უბრალო გაციების მიღმა
გააზიარე:
“ექიმო, გავცივდი თუ ვირუსი მაქვს?” – ყოფილ საბჭოთა სივრცეში ალბათ არ არსებობს ექიმი, რომლისთვისაც პაციენტებს ამ შეკითხვით ნერვები არ მოუშლიათ. ეს იმიტომ, რომ აქ არცთუ შორეულ წარსულში საქმეს მარტივად უდგებოდნენ: დაავადება სახელად “გაციება” არ არსებობს, კეთილი ინებეთ და სწორი მეცნიერული სახელწოდება დაიმახსოვრეთო. აბა, წარმოიდგინეთ, როგორ შესჩივლებთ ნაცნობს, რინოფარინგიტით ან ლარინგოტრაქეობრონქიტით გამოხატული მწვავე რესპირაციულ-ვირუსული ინფექცია მაქვსო... ჰოდა, სწორედ ისეთი შედეგი მივიღეთ, როგორიც მოსალოდნელი იყო: ექიმები თავიანთ ლათინურთან ერთად განზე დარჩნენ.
დასავლეთში ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და გაციების დიაგნოზს სრული სამოქალაქო უფლება მიანიჭეს, თუმცა ისიც განმარტეს, რომ ამ დაავადებას 200-მდე ვირუსი იწვევს და, შესაბამისად, ზემოთ მოყვანილმა კითხვამაც აზრი დაკარგა. პაციენტებს ყველაფერი ესმით და არც ექიმების სულიერ სიმშვიდეს ემუქრება საფრთხე.
მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენში დასავლური მიდგომა თანდათან იმარჯვებს და სიტყვა “გაციებასაც” უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ექიმების ლექსიკონსა თუ პოპულარულ სამედიცინო ლიტერატურაში.
სახელისა და ამოჩემებული სეზონის მიუხედავად, გაციებას მხოლოდ სიცივეს ვერ დავაბრალებთ. გარკვეულ როლს ის, რა თქმა უნდა, ასრულებს – დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების უმრავლესობა დაბალ ტემპერატურას, თუნდაც -60-700ჩ ყინვას, მშვენივრად უმკლავდება, მზის პირდაპირ სხივებს კი ვერ უძლებს. და მაინც, ზამთრობით ასეთი დაავადებების გახშირებას ექიმები უფრო იმას აბრალებენ, რომ რაც უფრო მეტად ცივა ქუჩაში, მით უფრო მეტ დროს ვატარებთ დახურულ სივრცეში, სადაც ვირუსები უხვად გროვდებიან, თანაც გამათბობლებით ზედმეტად გამომშრალი ჰაერი მათ პირდაპირ სასათბურე პირობებს უქმნის.
ამ ლოგიკით, გრიპიც გაციებაა, რადგან ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციებს მიეკუთვნება, მაგრამ მის ცალკე გამოსაყოფად ექიმებს ძალზე წონადი საბუთები აქვთ და მათზე ქვემოთ შევჩერდებით.
ამერიკელი ექიმები გაციებისა და გრიპის დიაგნოზს ყოველწლიურად მილიარდჯერ სვამენ. ყველაზე ხშირად სწორედ ეს დაავადებებია სკოლისა თუ სამსახურის გაცდენის მიზეზი. მოზრდილები წელიწადში სამ-ოთხჯერ ცივდებიან, პატარა ბავშვები – შვიდ-რვაჯერაც კი.
გრიპის ანატომია
ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ბედობა დღეს, მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ნახევარი საქართველოს ამოჟუჟვით რომ დაგვემუქრა და ის წელი საცივის გარეშე გავატარეთ. შესაძლოა, მრავალმა ჩვენგანმა მაშინ პირველად გაიაზრა, რომ გრიპი არც ისეთი უბრალო დაავადებაა, როგორიც გვეგონა.
საბედნიეროდ, ჩვენც და მთელი მსოფლიოც მაშინ ქათმის გრიპს გადავურჩით, სამაგიეროდ, მოგვიანებით ღრუტუნა ოთხფეხებისგან გავრცელებულმა ვირუსმა გადაგვიარა, თუმცა არც უამისოდ ვიყავით მოკლებული გრიპის სტუმრობას.
ექიმები ორი სახის გრიპს გამოყოფენ. დაავადების ცალკეული შემთხვევები და შედარებით მცირე მასშტაბის (ქალაქს, სოფელს, უბანს მოდებული) ეპიდემიები ჩვენში და ზომიერი კლიმატის სხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ყოველ ზამთარს და ადრე გაზაფხულზე იჩენს თავს, ტროპიკულ ქვეყნებში კი მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება. ეს სეზონური გრიპია და მისი გამომწვევი ვირუსები გამუდმებით, თუმცა შედარებით ნაკლებად იცვლება, ამიტომაც მოსახლეობას შეზღუდული, ნაწილობრივი იმუნიტეტი აქვს. შეგახსენებთ: გრიპის იმუნიტეტი არამყარი და სპეციფიკურია, ანუ ერთი ქვეტიპის ვირუსის გადატანა თუ აცრა მეორე ქვეტიპისგან ვერ დაგვიცავს.
გრიპის პანდემია, სპეციალისტების გამოთვლით, ყოველ 30-40 წელიწადში ერთხელ იფეთქებს. ამ დროს მოცირკულირე ვირუსების გვერდით განსხვავებული გენოტიპი ჩნდება – ცხოველთა სამყაროს რომელიმე წარმომადგენლის (ჩვეულებრივ, წყალმფრენი ფრინველების) გრიპის ვირუსი ადამიანისგან ადამიანზე გადასვლას სწავლობს. ვინაიდან ახალი ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მოსახლეობას პრაქტიკულად არ გააჩნია, დაავადება ელვის სისწრაფით – სულ რამდენიმე თვეში – მთელ მსოფლიოს ედება. თუმცა, რა თქმა უნდა, სეზონური გრიპისგან არც პანდემიის დროს ვართ დაზღვეულები, თუმცა მათ განსხვავებას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სპეციალური კვლევა სჭირდება.
უკვე ხსენებული 2009 წლის ღორის გრიპი, უფრო სწორად, 2009 წლის A(H1N1), სწორედ ასეთი თვისებებისა გახლდათ. მრავალ ქვეყანაში ზაფხულშიც კი ძალიან ბევრი გახდა ავად. მაჩვენებლებმა ძალიან მოიმატა ზამთარშიც. ამასთანავე, პანდემიურ ვირუსს თითქმის სრული დომინანტა ახასიათებდა – გრიპის ფაქტობრივად ყველა შემთხვევა სწორედ ამ ვირუსით იყო გამოწვეული. დავამატოთ კლინიკური უცნაურობაც: დაავადება უფრო ხშირად ახალგაზრდებს ურთულდებოდათ (შედარებისთვის: სეზონური გრიპის დროს გარდაცვლილთა 62% 65 წელს არის გადაცილებული). მოკლედ, პანდემიური გრიპის ყველა ნიშანი ცხადი იყო. ჩვენს პატარა ქვეყანაშიც 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის მარტის ჩათვლით პანდემიური გრიპი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 1286 ადამიანს, 33 (მათ შორის – 7 ორსული) გარდაიცვალა.
მას შემდეგ, რაც ვირუსი ყველა ქვეყანაში გავრცელდა, ბევრმა მის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი შეიძინა – 2010 წლის გაზაფხულიდან დიდი და უჩვეულო ზაფხულის აფეთქებები არც ერთ ნახევარსფეროში არ აღრიცხულა. გარდა ამისა, პანდემიის დროს დათრგუნულმა და მიჩქმალულმა სხვა გრიპის ვირუსებმაც (მაგალითად, A (H3N2)-მა და B-მ) წამოყვეს თავი. ამ ყველაფრის საფუძველზე ჯანმომ პანდემიის დასრულება გამოაცხადა.
თუმცა 2009 წლის H1N1 ვირუსი არსად გამქრალა. ის კვლავ განაგრძობს ადამიანისგან ადამიანში მოგზაურობას, სავარაუდოდ, შეხვდება სხვა ვირუსებს, შეიძენს ახალ-ახალ გენებს და მავნე თვისებები მოემატება თუ დააკლდება, ზუსტად ვერავინ იტყვის. ასე რომ, კვლავ მეტი სიფრთხილე მართებთ მცირეწლოვანი ბავშვების პატრონებს, ორსულებს, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის მქონეთ.
რაც მთავარია, გრიპი როგორც პანდემიის დროს, ასევე მის გარეშე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სეზონური გრიპით ყოველწლიურად მოსახლეობის 5-15% ავადდება, 3-5 მილიონი შემთხვევა მძიმეა, ხოლო 300 000-500 000 სიკვდილით სრულდება.
როგორც ხედავთ, ნაცვლად ამისა: “ვირუსი თუ გაციება?” – სჯობს “გრიპი თუ გაციება” ვიკითხოთ, თუმცა პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, ზუსტი დასკვნისთვის უმეტესად ლაბორატორიული გამოკვლევაა საჭირო. ჩვეულებრივ კი თუ ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, ყელი გტკივათ და გაცემინებთ, სავარაუდოდ, გაცივდით, გრიპს კი უფრო ხშირად ზოგადი სისუსტე, მაღალი (39 გრადუსი და მეტი) ცხელება, თავისა და თვალბუდეების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტეხა, ყელში ჩახეხვის შეგრძნება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა ახასიათებს.
ბრძოლის სტრატეგია
უპირველეს ყოვლისა, იმაზე იზრუნეთ, რომ დაავადება სხვებსაც არ გადასდოთ. ხველისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე ცხვირსახოცი მიიფარეთ, უმჯობესია, ქაღალდისა, გამოყენების შემდეგ კი გადააგდეთ და ხელები მაშინვე დაიბანეთ.
გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში, ხოლო ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატების გარეშე) სულ მცირე 24 საათის განმავლობაში შინ დარჩით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა გჭირდებათ). ეს სხვებს დაავადებისგან დაიცავს და ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.
ამბობენ, გაციებას თუ არ ვუმკურნალეთ, მთელი კვირა გაგრძელდება, ხოლო თუ ვუმკურნალეთ, მხოლოდ შვიდ დღესო. ამაში ნამდვილად არის სიმართლის წილი: როცა იმუნიტეტი, ასე თუ ისე, წესრიგში გვაქვს, ვირუსებს ორგანიზმი თავადაც გაუმკლავდება და ამ დროს შინაური მეთოდებითაც იოლად გავალთ ფონს.
. ნუ გადაიღლებით, თუმცა წოლითი რეჟიმის დაცვა მხოლოდ მაღალი ტემპერატურის დროს არის საჭირო.
. სვით ბევრი სითხე, მაგალითად, თაფლიანი რძე, ჩაი ჟოლოს მურაბით, ქათმის ბულიონი (ამ უკანასკნელს გაციების სამკურნალოდ უკვე რვა საუკუნეზე მეტია იყენებენ), თუნდაც უბრალო წყალი, ოღონდ დღეში ორ ლიტრამდე. ეს, გარდა იმისა, რომ ორგანიზმიდან ვირუსებს “გამორეცხავს”, ცხვირისა და ყელის ლორწოვანსაც დაიცავს გამოშრობისგან და ლორწოს მოშორებას გააადვილებს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ კოფეინი და ალკოჰოლი, პირიქით, დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომაც ყავას, კოკა-კოლას, მაგარ ჩაის, სპირტიან სასმელებს ერიდეთ.
. ექინაცეის, ევკალიპტის, ნიორის, თაფლის, ლიმონის, მენთოლის, თუთიისა და ჩ ვიტამინის მაღალი დოზების ანტივირუსული მოქმედებისა ბევრს სჯერა. მედიცინამ მათი შესაძლო ეფექტურობა ბევრჯერ შეაფასა. გამოცდების შედეგებს თუ დავუჯერებთ, პლაცებოს (შაქრის აბს ან, ჩვენებურად, აბ გლუკოზას) ვერც ერთი ვერ ჯობნის.
ისღა დაგვრჩენია, ცალკეულ სიმპტომებს ცალ-ცალკე ან ერთად გამოვუცხადოთ ბრძოლა:
სიცხე თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ვირუსების განადგურებას უწყობს ხელს, ამიტომ წამალს მანამდე ნუ დალევთ, ვიდრე ტემპერატურა 38.5°C-ს (მცირეწლოვან ბავშვებში – 38° C-ს) არ გადააჭარბებს. სიცხის დასაწევად გამოგადგებათ პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი (ამ უკანასკნელს ნუ მისცემთ ბავშვებს, რადგან არსებობს საფრთხე, განვითარდეს ძალიან იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულება – რეიეს სინდრომი, რომელიც ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩვენში ესოდენ პოპულარულ ანალგინს, გვერდითი ეფექტების გამო განვითარებულ ქვეყნებში მას საერთოდ აღარ იყენებენ. პარაცეტამოლი და იბუპროფენი კი მრავალჯერ შემოწმებული უსაფრთხო პრეპარატებია, ოღონდ უსაფრთხო მხოლოდ მაშინ, როცა დანიშნულებისამებრ და რეკომენდებული დოზებით ვიყენებთ. დოზის გადაჭარბება ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს, ვთქვათ, დალიოთ ან ბავშვს დაალევინოთ სხვადასხვა კომერციული დასახელების მქონე, მაგრამ ერთი და იმავე აქტიური ნივთიერების შემცველი პრეპარატი, ანდა კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც იმავე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები კი კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების ალბათობას ზრდის.
სიცხის დამწევი, გამონადენის შემამცირებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვთ გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ერთ-ერთი მათგანია ეფექტი ფლუ). ისინი საგრძნობლად ამსუბუქებენ სიმპტომებს, თუმცა გამოჯანმრთელებას ვერ აჩქარებენ.
ყელის ტკივილთან ბრძოლა სავლებითაც შეიძლება. მაგალითად, თბილი მარილიანი ან სოდიანი წყლით, სამკურნალო მცენარეების (სალბის, გვირილის, ევკალიპტის) ნაყენებით. თუ ტკივილი ყლაპვის დროს გაწუხებთ, მკურნალობის ეს მეთოდი შვებას მოგგვრით, ხმის ჩახლეჩისა და ხველისას კი ანთებითი პროცესი ანატომიურად უფრო ქვემოთ არის ლოკალიზებული, სავლები მას ვერ მისწვდება. მედიკამენტური საწუწნი აბები (მაგალითად, ლივ-ანგინი) აცხრობს ანთებას, აყუჩებს ტკივილს, აუვნებლებს მიკრობებს და ამით მეორეული ბაქტერიული გართულების ალბათობას ამცირებს.
სურდო. ვირუსული ანთება ლორწოვანი უჯრედების შეშუპებასა და გააქტიურებას იწვევს. სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები ამ მოვლენებთან გამკლავებაში გვეხმარება. ისინი ცხვირის წვეთების, აეროზოლებისა და აბების სახით გამოდის. ოღონდ გახსოვდეთ: აეროზოლისა და წვეთების ხანგრძლივი გამოყენება ლორწოვანის კვებას არღვევს და შესაძლოა, ქრონიკული რინიტი გამოიწვიოს. უფრო დიდი ხნით და ლორწოვან გარსზე არასასურველი ზეგავლენის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი ან ზღვის მარილზე დამზადებული წვეთები და აეროზოლები.
ხველა, მიუხედავად იმისა, რომ შემაწუხებელი და ნერვების მომშლელია, საჭირო, აუცილებელი რეფლექსი გახლავთ, ამიტომაც ნუ აჰყვებით ცდუნებას, მაშინვე დათრგუნოთ. ხველის დამთრგუნველი პრეპარატები მხოლოდ მშრალი ხველის დროს უნდა დალიოთ (უმჯობესია, ექიმთან შეთანხმებით), გაციებისას კი ნახველის გამათხიერებელი და ამოსახველებელი საშუალებების მიღება ჯობს. ასეთია, მაგალითად, ლიზლი, მელონი, ექინასალი.
ის, რაც ვერ გვიშველის
რამდენჯერ გაგვიგონია, რომ ვირუსებზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს. და მაინც — საკმარისია, თერმომეტრმა სიცხე გვიჩვენოს, ბავშვს ყელი შეუწითლდეს ან ხველა დააწყებინოს, რომ აფთიაქისკენ მივიჩქარით ანტიბიოტიკის შესაძენად.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ანტიბიოტიკები ბაქტერიებს სპობს და არა ვირუსებს, ამიტომაც ვერ შველის:
- გრიპსა და გაციებას;
- ბრონქიტს და, საზოგადოდ, ხველის გამომწვევი დაავადებების უდიდეს ნაწილს;
- ყელის ტკივილს (გარდა ანგინისა, რომელსაც, ჩვეულებრივ, სტრეპტოკოკი იწვევს და ანტიბიოტიკებით მკურნალობა სჭირდება);
- სურდოს (თუნდაც ყვითელი ან მწვანე გამონადენის დროს);
- შუა ყურის ანთების მრავალ შემთხვევას.
ვერც ერთ ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში ანტიბიოტიკები:
- ვერ აქრობს ინფექციას;
- ვერ გვიცავს დაავადებისგან;
- ვერ ასუსტებს სიმპტომებს.
რა თქმა უნდა, ვირუსული ინფექცია შეიძლება ბაქტერიულით გართულდეს და ამ დროს ანტიბიოტიკებს მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ წინასწარ მათი მიღება გართულებებისგან ვერ დაგვიცავს.
ჯობს, ერთი მარტივი წესი დავიმახსოვროთ: ანტიბიოტიკი ისეთი წამალია, რომელიც მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს.
გაიხსენეთ ძველი ფილმები, ბებიებისა და ბაბუების მონაყოლი იმის თაობაზე, როგორი იყო მედიცინა ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე. მათ მედიცინაში რევოლუცია მოახდინეს, მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს, მრავალი სენი შეაჩერეს. დღეს კი, თუ გვსურს ასევე გაგრძელდეს, შვიდჯერ უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე გავჭრიდეთ, ანუ ამ უძვირფასესი მედიკამენტის გამოყენებას გადავწყვეტდეთ.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად მიიჩნევა. სწორედ რეზისტენტობის ბრალია, რომ გავრცელებული ინფექციები, ერთ დროს ანტიბიოტიკები ადვილად რომ ამარცხებდა, დღეს გაცილებით მეტ ზიანს გვაყენებს და მეტ საფრთხეს გვიქადის. თუ ანტიბიოტიკმა არ იმოქმედა, დაავადება უფრო მეტხანს გაგრძელდება, ექიმთან მეტჯერ მისვლა, საავადმყოფოში მეტხანს დაყოვნება და უფრო ძვირი და ტოქსიკური მედიკამენტების მიღება გახდება საჭირო. ისიც სათქმელია, რომ რეზისტენტული ინფექციის დამარცხება ყოველთვის ვერ ხერხდება. თანაც რეზისტენტობა მხოლოდ ავადმყოფებს როდი უქმნის საფრთხეს; ოჯახის წევრებს, თანაკლასელებს, მეზობლებს უკვე გამძლე ბაქტერიები გადაედება და საზოგადოებაში წამალგამძლე ინფექციის ახალი კერა ჩნდება – ინფექციისა, რომელიც უფრო რთული სამკურნალოა და გაცილებით მეტ ხარჯსაც მოითხოვს.
გამოკვლევები ადასტურებს, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობისადმი მიდგომის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის (ან მისი მშობლების) განწყობას: ასიდან 60 შემთხვევაში ექიმები ანტიბიოტიკებს მაშინ უნიშნავენ, როდესაც გრძნობენ, რომ ავადმყოფი მათგან ამას მოელის.
აშშ-ში ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან დაკავშირებული ასიდან სამოცზე მეტი ვიზიტის დროს ანტიბიოტიკებს ნიშნავენ, აქედან 80%-ს — სრულიად უსარგებლოდ.
როდის გჭირდებათ დახმარება?
დამოუკიდებელი მოქმედება ყოველთვის როდია შედეგიანი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო, თუ შეამჩნიეთ:
- სუნთქვის გახშირება ან გაძნელება;
- ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში;
- უეცარი თავბრუხვევა;
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- მძიმე ან შეუკავებელი პირღებინება;
- ასევე მაშინ, თუ გრიპისმაგვარი სიმპტომების შესუსტების შემდეგ სიცხემ კვლავ აიწია და ხველა გაუარესდა.
თუ ავადმყოფი ბავშვია, განსაკუთრებით – მცირეწლოვანი, ექიმთან ვიზიტის გადადება არ ღირს, რადგან თვითმკურნალობის ფონზე შესაძლოა გართულება გამოგეპაროთ. ყურადღება გაამახვილეთ საშიშროების ზოგად ნიშნებზე, რომლებიც ექიმთან დაუყოვნებლივ წასვლის აუცილებლობაზე მიუთითებს და სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა უმძიმესი შედეგით დასრულდეს. ეს ნიშნებია:
- ღებინება ყოველი კვების ან სითხის მიღების შემდეგ;
- საკვებისა და სითხის მიღებაზე უარის თქმა;
- კრუნჩხვა;
- გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა;
- ბავშვი ძნელად იღვიძებს ან კონტაქტში არ შემოდის.
- სუნთქვა ხშირია (2 თვემდე – 59-ს აღემატება; 2 თვიდან 1 წლამდე – 49-ს; 1-დან 5 წლამდე – 39-ს; 5 წლიდან – 29-ს).
ავად რომ არ გავხდეთ
გრიპისა და გაციებისთვის თავის არიდება თუ არა, რისკის შემცირება ნამდვილად შეგვიძლია, და ეს სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო.
მეთოდი I: ვემალებით
მწვავე რესპირაციული ვირუსები ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება – ისინი ხველისა და ცემინების დროს ჰაერში გამოიტყორცნება ნერწყვისა და ლორწოს წვეთებთან ერთად, მაგრამ ეს წვეთები ჰაერში ცოტა ხანს რჩება და ვირუსი ამგვარად რომ მოხვდეს სხვის ორგანიზმში, ავადმყოფთან ძალიან ახლო (ერთ მეტრზე ახლო) კონტაქტია საჭირო. სამაგიეროდ, წვეთები (ვირუსებითურთ) ნებისმიერი საგნის ზედაპირზე შეიძლება დაილექოს და ავადმყოფის მიერ გამოყენებული ნივთები, მაგალითად, პირსახოცი, ჭურჭელი, ასევე – მისი ხელმოკიდებული კარის სახელური თუ კიბის მოაჯირი, შეიძლება დაავადების წყაროდ გვექცეს. თანაც ვირუსის ორგანიზმში მოსახვედრად სულაც არ არის აუცილებელი, დაბინძურებული ხელი პირში ჩაიდოთ – ამისთვის თვალების ან ცხვირის მოსრესაც საკმარისია. ამიტომ:
. ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით – ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ, და ბავშვებსაც ასწავლეთ, ასევე მოიქცნენ. როცა წყალი და საპონი ხელთ არ გაქვთ, ხელების დასამუშავებლად ალკოჰოლის შემცველი ხსნარები გამოიყენეთ.
- არ შეახოთ დაუბანელი ხელები თვალებს, პირს, ცხვირს.
- რინოვირუსი, გაციების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი, მყარ ზედაპირზე (ტელეფონის ყურმილზე, კიბის მოაჯირზე) რამდენიმე საათს ძლებს. თუ ასეთ ზედაპირებს სადეზინფექციო ხსნარით გაწმენდთ, ინფექციის გავრცელება შეფერხდება.
. ერიდეთ ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით – იმ ადამიანებთან, რომლებსაც სასუნთქი სისტემის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.
- თანაბრად გაათბეთ ბინა და ჰაერის დატენიანებაზეც იზრუნეთ, გამათბობლებთან ახლოს ჯდომას კი გადაეჩვიეთ.
- რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ბინა თუ ოფისიც ხშირად გაანიავეთ.
. თუ ოჯახის წევრი ავად გაგიხდათ, შეძლებისამებრ იზოლირებულ გარემოში მოაქციეთ და დანარჩენი წევრები, განსაკუთრებით – ბავშვები, მოარიდეთ.
- ავადმყოფთან ერთ მეტრზე მეტად მიახლოებისას გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ნიღაბი (შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ ან ოთხკეცი დოლბანდისგან თავად შეიკეროთ). ნიღაბი ხშირად იცვალეთ და ყოველი გამოცვლისას ხელების დაბანაც არ დაგავიწყდეთ.
. ავადმყოფის ოთახი ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით და ხშირად გაანიავეთ. აბაზანაში ორი პირსახოცი ჩამოკიდეთ, ერთი – ოჯახის ჯანმრთელი წევრებისთვის, მეორე – ავადმყოფისთვის.
. ავადმყოფისთვის ცალკე ჭურჭლის გამოყოფა საჭირო არ არის, ოღონდ ეცადეთ, საპნით ან სპეციალური (ჭურჭლის სარეცხს ვგულისხმობთ და არა რაიმე განსაკუთრებულ გრიპსაწინააღმდეგოს) ჟელეთი გარეცხვამდე მისი ჭურჭელი სხვა ნივთებს არ შეეხოს, მით უმეტეს, გაურეცხავი სხვამ არ გამოიყენოს.
. თუ თავად ხართ ავად, ხველისა და ცემინებისას ცხვირ-პირზე ცხვირსახოცი (ჯობს, ქაღალდისა) მიიფარეთ, მაშინვე გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ. თუ ხელსახოცი ხელთ არ აღმოგაჩნდათ, ჯობს, ხელის ნაცვლად პირზე სახელო აიფაროთ.
. გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში ან ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატების გარეშე) სულ მცირე 24 საათის განმავლობაში შინ დარჩით.
. გრიპით დაავადების გამო ნუ შეწყვეტთ შვილის ძუძუთი კვებას. პირიქით, დედის რძე პატარას სხვა დაავადებებთან ერთად გრიპისგანაც იცავს. მთავარია, კვებისა და პატარასთან ახლო კონტაქტის დროს არ დაივიწყოთ დამცავი ნიღბის გამოყენება.
მეთოდი II: ვამაგრებთ ბასტიონებს
ანტივირუსული მდგრადობის ასამაღლებლად, საზოგადოდ, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა საჭირო. იმუნიტეტის გამოცოცხლება კი ამგვარად შეიძლება:
- მიირთვით ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი საკვები. არ დაივიწყოთ რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, კეფირი, ზოგიერთი სახეობის იოგურტი) – მათში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები, გარდა იმისა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე სასიკეთო გავლენას ახდენს, ხშირი გაციებისგანაც გვიცავს.
. რაც შეიძლება მეტხანს აწოვეთ შვილს ძუძუ. დედის რძე სასუნთქი გზების ინფექციებისგან ძუძუს წოვის ასაკიდან გამოსვლის შემდეგაც კი იცავს ადამიანს. სამედიცინო სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ხელოვნურ საკვებზე გაზრდილ ბავშვებს ხუთჯერ უფრო ხშირად ემართებათ ყურის ინფექციები.
. ეცადეთ, არ დაიკლოთ ძილი. ცხოვრების წესად ქცეული ქრონიკული უძილობა მკვეთრად აქვეითებს სასიცოცხლო ტონუსს და უმძიმეს დარტყმას აყენებს იმუნიტეტს.
- ფიზიკურად იაქტიურეთ.
- მოერიდეთ პასიურ მოწევას (აქტიურზე აღარაფერს ვამბობთ). ორგანიზმში ამ გზით მოხვედრილი თამბაქოს ცოტაოდენი კვამლიც კი უამრავ პრობლემას უდებს სათავეს და ხშირ გაციებასაც უწყობს ხელს.
- გაკაჟდით. გაკაჟების მეთოდები, კონტრასტული შხაპით დაწყებული, ტანის დაზელით დამთავრებული, ძალზე მარტივია და მათზე ნებისმიერ ჩვენგანს მიუწვდება ხელი. მთავარია, წყლის ტემპერატურა ნელ-ნელა, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, თითო გრადუსით შეამციროთ 37° C -დან 27-28° C -მდე.
. ხშირად გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი. ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიური ჰიგიენის ეს მარტივი საშუალება შეიძლება ყელის ტკივილის მიზეზადაც კი იქცეს – საქმე ის არის, რომ ჯაგრისზე ბაქტერიები გროვდება და კბილების ხეხვისას პირის ღრუში იჭრება. პროფილაქტიკის მიზნით ექიმები გვირჩევენ, ჯაგრისი 1-2 თვეში ერთხელ გამოვცვალოთ.
თუ ავად გახდით, როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ, კბილის ჯაგრისი გამოცვალეთ – ეს განმეორებითი დაავადებისგან დაგიცავთ.
პროფილაქტიკის უამრავ საშუალებას გვთავაზობს ხალხური მედიცინა, მაგალითად, ნიორსა და ხახვს, ლიმონის წვენსა და თაფლს. შუა აზიის ქვეყნებში კი გაციების პროფილაქტიკისთვის ბროწეულის წვენს სვამენ.
მეთოდი III: ვიცრებით
გრიპის პროფილაქტიკისთვის, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი არასპეციფიკური მეთოდებისა, არსებობს სპეციფიკური გზაც: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც 3-4-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ხანდაზმულთა სახლებში გრიპის ვაქცინაცია 50-60%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და 80%-ით – გრიპთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაავადების რისკს 66%-ით აქვეითებს.
გრიპის ვაქცინაციის პრინციპი ემყარება ზოგადად ვაქცინაციის პრინციპს – ორგანიზმში შეჰყავთ ვირუსის დასუსტებული ფორმა, რომელიც დაავადებას არ იწვევს, მაგრამ ბიძგს აძლევს ანტისხეულების გამომუშავებას გრიპის წინააღმდეგ. შედეგად ყალიბდება დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტი. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. თანამედროვე ვაქცინები მაქსიმალურად გაწმენდილი, უსაფრთხო და ეფექტურია.
სეზონური ვირუსები პანდემიის პერიოდშიც იწვევენ დაავადებას, ამიტომაც საუკეთესო ვარიანტი ორივე აცრის ჩატარება იქნებოდა.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს. მთელი წლის მანძილზე მისი ექსპერტები აგროვებენ და ამუშავებენ მასალას გრიპის გამომწვევი ვირუსების შესახებ. ყოველწლიურად პროგნოზირებული შტამების ჩამონათვალი როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროსთვის ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებს გადაეცემა. ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება.
გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება გრიპის სეზონის დაწყებამდე სჯობს. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება. ამ ხნის მანძილზე ვაქცინირებულ ადამიანს ვირუსთან კონტაქტის დროს დასნებოვნების შანსი მაინც აქვს, ვინაიდან იმუნიტეტი ბოლომდე ფორმირებული არ არის. ამიტომ აცრას შემოდგომაზე, ოქტომბერშივე გირჩევთ. გრიპის სეზონზე ჩატარებული აცრის ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია, თუმცა რაკი დაავადების შემთხვევები გაზაფხულზეც გვხვდება, ზოგიერთი ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრები აცრების სეზონის ბოლომდე გაგრძელებას უჭერენ მხარს.
პირველ რიგში ის ადამიანები უნდა აიცრან, რომელთაც გართულებათა მაღალი რისკი აქვთ. ესენი არიან სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის – ბრონქული ასთმით, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები. აცრა აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით – აივ ინფექციის, სისხლის ავთვისებიანი დაავადების, კორტიკოსტეროიდების დიდი დოზებით გამოყენების გამო – იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვს. დაავადებისა და გართულებათა განვითარების ალბათობა მაღალი აქვთ ხანდაზმულ ადამიანებს და მცირეწლოვან, განსაკუთრებით – 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გრიპით ავადობის სიხშირე მაღალია ბავშვთა კოლექტივებში (ბაღებში, სკოლებში), ამიტომ ავადობისა და გართულებათა თავიდან ასაცილებლად ამ კონტინგენტის აცრაც სასურველია.
ექვს თვემდე ასაკის ბავშვები გრიპის საწინააღმდეგოდ არ იცრებიან. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მუცლადყოფნის პერიოდში დედისგან მიღებული იმუნიტეტია, მეორე მხრივ, მათ უმწიფარი იმუნური სისტემა აქვთ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ვაქცინაზე სრულყოფილ იმუნურ პასუხს. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული.