რკინის ფარი მომავალი დედებისთვის

გააზიარე:

ჯანსაღი და ბალანსირებული რაციონი, რომელიც საკმარისი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, თითოეული ადამიანისთვის საკმაოდ აქტუალურია, მომავალი დედებისთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანი. სასიცოცხლოდ აუცილებელ მინერალებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი რკინას უჭირავს. რა მნიშვნელობა აქვს მას ნაყოფის ჯანმრთელობისთვის და რა საფრთხეს მალავს მისი ფარული თუ აშკარა უკმარისობა? ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მეან-გინეკოლოგ ბესარიონ ტყეშელაშვილს ვესაუბრებით.
– ბატონო ბესარიონ, რა მნიშვნელობა აქვს რკინას ჩვენი ორგანიზმისთვის და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მისმა ნაკლებობამ ორსულისა თუ ნაყოფის ორგანიზმზე?
– სისხლის წითელი უჯრედების შემადგენელი ჰემოგლობინის ფუნქცია თქვენთვის, ალბათ, ცნობილია. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ რკინა აუცილებელია, რათა ორგანიზმის ყოველმა უჯრედმა საკმარისი რაოდენობით მიიღოს ჟანგბადი. გარდა ამისა, ამ ლითონს მრავალი ფერმენტი შეიცავს. რკინის დეფიციტი ნებისმიერი ადამიანისთვის თუ მძიმე გადასატანია, პრობლემები გაათმაგებულად იჩენს თავს ორსულობის დროს, როცა ქალის ორგანიზმს ბევრად მეტი მოეთხოვება იმ მნიშვნელოვანი პროგრამის განსახორციელებლად, რასაც ნაყოფის ზრდა-განვითარება ჰქვია. თუ ორსულობისას რკინის ბალანსი უარყოფითია, ანუ მისი მოხმარება აჭარბებს მიღებას, ეს აუცილებლად აისახება როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. დედის ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა ნაყოფის “ჟანგბადოვან შიმშილს” განაპირობებს, ამას კი ფერმენტული სისტემებისა  და იმუნური სისტემის უმწიფრობამდე მივყავართ. ნეგატიურმა შედეგებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ახალშობილობისას, ისე მოგვიანებით, სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე. ასეთი ბავშვები საკმაოდ ხშირად ავადდებიან და გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა სისტემების დაავადებების ჩამოყალიბების უფრო მეტი ალბათობა აქვთ. ყოველივე ეს არ შეიძლება არ აისახოს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე, ფსიქიკაზე, კოგნიტიურ ფუნქციაზე (აზროვნების უნარზე).
– ეს ყველაფერი მხოლოდ რკინის ნაკლებობით გამოხატულ დეფიციტს ეხება?
– არა, ფარული, შენიღბული მდგომარეობებიც არანაკლებ საშიშია, მით უმეტეს, რომ ისინი უფრო ხშირად გვხვდება. გარდა ჰემოგლობინისა, რკინას შეიცავს დეპო ორგანოები (ძვლის ტვინი, ღვიძლი), სხვადასხვა ქსოვილი (ცენტრალური ნერვული სისტემა, კუნთები, ფერმენტები, თმა, ფრჩხილები, კანი). დეფიციტის დროს რკინას პირველ რიგში დეპო ორგანოები გასცემენ, შემდეგ – ქსოვილები, სისხლზე კი მხოლოდ გამოხატული დეფიციტი აისახება. ორსულობისას ეს ფარული დეფიციტი აშკარა ხდება და  ზემოთ ჩამოთვლილ ნეგატიურ შედეგებს იწვევს.
– თუ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რამდენად აქტუალურია რკინის დეფიციტი ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი მომავალი დედებისთვის?
– ასეთი გამოკვლევა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა – შეისწავლეს ორსულთა პოპულაცია და აღმოჩნდა, რომ საქართველოში აუცილებელი იყო მასობრივი ზრუნვა რკინის მარაგების შესავსებად. ამისთვის დაიწყეს ფქვილის ფორტიფიკაცია – რკინის სულფატით გამდიდრება. ეს გახლდათ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჰქონდა განსაზღვრული ვადა და უკვე დამთავრდა. თუმცა სპეციალური გამოკვლევა აღარ ჩატარებულა, სავარაუდოდ, მდგომარეობა კვლავ პროგრამამდელია, თუმცა გამოსავლის ძებნა უკვე ინდივიდუალურ დონეზე გვიხდება.
– ორსულობის რომელ პერიოდში სჯობს ამაზე ზრუნვის დაწყება?
– საუკეთესო შემთხვევაში, დედობისთვის მომზადება დაორსულებამდე უნდა დაიწყოს – დროულად განისაზღვროს რკინის მარაგი, რათა ორსულობის საწყის ეტაპებს ქალი რკინის საკმარისი მარაგით შეხვდეს. ნაყოფის ზრდასთან ერთად რკინაზე მოთხოვნილებაც უფრო და უფრო იზრდება. დიდია მოთხოვნა ძუძუთი კვების პერიოდშიც, რადგან დედის რძე დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას.
– როგორ ხდება რკინის მარაგის შეფასება? თქვენ ბრძანეთ, რომ ჰემოგლობინის დაქვეითება მხოლოდ მძიმე დეფიციტის დროს ხდება. სისხლის ანალიზი ალბათ არ იქნება საკმარისი...
– გააჩნია ანალიზს. მხოლოდ ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებლების განსაზღვრა მართლაც ცოტაა, მაგრამ არსებობს გაფართოებული ჰემოგრამები, რომლებიც შედარებით ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის. მოცულობის მიხედვით ერითროციტების განაწილება, ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცველობა, ჰემატოკრიტი (სისხლის ფორმიანი ელემენტების შეფარდება მის მოცულობასთან), რეტიკულოციტების (ერითროციტების ახალგაზრდა ფორმების) რაოდენობა – ყოველივე ამის ცოდნა უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის რკინის მარაგების შესახებ. ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისგან საჭირო ინფორმაციის მიღებას, რასაც ექიმები ანამნეზის შეკრებას ვეძახით. სახელდობრ, ხომ არ ჰქონდა პაციენტის დედას ორსულობისას სისხლნაკლებობა, თუ იჩინა ანალოგიურმა პრობლემებმა თავი წინა ორსულობისას, დიდი რაოდენობით სისხლს ხომ არ კარგავს ქალი მენსტრუაციის დროს... ეს დანაკარგი, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველია, მაგრამ გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში, მაგალითად, ორსულობისას, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. არსებობს სპეციალური გამოკვლევები რკინის მარაგის უფრო ზუსტად შესაფასებლად, მაგრამ მათი რუტინულად, ანუ ყველა პაციენტისთვის დანიშვნა მართებული არ არის. ექიმის ვალია, რაციონალურად, უსაშველოდ გაბერილი, დაუსაბუთებელი ანალიზების გარეშე, მინიმალური მეთოდებით გამოყოს ანემიის რისკჯგუფი და მხოლოდ მათ შესთავაზოს გაღრმავებული კვლევა. რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ მინიმალური რისკის მქონე პაციენტს ურჩევნია გაღრმავებული გამოკვლევა ჩაიტაროს –  ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ქალს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.
– დავუშვათ, დავადგინეთ, რომ საქმე გვაქვს რკინის მეტ-ნაკლებად გამოხატულ დეფიციტთან. როგორია ამ დროს ექიმის ტაქტიკა?
– თუ საქმე დეფიციტის შევსებაზე მიდგა, მისი ხარისხის კვალობაზე, შესაძლოა, ექიმმა უპირატესობა რკინის პრეპარატს მიანიჭოს, შედარებით მსუბუქ შემთხვევებში კი ჰარმონიზებულ კომბინირებულ პრეპარატებს.  რკინის დეფიციტი, როგორც გითხარით, საშიშია, მაგრამ არასასურველია რკინის სიჭარბეც. ყველაზე ხშირად პოლივიტამინებს ვიყენებთ, რომლებიც, რკინის მარაგის შევსებასთან ერთად, ორგანიზმს ვიტამინებსა და სხვა მინერალებსაც აწვდის, ეს კი ხელს უწყობს რკინის ათვისებას და ნივთიერებათა ცვლაში მის ჩართვას. ასეთი ნაცადი და ეფექტური პოლივიტამინი ბევრი არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს შემადგენლობას. იდეალურ შემთხვევაში კომპლექსი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფოლიუმის მჟავას – ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ რკინის ცვლაზე ახდენს გავლენას, უშუალოდ მონაწილეობს ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებაში. მისი დეფიციტი უკავშირდება ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების მანკების მომატებულ რისკს. მეტსაც გეტყვით: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალმა, ვინც შეიძლება დაორსულდეს, დაორსულებამდე და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ყოველდღე 400 მკგ ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღოს. კომპლექსი ზომიერი რაოდენობით უნდა შეიცავდეს A და ჩ ვიტამინებს, ასევე კალციუმს, რადგან სწორედ ეს ის კომპონენტებია  რომლებიც აქტიურად მონაწილეობს რკინის შეწოვის პროცესში.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: რკინის პრეპარატები და რკინის შემცველი პოლივიტამინები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან როგორც დოზებით, ისე “აკომპანიმენტითაც”. მათ სხვადასხვა მოქმედება და სხვადასხვა თერაპიული ნიშა აქვთ. ბუნებრივია, ყველა მათგანი შეიცავს რკინას, მაგრამ მთავარი დოზის მართებულად შერჩევაა. მიდგომის ინდივიდუალიზება პაციენტისთვის ოპტიმალური და შეღავათიანია ყველა გაგებით და მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას განსაკუთრებით წაადგება.
რკინის ფარული დეფიციტის დროს ბალანსირებული პოლივიტამინების გამოყენება ყველაზე მარტივი და საიმედო ნაბიჯია, რომელიც ექიმს შეუძლია გადადგას პაციენტისთვის.
– ურჩევდით თუ არა ქალებს, საკუთარი ინიციატივით მიიღონ რკინის შემცველი პოლივიტამინური კომპლექსი?
– მედიკოსები ვამბობთ, რომ კარგი წამალი არ არსებობს. ნებისმიერი მედიკამენტის მოსალოდნელი სარგებლობა და რისკი კი ექიმმა უნდა შეაფასოს. თუმცა პოლივიტამინები შედარებით “კეთილგანწყობილი” პრეპარატებია, რომლებიც მეტი სითამამით შეიძლება დაინიშნოს, ვიდრე, ვთქვათ, რკინის პრეპარატები.
– როგორ მოვიქცეთ, თუ ქალმა პრეკონცეფციური მომზადება ვერ მოასწრო და ისე დაორსულდა?
– ამ შემთხვევაში ყველას ვურჩევდი, რაც შეიძლება მალე მიმართონ ექიმს, რათა დროულად  შეფასდეს მოსალოდნელი რისკი და რკინის დეფიციტის ხარისხი, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისად დაიწყოს მისი შევსება. ექიმის ტაქტიკა კი ამ დროს კარგი ჰემოგრამა და დაწვრილებითი ანამნეზია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ რკინის დეფიციტის იმ დონეზე მისვლას, რომელიც ჰემოგლობინის დაქვეითებით გამოიხატება.  
– საუბრის ბოლოს იქნებ პროფილაქტიკაზე გეთქვათ რამდენიმე სიტყვა. რით შეიძლება ამ პრობლემების თავიდან აცილება?
– პირველ რიგში, დაბალანსებული, რკინით მდიდარი რაციონით. რკინას შეიცავს როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვები. ცნობილია რომ თანამედროვე ადამიანი სწორად და ბალანსირებულად ვერ იკვებება, ამდენად, ბევრ ორსულს, ასევე ქალბატონებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, ექიმის კონსულტაციით ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებული კომპლექსები ძალზე დაეხმარება.

გააზიარე: