კონიუნქტივიტი
გააზიარე:
– კონიუნქტივიტი თვალის შემაერთებელი გარსის – კონიუნქტივის ანთებაა. კონიუნქტივა ლორწოვანი გარსია, რომლიც ფარავს ქუთუთოების უკანა კედელს (შიდა ზედაპირს), ზედა და ქვედა ღარს და თვალის კაკალს რქოვანამდე. თვალის დახუჭვის დროს ეს გარსი დახურულ სივრცეს – კონიუნქტივურ პარკს ქმნის.
კონიუნქტივიტი ისე ფართოდაა გავრცელებული, რომ ოფთალმოლოგთან მისული ამბულატორიული პაცინტების 40%-ს სწორედ ამ დაავადების დიაგნოზს უსვამენ.
წარმოშობით კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს:
. ინფექციური (ბაქტერიული, ვირუსული, ქლამიდიური);
. ალერგიული (პოლინოზი, გაზაფხულის კატარი, წამლისმიერი ალერგია, ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტი);
. დისტროფიული (მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, პინგვეკულა, პტერიგიუმი).
კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ეგზოგენურიც და ენდოგენურიც. ეგზოგენურია მაშინ, როდესაც დაავადების გამომწვევი ფაქტორი ორგანიზმში გარედან ხვდება. ასეთი ფაქტორებია მიკრობები (სტრეტოკოკი, სტაფილოკოკი, დიფტერიის ჩხირი, გონოკოკი და სხვა), ვირუსები, მექანიკური გაღიზიანება, მაიონიზებელი გამოსხივება, ულტრაიისფერი სხივები, ქიმიური და სხვა ფაქტორები. ენდოგენური, ანუ ორგანიზმშივე არსებული ფაქტორებით გამოწვეული კონიუნქტივიტის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის საერთო ინფექცია, წითელა, ქუნთრუშა, კბილების, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის დაავადებები, ცხვირ-ხახის ანთებითი პროცესები.
კონიუნქტივიტმა შეიძლება დააზიანოს როგორც ერთი, ისე ორივე თვალი.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ კონიუნქტივიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია:
. უეცარი დასაწყისი;
. ჰიპერემია და შეშუპება;
. სხვადასხვანაირი გამონადენი;
. ზოგჯერ — ტკივილი, სინათლის შიში.
რთულად მიმდინარეობს ქრონიკული კონიუნქტივიტი. იგი უმეტესად მოზრდილებში გვხვდება და გამღიზიანებლის ხანგრძლივი ზემოქმედებით არის განპირობებული. ეს გამღიზიანებელი შეიძლება იყოს კვამლი, მტვერი, ქიმიური ნაწილაკები. ქრონიკულ კონიუნქტივიტს საფუძვლად ასეთვე შეიძლება დაედოს ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხვირ-ხახისა და საცრემლე არხის ქრონიკული დაზიანება.
კონიუნქტივიტის ქრონიკული ფორმისთვის დამახასიათებელია:
. ქავილი;
. წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება;
. სინათლის შიში და სიმძიმის შეგრძნება.
დაავადება შეიძლება დიდხანს, თვეობით და წლობითაც კი მიმდინარეობდეს.
— რით განასხვავებენ ერთმანეთისგან სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეულ კონიუნქტივიტებს?
— კონიუნქტივიტის მიზეზის დადგენა შესაძლებელია გამონადენის ხასიათის მიხედვით. ვირუსული ინფექციებისა და ალერგიის დროს გამონადენი უფრო წყლისებურია, ფაქტობრივად ცრემლდენაა. კატარისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გამონადენი, მსუბუქი ბაქტერიული და ქლამიდიური კონიუნქტივიტისთვის — ლორწოვან-ჩირქოვანი, კერატოკონიუნქტივიტის დროს თვალი მშრალია, ხოლო ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი სქელია და ჩირქოვანი. ალერგიული კონიუნქტივიტის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ქავილი, რაც სხვა კონიუნქტივიტების დროს ნაკლები ინტენსივობისაა ან საერთოდ არ შეინიშნება.
— როგორ მიმდინარეობს ბაქტერიული კონიუნქტივიტი?
— ბაქტერიული კონიუნქტივიტის მიმდინარეობა უმთავრესად გამომწვევზეა დამოკიდებული, ზოგადი ნიშნები კი ასეთია:
. ნადები ქუთუთოებზე — ღამის განმავლობაში დაგროვილი ექსუდატის გამო გაღვიძებისას ქუთუთოები ერთმანეთზეა შეწებებული და თვალის გახელა ჭირს;
. ზოგჯერ ქუთუთოები შეშუპებულია;
. გამონადენი ლორწოვან-ჩირქოვანი ან ძაფისებრია;
. დაავადება იწყება მკვეთრი სიწითლით, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებით, გამონადენით, თვალის წვით. ხშირად ორივე თვალი ავადდება, თუმცა არა ერთდროულად.
მძიმედ მიმდინარეობს ნაწლავის ჩხირით გამოწვეული კონიუნქტივიტი. მკურნალობის გარეშე ინფექცია ადვილად ვრცელდება რქოვანაზე და აჩენს წყლულებს.
ბაქტერიული კონიუნქტივიტებიდან განსაკუთრებით სახიფათოა დაავადების გონორეული ფორმა, რომელიც ვრცელდება სქესობრივი გზით (გენიტალია – ხელი – თვალი). არცთუ იშვიათად ვითარდება კერატიტი (რქოვანას ანთება), წარმოიქმნება რქოვანის წყლული; 1-2 დღეში შესაძლოა მოხდეს წყლულის პერფორაცია და ამან მხედველობის გაუარესებამდე, თვალის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს.
გონოკოკური კონიუნქტივიტი განსაკუთრებით საშიშია ახალშობილისთვის. დაავადება დაბადებიდან 2-5 დღის შემდეგ ვლინდება.
ქლამიდიური კონიუნქტივიტის დროს შესაძლოა გენიტალური სიმპტომები არც კი იყოს გამოხატული.
ვირუსული კონიუნქტივიტის უხშირესი მიზეზია ადენოვირუსული ინფექცია, ამიტომ მის განვითარებას შესაძლოა წინ უძღოდეს სურდო ან ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება. ვირუსული კონიუნქტივიტი მიმდინარეობს ეპიდემიური აფეთქების ან ეპიზოდური დაავადებების სახით. ინფექციის წყაროა ავადმყოფი. ინფექცია ვრცელდება როგორც უშუალო კონტაქტით, ისე ჰაერწვეთოვანი გზით. ავადდებიან ძირითადად ბავშვები, რომლესაც ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები აქვთ. კონიუნქტივიტი იწყება მწვავედ, ჩვეულებრივ, ავადდება ორივე თვალი: ჯერ ერთი, ათი დღის შემდეგ — მეორე. გარდა კონიუნქტივიტის ზოგადი სიმპტომებისა (სიწითლე, შეშუპება, ცრემლდენა, სიანთლის შიში, ქავილი), მოსალოდნელია ყურის ირგვლივ რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა.
ვირუსული კონიუნქტივიტისთვის ასევე დამახასიათებელია სიმპტომების გამძაფრება დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. 5-9 დღის შემდეგ იწყება დაავადების მეორე სტადია — რქოვანას ეპითელიუმის ქვეშ ჩნდება წერტილოვანი ინფილტრატები, რაც მხედველობის დაქვეითებას იწვევს.
ამ პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან ინფექცია ადვილად გადაედება საყოფაცხოვრებო პირობებში.
— რამდენ ხანს არის კონიუნქტივიტი გადამდები?
— ბაქტერიული კონიუნქტივიტი გადამდებია გამონადენის გაჩენიდან მის გაქრობამდე, ანტიბაქტერიული მკურნალობის შემთხვევაში — მისი დაწყებიდან კიდევ 24 საათი. ვირუსული კონიუნქტივიტი კი გადამდებია სიმპტომების გაჩენამდეც და მათი არსებობის პერიოდშიც, ხოლო საინკუბაციო პერიოდი — დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე — ორი დღიდან ორ კვირამდე მერყეობს და გამომწვევზეა დამოკიდებული.
არაინფექციური კონიუნქტივიტი გადამდები არ არის. კონიუნქტივიტის მსუბუქი ფორმის დროს პრობლემას წარმოადგენს არა თვითონ დაავადება, არამედ მისი ადვილად გავრცელება. ამ შემთხვევაში თავის დაცვის საუკეთესო გზა მკაცრი ჰიგიენაა.
მეთოდები მარტივია:
. იხმარეთ მხოლოდ საკუთარი ჰიგიენის საშუალებები;
. სისტემატურად იბანეთ ხელები;
. შეძლებისამებრ, თავი არიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ალერგიული რინოკონიუნქტივიტი თვალისა და ცხვირის ალერგიული დაავადებების ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ტრანზიტორული მიმდინარეობა ახასიათებს. ჯანმოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს ალერგიული კონიუნქტივიტი აქვს.
სეზონური ალერგიული რინოკონიუნქტივიტი (პოლინოზი) იწყება გაზაფხულზე და ზაფხულის ბოლომდე გრძელდება. ყველა სეზონის ალერგიული კონიუნქტივიტი კი მწვავდება შემოდგომაზე, როცა ჰაერში ბევრია მტვრის ტკიპა და სოკოვანი ალერგენი.
ალერგიული რინოკონიუნქტივიტის დროს პროცესში ორივე თვალია ჩართული. დაავადებას ახასიათებს მწვავე შეტევები, რომლებიც გამოიხატება ლორწოვანისა და ქუთუთოების ჰიპერემიით, შეშუპებით, ცრემლდენით, ცხვირიდან გამონადენით, თვალების ქავილით. თვალებიდან გამონადენი სხვადასხვანაირია, უმეტესად — ლორწოვანი, გამჭვირვალე-მოთეთრო ფერისა.
— რა არის გაზაფხულის კატარი?
გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტი მორეციდივე ორმხრივი ანთებაა, რომელიც უმეტესად თბილი, მშრალი კლიმატის რეგიონებში მცხოვრებ მოზარდ ვაჟებს ემართებათ. ამ ალერგიულ პროცესში წამყვან როლს ასრულებს Iგ E. დაავადებას ახასიათებს გენეტიკური განწყობა, ხშირად ახლავს თან ასთმა და ეგზემა. მანიფესტირდება 5 წლის ასაკიდან. ასეთ პაციენტებში ხშირია კერატოკონუსი და რქოვანასთან დაკავშირებული ექტაზიები. მთავარი სიმპტომებია თვალების ინტენსიური ქავილი, ცრემლდენა, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, წვა და ფთოზი, ლორწოვანი გამონადენი.
დაავადებას ხშირად ახლავს თან რქოვანას სერიოზული დაზიანება — სხვადასხვა გენეზის კერატოპათია, რამაც შესაძლოა მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ პათოლოგიის საწყისს ეტაპზე აღმოჩენას და მკურნალობის დროულ დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ. მისთვის დამახასიათებელია ქავილი, ლორწოსმაგვარი გამონადენი.
— როდის მივმართოთ ოფთალმოლოგს?
— კონიუნქტივიტი, წესისამებრ, არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ ძალზე იშვიათად მოსალოდნელია თვალის დაზიანება, მხედველობის დაქვეითება ან უეცარი სიბრმავე. ამასთანავე, საჭიროა მისი დიფერენცირება თვალის სხვა დაავადებებისგან.
ექიმ სპეციალისტთან მისვლის აუცილებლობა რომ დავადგინოთ, პაციენტმა უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:
. ხომ არ შეინიშნება, გარდა ცრემლის, რაიმე სახის გამონადენი, რომელიც მთელი დღე გრძელდება?
ბაქტერიულ კონიუნქტივიტს და კერატიტს ახასიათებს ბლანტი, მოყვითალო გამონადენი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოიყოფა და სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს.
ამ შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ მისვლა. მხედველობა შესაძლოა დაქვეითდეს. დამახასიათებელია უცხო სხეულის შეგრძნება და სინათლის შიში.
. ხომ არ გაქვთ ისეთი შეგრძნება, თითქოს თვალში რაღაც ჩაგივარდათ და თვალის გახელაში ხელს გიშლით?
თუ პაციენტს აქვს უცხო სხეულის შეგრძნება და თვალის გახელა უჭირს, სავარაუდოა პროცესში რქოვანას ჩართვა. ასეთ დროს საჭიროა ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ მისვლა.
ხშირად პაციენტები აღნიშნავენ “თვალში ქვიშის ჩაცვენის შეგრძნებას”, რომელიც ალერგიულ და ვირუსულ კონიუნქტივიტს და მშრალი თვალის სინდრომს ახასიათებს. ეს პაციენტის სუბიექტური შეგრძნებაა; სინამდვილეში რქოვანას დაზიანება არ შეინიშნება და ოფთალმოლოგთან მისვლაც უმეტესად საჭირო არ არის.
. ხომ არ შეინიშნება ფოტოფობია?
პაციენტები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მკვეთრი შუქის მიმართ, აუცილებლად უნდა გასინჯოს ოფთალმოლოგმა.
. დაქვეითდა თუ არა მხედველობა დაზიანებულ თვალში? ახერხებთ თუ არა ამ თვალით ჩვეულებრივი ნაბეჭდის კითხვას?
პაციენტები, რომლებიც მხედველობის დაქვეითებას უჩივიან, ოჯახის ექიმმა უნდა გასინჯოს და, მიღებული მონაცემების შესაბამისად, ოფთალმოლოგთან გაგზავნოს.
. ხომ არ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს?
ანამნეზში კონტაქტური ლინზების ტარება, გამონადენის არსებობა და თვალის სიწითლე კერატიტის არსებობას გვაფიქრებინებს.
. ხომ არ მიგიღიათ ტრავმა? ხომ არ მოგხვედრიათ თვალში თითი ან რაიმე საგანი?
ამ შემთხვევაში ოფთალმოლოგთან მისვლა აუცილებელია.
— როგორ მკურნალობენ კონიუნქტივიტს?
— ბაქტერიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ იყენებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს წვეთების ან მალამოების სახით. წვეთები, სულ ცოტა, დღეში ოთხჯერ ინიშნება და მნიშვნელოვანია მათი კურსის დასრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაავადება თავიდან დაიწყოს.
მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ნადებისგან თვალის გაწმენდა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილ წყალში დასველებული ბამბა, ფიზიოლოგიური ხსნარი.
გაურთულებელ ბაქტერიულ კონიუნქტივიტს ოჯახის ექიმიც მკურნალობს.
ვირუსულ კონიუნქტივიტს ანტიბიოტიკები არაფერს არგებს, უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პტრეპარატები. ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტმა ოფთალმოლოგს უნდა მიაკითხოს, ვინაიდან შესაძლოა განუვითარდეს ადენოვირუსული კერატიტიც (რქოვანას ანთება). დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად დაწყება კორტიკოსტეროიდების ჩაწვეთებით — სტეროიდები ეპითელოტოქსიურია და ისედაც დაზიანებულ რქოვანას უფრო მეტად დააზიანებს.
ალერგიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ალერგენის დადგენას, ამიტომ პაციენტის მკურნალობაში ოფთალმოლოგთან ერთად აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ალერგოლოგიც. ადგილობრივ ანტიჰისტამინურ პრეპარატებსა და პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორებთან ერთად საჭიროა ზოგადი თერაპიაც.
გიგანტური პაპილარული ანუ კონტაქტური ლინზით გამოწვეული კონიუნქტივიტის შემთხვევაში მიდგომა ასეთია: ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ატარებს კონტაქტურ ლინზას და აწუხებს თვალი, აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ოფთალმოლოგთან. ასეთ პაციენტებს საკმაოდ დიდი აქვთ რქოვანას დაზიანების ალბათობა. ლინზის ტარება ერთი თვით მაინც უნდა შეწყდეს, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტმა ახალი (სასურველია, ჟანგბადის მაღალი გამტარობის მქონე) კონტაქტური ლინზა გამოიყენოს. მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ჰიგიენის წესები. რაც შეეხება მკურნალობას,
შედარებით მსუბუქი ფორმის დროს შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს მემბრანის სტაბილიზატორები და ანტიჰისტამინური საშუალებები. მძიმე შემთხვევებში კორტიკოსტეროიდები ინიშნება. ეს ყველაფერი – წვეთების სახით. სიმშრალის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება ხელოვნური ცრემლის პრეპარატებიც.
სამახსოვრო
კონიუნქტივიტი მაღლკონტაგიოზური დაავადებაა, ამიტომ ინფექციის მქონე პირთან ურთიერთობის შემდეგ დაიბანეთ ხელები. არ იქონიოთ საზიარო პირსახოცი, დასაბანი ღრუბელი და სხვა.
თუ თავად ხართ ავად, ხშირად იბანეთ ხელი, განსაკუთრებით — თვალების შეხების შემდეგ. დაბინძურებული ხელებით და ქსოვილებით ინფექცია ერთი თვალიდან მეორეზე ადვილად ვრცელდება.
ასევე, ჯობს არ ითხოვოთ კოსმეტიკური საშუალებები, განსაკუთრებით — თვალის მაკიაჟის ატრიბუტები, არც თქვენი ათხოვოთ სხვას. ის კი არა, უმჯობესია მაკიაჟის გამოყენება საერთოდ შეწყვიტოთ და განკურნების შემდეგ ახალი კოსმეტიკური საშუალებები შეიძინოთ. კონტაქტური ლინზების მომხმარებლებს ერთხანს მათ გამოყენებაზე უარის თქმა და განკურნების შემდეგ ახალი ლინზების შეძენა მოუწევთ.
თუ ალერგიისკენ გაქვთ მიდრეკილება, ეხადეთ ხელი შეუშალოთ სახლში ალერგენების მოხვედრას. ნუ გამოაღებთ ფანჯარას ქარიან დღეს და ისეთ პერიოდში, როდესაც ჰაერში ბეფრია თქვენთვის ალერგიული მცენარეების მტვერი.
მიმართეთ ოფთალმოლოგს, დაიცავით ჰიგიენის წესები, ზედმიწევნით მიჰყევით მკურნალობის სქემას და ერთ კვირაში თავს უკეთ იგრძნობთ.