მაღაზიისკენ ბედნიერების საძიებლად
გააზიარე:
უსარგებლო და უფუნქციოა, შესაძლოა არც არასოდეს გამოიყენონ; მიუხედავად ამისა, მზად არიან, მაღაზიაში უკანასკნელი გროშები დატოვონ და საყიდლებისთვის სესხიც კი აიღონ. ინგრევა ოჯახები, ბევრი თავს იკლავს...
დაავადებას, რომელზეც ამჯერად გვსურს გესაუბროთ, უბრალო ენით შოპინგომანიას ან შოპოჰოლიზმს უწოდებენ, ფსიქიატრებისთვის კი მას ონიომანია ჰქვია.
ფსიქოლოგიური დარღვევა, დაავადება თუ პათოლოგიური დამოკიდებულება?
ოციოდე წელიწადია, რაც ზემოხსენებული სენი სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად იქცა. მისი არსით პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკის 15 მილიონი მოქალაქე შოპოჰოლიზმით არის დაავადებული, 55 მილიონი კი ამ მანიაკური გატაცების ზღვარზეა. აშშ-ში ანონიმური შოპოჰოლიკების 400-მდე განყოფილებაა. მათში ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებსაც ყიდვის მანიაკურმა სინდრომმა ლამის ცხოვრება დაუნგრია და ამ სენისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ის კი არა, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამ მანიით შეპყრობილმა ადამიანებმა, იმის გამო, რომ მათი ვალები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა და გამოსავალს ვერ პოულობდნენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
ამერიკელებს არც ევროპელები ჩამოუვარდებიან. მხოლოდ ინგლისში შოპოჰოლიზმით ზრდასრული მოსახლეობის 2-დან 10%-მდეა დაავადებული. გერმანიაში შოპინგომანიით შეპყრობილთა რიცხვი ჯერ კიდევ 2008 წელს 800 ათასს აჭარბებდა.
შოპინგით მანიაკური გატაცება არც ქართველებისთვის არის უცხო ხილი. ალბათ ყველა თქვენგანს ჰყავს ნაცნობი, რომელიც უსასრულოდ სტუმრობს მაღაზიებს, გატაცებულია ინტერნეტშოპინგით და თითქმის ყოველდღიურად იწერს ათასგვარ ნივთს სანდო თუ ნაკლებად სანდო საიტებიდან, იღებს და დაუფიქრებლად იყენებს უამრავ საკრედიტო ბარათს, მთელ დანაზოგს ზოგჯერ სრულიად უსარგებლო ნივთის შესაძენად ხარჯავს და ა.შ.
კვლევებმა აჩვენა, რომ შოპოჰოლიზმი ეკონომიკური განვითარების თანამდევი სენია და უმთავრესად დიდ ქალაქებში ვრცელდება. სწორედ ამიტომ არის, რომ მეგაპოლისებში უამრავი გამოკვლევა ტარდება იმ უხილავი ზღვრის გამოსავლენად, რომელიც ყიდვისადმი მანიაკურ დამოკიდებულებასა და საყიდლებზე სიარულით მოდურ გატაცებას შორის გადის. როდის იქცევა საყიდლების სიყვარული მანიად, ძნელი სათქმელია. ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ვერც იმაზე თანხმდებიან, რა ტიპის დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნონ ონიომანია: ფსიქოლოგიური დარღვევებისას, რომლებიც ფსიქოთერაპიით იკურნება, ფსიქიატრიული დაავადებებისას, რომლებიც მედიკამენტურ ჩარევას მოითხოვს, თუ ნარკოდამოკიდებულებასთან გააიგივონ.
შოპინგომანია რაღაცით ექსტრემალური სპორტით გატაცებასაც ჰგავს. ისევე როგორც ექსტრემალები, შოპოჰოლიკებიც განიცდიან ადრენალინის წყურვილს, ყოველი ახალი შენაძენი კი მათ განუზომელ სიამოვნებას ანიჭებთ. ამ დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი, ორგანიზმი ამას ეჩვევა და ადრენალინის უფრო და უფრო დიდ დოზას ითხოვს. შოპინგომანებიც, მძაფრი შეგრძნებების გამოსაწვევად, უფრო და უფრო მეტ და ძვირად ღირებულ ნივთს ყიდულობენ (ისევე როგორც ექსტრემალები ლახავენ მეტ და მეტ სირთულეს შეგრძნებათა გასამძაფრებლად).
განურჩევლად იმისა, რა განსაზღვრებას მივანიჭებთ შოპოჰოლიზმს, ერთი რამ ცხადია: ეს მოვლენა ალკოჰოლიზმზე, თამბაქოს წევასა და ნარკოდამოკიდებულებაზე არანაკლებ სერიოზული პრობლემაა და მისგან განსაკურნებლად ადამიანს სპეციალისტის დახმარება სჭირდება. შოპოჰოლიკებს სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხომ თითქმის იგივე ემართებათ, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულებს, ნარკო-და ნიკოტინდამოკიდებულებს, ანდა თამაშის მანიით შეპყრობილებს. ვითარდება აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. “ლომკა”), რომელიც აგრესიით ან დეპრესიით გამოიხატება, ხშირად კი მდგომარეობას თავისა და სახსრების ტკივილიც ართულებს.
რა იწვევს შოპინგომანიას?
შოპინგით მანიაკური გატაცების გამომწვევი ერთი, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ეს სენი ადამიანს უამრავი ფაქტორის გამო შეიძლება ჩამოუყალიბდეს. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღაზიებში დაუსრულებელი სიარულით ადამიანები ბავშვობის დროინდელი დაუკმაყოფილებლობის კონპენსირებას ახდენენ. შოპინგომანები ხშირად სწორედ ისინი ხდებიან, ვისაც ბავშვობაში ბევრი რამ აკლდა, ვისთვისაც მშობლები ვერ ყიდულობდნენ სასურველ სათამაშოებს, ტანსაცმელს, სასუსნავს...
შოპოჰოლიზმის მიზეზად შეიძლება იქცეს არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასებაც. ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით ან საზოგადოებაში დაკავებული ადგილით და წარუმატებლობის მიზეზად საკუთარი ნაკლოვანებები მიაჩნიათ, ფიქრობენ, რომ მოდური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკის, გასახდომი ტრენაჟორისა თუ ტაბლეტების მეშვეობით წარმატებას მიაღწევენ. ზოგჯერ ეს მოსაზრება დაუძლეველ აკვიატებად ექცევათ ხოლმე. ყიდულობენ უსასრულოდ და თავად შეძენის პროცესისგან ისეთ სიამოვნებას იღებენ, რომ მიზანი ხშირად ავიწყდებათ კიდეც.
კვლევები ამტკიცებს, რომ შოპოჰოლიკები ხშირად ის ადამიანები ხდებიან, რომლებსაც ბავშვობაში ყურადღება და სითბო აკლდათ, მშობლები კი მათ სანაცვლოდ საჩუქრებს სთავაზობდნენ. ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახალ ნივთს ერთგვარ ფსიქოლოგიური დაცვის საშუალებად აღიქვამენ და ნებისმიერი უსიამოვნების შემთხვევაში, განწყობის გამოსაკეთებლად, მაღაზიაში გარბიან.
შეამოწმეთ საკუთარი თავი
ზღვარი ონიომანიასა და შოპინგით გატაცებას შორის, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან მყიფეა. თანაც, როგორც წესი, შოპოჰოლიკებს საკუთარი პრობლემის აღიარება უჭირთ. ამიტომ სანამ ჩათვლიდეთ, რომ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ, შეამოწმეთ საკუთარი თავი, უპასუხეთ კითხვებს და დააკვირდით იმ სიმპტომებს, რომლებიც შოპოჰოლიზმს ახასიათებს. თუ თქვენი პასუხების უმრავლესობა დადებითია, ე.ი თქვენ ან უკვე ჩამოყალიბებული შოპოჰოლიკი ბრძანდებით, ან ამ დაავადებამდე ერთი ნაბიჯი გაკლიათ და დროა, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართოთ.
. გრძნობთ, რომ რამის შეძენის სურვილი ისეთი ძლიერია, საკუთარ ქცევაზე კონტროლს გაკარგვინებთ?
. მაღაზიებში მხოლოდ საჭირო ნივთზე ორიენტირების უნარს კარგავთ და ყიდულობთ და ყიდულობთ მანამდე, სანამ ფული არ გაგითავდებათ?
. სახლში უსარგებლო ნივთები უსასრულოდ გიგროვდებათ?
. ახალი ნივთის შეძენის სურვილი გიჩნდებათ ყოველთვის, როცა კი რამე გაღიზიანებთ, დაუკმაყოფილებლობას ან იმედგაცრუებას გრძნობთ, უგუნებოდ ხართ?
. მაღაზიებს “გასართობად” უფრო ხშირად სტუმრობთ, ვიდრე მეგობრებს, თეატრს, კინოს?
. უსარგებლო შენაძენის გამო საკუთარ თავზე ხშირად ბრაზობთ და სიტყვას აძლევთ, რომ ეს აღარ განმეორდება, მაგრამ მიცემული სიტყვა მხოლოდ მაღაზიაში მორიგ ვიზიტამდე გახსოვთ?
. ატყობთ, რომ შოპინგით გატაცება ნეგატიურად აისახება თქვენი ცხოვრების წესზე (ოჯახში უაზრო შენაძენების გამო უთანხმოებებმა იმატა, სამსახურში პრობლემები მოგიმრავლდათ და ა.შ)?
. საფულეში რამდენიმე საკრედიტო ბარათი გიწყვიათ გახარჯული თანხით და კიდევ გსურთ ახალი საკრედიტო ბარათის აღება?
. ხშირად მიდიხართ მაღაზიაში კონკრეტული მიზნის გარეშე?
როგორ გადავირჩინოთ თავი საკუთარი თავისაგან
თუ გრძნობთ, რომ შოპინგით გატაცება უსიამოვნებას გაყენებთ და მზად ხართ, ამ პრობლემას ებრძოლოთ, ესე იგი სიტუაცია არც ისე უიმედოა. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად პირველ რიგში, თქვენს მადას საზღვრები უნდა დაუწესოთ, რაშიც რამდენიმე მარტივი წესის დაცვა დაგეხმარებათ:
. სანამ მაღაზიაში წახვიდოდეთ, წინასწარ ჩამოწერეთ, რისი შეძენა გსურთ, მიუწერეთ სავარაუდო დანახარჯის რაოდენობა და მაღაზიაში მხოლოდ საჭირო თანხითა და საყიდლების სიით აღჭურვილი გაეშურეთ.
. იმ დღეებში, როდესაც მაღაზიაში წასვლა არ გაქვთ დაგეგმილი, ჯიბეში ხოლოდ ის თანხა ჩაიდეთ, რაც სამგზავროდ და სადილისთვის გჭირდებათ.
. მაღაზიაში “გასაგიჟებელი” ნივთი (ტანსაცმელის ჩანთა, ფეხსაცმელი) დანახვისთანავე არ იყიდოთ. უმჯობესია, გამყიდველს სთხოვოთ, სასურველი ნივთი საღამომდე ან მეორე დილამდე გადაგინახოთ. ადვილი შესაძლებელია, რამდენიმე საათში მიხვდეთ, რომ ეს ნივთი არაფერში გამოგადგებათ.
. გაითვალისწინეთ: ფასდაკლება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მთელი მაღაზია უნდა იყიდოთ. ის, რომ ნივთი ადრინდელზე იაფი ღირს, სულაც არ ზრდის მის საჭიროებას.
. მოიშორეთ საკრედიტო ბარათები და ეცადეთ, საყიდლებში ყოველთვის ნაღდი ფული გადაიხადოთ. ასე უკეთ მიხვდებით, რა თანხას ხარჯავთ და უკეთაც შეძლებთ მის განაწილებას.
ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ შოპოჰოლიზმის ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობაც არის, ასე რომ, მიირთვით პროდუქტები, რომლებიც აღნიშნული ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს, მაგალითად, კაკალი, ლეღვი, ბანანი, შოკოლადი და ბედნიერების საძებნელად მაღაზიისკენ გული ნაკლებად გაგიწევთ.