შექცევადი სტერილიზაცია

გააზიარე:

კონტრაცეფციის ეს სახეობა საქართველოში ყველაზე პოპულარულია, თუმცა მას აქტიურად იყენებენ ჩინელი, შვეიცარიელი, დანიელი, ფინელი, ნორვეგიელი და ლათინურ ამერიკაში მცხოვრები ქალებიც. პატარა დრეკადი მოწყობილობით მთელ მსოფლიოში ამჟამად დაახლოებით 140 მილიონი ქალი იცავს თავს არასასურველი ორსულობისგან. ალბათ მიხვდით – ამჯერად კონტრაცეფციის საშვილოსნოშიდა საშუალებაზე, ე.წ. სპირალზე ვისაუბრებთ.

საშვილოსნოსშიდა საშუალებების (სშს) სამი ნაირსახეობა არსებობს:

  • სპილენძის შემცველი;
  • ჰორმონშემცველი – პროგესტასერტი (შეიცავს პროგესტერონს) და მირენა (შეიცავს ლევონორგესტრელს);
  • ინერტული (არამედიკამენტური) ლიპესის მარყუჟი.

საშვილოსნოშიდა საშუალებები კონტრაცეფციის ყველაზე ეფექტური მეთოდია. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ მათი ესოდენ დიდი პოპულარობა. ორსულობის მაჩვენებელი 100 ქალზე 0,2-0,7-მდე მერყეობს, ინერტული საშვილოსნოშიდა საშუალებების გამოყენების შემთხვევაში კი 100-დან მხოლოდ ორი ქალი ორსულდება.

სპილენძშემცველი საშვილოსნოშიდა საშუალების მოქმედების ხანგრძლივობა 5-12 წელია, ჰორმონშემცველი მირენასი კი – 5 წელი. მოქმედების ასეთი ხანგრძლივობის გამო მას შექცევად სტერილიზაციასაც კი უწოდებენ.

გამიგონია სხვადასხვა, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება სპირალის მოქმედების მექანიზმის შესახებ. ქალების უმრავლესობას აინტერესებს, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში, არის თუ არა სპირალის გამოყენება აბორტის ტოლფასი, ხდება თუ არა განაყოფიერება და შემდეგ – ემბრიონის სიკვდილი.

საქმე ის არის, რომ სპირალის გამოყენებისას ქალის რეპროდუქციულ სისტემაში მრავალი რთული პროცესი მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ გაიდლაინში ვკითხულობთ, რომ საშვილოსნოშიდა საშუალება არ იწვევს აბორტს – ორსულობის შეწყვეტას; ის უშუალოდ განაყოფიერების პროცესზე ახდენს გავლენას. მისი მოქმედებისას ენდომეტრიუმში ვითარდება ანთებითი ცვლილებები (ასეპტიკური ანთება), რაც იმპლანტაციის პროცესს არღვევს. გარდა ამისა, სპილენძის შემცველი საშვილოსნოშიდა საშუალება აფერხებს კვერცხუჯრედის მომწიფებას, იწვევს საშვილოსნოს არაკოორდინირებულ კუმშვას და ამცირებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს. რაც შეეხება ლევონორგესტრელის შემცველს სპირალს, ის იწვევს ცერვიკალური ლორწოს გასქელებას, რაც ასევე უშლის ხელს სპერმატოზოიდების გადაადგილებას საშვილოსნოსა და მილებისკენ. ათიდან 2-3 შემთხვევაში ის ოვულაციასაც თრგუნავს.

  • მაშ, რა უპირატესობა აქვს საშვილოსნოშიდა საშუალებას?
  • მაღალეფექტურია;
  • დაუყოვნებლივ ახდენს ეფექტს;
  • უსაფრთხოა ქალების უმრავლესობისთვის, რომლებსაც არ ემუქრებათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადების რისკი;
  • ეკონომიურია;
  • უსაფრთხოა მეძუძური და ახალნამშობიარები ქალებისთვისაც;
  • შეიძლება მისი ხანგრძლივი გამოყენება;
  • ჩადგმისას საკმარისია ერთი ვიზიტი, ჩადგმიდან 3-6 კვირაში პირველადი შემოწმების შემდეგ კი მინიმალური მეთვალყურეობა სჭირდება;
  • არ მოითხოვს არავითარ დამატებით კონტრაცეფციას.

სპირალს, განსაკუთრებით კი მედიკამენტურს, გარდა იმისა, რომ თავიდან გვაცილებს არასასურველ ორსულობას, სხვა სარგებლობის მოტანაც შეუძლია. მაგალითად პროგესტინის შემცველი სპირალი ამცირებს მენსტრუალურ ტკივილსა და სისხლდენას, პროგესტასერტის შემცველი კი – საშვილსონსოსგარე ორსულობის რისკს. მათ იყენებენ ადენომიოზის, იდიოპათიური სისხლდენის, ლეიომიომისა და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.

ისევე როგორც ნებისმიერ საშუალებას, ნაკლოვანებები სპირალსაც აქვს. ის ვერ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ჩადგმისას იწვევს სუსტ ტკივილს და მცირე სისხლდენას, პირველი სამი თვის განმავლობაში კი მოსალოდნელია მენსტრუაციის გაძლიერება, გახანგრძლივება, ტკივილი, არის შანსი, სპირალი თავისით გამოვარდეს.

არსებობს მდგომარეობები, როდესაც საშვილოსნოშიდა საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია. მაგალითად, დიაგნოსტირებული ან საეჭვო ორსულობა, საშვილოსნოს ანატომიური ანომალიები და ფიბროიდები, რომლებიც ფორმას უცვლის საშვილოსნოს, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, სქესობრივი დაავადებები (ქლამიდია, გონორეა), მიზეზდაუდგენელი სისხლდენა, რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნური პროცესები და ტუბერკულოზი. ჰორმონშემცველი სპირალის ჩადგმა ასევე არ შეიძლება ანამნეზში ღრმა ვენებისა და ფილტვის არტერიის ემბოლიის არსებობისას, შაკიკის ან ძუძუს კიბოს დროს.

  • მაშ, როდის შეიძლება ჩაიდგას სპირალი?

მისი ჩადგმა სასურველია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში ან ციკლის ნებისმიერ დღეს, თუ ექიმი დარწმუნებულია, რომ ქალი ორსულად არ არის.

გახსოვდეთ:

  • სპირალის ჩადგმიდან რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი ჩვეული მოვლენაა.
  • ჩადგმის დროს ექიმისგან უნდა მიიღოთ სპეციალური ბარათი, რომელზეც მითითებული იქნება ჩადგმის თარიღი და ხანგრძლივობა. ეს ბარათი კარგად შენახეთ.
  • შემოწმებისთვის ექიმს მიმართეთ ჩადგმიდან პირველი მენსტრუაციის შემდეგ (3-6 კვირის შემდეგ), მაგრამ არა უგვიანეს სამი თვისა.
  • თუ სპირალის ჩადგმის შემდეგ მენსტრუალური სისხლდენა ჩვეულებრივზე ორჯერ მეტად გახანგრძლივდა ან გჭირდებათ ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი საფენი ან ტამპონი, მიმართეთ ექიმს.
  • ჩადგმიდან პირველი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით – პირველი მენსტრუაციის შემდეგ, რამდენჯერმე შეამოწმეთ ძაფები. შემდგომ შეგიძლიათ, ძაფები მხოლოდ მენსტრუაციის შემდეგ შეამოწმოთ. ძაფების შემოწმება ასევე საჭიროა, თუ გაწუხებთ მოვლითი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის ან სქესობრივი კავშირის შემდეგ, ტკივილი სქესობრივი კავშირის შემდეგ ან ქმარი`პარტნიორი უჩივის დისკომფორტს (სქესობრივი აქტის გრძნობს სპირალის მკვრივ ნაწილს) – ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა სპირალის გამოვარდნაზე მიუთითებდეს. თუ ეს სიმპტომები გრძელდება ან გასინჯვისას ამჩნევთ, რომ ძაფები დაგრძელდა, დამოკლდა ან აღარ ისინჯება, ანდა საშოში გრძნობთ სპირალის მკვრივ ნაწილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შესამოწმებლად. თუ სიმპტომებმა გაიარა, მაგრამ ძაფებს ვერ პოულობთ, თავს ნუ დაიმშვიდებთ – შესაძლოა, სპირალი უკვე გამოვარდა. გახსოვდეთ, საშვილოსნოსშიდა საშუალება ყველაზე ხშირად მენსტრუაციის დროს ვარდება.

 

  • როგორ შევამოწმოთ ძაფები

პროცედურის წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები, შემდეგ შეიტანეთ საშოში საჩვენებელი ან შუა თითი და მოძებნეთ საშვილოსნოს ყელი. ის მკვრივია, როგორც ცხვირის წვერი. მოძებნეთ ძაფები. თუ ისინი ისინჯება და ისეთივეა, როგორიც წინა გასინჯვისას, ესე იგი საშვილოსნოსშიდა საშუალება თავის ადგილზეა. არასოდეს მოქაჩოთ ძაფები – ამან შესაძლოა გამოაგდოს სპირალი და დააზიანოს საშვილოსნოს ყელი.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას ქვემოთ აღწერილ შემთხვევებში:

  • მენსტრუაციის დაგვიანება ან ორსულობის ნიშნები (გულისრევა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და სხვა). სპირალი ძალიან ეფექტურია, მაგრამ არ არის გამორიცხული წარუმატებლობა, თუნდაც სწორი ჩადგმის შემთხვევაში. ასევე, ბოლომდე ვერ იცავს საშვილოსნოსგარე ორსულობისგან. თუ დაორსულდით, სპირალი უნდა ამოიღოთ, რადგან მისი დატოვების შემთხვევაში მეტია თვითნებითი აბორტის და მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციის რისკი.
  • მუდმივი ან მოვლითი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, განსაკუთრებით – როდესაც მას ახლავს გულისრევა, ცხელება ან შემცივნება (ეს სიმპტომები შესაძლოა მენჯის ღრუს ინფექციაზე მიუთითებდეს). ჩადგმიდან პირველი თვის განმავლობაში რამდენადმე მომატებულია საშვილოსნოს და`ან ფალოპის მილების ინფექციის რისკი.
  • ძაფების დაკარგვა ან სპირალის პლასტმასის ბოლოს შეგრძნება ძაფების შემოწმებისას.

სამყაროში იდეალური არაფერია, არც საშვილოსნოშიდა საშუალებაა კონტრაცეფციის იდეალური მეთოდი. მისი გამოყენების დროს, თუმცაღა ძალზე იშვიათად, მოსალოდნელია გართულებებიც. მოდი, ყველაზე გავრცელებულებზე შევჩერდეთ:

  • სისხლდენა. სპილენძის შემცველი სპირალი 50%-ით ზრდის მენსტრუალური გამონადენის რაოდენობასა და ხანგრძლივობას. მისი ამოღების მთავარი ჩვენებაა ციკლის დარღვევა. ლევონორგესტრელის შემცველი კი, პირიქით, ამცირებს მენსტრუალური სისხლის რაოდენობას და პაციენტთა 20-30%-თან ამენორეას (ციკლის არარსებობას) იწვევს. მათ, როგორც წესი, პირველი 3-6 თვის განმავლობაში არარეგულარული მენსტრუალური ციკლი აქვთ, მერე მენსტრუაცია ნელ-ნელა მცირდება და ბოლოს, ჩადგმიდან 12 თვის შემდეგ, ამენორეა ვითარდება.
  • ექსპულსია – სპირალის გამოვარდნა. ეს საკმაოდ იშვიათი გართულებაა, მომხმარებელთა 5%-თან გვხვდება და ისიც მხოლოდ ჩადგმიდან პირველი სამი თვის განმავლობაში. რისკი იმატებს არანამშობიარებ ქალებთან და მათთან, ვისაც ციკლის დარღვევები აღენიშნება. თუ სპირალი უშუალოდ მშობიარობის დასრულებისას ჩაიდგა, 12 თვის შემდეგ მისი გამოვარდნის რისკი საკმაოდ მაღალია (10-25%). ექსპულსიის ალბათობა ასევე დიდია მეორე ტრიმესტრში გაკეთებული აბორტის შემდეგ. თუ ქალი რეგულარულად არ იმოწმებს ძაფებს, შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს გამოვარდნა. ამ შემთხვევაში დიდია არასასურველი ორსულობის რისკი.
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები. წინათ მიიჩნეოდა, რომ სპირალსა და მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს შორის უშუალო კავშირი იყო, მაგრამ საფუძვლიანი გამოკვლევების შემდეგ ეს მოსაზრება უარყვეს. ჯანმოს კვლევების თანახმად, საშვილოსნოსშიდა საშუალების მომხმარებელ ქალთა შორის მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების მხოლოდ უმნიშვნელო მატება შეინიშნება, ისიც – ჩადგმიდან პირველი 20 დღის განმავლობაში.
  • ექტოპიური ორსულობა.  სპირალი არ ზრდის გარეორსულობის რისკს, პირიქით, ზოგ შემთხვევაში ამცირებს კიდეც.
  • საშვილოსნოს პერფორაცია. საშვილოსნოს მთლიანობის დარღვევაც ძალზე იშვიათია და ხდება უმეტესად სპირალის ჩადგმის დროს, როდესაც მისი ნაწილი საშვილოსნოს კედელში მაგრდება. დადგენილია, რომ პერფორაციის შემთხვევაშიც კი სერიოზული გართულების რისკი მცირეა და ქირურგიული ჩარევა იშვიათად ხდება საჭირო.
  • უნაყოფობა. მოძველებული წარმოდგენით, საშვილოსნოშიდა საშუალების მოხმარებისას მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების მომატებული ალბათობის გამო იზრდებოდა უნაყოფობის რისკიც. დღეს ეს მოსაზრება უარყოფილია. დადგენილია, რომ მილისმიერი უნაყოფობა უკავშირდება არა სპირალს, არამედ ქლამიდიურ ინფექციას. საშვილოსნოსშიდა საშუალების ამოღების შემდეგ ქალის რეპროდუქციული ფუნქცია, წესისამებრ, მალე აღდგება.

ბოლო ხანს ლიტერატურაში გამოჩნდა მონაცემები, რომ ლევონორგესტრელის შემცველი სპირალი შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული ადენომიოზის, ლეიომიომისა და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, რამაც მსგავსი პრობლემის მქონე ქალებისთვის – და არამხოლოდ მათთვის – კონტრაცეფციის საშვილოსნოსშიდა საშუალებები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

თამარ არქანია

გააზიარე: