რთული გადაწყვეტილება
გააზიარე:
ასეა თუ ისე, ამჯერად აბორტის ავ-კარგის განხილვას არ ვაპირებთ. არც მის სასარგებლო თუ საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანას. მხოლოდ ამ მანიპულაციის არსზე გესაუბრებით.
მაინც რატომ
აბორტი ორსულობის ნაადრევი შეწყვეტაა. ზოგჯერ ეს თავისთავად ხდება. ამ შემთხვევაში სპონტანურ აბორტზე, უბრალო ენით – მუცლის მოშლაზე საუბრობენ. ზოგჯერკი ქალი თავად გადაწყვეტს ორსულობის შეწყვეტას და ამისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს. აქ მას ნაყოფის მოსაშორებლად სპეციალურ მედიკამენტს აძლევენ ან ქირურგიულ მანიპულაციას უტარებენ.
ზოგჯერ ქალი იძულებულია, მიმართოს ინდუცირებულ (ხელოვნურად გამოწვეულ) აბორტს. ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად სამედიცინო ჩვენება უდევს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირად – ნაყოფის თანდაყოლილი მძიმე პათოლოგია, მრავლობითი ნაკლოვანება, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყოს. გარდა ამისა, არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, ნაყოფი ატაროს. იმ დაავადებების ნუსხა, რომელთა დროსაც საკითხი დედის სასარგებლოდ წყდება, არ არსებობს; ექიმი ამას მისი ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით წყვეტს. მაგალითად, შესაძლოა, გულის მძიმე მანკით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებული ქალისთვის ორსულობა სარისკო იყოს, მაგრამ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა საშუალებას იძლეოდეს, აქტიური ზედამხედველობით ორსულობა შვიდ თვემდე მაინც მივიყვანოთ. სიმსივნური პროცესის დროს, რომელიც სწრაფად პროგრესირებს დაორსულების შემდეგ, აბორტი ნაჩვენებია, მაგრამ ისეთი პათოლოგია, როგორიც არის აივ ინფექცია`შიდსია, დიდი ხანია აბორტის ჩვენებად აღარ მიიჩნევა – თუ ქალმა ორსულობის პერიოდში რეგულარულად მიიღო მედიკამენტები, ნაყოფის ინფიცირების ალბათობა მცირეა.
კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ქალს ნაყოფზე უარის თქმა აიძულებს, სქესობრივი ძალადობაა. ეს იმდენად მძიმე დაღს ასვამს ქალის ფსიქიკას, რომ მას ნაყოფის მუცლით ტარება შეუძლებლად მიაჩნია.
მედიკამენტური ჩარევა
მედიკამენტური აბორტი ორსულობის საწყის ეტაპზე ტარდება, როგორც წესი, მე-9 კვირამდე. რაც უფრო ადრე მიიღებს ქალი წამალს, მით უფრო იოლად გამოძევდება ემბრიონი საშვილოსნოდან.
მედიკამენტური აბორტისთვის უმეტესად მიფეპრისტონს იყენებენ, რომელიც პროგესტერონის – ნაყოფის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ჰორმონის – გამომუშავებას ბლოკავს. გარდა ამისა, მიფეპრისტონი ისე ძლიერ ათხელებს საშვილოსნოს ამომფენ შრეს, რომ ეს უკანასკნელი ნაყოფის შეკავებას ვეღარ ახერხებს.
მედიკამენტური აბორტი ექიმის თანდასწრებით ტარდება. ყოველ შემთხვევაში, პირველი მედიკამენტი ქალმა უთუოდ ასე უნდა მიიღოს. მეორე წამლის, მიზოპროსტოლის მიღება შეIძლება როგორც ექიმის თანდასწრებით, ისე შინ. ამ წამლის ზემოქმედებით საშვილოსნო შეკუმშვას იწყებს და შიგთავსს გარეთ გამოდევნის. ამის შემდეგ სისხლდენა ორ კვირამდე გასტანს, იშვიათად – უფრო მეტ ხანსაც. აბორტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სასურველია, ქალი კვლავ ეწვიოს ექიმს, რათა მედიკამენტის ეფექტიანობაში დარწმუნდეს, ვინაიდან ისეც ხდება, რომ მედიკამენტური პროცედურა უშედეგო აღმოჩნდება ხოლმე და ქალს ქირურგიული აბორტის გაკეთება უწევს.
მედიკამენტურ აბორტს უმეტესად თან ახლავს ტკივილი, რომელიც მენსტრუაციულს ჰგავს, თუმცა მასზე ძლიერია, იშვიათად – ნაწლავთა აშლილობაც. ტკივილის გასაყუჩებლად ექიმი აცეტამონოფენს ან იბუპროფენს გირჩევთ.
ველით გართულებებს
ზემოთ აღწერილი დისკომფორტი ჩვეულებრივი მოვლენაა, უფრო მძიმედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში კი ქალმა ექიმს უნდა მიმართოს. სახიფათო ნიშნებია:
. ძლიერი სისხლდენა, რომლის დროსაც ქალს საფენის ხშირი ცვლა უხდება, საათში ორჯერ მაინც;
. სხეულის მაღალი ტემპერატურა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გასტანს;
. ტკივილი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლები ვერ აცხრობს.
მედიკამენტური აბორტის გართულებები კი ასეთია:
. არასრულყოფილი შედეგი, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს;
. ინფექცია;
. ძლიერი სისხლდენა;
. საშვილოსნოს დაზიანება.
თუ პირველი მედიკამენტის მიღების შემდეგ ქალმა უეცრად გადაწყვიტა, რომ ნაყოფის შენარჩუნება სურს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა, ბავშვი თანდაყოლილი ნაკლით დაიბადოს.
ქალს მედიკამენტური აბორტისგან თავის შეკავებას ურჩევენ, როდესაც ორსულობა 9 კვირაზე მეტი ხნისაა (ანუ უკანასკნელი მენსტრუაციიდან 9 კვირაა გასული), სპირალი აქვს ჩადგმული ან უჩივის რომელიმე სამედიცინო პრობლემას, მაგალითად, მაღალ არტერიულ წნევას, დიაბეტს, გულისა და სისხლძარღვების, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელების დაავადებას, გულყრას, ასევე მაშინაც, როდესაც ქალი სისხლის გამათხიერებელ ან ჰორმონების შემცველ მედიკამენტს იღებს. მედიკამენტური აბორტი სარისკოა მათთვისაც, ვისაც მიფეპრისტინზე ან მიზოპროსტოლზე ალერგია აღენიშნება, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად კი – მწეველი ქალებისთვისაც.
მედიკამენტური აბორტისთვის ყველაზე ხშირად მიფეპრისტონისა და მიზოპროსტოლის დასალევ ფორმებს იყენებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, მეორე მედიკამენტი ვაგინალურად მოთავსდეს. ისიც შეიძლება, მიფეპრისტონის ნაცვლად მეტოტრექსატის ინექცია გამოიყენონ და მიზოპროსტოლი ვაგინალურად მოათავსონ. ძალიან იშვიათად მხოლოდ ვაგინალურ მიზოპროსტოლს მიმართავენ, თუმცა ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურია.
ქირურგიული მეთოდი
ქირურგიული აბორტი ორგვარი მეთოდით ტარდება: მანუალური ვაკუუმასპირაციით და დილატაციითა და ევაკუაციით. პირველს ორსულობის მე-12 კვირამდე მიმართავენ, მეორეს – მეცამეტე კვირამდე ორსულობის პირველი თვის შემდეგ. ორივე ტიპის აბორტი სპეციალური ხელსაწყოებით და ანესთეზიით ტარდება. ანესთეზია ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. ორივე შემთხვევაში საშოში იდგმება დილატატორი და მილი, რომლის საშუალებითაც საშვილოსნოს შიგთავსი გარეთ იდევნება.
ქირურგიული აბორტი ისეთსავე ძლიერ დისკომფორტს იწვევს, როგორსაც მედიკამენტური და ტკივილის დასაამებლად ქალს იბუპროფენს ან რომელიმე სხვა ტკივილგამაყუჩებელს ურჩევენ. სისხლდენა შესაძლოა უფრო ხანმოკლე იყოს, ვიდრე მედიკამენტური აბორტის შემდეგ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, პერიოდულად შესუსტდეს და კვლავ გაძლიერდეს.
ქირურგიული აბორტი უფრო ეფექტურია, ვიდრე მედიკამენტური – ის თითქმის 100%-იან შედეგს იძლევა.
***
აბორტი, მედიკამენტურიც და ქირურგიულიც, უსაფრთხოა, თუ სპეციალისტი მას სათანადო პირობებში ჩაატარებს. ამ შემთხვევაში გართულება იშვიათად იჩენს თავს და არც განაყოფიერების უნარი მცირდება. აბორტი ქალის ფსიქიკას გაცილებით მძიმე დაღს ასვამს, ვიდრე მის სხეულს, თუმცა რომელი უფრო იოლი განსაკურნებელია, დაე, ქალმა თავად გადაწყვიტოს. მაშინაც კი, როდესაც აბორტი, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, გარდაუვალია, გადაწყვეტილების მიღებას უდიდესი სირთულე ახლავს თან. ამ რთულ ვითარებაში დიდი შვებაა, როდესაც ქალმა ის მაინც იცის, რომ პროცედურას მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ჩაატარებს, რაც თავიდან ააცილებს გართულებებს და სამომავლოდ შვილის გაჩენას არ შეუშლის ხელს.