რეპეტიტორი
გააზიარე:
ამ აღმნიშვნელის გარეშე თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო პროცესი ძნელი წარმოსადგენია და ამას განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევაც ადასტურებს.
დასკვნაში მითითებულია:
“დღეისათვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. მაჩვენებლები იზრდება საფეხურის ზრდასთან ერთად და კრიტიკულ ნიშნულს დამამთავრებელ კლასში აღწევს. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და პერიფერიაში, მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ჯგუფებში. შესაბამისად, დედაქალაქში მცხოვრები მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება რეპეტიტორთან“.
ორგანიზაციამ კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში გასული წლის ივლის-დეკემბერში ჩაატარა და გამოავლინა ის ძირითადი მიზეზებიც, რომლებიც კერძო მასწავლებლებზე მოთხოვნას განაპირობებს.
ეს მიზეზები, გამოკვლევის მიხედვით, გახლავთ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის შეუსაბამობა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან.
საზოგადოდ, კერძო რეპეტიტორობა მთელ მსოფლიოში მიღებული და აღიარებული პრაქტიკაა და განიმარტება, როგორც “მომზადება სასკოლო საგანში... რომელიც ხორციელდება ძირითადი სასწავლო პროცესის დამატებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით“.
ზოგიერთი მკვლევარი რეპეტიტორობის ინსტიტუტს “ჩრდილოვან განათლებას“ უწოდებს, იმის გამო, რომ რეპეტიტორების საქმიანობა, როგორც წესი, არ`ვერ რეგულირდება და სახელმწიფომ შესაძლოა პოტენციურად მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავლები დაკარგოს. რეპეტიტორობის უარყოფით მხარედ მიიჩნევა ისიც, რომ სხვადასხვა საგანში დამატებით მომზადება მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს.
ამასთან, კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობამ შესაძლოა გაზარდოს სოციალური უთანასწორობა, რადგან აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს აქვთ. კერძო რეპეტიტორობის არსებობამ შესაძლოა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს კორუფციას და უარყოფითად იმოქმედოს სასწავლო პროცესის ხარისხზე. კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტთან დაკავშირებული კორუფცია, წესისამებრ, თავს იჩენს მაშინ, როდესაც მასწავლებელი სასკოლო საათებში მოსწავლეებს ასწავლის სავალდებულო სასწავლო პროგრამის მხოლოდ ნაწილს, ხოლო სრულ სასწავლო პროგრამას აწვდის მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გადაიხდიან თანხას და ივლიან კერძო გაკვეთილებზე (რეპეტიტორები უმთავრესად სკოლის მასწავლებლები არიან; ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მოსწავლეთა 56% თავისივე სკოლის პედაგოგთან ემზადება). რეპეტიტორობის აუცილებლობასა და ამ ინსტიტუტის დადებით მხარეებზე, როგორც წესი, მოსწავლეები და მშობლები საუბრობენ.
რა მიზნით მიმართავს დღესდღეობით მოსწავლე რეპეტიტორს? შესაძლებელია თუ არა ზედმეტი ხარჯისა და რეპეტიტორთან მომზადების გარეშე სასკოლო პროგრამის დაძლევა და მისაღები გამოცდების ჩაბარება? რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი რეპეტიტორის დახმარება და ხომ არ უშლის ხელს ამ ინსტიტუტის არსებობა საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ წარმართვას? სპეციალისტების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების დახმარებით სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას შევეცდებით.
“სკოლაში, გაკვეთლზე, ახალ მასალას კარგად არ გავდივართ, ან მასწავლებელი ვერ ასწრებს გაკვეთილის ბოლომდე ახსნას და შემდეგ ვერც იმას არკვევს, გაიგო თუ არა კლასში ყველამ ის, რაზეც იყო საუბარი. ისეც ხდება, რომ გაკვეთილზე ხმაურია და მასწავლებელიც მაინცდამაინც არ ინდომებს კარგი გაკვეთლის ჩატარებას, არ ცდილობს კლასის დაინტერესებას. მე ხუთ საგანში ვემზადები და კერძო გაკვეთლებზე სკოლის პროგრამას უფრო კარგად ვითვისებ“, – ამბობს ერთ-ერთ საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამ მოსწავლის მშობელს შვილის თითო საგანში მოზადება წლის განმავლობაში 1000-1500 ლარი უჯდება. საგნების რაოდენობის გათვალისწინებით, ხარჯი საკმაოდ დიდი გამოდის.
განსხვავებული მოსაზრება აქვს მასწავლებელს, რომელიც დამამთავრებელ კლასებს მესამე წელია ასწავლის.
თამთა ქვრივიშვილი, “თბილისის მწვანე სკოლის“ ინგლისური ენის მასწავლებელი:
“როდესაც მშობელს არ აკმაყოფილებს მისი შვილის მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა, პირველ რიგში მასწავლებელს ადანაშაულებს და საკუთარ და შვილის პასუხისმგებლობას სრულიად გამორიცხავს. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ მონდომების შემთხვევაში მოსწავლე აითვისებს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას და შეძლებს საატესტატო და მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ადრე მეტი დრო მქონდა და სკოლაში მუშაობის გარდა კერძოდაც ვამზადებდი ბავშვებს. იმის თქმა, რომ კლასში ჩემი როგორც სპეციალისტის კვალიფიკაცია უფრო დაბალია, ვიდრე კერძო მეცადინეობისას, აბსურდია“.
საზოგადოდ, რეპეტიტორის ფუნქცია, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, არის არა ცოდნის მიცემა, არამედ ნასწავლის გამეორება, ანუ, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, გამოცდისთვის მომზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ რეპეტიტორთა უმრავლესობა, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ იყენებს განათლების იმ მეთოდებს, რომლებიც ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში მიმდინარე სწავლების პროცესში გამოიყენება და განათლების სამინისტროს მიერაა რეკომენდებული. მაგალითად, სოციალური დასწავლა, კეთებით დასწავლა და ა.შ. ამ მხრივ ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური სკოლა გაცილებით უკეთესი განათლების მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს, ვიდრე ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური რეპეტიტორი. თუმცა მშობლებს ამ მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტად კლასში ბავშვების რაოდენობა მოჰყავთ:
“შვილისთვის ხშირად მიწევს სახლში დავალების ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ მისგან საკლასო სამუშაოს ყურადღებით შესრულებას მოვითხოვ. კლასში 32 მოსწავლეა და მართლა წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა ახალი მასალის ახსნა ისე, რომ ბოლომდე გაააზრებინოს მოსწავლეებს მოცემული დავალება. საშუალება რომ მქონდეს, უფრო მეტ საგანში მოვამზადებდი, მაგრამ მირჩევნია, უცხო ენასა და მათემატიკას დავჯერდე და დანარჩენს საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ. კარგი იქნება, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა როგორმე დარეგულირდება. სხვა მხრივ, განსაკუთრებით – ბოლო წლებში, სკოლაში ვითარება აშკარად გაუმჯობესდა, გაკვეთილები არ ცდება და მასწავლებლებიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან პროცესს“, – აცხადებს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის დედა ლიანა კაჭარავა.
გავრცელებული მოსაზრებით, მცირეკონტინგენტიან კლასში მასწავლებელი უფრო ეფექტურად ახერხებს მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, თუმცა დადასტურებულია, რომ სათანადო სტრატეგიების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია მრავალრიცხოვან კლასშიც კარგ შედეგს მიაღწიოს. მაგალითად სინგაპურის სკოლები შეიძლება დავასახელოთ, სადაც ზოგიერთ კლასში 60 ბავშვი ზის, თუმცა აღიარებულია, რომ სინგაპურელი ბავშვები საერთაშორისო შეფასებებში წამყვან პოზიციებს იმსახურებენ, განსაკუთრებით – ტექნიკურ საგნებში. რეპეტიტორთან მისვლის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ მშობელს დრო არ რჩება სასწავლო პროცესის გასაკონტროლებლად და ურჩევნია, ეს საქმე ანდოს სპეციალისტს, რომელიც ბავშვს საშინაო დავალებების სწორად და ხარისხიანად შესრულებაში დაეხმარება. რეპეტიტორის აყვანას ამჯობინებენ მაშინაც, როდესაც რაიმე სუბიექტური მიზეზის გამო ბავშვი ვერ ითვისებს სკოლის პროგრამით გათალისწინებულ მასალას და საგრძნობლად ჩამორჩება თანაკლასელებს.
დანარჩენ შემთხვევებში რეპეტიტორს აუცილებელზე მეტად “სათადარიგო” დანიშნულება აქვს და შესაძლოა, არათუ სარგებლობა ვერ მოუტანოს მოსწავლეს, არამედ ავნოს კიდეც, რადგან დამოუკიდებლად დავალებების შესრულება, სირთულეების დაძლევა და სასწავლო მასალის ათვისება მნიშვნელოვანი უნარია, იძულებით, “მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ“ და მხოლოდ მეხსიერების ხარჯზე მიღებული ცოდნა კი საფუძვლიანი და ღრმა ვერ იქნება.
სასურველია, მშობელი რეპეტიტორს ამგვარ დეტალებზეც შეუთანხმდეს და პროცესი ისე წარიმართოს, რომ ბავშვი მზამზარეული მასალით კი არ იტვირთებოდეს (მექანიკური დახსომების გზით), არამედ გააზრებულად, დამოუკიდებლად ირჩევდეს სწორ გადაწყვეტილებას დავალების შესრულებისას.
დასასრულს, ისიც უნდა ითქვას, რომ, როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, მიუხედავად რეპეტიტორობის ინსტიტუტის ასე ფართოდ გავრცელებისა, იმ მოსწავლეთაგან, რომლებიც კერძოდ ემზადებიან, ყოველი მეხუთე უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს ვერ აბარებს, თუმცა რეპეტიტორის გარეშე ჩამბარებელი ყოველი მეორე აბიტურიენტი ვერ ხვდება უმაღლეს სასწავლებელში.
და კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა: რეპეტიტორებისა და დამხმარე მასწავლებლების მომსახურებით თანაბრად სარგებლობენ როგორც სახელმწიფო საშუალო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.
გამოკვლევის ავტორების თქმით, ცალკე საკითხია, რატომ ვერ რეალიზდებიან სკოლის პედაგოგები სკოლაში სრულყოფილად, მაშინ როცა წარმატებულ კერძო პრაქტიკას ეწევიან და მოწმობს თუ არა წარმოდგენილი სტატისტიკა იმას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები მხოლოდ კერძო რეპეტიტორების დამსახურებით ხვდებიან.