ლიმფომაც იკურნება

გააზიარე:

ლიმფომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა – ავთვისებიან დაავადებათა სტრუქტურაში ის მეხუთე ადგილს იკავებს. ავთვისებიანი ლიმფომა ლიმფური სისტემის ძვლის ტვინის გარეშე სიმსივნეს წარმოადგენს. ლიმფური სისტემა ლიმფური ჯირკვლებისგან, ელენთისა და მთელ ორგანიზმს მოდებული ლიმფური სადინარების ქსელისგან შედგება. ამ სადინარებში სისხლის თეთრი უჯრედები – ლიმფოციტები მოძრაობს. ლიმფური სისტემის მთავარი ფუნქცია ინფექციებთან ბრძოლაა. ისევე როგორც ყველა სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნი, ლიმფომაც მაშინ ჩნდება, როდესაც უჯრედები უკონტროლო გამრავლებას იწყებს. ამ შემთხვევაში ასეთი უჯრედები T და B ლიმფოციტებია.

ლიმფომის შესახებ კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნატალია კატანჯიანი გვესაუბრება:

 

– ლიმფომა ჰემატოლოგიურ დაავადებათა ჯგუფია, რომელთათვისაც დამახასიათებელია ლიმფური კვანძების და`ან იმ შინაგანი ორგანოების გადიდება, სადაც დიდი ოდენობით გროვდება სიმსივნური ლიმფოციტები. ლიმფომა გადამდები არ არის.

ლიმფომის მიზეზი უმეტესად უცნობია. რისკი საგრძნობლად იმატებს ამა თუ იმ სახის იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ასეთებია აივ-ინფექცია, ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება და მემკვიდრეობითი დარღვევა. დადასტურებულია ლიმფომების წარმოშობაში ზოგიერთი ვირუსის როლი. ასეთებია, მაგალითად, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც ბერკიტის ლიმფომის განვითარებაში მონაწილეობს, B და C ჰეპატიტის ვირუსები, T-უჯრედული ლეიკემიის გამომწვევი ვირუსი. კუჭის ლიმფომის განვითარების რისკს ზრდის Helicobacter Pylori. ამის დასტურად ის ფაქტი გამოდგება, რომ ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკოთერაპია კუჭის ლიმფომის 70%-იან რეგრესიას იწვევს. კონიუნქტივისა და თვალის ორბიტის ლიმფომების განვითარებაში ხშირად მიუძღვის ბრალი Chlamydia psittaci-ს, კანის ლიმფომების განვითარებაში – Borrelia burgdorferi-ს.

ლიმფომის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება რადიაცია, ქიმიური აგენტების ზემოქმედება და გენეტიკური განწყობა (სიმსივნური დაავადებების მემკვიდრეობითი ისტორია), თუმცა ამ ფაქტორების არსებობა სრულიადაც არ ნიშნავს, ადამიანს აუცილებლად დაემართება ეს დაავადება.

–             ვიცით, რომ ლიმფომა სხვადასხვა სახისაა...

– მართალი ბრძანდებით. მათ ორ ძირითად ტიპად ყოფენ: ლიმფოგრანულომატოზად ანუ ჰოჯკინის ლიმფომად (ეს სახელი ექიმისა და პათოლოგის თომას ჰოჯკინის პატივსაცემად ეწოდა) და არაჰოჯკინის ლიმფომად. დაავადების ტიპის დასადგენად საჭიროა ბიოფსიის შედეგად მიღბული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა. თუ პრეპარატში სპეციფიკური ბერიოზოვსკი-სტენბერგ-რიდის უჯრედები აღმოჩნდა, ჰოჯკინის დაავადების დაიგნოზი დაისმება, თუ არა – დაავადებას არაჰოჯკინის ლიმფომას მიაკუთვნებენ. ლიმფომის ეს ორი ტიპი სხვადასხვანაირადაც მიმდინარეობს და მკურნალობაც სხვადასხვანაირი სჭირდება.

ლიმფომებისთვის ნოზოლოგიათა მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. ასევე რთულია მათი დიფერენციაცია არასიმსივნური პროცესებისგან.

არსებობს არაჰოჯკინის ლიმფომების 35-მდე ქვესახეობა. მორფოლოგიური სუბსტრატის მიხედვით მათ სხვადასხვა ციტოლოგიურ ვარიანტად ყოფენ. ჯანმოს კლასიფიკაციით კი არაჰოჯკინის ლიმფომები იყოფა T და B ლიმფოციტურ სიმსივნეებად, რომლებიც უმწიფარი ან მწიფე უჯრედებისგან ვითარდება.

– როგორ პროგრესირებს დაავადება?

– ლიმფომის ზოგიერთი სახეობა ნელა ვითარდება, კეთილთვისებიანია და დიდი ხნის განმავლობაში არ მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას. ასეთ ლიმფომებს ინდოლენტურებს უწოდებენ. ზოგიერთი სახეობისთვის კი სწრაფი პროგრესირებაა დამახასიათებელი (მათ აგრესიულ ლიმფომებს უწოდებენ) და მკურნალობაც დაუყოვნებლივ სჭირდება. პროცესის გავრცელების მიხედვით 5 სტადიას განასხვავებენ.

ლიმფოციტების ანომალიური ზრდა უმეტესად ლიმფურ კვანძებში იწყება. პროცესის კვალობაზე, კვანძები დიდდება. ესენი ნოდალური ანუ კვანძოვანი ლიმფომებია. ლიმფომის ზოგი სახეობისთვის კი ლიმფური კვანძების გადიდება არ არის დამახასიათებელი, რადგან დაავადება იწყება არა კვანძში, არამედ რომელიმე ორგანოში: ელენთაში, კუჭში, ნაწლავში, ფილტვში, თავის ტვინში. ასეთ ლიმფომებს ექსტრანოდალურებს უწოდებენ.

– რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს ლიმფომას?

– წესისამებრ, ლიმფომის პირველი ნიშანია ლიმფური კვანძების შესამჩნევი გადიდება. ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ამ დროს გადიდებული კვანძები უმტკივნეულოა და ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად არ პატარავდება. ლიმფომას ახასიათებს სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, წონის კლება. გარდა ამისა, შესაძლოა გამოიწვიოს ანემია, რაც, თავის მხრივ, დაღლილობასა და სისუსტეს იწვევს, შეაფერხოს იმუნური სისტემის მუშაობა, რის გამოც ინფექციების მიმართ ორგანიზმის შეუვალობა მცირდება, გამოწვიოს ძილის დარღვევა, დეპრესია და შფოთვა, დავადების უკანასკნელ სტადიებზე – ორგანიზმის შესამჩნევი გამოფიტვა, აგრეთვე – ინტოქსიკაცია, თირკმელების, ფილტვის, ღვიძლის და ნებისმიერი სხვა ორგანოს დაზიანება.

– უმეტესად რატომ მიმართავენ ექიმს – კლინიკური ჩივილების გამო თუ ლაბორატორიული ცვლილებების გამო?

– უმეტესად – ლიმფური კვანძების გადიდების გამო. შესაძლოა, პაციენტს მომატებული ჰქონდეს სხეულის ტემპერატურა, უჩიოდეს ხველას, რენტგენოგრაფიამ კი შუასაყრის ლიმფური კვანძების გადიდება გამოავლინოს. ხშირად მუცლის ღრუს მიმოხილვითი ექოსკოპიური კვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ გადიდებულ ელენთას. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ლიმფოციტოზი, ანემია, მაღალი ედსი. ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ჰემატოლოგთან ვიზიტის საფუძველია.

– როგორ სვამენ დაავადების დაიგნოზს?

– ლიმფომის დიაგნოსტიკა გამოკვლევის სამ ძირითად მეთოდს ეფუძნება: მორფოლოგიურს, იმუნოჰისტოლოგიურს და მოლეკულურ-გენეტიკურს.

ძირითადია მორფოლოგიური მეთოდი. მისი საფუძველია განსაზღვრული ანტიგენის მიმართ ანტისხეულების იმუნოჰისტოქიმიური სადიფერენციაციო პანელის ფორმირება. სწორედ იმუნოფენოტიპური მახასიათებლების წყალობით გახდა ცნობილი, რომ ლიმფომა შესაძლოა წარმოიშვას B (ასიდან 85 შემთხვევაში) ან T ლიმფოიდური უჯრედის დიფერენციაციის ნებისმიერ ეტაპზე, რაც დაავადების კლინიკურ მიმდინარეობასა და პროგნოზს განსაზღვრავს. ამრიგად, ქვესახეობათა დიფერენციაციას სწორედ ამ მეთოდის მეშვეობით ვახდენთ.

დიაგნოსტიკური შეცდომებისგან მხოლოდ კლინიკური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების ერთობლივი შეფასება გვიცავს. დანარჩენი ორი (იმუნოფენოტიპური და ციტოგენეტიკური) გამოკვლევა დაავადების ნოზოლოგიური ფორმის დადგენაში გვეხმარება.

– საიდან იღებენ ამოსაკვლევ მასალას?

– გამოსაკვლევად გამოსადეგია სისხლი, ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძი, ელენთა.

– რომელი დაავადებებისგან უწევს ექიმს ლიმფომის დიფერენცირება?

– უმთავრესად – ლიმფური ჯირკვლების გადიდებით მიმდინარე ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები: გრიპი, ანგინა, ტუბერკულიოზი და სხვა.

– როგორ მკურნალობენ?

– პირველი ხაზის სტანდარტული თერაპია მოიცავს ქიმიოთერაპიას ლიმფომების ყველაზე ადრეულ სტადიებზე ან ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კომბინაციას.

იმუნოთერაპია გამოიყენება როგორც დამატებითი მეთოდი ან სტანდარტული თერაპიების ალტერნატივა.

იმუნოთერაპიის ყველაზე ეფექტური სახეებია თერაპია მონოკლონური ანტისხეულებით, ციტოკინებით, ვაქცინებით, პრეპარატებით, რომლებიც მოლეკულის დონეზე ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მაგალითად, თიროზინკინაზის ინჰიბიტორებით, ასევე – ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

მოგეხსენებათ, მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდებზე, გვთავაზობენ ახალ პრეპარატებს. ახლად შექმნილი პრეპარატების შორეული კლინკური შედეგები ჯერ უცნობია, თუმცა მრავალი პაციენტი ნებაყოფლობით მონაწილეობს პრეპარატის კლინიკურ გამოცდაში.

– როგორია ლიმფომის პროგნოზი?

– პროგნოზი იმით განისაზღვრება, მკურნალობის შემდეგ რამდენ ხანს იცოცხლებს პაციენტი: ორ, ხუთ, ათ წელიწადს თუ მეტს. დადგენილია, რომ ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულთა 80% დიაგნოსტიკის შემდეგ საშუალოდ 5 წელიწადს ცოცხლობს. ასეთივე მაჩვენებელი აქვს არააგრესიულ ლიმფომებსაც, ხოლო არაჰოჯკინის აგრესიული ლიმფომების დროს სიცოცხლის ხუთწლიანი ხანგრძლივობა პაციენტთა მხოლოდ ნახევართან აღირიცხება ლიმფომის ადრეულ (პირველი და მეორე) სტადიებზე აღმოჩენისას განკურნების შანსი მეტია, ვიდრე გვიან (მესამე-მეხუთე) სტადიაზე.

თავისთავად ცხადია, პროგნოზირება ძნელია, რადგან, ერთი მხრივ, ლიმფომების სხვადასხვა ტიპთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ კი პროგნოზი ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის. გარდა ლიმფომის ტიპისა, მასზე გავლენას ახდენს ლიმფომის სტადია, პაციენტის ასაკი, სხვა სომატური დაავადების არსებობა-არარსებობა. ახალგაზრდა ასაკი და სხვა სომატური დაავადებების არარსებობა პროგნოზს აუმჯობესებს.

პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობის ტიპიც. აგრესიული ლიმფომების მკურნალობა ძნელია, თუმცა სათანადო მკურნალობით მათგან განკურნებაც შესაძლებელია, ნელა მიმდინარე ლიმფომების დროს კი დაავადების ადრეულ სტადიებზე შესაძლოა წლების განმავლობაში არც კი იყოს საჭირო მკურნალობა.

უნდა ითქვას, რომ 90-იანი წლების შემდეგ შესამჩნევად მოიმატა ლიმფომით დაავადებულთა სიცოცხლისუნარიანობამ, რაც სიმისვნურ დაავადებათა მკურნალობაში მიღწეული წარმატებების შედეგია.

 

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: