ტერფის ვალგუსური დეფორმაცია
გააზიარე:
მართალია, ამ ორი პათოლოგიის საერთო ნიშანი ფეხის პირველი თითის დაზიანებაა, მაგრამ მათი მიზეზებიც სხვადასხვაა და მკურნალობასაც სრულიად სხვადასხვაგვარს მოითხოვს.
ვალგუსური დეფორმაცია უმთავრესად მშვენიერი სქესის ხვედრია. ამერიკელი ქალების ნახევარზე მეტს ეს პრობლემა აწუხებს. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ვალგუსური დეფორმაციის განვითარებას გენეტიკა განსაზღვრავს, რის გამოც მას ოჯახური გავრცელება ახასიათებს. ქალს, რომლის დედასა და მდედრობითი სქესის სხვა ნათესავებს ვალგუსური დეფორმაცია აქვთ, უფრო დიდი შანსია, ეს პათოლოგია დაემართოს, ვიდრე სხვებს. ვარაუდობენ, რომ ვალგუსური დეფორმაცია ძვალსახსროვანი სისტემის გარკვეული დეფექტის, კერძოდ, უჩვეულოდ მოქნილი და ელასტიური სახსრების, მქონე პირებს ემართებათ. თუმცა მთავარი დამნაშავე გენეტიკა არ არის – აღმოჩნდა, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ამ პათოლოგიის განვითარებას ვიწრო, ცუდად მორგებული, უხეში და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იწვევს. შედარებით იშვიათად ცერის დეფორმაციაში ბრალი პოდაგრასა და ართრიტსაც მიუძღვის.
ვალგუსური დეფორმაციის დროს ცერა თითის ძვლის ფუძე (რომელიც მეტატარზოფალანგური სახსრის შემადგენლობაში შედის) სქელდება და გარეთ იდრიკება. მისი შემომფარგვლელი კანი შესაძლოა გაწითლდეს და მტკივნეული გახდეს. ამ დროს ყოველგვარი ფეხსაცმლის ტარება დისკომფორტს, შორს წასულ შემთხვევებში კი სერიოზულ ტკივილს იწვევს. აღნიშნულ სახსარს ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია – ის სიარულის დროს ყოველი ნაბიჯის გადადგმაში მონაწილეობს. რაც უფრო მეტად იზრდება ძვლოვანი წარმონაქმნი, მით უფრო მტკივნეული ხდება სიარული. ხშირად ამას ბურსიტიც (სახსრის სინოვიური აბგის ანთება) ერთვის, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. დიდი ზომის ვალგუსური დეფორმაცია ფეხს ძლიერ ამახინჯებს. პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან ერთად ცერი შესაძლოა მეორე თითისკენ გადაიხაროს და მის ქვეშ აღმოჩნდეს. ცერის ზეწოლის გამო მეორე თითი თითთა მწკრივიდან გამოდის და მესამე თითს ზევიდან გადაეფარება. მწვავე მდგომარეობისას სიარული ძნელდება, ხოლო თუ პათოლოგია ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდა, შესაძლოა ართრიტიც განვითარდეს.
მთავარი სიმპტომებია:
. ცერის გარეთა კიდეზე ძვლოვანი წანაზარდის გაჩენა;
. დიდი თითის კანის შეწითლება და დაკოჟრება (ნებისმიერი სახის ზეწოლაზე ან დაზიანებაზე ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ანთებაა, რაც დაზიანებული ადგილის შეწითლებას, შეშუპებას, ტკივილსა და სიმხურვალის შეგრძნებას იწვევს);
. სახსრის ტკივილი, რომელსაც ფეხსაცმლის ზეწოლა ამძაფრებს;
. ცერის მეორე თითისკენ გადახრა;
. ფეხის საერთო ფორმის, სილუეტის შეცვლა (ძვლოვანი წანაზარდის ადგილას ფეხის განივი ზომა იზრდება, რაც მოხერხებული ფეხსაცმლის შერჩევას ძლიერ ართულებს).
დიაგნოზის დასმა ადვილია – ექიმს ამისთვის ფეხის გარეგანი დათვალიერება და სიმპტომების გამოკითხვაც ჰყოფნის. ტერფის რენტგენოლოგიური კვლევა დიანგოზის დაზუსტებისა და დაზიანების ხარისხის დადგენის საშუალებას იძლევა – რენტგენოგრამა ავლენს პათოლოგიურ კუთხეს ტერფსა და პირველ თითს შორის. რაც უფრო ფართოა კუთხე, მით უფრო შორს არის წასული დეფორმაცია. ზოგჯერ ართრიტის სურათიც ისახება.
რას მოაქვს შვება ვალგუსური დეფორმაციის დროს?
შემთხვევათა უმრავლესობა, სპეციალისტთან დროული ვიზიტის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის გარეშე იკურნება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პრევენცია საუკეთესო გამოსავალია.
თუ გსურთ, ვალგუსურმა დეფორმაციამ არ შეგაწუხოთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
. არასოდეს ჩაიცვათ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ. ცნობილია ფაქტია: პატარა და კოხტა ფეხები რომ გამოუჩნდეთ, ქალები ხშირად ერთი ზომით პატარა ფეხსაცმლის ტარებასაც არ თაკილობენ.
. სასურველია, ფეხსაცმელი თქვენი ფეხის ფორმას იმეორებდეს და იდეალურად გქონდეთ მორგებული.
. ვალგუსური დეფორმაციის პრევენციისთვის იდეალურად მიიჩნევა განიერსაქუსრიანი და რბილლანჩიანი ხალვათი ფეხსაცმელი.
. ერიდეთ ვიწრო, მჭიდრო და წვეტიანი ფეხსაცმლის ტარებას.
. 5-6 სანტიმეტრზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რეგულარული ტარება მკვეთრად ზრდის ვალგუსური დეფორმაციის განვითარების რისკს.
თუ ვალგუსურმა დეფორმაციამ თავი მაინც იჩინა, ორთოპედთან დროული ვიზიტი საუკეთესო გამოსავალია. მკურნალობის ტაქტიკა დეფორმაციის ხარისხზეა დამოკიდებული, თვით დეფორმაციის ხარისხს კი თითის გადახრის კუთხე განსაზღვრავს.
პათოლოგიის ჩამოყალიბების შემთხვევაშიც კი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოსადეგი რჩევა თავისუფალი ფეხსაცმლის ტარებაა – ტკივილის სინდრომს ხომ ძვლოვან წანაზარდზე ზეწოლა იწვევს. შეგიძლიათ, ძველი ფეხსაცმლის კალაპოტი მეწაღეს გააწელინოთ.
მკურნალობა გულისხმობს:
. ტკივილგამაყუჩებლების მიღებას;
. ფეხსაცმლის ტარების წესის მოდიფიცირებას;
. სპეციალური სუპინატორების (ღაბაშების), თითების შუასადებისა და სპეციალური ბალიშების ტარებას;
. ოპერაციულ ჩარევას.
ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც ვალგუსური დეფორმაცია დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს. არსებობს უამრავი არაქირურგიული მეთოდი, რომლებიც ტკივილის სინდრომს ამცირებს, თუმცა ვერ აჩერებს ძვლოვანი წანაზარდის ზრდას. ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ზომიერი მიღება. საჭიროა ტერფის მასაჟი, თითებს შორის სილიკონის სპეციალური შუასადებების მოთავსება, სპეციალური ბალიშის გამოყენება, რომელიც წანაზარდს ეკვრის, ხახუნს ამცირებს და ფეხსაცმლის ტარებას შედარებით უმტკივნეულოს ხდის. ორთოპედები ღაბაშების, იმავე სუპინატორების ტარებასაც გვირჩევენ. ის იმგვარად ცვლის ტერფის ძვლების განლაგებას, რომ წანაზარდზე ზეწოლა მაქსიმალურად მცირდება. სასურველია, ღაბაში ინდივიდუალურად, დაავადების ხარისხის შესაბამისად შეირჩეს. ზოგ შემთხვევაში ფიზიოპროცედურები, შესივების მოსახსნელად და ტკივილის შესამცირებლად კი ყინულის პაკეტი ან ცივი საფენიც ეფექტურია. ძალიან კარგია ტრადიციული იაპონური ფეხსაცმლის – ტაბის ტარება, რომელშიც ტერფის I და II თითები ერთმანეთისგან გამიჯნულია. როდესაც ტაბი გაცვიათ, ცერი სწორ, ფიზიოლოგიურ პოზიციაში იმყოფება, მეორე თითისკენ არ გადაიხრება და ტკივილის სიმპტომიც მცირდება. თუ დეფორმაცია ისე შორს წავიდა, რომ ადამიანს სიარულში ხელს უშლის და, აკომოდაციური ფეხსაცმელის გამოყენების მიუხედავად, ტკივილს იწვევს, დღის წესრიგში ოპერაციული ჩარევის საკითხი დგება. ტკივილის შესამსუბუქებლად და ფეხის ესთეტიკური ნაკლის აღმოსაფხვრელად ორთოპედიული ოპერაციის რამდენიმე სახეა მოწოდებული. ჩარევის მასშტაბები განსხვავებულია. ოპერაციის ტიპი მრავალ ფაქტორზე, მათ შორის – დეფორმაციის ხარისხზე, ტკივილის სიმპტომზე, ასაკსა და პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ოპერაცია ერთადერთი მეთოდია, რომის მეშვეობითაც მხოლოდ სიმპტომები კი არ იხსნება, არამედ პრობლემის კორექციაც ხდება. ახალგაზრდებს – როგორც წესი, რეციდივის განვითარების დიდი ალბათობის გამო – მსგავს ოპერაციებს არ უტარებენ (ამ ასაკში ძვლები ზრდას განაგრძობს). ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინება აუცილებელია, ვინაიდან დიაბეტის, შეხორცების პრობლემების ან მწეველობის შემთხვევაში იმატებს ოპერაციის შემდგომ გართულებათა რისკი. ოპერაცია ასიდან 85 შემთხვევაში წარმატებულია, თუმცა იშვიათად სახსარში მოძრაობა იზღუდება და თითი მოკლდება. დაავადების რეციდივიც საკმაოდ ხშირია. ქირურგიული გზით ხდება ძვლების, მყესების, იოგებისა და ნერვების კორექცია და ცერა თითი ჩვეულ ფორმასა და მდებარეობას იბრუნებს. ოპერაცია, წესისამებრ, ადგილობრივი გაუტკივარებით კეთდება.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაცია ოსტეოტომიაა. ქირურგი პირველი თითის ძვლოვან წანაზარდს ჭრის, იღებს მას და ძვლების განლაგებას ასწორებს, კერძოდ, ცერა თითის შემადგენელ ძვლებს სწორ ხაზზე განალაგებს.
სარეაბილიტაციო პერიოდი შედარებით ხანგრძლივია. ოპერაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მოსალოდნელია ტერფისა და კოჭის შესივება. რეაბილიტაციის პერიოდში შეშუპების მოსახსნელად ფეხის ამაღლება და გარკვეული ხნის განმავლობაში ყავარჯნების დახმარებით გადაადგილებაა სასურველი. ოპერაციიდან დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ნორმალური ფეხსაცმლის ტარება ჭირს.
საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, საჭიროა, დეფორმაციის წარმოშობისთანავე მიმართოთ სპეციალისტს.