შეჩერდი, შეკავდი!
გააზიარე:
შარდის შეუკავებლობას მრავალი მიზეზი აქვს და სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ის გაცილებით მეტს აწუხებს, ვიდრე აღრიცხულია, რადგან ბევრს სირცხვილის გადალახვა და ექიმთან მისვლა უჭირს.
სხვადასხვაგვარი
შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა სხვადასხვანაირია. სახელდობრ, განასხვავებენ:
. სტრესულ შეუკავებლობას, რომელიც ყველაზე გავრცელებული ფორმაა და უმთავრესად ქალებში იჩენს თავს მშობიარობის ან მენოპაუზის შემდეგ. იშვიათად ასაკოვან მამაკაცებშიც ვლინდება, წეეიეამებრ, პროსტატის გადიდების ფონზე. შარდი ჟონავს ცემინების, ხველის, სიცილის, ვარჯიშის, სქესობრივი კავშირის დროს. პრობლემის თავიდათავი იმ კუნთების სისუსტეა, რომლებიც მცირე მენჯის ღრუს ფსკერზეა “ჩაფენილი” და შარდის ბუშტის სფინქტერის დახურვა-გაღებაში მონაწილეობს. როდესაც ეს კუნთები სუსტდება, შარდი მცირე ფიზიკური დატვირთვის (სტრესის) დროსაც კი იპარება.
. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომს. ამ დროს შარდის ბუშტი თვითნებურად იკუმშება, განურჩევლად იმისა, სავსეა თუ არა შარდით. მოშარდვის უეცარი სურვილი ჩნდება როგორც დილის, ისე ღამის საათებში და ამ დროს ადამიანი სულ რამდენიმე წვეთ შარდს გამოყოფს. ის, ვისაც ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი აქვს, ორგვარ დისკომფორტს განიცდის: პირველი – ჩაისველებს ხოლმე, რადგან მოშარდვის სურვილი ისე უეცრად ჩნდება და შარდის ბუშტი ისე სწრაფად იკუმშება, რომ ადამიანი საპირფარეშომდე მისვლას ვერ ასწრებს, და მეორე – ხშირად უჩნდება მოშარდვის მოთხოვნილება, მაგრამ სულ ამაოდ – ცარიელი შარდის ბუშტი უბრალოდ “იტყუება”.
. შერეული ტიპის შეუკავებლობას. ამ დროს თავს იჩენს ორივე ზემოაღნიშნული შეუკავებლობა, თუმცა, როგორც წესი, ერთ-ერთი მათგანი უფრო შემაწუხებელია ხოლმე.
. ჭარბი ჭავლის შეუკავებლობას. ამ დროს ხშირად ჩნდება მოშარდვის სურვილი, მაგრამ მოშარდვა კმაყოფილებას არ გვგვრის – რჩება შეგრძნება, რომ საშარდე ბუშტი ბოლომდე არ დაცლილა. ამის მიზეზია ე.წ. მისკომუნიკაცია შარდის ბუშტსა და თავის ტვინს შორის (რასაც ნერვის დაზიანება განაპირობებს) და საშარდე მილის სანათურში შარდის გადაადგილების შეზღუდვა, რაც შარდის ბუშტის გადავსებას, მერე კი შარდის მსხვილი ჭავლით გამოდევნას და გამოჟონვას იწვევს.
. ფუნქციურ შეუკავებლობას. ამ დროს შარდის ბუშტის ფუნქცია არ არის დარღვეული; უბრალოდ, ადამიანი ვერ მიდის ტუალეტში რომელიმე ქრონიკული დაავადების ან ინვალიდობის გამო, რასაც საბოლოოდ შარდის “გაპარვა” მოყვება.
. რეფლექსურ შეუკავებლობას, როდესაც ნერვული სისტემა საშარდე ბუშტზე ყოველგვარ კონტროლს კარგავს. ასეთი რამ უმეტესად ზურგის ტვინისა და ნერვების ტრავმის ან მათზე ქირურგიული ოპერაციის შედეგად იჩენს თავს. ამ დროს შარდი მცირე წვეთებად ან საკმაოდ დიდი ულუფებით ჟონავს, მაგრამ პაციენტი ამას ვერ გრძნობს.
ხშირად მოშარდვის სურვილი ცისტიტის, საშარდე არხის ინფექციის, ერთ-ერთი სიმპტომია. ინფექცია უმეტესად ბაქტერიული წარმოშობისაა და, ამის კვალობაზე, ანტიბიოტიკებით იკურნება. ანთებას, გარდა გახშირებული შარდვისა, ავლენს ტკივილისა და წვის შეგრძნება შარვის დროს და შარდის ჩვეულებრივზე მძაფრი სუნი.
რატომ ვერ ვიკავებ?
შარდის შეუკავებლობას სხვადასხვა მიზეზი და მექანიზმი აქვს, კოფეინის ჭარბი მოხმარებიდან და უზომო ვარჯიშიდან დაწყებული, ტრავმითა და ქირურგიული ოპერაციით დამთავრებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზებიდან აღსანიშნავია:
. ორსულობა. მცირე მენჯის ღრუს ამომფენი კუნთები შესაძლოა მოდუნდეს ან სულაც დაზიანდეს მშობიარობის დროს. ამ უსიამოვნებას შეიძლება გადავურჩეთ, თუ დაორსულებამდე კუნთებს სათანადოდ გავავარჯიშებთ. ვარჯიში შეიძლება ან ორსულობის დროსაც, თუმცა, ცხადია, მეტი სიფრთხილით.
. ჰორმონული ცვლილება, რომელიც თან ახლავს მენოპაუზას. ის შესაძლოა მცირე მენჯის ღრუს კუნთების სისუსტის მიზეზად იქცეს.
. წინამდებარე ჯირკვლის გადიდება – შარდის შეუკავებლობას ესეც ხშირად იწვევს.
. ინფექცია. ცისტიტისა და საშარდე გზების სხვა ინფექციური დაავადებების დროს გახშირებული შარდვა, თავისთავად, შარდის შეუკავებლობაზე არ მიუთითებს, მაგრამ ხშირმა ინფექციამ საშარდე ბუშტში შესაძლოა იმგვარი ცვლილებები (მაგალითად, შეხორცებები) გამოიწვიოს, რომ საბოლოოდ მისი ფუნქცია დაზიანდეს და უნებლიე შარდვა ჩამოყალიბდეს.
. ბლოკირება, მარტივად რომ ვთქვათ, საშარდე მილში შარდის გადაადგილების შეზღუდვა ან შეუძლებლობა. ასეთი რამ ხდება საშარდე ბუშტში კენჭების ან სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას.
. ქირურგიული ოპერაცია. სფინქტერი ყველაზე ხშირად პროსტატის ოპერაციის დროს ზიანდება. გაცილებით იშვიათია ოპერაციის შემდგომი შეუკავებლობა ქალებში, თუმცა გამორიცხული არ არის, მაგალითად, ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოკვეთის) შემდეგ.
. ნერვის დაზიანება. შარდვას თავის ტვინი ნერვული კავშირის საშუალებით აკონტროლებს. როდესაც შესაბამისი ნერვი ზიანდება, უნებლიე შარდვაც იჩენს თავს. ასეა ქირურგიული ოპერაციის, ტრავმისა და ზოგიერთი მძიმე დაავადების, მაგალითად, მრავლობითი სკრელოზის დროს.
დიეტა და ვარჯიში
იმის განსაზღვრა, რომელი საკვები რგებს თქვენს საშარდე ბუშტს, ძნელია. უმჯობესია, თავად დააკვირდეთ, რა გავლენას ახდენს თქვენზე ესა თუ ის პროდუქტი. მაგალითად, ბევრი აღნიშნავს, რომ შტოშის წვენი შარდვის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. საზოგადოდ, სასურველია, დიეტა ინდივიდუალურად შეირჩეს.
დაიხსომეთ, შარდის შეუკავებლობის დროს არამც და არამც არ მოაკლოთ ორგანიზმს სითხე. დღის განმავლობაში 1-2 ლიტრი მაინც მიიღეთ. სითხის მარაგის შევსება შეიძლება წყლით, წვენით, წვნიანი კერძით.
ასევე გირჩევთ, თავი არიდოთ ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველ სასმელებს (ყავას, ჩაის, ზოგიერთ ტკბილ, გაზიან სასმელს) – მათ შარდმდენი ეფექტი აქვთ და შესაძლოა პრობლემა უფრო მეტად გააღღმაონ. ანალოგიურ ეფექტს ახდენს გრეიპფრუტის წვენიც.
თქვენ წარმოიდგინეთ, შარდის შეუკავებლობას ხელს უწყობს სიგარეტის მოწევაც. ექიმები ამას ასე ხსნიან: მოწევა ხველას იწვევს, ხველა კი შეუკავებლობის დროს შარდის უნებლიე გამოყოფის მიზეზად იქცევა.
კიდევ ერთი პრობლემაა ჭარბი წონა. ამ შემთხვევაში ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა და ვარჯიში აუცილებელია.
შარდის შეუკავებლობის დროს, ზოგადგამაჯანსაღებელთან ერთად, ექიმის მითითებით ინიშნება სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც მცირე მენჯის ღრუს კუნთების მომაგრებას უწყობს ხელს. ამგვარი ვარჯიშები, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში მაინც უნდა შესრულდეს, რომ შედეგი გამოიღოს.
წამალი თუ ოპერაცია?
თავდაპირველად ექიმი მედიკამენტებს დაგინიშნავთ. იმის კვალობაზე, რისი ბრალია შარდის შეუკავებლობა, წამალიც სხვადასხვა ინიშნება. მაგალითად, სტრესული შეუკავებლობის დროს უნიშნავენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც მცირე მენჯის ღრუს კუნთების ტონუსის მომატებას იწვევს. მენოპაუზის დროს შესაძლოა დამატებით ჰორმონული თერაპიაც დაინიშნოს. ჰიპერაქტიური საშარდე ბუშტის სინდრომის დროს ინიშნება პრეპარატები, რომლებიც საშარდე ბუშტის შეკუმშვებს ამცირებს. გაითვალისწინეთ: ამ მედიკამენტებს გვერდითი ეფექტებიც აქვთ და შესაძლოა პირის ძლიერი სიმშრალე გამოიწვიონ.
რაც შეეხება საშარდე გზების ინფექციებს, მათი მკურნალობის ძირითადი გზა ანტიბიოტიკოთერაპიაა.
როდესაც მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა, ექიმი ქირურგიულ ჩარევას გირჩევთ. შარდის შეუკავებლობის ოპერაციულ მეთოდებს უფრო ქალების მკურნალობისას მიმართავენ და საქართველოშიც წარმატებით არის დანერგილი. უმთავრესად იყენებენ ე.წ. სლინგ-მეთოდს: სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ამაგრებენ მცირე მენჯის ღრუს კუნთებს და საშარდე ბუშტს საჭირო პოზიციაში აფიქსირებენ.
სხვა მეთოდებიდან აღსანიშნავია ხელოვნური სფინქტერის ჩადგმა, პროსტატის ოპერაცია მისი გადიდების დროს, ტრანსუტერული აბლაცია, კათეტერის ჩადგმა, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთ კლინიკაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ბოტოქსის ინექციებსაც კი სთავაზობენ. საშარდე ბუშტის კუნთოვან ქსოვილში ბოტულოტოქსინის შეყვანის შედეგად საშარდე ბუშტის კედელი ეშვება, დამბლას განიცდის. ამ მეთოდს ჰიპერაქტიური საშარდე ბუშტის დროს იყენებენ.