პროგრესის თანმხლები დაავადება

გააზიარე:
მასზე დამოკიდებულთა რიცხვი კატასტროფული სიჩქარით იზრდება. მან არ იცის ასაკი და სქესი — ერთნაირად ითრევს როგორც 6-7 წლის ბავშვებს, ისე ზრდასრულ ქალებსა და მამაკაცებს. ეს საშიში მიდრეკილება ზოგჯერ ოჯახური ურთიერთობის ნგრევის მიზეზადაც კი ქცეულა. იქნებ მიხვდით კიდეც — გვსურს, 21-ე საუკუნის სენად წოდებულ კომპიუტერულ დამოკიდებულებაზე გესაუბროთ.

ტერმინი “კომპიუტერული დამოკიდებულება” პირველად ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიყენეს გასული საუკუნის 80-იან წლებში, უფრო სეროზულად კი ამ სენზე მსოფლიო მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც კომპიუტერული თამაშებით ფანატიკურ გატაცებას (კიბერდამოკიდებულებას) ინტერნეტმანიაც (ქსელური დამოკიდებულებაც) დაემატა.
რა იწვევს კომპიუტერულ დამოკიდებულებას?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ უპოვიათ. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კომპიუტერომანიის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისა და ინფორმაციის დამუშავების ფსიქიკური მექანიზმის დარღვევაში იმალება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის წყალობით, რომლებიც რეალურთან ზედმიწევნით მიახლოებულ ვირტუალურ გარემოს ქმნიან, ადამიანი კარგავს სინამდვილის აღქმის უნარს და თავიდან ფეხებამდე გადაეშვება ხოლმე ვირტუალურ რეალობაში. კომპიუტერულ თამაშში ხომ, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ყოველი მოქმედების შედეგი დაუყოვნებლივ ჩანს, ეს კი ისეთი პროვოკაციული ცდუნებაა სულსწრაფი ადამიანური ბუნებისთვის, რომ უარის თქმა არცთუ ადვილია.
კომპიუტერული დამოკიდებულების კიდევ ერთი მიზეზია ინტერნეტი და ვირტუალური ურთიერთობების მომხიბვლელობა. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი გაცილებით გახსნილი და გულახდილია, როდესაც ვერ ხედავენ, თუნდაც თანამოსაუბრე მისთვის სრულიად უცხო იყოს. ვირტუალური ურთიერთობის აგება გაცილებით იოლია, ვიდრე რეალურისა. ეს იმდენად მომხიბვლელი რამ არის, რომ ერთი თუ ჩაგითრია, ძნელია უარი თქვა.
ფსიქოლოგების აზრით, კომპიუტერული დამოკიდებულებით, წესისამებრ, ის ადამიანები ავადდებიან, რომლებსაც აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, უჭირთ ურთიერთობების აგება, ტანჯავთ მორცხვობა და არასრულფასოვნების კომპლექსი. კომპიუტერი (პირველ რიგში — ინტერნეტი და თამაშები) ასეთ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გაექცეს სინამდვილეს, მოახდინოს თავისი სურვილების რეალიზაცია, იგრძნოს თავი ძლიერ პიროვნებად, განიცადოს ახალი ემოციები. ვირტუალურ სამყაროში ადვილად შეიძლება შევიცვალოთ ასაკი, სახელი, გარეგნობა და ბიოგრაფია. რაც უფრო მეტი პრობლემა უჩნდება ასეთი ადამიანს რეალურ სამყაროში, მით უფრო მეტ დროს ატარებს იგი კომპიუტერთან.
კიბერდამოკიდებულება და ინტერნეტმანია სპეციალისტები კომპიუტერული დამოკიდებულების ორ ნაირსახეობას: კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებას (cyber addiction)და ინტერნეტზე დამოკიდებულებას (Internet addiction) განასხვავებენ. თითოეულ მათგანს თავისი მიზეზები, შედეგები და ასაკობრივი ჯგუფები აქვს.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულების საფრთხის შესაბამისად ფსიქოლოგები კომპიუტერული თამაშების შემდეგ კლასიფიკაციას გვთავაზობენ: 
. პირველ ადგილზე როლური (მათ შორის — სტრატეგიული) თამაშებია. სწორედ ასეთი თამაშები შეიცავს ყველაზე მეტად რეალობისგან მოწყვეტის საფრთხეს, რადგან მომხმარებელი თამაშის მთავარ გმირთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს და ყველა იმ ემოციას, რასაც მთავარი გმირი განიცდის, ასეთივე სიმძაფრით განიცდის თავად მოთამაშეც.
. მეორე ადგილი ე.წ. არკადებს (“მარიოს” ტიპის თამაშებს) უჭირავს. ეს შედარებით უსაფრთხო, სწრაფ რეაქციაზე აგებული თამაშებია, რომლებიც მალე მთავრდება. მათი სიუჟეტი აბსტრაქტულია და რეალურ ცხოვრებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
. მესამე ადგილზე სტანდარტული, სათამაშო აპარატების მაიმიტირებელი აზარტული თამაშებია, რომლებიც, მართალია, კომპიუტერულ დამოკიდებულებას არ იწვევს, მაგრამ შეიცავს საფრთხეს, მოთამაშეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულნი უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, აი, ინტერნეტდამოკიდებულება კი უპირატესად ზრდასრულთა სენია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ უმეტეს დროს ინტერნეტში პენსიონერები და დიასახლისები ატარებენ და არა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანისთვის აუცილებელია ქსელში ხშირად ყოფნა. მათ თავისუფლად შეუძლიათ, დღეში 12-14 საათი დახარჯონ სიმღერებისა თუ ფილმების გადმოწერაში, ჩათით მიმოწერაში, ფორუმზე ამა თუ იმ საკითხის განხილვაში. ისინი ისწრაფიან ახალი ვირტულური ნაცნობობისკენ, თუმცა არ ცდილობენ, ეს ურთიერთობები რელობაში გადაიტანონ. სწორედ ინტერაქტიული ვირტუალური ურთიერთობების ხიბლია ინტერნეტდამოკიდებულების წარმოშობის მთავარი კატალიზატორი. საფრთხეს ზრდის ისიც, რომ ინტერნეტი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომელმაც ინფორმაციის მიღების ჰორიზონტი მნიშვნელოვნად გააფართოვა. ნეტის საშუალებით ადამიანი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იღებს მისთვის საინტერესო უამრავ ინფორმაციას, მათ შორის ისეთსაც, რაც სხვაგვარად შესაძლოა ხელმისაწვდომი არც კი ყოფილიყო. 
როგორ ამოვიცნოთ კომპიუტერზე დამოკიდებული
ამ ერთი შეხედვით მარტივი ამოცანის ამოხსნა არცთუ ისე ადვილია. თუ კრიტერიუმად კომპიუტერთან გატარებულ დროს ავიღებთ, მაშინ დამოკიდებულად შეიძლება ჩაითვალოს ყველა პროგრამისტი. თუმცა, ცხადია, ასე არ არის. დამოკიდებული ადამიანებისგან განცხვავებით, პროგრამისტებს არ აქვთ პათოლოგიური სწრაფვა, გამუდმებით კომპიუტერთან ისხდნენ; მათ უბრალოდ სამსახურებრივი მოვალეობა აიძულებთ ამას. ამიტომ ფსიქოლოგები კომპიუტერული დამოკიდებულების გამოსავლენად უმთავრეს მნიშვნელობას სულ სხვა სიმპტომებს ანიჭებენ.
კომპიუტერული დამოკიდებულების ნიშნებია:
. კარგი განწყობა ან ეიფორია კომპიუტერთან ჯდომის დროს;
. გაღიზიანება და აგრესიულობა კომპიუტერისგან მოწყვეტის შემთხვევაში;
. დროის აღქმის უნარის დაკარგვა კომპიუტერთან ჯდომისას;
. ფინანსების უზომო ფლანგვა კომპიუტერული აქსესუარების (ან თამაშების) შესაძენად ან გასაახლებლად;
. საოჯახო საქმეების, სამსახურებრივი დავალებების, სწავლის, შეხვედრებისა და დაპირებების დავიწყება თამაშის ან ინტერნეტით სარგებლობის გამო;
. ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და ძილის უგულებელყოფა კომპიუტერთან გატარებული დროის გასახანგძლივებლად;
. შიმშილის დავიწყება ან ჭამა მონიტორთან;
. რეალური ურთიერთობების მიმართ ინტერესის დაკარგვა;
. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის ინტერესის არარსებობა;
. საუბარი მხოლოდ კომპიუტერზე, კომპიუტერზე და კიდევ ერთხელ კომპიუტერზე.
თუ თქვენს ოჯახის წევრს ან ახლობელს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიიღეთ შესაბამისი ზომები, რადგან ნებაზე მიშვებულმა კომპიუტერულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნო შედეგებამდე მიგვიყვანოს. მკვლევართა მოსაზრებით, ბავშვებს, რომლებიც კომპიუტერს ვერ სწყდებიან, უღარიბდებათ წარმოსახვა და ფანტაზია, უქვეითდებათ მეხსიერება, ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ რეალობა და ვირტუალური სამყარო, უჩნდებათ მიდრეკილება აგრესიისა და ძალადობისკენ. ამასთან, როგორც პატარებში, ისე დიდებშიც კომპიუტერულმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს:
. მხედველობის დაქვეითება (ან მშრალი თვალის სინდრომი);
. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დავადებები (ტანადობის დარღვევა);
. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (ქრონიკული ყაბზობა);
. თავის ტკივილი; 
. უძილობა;
. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
ხშირია შემთხვევები, როდესაც კომიუტერომანიით შეპყრობილი ადამიანები ასოციალურები ხდებიან, უჭირთ ურთიერთობა რეალურ ადამიანებთან, მათ შორის — ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან, აღიზიანებთ ყველა და ყველაფერი, რამაც შეიძლება ისინი კომპიუტერს მოსწყვიტოს (მათ შორის — მეუღლე და შვილებიც კი).
როგორ დავძლიოთ პრობლემა
როცა კომპიუტერული დამოკიდებულება უკვე აშკარად ჩამოყალიბებული და მკვეთრად გამოხატულია, მის დასაძლევად აუცილებლად დაგჭირდებათ სპეციალისტთა დახმარება. ფსიქოთერაპიის, შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობისა და სოციალური რეადაპტაციის მეშვეობით კომპიუტერული დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება ნამდვილად შესაძლებელია. თუმცა უმჯობესია, საქმე აქამდე არ მიიყვანოთ და კომპიტერულ დამოკიდებულებასთან ბრძოლა მისი პირველი ნიშნების გაჩენისთანავე დაიწყოთ, რაშიც ჩვენი რეკომენდაციებიც დაგეხმარებათ.
კომპიუტერული დამოკიდებულება უმთავრესად მოზარდებს ემუქრება. ეს ხშირად დაბალი თვითშეფასების, თვითრწმენის ნაკლებობის, თვითრეალიზაციის უუნარობის ბრალია. მშობლები პირველ რიგში სწორედ ამ პრობლემათა მოგვარებას უნდა ეცადონ. შენიშვნებმა და კიცხვამ შესაძლოა პრობლემა უფრო მეტად გააღრმაოს — კრიტიკას ბავშვი მშობლების მიერ მისი ინტერესების უგულებელყოფად აღიქვამს, რაც მას გულჩათხრობილს და ზოგჯერ აგრესიულსაც კი ხდის.
თუ ბავშვს რომელიმე კომპიუტერული თამაში ზომაზე მეტად იტაცებს, თქვენც გამოიჩინეთ ინტერესი ამ თამაშის მიმართ. ეს უფრო მეტად დაგაახლოებთ შვილთან, მისი ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. შედეგად ისიც მეტად დაგიგდებთ ყურს და გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს. მშვიდად აუხსენით ბავშვს, რატომ არ არის სასარგებლო კომპიუტერით მანიაკური გატაცება.
მოზარდებისთვის აუცილებელია თვითგამოხატვა. სწორედ თვითგამოხატვის სხვა საშუალებების უქონლობის გამო მიმართავენ ისინი კომპიუტერს, ქსელურ თამაშებს, ინტერნეტს. იმისთვის, რომ ბავშვი კომპიუტერით ნაკლებად დაინტერესდეს, თავად უნდა გამოიჩინოთ ინტერესი მის მისწრაფებათა მიმართ, გაარკვიოთ, რითია გატაცებული თქვენი შვილი ვირტუალურ სამყაროში და მსგავსი გარემო რეალურ სამყაროში შეუქმნათ. მაგალითად, თუ ბავშს შემოქმედებითი ტიპის თამაშები მოსწონს, შეიყვანეთ შემოქმედებით წრეზე; თუ სპორტული თამაშებით, მაგალითად, ავტორბოლით, კრივით, ორთაბრძოლებით არის გატაცებული, შესაბამისი სპორტის სახეობა შეურჩიეთ და ა.შ.
ყოველივე ზემოთქმული იმას არ ნიშნავს, რომ თუ კომპიუტერთან თამაშით ერთობი ან სოციალურ ქსელში “ჩათაობ”, აუცილებლად ინტერნეტ- ან კიბერდამოკიდებული გახდები და ამიტომ კომპიუტერს მხოლოდ შორიდან უნდა უყურო, თუმცა არც უამისობაა. ასე რომ, თუ გსურთ, ნოუთბუქის სიყვარული ფსიქოლოგიურ დარღვევაში არ გადაგეზარდოთ, ეცადეთ, აკონტროლოთ კომპიუტერთან გატარებული საათების რაოდენობა.

გააზიარე: