რა ემუქრება ყურს
გააზიარე:
ყურის ანთება ყველა ასაკში
მიჩნეულია, რომ ყურის ტკივილი ბავშვებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მოზრდილებს. ფაქტობრივად, ასეც არის, რასაც თავისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური ახსნა აქვს, მაგრამ მოდი, ნურც უფროსებს დავივიწყებთ და პრობლემა, რომელსაც შუა ყურის ანთების ან, უფრო მოკლედ, ოტიტის სახელით იცნობენ, ყველა ასაკისთვის განვიხილოთ.
როგორ ვრცელდება ინფექცია
შეგახსენებთ, რომ შუა ყური დაფის ღრუსა და სასმენი ლულისგან შედგება. შუა ყურთან განიხილავენ აგრეთვე დაფის ღრუში მდებარე სასმენ ძვლებსა და მის გარეთა კედელს – დაფის აპკს. ინფექცია დაფის ღრუში ხვდება მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, ქუნთრუშის, წითურასა და სხვა ინფექციური პათოლოგიების დროს. შუა ყურში ანთებითი პროცესის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, ზოგადი ინფექცია და ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითება.
შუა ოტიტის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება. ჩვეულებრივ, სასმენი ლულა ერთი ბოლოთი, დაფის უკანა ხვრელით, დაფის ღრუში იხსნება, მეორე, სასმენი ლულის ხახისკენ მდებარე ბოლოთი კი ცხვირ-ხახის გვერდით კედელში. ლულის დანიშნულებაა, დაფის ღრუს შინაგანი წნევა გარემოს წნევასთან გაათანაბროს, რაც აუცილებელია ბგერების გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციობისთვის. სასმენი ლულის დაცობის გამო დაფის ღრუში წნევა მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს ანთებითი გამონადენის გამოყოფას, ეს უკანასკნელი კი ცხვირ-ხახიდან მასში მოხვედრილი ბაქტერიებით ინფიცირდება. დაფის ღრუში ინფექციის მოხვედრის სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, ტრავმული, მენინგოგენური, როდესაც შუა ყურში ინფექცია ყურის ლაბირინთის საშუალებით ხვდება. დაბოლოს: იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი ჰემატოგენური გზით ანუ სისხლის მეშვეობით ვრცელდება.
ოტიტისთვის დამახასიათებელია:
* ყურის ტკივილი – თავიდანვე ძლიერად გამოხატული ან ეტაპობრივად მზარდი, რომელიც ზოგჯერ თავის შესაბამის ნახევარში ირადიაციას განიცდის;
* ყურების დაგუბება და ხმაური, რომელიც ხშირად პულსაციის შეგრძნებაში გადადის;
* სმენის დაქვეითება;
* სხეულის ტემპერატურის მომატება (პატარა ბავშვებთან შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს);
* დაფის აპკის ჰიპერემია (სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისა და სისხლის მოწოლის გამო დაფის აპკი წითლდება).
ჩირქოვანი ოტიტის დროს დაფის აპკი გამოიბურცება. შესაძლოა, გაიხვრიტოს კიდეც და ჩირქოვანი მასა გადმოიღვაროს. თუ ასე მოხდა, ტემპერატურა დაიკლებს და თანდათან ყველა სიმპტომი გაქრება.
ოტიტის ნაირსახეობანი
ოტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ოტიტი გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან ინფექციის შუა ყურში გავრცელების შედეგია. ბავშვებს ის უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს, რადგან მათ უფრო ხშირად აქვთ სურდო და ადენოიდები, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. მწვავე შუა ოტიტის სიმპტომებია ყურის მფეთქავი ტკივილი, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად – პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებშიც). ჩვილ ბავშვებთან მოუსვენრობა და ძილის დარღვევაც შეინიშნება. ბავშვი ძილში წამოიყვირებს ხოლმე, წრიალებს, თავს ატრიალებს, მტკივან ყურზე ხელს იდებს, უარს ამბობს ძუძუს წოვაზე, რადგან წოვისა და ყლაპვის დროს ყური უფრო მეტად სტკივა. მწვავე ვირუსული ოტიტის განვითარება, ჩვეულებრივ, ზემო სასუნთქი გზების ინფექციას უკავშირდება. თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.
ამერიკელებმა დაადგინეს, რომ ყოველი ოთხი ბავშვიდან სამს სამ წლამდე ერთხელ მაინც ემართება ყურის ანთება. საზოგადოდ, ეს დაავადება ბავშვებთან ძალიან ხშირია და ამის ერთ-ერთი მიზეზი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბოთლით კვება ყოფილა, განსაკუთრებით – თუ პატარა ჭამის დროს წევს ანუ თავი დაბლა უდევს: ამ დროს საკვები იოლად გადაედინება ევსტაქის მილისკენ და შესაძლოა, მისი დახშობა გამოიწვიოს.
შუა ყურის ინფექცია ხშირად ემართებათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ოთახში უხდებათ ყოფნა, ასევე მათ, რომელთა მშობლებსა და და-ძმებსაც ასეთივე პრობლემა აწუხებდათ. სტატისტიკის თანახმად, ყურის ანთება ბიჭუნებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე გოგონებს.
ეფექტური მკურნალობისთვის
ოტიტის მკურნალობა დღემდე კამათის საგანია. კამათი უმთავრესად ანტიბიოტიკების გამოყენებას და გამოყენების ხანგრძლივობას ეხება. თუ მწვავე ოტიტი აქვს ორ წლამდე ასაკის ბავშვს, მდგომარეობა მძიმეა ან არსებობს ინფექციური გართულების საფრთხე, ექიმი ანტიბიოტიკს ნიშნავს. როდესაც ავადმყოფობა შედარებით იოლი ფორმით მიმდინარეობს და პაციენტის ასაკიც აღემატება ორ წელს, მედიკამენტების დიაპაზონი ფართოა. ზოგი ექიმი თავის დასაზღვევად ამ შემთხვევაშიც იყენებს ანტიბიოტიკს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრება. ზოგჯერ, ექიმის რეკომენდაციით, ბავშვის მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან, რადგან ათიდან რვა შემთხვევაში შუა ოტიტი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად გაივლის. ოტიტის მთავარი სიმპტომის, ტკივილის, შესამსუბუქებლად გამოიყენება ანთების საწინაღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივად – სათბური ან თბილი კომპრესი (სასურველია პატარა ტომსიკაში გაცხელებული მარილის ჩაყრა და ყურის ამით დათბუნება, რადგან მარილი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს). დღეს ფარმაცევტული წარმოება ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად ათასნაირ წვეთებს გვთავაზობს, მაგრამ დაფის აპკის გახვრეტის დროს ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მათ თვითნებურად ნუ ჩაიწვეთებთ (ნურც ბავშვს ჩააწვეთებთ), წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ოტოლოგთან. თუ შუა ოტიტის მიმდინარეობა დამძიმდა, ატარებენ მირინგოპლასტიკას – დაფის აპკს კვეთენ და დაფის ღრუში ჩირქის გამოსადევნად პატარა მილი შეჰყავთ. დრენაჟის წყალობით ჩირქი შედედებასა და გასქელებას ვერ ასწრებს. ოტიტის სამკურნალოდ სხვადასხვა ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებულ ტამპონსაც იყენებენ.
ოტიტის გართულებებია:
• სმენის დარღვევა, უმეტესად – უმნიშვნელო ან ზომიერი სმენაჩლუნგობა. ასეთი დარღვევები, როგორც წესი, დროებითია და ზოგჯერ გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის, ზოგჯერ კი შედარებით მეტხანს გასტანს.
• დაფის აპკის გასკდომა. შუა ოტიტის ექსუდაციური ფორმის დროს, როდესაც დაფის ღრუში ჩირქი გროვდება, დაფის აპკის მთლიანობა ირღვევა და მასში ხვრელი ჩნდება. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ორ კვირაში ხორცდება.
• ინფექციური პროცესის გაქრონიკულება. ყურის ანთებამ შესაძლოა ქრონიკული ფორმა მიიღოს არა მხოლოდ შუა ჩირქოვანი ოტიტის არასწორი და არადროული მკურნალობის შედეგად, არამედ ცხვირის, ცხვირ-ხახისა და წიაღების ანთებითი პროცესების გამოც. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ხშირად ზიანდება დაფის აპკი, ყალიბდება მისი ნაწილობრივი ან სრული დეფექტი პერიოდული ან მუდმივი ჩირქოვანი გამონადენით.
• ქოლეოსტეატომა. ეს დაფის აპკის უკან გაზრდილი განსაკუთრებული სახის ქსოვილია. მისი ინტენსიური ზრდა-განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შუა ყური დაიბლოკოს და სმენა დაქვეითდეს. ეს მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
• შუა ყურის სასმენი ძვლების დაზიანება. ანთებითი პროცესი ხშირად სასმენ ძვლებს – უზანგს, გრდემლსა და ჩაქუჩსაც მოიცავს.
• მენინგიტი. ინფექციური პროცესი ზოგჯერ შუა ყურიდან ტვინის გარსებზე ვრცელდება
რჩევები მშობლებს
ბავშვები, რომლებიც ცურვაზე დადიან, არცთუ იშვიათად უჩივიან ყურის ანთებას. ამის გამო პრობლემას “მოცურავის ყური” უწოდეს. ნორჩ მოცურავეს ყური რომ არ ასტკივდეს, ასე უნდა მოიქცეს: ცურვის დროს ყურებში სპეციალური საცობები ჩაიდოს, ცურვის შემდეგ კი თავი გვერდზე გადახაროს და ოდნავ შეარხიოს. გასაშრობად მცირე სიმძლავრეზე ჩართული ფენიც გამოადგება.
არ შეიძლება ყურის ჩხირებით გამოწმენდა, მით უმეტეს – ღრმად. ასე შესაძლოა კანიც დაიზიანოთ და გოგირდიც გამოიტანოთ, რაც არამც და არამც არ არის სასურველი, რადგან გოგირდის ფენა ყურს იცავს. ბამბიანი ჩხირით მხოლოდ გარეთა ყური გაისუფთავეთ.
ყურიდან გამონადენი, წესისამებრ, ჩირქოვანია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, შუა ყურში დაგროვილი სითხე ინფიცირებული არ იყოს. ამ შემთხვევაში ტკივილი გაცილებით სუსტია, ზოგჯერ პრაქტიკულად არც კი იგრძნობა, ბავშვი მხოლოდ ყურების დაგუბებას უჩივის. სმენა ამ შემთხვევაშიც ქვეითდება, თუმცა არც ისე ძლიერ, როგორც ინფექციური (ჩირქოვანი) ანთების დროს.
შუა ყურის ანთება 2-3 დღეში უმეტესად თავისთავად გაივლის. ექიმმა შესაძლოა მხოლოდ ყურის წვეთები გირჩიოთ, რომლებიც პატარას ტკივილს დაუამებს. იშვიათად ანტიბიოტიკის დანიშვნაც ხდება საჭირო. კურსი 5-10-დღიანია.
ხდება ისეც, რომ სითხე ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგაც კარგა ხანს, დაახლოებით ერთი თვე რჩება შუა ყურში.
ჩირქოვანი ანთება რომც არ ჰქონდეს, ბავშვს აუცილებლად დაუნიშნავენ ანტიბაქტერიულ თერაპიას, როდესაც იმუნოდეფიციტი აქვს ან ხშირად ემართება შუა ყურის ანთება.
არის შემთხვევები, როდესაც ჭარბი სითხე ძლიერ აწვება დაფის აპკს, მაგრამ გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს. ასეთ დროს აუტანელი ტკივილის შესამცირებლად ექიმი დაფის აპკის გახვრეტას გირჩევთ.
ნუ დატოვებთ ყურის ტკივილს უყურადღებოდ! ისიც გახსოვდეთ, რომ ტკივილის ჩაცხრობა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. თუ პატარას სიცხე აქვს (რაც ჩირქოვან ანთებას ახასიათებს), უთუოდ აჩვენეთ პედიატრს. გართულების შემთხვევაში შესაძლოა ჩირქი მიმდებარე ღრუებშიც გავრცელდეს.
თუ ბავშვს დაფის აპკი დაუზიანდა, გაითვალისწინეთ, რომ:
• განკურნების პერიოდში ყურში წყლის მოხვედრას უნდა ერიდოთ, ამიტომ ჭყუმპალაობის დროს ბავშვს ყურში ვაზელინში ამოწობილი ბამბის ბურთულა ჩაუდეთ.
• ყურს ხშირ-ხშირად ნუ გაუწმენდთ, აცადეთ დამცავი გოგირდის წარმოქმნა.
• არ შეიძლება ცხვირის ღონივრად მოხოცვა – ეს დაფის აპკზე წნევას გაზრდის და შეხორცებას შეუშლის ხელს.
ყურის ტკივილის რამდენიმე სხვა მიზეზი
ყურის ტკივილს, გარდა შუა ყურის ოტიტისა, სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს.
გარეთა ყურის ტკივილით მიმდინარე დაავადებებიდან აღსანიშნავია ყურის ფურუნკული (ძირმაგარა), რომელიც თმის ძირის ინფიცირების შედეგია. ფურუნკულის წარმოშობას ხელს უწყობს კანის დაზიანება, ქავილი, შუა ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი. დაავადება თანდათანობით ვითარდება. მისი განვითარების კვალობაზე, მტკივნეული ხდება პირის გაღება და ღეჭვა, აგრეთვე – ყურის ნიჟარაზე თითის დაჭერა. სმენა ამ დროს, წესისამებრ, ნორმალურია.
თუ ძირმაგარა გარეთა სასმენ მილშია, შეგიძლიათ, მასში 70-გრადუსიანი სპირტით გაჟღენთილი დოლბანდის ფთილა ჩაიდოთ და 8-10 საათში ერთხელ იცვალოთ. ასევე კარგია რომელიმე ანტისეპტიკური მალამო, ჰიდროკორტიზონის მალამო, ფიზიოლოგიური ხსნარის კომპრესი. როდესაც ძირმაგარა გასკდება და ჩირქი გამოირწყვება, სასმენ მილში მხოლოდ მშრალი სტერილური ბამბის ფთილა ჩაიდეთ. თუ მდგომარეობა 1-2 დღეში არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს – შესაძლოა, ანტიბიოტიკოთერაპია დაგჭირდეთ.
გარეთა ყურის დიფუზურ ანთებას სოკო და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს. დაავადება ხშირად ალერგიულ ფონზე ვითარდება. ზოგჯერ შაქრიან დიაბეტსაც ერთვის. გარეთა ყურის დიფუზური ანთების დროს სასმენი მილი შესივებული და შეწითლებულია. ზოგჯერ მისი ზედაპირი სველდება. ავადმყოფი უჩივის ძლიერ ქავილს ან ტკივილს (ზოგჯერ – ორივეს), განსაკუთრებით – ღამღამობით.
გარეთა ოტიტს ხშირად უწევს პროვოცირებას ცურვა. ამ დროს მტკივნეულია ყურის ნიჟარის შეხება. გარეთა სასმენი მილი შესივებულია, წითელი, დის თეთრი ანთებითი სითხე.
გარეთა სასმენ მილში უცხო სხეულს უმეტესად ბავშვებთან ვხვდებით, შედარებით იშვიათად – მოზრდილებთან. ეს შეიძლება იყოს როგორც მცირე ზომის საგანი, ასევე მწერიც. ნუ ეცდებით უცხო სხეულის ამოღებას – შესაძლოა უფრო ღრმად შეიტანოთ და ყური დააზიანოთ. თუ გარეთა სასმენ მილში მწერი მოხვდა, ექიმთან მისვლამდე შეგიძლიათ, ყური გრილი წყლით ამოიბანოთ, ზეთი ან სპირტი ჩაიწვეთოთ, რომ მწერმა ვეღარ იმოძრაოს. სპირტის ჩაწვეთება ასევე შეიძლება ყურში ლობიოს, სიმინდის მარცვლის ჩაჭედვისას – ეს ხელს შეუშლის მის გაფუებას.
ყურების ტკივილისა და შეშუპების მიზეზად შესაძლოა იქცეს იაფფასიანი ლითონისგან – ნიკელისგან, ქრომისგან – დამზადებული საყურე. მან შესაძლოა გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი, რომელიც ზოგჯერ ინფექციით რთულდება.
ყურის ტკივილი შესაძლოა სულაც არ იყოს გამოწვეული თავად ყურის პრობლემით – ამგვარი შეგრძნება წარმოიშობა ისეთი პათოლოგიების დროსაც, როგორებიცაა: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ხერხემლის ცერვიკალური (კისრის) ნაწილის ართრიტი, ყელ-ყურ-ცხვირისა და მიმდებარე მიდამოს სიმსივნე, პირის ღრუს აფთოზური წყლულები, კისრის ლიმფადენოპათია, სინუსიტი, სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები.
ყურიდან გამონადენის დროს
გამოირეცხეთ ყური და ჩაიწვეთეთ დაფნის ფოთლის თბილი ნაყენი. შემდეგ ყურში ბამბის ტამპონი ჩაიდეთ. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ან ერთხელ, ძილის წინ, ჩაიტარეთ.
ნაყენი ასე მზადდება: 2 ს. კ. დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე, კარგად შეფუთეთ, 1-2 საათით დააყენეთ და გაწურეთ.
ყურის ტკივილის დროს
* აიღეთ 20 გრამი ცერცვეკალას ბალახი, დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, 30 წუთი ადუღეთ თავდახურული მომინანქრებული ჭურჭლით წყლის ორთქლზე, ცხელივე გაფილტრეთ, 1 საათით დააყენეთ, რომ გაგრილდება, ნალექი ისე მოაშორეთ, რომ ნახარშში არ დარჩეს უწვრილესი გაუხსნელი ნაწილაკები. ჩაიწვეთეთ ყურში 2-2 წვეთი, ვიდრე ტკივილი არ გაგივლით.
* დაფქვით ანისულის თესლი, ჩაყარეთ ბოთლში მეოთხედზე, შეავსეთ ბოთლი ასკილის ზეთით, დააყენეთ სიბნელეში ოცდაერთი დღით, დროდადრო შეანჯღრიეთ. ოცდაერთი დღის შემდეგ ნაყენს უკვე წამლის თვისებები აქვს და შეგიძლიათ, ყურის ტკივილის დროს 2-3 წვეთი ჩაიწვეთოთ.
სად ქრება სმენა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით, მსოფლიოში 278 მილიონ კაცს სმენა ორივე ყურში ზომიერად ან ძლიერ აქვს დაქვეითებული, მსუბუქად ან მხოლოდ ცალ ყურში – კიდევ უფრო მეტს. ამ ადამიანების 80% მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს და, რაც მთავარია, შემთხვევათა ნახევარში სმენასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება
სმენანაკლულობა მემკვიდრეობითაც გადაეცემა. თუ დედა, მამა, ორივე მათგანი ან რომელიმე სისხლით ნათესავი დაბადებიდან ყრუა, სმენანაკლული ბავშვის დაბადების რისკი შედარებით მაღალია. მემკვიდრეობით გადაეცემა ასაკთან ერთად სმენის დაქვეითების ტენდენციაც.
დაბადებამდე ან დაბადების დროს სმენის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა:
* დღენაკლულობამ;
* ნაყოფის ჰიპოქსიამ (ჟანგბადის უკმარისობამ) მშობიარობის დროს;
* ორსულობის დროს გადატანილმა წითურამ, სიფილისმა და ზოგიერთმა სხვა ინფექციამ (ციტომეგალოვირუსმა, ტოქსოპლაზმამ, ჰერპესმა);
* ორსულობის დროს ოტოტოქსიკური მედიკამენტების გამოყენებამ. ამ ჯგუფში 130-ზე მეტი წამალი (მაგალითად, ანტიბიოტიკი გენტამიცინი) შედის. თითოეული მათგანის მიზანშეუწონელმა ან არაზუსტად შერჩეული დოზით დანიშვნამ შესაძლოა სმენის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი ზემოქმედებისგან არც ერთი ასაკის ადამიანი არ არის დაზღვეული;
* რეზუსშეუთავსებლობამ დედასა და ნაყოფს შორის.
დაბადების შემდეგ სმენის დაქვეითების მიზეზად შესაძლოა იქცეს:
* ინფექციური დაავადება, კერძოდ, მენინგიტი, წითელა, ყბაყურა, ყურის ქრონიკული ინფექცია;
* თავის ან ყურის ტრავმა;
* გარეთა სასმენ არხში გოგირდის დაგროვება ან უცხო სხეულის მოხვედრა;
* ხმაური. მშენებლებს, მუსიკოსებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს სმენის დაქვეითება პროფესიულ დაავადებადაც შეიძლება ჩაეთვალოთ, თუმცა სმენის ნერვს მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული ხმაური არ აზიანებს – დისკოთეკა, მაღალ ხმაზე ჩართული პერსონალური ფლეიერი სმენის დაკარგვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია;
* სროლა, აფეთქება. ამ დროს ხმასთან ერთად დამაზიანებელ გავლენას ახდენს ბაროტრავმაც (ჰაერის ტალღის ძალა). რამდენიმე ხნის წინ “ავერსის კლინიკამ” კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობას გაუწია სამედიცინო დახმარება. სმენის დაქვეითება საკმაოდ ბევრს აღმოაჩნდა. აგვისტოს მოვლენების დროს ეს ხალხი სარდაფებში იმალებოდა, ნაღმებსა და ჭურვებს გადაურჩნენ, სმენა კი დაუზიანდათ.
წინათ თუ სმენის დაქვეითება ხანდაზმულთა ხვედრად მიიჩნეოდა, ამჟამად თამამად შეიძლება ითქვას, რომ 40-50 წლიდან ის თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა. ბოლო ხანს სპეციალისტები აუდიოლოგიურ პრობლემებს უფრო ახალგაზრდებთანაც აღრიცხავენ.
სიყრუეც არის და სიყრუეც
სმენის დაქვეითება ზოგჯერ სამუდამო განაჩენია, თუმცა ისეც ხდება, რომ მისი აღდგენა შესაძლებელია. ამგვარი გამოსავალი დაზიანების ტიპზე ყოფილა დამოკიდებული. უკეთრომ მივხვდეთ, მოდი, ყურის ანატომია გავიხსენოთ. გარეთა და შუა ყური ხმოვან სიგნალს ატარებს, ხოლო შიგნითა ყურში მდებარე ლოკოკინას აპარატი სმენის ნერვის მგრძნობიარე დაბოლოებებით ნერვულ იმპულსად გარდაქმნის ამ სიგნალს. ამის მიხედვით სმენის დაქვეითების ორ სახეობას განასხვავებენ: კონდუქტიურს – ჰაეროვანს, გამტარებლობითს – და ნეიროსენსორულს ანუ აღქმითს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების ნაწილი (მაგალითად, შუა ყურის ინფექციები და ყურში გოგირდის დაგროვება) კონდუქტიურ სმენანაკლულობას იწვევს, ნაწილი კი ნეიროსენსორულს. პირველი ვარიანტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მკურნალობას ექვემდებარება, ნეიროსენსორული სმენანაკლულობა შეუქცევადია. ამ დროს ექიმის მიზანი სმენის არსებულ დონეზე შენარჩუნებაა.
ნეიროსენსორული და კონდუქტიური სმენანაკლულობა დაახლოებით ერთნაირი სიხშირით გვხვდება. ზოგ შემთხვევაში შერეულ დაზიანებასაც ვაწყდებით. ერთმანეთისგან გასარჩევად და სმენის ფუნქციის შესაფასებლად კი აუდიოლოგიური გამოკვლევები ტარდება. შუა ყურის ფუნქციას ტიმპანომეტრიით აფასებენ ექიმები, შიგნითა ყურისას კი აუდიომეტრიით. ამავე დროს, ეს უკანასკნელი გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ სმენანაკლულობის ხარისხი, ვნახოთ, რამდენად ხერხდება სმენის შენარჩუნება.
სმენის ხარისხი
ბგერა შეგვიძლია სიხშირისა და ძალის მიხედვით დავახასიათოთ. სიხშირე ბგერის სიმაღლეს განსაზღვრავს (ბოხ ხმას უფრო დაბალი სიხშირე აქვს, წვრილს კი უფრო მაღალი) და ჰერცებით იზომება, ძალა კი ბგერის ხმამაღლობას და დეციბელებით გამოისახება. ოდნავ გასაგონი, ბუზის გაფრენის ან სუსტი სიოს ხმის ძალა 0 დბ-ა, ჩურჩულისა – 30 დბ, ჩვეულებრივი საუბრისა – 60 დბ, ავტომატური ხერხისა, ბურღისა, თოვლმავალისა – 100 დბ, როკკონცერტისა – 110 დბ, თოფის გასროლისა – 149 დბ.
აუდიომეტრია ადგენს სხვადასხვა სიხშირის (125-დან 8000 ჰერცამდე) ბგერების მგრძნობელობის ზღურბლს ანუ მინიმალურ ძალას, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ესმის. ბუნებრივია, რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო უკეთესი სმენა აქვს საკვლევ პირს. ნორმად 0-დან 25 დბ-მდე მაჩვენებელი ითვლება.
საერთაშორისო კლასიფიკაციით, სმენანაკლულობის ოთხ ხარისხს გამოყოფენ. როდესაც ბგერის აღქმის ზღურბლი 26-40 დბ-ია, ეს I ხარისხის სმენანაკლულობად ითვლება, 41-55 დბ – II ხარისხისად, 56-70 – III ხარისხისად, 71-90 კი IV-ისად. შესადარებლად ოთხ სხვადასხვა სიხშირეზე (500, 1000, 2000 და 4000 ჰერცზე) დადგენილი ზღურბლის საშუალო მაჩვენებელს იყენებენ. III და IV ხარისხის სმენანაკლულობის დროს ადამიანს უნარშეზღუდულის სტატუსი ენიჭება.
სმენის დაქვეითებას, განსაკუთრებით კი მაღალ, არასამეტყველო სიხშირეებზე, ადამიანი ძნელად თუ შეამჩნევს. ხშირად ექიმთან სმენის დაქვეითების გამო კი არა, სხვა ჩივილებით მიდიან. მაგალითად, ზოგჯერ ახალგაზრდები უჩივიან შუილს ან ყურების დაგუბების შეგრძნებას. არსებობს მენიერის დაავადება, რომელიც თავბრუხვევის შეტევებით ვლინდება, სმენის დაქვეითება კი რამდენიმე შეტევის გადატანის შემდეგ იჩენს თავს.
სმენის უფრო ძლიერი დაქვეითებისას პაციენტს უჭირს საუბრის აღქმა, განსაკუთრებით – ხმაურიან გარემოში, ტელეფონით საუბარი. ეჩვენება, რომ ირგვლივ მყოფებმა ჩლიფინი დაიწყეს. მამაკაცები ხშირად იმიტომ მიმართავენ ექიმს, რომ ცოლი ან შვილები ტელევიზორისთვის ხმის მეტისმეტად აწევის გამო საყვედურობენ.
როგორც აღვნიშნეთ, ნეიროსენსორული სმენანაკლულობა შეუქცევადია, თუმცა შეგვიძლია, სმენის ფუნქცია უფრო მძიმე დაზიანებისგან დავიცვათ. შესაბამისად, რაც უფრო ადრე დავადგენთ დარღვევას, მით უფრო დიდია შანსი, ავადმყოფს ცხოვრება რაც შეიძლება ნაკლებად გაურთულოს. აღარაფერს ვიტყვით ბავშვებზე, ვისთანაც სმენანაკლულობის ადრეულ აღმოჩენას მეტყველების განვითარების, განათლებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ვამოწმებთ ახალშობილის სმენას
სმენანაკლულობა უნდა ვიეჭვოთ, თუ ბავშვი დედის ხმის გაგონებისას ცოტა ხანს მაინც არ ჩერდება, არ აღვიძებს მოულოდნელი ხმაური (ვთქვათ, ზარი), ტაშის დაკვრაზე თავს არ აბრუნებს ხმაურის წყაროსკენ და თვალით არ ეძებს მას. შედარებით მოზრდილ ჩვილებს რეაქცია უნდა ჰქონდეთ თავიანთ სახელზე, ცდილობდნენ უფროსების მიერ წარმოთქმული ბგერების გამეორებას... თუმცა ზოგჯერ 2-3 წლის ბავშვის მშობლებიც ვერ ხვდებიან უყურადღებობის ნამდვილ მიზეზს და შვილი, უბრალოდ, უგულისყურო ჰგონიათ.
ერთადერთი მეთოდი, რომლითაც თანდაყოლილი სმენანაკლულობის დროული აღმოჩენაა შესაძლებელი, ახალშობილის სკრინინგია. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვს სმენას სამშობიაროშივე უმოწმებენ. ვიდრე ამგვარი პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება, ყველა მშობელს ვურჩევთ, სამ თვემდე შვილს ეს გამოკვლევა საკუთარი ინიციატივით ჩაუტაროს.
გარდა ახალშობილებისა, ექოსკრინიგით ხდება დიდი პოპულაციების, მაგალითად, ხმაურიან გარემოში მომუშავე ადამიანების გამოკვლევაც. ექოსკრინინგის აპარატი პორტატიულია და შესაძლებელია, ეს გამოკვლევა ორგანიზაციაშივე ჩატარდეს. ექოსკრინინგი ასევე მნიშვნელოვანია უნარშეზღუდული და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის, რომელთაც უჭირთ გააგებინონ გარშემო მყოფებს, ესმით თუ არა.
უკეთ რომ გავიგოთ
ნეიროსენსორული სმენანაკლულობისას სმენის კორექცია სასმენი აპარატითა და კოხლეარული იმპლანტატით არის შესაძლებელი. პირველი ბგერებს აძლიერებს, მეორე კი სმენის ნერვს ლოკოკინას გვერდის ავლით აწვდის იმპულსებს.
ზოგს სასმენი აპარატის ხმარება უჭირს. ეს არც არის გასაკვირი: ამ აპარატს ისევე სჭირდება შეჩვევა, როგორც კბილის პროთეზს. მუდმივად უნდა გეკეთოთ, არ მოიხსნათ და დროთა განმავლობაში უკეთ გაიგონებთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კარგად შერჩეული და მორგებული სასმენი აპარატი სმენადაქვეითებულთა 90%-ზე მეტს უუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში 40 სმენადაქვეითებული ადამიანიდან 39-ს სასმენ აპარატზე ხელი არ მიუწვდება. საქართველოში მოქმედებს სმენადაქვეითებულთა სასმენი აპარატებითა და კოხლეარული იმპლანტატებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. აუდიოლოგის მიერ გაცემული ცნობით ამ კატეგორიის პირები შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ადიან აღრიცხვაზე და აპარატს უფასოდ იღებენ.
ყურდახშულობა
ყურში გაჩენილი გოგირდის საცობი საგრძნობლად აქვეითებს სმენას. საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. გარეთა სასმენი მილის წინა მესამედში განლაგებულია გოგირდის ჯირკვლები, რომელთა მოვალეობა გოგირდის გამომუშავებაა. გამომუშავებული გოგირდი, ჩვეულებრივ, თვითონვე გადაინაცვლებს გარეთა სასმენი მილის გასასვლელისკენ და საცობს არ წარმოქმნის. ხდება ისეც, რომ გოგირდი ჭარბად გამომუშავდება. ეს პათოლოგია არ არის, თუმცა ვერც მთლად ნორმად ჩაითვლება, რადგან უსიამოვნო შედეგს იწვევს – უმეტესად სწორედ ასეთ დროს წარმოიქმნება საცობი. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეთა სასმენი მილის ანატომიური შენებაც. საქმე ის არის, რომ ზოგ ადამიანს ვიწრო გარეთა სასმენი მილი აქვს. საზოგადოდ, გარეთა სასმენი მილი სწორ ლულას კი არ წარმოადგენს, არამედ ლათინური S-ივით ოდნავ იხრება. ყურის ღრმად გაწმენდისას გოგირდის მასა სიღრმეში შეგვაქვს. ამის შედეგად უფრო ღრმა უბნებიდან მათი გამოსვლა ფერხდება, რაც საცობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
გოგირდის დაგროვების ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმპტომია ყურის დაგუბება, რასაც ბევრი უკავშირებს ყურში წყლის ჩასვლას. საქმე ის არის, რომ ამ დროს გოგირდის საცობი ფუვდება და მთლიანად ახშობს სასმენ მილს. თუ გარეთა სასმენ მილში მცირე სივრცე მაინცაა დარჩენილი ბგერის შესასვლელად, მიუხედავად საცობისა, ადამიანი სმენის დაქვეითებას არ უჩივის და, შესაბამისად, არც ექიმს მიმართავს. შესაძლოა, თვეობით ჰქონდეს სასმენ მილში გოგირდის საცობი, მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი მთლიანად არ დაახშობს მილს, სმენის დაქვეითება არ შეინიშნება.
სასმენ მილში გოგირდის ჭარბი დაგროვება ასაკზე არ არის დამოკიდებული, თუმცა მაინც გამოვყოფთ ბავშვებს და კიდევ ერთხელ ვთხოვთ მშობლებს, ღრმად ნუ გამოუწმენდენ შვილებს ყურებს – ამით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. საკმარისია, ბავშვს ოდნავ უკან გადავუწიოთ ყურის ნიჟარა, გავწიოთ წინ სასმენი მილის სახური და ამოვასუფთაოთ მხოლოდ ის უბანი, რომელიც ჩანს. ამით საცობის წარმოქმნას თავიდან ავიცილებთ. ასევე არ არის საჭირო ყურების ხშირად გამოწმენდა – კვირაში ერთხელ საკმარისია.
გახსოვდეთ: გოგირდს ბაქტერიოციდული თვისებები აქვს, ამიტომ ის ყურში მუდამ უნდა იყოს, მაგრამ მისი ჭარბი დაგროვება სასურველი არ არის - შესაძლოა, გარეთა სასმენი მილის ანთება გამოიწვიოს.
გოგირდოვანი საცობის გამოღება მხოლოდ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს შეუძლია, შინ კი, პროფილაქტიკის მიზნით, თვეში 2-3-ჯერ შეიძლება მარტივი პროცედურის ჩატარება: დაწექით გვერდზე და ჩაიწვეთეთ ყურში 5 წვეთი წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი ან ვაზელინის ზეთი. იწექით 15-20 წუთი. ამის შემდეგ წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ ყური სტერილური ბამბით სასმენი მილის შესავლის გარედან. არასტერილური ბამბის წკირები ყურისთვის არ გამოიყენოთ. ასევე არ შეიძლება ასანთზე დახვეული ბამბის გამოყენება – ამ დროს ყურის სტრუქტურის დაზიანების ალბათობა უფრო დიდია.
შუილი და ყურყური
ყურების შუილს იწვევს ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობები, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები. შუილი ზოგი სხვა, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოებთან დაუკავშირებელი პრობლემის გამოხატულებაც შეიძლება იყოს. მაგალითად, თავის ტრავმისა, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზისა, კისრის მალების ოსტეოქონდროზისა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა.
ყურში წყლის ყურყურის შეგრძნების მიზეზია დაფის ღრუში სითხის არსებობა, რაც შესაძლოა ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთების, ტრავმის, ბანაობის შემდეგ ყურში ჩარჩენილი წყლის ბრალი იყოს.
ყურების დაგუბებას შუა ყურის მწვავე ანთება, სასმენი ნერვის დაზიანება, ყურის ტრავმა, სასმენ მილში უცხო სხეულის არსებობა, ცხვირის ღრუში ადენოიდების გაღიზიანება იწვევს.
ქავილის მიზეზია გარეთა ყურის ანთება, ყურების ხშირი წმენდით გამოწვეული სასმენი მილის ეგზემა, სოკოთი გამოწვეული სასმენი მილის ანთება, გოგირდის უქონლობა, ალერგია.
სმენა და წონასწორობა: საერთო განსაცდელი
შიგნითა ყურში მდებარე სმენისა და ვესტიბულური სისტემები ანატომიურად მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. თავად შიგნითა ყური საფეთქლის ძვალში მდებარეობს. იგი ძვლოვანი არხებისგან შედგება, რომელთა ერთობლიობას ლაბირინთს უწოდებენ. ლაბირინთში სმენისა (ლოკოკინა) და წონასწორობის (ვესტიბულური აპარატი) ანალიზატორებია მოთავსებული.
როდესაც პათოლოგიური პროცესი ლაბირინთულ სტრუქტურებში ან`და მერვე წყვილი ნერვის (სმენის ნერვის) განსაზღვრულ ნაწილში ვითარდება, სმენის დაზიანებასთან ერთად პერიფერიული ვესტიბულური დარღვევებიც იჩენს თავს. ამ დარღვევათა შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ექიმი ნეიროოტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნანა თევზაძე გვესაუბრება:
ლაბირინთიტი
– ფოკალური (კეროვანი) პერიფერიული ვესტიბულური დარღვევები ხშირად ლაბირინთიტით (ლაბირინთის ანთებით) ვლინდება. ის სმენისა და წონასწორობის პრობლემებს იწვევს. ვესტიბულური დარღვევების მიზეზი შესაძლოა იყოს ქრონიკული ოტიტი, ბაქტერიული მენინგიტი, ვირუსული ინფექცია. ამ შემთხვევაში სმენის პრობლემებთან ერთად პაციენტი უჩივის თავბრუხვევას, ვერ აფიქსირებს მზერას, რაც გამოწვეულია ნისტაგმით – თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობით, აქვს წონასწორობის დარღვევა, ღებინების შეგრძნება. ეს ნიშნები ექიმს შიგნითა ყურის ანთებაზე მიუთითებს.
მასტოიდიტი
– პროცესის გავრცელებამ ლაბირინთიტთან ერთად შესაძლოა დვრილისებრი მორჩის ანთება – მასტოიდიტი გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ვესტიბულურ დარღვევასთან ერთად პაციენტს აწუხებს ყურისა და თავის ძლიერი ტკივილი. კლინიკურ ნიშნებს ერთვის ვეგეტატიური გამოვლინებებიც - გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია.
დიაგნოზის დასასმელად კლინიკურ ნიშნებთან ერთად მნიშვნელოვანია რადიოლოგიური გამოკვლევის მონაცემებიც, კერძოდ, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით დიაგნოზირდება ლაბირინთის ანთებაც და მასტოიდიტიც. ანთებითი პროცესის დროს ლაბირინთი და დვრილისებური მორჩი კარგავს ჰაეროვნებასა და ელასტიკურობას. პროცესი, წესისამებრ, ცალ ყურში ვლინდება, თუმცა იშვიათად ორმხრივი დაზიანებაცაა მოსალოდნელი.
პაციენტს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სათანადო ადრეული ანტიბაქტერიული ან და` ანტივირუსული მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლაბირინთიტი შესაძლოა გართულდეს აბსცესით, მენინგიტით, ენცეფალიტით... სამწუხაროდ, მასტოიდიტის შემდეგ ხშირად რჩება სმენის მყარი დაქვეითება. ჩირქოვანი მასტოიდიტის დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ვესტიბულური ფუნქცია მეორე ლაბირინთის ხარჯზე აღდგება. ამ დროს მნიშვნელოვანია, დროულად გავააქტიუროთ პაციენტი, თუმცა ძლიერი თავბრუხვევისა და წონასწორობის დარღვევის გამო მას წოლა ურჩევნია.
ამის კვალობაზე, ყველა ბანალური ოტიტი სწორად უნდა იყოს შეფასებული და ნამკურნალევი, რომ ინფექცია არ გავრცელდეს და არ გართულდეს. ანტიბიოტიკი ან სწორად უნდა იქნეს შერჩეული და გამოყენებული, ან საერთოდ არ დაინიშნოს. ყველა თანამედროვე გაიდლაინის თანახმად, ოტიტის დროს ანტიბიოტიკები ორკვირიანი კურსით ინიშნება. ჩვენთან მკურნალობას ხშირად შუა გზაზე წყვეტენ და შედეგად მასტოიდიტი წლების განმავლობაში ქრონიკულად მიმდინარეობს.
ჩვილებთან ოტიტი ძალიან ხშირია, რასაც კვებისას არასწორი პოზიცია განაპირობებს – ბავშვებს წოვისას რძე ხშირად ყელიდან ყურში გადასდით, რაც ყურის ანთებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ჩვილს კვებისას თავი ტანთან შედარებით მაღლა უნდა ჰქონდეს.
ჰანტის სინდრომი
– ერთ-ერთი საინტერესო დაავადება, რომელიც აუდიოვესტიბულურ სისტემას აზიანებს, ჰანტის სინდრომია, რომელიც ყურის ტკივილითა და ნიჟარაზე ბუშტუკოვანი გამონაყარით იწყება. დაავადებას ჰერპესის ვირუსი იწვევს, რომელიც ორგანიზმში ლატენტურ, მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფება და იმუნური სისტემის დასუსტებისას აქტიურდება. ამ სინდრომის დროს ყურის ძლიერ ტკივილთან ერთად ვითარდება სმენის დაქვეითება, თავბრუხვევა, ღებინება.
ტრავმა
– თავის ტრავმა ასევე შესაძლოა იქცეს ლაბირინთის შერყევის მიზეზად, რაც სმენითი და ვესტიბულური დარღვევებით ვლინდება – ადამიანს უქვეითდება სმენა, შესაძლოა დაეუფლოს თავბრუხვევის შეგრძნება, დაკარგოს წონასწორობა. თუ ტრავმის შემდეგ ყურიდან სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ეს საფეთქლის ძვლის მოტეხილობაზე მიანიშნებს. ამ დროს დაშავებულს მკაცრი იმობილიზაცია და ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ხშირად ამ შემთხვევაშიც მყარი სიყრუე ვითარდება.
აუდიოვესტიბულური დარღვევა განსაკუთრებით ხშირია აკუსტიკური ტრავმებისა და ბაროტრავმების დროს.
აკუსტიკურ ტრავმას ხმამაღლი ბგერები იწვევს. მაღალი ტონები ყურს აღიზიანებს, დაფის აპკი ელასტიკურობას კარგავს, რასაც სმენის ნაადრევ დაქვეითებამდე მივყავართ. ზოგჯერ ამას თან ახლავს ვესტიბულური პრობლემებიც.
ბაროტრავმა ვითარდება ფრენის, ყვინთვის დროს. ამ შემთხვევაში წნევის ცვალებადობის შედეგად ზიანდება შიგნითა ყურის რომელიმე სტრუქტურა. აპკისებრი ლაბირინთის სხვადასხვა ნაწილის გახეთქვა ფისტულის წარმოქმნასა და პერილიმფისა და ენდოლიმფის შერევას იწვევს, რაც ვესტიბულური დარღვევის მიზეზად იქცევა. ამ შემთხვევაში ყვინთვის შემდეგ წყლიდან ამოსულ ადამიანს აწუხებს ყურის დაცობის შეგრძნება და ტკივილი, წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება (რომელიმე მხარეს წაქანება). დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მედიკამენტური მკურნალობის გარეშეც გაივლის, მაგრამ დიდი დეფექტის შემთხვევაში შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.
– როგორ ავიცილოთ თავიდან ბაროტრავმა და აკუსტიკური ტრავმა?
– ცურვისას ადამიანმა მეტისმეტად ღრმად და მკვეთრად არ უნდა ჩაყვინთოს, სიღრმეს თანდათანობით უნდა მიეჩვიოს. ბაროტრავმები პატარა ბავშვებთანაც ხშირია აუზში უეცარი ჩახტომის გამო. თუმცა დაზიანება ყველას ერთსა და იმავე პირობებში არ ემართება – ინდივიდუალურია, გააჩნია ყურის ანატომიურ აგებულებას, არხის სიფართოვეს და სხვა.
ფრენისას ყურების დაგუბების შემთხვევაში მგზავრმა შეიძლება გამოიყენოს საღეჭი რეზინი – მისი ღეჭვა გაააქტიურებს ნერწყვის ყლაპვას, რათა შუა ყურის წნევა ატმოსფერულს გაუთანაბრდეს. დაგუბების მოხსნას ხელს უწყობს ცხვირზე ხელის მოჭერით განმეორებითი ჩაბერვა და მთქნარებაც. თუ ტკივილი გაძლიერდა, მოსალოდნელია პერფორაცია (დაფის აპკის დაზიანება) და აუდიოვესტიბულური სიმპტომატიკის ჩამოყალიბება. განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვებსა და ასაკოვან პირებს მართებთ.
მუსიკის მოსმენისას ხშირად ნუ გამოიყენებთ ყურთსასმენებს, ერიდეთ დისკოთეკაზე დიდხანს ყოფნას, სადაც მაღალი ბგერები და ვიბრაცია არა მარტო ყურზე, არამედ მთელ ორგანიზმზე მოქმედებს.
ტოქსიკური დაზიანება
– შიგნითა ყურის სტრუქტურებზე ტოქსიკური ეფექტი, უპირველეს ყოვლისა, ანტიბიოტიკებს, კერძოდ, ამინოგლიკოზიდებს უკავშირდება. ოტოტოქსიკური ანტიბიოტიკების მიღებას ხშირად თან ახლავს სმენისა და წონასწორობის ფუნქციის პროგრესული დაქვეითება, ამიტომ ასეთი პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სისხლში მათი კონცენტრაციის განსაზღვრა და პაციენტის აუდიოვესტიბულური მდგომარეობის მონიტორინგი.
შიგნითა ყურზე ტოქსიკური მოქმედება ახასიათებს ზოგ სხვა პრეპარატსაც (მათ შორის – ასპირინს), ასევე – ალკოჰოლს. ასეთი ნივთიერებების მიღება განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ადამიანს დარღვეული აქვს თირკმელების ფუნქცია (ფილტრაცია), ასევე – ასაკოვან პირებთან, ჰიპერტონიითა და დიაბეტით დაავადებულებთან.
მენიერის დაავადება
– მენიერის დაავადება დაკავშირებულია ენდოლიმფურ ჰიდროფსთან ანუ ლაბირინთის წყალმანკთან, რომლის მიზეზიც ჯერჯერობით დადუგენელია. ენდოლიმფურ სივრცეში წნევის მატება იწვევს შეტევას, რომელიც ვლინდება ყურის შუილითა და ზეწოლის შეგრძნებით, სმენის გარდამავალი დაქვეითებითა და თავბრუხვევით. შეტევა 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე, ზოგჯერ 1-2 დღემდეც კი გრძელდება. დროთა განმავლობაში ყალიბდება მყარი ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება, რომელიც სრულ სიყრუემდე პროგრესირებს.
პაროქსიზმული თავბრუხვევა
– კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევის სინდრომი (კპპთ) თავბრუხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია. ამ დროს ლაბირინთის რკალოვან არხებში ხვდება ლაბირინთის კარიბჭიდან მოწყვეტილი ნაწილაკები – კრისტალები. ისინი ტივტივებენ ენდოლიმფაში (ან, პირიქით, მაგრდებიან კონკრეტულ ადგილზე), თავის გატოკების დროს აღიზიანებენ ვესტიბულურ აპარატს და თავბრუხვევას იწვევენ. ამ პროცესს უმეტესად ასაკთან დაკავშირებულ დეგენერაციულ ცვლილებებს უკავშირებენ, თუმცა კპპთ შესაძლოა განვითარდეს მეორეულადაც და სმენის დარღვევით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებას ახლდეს თან.
კპპთ ვლინდება ხანმოკლე (წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის) ძლიერი შეტევითი თავბრუხვევის ეპიზოდებით, რომლებსაც თავის ან სხეულის პოზიციის შეცვლა უწევს პროვოცირებას. ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ მის გარშემო ყველაფერი იქცევა და ტრიალებს. შეტევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება და შიშის შეგრძნება. ასევე ნისტაგმი – თვალის კაკლების უჩვეულო, უნებლიე რიტმული მოძრაობა. ეს სიმპტომები 30-60 წამს გრძელდება.
კპპთ-ის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური საშუალება რეპოზიციური მანევრებია. მათი დანიშნულებაა კრისტალების განდევნა რკალოვანი არხიდან და ლაბირინთის კარიბჭეში დაბრუნება.
სიმსივნეები
– სიმსივნეთაგან გამოვყოფდი სმენის ნერვის ნევრინომას, რომელიც ამ მიდამოს სიმსივნეთა 92% შეადგენს. ამ კეთილთვისებიანი სიმსივნის პირველ სტადიაში პაციენტს აწუხებს მხოლოდ გარდამავალი შუილი ცალ ყურში, შემდგომ სმენის პროგრესულ დაქვეითებასთან ერთად ვითარდება ვესტიბულური სიმპტომები წონასწორობის დარღვევისა და თავბრუხვევის სახით და მხოლოდ უკანასკნელ სტადიაში სიმსივნის ზრდასთან ერთად ყალიბდება ნევროლოგიური პრობლემები, ამიტომ სმენის ცალმხრივი დაქვეითების ყველა შემთხვევაში, რომელსაც ვესტიბულური სიმპტომატიკა ახლავს თან, უპირველეს ყოვლისა, ნევრინომა უნდა გამოირიცხოს. აუდიოვესტიბულური სიმპტომატიკა გამოხატულია სახის ნერვის ნევრინომების, ეპიდერმოიდული სიმსივნეებისა და მენინგიომების განსაზღვრული სტადიების დროსაც.
იშემია და ინფარქტი
– ლაბირინთული იშემიისა და ინფარქტის დროს კლინიკური სურათი ვლინდება უეცარი სიყრუით, რომელსაც თან ახლავს ძლიერი თავბრუხვევა და წონასწორობის დარღვევა, რაც ხშირად ლაბირინთის არტერიის დახშობასთანაა დაკავშირებული. ამ დაზიანების მკურნალობა და პრევენცია ისეთივეა, როგორიც ინსულტის დროს.
თანდაყოლილი დეფექტი
– შიგნითა ყურის თანდაყოლილი დეფექტები – აპლაზიები, ჰიპოპლაზიები – სმენითი და ვესტიბულური ფუნქციის სრულ ან ნაწილობრივ დარღვევას უკავშირდება. ამ მიდამოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დისპლაზიაა მონდინის ანომალია, რომლის არსებობისას აღინიშნება ლაბირინთის ძვლებისა და აპკისებრი სტრუქტურების თანდაყოლილი ანომალია და ბავშვს განუვითარებელი აქვს სმენითი და ვესტიბულური სისტემები. ამ დეფექტის დროს ნაადრევ ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ.
სმენითი და ვესტიბულური დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, რათა დროულად დასვას პათოლოგიის დიაგნოზი და არჩეული იქნეს სწორი ტაქტიკა – მკურნალობის სქემა, რეაბილიტაციისა თუ პრევენციის მეთოდები.
ესაუბრა მარი აშუღაშვილი