გაციება ქვედა სართულზე

გააზიარე:
ისევე როგორც დღევანდ

ელი ექიმების უმრავლესობამ, ჩვენმა ჟურნალმაც კარგა ხანია გაციებას მოქალაქეობრივი უფლება მიანიჭა. ექიმებისთვის ის ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა და ბუნებრივია, სიხშირის მიხედვით პირველი ადგილი უკავია ბავშვთა ავადობის სტრუქტურაში. მის შემდეგ ინფექცია ყველაზე ხშირად საშარდე სისტემას ერჩის. ვერ გეტყვით, გვაქვს თუ არა უფლება, მასაც გაციება დავარქვათ, მაგრამ, განურჩევლად სახელისა, ერთგვარი წარმოდგენისა და საეჭვო შემთხვევაში ქცევის წესების ცოდნა აუცილებელია და შევეცდებით, ამაში დაგარწმუნოთ.
ხშირი საკითხი
სიხშირის მხრივ საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში მეორე ადგილზე რომ დგას, უკვე მოგახსენეთ. გავრცელებას ერთგვარი კავშირი აქვს ბავშვის სქესსა და ასაკთან. ახალშობილობის პერიოდში ის უფრო ხშირად ვაჟებში გვხვდება – ახალშობილი ბიჭუნების 2-3%-ს ინფექცია აღენიშნება. ორ თვემდე ასაკის იმ ბავშვებში, რომლებსაც 39 0ჩ-ზე მაღალი ცხელება აქვთ, ეს მაჩვენებელი უკვე 9%-ს აღწევს.
ორ წლამდე სგი-ს გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 5%-ია, ამასთანავე, გოგონებს სგი 2-4-ჯერ უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ვაჟებს, ხოლო კავკასიური რასის ბავშვებში იგი 4-ჯერ უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე აფროამერიკელებში.
2-დან 5 წლამდე ასაკის იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ცხელების გამო ხვდებიან გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, სგი-ს სიხშირე თითქმის 9%-ს აღწევს.
სკოლამდელ და სკოლის ასაკში უხმეტესად გოგონები ავადდებიან (ინფექციის სიხშირე 3-4%-ს აღწევს).
რატომ და როგორ
შარდი სისხლის გაწმენდით მიიღება. იგი შეიცავს წყალს, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს, მარილებს... ბაქტერიებს კი აქ არაფერი ესაქმებათ. მეტიც: ორგანიზმს სპეციალური მექანიზმები აქვს შემუშავებული, რომლებიც სითხის მხოლოდ ერთი მიმართულებით დინებას და, ამის კვალობაზე, საშარდე გზების გაწმენდას უზრუნველყოფს. მამაკაცთა წინამდებარე ჯირკვალი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიების ზრდას ანელებს. და, რაღა თქმა უნდა, ინფექციებისგან გვიცავს იმუნური სისტემა. სრულყოფილი დაცვა, როგორც იცით, არ არსებობს და მიკრობებიც დროდადრო ახერხებენ ხსენებული ბარიერების გადალახვას. სწორედ ამ დროს ყალიბდება საშარდე გზების ინფექციები. თუმცა შეჭრაც არის და შეჭრაც... მედიკოსები ინფექციის სამ ძირითად ტიპს გამოყოფენ: თუ ბაქტერიებმა მხოლოდ შარდსადენი დააზიანეს, ურეთრიტს მივიღებთ, თუ შარდის ბუშტიც დაიკავეს – ცისტიტს, თუ უფრო ზემოთ აიჭრნენ, პიელონეფრიტი განვითარდება.
საშარდე გზების ინფექცია ენდოგენური ანუ ორგანიზმში ჩვეულებრივ არსებული, ნაწლავებში მობინადრე მიკრობებითაა განპირობებული. უმეტესწილად (შემთხვევათა 65-80%-ში) დამნაშავე ნაწლავის ჩხირია. მოგეხსენებათ, ის ოდნავ მოშორებით სავსებით კანონიერად სახლობს და არც არაფერს აშავებს. საშარდე გზებში მას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც მას უადგილო ადგილას შეჭრას აიძულებს.
შარდსადენ მილში მოხვედრის შემდეგ მიკრობი მაღლა მიიწევს, ხვდება შარდის ბუშტში, მერე კი შარდსწვეთების გავლით თირკმელებამდეც აღწევს.  ამ გზას მიკრობი მაშინ გაივლის, როდესაც შარდი ბუნებრივის საპირისპირო მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ აიტყორცნება, ანუ ვითარდება რეფლუქსი, და თან მიკრობსაც “წაიყოლებს”. თუ ქალისა და მამაკაცის ანატომიურ თავისებურებებს გაიხსენებთ, ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, ამ პათოლოგიებს ასე რომ “უყვართ” მშვენიერი სქესი.
ცხადია, სქესი ერთადერთი მიზეზი არ არის, რომელიც ინფექციის შემოჩვევას უწყობს ხელს. ამავე როლს ასრულებს ყოველგვარი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის შარდის ნორმალურ დინებას (თანდაყოლილი ანომალიები, თირკმლის კენჭი), უროლოგიური მანიპულაციები და გამოკვლევები (კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია), შაქრიანი დიაბეტი (იმუნურ სისტემაში ცვლილებების გამო).
გარდა ნაწლავის ჩხირისა, აღმავალი გზით ინფექციის განვითარებას იწვევს კლებსიელა, პროტეუსი, ენტეროკოკი, სტაფილოკოკი და სხვა ბაქტერიები, თუმცა, მოზრდილებისგან განსხვავებით, ქლამიდიით, გონოკოკითა და ტრიქომონით გამოწვეული ინფექცია ბავშვთა ასაკში ძალზე იშვიათია. ახალშობილებში ინფიცირება ცოტა სხვაგვარად, ჰემატოგენური გზით ანუ სისხლის საშუალებით ხდება. მიკრობი ორგანიზმში დაბადებისას იჭრება – სამშობიარო გზებში გავლისას ინფექციის გამომწვევი დედის ორგანიზმიდან ჭიპლარის გავლით სისხლძარღვებში ხვდება და ბავშვის სისხლში იწყებს ცირკულაციას. 
იცნობდეთ!
ახალშობილებში შეინიშნება სეპტიკური მდგომარეობა არასტაბილური ცხელებით. ყურადღებას იპყრობს აღგზნება ან ლეთარგია, უმადობა, ღებინება, სიყვითლის გახანგრძლივება. კლინიკური ნიშნები, რომლებიც საშარდე გზებში ინფექციის ლოკალიზაციაზე მიუთითებენ, ამ ასაკის პაციენტებში არ ვლინდება. ვინაიდან ახალშობილებში ნებისმიერ მიკრობულ ინფექციას აქვს მიდრეკილება გენერალიზებისკენ, სგი-ს დროს (9%-მდე) გვხვდება ბაქტერიემიაც.
ჩვილებს საშარდე გზების ინფექციის დროს ინტოქსიკაცია უფრო ნაკლებად აქვთ გამოხატული, ვიდრე ახალშობილებს. ყველაზე გავრცელებული ნიშანია ცხელება. ყურადღებას იპყრობს წონის ცუდი მატება, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. იშვიათად შეინიშნება ხშირი შარდვა, წყვეტილი შარდვა, შარდის სუსტი ნაკადი.
სასკოლო ასაკის ბავშვებში საშარდე გზების ინფექცია ვლინდება კლინიკური ნიშნებით, რომლებიც ექიმს ინფექციის ლოკალიზაციის დადგენაში ეხმარება. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია დიზურია, ხშირი შარდვა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, შარდის შეუკავებლობა, შარდის მძაფრი სუნი. ცხელება, მუცლის გვერდითი მიდამოსა და წელის ტკივილი ინფექციის თირკმელში ლოკალიზაციაზე მიუთითებს.
ქრონიკული პიელონეფრიტის დროს სურათი ზოგჯერ იმდენად წაშლილია, რომ ყურადღებას არც კი იქცევს. არადა, ინფექციის ყოველი შემოტევისას უფრო და უფრო მეტი  ნეფრონი იღუპება და საბოლოოდ თირკმელი შეიძლება სრულიად უფუნქციოდ დარჩეს, ამიტომაც ექიმები სავსებით ჯანმრთელებსაც კი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შარდის საერთო ანალიზის გაკეთებას ურჩევენ.
ჩვილი ან 2-3 წლის ბავშვი ვერ იტყვის, რა აწუხებს. ხშირად ვერც კი ხვდება. ასეთ შემთხვევაში საშარდე გზების ინფექციას უმადობა, ცხელება, უგუნებობა გვაეჭვებინებს. შეიძლება, პაწიას კუჭიც კი აეშალოს.
ცისტიტი, როგორც წესი, მოშარდვის აქტის დარღვევით, დიზურიული მოვლენებით იჩენს თავს. ბავშვი ხშირ-ხშირად, მცირე ულუფებით შარდავს, შარდვის დროს აწუხებს ტკივილისა და წვის შეგრძნება, უჩივის ტკივილს ბოქვენზედა მიდამოში, ზოგჯერ შარდის შეუკავებლობაც აქვს. წესისამებრ, ამ უკანასკნელ ნიშანს მშობლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, როდესაც მათი პატარა დღისით უნებლიედ იშარდავს, ამას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ, რაც დაუშვებელია.
პიელონეფრიტის დროს ანთებითი პროცესი ლოკალიზებულია თირკმლის მენჯ-ფიალათა სისტემაში და თირკმლის პარენქიმაში. თუ შარდის ბუშტის ანთების დროს ტკივილი ბოქვენის ზემოთ იჩენს თავს, პიელონეფრიტის შემთხვევაში ტკივილი შეიგრძნობა წელის არეში ან მუცლის გვერდით მიდამოში. გარდა ამისა, ბავშვი ხშირად შარდავს, აწუხებს ტკივილისა და წვის შეგრძნება (ზოგჯერ –  ქავილისაც) შარდვისას, ღამის ენურეზი (შარდის შეუკავებლობა ღამით, ძილის დროს), შარდვის გაძნელება, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ.
პიელონეფრიტის დროს შესამჩნევია ინტოქსიკაციის ნიშნები: ტემპერატურის მატება, უმადობა, ღებინება, სიფითრე, სისუსტე და სხვა. 
ახალშობილებსა და ჩვილებს, თავისთავად, არ შესწევთ უნარი ზუსტად გადმოსცენ, რა აწუხებთ. მცირე ასაკის ბავშვებში დიაგნოზის დასმა კლინიკურადაც ძნელია. მით უმეტეს, ისინი ისედაც ხშირად შარდავენ უნებლიეთ, რაც მათთვის სავსებით ბუნებრივია. ამ შემთხვევაში მშობლის ყურადღებას იპყრობს ცხელება, წონის კლება, სიფითრე, მუცლის შებერვა, ღებინება, ფაღარათი, მძაფრსუნიანი შარდი, გახანგრძლივებული სიყვითლე, გაურკვეველი ბუნების კრუნჩხვა. ამიტომაც, თუ ბავშვს სხვა მიზეზით აუხსნელი მაღალი ტემპერატურა აქვს, ყოველთვის შარდის ანალიზი უნდა გავუკეთოთ.
რას ვიკვლევთ
საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირებისთვის ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანია შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა. ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია, ინფექციის დროს კი მასში ბაქტერიების გარკვეულ რაოდენობას აღმოვაჩენთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ლეიკოციტების ანუ ჩირქის გამოვლენასაც.
პიელონეფრიტის დროს  სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს (ლეიკოციტების რიცხვის მატებას), ედს-ის აჩქარებას, ჩ რეაქტიული ცილის მომატებას.
ყველა ბავშვს, ვისაც, ვეჭვობთ, რომ საშარდე გზების ინფექცია აქვს, უტარდება ულტრასონოგრაფიოული გამოკვლევა (ექოსკანირება). ამ მეთოდით ადგენენ, არის თუ არა საშარდე სისტემაში რაიმე ანომალია, რომელიც შარდის ნორმალურ დინებას უშლის ხელს. 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევებისა, თირკმლის დაზიანების ხარისხის დასადგენად იყენებენ ფუნქციურ ცდებს, იზოტოპურ სინტიგრაფიას და ექსკრეტორულ უროგრაფიას. 
როგორ მოვიქცეთ
საშარდე გზების ინფექციის დროული გამოვლენა და მკურნალობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.  მწვავე ინფექციისა და შარდის შეკავების დროს ადრეული ასაკის ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ უროსეფსისი (საშარდე გზებიდან მიკრობების სისხლში ინტერნიური გადასვლა და ინფექციის გენერალიზება) თავისი უმძიმესი შედეგებით, მათ შორის – თირკმლის უკმარისობით. ქრონიკული ინფექციის დროს  საშარდე გზებში ხშირად ჩნდება კენჭები. საზოგადოდ კი თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს ბავშვი ფიზიკური განვითარებით ჩამორჩება, ერღვევა შინაგანი ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარება.
თუ დაავადება დროულად არ გამოვავლინეთ და არ ვუმკურნალეთ, იგი პროგრესირებს და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით სრულდება. ასეა მაშინაც, როდესაც ინფექციური პროცესი ფარულად მიმდინარეობს და თავს არ ავლენს. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხელოვნური თირკმლის განყოფილებებში ჩატარებული სტატისტიკური კვლევების თანახმად, თირკმლის უკმარისობის ძირითად მიზეზად პიელონეფრიტს ასახელებენ.
მკურნალობის მთავარი პრინციპია ანტიბაქტერიული პრეპარატის  დროული გამოყენება, რათა თირკმელში ნაწიბური არ განვითარდეს. ანტიბიოტიკები (ტაბლეტები იქნება ეს თუ ინექციები) პატარას ზუსტად იმ სქემითა და ხანგრძლივობით უნდა მისცეთ, როგორც ექიმი დაგინიშნავთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კურსის შუა გზაზე შეწყვეტა ან საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ, ახლობლების რჩევით, მცენარეული ნაყენის გამოყენება. მხოლოდ ანტიბიოტიკებით დროული, სწორი მკურნალობა იცავს ბავშვს თირკმლის შეუქცევადი დაზიანებისა და ქრონიკული უკმარისობის განვითარებისგან.
საშარდე გზების ინფექციებისგან ბავშვების დასაცავად:
. გოგონები წინიდან უკანა მიმართულებით ჩაბანეთ. ასე თავიდან აიცილებთ  ნაწლავის ჩხირის საშარდე გზებში მოხვედრას.
. თუ ბავშვს ყაბზობა აწუხებს, აუცილებლად უმკურნალეთ.
. ნუ ჩააცმევთ პატარას მჭიდრო საცვლებსა და ჯინსებს.
. დაბანის დროს მხოლოდ და მხოლოდ საბავშვო საპონი გამოიყენეთ.
. არ არის სასურველი ჩუჩაზე გაუმართლებელი მანიპულაციების ჩატარება.
. რაც მთავარია, ნებისმიერი საეჭვო ნიშნის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მცირე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც თითქოს უმიზეზოდ უწევთ სიცხე.

გააზიარე: