მეტი შევიტყოთ სიმფიზიტის შესახებ

გააზიარე:

სიმფიზიტი – შესაძლოა, ეს სიტყვა ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თავად პრობლემა ორსულთა უმრავლესობისთვის ნაცნობია. ორსულს თუ წელი სტკივა, სიარული და გადაბრუნება უჭირს, ფეხი უშეშდება და კოჭლობს, ახლობლები ამშვიდებენ, ასე ორსულობამ იცისო. სინამდვილეში ასე ორსულობამ კი არა, სიმფიზიტმა იცის, რომელიც ისე ხშირად ახლავს თან ორსულობას, რომ მისი სიმპტომები ზოგჯერ ორსულობის ნიშნებში გვერევა. არსებობს ბედნიერი გამონაკლისებიც – შესაძლოა, ქალმა მთელი ცხრა თვე ისე გალიოს, წელიც არ წამოსტკივდეს, მაგრამ ვისაც ბედმა არ გაუღიმა, წინ რთული პერიოდი ელის და შესაძლოა, სიცოცხლის ამ უმშვენიერესი თვეების საწოლში, გაუნძრევლად გატარება მოუხდეს.

ნუ შეშინდებით, სიმფიზიტი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მკვეთრად აქვეითებს შრომის უნარს და რადიკალურად ცვლის ცხოვრების წესს, ნაყოფს არავითარ საფრთხეს არ უქადის, მშობიარობის შემდეგ კი თქვენი ჩივილებიც წარსულს ჩაბარდება. მთავარია, იცოდეთ, როგორ მართოთ დაავადება, რომ პროგრესი არ განიცადოს და იშვიათი, მაგრამ მეტად უსიამოვნო გართულებებისგანაც დაზღვეული იყოთ. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ჩვენი სტატია. გვესაუბრება კლინიკა “ჰერას” სამეანო გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი სოსო ღოღობერიძე.

 

  • – რა არის სიმფიზიტი?

– თავდაპირველად განვმარტოთ, რა არის სიმფიზი. მოგეხსენებათ, მარჯვენა და მარცხენა მენჯის ძვლები ერთმანეთს უერთდება და ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად საჭირო სტრუქტურას – მენჯის ღრუს ქმნის. თითოეული მენჯის ძვალი ერთმანეთთან უძრავად დაკავშირებული სამი ძვლისგან – თეძოს, საჯდომისა და ბოქვენის ძვლებისგან – შედგება. მარჯვენა და მარცხენა ბოქვენის ძვლები სხეულის წინა ნაწილში უკავშირდება ერთმანეთს. სწორედ მათი დაკავშირების ადგილს ეწოდება სიმფიზი. ეს, ფაქტობრივად, უძრავი სახსარია, რომელიც მენჯის მთლიანობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, გასაგებია მისი ნორმალური ფუნქციობის უდიდესი მნიშვნელობაც.

სიმფიზიტი კრებითი ტერმინია. ის გულისხმობს სიმფიზის ანთებას, სიმფიზიოპათიას, ბოქვენის ძვლების დაშორებას და სხვ. ორსულობისას ყველაზე ხშირად სიმფიზის სწორედ ეს უკანასკნელი პრობლემა იჩენს თავს. განსაზღვრული ხარისხით ძვლებს შორის მანძილის ზრდა ორსულობას ისედაც ახასიათებს და საშიში არ არის, მაგრამ თუ ძვლები მეტისმეტად დასცილდა ერთმანეთს, თავს იჩენს შემაწუხებელი ჩივილები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ფიზიოლოგიური მშობიარობის საკითხი და წარმოიშობა გართულებათა ალბათობა.

  • – რატომ სცილდება ორსულობისას ერთმანეთს სიმფიზის ძვლები?

– ეს ორსულობაზე ქალის ორგანიზმის ადაპტაციური პასუხია. მოგეხსენებათ, ორსულობის დროს ორგანიზმში სხვადასხვა ჰორმონი გამომუშავდება. საკვერცხეებსა და პლაცენტაში სინთეზდება რელაქსინი, რომელიც სახსრებზე მოქმედებს და ხრტილოვანი ქსოვილის, მყესების შეშუპებასა და დარბილებას იწვევს. ეს ორგანიზმის შემგუებლობითი რეაქციაა და ქალს მოსალოდნელი მშობიარობისთვის ამზადებს. ნაყოფმა დაბადებისას სწორედ მენჯის ღრუ უნდა გამოიაროს, მენჯის ძვლების შესახსრების დარბილების შედეგად კი მენჯის რკალი რამდენადმე ფართოვდება და ბავშვის დაბადებას აადვილებს. სხვაგვარად მშობიარობა შეუძლებელი იქნებოდა. ამრიგად, ბოქვენის ძვლების დაახლოებით 4-5 მმ-ით დაშორება ორსულობისას ნორმად მიიჩნევა. მშობიარობის დროს დაშორება, ცხადია, კიდევ უფრო იმატებს, თუმცა ცვლილება, წესისამებრ, 4 მმ-ს არ აღემატება, მშობიარობის შემდეგ კი სიმფიზი თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნდება.

ზემოთ აღწერილმა ადაპტაციურმა რეაქციამ შესაძლოა პათოლოგიური ხასიათი მიიღოს და დაშორება ნორმის ფარგლებს გასცდეს.

სიმფიზიტის განვითარებას რელაქსინის ეფექტთან ერთად ნივთიერებათა ცვლის დარღვევაც უწყობს ხელს, განსაკუთრებით –ფოსფორისა და კალციუმისა. დიდ როლს ასრულებს D ჰიპოვიტამინოზიც, რადგან სწორედ D ვიტამინია საჭირო კალციუმის ასათვისებლად. მისი ნაკლებობის დროს ქალმა კალციუმით მდიდარი რამდენი საკვებიც არ უნდა მიირთვას და რა პრეპარატიც არ უნდა მიიღოს, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. სიმფიზიტს გენეტიკურ განწყობასაც უკავშირებენ –თუ ქალის დედას ან ახლო ნათესავს ასეთივე პრობლემა ჰქონდა, დიდია შანსი, სიმფიზიტი მასაც განუვითარდეს.

  • – რა სიმპტომებით ვლინდება სიმფიზიტი?

– დაავადება მწვავდება ორსულობის 30-32-ე კვირას, როდესაც უკვე საკმაოდ მოზრდილი ნაყოფი ბოქვენს აწვება. სიმპტომები სიმფიზიტის ხარისხზეა დამოკიდებული. განასხვავებენ მის სამ ხარისხს. პირველი ხარისხის სიმფიზიტის დროს ძვლებს შორის დაშორება 5-9 მმ-მდეა, მეორე ხარისხის დროს –10-20 მმ-მდე, მესამე ხარისხის შემთხვევაში კი 20 მმ-ზე მეტი. პირველი ხარისხის სიმფიზიტი ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მეორე ხარისხის შემთხვევაში დაშორებული ძვლები როიალის კლავიშივით მოძრაობს ზემოთ-ქვემოთ, რის გამოც თავს იჩენს დისკომფორტი წოლის, სიარულის, დიდხანს დგომისა და ჯდომის დროს, ტკივილი წელისა და ბოქვენის არეში. ორსულს უჭირს სკამიდან, საწოლიდან წამოდგომა, ცალ ფეხზე დგომა, ლოგინში გადაბრუნება, შარვლის, ფეხსაცმლის ჩაცმა, კიბეზე ასვლა, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ გავლა. მესამე ხარისხის შემთხვევაში ეს სიმპტომები უფრო ძლიერია, ზოგჯერ ორსული საერთოდ ვეღარ ახერხებს სიარულს, დახრას, წოლისა თუ დგომის დროს ფეხის აწევას; ძნელდება და ძალზე მტკივნეული ხდება საწოლში გადაბრუნება, წამოდგომა; წელისა და ბოქვენის ტკივილი იმატებს და მთელ ფეხს გადაეცემა, იწვევს ფეხის გაკავებას, გაშეშებას და სიმფიზიტისთვის დამახასიათებელ იხვისებრ – მოკლე-მოკლე, უსწორმასწორო ნაბიჯებით –სიარულს. ორსული საწოლში იძულებით პოზას იღებს, თუმცა დიდხანს წოლაც აყენებს ტკივილს და უქმნის დისკომფორტს.

  • – რა გართულებაა მოსალოდნელი სიმფიზიტის დროს?

– ყველაზე მძიმე გართულება ბოქვენის სიმფიზის გახევაა. ასე ხდება, როდესაც ბოქვენის ძვლებს შორის დაშორება მეტისმეტად დიდია. ბოქვენის სიმფიზის გახევა სერიოზული ტრავმაა, რომელიც ოპერაციას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვს. საბედნიეროდ, ეს გართულება საკმაოდ იშვიათია და, წესისამებრ, არა ორსულობის, არამედ მშობიარობის დროს ვითარდება. გარდა ამისა, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს შესაძლოა დაშორებამ უცბად მოიმატოს (ეს კუნთების ატონიის შედეგია) და ქალი 2-3 კვირით საწოლს მიაჯაჭვოს. სწორედ ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად მივმართავთ საკეისრო კვეთას.

  • – როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

– სიმფიზიტის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. დაავადების ამოცნობა კლინიკური სურათითაც ადვილია. დიაგნოზს ადასტურებს პალპაცია –ბოქვენის ძვლის ხელით გასინჯვა. ამ დროს ვგრძნობთ დაშორებას, ზოგჯერ ძვლებს შორის თითიც კი ეტევა. სიმფიზიტის ხარისხის დასადგენად კი ულტრაბგერითი კვლევაა საჭირო. შემდგომი კონტროლიც ექოსკოპიით მიმდინარეობს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ორსულობისას რენტგენოლოგიური კვლევა აკრძალულია.

  • – როგორ მკურნალობთ სიმფიზიტს?

– ორსულობის დროს სიმფიზიტის განკურნება შეუძლებელია. ექიმის ტაქტიკა იმისკენ არის მიმართული, რომ დაავადებამ პროგრესი არ განიცადოს და ორსული რაც შეიძლება ნაკლებად შეწუხდეს. პირველი ხარისხის სიმფიზიტის დროსაც კი, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის დადგენა. თუ დეფიციტი დადასტურდა და პროგრესირებს, აუცილებლად უნდა დაინიშნოს კალციუმის პრეპარატები.

კალციუმის დეფიციტის კლინიკური ნიშნებია:

  • წელის ტკივილი;
  • ღამით კუნთების სპაზმი, დაჭიმვა (ე.წ. გაკვანძვა);
  • ფრჩხილების მტვრევადობა;
  • თმის ცვენა;
  • კბილების მორყევა;
  • ძვლების ტკივილი;
  • გემოვნების გაუკუღმართება.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ სიმპტომების არსებობის დროსაც კი ჯობს, კალციუმის დეფიციტი ლაბორატორიულად დადასტურდეს და მედიკამენტები ამის საფუძველზე დაინიშნოს.

ამასთან ერთად, აუცილებელია ორსულის მენიუზე, კვებისა და დღის რეჟიმზე ზრუნვაც.

  • – მედიკამენტებით ტკივილის შემცირება თუ შეიძლება?

– ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) შეზღუდულად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება. მათი რეგულარული გამოყენება არ შეიძლება.

  • – სიმფიზიტი საკეისრო კვეთის აბსოლუტური ჩვენებაა?

– არა, საკითხი ინდივიდუალურად წყდება. ზოგჯერ საჭიროა ორთოპედის კონსულტაციაც. საზოგადო მიდგომა ასეთია: როდესაც საქმე პირველი ხარისხის სიმფიზიტს ეხება, მშობიარობა უმეტესად ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს; მეორე ხარისხის სიმფიზიტის დროს მდგომარეობა ექიმმა უნდა შეაფასოს –საკეისრო კვეთა ტარდება, როცა დაავადების ნიშნები მკაფიოდაა გამოხატული და პროგრესირებს, ასევე –პროცესს ერთვის სიმფიზის ანთება, ნაყოფი დიდია, მენჯი ვიწროა, მოსალოდნელია, მშობიარობის დროს საჭირო გახდეს მაშის გამოყენება; მესამე ხარისხის სიმფიზიტი პერსპექტივაში არსებული გართულებების გამო, წესისამებრ, საკეისრო კვეთით მთავრდება.

  • – მშობიარობიდან რამდენი ხნის შემდეგ უბრუნდება სიმფიზი პირვანდელ მდგომარეობას?

– ეს სიმფიზიტის ხარისხსა და მის გამოვლენაზეა დამოკიდებული. პირველი-მეორე ხარისხის სიმფიზიტის შემთხვევაში მალე ყველაფერი ნორმაში დგება, მესამე ხარისხის სიმფიზიტის დროს კი შესაძლოა, ქალს ლოგინობის ხანაშიც წოლითი რეჟიმი დასჭირდეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სპეციალური კორსეტის ჩაცმაც.

  • – როგორ შეიძლება სიმფიზიტის სიმპტომების შემსუბუქება?

–ამისთვის ქალმა უნდა შეასრულოს რამდენიმე რეკომენდაცია:

* შეზღუდოს ფიზიკური აქტივობა;

* ატაროს ორსულთა ბანდაჟი –ის სახსარს აფიქსირებს და მასზე ნაყოფის ზეწოლას ამცირებს;

* ბევრი დაისვენოს, არ დაიღალოს, არ დაიტვირთოს;

* დიდხანს არ იდგეს ფეხზე;

*  არ იდგეს ცალ ფეხზე;

* ერიდოს დიდხანს (საათზე მეტხანს) ჯდომას;

* ერიდოს ყოველგვარ აქტივობას, რომელიც კი მენჯის ასიმეტრიას იწვევს – კიბეზე ასვლას, ცალი ფეხის მოხრას (წოლისას, დგომისას), მანქანიდან ცალი ფეხით გადმოსვლა და ა.შ.;

* საწოლიდან ადგომისას ჯერ გვერდზე გადაბრუნდეს და მერეღა წამოდგეს;

* არ ასწიოს მძიმე ტვირთი;

* მენიუ გაიმდიდროს კალციუმიანი საკვებით – ხაჭოთი, ყველით, რძით;

* ბევრი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე, რომ D ვიტამინი მიიღოს –უამისოდ ორგანიზმი კალციუმს ვერ აითვისებს;

* აკონტროლოს წონის ნამატი –ჭარბი წონა სიმფიზიტს ამძიმებს.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: