როდის გავუშვათ ბავშვი ქუჩაში მარტო

გააზიარე:

პატარა ფეხს იდგამს, ნელ-ნელა იწყებს სირბილს, ხელჩაკიდებული სეირნობას და ადრე თუ გვიან ის დღეც დადგება, როცა ეზოში მარტო მოინდომებს ჩასვლას, მერე კი ეზოსაც გასცდება და მეგობრებთან და სკოლაში დამოუკიდებლად ივლის.

მშობელი ყოველთვის შფოთავს, როცა ბავშვს შინიდან მარტოს უშვებს. მის შფოთვას ნამდვილად აქვს საფუძველი, რადგან ირგვლივ უამრავი საფრთხეა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც სახლის გარეთ უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის სჭირდება.

როდის არის ბავშვი მზად გარეთ დამოუკიდებლად გასვლისთვის

რეკომენდებულია, ათ წლამდე ბავშვი არ გასცდეს ეზოს ფარგლებს, მაგრამ კონკრეტული ასაკი არ არსებობს, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. როდესაც ბავშვს ეზოში უშვებთ, გასათვალისწინებლია, რამდენად დაცულია თქვენი ეზო, დადიან თუ არა იქ უცხო ადამიანები, მომხდარა თუ არა დანაშაული, რა სიხშირით მოძრაობენ მანქანები.

თავად ბავშვმა უნდა იცოდეს თავისი ზუსტი მისამართი და მშობლების, ასევე რომელიმე ახლო ნათესავის ან ოჯახის ახლობლის ტელეფონის ნომერი.

თუ საკუთარი ტელეფონი აქვს, ეს ყველაფერი მასში უნდა ჰქონდეს ჩაწერილი.

უნდა იცოდეს, რომ არსად გაჰყვეს უცხოს, არც დახმარებაზე დათანხმდეს. დახმარებისთვის დიდები დიდებს უნდა მიმართავდნენ და არა ბავშვებს.

მოამზადეთ ნიადაგი

სანამ ბავშვს შინიდან მარტოს გაუშვებთ, წინასწარ მოამზადეთ ნიადაგი. ერთად სეირნობისას, თამაშ-თამაშით გაიმეორეთ, რომელ კორპუსში, რომელ სართულზე, რომელ ბინაში ცხოვრობთ. შეგიძლიათ, ამაზე სიმღერაც მოიგონოთ - ასე უფრო ადვილად დაიმახსოვრებს.

ჩამოთვალეთ, რომელი მეზობელი სად ცხოვრობს, აღწერეთ ისინი.

მოიგონეთ სიტუაციები და ჰკითხეთ ბავშვს, როგორ მოიქცეოდა ამ დროს. თუ პასუხი არ მოგეწონათ, აუხსენით, რითია საშიში ასეთი ქცევა. ასწავლეთ, როგორი ქცევაა სწორი.

განიხილეთ რაც შეიძლება ბევრი სიტუაცია, რათა ბავშვს ნებისმიერი ვითარებიდან შეეძლოს გამოსავლის პოვნა, არ დაიბნეს და არ შეშინდეს.

დაიწყეთ მცირედით

როდესაც დარწმუნდებით, რომ ბავშვი მზად არის ეზოში მარტო ჩასასვლელად, დაიწყეთ მცირედით. მაგალითად, ეზოში მდებარე მაღაზიიდან რამე ამოიტანოს. ასე ადამიანებთან კომუნიკაციასაც ისწავლის. ასწავლეთ, რომ თუ მეზობელი შეხვდა, უნდა მიესალმოს, უცხოს არ უნდა დაელაპარაკოს, თუ დახმარება დასჭირდა, დაგირეკოთ თქვენ. თუ სადარბაზოში შეხვდა უცნობი ადამიანი, რომელმაც მასთან გამოლაპარაკება სცადა, დააკაკუნოს ნებისმიერი მეზობლის კარზე და დახმარება სთხოვოს.

არ დააძალოთ

თუ ბავშვს ეშინია შინიდან მარტო გასვლა, ნუ დააძალებთ. ჰკითხეთ, რატომ იკავებს თავს, რამემ ხომ არ შეაშინა, ერთად განიხილეთ მისი შიშის მიზეზი და მოძებნეთ გამოსავალი.

მიეცით მაგალითი

თუ ბავშვთან ერთად ქუჩაზე გადასვლისას შუქნიშანს არაფრად აგდებთ და ისე გადარბიხართ, რომ არ ელოდებით, როდის დაასრულებს ციმციმს, იცოდეთ, რომ ბავშვიც ასევე მოიქცევა, ამიტომ აუცილებლად დაიცავით მოძრაობის წესები, თან ესაუბრეთ პატარას: "აი, მწვანე ადამიანი აინთო, ესე იგი შეგვიძლია გადავიდეთ. ახლა წითელი ადამიანი აინთო, ესე იგი უნდა დაველოდოთ". ასწავლეთ, რომ თუმცაღა ზებრა ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი, მაინც აუცილებლად გაიხედოს ორივე მხარეს და ისე გადავიდეს.

გააფრთხილეთ, რომ ქუჩაზე გადასვლისას აუცილებლად მოიხსნას ყურსასმენები და თავადაც ასე მოიქეცით. უამრავი ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ქუჩაზე ყურსასმენებით გადასვლის გამო ხდება.

არ დაიშუროთ ქება

პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისას ბავშვს წახალისება და გამხნევება სჭირდება. შეგიძლიათ, პირველ დღეებში გარეთ გასულს ტელეფონით ესაუბროთ (ოღონდ არა ვიდეოზარის მეშვეობით, თორემ ყურადღება გაეფანტება). ჰკითხეთ, სად არის ახლა, რომელ შენობასთანაა. თუ სკოლის ავტობუსით მიდის, ესაუბრეთ, სანამ ტრანსპორტში ჩაჯდება. ნელ-ნელა შეამცირეთ საუბრის ხანგრძლივობა. საბოლოოდ თვითონვე გეტყვით, როდის იქნება მზად, თქვენთან საუბრის გარეშე გაიაროს ეს გზა.

ნუ შეაშინებთ

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცხო ადამიანებთან კონტაქტი საშიშია, მაგრამ ეცადეთ, ეს ინფორმაცია ისე მიაწოდოთ, რომ არ შეაშინოთ. აუხსენით, რომ ყველა უცნობი არ არის საშიში. მაგალითად, არ უნდა ეშინოდეს მოხუცის, რომელიც საათს ეკითხება, ან ბავშვიანი ქალის, რომლიც კარის დაჭერას სთხოვს. მსგავს სიტუაციებში შეუძლია, პასუხი გასცეს და დახმარება გაუწიოს.

სანამ შინიდან მარტოს გაუშვებთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ბავშვს შეუძლია, მკაფიოდ თქვას "არა", თუ მისთვის არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდა. ასწავლეთ, რომ ყოველთვის ენდოს ალღოს და იმის შიშით, ვინმეს არ ვაწყენინოო, გულის კარნახის საწინააღმდეგოდ არ მოიქცეს. ასწავლეთ, რომ თუ უცნობმა ადამიანმა მასში უნდობლობა გამოიწვია, დაუყოვნებლივ დაგირეკოთ.

ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში პატრულს და სასწრაფო დახმარებას, უნდა შეეძლოს სიტუაციის მკაფიოდ აღწერა და ადამიანების დახასიათება.

სათანადო მომზადებისა და მშობელთან ერთად შემუშავებული სწორი სტრატეგიის წყალობით დამოუკიდებლად სიარული ბავშვისთვის შეიძლება კარგ გამოცდილებად და საინტერესო თავგადასავლად იქცეს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: