გამასინჯეთ თევზი!

გააზიარე:
ზოგიერთი დედიკო ამ სლიპინა ნუგბარს ხშირ-ხშირად სთავაზობს პატარას – ჭკუა მოემატოსო, ზოგი თავს იკავებს, ფხა არ შეჰყვესო, ზოგს კი ბოლო დროს მომრავლებული ტოქსიკური ნარჩენების მაღალი დონე აფრთხობს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველა მათგანი მართალია... თუმცა მოდი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გულდასმით ავწონ-დავწონოთ.

რა სარგებლობა მოაქვს

დავიწყოთ იმით, რომ თევზის ცილა ადვილად ასათვისებელი და სასარგებლოა. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ვიტამინებითა და მინერალებითაც გვამარაგებს. ეს ვიტამინები უმთავრესად ცხიმში ხსნადია. სახელდობრ, თევზის მეშვეობით ვივსებთ A ვიტამინის მარაგს, რომელიც კანსა და თვალებს სიჯანსაღეს უნარჩუნებს, და D ვიტამინისას, რომელიც კალციუმის შეწოვას და ძვლებისა და კბილების სიმაგრეს უწყობს ხელს. თევზში საკმაო რაოდენობით არის თუთია, იოდი და სელენი. შეგახსენებთ: იოდი ზრდისა და ნივთიერებათა ცვლის მაკონტროლებელი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის არის საჭირო, სელენი კი იმ ენზიმების წარმოსაქმნელად, რომლებიც უჯრედის კედლებს კიბოს გამომწვევი თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და რადიაციითა და ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით მემკვიდრეობითი ინფორმაციის შემნახავი დნმ-ს დაზიანებას უშლის ხელს.
თუ ამ კონტექსტში ფოსფორის მოხსენიებასაც ელით, იმედი უნდა გაგიცრუოთ – ეს მაკროელემენტი თევზზე მეტი ხორცსა და რძეშია, თანაც თუ კალციუმსა და ცილას საკმარისი რაოდენობით მივიღებთ, მისი ნაკლებობის საკითხი არ დადგება, ხოლო დეფიციტი ტვინზე მეტად ძვლებსა და კბილებზე აისახება.
მიუხედავად ამისა, თევზი ძალიან სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის. ადამიანის ტვინის 10-12% ლიპიდებისგან შედგება, მათ შორის – ომეგა-3 ცხიმებისგანაც, ეს უკანასკნელი კი თევზში საკმაო რაოდენობითაა. თუ ბუნებრივი მედიკამენტების დაწვრილებით მონაცემთა ბაზას ვენდობით, სასარგებლო ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია სკუმბრია, თინუსი, ორაგული, თართი, ბარაბული, ლუფარი, ანჩოუსი, სარდინი, ქაშაყი და კალმახი. მათი 100 გ ორგანიზმს დაახლოებით 1 გ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს აწვდის. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, თუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვს ხშირად შევთავაზებთ თევზს ან მის ქონს, ქცევითი პრობლემები შემცირდება, ხოლო კონცენტრირების უნარი გაუმჯობესდება. მეცნიერებს არც პაწიები დავიწყებიათ. არსებობს დაუდასტურებელი მონაცემები, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობისას ყოველდღიურად იღებდნენ 4  გ თევზის ქონს, ორწლინახევრის ასაკში თვალისა და ხელის კოორდინაცია უკეთესი ჰქონდათ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბავშვობიდან ჩვევად ქცეული თევზის დღეები ხანდაზმულობისას თურმე საღი გონების შენარჩუნებაში გვეხმარება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თევზის მოყვარულებს უკეთესი მახსოვრობა და კონცენტრაცია რომ აქვთ, სწორედ თევზის ბრალია და, რაც მთავარია, ეს პროდუქტი დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკსაც ამცირებს. ამაზე უკეთ არის დადასტურებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კეთილისმყოფელი გავლენა გულსა და სისხლძარღვებზე. მეცნიერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც თევზი რაციონის ძირითადი კომპონენტია, ინფარქტი და ინსულტი უფრო იშვიათია, ხორცის თევზით ჩანაცვლება კი სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას გულისა და სისხლძარღვების სასარგებლოდ ცვლის. იგივე ცხიმები ყოფილან პასუხისმგებელნი სახსრების სიჯანსაღეზეც. ვარაუდობენ, რომ ბალანსირებულ დიეტაში თევზის რეგულარული ჩართვა ასუსტებს რევმატოიდული ართრიტის (სახსრების ტკივილითა და შესივებით გამოხატული დაავადების) სიმპტომებს, ამცირებს სახსრების ცვეთას და, შესაბამისად, ოსტეოართიტის განვითარების ალბათობასაც. როცა თევზის ქონის საკვებიდან მიღება გვინდა, თურმე დიდი მნიშვნელობა აქვს მომზადების ტექნოლოგიას: მოხარშული, ღუმელში გამომცხვარი და შამფურზე შემწვარი თევზი გულის დაავადების რისკს ამცირებს, ცხიმში შემწვარი კი არათუ ჯანმრთელობისთვის უსარგებლოდ აქცევს თევზის ქონს, არამედ, გამორიცხული არ არის, გულის დაზიანების რისკს ზრდიდეს კიდეც.
ბუნებრივია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას პატარებისას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ კვებით ჩვევებს კი ბავშვობიდანვე ვითვისებთ, სწორის მიჩვევა კი გაცილებით ადვილია, ვიდრე არასწორის გადაჩვევა.


რა საფრთხეს გვიქადის
ყველაზე ხილულ და რეალურ საფრთხეს პატარას, ბუნებრივია, თევზი კი არა, მისი ფხები უქადის. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და მხოლოდ 1998 წელს 4500 ასეთი ეპიზოდი აღირიცხა. თუმცა ამის შიშით თევის აკრძალვა მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტას ჰგავს. მისი თავიდან აცილების გზებიც საყოველთაოდ ცნობილია და ერთი სიტყვით გამოიხატება: ყურადღება.
ფხებისგან განსხვავებით, შხამები თვალით უხილავია, ხოლო მათგან თავის დაცვა – გაცილებით ძნელი. თანაც, რაკი ბოლო ხანს ამ თემას მედიის ყურადღება არ მოჰკლებია, განსაკუთრებით – განვითარებულ ქვეყნებში, ექიმები შიშობენ, რომ საფრთხე ხალხს რეალურზე ბევრად მეტი ეჩვენება და თევზის სასარგებლო თვისებებს ავიწყებს კიდეც. ზოგიერთი მკვლევარი სამრეწველოდ გამოყვანილ და ბუნების წიაღში დაჭერილ თევზს ერთმანეთს ადარებს, ბუნებრივია, უკანასკნელის სასარგებლოდ. ტბორებში გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა, პესტიციდებმა და სხვა ქიმიკატებმა თევზის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს. თუმცა ეს საკითხი უფრო დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ექიმებს ჯერჯერობით არ გვაქვს. ამ ტოქსინებიდან ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალზე საუბრობენ. გარემოში ის, ჩვეულებრივ, ძალიან ცოტაა, თუმცა ინდუსტრიული დაბინძურების გამო ტბებში, მდინარეებსა და ოკეანეში მისმა დონემ შესაძლოა მოიმატოს, საბოლოოდ კი თევზის საკვებში ამოყოს თავი. დიდი ზომის თევზები, რომელიც კვებითი პირამიდის ჯაჭვის ზედა რგოლებს წარმოადგენენ, – მაგალითად, ზვიგენი, ხმალთევზა, სამეფო სკუმბრია, – ჩვეულებრივ, მეტ ვერცხლისწყალს შეიცავენ, ვიდრე უფრო პატარები. რაც უფრო მეტხანს ცოცხლობს თევზი, მით უფრო დიდი იზრდება და მეტი ვერცხლისწყლის დაგროვებას ასწრებს. გარდა სახეობისა და ზომისა, მნიშვნელობა აქვს სად დაიჭირეს თევზი და რამდენად დაბინძურებულია იქაური წყლები ამ მძიმე ლითონით. ასეთი ინფორმაციის მოპოვება კი ქართულ სინამდვილეში, დამეთანხმებით, არცთუ რეალურია. შიშს ის იწვევს, რომ ამ მძიმე ლითონს კუმულაციის (დაგროვების) უნარი აქვს, ამიტომ ორგანიზმს მისგან გასათავისუფლებლად შეიძლება კვირები, თვეები და წელიწადიც კი დასჭირდეს. ვერცხლისწყალი განსაკუთრებით მავნებელია ნაყოფისა და მცირეწლოვანი ბავშვების ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის, ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობას კი, ნაკლებმოსალოდნელია, რაიმე ზიანი მიაყენოს.


როდის და რამდენი
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA) და გარემოს დაცვის სააგენტო თევზის რაოდენობის შეზღუდვას ურჩევს:
. ორსულებს და ქალებს, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ;
. მეძუძურებს;
. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
თანაც ხაზს უსვამენ, რომ ორსულებს, მეძუძურებს და ბავშვებსაც შეუძლიათ გულის ჯანმრთელობა გაიუმჯობესონ, თუ მიირთმევენ თევზს, რომელიც შედარებით ნაკლებ ვერცხლისწყალს შეიცავს, მაგალითად, ორაგულს, და არ გადააჭარბებენ:

. კვირაში 340გ თევზს,
. 170 გ დაკონსერვებულ თინუსს, –
ხოლო ზვიგენზე, ხმალთევზასა და სამეფო სკუმბრიაზე საერთოდ უარს იტყვიან.
შიშის დიდი თვალები კი მეცნიერებს საკმაოდ აშინებთ. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბოლო ხანს ბევრმა ორსულმა საერთოდ უარი თქვა თევზზე ან რეკომენდებულზე გაცილებით ნაკლებს მიირთმევს, ეს კი შესაძლოა მათი შვილების ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებზე აისახოს. წინასწარი მონაცემებით, თევზის მოყვარული ორსულების შვილები დაბადებიდან 2-3 წლის შემდეგ თევზმოძულეებზე გაცილებით უკეთ ართმევენ თავს ფსიქოლოგიურ ტესტებს. ამიტომ მასზე უარს ნურც თქვენ იტყვით და ნურც ბავშვებს მოაკლებთ.


შეგახსენებთ: თევზი, ისევე როგორც ხორცი, ჩვილებს შეგიძლიათ 7 თვიდან გაასინჯოთ. თუ განსაკუთრებულ შემთხვევასთან (მაგალითად, თევზის მიმართ ალერგიასთან) არ გვაქვს საქმე, შეეცადეთ კვირაში ორჯერ ან ერთხელ თევზიანი სადილი შესთავაზოთ.

გააზიარე: