დეჰიდრატაცია – რა უნდა ვიცოდეთ გაუწყლოების შესახებ

გააზიარე:

ქრონიკული დეჰიდრატაცია

რატომ გვეშინია დეჰიდრატაციის

 

 

წყალი სიცოცხლის, განწმენდის, იმედის სიმბოლოა. ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობაში მისი წილი საკმაოდ დიდია. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ – ზრდასრული ადამიანის სხეულის დაახლოებით 60% სწორედ წყალია, ამიტომ ბუნებრივია, რომ მისი დეფიციტი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას აფერხებს.

რა არის დეჰიდრატაცია, რატომ ვითარდება და როგორ ავიცილოთ თავიდან?

წყალი ჩვენში

ჩვენი სხეულის უჯრედები წყლით არის სავსე. მასში იხსნება ნივთიერებები, რომლებსაც უჯრედები ბიოლოგიურ პროცესებში იყენებს. საკვები ნივთიერებები და მინერალები წყლის დახმარებით მეტაბოლიზდება, სისხლძარღვებში გადაადგილდება და უჯრედების მიერ აითვისება. წყლის დახმარებითვე გამოიყოფა სხეულიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები. ოფლდენისა და სუნთქვის მეშვეობით წყალი მონაწილეობს სხეულის ტემპერატურის რეგულაციასა და სხეულის სითხეების წარმოქმნაში (ნერწყვი, სახსრის საპოხი ნივთიერება და სხვ.), ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას და დაზიანებისგან იცავს თავის ტვინს, ზურგის ტვინს, ნაყოფს.

წყლის არითმეტიკა

სხეულის თითოეული უჯრედი წყალს სხვადასხვა კონცენტრაციით შეიცავს. წყალია ფილტვების დაახლოებით 83%, ტვინისა და გულის 73%, კანის 64%, კუნთებისა და თირკმელების 79%, ძვლების 31%. ასაკთან ერთადაც სხეულში წყლის შემცველობაც იცვლება. ყველაზე მეტი წყალი ჩვილის სხეულშია – დაახლოებით 78%. ერთი წლისთვის მაჩვენებელი დაახლოებით 65%-მდე იკლებს, ზრდასრული ასაკისთვის მამაკაცებს სხეულში 60%–მდე წყალი რჩებათ, ხოლო ქალებს – 52–55%. სქესთა შორის სხვაობის მიზეზად იმას მიიჩნევენ, რომ ქალებს ცხიმოვანი ქსოვილი მეტი აქვთ, ცხიმოვან ქსოვილში კი კუნთოვანთან შედარებით ნაკლები წყალია. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილია სხეულში, მით უფრო ნაკლებია წყლის წილი.

სხეულში წყლის განაწილება უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, გაანვიხილოთ 70 კგ წონის მამაკაცის სხეული. ის საშუალოდ 42 ლიტრ წყალს შეიცავს. აქედან 28 ლიტრი უჯრედებშია, 10.5 ლიტრი – უჯრედთაშორის სივრცეში, ხოლო 3.5 ლიტრი, ანუ წყლის მთელი ოდენობის დაახლოებით 8%, –სისხლში.

გაუწყლოებისგან, თირკმელებში კენჭების გაჩენისა და სხვა სამედიცინო პრობლემებისგან თავის დასაზღვევად წყლის მიღება და კარგვა დაბალანსებული უნდა იყოს. ჯანმრთელმა მოზრდილებმა დღეში, სულ მცირე, 1.5–2 ლიტრი სითხე უნდა დალიონ. ჯობია, ნორმაზე მეტი დალიოთ, ვიდრე მოგაკლდეთ, რადგან ჭარბი წყლის გამოყოფა ორგანიზმისთვის გაცილებით ადვილია, ვიდრე წყლის დეფიციტის შემთხვევაში მისი დაზოგვა, თუმცა არც ძლიერ გადაჭარბებაა სასურველი.

მიღება-კარგვა

ორგანიზმი წყალს უმთავრესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან იღებს. მცირეოდენი მეტაბოლიზმის, ნივთიერებათა ცვლის შედეგადაც წარმოიქმნება. წყლის კარგვა კი თირკმელებიდან ხდება შარდის სახით.

ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, თირკმელებს დღე–ღამეში ნახევრიდან ათ  ლიტრამდე შარდის გამოყოფა მოუწიოს. თითქმის ლიტრამდე წყალი ორთქლდება კანიდან და ფილტვებიდან. კანიდან წყლის აორთქლება შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს ვარჯიშის დროს, სიცხეში ან სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო განვითარებული ჭარბი ოფლიანობის შედეგად. ცოტაოდენი წყალი იკარგება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდანაც, თუმცა ხანგრძლივმა ღებინებამ და ძლიერმა დიარეამ შესაძლოა დღეში ხუთი და მეტი ლიტრის კარგვაც კი გამოიწვიოს.

ელექტროლიტები

სხეულში არსებულ წყალში გახსნილია მინერალური მარილები, ელექტროლიტები, უმთავრესად – ნატრიუმი და კალიუმი. წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის შესანარჩუნებლად სხეულს სპეციალური მექანიზმები აქვს. მაგალითად, როდესაც ორგანიზმში წყალი იკლებს, ნატრიუმის კონცენტრაცია იმატებს, ნატრიუმის დონის მომატება კი წყურვილს აღძრავს, რაც ადამიანს სითხის მიღებისკენ უბიძგებს. სითხის ნაკლებობის საპასუხოდ კიდევ ერთი მექანიზმი ირთვება: ჰიპოფიზიდან გამოთავისუფლდება მეტი ვაზოპრესინი (იგივე ანტიდიურეზული ჰორმონი), რომელიც თირკმელებიდან წყლის გამოყოფას აკავებს. ამის შედეგად სისხლში კვლავ იმატებს წყლის რაოდენობა, ნატრიუმი განზავდება, ნატრიუმისა და წყლის ბალანსი კი აღდგება. როდესაც ორგანიზმის სითხეებში ნატრიუმის კონცენტრაცია მცირდება, თირკმელები გამოყოფენ მეტ წყალს, მცირდება სისხლში წყლის რაოდენობა და ნატრიუმიც ნორმალურ დონეს უბრუნდება.

წყლის ბალანსი

ორგანიზმში წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად ერთდროულად რამდენიმე მექანიზმი მოქმედებს:

* წყურვილი – როდესაც სხეულს წყალი სჭირდება, ტვინის სპეციალური ნერვული ცენტრები წყურვილის გრძნობას აღძრავს. რაც უფრო მეტია ორგანიზმში წყლის დანაკლისი, მით უფრო ძლიერია წყურვილი და ადამიანი იძულებულია, სითხე მიიღოს. როდესაც სხეული წყლით გაჯერდება, წყურვილიც ქრება.

* ჰიპოფიზსა და თირკმელებს შორის ურთიერთქმედება – ორგანიზმში წყლის ნაკლებობისას ჰიპოფიზი უხვად გამოყოფს ვაზოპრესინს, რომელიც შარდის გამოყოფას ამცირებს, წყლის სიჭარბისას კი ვაზოპრესინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა, რაც თირკმელებს საშუალებას აძლევს, ჭარბი წყალი გამოაძევონ.

ოსმოსური წნევა – ის წყალს სხეულის ერთი უბნიდან მეორეში გადასვლას აიძულებს. მისი წყალობით უჯრედებსა და უჯრედგარე სივრცეებში განსაზღვრული რაოდენობის წყალი რეზერვად ინახება, რათა დეჰიდრატაციის დროს სისხლძარღვებში სითხის საჭირო მოცულობა შენარჩუნდეს.

დეჰიდრატაცია

დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება არის მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმიდან ბევრი სითხის დაკარგვა იწვევს. დეჰიდრატაცია ვითარდება, როდესაც ადამიანი უფრო მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს და სხეულს არ რჩება ნორმალური ფუნქციობისთვის საკმარისი სითხე. ვიდრე დანაკარგი არ შეივსება, ადამიანი დეჰიდრატირებულია. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისა  და ხანდაზმულებისთვის.

რა იწვევს

ზოგჯერ დეჰიდრატაცია ვითარდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანი არ იღებს საკმარის სითხეს, რადგან ავად არის, არ სცალია ან ხელი არ მიუწვდება სასმელ წყალზე, მაგალითად, მოგზაურობის დროს. დეჰიდრატაციის სხვა მიზეზებია:

* დიარეა და ღებინება. უეცრად განვითარებულმა ძლიერმა  ფაღარათმა შესაძლოა გამოიწვიოს დიდი რაოდენობის წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვა მოკლე ხანში. თუ დიარეასთან ერთად ღებინებაც განვითარდა, ადამიანი კიდევ უფრო მეტ სითხესა და მინერალს კარგავს.

* ცხელება. რაც უფრო მაღალი სიცხე აქვს ადამიანს, მით უფრო მეტი სითხე ორთქლდება კანის ზედაპირიდან მის დასაწევად და მით უფრო ძლიერდება დეჰიდრატაცია. მით უმეტეს, თუ მას დიარეა და ღებინებაც ახლავს.

* ჭარბი ოფლიანობა. ოფლის გამოყოფით სხეული ბუნებრივად გრილდება. ოფლის აორთქლებაზე სხეულის სითბო იხარჯება. თუ ადამიანი ბევრ ენერგიას ხარჯავს და ბევს ოფლიანობს, სათანადო რაოდენობის სითხეს კი არ ან ვერ იღებს, შესაძლოა დეჰიდრატაცია დაემართოს. ცხელ, ნოტიო ამინდში დაკარგული სითხის რაოდენობა უფრო მეტია.

* გაძლიერებული შარდვა. უხვი შარდვა შესაძლოა გამოწვეული იყოს არადიაგნოსტირებული ან გაუკონტროლებელი დიაბეტით. შარდვის გაძლიერებას იწვევს მედიკამენტებიც (შარდმდენები,  არტერიული წნევის დამაქვეითებელი ზოგიერთი მედიკამენტი).

ვის ემუქრება

ზოგ ადამიანს დეჰიდრატაცია უფრო ადვილად უვითარდება. მათ შორის არიან:

. ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები. ამ ასაკში ადვილად ვითარდება დეჰიდრატაცია ცხელების, დიარეისა და ღებინების შედეგად. საქმე ის არის, რომ ბავშვებს მოზრდილებზე ინტენსიური მეტაბოლიზმი აქვთ და ყოველდღიურად უფრო მეტ წყალს კარგავენ. მათი სხეულის ზედაპირის ფართობის მოცულობასთან შეფარდება უფრო მეტია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა, ამიტომ უფრო მეტ წყალსაც აორთქლებენ. ყველაფერ ამასთან ერთად, მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ვერ გამოხატავენ წყურვილს და ვერც დამოუკიდებლად იღებენ სითხეს. სითხით მათი უზრუნველყოფა უფროსებზეა დამოკიდებული.

. ხანდაზმულები – ასაკთან ერთად მცირდება სხეულის სითხის მარაგი, სხეულის მიერ წყლის შენახვის უნარი, სუსტდება წყურვილის გრძნობა. ამ პრობლემებს ემატება ქრონიკული დაავადებებიც, მაგალითად, დიაბეტი, დემენცია, და განსაზღვრული სახის მედიკამენტების მოხმარება. ამასთან ერთად, ბევრ ხანდაზმულს ავადმყოფობის ან უძლურების გამო დამოუკიდებლად თავის მოვლა არ შეუძლია და სანამ წყალს არ მიუტანენ, მწყურვალი რჩება.

. ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებიც ხშირ შარდვას ან გაძლიერებულ ოფლიანობას იწვევს (დიაბეტი, ცისტური ფიბროზი,  თირკმლის დაავადებები).

. გაციების ან ყელის ტკივილის დროსაც კი ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეჰიდრატაციისკენ, რადგან უმადობისა თუ ყლაპვის გაძნელების გამო ჩვეულებრივზე ნაკლებს ჭამენ და სვამენ.

. ადამიანები, რომლებიც იღებენ შარდის ან ოფლის გამოყოფის გამაძლიერებელ წამლებს.

. ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ ან მუშაობენ გარეთ ცხელ და ნოტიო ამინდში – ასეთი პირობები ზრდის დეჰიდრატაციისა და დასიცხვის რისკს. ნოტიო გარემოში ოფლი კარგად ვერ ორთქლდება და ადამიანი ისე სწრაფად ვერ გრილდება, როგორც სხვა დროს. ამან შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მატება გამოიწვიოს და მეტი სითხის მიღების საჭიროება წარმოშვას.

. სპორტსმენები, განსაკუთრებით – მორბენლები, ველოსიპედისტები და ფეხბურთელები. თუმცა მხოლოდ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება არ ზრდის დეჰიდრატაციის რისკს –გაუწყლოება ასევე ემუქრებათ ბოდიბილდერებს და, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, მოცურავეებს – ცურვისას ისინი ბევრ ოფლს კარგავენ.

. ადამიანები, რომლებიც ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ცხოვრობენ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყურვილი ყოველთვის არ არის წყლის საჭიროების საიმედო ადრეული მაჩვენებელი. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით - ხანდაზმული, ვერ გრძნობს წყურვილს, სანამ დეჰიდრატაცია არ განუვითარდება.

სიმპტომები

დეჰიდრატაციის ნიშნები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირია. შესაძლოა იყოს მსუბუქიც და იმდენად მძიმეც, რომ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან დეჰიდრატაცია უნდა ვიეჭვოთ, თუ ბავშვს გამოუშრა პირი და ენა, ტირის უცრემლოდ, სამი საათი ან მეტი ხანია, საფენი არ დაუსველებია, გაღიზიანებულია, თვალები ჩაცვენილი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფ ბავშვებს ხშირად ემართებათ მსუბუქი და ზომიერი გაუწყლოება, დეჰიდრატაციის ნიშნების თაობაზე აუცილებლად აცნობეთ პედიატრს.

ზრდასრულები მსუბუქი დეჰიდრატაციის დროს უჩივიან წყურვილს, პირის სიმშრალეს, ჩვეულებრივზე ნაკლებს შარდავენ და ნაკლებად ოფლიანდებიან, შარდი გამუქებული აქვთ, კანი – მშრალი, აწუხებთ დაღლილობა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, შეკრულობა.

ძლიერ დეჰიდრატაციას ამოიცნობთ მტანჯველი წყურვილით, ოფლის არარსებობით, დაბალი არტერიული წნევით, აჩქარებული გულისცემით, გახშირებული სუნთქვით, ჩაცვენილი თვალებით, კანზე ნაოჭების გაჩენით, ძალიან მუქი შარდით. ეს ნიშნები უკვე საგანგაშოა, ხოლო თუ მათ დაერთო დაბნეულობა, დროსა და გარემოში დეზორიენტაცია, გონების დაკარგვა, შარდვის შეწყვეტა, გულისცემისა და სუნთქვის ძლიერი აჩქარება, შოკი, – სასწრაფო სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

ექიმი რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოს პროცესში, თუ ადამიანს აღენიშნება პროფუზული (უჩვეულოდ უხვი) დიარეა, სისხლიანი განავალი, დიარეა სამი ან მეტი დღის განმავლობაში, ორგანიზმში  სითხის შეკავების შეუძლებლობა.

ნატრიუმი

ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის წყლისა და ელექტროლიტების ბალანსია საჭირო. დეჰიდრატაციის დროს სითხესთან ერთად ნატრიუმი, კალიუმი და სხვა ელექტროლიტებიც იკარგება. როდესაც ადამიანი ბალანსირებულად კარგავს ელექტროლიტებს (უმეტესად ნატრიუმს) და წყალს, საქმე გვაქვს  იზოტონურ დეჰიდრატაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სითხის მარაგიც და ნატრიუმის მარაგიც შემცირებულია და ორივეს შევსებაა საჭირო. არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზმი ძირითადად სითხეს ან ძირითადად ნატრიუმს კარგავს.

ძირითადად სითხის დაკარგვით გამოწვეულ მდგომარეობას ჰიპერტონულ დეჰიდრატაციას ან ჰიპერნატრიემიას უწოდებენ. ამ დროს სისხლსა და სხეულის სხვა სითხეებში ნატრიუმის კონცენტრაცია ძალიან მაღალია. ამ მდგომარეობას უმეტესად დიარეა, ღებინება, მაღალი სიცხე იწვევს. ნატრიუმის სიჭარბისას, წესისამებრ, აღიძვრება წყურვილის გრძნობა და ადამიანი სვამს წყალს დაკარგული სითხის ასანაზღაურებლად.

ძირითადად ნატრიუმის დაკარგვით გამოწვეული მდგომარეობა ცნობილია როგორც ჰიპოტონური დეჰიდრატაცია ან ჰიპონატრიემია. ამ დროს სხეულში ძალიან ცოტა ნატრიუმია. ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანი კარგავს ელექტროლიტებს და სითხეს,  დანაკარგის შესავსებად კი მხოლოდ წყალს სვამს –   წყალთან ერთად ელექტროლიტების მიღებაც საჭიროა.

რატომ გვეშინია დეჰიდრატაციის?

* მან შესაძლოა გამოიწვიოს გადახურება, სითბური დაკვრა;

* ხანგრძლივი  და განმეორებითი დეჰიდრატაცია შესაძლოა საშარდე გზების ინფექციების, თირკმლის კენჭების და თირკმელების უკმარისობის მიზეზადაც კი იქცეს.

* გაუწყლოების გამო სისხლში კალიუმისა და ნატრიუმის ნორმალური შემცველობის დარღვევა კრუნჩხვებით, ზოგჯერ ცნობიერების დაკარგვით გამოვლინდება.

* სხეულში სითხის მოცულობის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოვოლემიური შოკი, რაც დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებაა. ამ დროს დაქვეითებულია არტერიული წნევა, ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის.

დიაგნოსტიკა

გაუწყლოებაზე ეჭვის შემთხვევაში სიმპტომების გამოკითხვასა და რუტინულ გასინჯვასთან (პულსი, არტერიული წნევა) ერთად შესაძლოა სხვა გამოკვლევებიც ჩატარდეს. მაგალითად, განისაზღვროს სისხლში ელექტროლიტების შემცველობა, განსაკუთრებით - ნატრიუმისა და კალიუმისა, შეფასდეს თირკმელების ფუნქცია, გაიზომოს შარდში კრეატინინის შემცველობა, შარდის დეჰიდრატაციის ხარისხი, დადგინდეს საშარდე გზების ინფექციების არსებობა-არარსებობა და სხვა.

მკურნალობა

დეჰიდრატაციის მკურნალობის ერთადერთი გზა სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის ანაზღაურებაა, საჭიროების შემთხვევაში კი დიარეის ან ღებინების გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.

დიარეით, ღებინებით ან ცხელებით გამოწვეული მსუბუქი და ზომიერი დეჰიდრატაციის დროს ზრდასრულთა უმეტესობას წყლის ან სხვა სითხის მიღებაც ჰყოფნის. გასათვალისწინებელია, რომ ხილის წვენებმა და გამაგრილებელმა სასმელებმა დიარეა შესაძლოა გააძლიეროს.

თუ ადამიანმა ელექტროლიტებიც დაკარგა, მათი მარაგის შესავსებად უნდა მიიღოს ელექტროლიტების შემცველი დაბალშაქრიანი სპორტული სასმელი ან სარეჰიდრატაციო ხსნარი (ასეთი ხსნარები აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება). თუ ამ საშუალებებზე იმწუთას ხელი არ მიგიწვდებათ, ერთ ლიტრ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ექვსი ჩაის კოვზი შაქარი და ის დალიეთ.

ბავშვებსა და ხანდაზმულებს დეჰიდრატაციის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ უნდა დავუწყოთ მკურნალობა.

ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებსაც გაუწყლოება დიარეის, ღებინების ან მაღალი სიცხის გამო დაემართათ, სარეჰიდრატაციო ხსნარი უნდა დაალევინოთ. მიცემა დაიწყეთ ერთი ჩაის კოვზით (5 მლ) ხუთ წუთში ერთხელ და დოზა თანდათან გაზარდეთ. შესაძლოა, უფრო მოხერხებული იყოს პირში შპრიცით ჩასხმა. შედარებით მოზრდილ ბავშვებს შეგიძლიათ მისცეთ წყალში 1`1 თანაფარდობით განზავებული ელექტროლიტების შემცველი სპორტული სასმელიც.

ძლიერი რეჰიდრატაციის დროს ადამიანს შესაძლოა კლინიკაში გადაყვანა და ელექტროლიტების შემცველი ხსნარის ინტრავენური გადასხმა დასჭირდეს. ამ გზით შეყვანილი ელექტროლიტები და წყალი სწრაფად ავსებს დაკარგულ მარაგს და პაციენტიც მალევე გამოკეთდება.

პრევენცია

დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ყოველდღე სვით საკმარისი წყალი და მიირთვით ხილ-ბოსტნეული – ისინი წყლის უხვი შემცველობით გამოირჩევა. სითხის სადღეღამისო ნორმა ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია – ასაკზე, სქესზე, საცხოვრებელ ადგილზე, ამინდზე, დატვირთვასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება წყურვილის გრძნობას დაეყრდნოს, მათთვის კი, ვინც ავადაა რამით, უმჯობესია, დღე-ღამის განმავლობაში მისაღები სითხის ოდენობა ექიმმა განსაზღვროს. ზრდასრულ მამაკაცს საშუალოდ 2.5-3.7 ლიტრი წყალი სჭირდება, ხოლო ზრდასრულ ქალს – 2-2.7 ლიტრი. ოღონდ ამ ოდენობაში შედის არა მხოლოდ სუფთა სახით, არამედ საკვებიდან მიღებული წყალიც.

ერიდეთ შაქრისა და კოფეინის შემცველ სასმელებს, რადგან ისინი შარდის გამოყოფას ზრდიან.

თუ ბავშვს ღებინება ან დიარეა აქვს, ნუ დაელოდებით დეჰიდრატაციას, დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიეცით წყალი  ან დასალევი სარეჰიდრატაციო ხსნარი.

ღია ცის ქვეშ ცხელ ან ნოტიო ამინდში მუშაობისა თუ ვარჯიშის დროს სითხის დონის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა გრილი წყალი. შეიძლება გამოგადგეთ სპორტული სასმელებიც, რომლებიც ელექტროლიტებს და ნახშირწყლებს შეიცავს. ძლიერ ინტენსიური ვარჯიშის დაწყებამდე უმჯობესია, სითხის ადეკვატური მიღება ერთი დღით ადრე დაიწყოთ. ბევრი და გამჭვირვალე შარდი იმაზე მიუთითებს, რომ სხეული კარგად გაქვთ დატენიანებული. სითხის მიღება არ შეწყვიტოთ არც დატვირთვის დროს და არც შემდეგ.

ცხელ და ნოტიო ამინდში, თუნდაც არ ვარჯიშობდეთ, სვით მეტი სითხე. ეს სხეულის ტემპერატურის დაქვეითებაში დაგეხმარებათ და შეავსებს ოფლით დაკარგული სითხის მარაგს. შესაძლოა სითხის დამატებითი მიღება დაგჭირდეთ ცივ მშრალ ამინდშიც, რათა დააბალანსოთ ტენის კარგვა, განსაკუთრებით - დიდ სიმაღლეზე ყოფნისას.

სიცხეში გრილად ჩაიცვით და, თუ შესაძლებელია, მოერიდეთ სიცხის პირდაპირ წყაროს.

როცა ავად ხართ, სვით უფრო მეტი სითხე. ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულებს, რომლებიც ხშირად განიცდიან დეჰიდრატაციას გრიპის, ბრონქიტის, თუნდაც შარდის ბუშტის ინფექციის დროს.

ჭარბი წყალი

წყლის სმა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ, საკმარისი სითხე მიიღოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ. ჰიპერჰიდრატაცია, წყლის სიჭარბე, ორგანიზმისთვის იმდენადვეა საშიში, რამდენადაც მისი ნაკლებობა. ჭარბმა წყალმა შესაძლოა სისხლში ნატრიუმი გააზავოს და მისი ნაკლებობა – ჰიპონატრიემია გამოიწვიოს. ეს ელემენტი კი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედებში სითხის ბალანსის შენარჩუნებაში – ნატრიუმის ნაკლებობისას მათში წყლის შემცველობა იმატებს და უჯრედები შუპდება. ჰიპონატრიემიის ნიშნებია გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დრო-სივრცეში დეზორიენტაცია, უენერგიობა, ძილიანობა, დაღლილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, კუნთების სისუსტე, სპაზმი, კრამპი,  კრუნჩხვა. შესაძლოა, კომაც კი განვითარდეს.

ასე რომ, ინტენსიური დატვირთვისას დალიეთ მხოლოდ იმდენი სითხე, რამდენსაც ოფლიანობის გამო კარგავთ. მიენდეთ წყურვილის გრძნობას. ექიმის რეკომენდაციით, ამ დროს შეგიძლიათ სვათ ელექტროლიტების შემცველი სპორტული სასმელიც.

საზოგადოდ, წყურვილი და შარდის ფერი, როგორც წესი, საუკეთესოდ მიუთითებს იმაზე, რამდენი წყალი გჭირდებათ. თუ არ გწყურიათ და შარდი ბაცი ყვითელია, სავარაუდოდ, საკმარის წყალს იღებთ.

თუ შარდი ხშირად არის გამჭვირვალე, ეს იმის ნიშანია, რომ მოკლე ხნის განმავლობაში ბევრ წყალს სვამთ. ამაზევე მიუთითებს შარდვის გახშირება. ჯანმრთელი ადამიანი დღის განმავლობაში ექვს-რვაჯერ უნდა შარდავდეს, თუმცა ათამდეც დასაშვებია მათთვის, ვინც იღებს საკმარის წყალს ან რეგულარულად სვამს კოფეინიან თუ ალკოჰოლიან სასმელებს.

 ***

ქრონიკული დეჰიდრატაცია

ბევრს არ აქვს საკმარისი სითხის მიღების ჩვევა, რამაც შესაძლოა ქრონიკულ დეჰიდრატაციამდე მიიყვანოს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და მძიმე შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს.

მნიშვნელოვანია მოზრდილებსა და ბავშვებში დეჰიდრატაციის  ნიშნების ცოდნა, თუმცა იგივე ნიშნები შესაძლოა სხვა პათოლოგიასაც უკავშირდებოდეს, ამიტომ ნებისმიერი მათგანის არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

1. დაღლილობა

თუ თქვენი სხეული დეჰიდრატირებულია, შესაძლოა ჩვეულებრივზე ძლიერი დაღლილობის შეგრძნება გქონდეთ. ეს იმიტომ, რომ დეჰიდრატაცია ძილის ციკლზეც მოქმედებს.

ერთმა კვლევამ, რომელშიც 26 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ხანმოკლე ძილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა არაადეკვატურ ჰიდრატაციასთან. კარგად ჰიდრატირებულ ადამიანებს უფრო მეტხანს ეძინათ, ვიდრე არაჰიდრატირებულებს.

გაუწყლოებული ადამიანი უფრო მეტად იღლება ვარჯიშის დროს, მცირდება მისი მისი ორგანიზმის გამძლეობა.

2. შარდის გამუქება და შეცოტავება

თუ საკმარის სითხეს არ სვამთ, თქვენი შარდი ჩვეულებრივზე ნაკლები და მუქი იქნება. შარდის ფერი ორგანიზმის დეჰიდრატაციის ამოცნობის ერთ-ერთი საშუალებაა – ის მუქია, რადგან შარდი უფრო კონცენტრირებულია. ასეთ შარდში მეტია ნატრიუმი, შარდოვანა და ნივთიერებათა ცვლის სხვა ნარჩენი პროდუქტები.

აქვე დავაზუსტებთ: არც მეტისმეტად უფერული, თითქმის წყალივით შარდია კარგი. მისი იდეალური ფერია ღია ყვითელი, ღია ჩალის ფერი.

გაითვალისწინეთ, რომ შარდის ფერზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, ზოგიერთმა მედიკამენტმა თუ დანამატმა (თუნდაც B ჯგუფის ვიტამინების შემცველმა) მას შესაძლოა მკვეთრი ყვითელი შეფერილობა მისცეს.

3. კანის სიმშრალე, კანის ელასტიკურობის დაქვეითება, ტუჩების დაშაშვრა

დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია კანისა და ტუჩების სიმშრალე და კანის ელასტიკურობის დაქვეითება.

კანის სიმშრალეს, პირის სიმშრალეს, ტუჩების დახეთქვას უჩივით? – შესაძლოა, ამ ყველაფერში დეჰიდრატაციას მიუძღოდეს ბრალი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ჩამოთვლილი ნიშნები ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე მიუთითებდეს, ამიტომ თუ ეს სიმპტომები მაშინაც გაწუხებთ, როდესაც საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ, მათი ნამდვილი მიზეზია დასადგენი.

ადამიანის ჰიდრატაციის სტატუსის შესაფასებლად ექიმები ხშირად იყენებენ კანის ტურგორის ტესტს – პაციენტის ხელზე ან მუცელზე ორი თითით მოჭმუჭნიან კანს და აკვირდებიან, რამდენ ხანში გაიშლება. დატენიანებული კანი მეყსეულად უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, ხოლო გამომშრალი კანი – შედარებით ნელა.

კანის ტურგორის დაქვეითება ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციის ნიშანია.

4. თავის ტკივილი

როდესაც საკმარის სითხეს არ იღებთ, შესაძლოა გაგიხშირდეთ თავის ტკივილი, თუმცა ამ დამოკიდებულების მიზეზი უცნობია.

დეჰიდრატაციის დროს თავის ტკივილი ზოგიერთს სხვებზე ადვილად უვითარდება. არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც წყლის მოხმარების გაზრდის შემთხვევაში შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილი მცირდება.

5. თავის სიმსუბუქე და თავბრუხვევა

დეჰიდრატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის სიმსუბუქე და თავბრუხვევა, განსაკუთრებით – ფეხზე ადგომისას.

წამოდგომის ან წამოჯდომისას არტერიული წნევის დაწევას ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ეწოდება. ეს მოვლენა შესაძლოა დეჰიდრატაციის გამოც განვითარდეს და განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში, რომლებსაც დეჰიდრატაციისა და ჰიპოვოლემიის, სისხლის მოცულობის შემცირების, უფრო მაღალი რისკი აქვთ.

მძიმე დეჰიდრატაციამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გონების დაკარგვაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით – ხანდაზმულებში.

6. გულისცემის აჩქარება

დეჰიდრატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის ფრიალი, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა. ამის მიზეზია სითხის უკმარისობის გავლენა სისხლძარღვების ფუნქციაზე, არტერიული წნევის რეგულაციის მექანიზმებზე. დეჰიდრატაციამ შესაძლოა ხელი შეუშალოს გულის ფუნქციობას იმ ადამიანებში, რომლებიც სიცხეში ინტენსიურად ვარჯიშობენ. ამის მიზეზია გულის წუთმოცულობის (მარცხენა პარკუჭის მიერ წუთის განმავლობაში გადატუმბული სითხის ოდენობის) შემცირება.

7. დაბალი არტერიული წნევა

არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება მხოლოდ მნიშვნელოვან გაუწყლოებას ახასიათებს. დეჰიდრატაციის დროს შემცირებულია კაპილარებში, ვენებში, არტერიებში, გულის კამერებში მოცირკულირე სისხლის რაოდენობა. ამის საკომპენსაციოდ  იმატებს გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე და  იკლებს არტერიული წნევა.

ძლიერმა დეჰიდრატაციამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დასწიოს არტერიული წნევა და შოკი და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

8. ცუდი კონცენტრაცია და ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა

სითხის უკმარისობა შესაძლოა ტვინის ფუნქციობაზეც აისახოს და კონცენტრაციის უნარი დააქვეითოს.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დეჰიდრატაცია უარყოფითად მოქმედებს ხანმოკლე მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და განწყობაზე.

ძლიერმა დეჰიდრატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა, რაც დაბნეულობით, დეზორიენტაციით და ბრაზით  გამოიხატება.

როგორ ვიქცევით

ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკულ დეჰიდრატაცია აქვთ, აუცილებლად უნდა მოუმატონ სითხის მიღებას. თუ უჩივით კანის სიმშრალეს, თავის ტკივილს, დაღლილობას და გაქვთ მუქი შარდი, სვით მეტი სითხე.

უმრავლესობას სითხის მოთხოვნილების დაკმაყოფილება წყლის სმით შეუძლია.  სხეულში სითხის მარაგს ზრდის სხვა სასმელებიც: ყავა, ჩაი, გაზიანი გამაგრილებლები, ასევე – ხილი და ბოსტნეული.

ჰიდრატაციის საჭიროება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია აქტივობის დონეზე, სხეულის წონაზე, ორსულობაზე, ძუძუთი კვებაზე, გარემოზე.

წესისამებრ, მეტი წყალი სჭირდებათ ცხელი კლიმატის ზონებში მცხოვრებ ადამიანებს, ორსულებს, მეძუძურებს, სპორტსმენებს, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შემსრულებლებს.

წყურვილის მოკვლა ორგანიზმის წყლით შევსების კარგი გზაა, თუმცა წყურვილი ჰიდრატაციის დონის საზომად არ გამოდგება. მაგალითად, სპორტსმენებს უფრო ინტენსიური ჰიდრატაცია სჭირდებათ, ხოლო ხანდაზმულებს ხშირად უსუსტდებათ წყურვილის შეგრძნება.

მიუხედავად ამისა, მედიცინის ინსტიტუტსა (IOM) და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოში (EFSA) გამოთვალეს წყლის საშუალო დღიური საჭიროება ზრდასრული ადამიანისთვის:  ქალისთვის – 2-2,7 ლიტრი, მამაკაცისთვის – 2,5-3,7 ლიტრი.

გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი დეჰიდრატაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. მისი სახლში მკურნალობა არ შეიძლება. ასეთი დეჰიდრატაციის რისკის ფაქტორებია  გახანგრძლივებული დიარეა ან ღებინება, ექსტრემალური ვარჯიში, საფაღარათო საშუალებების გამოყენება, დამწვრობა და ზოგიერთ სამედიცინო მდგომარეობა.

 ***

რატომ გვეშინია დეჰიდრატაციის

ნებაზე მიშვებულმა ორგანიზმის გაუწყლოებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვოს. რას ველოდეთ დეჰიდრატაციის შედეგად? სითბურ დაზიანებას, კრუნჩხვებს ელექტროლიტების (ნატრიუმისა და კალიუმის) დაკარგვის გამო, სისხლის მოცულობის შემცირებით გამოწვეულ შოკს (ჰიპოვოლემიური შოკი). გახანგრძლივებული დეჰიდრატაციის დროს მოსალოდნელია საშარდე გზების ინფექცია, თირკმელში კენჭების წარმოქმნა, თირკმლის უკმარისობის განვითარება. 

ჰიპოვოლემიური შოკი

ჰიპოვოლემიური შოკი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც დგება მაშინ, როდესაც სხეული სისხლის ან სითხის მარაგის 15 პროცენტზე მეტს კარგავს. სითხის დიდი დანაკარგი გულს სისხლის გადატუმბვას ურთულებს და ორგანოებს საკმარისი ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. თუ სითხის დაკარგვა გაგრძელდა, შესაძლოა ორგანოთა უკმარისობა განვითარდეს.

ჰიპოვოლემიური შოკის სიმპტომები დანაკარგის მოცულობაზეა დამოკიდებული, თუმცა ყველა მათგანი საშიშია სიცოცხლისთვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

ჰიპოვოლემიის სიმპტომებია წყურვილი, კუნთების კრუნჩხვები, არტერიული წნევის დაქვეითება ან სისხლის ცუდი მიწოდება მთელ სხეულში. შესაძლოა, აღმოცენდეს ტკივილი მუცლის ან გულმკერდის არეში, ტვინში სისხლის ნაკადის შემცირებამ გამოიწვიოს დაბნეულობა, აგზნებადობა, ძილიანობა. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულებისთვის. რაც შეეხება ბავშვებს, მათ შესაძლოა არც კი გამოუვლინდეთ შოკის სიმპტომები, სანამ შოკის შემდგომ, უფრო მწვავე სტადიას არ მიაღწევენ.

ჰიპოვოლემიური შოკის პირველ სტადიაზე ადამიანი კარგავს სისხლის მოცულობის 15 პროცენტზე ნაკლებს, დაახლოებით 750 მილილიტრს. ამ ეტაპზე არტერიული წნევა და სუნთქვა შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს, მაგრამ უეცრად დაიწყოს შფოთვა, კანი გაფერმკრთალდეს.

მეორე სტადიაზე სისხლის მოცულობის დანაკარგი 15-დან 30 პროცენტამდეა, რაც დაახლოებით 750-1500 მლ-ს უდრის. გულისცემა და სუნთქვა შესაძლოა გახშირდეს. სისტოლური არტერიული წნევა (ზედა წნევა) შესაძლოა ნორმალური დარჩეს, მაგრამ მოიმატოს დიასტოლურმა, ქვედა წნევამ, მაშასადამე შემცირდეს პულსური წნევა (ზედასა და ქვედას შორის სხვაობა).

მესამე სტადიაზე იკარგება სისხლის მოცულობის 30-40 პროცენტი, 1500-2000 მლ. არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა და ფსიქიკაში ცვლილებები შეინიშნება. გულისცემა აღემატება  წუთში 120 დარტყმას, სუნთქვა გახშირებულია, შარდის რაოდენობა –  შემცირებული.

მეოთხე სტადიაზე დაკარგულია სისხლის მოცულობის 40 პროცენტზე მეტი. მდგომარეობა კრიტიკულია. პულსური წნევა – დაბალი, პულსი – სუსტი. გული უფრო სწრაფად სცემს. ადამიანი სწრაფად და ზედაპირულად სუნთქავს, შარდი ძალიან მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფა, ტუჩები და ფრჩხილები ცისფერია, შეინიშნება დეზორიანტაცია, სისუსტე, თავბრუხვევა, ცნობიერების დაკარგვა.

სითბური დაზიანება

სიცხეში სხეული ადვილად კარგავს სითხეს. დეჰიდრატაციის, სიცხის, მაღალი ტენიანობის გამო ის ეფექტურად ვეღარ გრილდება. ასეთ დროს  შესაძლოა განვითარდეს სითბური დაზიანება – სითბური  კრუნჩხვები, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში კი სითბური გამოფიტვა და სითბური დარტყმა.

სითბური კრუნჩხვების სიმპტომებია ძლიერი ოფლიანობა, დაღლილობა, წყურვილი,  კუნთების უეცარი ტკივილი და დაჭიმულობა.

სითბური გამოფიტვა ერთბაშადაც შეიძლება გამოვლინდეს და თანდათანობითაც, ერთი ან რამდენიმე სიმპტომით: არტერიული წნევის დაქვეითებით წამოდგომის ან წამოჯდომის დროს, თავბრუხვევით, გულზიდებით, სისუსტისა და გონების დაკარგვის შეგრძნებით, გულის წასვლით, უხვი ოფლიანობით სხეულის მრავალი უბნიდან, ძლიერ სიცხეშიც კი ფერმკრთალი, ნოტიო, დახორკლილი  (ბატის კანი), გრილი ან ცივი კანით, სუსტი და აჩქარებული პულსით, თავის ტკივილით, კუნთების კრამპით.

თუ ეჭვობთ, რომ სითბური გამოფიტვა გაქვთ, შეწყვიტეთ საქმიანობა და დაისვენეთ. გადადით ჩრდილიან ან კონდიცირებულ ადგილზე, დალიეთ წყალი ან ელექტროლიტების შემცველი რომელიმე სასმელი (სპორტული სასმელი). თუ შესაძლებელია, თქვენ დაისვენეთ და სასმლის მოტანა სხვას სთხოვეთ. თუ მჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი გაცვიათ, შეიხსენით ან გაიხადეთ, მოიშორეთ მძიმე აქსესუარები, შუბლზე, მაჯებზე, კისრის უკანა მხარეს ან იღლიებში დაიდეთ ყინულის პაკეტები ან ცივ წყალში დასველებული პირსახოცები. ამ ღონისძიებათა წყალობით რამდენიმე საათში თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდებით. თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა კიდეც, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, რადგან ის შესაძლოა სითბურ დაკვრაში გადაიზარდოს.

სითბური დაკვრისას ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება სხეულის მაღალი (40° და მეტი) ტემპერატურა, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა ან ქცევა – დაბნეულობა, აჟიტირება, არეული მეტყველება, გაღიზიანება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვა, კომა. ოფლიანობა წყდება, კანი შრება და ცხელდება, ზოგჯერ წითლდება. გულისრევას შესაძლოა ღებინებაც დაერთოს. სუნთქვა სწრაფი და ზედაპირულია, პულსიც – ძლიერ მომატებული. თავში მოპულსირე ტკივილი.

სითბური დაკვრა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. უამისოდ შესაძლოა დაზიანდეს ტვინი, გული, თირკმელები და კუნთები. რაც უფრო დიდი იქნება ზიანი, მით უფრო მაღალი იქნება სერიოზული გართულებების ან სიკვდილის რისკი.

სითბური მდგომარეობების პრევენცია

ამინდს ვერ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ, სიცხის დროს სითბური ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობების რისკი შეამციროთ:

* დარჩით გრილ ადგილას, როდესაც ცხელა. ძლიერ სიცხეში, დღის ყველაზე ცხელ დროს შეგიძლიათ თავი შეაფაროთ შენობას, რომელიც გრილდება, მაგალითად, ბიბლიოთეკას, სავაჭრო ცენტრს, კინოთეატრს.

* არ დატოვოთ ბავშვი ჩაკეტილ მანქანაში, თუნდაც რამდენიმე წუთით. სალონში ტემპერატურამ შესაძლოა სწრაფად მოიმატოს.

* თუ მზეზე ბევრი სიარული გიწევთ, ატარეთ მსუბუქი და ბაცი ფერის ტანსაცმელი. მუქი ფერები შთანთქავს სითბოს, რამაც შესაძლოა ასწიოს სხეულის ტემპერატურა.

* თუ მზეზე გიწევთ ყოფნა, დაიხურეთ მსუბუქი, ფართოფარფლებიანი ქუდი. მზის სხივებისთვის თავისა და სახის არიდება სხეულის ტემპერატურის კონტროლსაც გაგიადვილებთ.

* მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება.

* სიცხეში საკმარისად სვით სითხე, რათა სხეული არ გამოგიშრეთ. დეჰიდრატაცია შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სანამ გაუწყლოების ნიშნებს შეამჩნევთ, შესაძლოა, ქსოვილები უკვე შესამჩნევად იყოს გამომშრალი. თან იქონიეთ ბოთლით წყალი და ხშირ-ხშირად სვით.

* სიცხეში ღია ცის ქვეშ მხოლოდ დილაადრიან ან შებინდებისას ივარჯიშეთ, დღის განმავლობაში კი კონდიციონერით აღჭურვილ სპორტდარბაზში ვარჯიში ჯობია.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: