“დაჯექი და იმეცადინე!” – რეკომენდაციები სიზარმაცის საწინააღმდეგოდ

გააზიარე:
თანამედროვე ბავშვებს გაცილებით მეტი მიზეზი აქვთ, ცუდად ისწავლონ.

დღეს სულაც არ არის ადვილი სასწავლო მასალის იმ ხალისით და განწყობით ათვისება, როგორც წინათ.
მოტივაცია და მიზანიც ცალკე თემაა – ბევრი ბავშვისთვის უმაღლესი ქულა ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა არაფრისმთქმელი მოტივატორია.
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ზარმაცობს ან საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება არ სურს? როგორ გავუღვივოთ მოზარდს სწავლის მიღების სურვილი? რა მიზეზები მოჰყავთ ბავშვები საკუთარი სიზარმაცის გასასამართლებლად და რამდენად ყურადსაღებია მათი არგუმენტები? ვფიქრობ, ეს შეკითხვები საინტერესო და აქტუალურია ყველასთვის, ვისაც სახლში თუნდაც ერთი სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს.
მინდა, პუბლიკაცია სამიზნე ჯგუფზე ფოკუსირებით დავიწყო. როგორია შენი დამოკიდებულება სწავლის მიმართ და როგორი განწყობით ასრულებ საშინაო დავალებებს? – ამ კითხვებზე სკოლის მოსწავლეებისგან სხვადასხვაგვარი პასუხები მივიღეთ. ზოგი მათგანი ნამდვილად დამაფიქრებელია და საინტერესო, ზოგიც – გულწრფელი, გულახდილი.
არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიღმა თითქმის ყველა მოსწავლე აღნიშნავს, რომ თუ დავალება საინტერესოდაა ფორმულირებული, მას უფრო ბეჯითად და ინტერესით ასრულებს.
დიმიტრი უზნაძე თავისი ცნობილი განწყობის თეორიის პრინციპებზე მსჯელობისას ხშირად საუბრობს პედაგოგიკაზე და მოსწავლისა და იმ პირის ურთერთდამოკიდებულებაზე, ვინც ცოდნას გადასცემს მას.
დიმიტრი უზნაძის მსჯელობათა სიცოცხლისუნარიანობას და ადეკვატურობას ბავშვისა და განათლების ფსიქოლოგიის თანამედროვე ტენდენციები და ექსპერიმენტები ადასტურებს. თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოთქმული მისი იდეები დღესაც აქტუალურია. უზნაძის დაკვირვებით, “ბავშვი არ არის პატარა მოზრდილი და აღმზრდელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არ ჩასწვდება ბავშვის ბუნებას“. ამ მარტივ ჭეშმარიტებას ჩვენი მოსწავლე-რესპონდენტების პათოსიც ეხმაურება.
თავიდან აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე მოზარდის დაინტერესება სწავლით, მისი მოტივირება გარეგანი ფაქტორებით (როგორებიცაა უმაღლესში ჩაბარება, კარიერული წინსვლა, სოციალური აღიარება და ა.შ) გაცილებით ძნელია, ვიდრე წინათ. უამრავი კერძო და ფასიანი სასწავლებელი, სადაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლება მოხვედრა, ბიზნესუნარებზე დაფუძნებული კარიერული წინსვლა, რომელიც განსაკუთრებულ ინტელექტუალურ კაპიტალს არ მოითხოვს, მოზარდში უამრავ კითხვას ბადებს.
მშობლებსა და მასწავლებლებსაც მეტი სიფრთხილით მართებთ ამ კითხვებზე პასუხების დაძებნა და სწორი მოტივაციის შექმნაზე ზრუნვა.
ზემოთ გამოთქმული მოსაზრება ეჭვქვეშ აყენებს სწავლისადმი ინტერესის გაღვივების გარეგან მოტივაციას. მხოლოდ კარგი ნიშნის, შექების, ფინანსური ინტერესის ან კარიერის “ხათრით” განხორციელებული სასწავლო აქტივობა მოსწავლისთვის უინტერესო და არაფრისმომცემია. თანაც დადასტურებულია, რომ გარეგანი მექანიზმებით გაზრდილი მოტივაცია ამ მექანიზმის ამოწურვისთანავე ქრება.
უკეთეს შემთხვევაში, მოსწავლის სასწავლო აქტივობები განპირობებული უნდა იყოს მისი შინაგანი მოტივაციით, ასეთ დროს მოსწავლისთვის თავად აქტივობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.
საზოგადოდ, ნებისმიერი მიზნისკენ სვლა პატარ-პატარა ნაბიჯების წარმატებით დაძლევას გულისხმობს.
იმისთვის, რომ მოსწავლე არ ჩამოყალიბდეს ზარმაც, უმოტივაციო, ჩამორჩენილ და აპათიურ არსებად, საჭიროა სასწავლო-შემეცნებითი პროცესის სწორად დაგეგმვა.
რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგებისა და მკვლევარების რეკომენდაციებზე დაყრდნობით გთავაზობთ, გამოადგებათ როგორც მასწავლებლებს, ისე მშობლებს.
1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალებების შესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ასე თავიდან აიცილებთ სხვადასხვა ფსიქოემოციურ დარღვევას, არასრულფასოვნების კომპლექსს, გადაღლას.
2. სწორად დაგეგმეთ დღის რეჟიმი. სასურველია, ცხრილი სკოლაში იმგვარად შედგეს, რომ ესთეტიკური ბლოკის საგნები ენაცვლებოდეს რთულს. საშინაო დავალებების შესრულებამდე ბავშვმა უნდა მოახერხოს განტვირთვა. მიზანშეწონილია დავალებების დასრულება დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
3. მოერიდეთ შანტაჟს, თუ არ გინდათ, მოგვიანებით თავად გახდეთ მისი მსხვერპლი. მხოლოდ ჯილდოსთვის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით შესრულებული დავალება ფორმალური და არაფრისმომცემია.
4. მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის.
5. თუ ბავშვი დიდ დროს უთმობს სხვადასხვა გასართობს (კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი თუ ჰობი), შეუთანხმდით, რომ ამ ყველაფრისთვის დრო დავალებების შესრულების შემდეგ გამოინახება.
6. იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე. სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნვე
ლყოფს.
7. მიზნების და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. “კლასში საუკეთესო უნდა იყო!“ “ათიანის გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!” და მსგავსი ტიპის მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებელი უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. საზოგადოდ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნიშანი სწავლისა და ცოდნის შეფასების ერთადერთ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, იგივე დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნას: “ციფრული შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას“, – აღნიშნავს ის თავის ნაშრომებში განათლების ფსიქოლოგიის შესახებ.
8. გახსოვდეთ, სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს. თუ ახალი აქტივობის მიმართ ბავშვებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგი აუცილ
ებლად დადებითი იქნება.
9. სასჯელსა და მატერიალური ჯილდოს მიღებაზე ორიენტირება, როგორც ითქვა, არცთუ ისე ეფექტურია. სამაგიეროდ, ქცევის განმტკიცება მიიჩნევა პრიორიტეტულ ფაქტორად. განმამტკიცებელი სტიმული ცვლის სასურველი ან არასასურველი ქცევის სიხშირეს. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები ხშირად სწავლობენ და ამჟღავნებენ ახალ ქცევას იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს მათთვის სასურველი შედეგი მოაქვს.
განმამტკიცებელ სტიმულებად მიიჩნევა: სოციალური განმამტკიცებელი სტიმულები – შექება, ღიმილი და ყურადღება; ქცევითი განმამტკიცებელი სტიმულები – თამაშები და სხვა სახალისო ერთობლივი მოქმედებები; სიმბოლური განმამტკიცებელი სტიმულები – ნიშნები. სერტიფიკატები, დიპლომები...

სტატიის დასასრულს კვლავ დიმიტრი უზნაძეს მივუბრუნდებით. ამ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ქართველი მეცნიერის დასკვნით, “აღზრდის ძირითადი ტრაგედიაა“ უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის. “აღმზრდელი, თუმც კი თვლის, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურადღებას აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით. ის, რაც, აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისათვის ხშირად წვალებად იქცევა“, – წერს მკვლევარი.
ვიმედოვნებთ, განათლების მიღებისა და სწავლების პროცესის სწორი დაგეგმვისა და ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ ფრაზაში ნახსენები “წვალება“ და “უფსკრული“ თქვენთვის უცხო და გაუგებარ აღმნიშვნელებად იქცევა.

გააზიარე: