ბუნებრივი დასხივება

გააზიარე:
რას აღარ ამბობენ მზის სხივებზე: კანს აბერებს, აჭკნობს და თუ მზეზე ნებივრობამ მეტისმეტად გაგიტაცათ, შესაძლოა ავთვისებიანი წარმონაქმნითაც დასაჩუქრდეთო. მაინც რატომ აბრალებენ სიცოცხლისთვის ესოდენ საჭირო სხივებს ასეთ ბოროტებას? ნუთუ მართლა ასეთი აგრესიულია ულტრაიისფერი გამოსხივება? მოდი, გავარკვიოთ. მზის სხივები სინამდვილეში ელექტრომაგნიტური ტალღებია. ფიზიკის სასკოლო კურსიდან შესაძლოა გახსოვდეთ, რომ სხივი სხვადასხვა ფერის ტალღების ნარევია და საკმაოდ მარტივად, პრიზმაში გატარებით, ცისარტყელას ყველა ფერად შეიძლება დაიშალოს. თვალი ფერებს ტალღის სიგრძის მიხედვით აღიქვამს წითელს ყველაზე გრძელი ტალღა აქვს, იისფერს კი ყველაზე მოკლე. ამასთანავე, თვალს მზის გამოსხივების მხოლოდ მცირე ნაწილის აღქმის უნარი შესწევს. სპექტრში ამაზე მოკლე სხივებიც შედის და ამაზე გრძელიც. პირველთა ტალღის სიგრძე იისფერისაზე ნაკლებია, ამიტომ მათ ულტრაიისფერ სხივებს უწოდებენ, მეორეთა ტალღა კი სიგრძით წითლისას აღემატება და, შესაბამისად, ინფრაწითელ სხივებად იხსენიებენ. ნამზეურის გაჩენაც და მის მიერ მოტანილი სარგებლობა თუ ზიანიც ულტრაიისფერი ანუ იისფერზე იისფერი სხივების დამსახურებაა.

თავად ულტრაიისფერი სხივებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ სამ ტიპად ყოფენ: A(UVA), B(UVB) და C(UVC) სხივებად. UVA ყველაზე სუსტია, მაგრამ ყველაზე ღრმად აღწევს კანში, შეუძლია გამოიწვიოს კანის ღრმა დამწვრობა, დააზიანოს შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურები, ბადურა, ბროლი. მას ვერც ფანჯრის მინები აკავებს და ვერც ღრუბლები. UVB უფრო ძლიერი და ნაკლებად შეღწევადია, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით დაგროვდა, შესაძლოა კანისა და რქოვანას მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს. კანის კიბოს განვითარებაში კი A-საც მიუძღვის ბრალი და B-საც. ულტრაიისფერი სხივები დედამიწას მთელი წლის განმავლობაში ეცემა და ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერი ტემპერატურის პირობებში შეიძლება მოგვაყენოს ზიანი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ მათ ცხელ სეზონზე და დილის 11-დან ნაშუადღევის 16 საათამდე, როცა მზე ზენიტშია.
მზის სხივებს თავი უნდა არიდოთ, თუ:
- გაქვთ ბაცი კანი;
- ჯერ არ შეგსრულებიათ 18 წელი;
- გაქვთ ბევრი ხალი, განსაკუთრებით – უსწორმასწოროკიდეებიანი ან დიდი ზომისა;
- ზაფხულობით სახე გეჭორფლებათ;
- ხშირად დამწვარხართ მზისგან;
- გაქვთ ავთვისებიანი ან კიბოსწინარე წარმონაქმნი კანზე;
- თქვენს ახლო ნათესავს ჰქონდა კანის სიმსივნე, მეტადრე – მელანომა;
- დიდხანს გიწევთ გარეთ ყოფნა;

- გადანერგილი გაქვთ ორგანო;
- დაგისვეს წითელი მგლურას დიაგნოზი.
პლუსები და მინუსები
დავიწყოთ პლუსებით. UV გამოსხივება კანში D ვიტამინის წარმოქმნას აძლიერებს, D ვიტამინი კი საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აუმჯობესებს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩონჩხის ჩამოყალიბებაში, იმუნური სისტემის ფ
უნქციობასა და სისხლის უჯრედების ფორმირებაში. ამრიგად, მზის სინათლე უდავოდ სასარგებლოა, მაგრამ ექიმები ამტკიცებენ, რომ D ვიტამინის მაღალი დონის შესანარჩუნებლად საკმარისია, ზაფხულობით კვირაში სულ ორჯერ ან სამჯერ ხელებსა და სახეზე 5-10 წუთით მაინც მოგვხვდეს მზის სხივები. მზის სხივების ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწყება ენდორფინების – ბედნიერების ჰორმონების – გამოყოფა, რაც ავადმყოფობის პრევენციის ერთ-ერთ  საშუალებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, UV გამოსხივების სიმცირე ჩონჩხის პათოლოგიებსა და D ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება, ოპტიმალური რაოდენობა – მინიმალურ რისკს, სიჭარბე კი – საკმაოდ მძიმე დაავადებებს. ასე რომ, თავად განსაჯეთ, შეგიძლიათ თუ არა ულტრაიისფერი გამოსხივების დოზირების მართვა და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლეთ მზის სხივების ფუფუნებით.
ნაკლოვანებებზე გადავიდეთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჯანსაღი ნამზეური, ექიმების აზრით, საერთოდ არ არსებობს. კანი მუქ პიგმენტს, მელანინს, გაძლიერებულად იმიტომ წარმოქმნის, რომ სხეულს ფარად გადაეფაროს და კანის შემდგომ დაზიანებას შეუშალოს ხელი. მართლაც, გარუჯული კანი უფრო ნაკლებად იწვება მზეზე, ვიდრე, ვთქვათ, თოვლივით ქათქათა. თუმცა UV გამოსხივების შორეული შედეგებისგან (მაგალითად, ნაადრევი დაბერებისა და კანის კიბოსგან) ნამზეურიც ვეღარ დაგიცავთ. 
ეს – რაც შეეხება ადრეულ შედეგებს. არსებობს გვიანიც – UV გამოსხივება აკუმულირდება და წლევანდელმა ნამზეურმა 10-20 წლის შემდეგ შესაძლოა ძალზე უსიამო საჩუქარი მოგიძღვნათ: პირველ რიგში – უდროოდ დანაოჭებული კანი, შემდეგ – სიმსივნური წარმონაქმნი. UVA სხივები ღრმად აღწევს კანში და შემაერთებელქსოვილოვან ელემენტებს, კოლაგენსა და ელასტინს, აზიანებს. სწორედ იმ ნივთიერებს, კანს სიმკვრივესა და ახალგაზრდულ იერს რომ ანიჭებს. ნაოჭები და თვალის უპეებთან გაჩენილი ტომრები ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგია. მელანინის ჰიპერპროდუქცია მუქი ლაქების გაჩენასაც იწვევს. გარდა ამისა, მზის სხივები აშრობს და აუხეშებს კანს.
UV სხივების თვალებზე ზემოქმედების შედეგი გახლავთ კატარაქტა (ბროლის შემღვრევა), ფტერიგიუმი (მოთეთრო წანაზარდი რქოვანაზე) და თვალის ანთება – ფოტოკერატიტი და ფოტოკონიუქტივიტი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა “მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დაავადებების გლობალური ტვირთის” შესახებ, რომლის თანახმად, გარემოს დაბინძურებისა თუ სხვა მიზეზების გამო მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 1.5 მილიონი DALY (ინვალიდობასთან დაკავშირებული სიცოცხლის წელი) იკარგება. ოზონის შრის შესუსტება პრობლემას უფრო მეტად გაამძაფრებს. მაგალითად, ატმოსფეროს ზედა შრეებში ოზონის კიდევ
 10%-ით შემცირება კანის არამელანომური კიბოს კიდევ სამასი ათას, მელანომური კიბოს ოთხი ათას ხუთას და კატარაქტის 1.6-დან 1.75 მილიონამდე შემთხვევას გამოიწვევს.
ვუვლით კანს
კანს წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება მოვლა, მაგრამ ზაფხულში, როდესაც მას მზის გამოსხივების მოგერიებაც უხდება, მისი მოვლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ულტრაიისფერი სხივების გავლენა ოდნავ მაინც რომ შეამციროთ, ასე მოიქეცით:  
. სახე თბილი წყლით ფაქიზად ჩამოიბანეთ. ამ პროცედურას 10-15 წუთზე მეტ ხანს ნუ დაუთმობთ: ცხელი წყალი და ხანგრძლივი ბანა კანს ცხიმოვან საფარს მთლიანად აცლის, რაც მის გამოშრობასა და დანაოჭებას უწყობს ხელს. ასევე აგრესიულია ზოგიერთი საპონი, ამიტომ აჯობებს, რბილი, კრემის შემცველი საპნები გამოიყენოთ.
. განსაკუთრებით სათუთად მოეპყარით კანს თვალების ირგვლივ. კოსმეტიკის მოსაცილებლად სპეციალური რბილი ბამბის ბურთულები გამოიყენეთ. თუ ქუთუთოებზე ძნელად მოსაცილებელი კოსმეტიკური საშუალება გისვიათ (მაგალითად, წყალგამძლე ტონალური კრემის სქელი ფენა), ვიდრე წყლით ჩამოიბანთ, ჯერ მაკიაჟის მოსაცილებელი სპეციალური საშუალებით მოიწმინდეთ.
. დაბანის შემდეგ კანი რბილი პირსახოცით გაიშრეთ: ნაზად მიიდეთ სახეზე და წყლის შეწოვა დააცადეთ. სასურველია, კანი ოდნავ ტენიანი დარჩეს. გამშრალების შემდეგ დანოტივება კი ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. გირჩევთ, ამისთვის დამატენიანებელი ზეთი ან კრემი გამოიყენოთ.
. ხშირად დაინოტივეთ კანი. სასურველი შედეგი რომ მიიღოთ, უნდა გაითვალისწინოთ კანის ტიპი, ასაკი, აკნეს არსებობა-არარსებობა, კლიმატი და სხვა ფაქტორები.
თავდაპირველად განსაზღვრეთ, სჭირდება თუ არა თქვენს კანს უფრო მეტად დანოტივება. ამისთვის ჩაატარეთ მარტივი ცდა: დაბანისა და გამშრალების შემდეგ სახეზე არაფერი წაისვათ. თუ 20 წუთის შემდეგ კანი დაგეჭიმათ, უთუოდ დაინამეთ.
დამატენიანებელი საშუალების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მისი SPF 15-ის ტოლი მაინც უნდა იყოს. თუ კანი იოლად გიღიზიანდებათ, დამანოტივებელი კრემი არამც და არამც არ უნდა შეიცავდეს საღებავებსა და არომატულ კომპონენტებს.
თუ მეტისმეტად მშრალი კანი გაქვთ, საბავშვო ზეთის წასმას გირჩევთ. ის არანაკლებ ეფექტურად ატენიანებს, გაცილებით მეტ ხანს რჩება კანზე და, რაც მთავარია, ხელს უშლის წყლის აორთქლებას. 
დამატენიანებელი საშუალებების მოკრძალებულად გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ მეტისმეტად ცხიმიანი კანი გაქვთ.
. ფრთხილად გაიპარსეთ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი კანი ძალზე თხელია და იოლად ღიზიანდება. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ, ცხელი შხაპის შემდეგ გაიპარსოთ – ცხელი წყალი თმას უფრო რბილსა და დამყოლს ხდის. არამც და არამც არ გაიპარსოთ მშრალი კანი. წინასწარ წაისვით სპეციალური საპარსი კრემი, გელი ან ლოსიონი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით საქმეს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სამართებელი სუფთა და ბასრი უნდა იყოს. სამართებელი თმის ზრდის მიმართულებით ამოძრავეთ, გაპარსვის შემდეგ კი კანი უთუოდ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 
თუ სამართებელმა კანი გაგიღიზიანათ, წაისვით დამაწყნარებელი გელი, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს. ის კანს გაგიგრილებთ, მაგრამ მალე აორთქლდება, შესაბამისად, დამაამებელი ეფექტიც მცირე ხანს გაგრძელდება.
. თავი დაანებეთ მოწევას. თამბაქო მხოლოდ ფილტვის კიბოს კი არა, ნაადრევ დაბერებასაც გვიქადის. ცვლილებები კარგად ეტყობათ მათ, ვინც, სულ მცირე, ათი წელია ეწევა.
სიგარეტის კვამლი მაშინაც ვნებს კანს, როდესაც ადამიანი პასიური მწეველია. ასე რომ, ეცადეთ თავი არიდოთ გარემოს, სადაც ეწევიან.
დაჩქარებული სიბერე
ულტრაიისფერი გამოსხივების ერთ-ერთ ნეგატიურ შედეგად კანის დაბერებას მიიჩნევენ. ეს პროცესი თავისთავადაც მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, მზის სხივები ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაასკვნეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ნამზეური განსაკუთრებით პოპულარულია (მოდის თუ, უბრალოდ, კლიმატის გამო), კანი მალე ნაოჭდება და სიბერის ნიშნები ნაადრევად იჩენს თავს.
დაბერების კვალდაკვალ
თანამედროვე მონაცემებით, კანის დაბერების მთავარ მიზეზებად უჯრედულ დონეზე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიული (კვების მოშლასთან დაკავშირებული) ცვლილებები მიიჩნევა. კანის დაბერება შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენურ ბოჭკოებს უკავშირდება: დამახასიათებელი ცვლილებები წარმოიშობა როგორც კანის ზედაპირული შრის, ასევე მისი უფრო ღრმად მდებარე ფენის შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებსა და სისხლძარღვოვან ბადეში. ამას თან ახლავს კანის შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების – ელასტინისა და კოლაგენის – ღრმა ცვლილებები, რომელთა გამოც კანი შრება, იქერცლება, ეშვება, ნაოჭდება.
პირველად ყოველთვის მიმიკური ნაოჭები ჩნდება. მათ წარმოშობას ის განაპირობებს, რომ სახის განსაზღვრული უბნების კუნთები შემაერთებელი ქსოვილის ელასტიკურ ბოჭკოებს ჭიმავს, ხოლო მას შემდეგ, რაც კოლაგენური ბოჭკოების 
რაოდენობა მცირდება, დარჩენილი ვეღარ ახერხებენ, კანს საჭირო ტენიანობა შეუნარჩუნონ. დროთა განმავლობაში კანი ელასტიკურობასაც კარგავს. ყველაზე ადრე ეს ლოყებსა და ყელს ეტყობა.
მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ ასაკს ვერ დავაბრალებთ. დერმატოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კანის ბიოლოგიური დაბერება 60 წლიდან იწყება. თუ ზემოხსენებულმა პრობლემებმა ნაადრევად იჩინა თავი, სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. ერთ-ერთი ამ მიზეზთაგანი გარუჯვაა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანს, რომელიც 20 წლამდე მეტისმეტად ხშირად ირუჯება, 35-40 წლის ასაკში კანის აქტიური დაბერება ეწყება: ჩნდება ღრმა ნაოჭები, კანი გამოშრობას იწყებს და ადამიანი გაცილებით ხანდაზმულს ემსგავსება, ვიდრე სინამდვილეშია. კანის ნაადრევ დაბერებას დერმატოლოგები გეროდერმიას უწოდებენ, თუმცა გარუჯვის მოყვარულებთან მიმართებით, ძირითადი მიზეზის გამოსაკვეთად, ტერმინ “ფოტოდაბერებას” იყენებენ.
გეროდერმიის ხასიათი დამოკიდებულია ულტრაიისფერი სხივების ჯამურ დოზაზე, ადამიანის კანის ტიპსა და მელანინურ პიგმენტაციაზე.
კიდევ რას უნდა ველოდეთ ზაფხულის საჩუქარია მზის კერატოზი (კანის გარქოვანება) და ასაკობრივი ლენტიგოც (პიგმენტური ლაქები, უმთავრესად – მკერდსა და ზურგზე). ამ ორმა დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს როგორც უშუალოდ აქტიური  ინსოლაციის (მზის აბაზანების) დროს, ასევე გარკვეული ხნის შემდეგ. მზისმიერი კერატოზი და ლენტიგო იმით არის საყურადღებო, რომ თუნდაც მზის აბაზანებზე სამუდამოდ ვთქვათ უარი, გარქოვანება და პიგმენტაცია აღარ გაივლის, კანის ჯანსაღი სტრუქტურა აღარ აღდგება, ყავისფერი ლაქები სამუდამოდ დარჩება კანზე.
მზის სხივები და სხვა
მზის ჭარბი დასხივება ერთადერთი მავნე ფაქტორი არ არის, რომელიც კანის სტრუქტურის შეცვლას და ნაადრევ დაბერებას იწვევს. როდესაც მავნე ფაქტორები კომბინირებულად მოქმედებს კანზე, დაბერების პროცესიც უფრო მეტად ჩქარდება. 
გარდა ჭარბი ინსოლაციისა, კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს:
. დაბინძურებული ჰაერი. სახის კანს ვნებს გამონაბოლქვი და დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი უამრავი სხვა მომწამლავი ნივთიერება, ამიტომ სუფთა ჰაერზე სეირნობა კანისთვის სასარგებლოა. გირჩევთ, ქალაქში  დამცავი დღის კრემები იხმაროთ.
. შიმშილობა და მკაცრი დიეტა. თუ გსურთ, კანმა სინორჩე დიდხანს შეინარჩუნოს, 30 წლის შემდეგ ნუ იშიმშილებთ – ეს ელასტიკური ბოჭკოების დაჭიმვას უწყობს ხელს და კანი დროზე ადრე იწყებს დაბერებას. თუ დიეტას იცავთ, კვების რაციონი დიეტოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან შეათანხმეთ.
. თამბაქო. გარდა იმისა, რომ კანზე უშუალოდ ახდენს მავნე გავლენას, ის C ვიტამინის დაშლასაც უწყობს ხელს, ეს უკანასკნელი კი კანის კოლაგენის წარმოქმნისთვის არის აუცილებელი. ამიტომ უმთავრესი, რასაც მწეველებს ვურჩევთ, ბუნებრივია, მოწევისთვის თავის დანებებაა.
. ალკოჰოლი. იგი კანს აუცილებელი მინერალებისგან ფიტავს, თანაც აფართოებს სისხლძარღვებს, მათ შორის – სახის კანის კაპილარებს, რის შედეგადაც წითელი ლაქები და სისხლჩაქცევები წარმოიქმნება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ალკოჰოლი ვნებს ღვიძლს, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა კი სახის კანზეც აისახება.
. ხანგრძლივი სტრესი. ხშირი დაძაბულობა სახის კუნთების დაჭიმვას იწვევს. ელასტიკური ბოჭკოები ნორმაზე მეტად იჭიმება. ამ დროს ჭარბად გამოყოფილი ადრენალინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ეს კი კანის ზედა ფენის წვრილ კაპილარებზე ახდენს გავლენას. ხანგრძლივი სტრესის დროს კანი ვერ იღებს საჭირო საკვებსა და ჟანგბადს. სტრესის მეორე ჰორმონი კორტიზოლი კი უჯრედთა გამრავლების პროცესს და კოლაგენური უჯრედების წარმოქმნას აფერხებს.
შეტევა დაბერების გენზე
ბრიტანეთში, ნიუკასლის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა ამოხსნა ბიოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი გამოცანა – როგორ და რატომ ბერდება უჯრედები. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც დაბერების პროცესში მყოფი უჯრედი დნმ-ს დაზიანებას აღმოაჩენს, სპეციფიკურ სიგნალებს გზავნის. ეს ავარიული სიგნალები “აღვიძებს” უჯრედების მიტოქონდრიებს, რომლებიც იწყებენ თავისუფალი რადიკალების პროდუქციას, ისინი კი, თავის მხრივ, აიძულებენ უჯრედს, დაიშალოს ან დაყოფა შეწყვიტოს. თურმე ამჟამად სპეციალისტები დაკავებულნი არიან ახალი თაობის კოსმეტიკური საშუალებების შექმნით, რომლებიც გენეტიკურ, დნმ-ს დონეზე იმოქმედებს.

დაბერების ხელის შემშლელი საკვები
გარდა კოსმეტიკური საშუალებებისა, რომლებიც კანს ვიტამინებით ამარაგებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს ნივთიერებები საკვების მეშვეობითაც უნდა მივიღოთ.
A ვიტამინი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და მონაწილეობს ქსოვილების, მათ შორის – კანის, აღდგენაში.
A ვიტამინი უხვად არის ღვიძლში, კვერცხში, რძეში, ტკბილ კარტოფილში, ფორთოხალში, წითელ ყურძენში, პომიდორში, მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში.
E ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ბოსტნეული, ზეთი, ნუში, ვაშლი, მარცვლეული, არაქისი, წიწაკა, ასევე ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის დაბერების პროცესს ანელებს.
კანისთვის ძალიან სასარგებლოა C და B ჯგუფის ვიტამინებიც.

***
პლაჟზე გასვლამდე
ამერიკისა და ევროპის დერმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, სასურველია, მთელი წლის განმავლობაში გამოვიყენოთ ფართო სპექტრის (როგორც UVA-ს, ისე UVB-სგან დამცავი) საშუალებები (სუნსცრეენ), რომელთა SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი), სულ მცირე, 15-ის ტოლია. თუ გვინდა, ჩვენი კანი ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, სანსქრინი ნებისმიერ ამინდში უნდა წავისვათ სხეულის ღია უბნებზე, უპირატესად კი – სახესა და ხელებზე.
გაითვალსიწინეთ, მზის სხივები ჩვენამდე ღრუბლიან ამინდშიც აღწევს – ღრუბელი სხივების 80%-ს ატარებს. ქვიშა მზის სხივების 25%-ს აირეკლავს, ხოლო წყლისა და თოვლის ზედაპირი – 80%-ს. ასე რომ, მზის აგრესიულ სხივებს ვერსად დაემალებით. თავდაცვის ერთადერთი საშუალება, მით უფრო – პაპანაქება ზაფხულში, მზისგან დამცავი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაა.
ამრიგად, ვიქცევით ასე:
. მზისგან დამცავ საშუალებას ვისვამთ შინიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე.
. თუ გსურს, დამცავი კოსმეტიკური საშუალებისგან სათანადო ეფექტი მივიღოთ, დაახლოებით 30 გრამი (ნაკლული არყის ჭიქა) უნდა წავისვათ. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ადამიანთა უმრავლესობა თითო ჯერზე მზისგან დამცავი საშუალების საჭირო ოდენობის 15-50%-ს ისვამს.
. სახესა და ტანზე სანსქრინის წასმის შემდეგ ტუჩებზე უთუოდ უნდა გადავისვათ ბალზამი, რომლის SPF მინიმუმ 15-ს უდრის.
ზაფხულში მზისგან დამცავი კრემის წასმა დღეში რამდენიმეჯერ მოგიხდებათ, განსაკუთრებით – ცურვისა და ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში. თუნდაც სანსქრინის ეტიკეტზე მითითებული იყოს, წყალგამძლეაო (water-resistant), ცურვის შემდეგ მზისგან დამცავი საფარის განახლებას მაინც აუცილებელია.
მზისგან დამცავ საშუალებებს ძირითადად SPF-ის (SUN Protected Factor) მიხედვით ვარჩევთ და ვიცით, რომ რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, დამწვრობისგან მით უფრო უკეთ ვიქნებით დაზღვეულნი. უფრო კონკრეტულად კი SPF ინდექსი უნდა გამრავლდეს იმ დროზე, რომელიც საჭიროა დამწვრობის (კანის შეწითლების) მისაღებად., მაგალითად, თუ ადამიანს კანი 10 წუთში უწითლდება, სანსქრინი, რომლის დაცვის ფაქტორიც 15-ის ტოლია, მას დამწვრობისგან 150 წუთის განმავლობაში (10X15) დაიცავს.
ზაფხული, მზე და აკნე
მეტისმეტი სიცხისა და ინსოლაციის შედეგად კანი ხშირად უსიამოვნო გამონაყარით იფარება. ამას ალერგიას ან, უბრალო ენით რომ ვთქვათ, კანის მომატებულ მგრძნობიარობას მიაწერენ. ამ დროს სხეულის მოშიშვლებულ უბნებზე, იქ, სადაც მზის სხივები ყველაზე მეტად ხვდება, შეწითლებულ, თეთრთავა გამონაყარს შეამჩნევთ.
თუ გამონაყარი მქავანაა, მიზეზი უპირატესად ალერგიული რეაქცია უნდა იყოს; თუ ფერიმჭამელებს ჰგავს, მიზეზი, სავარაუდოდ, ჩახუთული კანის ჯირკვლების ჰიპერრეაქციაა.
ვებრძვით აკნეს
მოდი, ვნახოთ, რა მოვუხერხოთ აკნეს, რომელიც სიცხეში კიდევ უფრო უხვად მოეფინება ხოლმე კანს.
მსუბუქი აკნეს სამკურნალოდ უმეტესად ადგილობრივი საშუალებებიც საკმარისია. მათ შემადგენლობაში შედის:
. ბენზოის ზეჟანგი – ეს ნივთიერება ანადგურებს ბაქტერიებს, აშრობს ჭარბ ცხიმს, მონაწილეობს ფოლიკულში გაჭედილი მკვდარი უჯრედების მოცილებაში;
. სალიცილის მჟავა – ხელს უშლის ფოლიკულის მკვდარი უჯრედებით ამოვსებას, წმენდს ფორებს.
შესაძლოა ექიმმა ლაზერული თერაპია ან კოსმეტიკური პროცედურები დაგინიშნოთ, მათ შორის:
. ქიმიური პილინგი, რომელიც უმთავრესად გლიკოლისა და სალიცილის მჟავათი ტარდება. ის მოგაცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს, ამოგისუფთავებთ ფორებს, გააქრობს ფერიმჭამელებს და ხელს შეუწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას. ამგვარი მოქმედების მქონე ნივთიერებებს ხშირად აკნეს საწინააღმდეგო კრემის წასმამდე იყენებენ, რათა მის უკეთ შეწოვას შეუწყონ ხელი.
. მიკროდერმაბრაზია სპეციალური აპარატით ტარდება და კანის ზედაპირული შრის აქერცვლას გულისხმობს. ამ დროს კანი (თავისთავად ცხადია, ფორებიც) ღრმად იწმინდება. მიკროდერმაბრაზიას, ისევე როგორც ქიმიურ პილინგს, ხშირად აკნეს საწინააღმდეგო კრემების ეფექტიანობის გასაზრდელადაც იყენებენ.
ზოგჯერ კანიდან ბაქტერიების გასაძევებლად საჭირო ხდება ადგილობრივი თუ ზოგადი ანტიბიოტიკების გამოყენება, მაგრამ გახსოვდეთ: ორსულებისა და მეძუძურებისთვის აკნეს საწინააღმდეგო ყველა პრეპარატის მიღება არ შეიძლება. იკრძალება, მაგალითად, ჰორმონები, რომლებიც ანდროგენების მოქმედებას თრგუნავს (ფლუტამიდი, სპირონოლაქტონი), იზოტრეტინონი, რომელიც ნაყოფის განვითარების მანკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასე რომ, ორსულობისა და ძუძუს წოვების პერიოდში აკნეს მკურნალობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. მეტიც – თუ ორსულად ბრძანდებით ან ძუძუს აწოვებთ პაწიას, ნურც მზის სხივებით გაინებივრებთ თავს. ჭარბი ინსოლაცია ასეთ დროს არცთუ ისე სასარგებლოა.
ვიქცევით ასე
კანი მაქსიმალურად რომ დავიცვათ ფერიმჭამელებისგან, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში – დამუწუკებისგან, საკმარისია ჰიგიენის მარტივი წესების დაცვა:
. პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. გარდა ამისა, აუცილებელია სახის ჩამობანა ვარჯიშის და, საზოგადოდ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც.
. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად სპეციალური დასაბანი ქაფი ან გელი გამოიყენეთ რომელიც იდეალურია ცხიმიანი ან პრობლემური, ფერიმჭამელებისკენ მიდრეკილი კანისთვის. ქაფი (ან გელი) ნაზად წაისვით სველ სახეზე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ფაქიზად შეიმშრალეთ.
. ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს, მით უმეტეს – სიცხეში, როდესაც თმაც კანივით იოლად ცხიმიანდება. ამ შემთხვევაში თავი ხშირ-ხშირად იბანეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით, თმა კი შუბლსა და საფეთქლებზე გადაწეული ატარეთ.
. გახსოვდეთ: თუ კანი ძლიერ ცხიმიანია, ფორების შემავიწროებელი საშუალების წასმა რეკომენდებული არ არის. ჭარბი ცხიმისგან გათავისუფლების შემდეგაც კი ასეთი საშუალება მხოლოდ ფორებგაფართოებულ უბნებზე უნდა წაისვათ და არა მთელ სახეზე.
უცნაური ხასიათის კანი
კანი ხანდახან ახირ
ებული ადამიანივით იქცევა: ისეთი რამ აღიზიანებს ან ეამება, ვერაფრით წარმოიდგენ. მზის სხივები, რომელთა სიჭარბე ლამის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, იშვიათად თურმე მარგებელიც ყოფილა. ულტრაიისფერი სხივების სამკურნალო თვისებებს უმეტესად ფსორიაზის დროს იყენებენ. ის კი არა, ფსორიაზით დაავადებულს ექიმმა შესაძლოა სოლარიუმში ვიზიტიც კი ურჩიოს.
ამავე დროს, თუ ექიმმა ფსორიაზის დიაგნოზი დაგისვათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მზეს უნდა მიეფიცხოთ და დაელოდოთ, როდის გაქრება პრობლემა. გაითვალისწინეთ, არსებობს ამ დაავადების ისეთი ფორმა, რომელსაც ულტრაიისფერი სხივები ამწვავებს ან ავლენს. ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც, მიმდინარეობისა და მკურნალობის სირთულის გათვალისწინებით, მსოფლიო პრობლემად მიიჩნევა. თვითნებურად ფსორიაზის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა მისი ერთადერთი გამოვლინება ფრჩხილების დაზიანება იყოს. უპირატესად კი მას კანზე სპეციფიკური გამონაყარი ახასიათებს.
კანის ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდობისას იჩენს თავს და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობას აზრი არ აქვს. განკურნებას, სამწუხაროდ, ვერავინ შეგპირდებათ, მაგრამ ხანგრძლივი რემისია ანუ ის, რომ დაავადებულს კანი სუფთა ჰქონდეს, სავსებით რეალურია. მკურნალობის მიზანი სწორედ ეს არის და უმეტესად აღწევენ კიდეც.
მაინც რატომ
ფსორიაზის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც მის განვითარებას უწყობს ხელს. ესენია:
. “ფსორიაზული” გენეტიკა. თუ რომელიმე მშობელს ეს დაავადება ჰქონდა, დიდია ალბათობა, შვილსაც გამოაჩნდეს (დამტკიცებულია, რომ ფსორიაზის შემთხვევათა მესამედი მემკვიდრეობითი  ბუნებისაა);
. სტრესი;
. ნებისმიერი ქრონიკული ჩირქოვანი პროცესი, თუნდაც კარიესი, ქრონიკული ტონზილიტი, ქოლეცისტიტი;
. ვირუსული და ბაქტერიული (უმეტესად სტრეპტოკოკული) ინფექციები.
როგორ ამოვიცნოთ
ფსორიაზის დროს კანზე ჩნდება მოვარდისფრო-მოწითალო ბრტყელი კვანძები – პაპულები, რომლებიც მოთეთრო-მოვერცხლისფერო ქერცლით არის დაფარული. ფსორიაზული პაპულები სხვადასხვა ზომისაა – ქინძისმარცვლისოდენადან ხელისგულისოდენამდე. თუ კვანძები გაიზარდა, შესაძლოა, შეერთდეს კიდეც. ამ მდგომარეობას დიფუზური ფსორიაზი ეწოდება.
გამონაყარი სხეულის ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა უმეტესად კიდურების გამშლელი ზედაპირები, იდაყვები და მუხლები ზიანდება.
ფსორიაზული გამონაყარი, წესისამებრ, სიმეტრიულია. ტანსა და კიდურებთან ერთად შესაძლოა დაზიანდეს თავის თმიანი ნაწილიც და ფსორიაზის სებორეული ფორმა განვითარდეს.
ასიდან 25-40 შემთხვევაში ზიანდება ფრჩხილები. ჯერ წერტილოვანი ნაჭდევები უჩნდება, შემდეგ სქელდება, უსწორმასწორო ხდება, ფერს კარგავს და ბრჭყალის ფორმას იღებს.
არცთუ იშვიათად (ათიდან 4-ზე მეტ შემთხვევაში) სახსრებიც ზიანდება და ართრიტი ვითარდება.
ფსორიაზს ზოგჯერ სუსტი, ზოგჯერ კი ძლიერი, შემაწუხებელი ქავილი ახლავს თან.
საზოგადოდ კი ფსორიაზის მიმდინარეობა მეტად მრავალფეროვანია. ზოგჯერ იმდენად მსუბუქია, რომ ადამიანი ვერც კი ამჩნევს, ზოგჯერ სუსტად არის გამოხატული: გამონაყარი მხოლოდ მუხლებსა და იდაყვებზე ჩნდება, იშვიათად მწვავდება, კანი წლობით სუფთა და კრიალაა, – ზოგჯერ კი ისე რთულად, რომ მთელი სხეული ფსორიაზული ელემენტებით იფარება. ასე ვითარდება ფსორიაზული ერითროდერმია. ამ დროს კანი მუქი წითელი, ცხელი და მშრალია, მოთეთრო ან მოყვითალო ფირფიტისებრი ქერცლით არის დაფარული, ადამიანს ამცივნებს, გრძნობს კანის მოჭიმვას, სიმშრალესა და ტკივილს, ერღვევა ძილი, მადა, შესაძლოა, სიცხემაც აუწიოს. ასეთ ცვლილებებს იწვევს არასწორი მკურნალობა, ფსიქოემოციური ტრავმა.
ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა. მკურნალობა კი მწვავე პროცესის ჩაქრობას და რემისიის მიღწევას გულისხმობს. ზოგჯერ ნათელი პერიოდი 4-5, იშვიათად 10 წელიც კი გრძელდება. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მის სირთულეზე და, საზოგადოდ, ორგანიზმის თავისებურებებზე. 

თუ გგონიათ, რომ ფსორიაზი გაქვთ, სანამ ექიმს მიმართავთ, დააკვირდით, რამდენად უხდება ან ვნებს კანს ულტრაიისფერი სხივები: თუ მზის ზეგავლენით გამონაყარი ჩნდება ან მრავლდება, ულტრაიისფერი სხივები მაპროვოცირებელ ფაქტორებს უნდა მიათვალოთ. თუ ეფექტი პირუკუა, მზის სხივები წამლადაც გამოგადგებათ.
წითელი აინთო
რას აღარ ამბობენ მზის სხივებზე! ხან ნაადრევ დაბერებას სდებენ ბრალად, ხან მკურნალ ეფექტს მიაწერენ. ერთიც მართალია და მეორეც – გააჩნია დოზას. მზის ზომიერი აბაზანები მარგებელია, ჭარბ ინსოლაციას კი მრავალი უსიამოვნება მოაქვს.
რამდენად მძიმე დარტყმას მიაყენებს დამწვრობა ჩვენს ჯანმრთელობას, მის ხარისხსა და ფართობზეა დამოკიდებული. ფართობთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ხარისხის ცნებაზე კი უფრო ვრცლად შევჩერდებით.
მზეს მიფიცხებული კანი ყველაზე ხშირად პირველი ხარისხის დამწვრობას იღებს. ამ დროს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე – ეპიდერმისი ზიანდება. კანი გაწითლებული და ოდნავ შესივებულია. შეხორცებას რამდენიმე დღე სჭირდება. შესაძლოა, დარჩეს სუსტი ქავილი ან აქერცვლა. მეორე ხარისხის დამწვრობისას დაზიანება კანის უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს. მას სითხით სავსე ბუშტუკებით ამოიცნობთ. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
მესამე ხარისხი კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანებას გულისხმობს. დამწვარი უბანი თეთრი ან დანახშირებულია, თუმცა, პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობებისგან განსხვავებით, ნაკლებად მტკივნეული ან უმტკივნეულო, რადგან თერმულმა ზემოქმედებამ ნერვული დაბოლოებებიც შეიწირა. ნაწიბურსაც მხოლოდ ამ ხარისხის დამწვრობა ტოვებს (ნაკლები ხარისხის დამწვრობები – მხოლოდ დაჩირქებისას) და ხშირად კანის გადანერგვა ხდება საჭირო. ულტრაიისფერი სხივები ამ ტიპის დამწვრობას ვერ მოგაყენებთ, აი, პირველი და მეორე ხარისხისა კი დაუდევრობიშ შემთხვევაში სულ ადვილად შეიძლება მიიღოთ. 
ვაქრობთ და ვაგრილებთ 
დამწვრობის შედეგი თავს რამდენიმე საათის შემდეგ იჩენს, ამიტომ კანი, როგორც წესი, საღამოობით აალდება ხოლმე.

პირველი, რაც ამ დროს უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ კანი განმეორებით შეტევას მოვარიდოთ.
მზის სხივებმა ტემპერატურა კანის ზედა შრეს გადასცა და უფრო ქვემოთ მდებარე შრეებისთვის აგრესორად აქცია. გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო გზაა, უჯრედებს “სიცხე” ნორმამდე დავუწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შევუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი 15 წუთით.
გაგრილების შემდეგ შეაფასეთ, დამოუკიდებლადაც შეიძლება მოქმედება თუ ექიმთან ხართ წასასვლელი. დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო (მაგალითად, სალბესანი) გადაისვით. შეხვევა აუცილებელი არ არის, მთავარია, დაზიანებული კანი სუფთად შეინარჩუნოთ. თუ ღრმა დაზიანება ისეთ ადგილზეა, რომ ადვილი შესაძლებელია, დაგესვაროთ, მშრალად და ფაშარად შეიხვიეთ.
დღეში ერთხელ მაინც ჯერ ხელები დაიბანეთ კარგად, მერე კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და მალამოს ახალი ფენა გადაისვით.
თუ ტკივილი შემაწუხებელი და აუტანელია, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, დიკლოფეროლი, კეტოლონგი, მაგენოლი) მიიღოთ.
სიწითლესა და სიმხურვალეს მაწონიც დაგიამებთ. ის კანს გააგრილებს და დაატენიანებს კიდეც, თუმცა ძლიერი სიწითლის შემთხვევაში უმჯობესია სამკურნალო საშუალებებიც წაახმაროთ. 
დაიხსომეთ: 
. არ წაისვათ დამწვარ ადგილზე ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო – მსგავსი საშუალებები დაზიანებულ კანში ტენს აკავებს და ბაქტერიებს სათბურის პირობებს უქმნის.
. არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
. არ გამოიყენოთ ყინული ან ყინულივით ცივი წყალი მეორე ხარისხის დამწვრობის დროს.
მზით დამწვრობის შემთხვევაში მკურნალობას თავადაც შეძლებთ – სავარაუდოდ, ექიმის სატელეფონო კონსულტაცია სავსებით საკმარისი იქნება. სპეციალისტთან ვიზიტი შესაძლოა დაგჭირდეთ, როდესაც:
- I ან II ხარისხის დამწვრობის დიამეტრი 5-7 სმ-ს აღემატება;
- დამწვრობა სახეზე, ხელებზე, ტერფებზე, მსხვილი (მაგალითად, მუხლის ან მხრის) სახსრის სიახლოვესაა.
შენელებული მოქმედების ბომბი
კანის სიმსივნეთა გავრცელებამ ლამის ეპიდემიურ მაჩვენებლებს მიაღწიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მელანომის 130 000 და სხვა სიმსივნეების 2-დან 3 მილიონამდე შემთხვევა აღირიცხება. ყოველი მესამე ონკოლოგიური ავადმყოფი კანის კიბოთია დაავადებული. ეს ციფრები ტყუილად არ მოგვიყვანია – სწორედ ამ არასასიამოვნო შედეგს იწვევს ჭარბი ინსოლაცია და ამას ხშირად შეგვახსენებენ ექიმები.
მეცნიერებსაც და პრაქტიკოს ექიმებსაც მიაჩნიათ, რომ არსებობს კავშირი ბავშვობაში მზეზე ნებივრობასა და მოგვიანებით (10-20 წლის შემდეგ) მელანომის განვითარებას შორის. საბედნიეროდ, ასეთ სიმსივნეთა უმრავლესობა მომაკვდინებელი არ არის და ქირურგიული გზით მათი მოცილება შესაძლებელია. და მაინც, კანის სხვადასხვა ტიპის ავთვისებიან სიმსივნეს ყოველწლიურად 66 000 კაცი ეწირება.
მაინც რა ზრდის კანის კიბოს ჩამოყალიბების რისკს?
ასეთი ფაქტორი რამდენიმეა:
. ჭარბი ინსოლაცია, მეტადრე – ზაფხულში, შუადღისას და ნაშუადღევს, როდესაც მზის გამოსხივება ყველაზე აგრესიულია. თუ გარუჯვისას (ან გარუჯვის მცდელობისას) კანი არაერთხელ დაგიწვავთ, კანის კიბოს, მათ შორის – მელანომის განვითარების რისკი საგრძნობლად იზრდება.
. ღია ფერის კანი. როდესაც კანში მელანინი ცოტაა, მას უჭირს ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა. მეცნიერებმა ისიც დადგინეს, რომ თუ ადამიანს ქერა ან წითური თმა და ღია ფერის თვალები აქვს და იოლად იწვება მზეზე, მელანომის განვითარების ალბათობა საგრძნობლად იმატებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შავგრემანები სიმსივნისგან დაზღვეულნი არიან.
. ეკვატორთან ახლოს ცხოვრება. დედამიწის ამ სარტყელში მზის სხივები უფრო სწორი კუთხით ეცემა და მეტი რადიაციის შემცველიც არის. მაღალმთიან რეგიონებში ულტრაიისფერი გამოსხივება კიდევ უფრო ინტენსიურია.
. ხალი ან ხალები. თუ სხეული დაფარულია 50-მდე პატარა ხალით, კანის კიბოს ჩამოყალიბების რისკი გარკვეულწილად იზრდება. იგივე შეიძლება ითქვას ხალისმაგვარ წარმონაქმნებზე, რომლებსაც არაერთგვაროვანი საზღვრები და შეფერილობა აქვთ.
. გენეტიკური განწყობა. თუ რომელიმე სისხლით ნათესავს აქვს ან ოდესმე ჰქონდა მელანომა, მისი ჩამოყალიბების რისკი იზრდება.
. იმუნური სისტემის შესუსტება, მაგალითად, აივ ინფექციის ან შიდსის დროს, ასევე – ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ.
გაითვალისწინეთ: 
მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე არამელანომური კიბოსა და 130 000-მდე მელანომის დიაგნოზს სვამენ.
მელანომით დაავადებულთა უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული თეთრკანიანი მამაკაცია.
50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კანის კიბო პირველ ადგილს იკავებს და სიხშირით პროსტატის, ფილტვისა და ნაწლავის კიბოსაც აღემატება.
პრაქტიკული რჩევები
. თუ მოახერხებთ, დილის 11-დან საღამოს 4 საათამდე შენობაში დარჩით – ამ დროს მზის სხივები განსაკუთრებით მწველია.
. თვალის ირგვლივ ნაზი კანი განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს, ამიტომ აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე, ოღონდ შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი ლინზები ყოველგვარი UV სხივების 99-100%-ს აკავებს. უპირატესობა მომრგვალებულ, სახეზე მჭიდროდ მიკრულ მოდელებს მიანიჭეთ.
. ნუ დაიზარებთ, თვეში ერთხელ დაითვალიერეთ კანი მთელ ტანზე, კისრიდან და ყურებიდან დაწყებული, ფეხისგულებამდე (ალბათ მიხვდით: უსარკოდ ეს საქმე არ გამოვა).
. ხალის შეფასებისას კანის კიბოს ნიშნების აღმოჩენას ABCDE წესი გაგიადვილებთ. ეს ანბანური აბრევიატურა ინგლისელებმა იმისთვის მოიგონეს, რომ ამ ნიშნების დამახსოვრება უფრო იოლად შევძლოთ. მოდი, ჩვენც ვისწავლოთ:
A –Asymmetry: ხალის ნახევარს მეორისგან განსხვავებული ზომა და მოყვანილობა აქვს;
B –Border: საზღვრები წაშლილი ან დაკბილულია;
C – Color: ხალმა ფერი იცვალა, გამუქდა ან გაბაცდა, ანდა ერთდროულად რამდენიმე ფერად არის შეღებილი;
D –Diameter: დიამეტრი 5 მმ-ზე (ფანქრის ბოლოზე) მეტია;
E – Elevation: კანის ზედაპირიდან ამობურცულია და ხორკლიანი ზედაპირი აქვს.
საეჭვო ნიშნის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, კიბოს არ ნიშნავს, თუმცა დერმატოლოგთან კონსულტაციის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

გააზიარე: