ბრონქული ასთმა

გააზიარე:
ბრონქული ასთმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა. ჯანმოს მონაცემებით, იგი ავადობის მიხედვით მე-4 ადგილს იკავებს მთელ მსოფლიოში. ამჟამად ასთმა 100 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და მატების ტენდენციაც შეინიშნება. ამასთან, დაავადებულთა  მხოლოდ 10%-ია გადაცილებული 40 წელს, უმეტესობა კი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონია. 

14 წლამდე ვაჟებს უფრო დიდი აქვთ ბრონქული ასთმით დაავადების ალბათობა,  ხოლო სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან – გოგონებს. 40 წელს გადაცილებულ პაციენტებს შორის კი ქალი 2-ჯერ მეტია.


დაწვრილებით ასთმის შესახებ “ავერსის კლინიკის” ალერგოლოგი ქეთევან ალავიძე გვესაუბრება.            
– “ასთმა” ბერძნული სიტყვაა და სუნთქვის გაძნელებას, სულხუთვას ნიშნავს. ეს ტერმინი მედიცინაში პირველად ჰიპოკრატემ გამოიყენა.
ბრონქული ასთმა დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის განმეორებითი შეტევები და საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთების ფონზე.
ასთმა შეიძლება უკუგანვითარდეს – სპონტანურად ან მკურნალობის შედეგად.


– რა იწვევს ბრონქულ ასთმას?
– ბრონქული ასთმა სხვადასხვა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ფაქტორს. თუ დედას ან მამას ბრონქული ასთმა აქვს, ალბათობა, რომ შვილსაც დაემართოს, 20%-ია, ხოლო თუ ორივე მშობელია ავად, დაავადების განვითარების რისკი დაახლოებით 2-ჯერ იმატებს.
ბრონქული ასთმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს როგორც სახლში, ასევე სახლის გარეთ არსებული ალერგენები. ამ კუთხით საშიშია ცუდი საცხოვრებელი პირობები, აეროალერგენებთან ხშირი კონტაქტი, ვირუსული ინფექციები, მედიკამენტური ალერგენები, ბალიშის ბუმბული, ლეიბის მატყლი  (აუცილებელია მათი შეცვლა სინთეტიკური მასალით), კოსმეტიკა და პარფიუმერია და სხვა.
თუ ბრონქული ასთმა გარეგანი ფაქტორებით არის გამოწვეული, მას ეგზოგენურს ვუწოდებთ, ხოლო ორგანიზმისეული მიზეზებით განპირობებულს – ენდოგენურს. ეგზოგენური ასთმა ადრეულ ასაკში იწყება და ასოცირებულია რომელიმე კონკრეტულ ალერგენთან – მცენარის მტვერთან, ცხოველის ბეწვთან და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალერგენი იდენტიფიცირებულია. არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზმი უცხოდ აღიქვამს ორგანიზმშივე არსებულ რომელიმე ნივთიერებას. ეს ენდოგენური ასთმაა. ბრონქული ასთმის ეს ფორმა მოზრდილთათვის არის დამახასიათებელი. ამ შემთხვევაში ალერგენის დადგენა შეუძლებელია და დაავადება ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას. ასთმის ასეთი ფორმა უმეტესად ვირუსული ინფექციის ან ატიპური მიკროორგანიზმებით ინფიცირების შედეგად ყალიბდება.
დაავადების განვითარების რისკჯგუფში შედიან, უწინარეს ყოვლისა, გენეტიკურად განწყობილი პირები და პაციენტები, რომლებსაც რომელიმე სხვა ალერგიული დაავადება აქვთ.


– რა სიმპტომები ახასიათებს ბრონქულ ასთმას?
– ბრონქული ასთმა კლინიკურად ვლინდება ხველით, ქოშინითა და სტვენით. პაციენტს ხშირად აქვს დისკომფორტის შეგრძნება (შებოჭილობა ან სიმძიმის შეგძნება) გულმკერდის არეში, უჭირს სუნთქვა. ატიპური ასთმა მხოლოდ ხველითა და ხშირი რესპირაციული ინფექციით გამოიხატება.


– რა არის ასთმური შეტევა?
– ბრონქული ასთმის პირველი კლინიკური ნიშანია მშრალი და მტანჯველი ხველა. ამ დროს ავადმყოფი დამახასიათებელ, იძულებით პოზას იღებს (ხელებით საწოლის ან მაგიდის კიდეს ეყრდნობა ან დგება). ქოშინი ექსპირაციული ხასიათისაა ანუ გაძნელებულია ამოსუნთქვა. სუნთქვა ხშირდება. შეტევები უპირატესად ღამით ვითარდება.
მსუბუქ შეტევებს შედარებით ხანმოკლე, ადვილად შექცევადი სულხუთვა ახასიათებს.
ასთმური სტატუსი ბრონქული ასთმის უმძიმესი სტადიაა და  შეტევებით ვლინდება. შეტევები მზარდი ტოტალური ბრონქოსპაზმით არის განპირობებული. ამ დროს უმეტესად სუნთქვის მძიმე უკმარისობა ვითარდება და თუ პაციენტს დროულად არ გაეწია დახმარება, შესაძლოა შეტევა სიკვდილითაც კი დასრულდეს.


– სეზონურობა თუ ახასიათებს ბრონქულ ასთმას?
– ბრონქული ასთმა სეზონურიც შეიძლება იყოს და არასეზონურიც. სეზონური სიმპტომატიკა უკავშირდება მცენარეთა ყვავილობის პერიოდს, რაც ადრე გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება. სეზონურ სიმპტომატიკას იწვევს აგრეთვე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები და კლიმატის თავისებურებები. არასეზონური სიმპტომატიკა კი დაკავშირებულია შინაურ ცხოველებთან, ფრინველებთან, ოთახის მტვერსა და მის ტკიპებთან, მძაფრ სუნებთან, მაღალ ტენიანობასა და სხვა ალერგენებთან.


– რა მეთოდით ადგენენ ალერგენს და როგორია ამ მეთოდების ინფორმაციულობის ხარისხი?
– ალერგენის დადგენის ერთ-ერთი მეთოდია კანის დიაგნოსტიკური სინჯი, ასევე – სისხლში სპეციფიკური Ig E ანტისხეულების განსაზღვრა პანელების საშუალებით, სადაც 20-20 ალერგენი 4 პანელად არის დაჯგუფებული.
ალერგენის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს სრულყოფილ ანამნეზურ მონაცემებს, რადგან ყველა ალერგენზე სინჯის გაკეთება შეუძლებელია.
კანის სინჯის შემთხვევაში პასუხს ვიღებთ სინჯის ადგილას კანის მდგომარეობით: ამ დროს კანზე ჩნდება პაპულა ანუ კვანძი. ფასდება მისი ზომა, სიწითლე და ამის მიხედვით ისმება დიაგნოზი. განასხვავებენ მგრძნობელობის ოთხ ხარისხს: სუსტს, საშუალოს, მაღალს და ძალიან მაღალს.
კანის სინჯიც და სისხლის ანალიზიც საკმაოდ ინფორმაციულია.


–  რა ასაკიდან კეთდება კანის სინჯები?
– კანის სინჯები 2 წლიდან კეთდება, ხოლო სისხლის ანალიზისთვის ასაკი არ არის შეზღუდული.
– შესაძლებელია თუ არა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა?
– ზოგჯერ პაციენტს აქვს ესა თუ ის ალერგიული დაავადება (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი, პოლინოზი). ამ დროს დაავადებას თან ახლავს ფარულად მიმდინარე ბრონქოსპაზმი, რომელიც ნაკლებად შემაწუხებელია და სხვა სიმპტომებით არის შენიღბული. ამ შემთხვევაში პაციენტს ზოგადი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, რათა დროულად დადგინდეს ბრონქული ასთმის არსებობა-არარსებობა ან მისი განვითარების რისკი.


– როგორ ხდება საბოლოო დიაგნოსტიკა?
– ასთმის დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭნება სრულყოფილ ანამნეზს. ამ დროს სხვადასხვა საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას – სიმპტომების გამოვლენის დროზე, სიმწვავეზე, ხანგრძლივობაზე, მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, ინტენსივობაზე, ჩატარებულ მკურნალობაზე, მის ეფექტზე და სხვა.
ანამნეზთან ერთად მნიშვნელოვანია ობიექტური მონაცემები და სპირომეტრია ანუ ფილტვების გარეგანი ფუნქციის პარამეტრთა ცვლილებების შესწავლა. სპირომეტრია საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გრაფიკული რეგისტრაცია. არსებობს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის თითოეული მაჩვენებლის ნორმები ასაკის, სქესის, სიმაღლის, წონის, ეთნიკური ჯგუფის მიხედვით, რომელთანაც ხდება პაციენტის სპირომეტრიული მონაცემების  შედარება და შემდეგ შეფასება.
თანამედროვე სპირომეტრებით შეგვიძლია განვსაზღვროთ გარეგანი სუნთქვის ფუნქციის 32 პარამეტრი, რომლებიც სრულყოფილად ასახავს ფილტვების ფუნქციურ მდგომარეობას და დიდად გვეხმარება დროული, ადეკვატური მკურნალობისა და მონიტორინგის ჩატარებაში. ზოგჯერ საჭიროა შრატში საერთო Ig E ანტისხეულების განსაზღვრა. გულმკერდის რენტგენოგრამა ტარდება, თუ თანმხლებ დაავადებასაც ვეჭვობთ.


–  როგორ მკურნალობენ ბრონქულ ასთმას?
– ასთმის მკურნალობის დროს უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომლის მიზანია ასთმის სიმპტომების შემცირება, ანთებითი პროცესის შესუსტება და სასუნთქი გზების გადაგვარების პროცესის შეჩერება.
უკანასკნელ ათწლეულში ასთმის მკურნალობისადმი შემუშავდა ახალი მიდგომა: ელიმინაცია (ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა), ფარმაკოთერაპია, იმუნოთერაპია და ყოველივე ამასთან ერთად – პაციენტის განათლება და გათვითცნობიერება.
ეგზოგენური ასთმის შემთხვევაში, როდესაც ალერგენი იდენტიფიცირებულია, მიმართავენ ელიმინაციის ეფექტს. თუ ელიმინაცია შეუძლებელია – იმუნოთერაპიას, რომელის მაშინ ტარდება, როდესაც ალერგენი დადგენილია. იმუნოთერაპიის დროს დადგენილი ალერგენის სამკურნალო ფორმა აღმავალი დოზებით შეჰყავთ ორგანიზმში. ეს ხანგრძლივი პროცესია, შესაძლოა წელიწადზე მეტხანსაც გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ორ კვირაში ერთხელ უნდა ეწვიოს ექიმს. ეფექტი საკმაოდ კარგია, თუმცა ესეც ბრონქული ასთმის სტადიაზეა დამოკიდებული. მძიმედ მიმდინარე ასთმის დროს იმუნოთერაპია არ ტარდება.
ფარმაკოთერაპია გულისხმობს ანტიალერგიულ, ანტიანთებით, ბრონქოდილატაციურ (გამაფართოებელ) და საფეხურებრივ მკურნალობას (კორტიკოსტეროიდები, ბეტა-აგონისტები, ლეიკოტრიენების ანტაგონისტები და სხვა) სიმპტომების მიხედვით.


– რა გზით არის შესაძლებელი ბრონქული ასთმის თავიდან აცილება?
– ბრონქული ასთმის პრევენცია გულისხმობს გენეტიკურად განწყობილ, ატოპიური და ალერგიული დაავადებების მქონე პირთა რეგისტრაციასა  და განათლებას. ამ პირებმა თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომის გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.


– რას გვირჩევთ ჩვენ და ჩვენს მკითხველებს?
– კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბრონქული ასთმის ოპტიმალური მართვისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტისა და ექიმის ერთობლივ, შეთანმებულ მოქმედებას. პაციენტს უნდა ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია თავისი დაავადების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს, ადვილად გადაიტანოს გამწვავების პერიოდები. აუცილებელია რაციონიდან იმ საკვების ამოღება, რომელსაც შეუძლია, ასთმა გაამწვაოს, შეტევა გამოიწვიოს. ასეთია ციტრუსები, თაფლი, შოკოლადი, ნიგოზი და სხვა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვა და ემოციური სტრესი პროვოცირებას უწევს ასთმის შეტევებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მავნე ჩვევების (ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა) უარყოფას, სპორტულ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს, რაც სიცოცხლის ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


როცა ექიმთან მიდიხარ
ასთმა გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ ხიხინი, ხველა, შექცევადი ბრონქიტი ან ქოშინი. ამ დაავადების განვითარება მრავალ ფაქტორს უკავშირდება. ერთსა და იმავე პაციენტთანაც კი მას, ჩვეულებრივ, ორი ან მეტი მიზეზი აქვს.
როდესაც საქმე ჩვილებს ეხება, საყურადღებოა დამატებითი ფაქტორები. ამ ასაკში ასთმის სიმპტომებს რამდენიმე მიზეზი იწვევს და ზოგიერთი მათგანი სრულიად განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს.
ბავშვებში ასთმა უმთავრესად ორი მიზეზით – გაციებითა და ალერგენებისადმი მომატებული მგრძნობელობით არის განპირობებული. მოზრდილ ასაკში ალერგენები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. აქედან გამომდინარე, ასთმიან ბავშვს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ალერგიული შეფასება, რათა სწორად დაისვას დიაგნოზი და სათანადოდ იმართოს დაავადება. უნდა გახსოვდეთ, რომ ალერგენებისგან თავდაცვა, მათთან შესაძლო კონტაქტისგან თავის არიდება საგრძნობლად გააუმჯობესებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მართვა
ასთმის მართვისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის და რა პრობლემის წინაშე გაყენებთ ასთმა, როგორ შეიძლება ზოგიერთი ალერგენისგან თავის დაცვა და როგორ გამოიყენოთ წამლები.
გაითვალისწინეთ: სხვისი გამოცდილება არ გამოგადგებათ, რადგან თქვენი შვილისთვის ასთმის მიზეზი შესაძლოა სრულიად სხვა რამ იყოს და, აქედან გამომდინარე, მკურნალობაც სხვა ბავშვისას არაფრით ჰგავდეს.
ალერგოლოგი თქვენი დახმარებით შეადგენს ასთმის მართვის გეგმას, რომელიც უმჯობესია გააცნოთ ყველას, ვისაც კი თქვენი შვილის მეთვალყურეობა უწევს. ეს გეგმა ითვალისწინებს, რა მედიკამენტები უნდა მისცეთ ბავშვს, როდის და რამდენით უნდა გაიზარდოს წამლის დოზა, საჭიროების შემთხვევაში რა პრეპარატი დაემატოს ან როდის დაურეკოთ მკურნალ ექიმს.
ყველაზე ხშირად მშობლებს აინტერესებთ:
. დაამარცხებს თუ არა ჩემი შვილი ასთმას?
იმ  ჩვილების უმეტესობას, რომლებსაც ვირუსული ინფექციის დროს მსტვენი სუნთქვა უყალიბდებათ, ზრდასთან ერთად ეს პრობლემა ეხსნებათ. თუ თქვენს შვილს აქვს ატოპიური დერმატიტი ან სხვა სახის ალერგია, თუ სახლში თამბაქოს აქტიურად ეწევიან და ოჯახში არსებობს ასთმის მძიმე ანამნეზი, დიდია ალბათობა, ასთმის სიმპტომები გაგრძელდეს.
იკურნება თუ არა ასთმა?
ჯერჯერობით მიიჩნევა, რომ ასთმისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, თუმცა ბავშვებსა და მოზარდებში უმეტესად შესაძლებელია მისი სრული კონტროლი, – რა თქმა უნდა, სწორი დიაგნოზის საფუძველზე, პაციენტის სრულყოფილი ინფორმირებითა და სათანადო მკურნალობით.
შეიძლება თუ არა ვარჯიში
როდესაც ასთმა კონტროლდება და იმართება, ვარჯიში პაციენტის ცხოვრების წესად უნდა იქცეს. ბავშვმა შეიძლება სპორტსაც მისდიოს – მძლეოსნობას, ცურვას... მრავალ წარმატებულ სპორტსმენს ასთმა ჰქონდა.
როგორ ვაკონტროლოთ სიმპტომები სკოლაში
მშობელი, მთელი ოჯახი, ექიმი და სკოლა უნდა თანამშრომლობდნენ, რათა ასთმის შეტევა თავიდან აიცილონ. ამისთვის ექიმის მიერ შედგენილი გეგმა გააცანით სკოლაში ბავშვის მეთვალყურეს (მასწავლებელს, ექთანს). სასკოლო ასაკის ბავშვმა შეიძლება თან ატაროს ექიმის მიერ დანიშნული დოზირებული ინჰალატორი და საჭიროების დროს გამოიყენოს.
***
მოდი, მოვემზადოთ – კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რა უნდა ვკითხოთ ექიმს ასთმის შესახებ:
. ასთმით არის თუ არა გამოწვეული სუნთქვის გართულება, ჩემს შვილს რომ აწუხებს?
. სხვა რა შეიძლება იყოს ამ სიმპტომების მიზეზი?
. რა გამოკვლევები სჭირდება ბავშვს?
. ასეთი მდგომარეობა ჩემი შვილისთვის დროებითია თუ ქრონიკული?
. ასთმისას როგორი მკურნალობა მიიჩნევა საუკეთესოდ?
. თქვენ მიერ შემოთავაზებული მიდგომის რა ალტერნატივა არსებობს?
. სად ჯობს დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება – ინტერნეტში თუ ნაბეჭდ ბროშურებში?
თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც გაქვთ, ექიმს ასევე ეკითხებით, როგორ მართოთ ორივე დაავადება ერთდროულად და უნდა მიმართოთ თუ არა ამის გამო სხვა სპეცილისტსაც.
ექიმს აინტერესებს:
. დაავადების ზუსტი სიმპტომები – რით ვლინდება, პირველად როდის შეამჩნიეთ და რამდენად მწვავეა ისინი;
. როდის შეინიშნება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები – უმეტესად, მხოლოდ განსაზღვრულ დროს თუ მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციაში;
. აქვს თუ არა თქვენს შვილს რაიმე სახის ალერგია, მაგალითად, ატოპიური დერმატიტი ან ალერგიული რინიტი;
. რას უკავშირებთ ხოლმე მდგომარეობის გაუმჯობესებას;
. აქვთ თუ არა ალერგია ან ასთმა ოჯახის სხვა წევრებს;
. ხომ არ აქვს თქვენს შვილს სხვა ქრონიკული დაავადება.
ნაჩქარევად ნუ დაუსვამთ შვილს ასთმის დაიგნოზს, რადგან მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს რინიტმა, სინუსიტმა, გასტროეზოფაგურმა რეფლუქსმა, სასუნთქი გზების პათოლოგიებმა, სახმო იოგის დისფუნქციამ, რესპირატორული ტრაქტის ინფექციებმა (ბრონქიოლიტი და სხვა). ჯობს საქმის კურსში ჩააყენოთ ექიმი და მის დიაგნოზსა და მკურნალობას დაეყრდნოთ.

გააზიარე: