ბოტულიზმი – ფარული საფრთხე

გააზიარე:
ბოტულიზმი იშვიათი, მაგრამ ძალიან საშიში დაავადებაა. მისი გამომწვევი ბაქტერია გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და სხვადასხვა ორგანოს დამბლას იწვევს. ბოტულიზმის მთავარი წყარო სახლის პირობებში დამზადებული კონსერვებია, ზაფხული კი სწორედ ის დროა, როცა დიასახლისები საზამთრო მარაგის სამზადისს იწყებენ, ამიტომ გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ კონსერვის ქილებში ჩასაფრებული საფრთხე.

ბოტულიზმის შესახებ მედიცინის დოქტორი, სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო მიმართულებით, პროფესორი მარინა გიორგობიანი გვესაუბრება.
– ცნობილია ბოტულიზმის სამი სახეობა: საკვებისმიერი, ჭრილობისა და ჩვილ ბავშვთა. ჭრილობის ბოტულიზმი ვითარდება მაშინ, როცა მისი სპორები ჭრილობაში მოხვდება. ბოლო ხანს მრავალ ქვეყანაში აღირიცხა ე. წ. ნარკომანთა ბოტულიზმის შემთხვევები, რომელიც უმთავრესად მათ ემართებათ, ვინც ნარკოტიკს კანქვეშ იკეთებს. ასე რომ, ეს ფორმა ფაქტობრივად ჭრილობის ბოტულიზმის ნაირსახეობაა. ნაჩხვლეტი სწრაფად იხურება და კანქვეშ მოხვედრილ სპორას გამრავლებისთვის საუკეთესო პირობები ხვდება.
ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმს ბავშვის ნაწლავებში საკვებთან ერთად მოხვედრილი სპორები იწვევს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა და ნაწლავური ფლორა ამა თუ იმ მიზეზით ხშირად ირღვევა, რაც ბოტულიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამ დროს ბავშვი ტირის ჩახლეჩილი ხმით, ვერ წოვს და ვერ იჭერს თავს. ექსპერტთა ვარაუდით, ბოტულიზმის ეს ფორმა შესაძლოა განვითარდეს, თუ წლამდე ასაკის ბავშვმა თაფლი შეჭამა. ასე რომ, ახალშობილთა ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, მათთვის თაფლის მიცემა აიკრძალოს. საქართველოში უმთავრესად საკვებისმიერი ბოტულიზმი გვხვდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოტულიზმით ავადობის მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა –წელიწადში 10-40 კაცი ავადდება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენში ძალზე გავრცელებულია შინაური კონსერვების დამზადება და მოხმარება. ბოტულიზმის გამომწვევია ბაქტერია ბოტულიზმის კლოსტრიდია – Clostridium botulinum რომელიც უჟანგბადო გარემოში მრავლდება. იგი გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. კლოსტრიდია ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში ბინადრობს. გარემოში (ნიადაგში) იგი წარმოქმნის სპორებს – ძალზე გამძლე ფორმებს, რომლებიც საათობით დუღილს უძლებენ. მათი ინაქტივაციისთვის საჭიროა 120 °C-ზე მაღალი ტემპერატურა.
დაავადება რომ განვითარდეს, ნიადაგთან ერთად საკვებზე მოხვედრილი სპორა უნდა გარდაიქმნას ვეგეტაციურ ანუ ცხოველმყოფელ ფორმად და გამრავლების კვალდაკვალ წარმოქმნას ტოქსინი, რომელიც საკვებში დაგროვდება. ამისთვის საჭიროა განსაკუთრებული, უჟანგბადო გარემო, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში და სხვა.
საჭმლის მონელებელ ტრაქტში მოხვედრილი ბოტულოტოქსინი ფერმენტების ზემოქმედებით არ იშლება; იგი შეიწოვება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანიდან და სისხლით მთელ ორგანიზმში ვრცელდება.
ბოტულოტოქსინი არჩევითად აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს კუნთების დამბლას, ხახის, ხორხის, სასუნთქი კუნთების დამბლა კი ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევას განაპირობებს.
ბოტულიზმს აქვს საინკუბაციო ანუ ფარული პერიოდი, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. რაც უფრო დიდია მიღებული შხამის დოზა, მით უფრო მალე ვლინდება და მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.
სიმპტომები თავდაპირველად სუსტია, მერე და მერე კი ძლიერდება. ბოტულიზმი არ ტოვებს იმუნიტეტს, ან ტოვებს ძალიან სუსტს, ამიტომ ადამიანი შესაძლოა რამდენჯერმეც დაავადდეს.
ცნობილია ბოტულიზმის გამომწვევის შვიდი ტიპი. ამათგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია A, B და E. A ტიპის ბოტულიზმი დაკავშირებულია მცენარეული სურსათის კონსერვებთან (სოკო, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო და სხვა), B ტიპისა – უფრო ხორცის პროდუქტებთან (შებოლილი ძეხვი, ლორი), ხოლო E ტიპისა – თევზეულთან. A და E გაცილებით საშიშია, ვიდრე B. იმისდა მიხედვით, რამდენად შეუძლია მაღალ ტემპერატურას შხამის განადგურება, გამომწვევებს ყოფენ თერმოლაბილურებად (მაღალი ტემპერატურისადმი არაგამძლედ) და თერმოსტაბილურებად (მაღალი ტემპერატურისადმი გამძლედ), თუმცა ეს მოსახლეობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ფორმა საშიშია და ორივე შეიძლება მოხვდეს საკვებში.
დაავადების პირველი ნიშნები, ტოქსინის ოდენობის შესაბამისად, საკვების მიღებიდან მინიმუმ 2, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში იჩენს თავს. სიმპტომები თავდაპირველად სხეულის ზედა ნაწილში გამოვლინდება და თანდათანობით გადაინაცვლებს ქვემოთ. პირველი ნიშანია მხედველობის გაორება – დიპლოპია. შემდგომ ვითარდება ანიზოკორია (ერთი გუგა გაფართოებულია, მეორე – შევწროებული) და ბოტულიზმისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი – ზედა ქუთუთოს დაშვებაა. ამ სამი სიმპტომის არსებობა ბოტულიზმზე მიგვანიშნებს. შემდეგ ავადმყოფს უძნელდება ყლაპვა, ეხლიჩება და საერთოდ ერთმევა ხმა.
თერმოლაბილური (გაცხელებისადმი არაგამძლე) გამომწვევი დუღილის დროს შესაძლოა განადგურდეს, თერმოსტაბილური მიკრობის ტოქსინს კი მაღალი ტემპერატურაც ვერ ერევა. ვერც დამარილებით, ვერც დატკბობით თუ დამჟავებით ბოტულინის ბაქტერიას ვერ მოვსპობთ. ორგანიზმში მოხვედრილი ბოტულიზმის სპორები, თავისთავად, საშიში არ არის – ისინი ისევე გამოდის ორგანიზმიდან, როგორც შევიდა. საფრთხე გვემუქრება, თუ სპორა ისეთ საკვებში მოხვდა, რომელსაც განსაკუ
თრებულ პირობებში ამუშავებენ – ბოლავენ ან აკონსერვებენ. ამიტომ არის, რომ ბოტულიზმით უმთავრესად შებოლილი ან დაკონსერვებული პროდუქტის, განსაკუთრებით – სახლის პირობებში მომზადებული კონსერვების მიღებისას ვითარდება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ იმ ტემპერატურაზე 15-20-წუთიანი დუღილი, რომელიც სტერილიზაციის დროს იქმნება ქილაში, შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს თერმოსტაბილური ტიპის მიკრობის გასანადგურებლად. გარდა ამისა, სტერილიზაციის დროს ქილიდან გამოიდევნება ჟანგბადი, რომელიც სპორას ცხოველმყოფელ ფორმაში გადსვლის საშუალებას არ მისცემდა.
– როგორ მივხვდეთ, საშიშია თუ არა კონსერვი?

– სხვა შემთხვევაში თუ გაფუჭებულ კონსერვს იოლად ამოვიცნობთ, ბოტულოტოქსინით გაჯერებულს გარეგნულად არაფერი ეტყობა – არც ამობერილია, არც შემღვრეული, არც სუნი და ფერი აქვს შეცვლილი. ერთი სიტყვით, ვერაფრით მივხვდებით, არის თუ არა საკვები ბოტულიზმის გამოწვევის მატარებელი. ამიტომ მე, როგორც ექიმი ჰიგიენისტი, გირჩევთ თავი არიდოთ სახლის პირობებში ისეთი პროდუქტების დაკონსერვებას, რომელსაც მცირე კონტაქტი მაინც აქვს ნიადაგთან. ასეთია ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, კიტრი, ჯონჯოლი, სატაცური, საზოგადოდ, ყველაფერი, რასაც მწვანილით აზავებენ – სწორედ მწვანილთან ერთად შეიძლება მოხვდეს ქილაში ნიადაგის უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება ბოტულიზმის სპორებს შეიცავდეს. გახსნილი კონსერვის წამოდუღება ვერ გაანადგურებს ტოქსინს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ტემპერატურისადმი მდგრადია. ტემპერატურისადმი არაგამძლე ბაქტერიის გასანადგურებლად კი ერთსაათიანი დუღილი მაინც არის საჭირო; მზა საკვები რომ კიდევ ერთი საათი ვადუღოთ, მასში ვიტამინებიც განადგურდება, მინერალებიც, მიკროელემენტებიც და, საზოგადოდ, ყოველგვარი კვებითი ღირებულება დაეკარგება. უკიდურეს შემთხვევაში, გამოვიყენოთ პროდუქტის შენახვის სხვა ტექნოლოგიური მეთოდები, სტერილიზაციას კი ყველანაირად ვერიდოთ. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ზამთარშიც შეიძლება მოვიძიოთ ბაზარზე ხილ-ბოსტნეული, თუნდაც ვაშლი, კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ლობიო, ბარდა, და სრულფასოვანი, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები მივირთვათ.
არანაკლებ საშიში შებოლილი პროდუქტი: თევზი, ძეხვი, ხორცი და სულგუნიც კი. შებოლვის დროს წარმოიქმნება აპკი, რომელიც უჟანგბადო არეს ქმნის, ასეთ არეში კი, როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, ბოტულინუსის სპორა ცხოველმყოფელ ფორმაში გადადის და ტოქსინის გამომუშავებას იწყებს. ცხადია, ყველა შებოლილი პროდუქტი არ არის საშიში; საშიშია მხოლოდ ის სურსათი, რომელიც არაჰიგიენურ პირობებშია დამზადებული.

– როგორ მოვიქცეთ, რომ საკვებში ბოტულიზმის გამომწვევი არ მოხვდეს?
– პროდუქტის მომზადების ყველა დონეზე – დაკვლისას, დამუშავებისას, რეცხვისას – ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, რათა საკვებს ნიადაგის მცირე ნაწილაკიც კი არ შეჰყვეს, მზა ნაწარმის შეძენისას კი თავი ვარიდოთ პროდუქტს, თუ მისი ჰიგიენურ პირობებში დამზადება ოდნავ მაინც არის საეჭვო.
– რა შეიძლება გაკეთდეს ბოტულიზმის სიმპტომების შემჩნევისას სახლის პირობებში და რა შემთხვევაშია აუცილებელი პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა?
– ექიმის მოსვლამდე მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა და გამწმენდი ოყნა, მაგრამ სახლის პირობებში ბოტულიზმის მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს. ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში და ჩაუტარდეს მკურნალობა ანტიბოტულინური პოლივალენტური შრატით, რომელიც ყველა ტიპის გამომწვევზე მოქმედებს. შრატი უნდა გაუკეთდეთ მათაც, ვინც არაფერს უჩივის, მაგრამ იგივე საკვები მიირთვა, რაც პაციენტმა. საავადმყოფოში იკვლევენ სპეციფიკურ რეაქციებს, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ან გამოირიცხება ბოტულიზმის დიაგნოზი. პარალელურად ტარდება განავლისა და პირნაღები მასების გამოკვლევა გამომწვევის ტიპის და
სადგენად და როცა ეს გაირკვევა, პოლივალენტური შრატი იცვლება მონოვალენტური, ანუ ზუსტად იმ ტიპის გამომწვევისადმი მიმართული შრატით.
თუ ოჯახის რომელიმე წევრს მოწამვლის ნიშნები გამოაჩნდა და საეჭვო საკვები ჯერ კიდევ გაქვთ, შეინახეთ იგი ექიმის მოსვლამდე – მისი ბაქტერიოლოგიური ანალიზი საჭიროა დაავადების უშუალო გამომწვევის დასადგენად.
დროული დიაგნოზი და მკურნალობა ადამიანის გადარჩენის საწინდარია.
მარი ზაზაშვილი

გააზიარე: