მშობლები ტელევიზორის წინააღმდეგ
გააზიარე:
ტელევიზორი ასეთ დროს, ერთი შეხედვით, ფასდაუდებელი ნივთია – მისცემ ბავშვს ხელში მართვის პულტს და მიხედავ შენს საქმეებს ერთი-ორი საათით, ან სულაც განუსაზღვრელი დროით. ნაცადი ხერხია – ტელევიზორი აუცილებლად შეიქცევს ბავშვს და ზედმეტ ხმაურსა და ცელქობასაც აღკვეთს. რატომ არ ღირს, ამ კომფორტის მიუხედავად, ტელევიზორის წინ შვილის დასკუპება და რა გავლენას ახდენს ცისფერი ეკრანი ბავშვზე, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ. “ავერსის” შეკითხვებს ფსიქოლოგი ელენე გოგიშვილი უპასუხებს.
– ტელევიზიას, ისევე, როგორც მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, რამდენიმე ფუნქცია ეკისრება: საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, გართობისა… აქედან გამომდინარე, მეოცე საუკუნის ეს უმნიშვნელოვანესი გამოგონება გავლენას ახდენს ბავშვის განვითარების მრავალ ფაქტორზე: ინტელექტზე, ემოციებზე, გრძნობებზე... უფრო კონკრეტულად, რისი თქმა შეიძლება ამის თაობაზე?
– ბოლო დროს მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა ბავშვის ცხოვრებაში ტელევიზიის როლსა და ადგილს. არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს ბავშვის ჯანმრთელობაზე ტელევიზიის უარყოფით გავლენას. მიიჩნევა, რომ ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება ყველაზე მეტად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მხედველობასა და სმენაზე მოქმედებს. ექიმებთან ერთად მშობლებიც ამჩნევენ, რომ იმ სანახაობათა გავლენით, რომლებსაც ბავშვი ყოველდღე უყურებს ტელევიზორში, მისი ქცევა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც იცვლება. ის ხშირად უჩივის თავის ტკივილს, დაღლილობას, ეტყობა აპათია. ტელევიზიით ზედმეტი გატაცება არღვევს ბავშვის დღის რეჟიმსაც: მას უფრო ნაკლებ ხანს სძინავს, ნაკლებ ხანს ატარებს სუფთა ჰაერზე, – ხოლო უძილობა და ჟანგბადის უკმარისობა ამცირებს სნეულებათა წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს. მშობლები იმასაც ხშირად აღნიშავენ, რომ ბავშვს გაუუარესდა მეხსიერება, დაუქვეითდა ყურადღების კონცენტრაციის უნარი, უკლო სწავლას… ამრიგად, იმ ფაქტორებთან ერთად, რომლებიც თქვენს კითხვაშია აქცენტირებული, ტელევიზორი გავლენას ახდენს ბავშის ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობაზეც და, როგორც ხედავთ, არცთუ სასიკეთოს.
– და მაინც, კოგნიტურ უნარებთან რაიმე ურთიერთდამოკიდებულება თუ შეინიშნება?
– მშობლები და მასწავლებლები მიუთითებენ, რომ ბავშვი, რომელიც ტელევიზორის ყურებას დიდ დროს ანდომებს, ცოტას კითხულობს. ჯერ ერთი, მას, უბრალოდ, არ სცალია საამისოდ; მეორე – არ სურს, წიგნის კითხვაში “დახარჯოს დრო“, რადგან, ტელევიზორის ყურებისგან – პასიური მდგომარეობისგან განსხვავებით, კითხვა შრომაა (განსაკუთრებით – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის), ტელევიზორი კი გაცილებით მეტ სიამოვნებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იძლევა – ინფორმაცია ელვის სისწრაფით მიეწოდება მაყურებელს, თუ მოგბეზრდა, შეგიძლია, დაუყონებლივ მოიძიო უფრო სასურველი არხი ან გადაცემა; პრაქტიკულად არ არის საჭირო კოგნიტური უნარების ამოქმედება –შემეცნება, მსჯელობა, რაიმე დავალების შესრულება... ხშირად მქონია ასეთი შემთხვევაც – ბავშვს ჰკითხავ, წაუკითხავს თუ არა ესა და ეს წიგნი და გიპასუხებს: “არა, რად მინდა წაკითხვა, ფილმი მაქვს ნანახი”… ნაწარმოების ეკრანიზაცია იწვევს მთელი წიგნის ცოდნის ილუზიას და ახშობს კითხვის ინტერესს. ასე რომ, ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, ცხადია, და, სამწუხაროდ, ნეგატიური.
– შეიძლება თუ არა, ამ შემთხვევაში გამოსავლად ვიგულოთ ტელეარხებისა და ტელეგადაცემების წინასწარი შერჩევა ან შეზღუდვა?
– რა თქმა უნდა, უფროსი აუცილებლად უნდა ადევნებდეს თვალს, რას უყურებს ბავშვი. მკვლევრები, რომლებიც ამ პრობლემით არიან დაინტერესებულნი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რა გადაცემებს უყურებენ ბავშვები და მოზარდები. გადაცემა სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის და ავნოს კიდეც მის ემოციურ სფეროს, ნერვულ სისტემას და ასე, სამწუხაროდ, უფრო ხშირად ხდება. როდესაც ტელევიზიით ძალადობის სცენებს უყრებს, ბავშვი ეჩვევა აზრს, რომ აგრესია მისაღებია, კარგავს რეალობის შეგრძნებას და ცდილობს, ეს გამოცდილება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს. ადვილი შესამჩნევია, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ კონფლიქტების ვერბალურად, კონსტრუქციულად მოგვარება და პირდაპირ ჩხუბსა და ძალადობაზე გადადიან. ამას ბევრი კვლევაც არ სჭირდება, უბრალოდ, დააკვირდით ეზოში მოთამაშე ბავშვებს – ცხადად დაინახავთ, რას უყურებენ ისინი და როგორ იმეორებენ ნანახს ყოფა-ცხოვრებაში. არსებობს სხვაგვარი მოსაზრებაც – რომ ტელევიზიით ნანახი ძალადობა ერთგვარად ჩაანაცვლებს და ამ გზით ანეიტრალებს რეალურს, თუმცა ძნელია დაეთანხმო. ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ ძალადობის სცენები მაყურებლებში აგრესიის შესამჩნევ მატებას იწვევს. მიმაჩნია, რომ ეს გარდაუვალია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნამოქმედარის, აგრესიით გამოხატული ემოციის გამო ასეთი ბავშვები და მოზარდები ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ფილმებში გამოყენებული ძალა და ამ ძალის დამანგრეველი ზემოქმედება არაადეკვატურ ურთიერთმიმართებაშია: აჩვენებენ სასტიკ ორთაბრძოლას და მეორე კადრშივე მოქმედი გმირები ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრებას; ეს ბადებს განცდას, რომ ძალის გამოყენებაში არაფერია განსაკუთრებული და ტრაგიკული.
– ასეთი შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში გენერალიზდება თუ რაიმე წინასწარი განწყობა და უკვე ჩამოყალიბებული ემოციური ფონი ართულებს ვითარებას?
– იდეალური გარემო და სასათბურე პირობები, საზოგადოდ, წარმოუდგენელი რეალობაა. როცა ბავშვი ეკრანზე ხედავს აგრესიული ქცევის მაგალითებს და იმავეს აწყდება ცხოვრებაშიც ( ოჯახში, სკოლაში, ეზოში), ნანახი მას ქცევის მოდელად უყალიბდება და შესაძლოა, მთლიანად განსაზღვროს მისი ბუნება. რასაკვირველია, ინდივიდუალურია ხასიათობრივი თავისებურებები, ტემპერამენტი, ემოციურობა, მაგრამ ტელევიზორისა და მედიასაშუალებების ფაქტორი უდავოდ ამწვავებს ამ ყველაფერს და გარდაუვალს ხდის საფრთხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მუდმივად ჩართული ტელევიზორი ოჯახურ ატმოსფეროსაც ერთმნიშვნელოვნად ვნებს. ნაცვლად იმისა, რომ ერთად გაატარონ დრო, ოჯახის წევრები სხვადასხვა ოთახებში არიან განაწილებულნი ეკრანების წინ ან გაუთავებელი დავა აქვთ პულტის ხელში ჩასაგდებად, თუ ინტერესები სხვადასხვაა, ტელევიზორი კი ერთი. ეს ხელს უშლის უშუალო, მეგობრულ, სასიამოვნო ურთიერთობას და ზედმეტ პრობლემებსაც იწვევს.
– საკმაოდ შემაშფოთებელი სურათია. რა შეიძლება ვურჩიოთ მშობლებს ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად?
– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მინდა, მშობლები რამდენიმე საკითხზე დავაფიქრო. თავდაპირველად ეცადეთ გაარკვიოთ, რისი ბრალია, რომ ბავშვი ბევრ დროს ატარებს ტელევიზორთან ან სხვა მედიასაშუალებასთან და სხვა საქმიანობების მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რა ტიპის გადაცემებს, ფილმებს ან მულტფილმებს ანიჭებს უპირატესობას. სცადეთ ამოიცნოთ, რა იწვევს მის ინტერესს ამ კონკრეტული კონტენტის მიმართ. მაგალითად, თუ ბავშვი გამუდმებით უყურებს ისეთ მულტფილმებს ან ფილმებს, სადაც ჩხუბი, მკვლელობები, ძალადობა, ბატალური სცენები და ბევრი უარყოფითი პერსონაჟია, აუცილებლად უნდა დაფიქრდეს მის თვითშეფასებასა და თანატოლებთან ურთიერთობაზე, რადგან ასეთი ტიპის ფილმების ყურებისას ბავშვი ხშირად საკუთარ თავს აიგივებს პერსონაჟთან, რომელსაც იოლად, ერთი ხელის მოსმით შეუძლია პრობლემების მოგვარება. რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება, ცხადია, შეუძლებელია – ბავშვი პირისპირ რჩება სირთულის წინაშე, ვერ ძლევს მას და ცდილობს, აგრესიით, უარყოფითი ემოციების გამოთავისუფლებით გაუმკლავდეს სტრესს. ერთი სიტყვით, ჩაკეტილი წრე გამოდის.
ტელევიზორის წინააღმდეგ “სტრატეგიული საბრძოლო გეგმის” შემუშავებამდე პასუხი გაეცით რამდენიმე კითხვას: ვინ არის ოჯახში ბავშვისთვის ავტორიტეტი? ხომ არ ხდება ისე, რომ ერთი მშობელი ბავშვს რამეს უკრძალავს, მეორე კი ნებას რთავს, იგივე აკეთოს? ასეთ დროს ბავშვი ცდილობს, “უფრო კეთილი და დამყოლი უფროსით” მანიპულირებით მიაღწიოს სასურველს. მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრები შეთანხმებულნი იყვნენ აღზრდის საკითხებზე და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიმართ ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდეს. რაც შეეხება თავად სამოქმედო გეგმას: შეეცადეთ, ბავშვთან სწორი ემოციური კავშირი დაამყაროთ. ის უნდა გრძნობდეს უფროსების თანადგომას და პატივისცემას. გამუდმებით “შენიშვნების რეჟიმში“ ცხოვრება ბევრ პრობლემას წარმოშობს, უფროსებს კი ხშირად ავიწყდებათ კარგი საქციელისთვის ბავშვის შექება, მისი წახალისება. სამაგიეროდ, საკმარისია, ბავშვს რაიმე შეცდომა მოუვიდეს, რომ შენიშვნაც არ დააყოვნებს. როცა შვილი კარგად იქცევა, მშვიდად თამაშობს, დამოუკიდებლად გამოთქვამს კითხვის ან მეცადინეობის სურვილს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წახალისება, ცუდი საქციელის შემჩნევისას კი შენიშვნის ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს – “ცუდი ხარ”, “ეს რა გიქნია”, “შენგან არაფერი გამოვა” და მსგავსი “აღმზრდელობითი დირექტივები” ზიანს უფრო მოიტანს, სასიკეთო ცვლილებებს კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ასტიმულირებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ როცა ბავშვს რამეს უკრძალავთ, უთუოდ უნდა შესთავაზოთ ალტერნატივა. “გამორთე ტელევიზორი და მორჩა” ერთნიშვნელოვნად გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას, მაგრამ თუ ბავშვს ამის სანაცვლოდ რაიმე სასიამოვნო საქმიანობას შესთავაზებთ, ის ამაზე აუცილებლად წამოეგება და ტელევიზორს დათმობს. სეირნობა, ერთად ხატვა, წიგნის კითხვა, ილუსტრაციების თვალიერება, საოჯახო-სამაგიდო თამაშები, საოჯახო საქმეებში დახმარება – ალტერნატივა არც ისე ცოტაა, უბრალოდ, დრო და მეტი ძალისხმევაა საჭირო. ასევე მნიშნელოვანია ბავშვთან ერთად წინასწარ შერჩეული მულტფილმებისა და ფილმების ყურება, საუბარი, მსჯელობა, პერსონაჟის განხილვა, ამა თუ იმ საქციელის ახსნა და განმარტება, ერთი სიტყვით, “აქტიური ყურება” საგრძნობლად შეამცირებს ტელევიზორის მავნე ზეგავლენას და სასარგებლოც კი იქნება ბავშვის სწორი განვითარებისთვის.
ამრიგად, პროგრამა-მინიმუმი ასეთია: ტელევიზორის წინ პასიურად, უმოქმედოდ და უსაქმოდ ჯდომას უნდა დავუპირისპიროთ მოძრაობა, რაიმე სასიამოვნო საქმიანობა და განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობა.
მინდა, წარმატებები და ჯანმრთელობა ვუსურვო თქვენი ჟურნალის მკითხველებს.