული თუ გვერდებდაჟეჟილი.

არსებობს მითი, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლები ზრდას აფერხებს. ამ მითს, რომლის დამკვიდრებასაც, როგორც ჩანს, იაპონელებისა და ჩინელების ტანმორჩილმა აღნაგობამ შეუწყო ხელი, სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო. მაგრამ თუ ბავშვს ხერხემლის პრობლემები აწუხებს, ერიდეთ სპორტის ამ სახეობებში პროფესიულ დონეზე მის მომზადებას, რადგან ზედმეტი დატვირთვა ხერხემლის პრობლემას უფრო მეტად დაამძიმებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფიგურული სრიალი საქართველოში არცთუ პერსპექტიულია და არც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა განვითარებული, სპორტის ეს გრაციოზული და დახვეწილი სახეობა ბოლო ხანს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგრამ გახსოვდეთ, ეს არის სპორტი მიზანდასახული, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული ბავშვებისთვის. ის საკმაოდ რთულია, თანაც სასურველი შედეგის მისაღწევად პატარა სპორტსმენს კვირები ნამდვილად არ ეყოფა! ხანგრძლივი მუხლჩაუხრელი შრომა და ქორეოგრაფიული უნარ-ჩვევები – აი, ნორჩი მოციგურავის წარმატების ფორმულა. ფიგურული სრიალი ავითარებს ნებისყოფას, კოორდინაციას, ზურგის კუნთებს. სპორტის ამ სახეობაზე ბავშვებს 3-4 წლიდან იღებენ, რადგან ამ ასაკში პატარები უფრო მოქნილები არიან, შიშის გრძნობა კი ნაკლებად აქვთ განვითარებული და ციგურებზე დგომას ადვილად სწავლობენ.

თხილამურები და სნოუბორდი – ზამთრის სპორტის ეს სახეობები საქართველოში საკმაოდ პოპულარულია და ბევრი მიმდევარიც ჰყავს. ის მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: აკაჟებს ორგანიზმს, აძლიერებს კუნთებს (განსაკუთრებით – ფეხისას), ავითარებს კოორდინაციის უნარს. მართალია, ტრავმულობის თვალსაზრისით მთლად უსაფრთხო არ არის, მაგრამ სპორტი სპორტია და თითქმის ყველა სახეობა გარკვეულწილად სარისკოა. პროფესიულ დონეზე თხილამურებზე დგომა პატარებს 4-5 წლიდან შეიძლება ვასწავლოთ.

ტანვარჯიში – სპორტული ტანვარჯიშის სექციაში ბავშვები 4-5 წლიდან იღებენ, რადგან ამ ასაკში პატარები უფრო მოქნილები და ელასტიკურები არიან. ეს არის სპორტი, რომელიც ავითარებს ნებისყოფას, მოთმინების უნარს. ტანვარჯიშის დროს აქტიურად მუშაობს ყველა კუნთი, ბავშვი სწავლობს საკუთარი სხეულის ფლობას, უუმჯობესდება კოორდინაცია, ეხვეწება სხეული. გარდა ამისა, ეჩვევა ფიზიკურ დატვირთვას, უყალიბდება მტკიცე ხასიათი და შრომის უნარი.

ტანვარჯიში (ოღონდ ზომიერი დატვირთვით) სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც ტანადობის დარღვევა აქვთ.

ჩოგბურთი არაჩვეულებრივია საერთო ფიზიკური განვითარებისა და მოძრაობის კოორდინაციისთვის. სპორტის ამ სახეობაზე ბავშვის შეყვანა 5-6 წლიდანაა რეკომენდებული. ჩოგბურთი აზარტული, მტკიცე ხასიათის ადამიანების სპორტია. სასურველი შედეგის მისაღწევად პატარა ჩოგბურთელმა ბევრი უნდა ივარჯიშოს – კვირაში არანაკლებ 4-5 საათისა. იმავდროულად, არ არის სასურველი, ჯგუფში 4-5-ზე მეტი მოთამაშე იყოს.

კალათბურთი მხოლოდ ტანმაღალი ბიჭებისა და გოგონების სპორტი როდია. თუ თქვენი შვილი სიმაღლით ჩამორჩება თანატოლებს, სწორედ კალათბურთზე უნდა ატაროთ, რადგან სპეციალური ვარჯიშები მას კუნთების დაჭიმვაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს სიმაღლეში ზრდის პროცესს.

ფეხბურთი ზედგამოჭრილია ცელქი, მოუსვენარი და იმავდროულად კომუნიკაბელური ბავშვებისთვის. სპორტის ეს სახეობა მხოლოდ ფიზიკურ განვითარებაში კი არ ეხმარება ბავშვს, არამედ გუნდურ თამაშსაც ასწავლის, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება. სხვათა შორის, სპორტის გუნდური სახეობები: ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი და სხვები, – მორიდებულ და მორცხვ ბავშვსაც წაადგება: ის გაცილებით გულღია, კონტაქტური და მკვირცხლი გახდება.

სპორტის ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებზე სიარული ბავშვს 5 წლიდან შეუძლია დაიწყოს.

ცხენოსნობა არა მხოლოდ სპორტი, არამედ მკურნალობის მეთოდიცაა. ის დადებით გავლენას ახდენს მხედრის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. მხოლოდ ცხენზე ჯდომის პოზაც კი მნიშვნელოვანი სამკურნალო ფაქტორია. ცხენის მოძრაობა მოქმედებს მხედრის კუნთებზე, ხერხემალზე, მენჯზე. ცხენოსნობის დროს სრულდება ცვლადი ინტენსივობის მოძრაობები; კუნთები სტატიკურ-დინამიკურ რეჟიმში იტვირთება; განსაკუთრებულ ტრენინგს განიცდის ხერხემალი, ბარძაყის, წვივისა და ტერფის კუნთები. კუნთების მუშაობის ინტენსივობით ცხენის ნაბიჯი შეესაბამება ადამიანის ფეხით სიარულს 4,0-4,5 კმ`სთ სიჩქარით, ჩორთი – 5-6 კმ`სთ სიჩქარით სიარულს, ხოლო დაოთხვით ნავარდი – 8-8,5 კმ`სთ სიჩქარით სირბილს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებებისა, ცხენთან ყოველდღიური ურთიერთობა, მისდამი განსაზღვრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მისი მოვლა-პატრონობა (გაწმენდა, კვება, გასეირნება, დაბინავება) დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და კოგნიტიურ შესაძლებლობებზე, აუმჯობესებს ყურადღებას, მეხსიერებას, ინიციატივას და გადაწყვეტილების მიღების უნარს.

დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ყველა ასაკში სასარგებლო სპორტია ცურვა (შესაბამისად, წყალბურთიც). ცურვაზე ბავშვი ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ მიიყვანოთ, წლამდეც კი. ცურვა აკაჟებს ორგანიზმს, მოქნილობასა და გრაციოზულობას მატებს კუნთებს, თანაც ისე, რომ ძვალსახსროვან სისტემას ნაკლები დატვირთვა ადგება, ამიტომ ცურვა იდეალური სპორტია ხერხემლის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. ასე რომ, თუ თქვენი შვილი ვერც ერთ სხვა სახეობას ვერ მოერგო, ატარეთ ცურვაზე, ეს მისთვის ფიზიკური აქტივობაც იქნება, სტრესის მოხსნის საშუალებაც და, იმავდროულად, მკურნალობაც.

 

რა ასაკიდან ვატაროთ ცეკვაზე

ეს კითხვა ბევრ მშობელს აწუხებს. ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ადრე შეიყვანს ცეკვაზე ბავშვს, მით უკეთესი იქნება შედეგი, ზოგს კი ჰგონია, რომ მცირე ასაკში ცეკვაზე სიარული მეტისმეტი ფიზიკური ტვირთია.

რეალობა ოდნავ სხვაგვარია. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რა ტიპის ცეკვის შესწავლა სურს ბავშვს: კლასიკური ბალეტის, ქართული ნაციონალური ცეკვის თუ სპორტული, სამეჯლისო ან თანამედროვე ცეკვების. წესისამებრ, პატარებს ცეკვა მხოლოდ გართობა ჰგონიათ და ვერ აცნობიერებენ, რომ მის შესწავლას ბევრი შრომა და დისციპლინა სჭირდება, ამიტომ რეკომენდებული არ არის ცეკვით ბავშვის პროფესიული დატვირთვა 7-8 წლამდე. მანამდე შეგიძლიათ, პატარა ცეკვის მოსამზადებელ ჯგუფში შეიყვანოთ, სადაც დატვირთვაც ნაკლებია და არც გერმანულ დისციპლინას ითხოვენ.

ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ხასიათი და ტემპერამენტიც და ისიც, რა თვისებების განვითარება გსურთ მისთვის. მაგალითად, ლათინოამერიკული ცეკვები რიტმის გრძნობასა და პლასტიკასთან ერთად ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას. ლათინოამერიკულ ცეკვებზე მოძრავი, ენერგიული ბავშვები 7 წლიდან შეგიძლიათ მიიყვანოთ.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, კლასიკური ბალეტის შესწავლას სპეციალისტები 8-9 წლამდე არ გვირჩევენ, რადგან დატვირთვა აქ საკმაოდ დიდია. ბალეტი ავითარებს დისციპლინას, კონცენტრირების უნარს, თვითკონტროლს, არტისტიზმს, მუსიკალურობას, ხვეწს გემოვნებას. ბალეტზე შეყვანამდე სასურველია პატარა ტანვარჯიშზე ატაროთ, რათა უფრო მოქნილი და პლასტიკური გახდეს.

 

ქართულ ცეკვაზე ბავშვის მიყვანა ასევე 7-8 წლიდანაა რეკომენდებული – უფრო მცირე ასაკში მისმა ორგანიზმმა შესაძლოა ვერ გაუძლოს დატვირთვას და საქმე ჯანმრთელობის პრობლემებამდე მივიდეს. ზომიერი დატვირთვით (კვირაში 3-ჯერ 2-2 საათით) ქართული ცეკვა მხოლოდ სასარგებლოა როგორც ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ასევე ხერხემლის პრობლემებისთვისაც, უფრო მეტი დატვირთვა კი შესაძლოა ზიანის მომტანი გახდეს.

ქართული ცეკვა ავითარებს კოორდინაციის უნარს, რიტმის გრძნობას, მეხსიერებას, გრაციოზულობას, ხვეწს აღნაგობას.

 

სამუსიკო სკოლა

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის მუსიკალურ სტუდიაში სიარული, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრისა და სიმღერის შესწავლა ნამდვილად არ იქნება ურიგო, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ ინსტრუმენტზე დაკვრა განსხვავებულ თვისებებსა და უნარებს მოითხოვს. მაგალითად, ვიოლინოზე დაკვრის მსურველებს აბსოლუტური სმენა მოეთხოვებათ, რადგან მათი წარმატება, შრომისმოყვარეობასთან ერთად, სწორედ სმენაზეა დამოკიდებული. თუ ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა სურს, ბავშვს ჯანმრთელი ფილტვები და ბრონქები უნდა ჰქონდეს, რადგან დატვირთვა სწორედ ამ ორგანოებზე მოდის. ფორტეპიანოზე დაკვრის მსურველები კი გრძელი თითებით უნდა გამოირცეოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მუსიკის შეწავლა პროფესიულ დონეზე გსურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა ხანგრძლივ შრომასა და ფიზიკურ დატვირთვასთან, განსაკუთრებით კი ხერხემლის დატვირთვასთან ასოცირდება. გარდა ამისა, დაკვრის დროს ბავშვს არცთუ გამართულად უწევს ჯდომა, რაც ხელს უწყობს ტანადობის დარღვევას. ასე რომ, თუ პატარას ხერხემლის პრობლემები აქვს და რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა სურს, უმჯობესია, არჩევანი კლარნეტზე შეაჩეროთ, რადგან ხერხემალი ყველაზე ნაკლებად სწორედ მასზე დაკვრის დროს იტვირთება. მუსიკაზე სიარული ბავშვს უმჯობესია 7-8 წლიდან დააწყებინოთ.

გაცილებით მცირე ასაკიდან, 4-5 წლიდან შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი ხატვაზე, ძერწვაზე, თეატრალურ წრეში. ეს არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ხატვა და ძერწვა შემოქმედებითი უნარებთან ერთად წვრილი მოტორიკის განვითარებასაც უწყობ ხელს. ბავშვები, რომლებიც მცირე ასაკიდან ხატავენ და ძერწავენ, ადვილად სწავლობენ წერას.

წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის სასარგებლოა ქარგვის, ჭრა-კერვის წრეზე სიარული. ეს დისციპლინები ნებისყოფასა და მოთმინების უნარსაც ავითარებს. ასე რომ, თუ თქვენს შვილს ჭრა-კერვის, ქარგვის ან ქსოვის შესწავლის სურვილი შეატყვეთ, აუცილებლად ატარეთ შესაბამის წრეზე.

თეატრალურ სტუდიაში სიარული სასურველია როგორც არტისტული, ისე ჩაკეტილი და მორცხვი პატარებისთვისაც, რადგან თუ არტისტული და კომუნიკაბელური ბავშვები სცენაზე თვითრეალიზაციას ახდენენ, მორცხვები უფრო თამამები ხდებიან და უამრავ საჭირო უნარ-ჩვევას იძენენ: სწავლობენ ორატორულ ხელოვნებას და ხვეწენ მეტყველებას.

გამომგონებლური უნარებით დაჯილდოებული ბავშვებისთვის ზედგამოჭრილია ისეთი წრეები, სადაც პატარებს არქიტექტურის, კონსტრუირებისა და მოდელირების საფუძვლებს შეასწავლიან. ასეთი წრეები მრავალი მიზეზის გამოა სასარგებლო: ბავშვები (განსაკუთრებით ბიჭები) ეჩვევიან დისციპლინას, უვითარდებათ ნებისყოფა, მეხსიერება, უფრო დაკვირვებულები ხდებიან.

 

დაბოლოს, სპორტის რომელ სახეობაზე, ან შემოქმედებით წრეზეც არ უნდა შეიყვანოთ შვილი, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი სურვილი. ნუ დააძალებთ და ნუ ეცდებით საკუთარი ოცნებების ახდენას მისი ცხოვრების საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს სულ მალე შესძულდება ის დისციპლინა, რომელიც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ შეურჩიეთ. გარდა ამისა, გახსოვდეთ, მცირე ასაკში ძნელია იმის განსაზღვრა, რის მიმართ აქვს მიდრეკილება და რა გამოუვა კარგად თქვენს პატარას. მოსინჯეთ ხელოვნების რამდენიმე დარგი ან სპორტის სახეობა და ამას სულ მალე მიხვდებით.

 

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: