სისხლძარღვების ამბავი

გააზიარე:

სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი — ზედაპირულად, ზოგიც — ღრმად. ფორმით და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები.

 

არტერიები

არტერიებს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაქვთ. მათი კედლები შედგება შიგნითა — ენდოთელური, შუა — კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან. მსხვილი არტერიების შუა გარსში ელასტიკური ქსოვილი ჭარბობს, წვრილისაში კი კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა — უფრო კუნთების ტონუსზე.

 

ვენები

ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და დაშლის, ცხოველქმედების მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ, მაგრამ კუნთებით ღარიბნი არიან. მათი სტრუქტურა მდებარეობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ — ზემოთაში თუ ქვემოთაში, ვინაიდან ამ ორ ზონაში მდებარე ვენების აგებულება ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება.

ვენის კედელი სამშრიანია:

1. შიგნითა შრე, ენდოთელიუმი, შემაერთებელქსოვილოვან მემბრანას წარმოადგენს;

2. შუა, კუნთოვანი შრე, შედგება ცირკულარულად განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან, რომლებსაც ერთგვარი კოლაგენური კარკასი აქვთ;

3. გარეთა შრე, ადვენტიცია, ასევე მკვრივი კოლაგენური ბოჭკოვანი ქსოვილია.

ქვედა კიდურების ვენები აღჭურვილია სარქვლებით, რომლებიც ხელს უშლის სისხლის უკუდენას. ვენური ქსელის ტევადობა არტერიული ქსელისას 3-4-ჯერ აღემატება.

 

კაპილარები

კაპილარები არტერიებისა და ვენების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებითაც მოფენილია მთელი ორგანიზმი. კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან შედგება, რომელსაც გარედან კუმშვადი უჯრედები აკრავს. კაპილარების ინერვაცია სიმპათიკურია. მათი ქსელის განივი კვეთი აორტისას 150-ჯერ (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 500-ჯერ) სჭარბობს, ხოლო კაპილარების რიცხვი 1-4 მილიარდია. მოსვენებისას კაპილარების მხოლოდ მეოთხედი მუშაობს, დანარჩენები სისხლის მიმოქცევაში მხოლოდ სისხლის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში ერთვებიან.

 

სისხლძარღვთა ფუნქციები

სისხლძარღვთა ფუნქცია სისხლის საჭირო მიმართულებით დენისა და სისხლით ორგანოთა მომარაგების უზრუნველყოფაა. სისხლის დინებას სისხლძარღვთა ელასტიკურობა და მათი ტონუსი უწყობს ხელს. საზოგადოდ კი სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას განაპირობებს:

* გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომელთა მეშვეობითაც სისხლი სისხლძარღვებში გადაიტყორცნება;

* სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რის წყალობითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დენას;

* ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და სიბლანტე;

* ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა;

* ზოგიერთი მედიკამენტი.

 

რა ემუქრებათ სისხლძარღვებს

სისხლძარღვოვანი პათოლოგიები მთელ მსოფლიოში გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. სამწუხაროდ, არც საქართველოშია უკეთესი მდგომარეობა...

უმთავრესად გავრცელებულია პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, რომლებიც არ მოიცავს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს. ისინი ვენებისა და არტერიების დაავადებებად იყოფა.

ვენური პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზული დაავადება, რომელსაც ხალხში უბრალოდ ვენების გაგანიერებას უწოდებენ. მის განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, თუმცა უშუალო მიზეზი უცნობია. ვენების ვარიკოზული დაავადება უფრო მეტად ქალებთან გვხვდება, ვინაიდან მის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს ორსულობა წარმოადგენს.

არტერიებს ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზი აზიანებს, რასაც საბოლოოდ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებამდე (სტენოზამდე) ან სრულ დახშობამდე (ოკლუზიამდე) მივყავართ. ზოგჯერ კი არტერიის კედელი პარკისებურად გამოიბერება და ანევრიზმა ყალიბდება. უცნობია ათეროსკლეროზის უშუალო მიზეზიც, მაგრამ ცნობილია მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები: თამბაქოს წევა, მაღალი არტერიული წნევა, ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე.

ბევრი მიმართავს ექიმს იმის შიშით, რომ სისხლი აქვთ გასქელებული და ამის დასტურად პროთრომბინის მაღალი ციფრები მოჰყავთ. უნდა ითქვას, რომ პროთრომბინის ინდექსის შეფასება ისე რუტინულად, როგორც საქართველოში, არსად ხდება და მხოლოდ მის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება არ არის მართებული. უფრო სამწუხარო ის არის, რომ არამცთუ პაციენტს, ზოგიერთ ექიმსაც კი შეიძლება ასეთი მარტივი წარმოდგენა ჰქონდეს. ხშირად ვხვდებით მეორე დიდ შეცდომასაც – კოაგულოგრამის (შედედების ანალიზის) შესაფასებლად პაციენტი იგზავნება ანგიოლოგთან (სისხლძარღვების ექიმთან). გახსოვდეთ: კოაგულოგრამა ჰემატოლოგის (კოაგულოლოგის) კომპეტენციაა.

პროთრომბინის მაღალი ინდექსის გამო პაციენტები ხშირად თვითნებურად იწყებენ ასპირინისა და ვარფარინის მიღებას. ამას აზრი არ აქვს, რადგან ასპირინი პროთრომბინის მაჩვენებელზე გავლენას არ ახდენს, ხოლო ვარფარინის ხანმოკლე – ათდღიანი ან ორკვირიანი – კურსი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს – შინაგანი ორგანოებიდან ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს.

სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია როგორც მედიკამენტებით, ასევე ქირურგიული მანიპულაციებითაც.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მედიცინაში ღია ოპერაციები შეცვალა ენდოვასკულურმა მანიპულაციებმა, კერძოდ, სტენტირებამ. ჩვენში ყველაზე პოპულარული მეთოდი კორონარული არტერიების სტენტირებაა, მაგრამ შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, რომ ასეთივე წარმატებით ტარდება პერიფერიული სისხლძარღვების სტენტირებაც, მაგალითად, საძილე არტერიებისა (ინსულტის პროფილაქტიკისთვის), ქვედა კიდურების არტერიებისა (განგრენის თავიდან ასაცილებლად). იშვიათად სტენტირებას ვენური შევიწროების დროსაც მიმართავენ.

საზოგადოდ, სისხლძარღვებისთვის მეტად სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, თხილეული (ნუში, ნიგოზი, მიწის თხილი), ოკეანის ცხიმიანი თევზი, რომელიც მდიდარია E ვიტამინით და, რაღა თქმა უნდა, წითელი ღვინო (საფერავი), რომელიც სისხლძარღვების უნივერსალურ წამლად შეიძლება ჩაითვალოს.

უფრო ვრცლად სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ “მთავარი თემის” მომდევნო გვერდებზე წაიკითხავთ.

 

ვენების ქრონიკული გასაჭირი

ქრონიკული ვენური უკმარისობა (ქვუ) ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობის 30-40%-ს, სტატისტიკის თანახმად, ვენური სისტემის ესა თუ ის დაავადება აღენიშნება. ასაკის კვალდაკვალ ეს პათოლოგიებიც ხშირდება და 60%-მდე აღწევს. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ხანს აშკარად შეინიშნება ვენური პათოლოგიების გაახალგაზრდავების ტენდენცია. საზოგადოდ, იგი მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს პათოლოგია სწორედ ზაფხულში მწვავდება. არადა, მოკლე კაბების სეზონზე ქვუ-ს გამო ხასიათის გაფუჭება ნამდვილად არ ღირს.

 

მექანიზმის შესახებ

ქვედა კიდურების ვენებიდან გულისკენ სისხლის დენას განაპირობებს ვენებში არსებული სარქველები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, სისხლს მაღლა ატყორცნის და მის უკუდენას ეწინააღმდეგება. ვენური დაავადების განვითარების მეორე მიზეზი სწორედ სარქველთა ფუნქციის მოშლაა: სარქველები მჭიდროდ ვეღარ იხურება და მათში უკუმიმართულებით ჟონავს სისხლი, რაც უფრო მეტად აფართოებს მოდუნებულ ვენას. ამის შედეგად წარმოიშობა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება დატვირთვის შემდეგ, დღის ბოლოს, რომელიც უფრო მეტად წელიწადის ცხელ თვეებში იჩენს თავს.

აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ორი პათოლოგიური მექანიზმი, რომლებიც ასევე უწყობს ხელს ვენური დაავადების ჩამოყალიბებას. ესენია ლიმფის დრენაჟის გაუარესება და მიკროცირკულაციური პროცესების მოშლა. ეს უკანასკნელი, ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგების მიხედვით, დიდ როლს ასრულებს სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის მოშლაშიც.

 

ვის ემტერება

ქვედა კიდურების ვენური სისტემის პათოლოგია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც ის ყველაზე მეტად ემუქრება. საქმე ის არის, რომ ამ პათოლოგიის განვითარება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რამდენიმე რისკფაქტორზე, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

* ასაკი. ვენური ტუმბო, რომელიც სისხლის ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ – დინებას განაპირობებს, ასაკის მატებასთან ერთად მწყობრიდან გამოდის, სისხლძარღვთა კედლები დუნდება, სარქველები ცვდება და სისხლის დინება ირღვევა;

* მდედრობითი სქესი. ვენური სისტემის პათოლოგია უმთავრესად ქალების ხვედრია, რაც ქალური ჰორმონების გავლენით უნდა აიხსნას. გარდა ამისა, ის ხშირად ორსულობისას იჩენს თავს. ამ შემთხვევაში დამნაშავეა არა მხოლოდ ჰორმონი პროგესტერონი, არამედ ის ფიზიკური დატვირთვაც, რომელსაც ვენური სისტემა ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში განიცდის.

* მემკვიდრეობა. თუ მშობლებს ვენური დაავადება აქვთ, დიდია ალბათობა, ის შვილსაც დაემართოს.

* პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას (ქირურგი, პარიკმახერი, პედაგოგი) ან, პირიქით, ჯდომას მოითხოვს.

 

რა გვაეჭვებინებს ვენურ უკმარისობას

* სიმძიმის, სიმხურვალის, დაჭიმულობის, დაბუჟებისა და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში;

* შეშუპება, რომელიც უფრო მეტად დღის ბოლოს იჩენს თავს და დილით, დასვენების შემდეგ, ცხრება;

* ფეხის სხვადასხვა უბანში კუნთების ტკივილი, “ძარღვის გაკვანძვის” შეგრძნება და ღამის კრუნჩხვები;

* კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

*  ტელეანგიექტაზიები – კანზე გამოხატული მოლურჯო-მოიასამნისფერო ობობას ქსელის მსგავსი კაპილარული ქსელი;

* ტროფიკული ცვლილებები (წყლულები), რომელიც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაზე იჩენს თავს.

 

პროფილაქტიკის მნიშვნელობა

ალბათ აშკარაა, რომ ვენებს უნდა გავუფრთხილდეთ, განსაკუთრებით კი წელიწადის თბილ დროს, როდესაც ვარიკოზული გაგანიერების ალბათობა ერთიორად იზრდება.

* ნუ გააზარმაცებთ ფეხებს. თუ დღის განმავლობაში ხანგრძლივად გიწევთ ჯდომა ან დგომა, ეცადეთ, საათში ერთხელ ცოტა გაიარ-გამოიაროთ. თუ ვერც ამას ახერხებთ, ხშირად ცვალეთ ფეხის მდგომარეობა, აბრუნეთ ტერფები, იარეთ ადგილზე ან 10-15-ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე. ჯდომის დროს მოერიდეთ ფეხის ფეხზე გადადებას.

* ხშირად ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას, ერიდეთ საუნას და მაინცდამაინც ნურც გარუჯვა გაგიტაცებთ. ზედმეტი სითბო ვენებს ვნებს – ადუნებს ფეხის კუნთებს და ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას. თბილი შხაპისა და აბაზანის შემდეგ კი ფეხებზე გრილი წყლის ჭავლი გადაივლეთ.

* აკონტროლეთ წონა. ზედმეტი კილოგრამები ნამდვილი გამოცდაა ქვედა კიდურების სისხლძარღვებისთვის, რაც საბოლოოდ ვენური წნევის მატებას და ვარიკოზს იწვევს.

* მისდიეთ სპორტის შესაფერის სახეობას. ვენებისთვის საუკეთესოა ცურვა, სიარული, ველოსიპედით სეირნობა. სავარჯიშოდ კიბეც გამოგადგებათ – სასურველ სართულზე ლიფტის ნაცვლად ფეხით აბრძანდით. სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა ტენისი, ფეხბურთი, კალათბურთი და ძალოსნობა, ვენებს არამც და არამც არ არგებს.

* ვენებს არ უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, მაგრამ მთლად უძიროებზეც ნუ გადახვალთ. საუკეთესო ვარიანტი 4-სანტიმეტრიანი ქუსლია. ასე წვივის კუნთები უკეთ მუშაობს, რაც ვენებისთვისაც სასარგებლოა.

 

ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას სასურველია, ვენებისთვის სასარგებლო საკვებიც მიიღოთ. მათ შორის საუკეთესოა:

* ბარდა, გაღივებული ხორბალი, სალათის ფურცლები, პრასი, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი. ამ პროდუქტებში უხვადაა E ვიტამინი, რომელიც ვენებს ელასტიკურობას მატებს.

*  კომბოსტო, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ოხრახუში, ციტრუსი, შავი მოცხარი –ყველაფერი ეს ჩ ვიტამინის წყაროა, ეს ვიტამინი კი ვენების კედლის გამაგრებას უწყობს ხელს.

* ასეთივე ეფექტი აქვს რუტინსაც – ნივთიერებას, რომელიც უხვად მოიპოვება შავ და მწვანე ჩაიში, ნიგოზში.

* მჟავე წითელი კენკრა და ჭარხალი – ისინი მდიდარია ბიოფლავონოიდებით, რომლებიც თრომბის დაშლას უწყობს ხელს.

* ზღვის პროდუქტები, საქონლის ღვიძლი – შეიცავს სპილენძს, რომელიც ელასტინის სინთეზში მონაწილეობს, ელასტინი კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ვარიკოზული გაგანიერების ჩამოყალიბებას.

* ხილი, ბოსტნეული და ქატო უჯრედისის წყაროა, რომელიც ნაწლავთა მოქმედების რეგულაციას უწყობს ხელს. ცნობილია, რომ შეკრულობა ვენებისთვის მეტად არასასურველია.

ნებისმიერი ვარჯიში, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ, თავდაპირველად მხოლოდ ნახევარი საათი უნდა გაგრძელდეს. არაფრისდიდებით არ შეიძლება, ქვედა კიდურები ვარჯიშის დასაწყისშივე მეტისმეტად დაიტვირთოს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას მკაცრად არის აკრძალული ფიზიკური დატვირთვის ზოგიერთი სახეობა. მაგალითად, კარდიოკომპლექსიდან გამორიცხეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სირბილს, ხტუნვას და, საზოგადოდ, ინტენსიურ მოძრაობას გულისხმობს. არ შეიძლება სტეპი და კლასიკური აერობიკა, საიკლინგი და სპინინგი (ამ ტერმინთა მნიშვნელობებს ნებისმიერ ფიტნესცენტრში აგიხსნიან), აგრეთვე – აფრიკული და ირლანდიული ცეკვების ილეთები, რომლებსაც ხშირად შემოგთავაზებენ დენსაერობიკის ჯგუფურ მეცადინეობაზე.

ჩამოთვლილებთან ერთად შავ სიაში მოხვდა ყოველგვარი ვარჯიში, რომელიც ქორეოგრაფიულ დგამთან სრულდება და სტატიკური ტანვარჯიშის ერთ-ერთი სახეობა – კალანეტიკა. ორივე შემთხვევაში ზეწოლა ქვედა კიდურებს ადგება, რაც დაზიანებული ვენებისთვის ერთობ არასასურველია.

მაინცდამაინც ნურც სარბენი ბილიკი და ველოტრენაჟორი გაგიტაცებთ.

რაც შეეხება ძალისმიერ ვარჯიშებს, მაგალითად, ძალისმიერ აერობიკას ან სიმძიმეებით ბუქვნას, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ამთი შესრულების პირდაპირი უკუჩვენებაა. საზოგადოდ, ვენური უკმარისობის დროს 3-5 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთის აწევა აკრძალულია.

 

როგორ ვუმკურნალოთ

სადღეისოდ შემუშავებულია ვენური დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ელასტიკური კომპრესია, მაკორექტირებელი თერაპია (სკლეროთერაპია), ქირურგიული მკურნალობა და, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა. ეს მეთოდები კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს და ამიტომ უმეტესად ერთად, კომპლექსურად გამოიყენება. თითოეული მათგანის არჩევის მიზანშეწონილობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალი ექიმი ადგენს. აქვე გვსურს, ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ვენური დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია (მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია და ეფუძნება ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის სიმძიმის, სიმხურვალის, შეშუპების შეგრძნება), რათა დროულად იქნეს დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.

 

გადახურების შედეგი

 

ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ კარგადაა ადაპტირებული გარემოს ტემპერატურის ცვალებადობასთან. თუნდაც ის, რომ სიცხის დროს ვოფლიანდებით, მის ამტანობაზე მეტყველებს – ამ დროს ორგანიზმი გრილდება და გადახურებისგან იცავს თავს.

თუმცა ტემპერატურის მკვეთრმა მერყეობამ შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს ადაპტაციის ნატიფი მექანიზმი. განსაკუთრებით არასახარბიელოდ აისახება ამგვარი ცვლილება სისხლძარღვებზე. ეს გასაგებიცაა: სისხლძარღვების დიდი ნაწილი არცთუ ღრმად მდებარეობს ორგანიზმში, ამიტომ ტემპერატურა მათზე იოლად მოქმედებს და პათოლოგიური პროცესების მთელ კასკადს რთავს.

როგორია ტემპერატურისა და სისხლძარღვთა ფუნქციის ურთიერთკავშირი?

ტემპერატურის ცვლილება ყველაზე ხშირად წნევის ცვლილებას იწვევს. იოლი მისახვედრია, რატომაც: სიცივეში სისხლძარღვები იკუმშება და შევიწროებულ სანათურში სისხლის წნევა იმატებს, ხოლო სიცხისგან გაფართოებულ სისხლძარღვებში სისხლი, პირიქით, ადვილად მიედინება და წნევაც იკლებს. გარდა ამისა, ოფლთან ერთად იკარგება წყალი და მარილიც, რაც ასევე ხელს უწყობს წნევის დაცემას.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ გვეცოდინება, როგორ იცვლება არტერიული წნევა ამა თუ იმ ტემპერატურაზე, მისი რეგულაცია გაადვილდება. ამის დასამტკიცებლად პირველი ცდა  1921 წელს ჩატარდა. გაირკვა, რომ გარემოს ტემპერატურის უეცარი დაქვეითებისას სისტოლური არტერიული წნევა 20-30 მმ-ით იმატებს. 1930 წელს კიდევ ერთი ცდა ჩატარდა და დადასტურდა, რომ სისხლის წნევაზე ტემპერატურასთან ერთად ტენიანობაც ახდენს გავლენას. ამას კიდევ ათეულობით კვლევა მოჰყვა, რომელმაც მეცნიერებს საკმაოდ დამაჯერებელი მონაცემები მიაწოდა და მყარი საფუძველი შეუქმნა მათ ვარაუდს.

 

წნევის ვარდნა

წნევის სწრაფი ვარდნა საშიშია. 20 მმ-ით დაქვეითებამაც კი  შესაძლოა თავბრუხვევა და გულის წასვლა გამოიწვიოს – ამ დროს ხომ ტვინი უსისხლოდ და უჟანგბადოდ რჩება. უფრო მკვეთრმა ცვლილებამ, განსაკუთრებით – უკონტროლო სისხლდენით, მძიმე ინფექციით ან ალერგიული რეაქციით  გამოწვეულმა, შესაძლოა, სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე. არც მაღალი ტემპერატურით გამოწვეული წნევის ვარდნაა ხელწამოსაკრავი მდგომარეობა და სათანადო ყურადღებას მოითხოვს. საყურადღებო ნიშნებია:

* თავბრუხვევა;

* გულის წასვლა;

* ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

* მხედველობის დაბინდვა;

* გულისრევა;

* ცივი, ნამიანი კანი;

* სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა

* სწრაფად დაღლა;

* დეპრესია;

* წყურვილი.

თუ ეს ნიშნები შეამჩნიეთ, გირჩევთ, ექიმს მიმართოთ, ხოლო თუ, საზოგადოდ, წნევის ვარდნისკენ ხართ მიდრეკილი, ასე მოიქეცით:

* სვით მეტი წყალი და ნაკლები ალკოჰოლიანი სასმელი. სპირტიანი სასმელები დეჰიდრატაციას იწვევს და შესაძლოა, წნევა ერთმა ჭიქამაც კი დაგიგდოთ.

* იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ ყველა საჭირო ინგრედიენტით მდიდარი მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის – საღი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი.

* მიირთვით ნაკლები ნახშირწყლების შემცველი საკვები, ხოლო ნახშირწყლებით მდიდარს: კარტოფილს, ბრინჯს, მაკარონს, პურ-ფუნთუშეულს, – ერიდეთ. მაძღრისად ჭამის შემდეგ წნევა შესაძლოა დაეცეს, ამიტომ მიირთვით ჩვეულებრივზე ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. კოფეინიანი სასმელი – ჩაი ან ყავა – წნევას მცირე ხნით აგიწევთ (საშუალოდ 3-14 მმ-ით), მაგრამ რაკი კოფეინმა შესაძლოა სხვა პრობლემები გამოიწვიოს, ამ ხერხის გამოყენებამდე რჩევა ექიმს ჰკითხეთ.

* მიიღეთ მეტი მარილი, მაგრამ ესეც – მხოლოდ ექიმის ნებართვით. ჭარბმა ნატრიუმმა, განსაკუთრებით – ხანდაზმულებში, შესაძლოა გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

* იხმარეთ კომპრესიული თეთრეული. ელასტიკურ წინდებს, ჩვეულებრივ, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად იცვამენ. ისინი ხელს უშლიან ვენებში სისხლის შეგუბებას და შესაძლოა, წნევაზეც სასურველი გავლენა მოახდინონ.

 

სხვა სირთულეები

მაღალი ტემპერატურის პირობებში, გარდა წნევის დაცემისა, მოსალოდნელია ზოგი ისეთი პათოლოგიის განვითარებაც, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

 

მზის დაკვრა მწვავე მდგომარეობაა, რომელიც მზის სხივების უშუალო ზემოქმედებით თავის გადახურებისას წარმოიშობა. ამ დროს ფართოვდება თავის ტვინის სისხლძარღვები, ძლიერდება სისხლის დენა, არც მცირე კალიბრის სისხლძარღვების გასკდომაა გამორიცხული. შედეგად ირღვევა თავის ტვინში მიმოქცევა და ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციები.

ასეთი რამ მოსალოდნელია, თუ თავშიშველი დიდხანს დავრჩით მზეზე, გარუჯვისას ჩაგვეძინა ან მცხუნვარე მზეში, მაგალითად, პლაჟზე, ზომაზე მეტი ვჭამეთ ან ალკოჰოლიანი სასმელი, თუნდაც კოქტეილი დავლიეთ.

 

როგორ ამოვიცნოთ მზის დაკვრა

თავის ძლიერი ტკივილი, სახის გაწითლება, თავბრუხვევა მზის დაკვრის პირველი ნიშნებია. ამ ნიშნებს მოჰყვება გულისრევა, ზოგჯერ – ღებინებაც, მხედველობის დაბინდვა, ხანდახან – ცხვირიდან სისხლდენა, მოგვიანებით – გონების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება, პულსის გახშირება. მზის დაკვრას შესაძლოა თან ახლდეს მზით დამწვრობის ნიშნებიც: დახეთქილი და აწითლებული კანი, ბუშტუკები სხეულზე.

 

სითბური დაკვრაც მწვავე მდგომარეობაა, რომელიც სხეულის გადახურების შედეგად ვითარდება. მაღალი ტემპერატურის გავლენით ძლიერდება სხეულის თბოწარმოების პროცესი, სითბოს გაცემა კი გაძნელებულია, რაც საფრთხეს უქმნის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს.

მიზეზად შეიძლება იქცეს ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის ოფლის გამოყოფას და აორთქლებას: გარემოს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა, ფიზიკური აქტივობა (ინტენსიური ვარჯიში ან შრომა) ტყავის ან სინთეტიკური სამოსით, გადაღლა, გაუწყლოება, სიცხეში დიდხანს სიარული. სითბური დაკვრის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე მზის დაკვრის, რადგან ამისთვის მზიანი ამინდი არცაა აუცილებელი – სითბური დაკვრა დახუთულ შენობაშიც შეიძლება დაგვემართოს.

სითბურ დაკვრას ახასიათებს საერთო სისუსტე და ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი. არც ღებინება და ფაღარათია გამორიცხული. თუ მიზეზი არ აღმოიფხვრა ანუ გადახურება გაგრძელდა, და იწყება ბოდვა, ჰალუცინაციები, ადამიანი გონებას დაკარგავს, მანამდე თუ სახე აწითლებული ჰქონდა, ახლა უკვე გაფითრდება ან სახეზე მოლურჯო ელფერი დაედება. კანი ამ დროს უმეტესად გადახურებულია, ზოგჯერ კი, პირიქით, ცივი და დაცვარული, პულსი – ხშირი და სუსტი.

 

დროული დახმარების გარეშე ადამიანის სიცოცხლეს ორივე შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.

 

ნაბიჯ-ნაბიჯ გადახურებამდე

ვიდრე სითბური ან მზის დაკვრა მთელი სისრულით იჩენდეს თავს, ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს. პირველი სტადიაა სითბური კრამპი – კუნთების უნებლიე მტკივნეული შეკუმშვა. ასე უმეტესად იმ კუნთებს მოსდის, რომლებიც ყველაზე მეტად იტვირთება (ჩვეულებრივ, ქვედა კიდურებისას). კუნთებში ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტების დაგროვებასთან ერთად სიცხეში კრამპის აღმოცენებას ოფლის მეშვეობით წყლისა და მარილების კარგვაც უწყობს ხელს.

საშუალო სიმძიმის სტადიას სითბურ გამოფიტვასაც უწოდებენ. ასეთი რამ მეტწილად ცხელ და ნოტიო გარემოში მუშაობის ან ვარჯიშის დროს ხდება. ორგანიზმი ძლიერი ოფლიანობის გამო ბევრ სითხეს კარგავს, სასიცოცხლო ორგანოებს ნაკლები სისხლი მიეწოდება, მაღალი ტენიანობა აორთქლებას ხელს უშლის, ამიტომ თერმორეგულაციის მექანიზმები შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს.

სითბური გამოფიტვის ნიშნებია გრილი, ნამიანი კანი, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, თავბრუხვევა, სისუსტე და დაღლილობა.

სითბური დაკვრა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს თერმოსარეგულაციო სისტემა ვეღარ მუშაობს, ამიტომ ორგანიზმი ოფლის გამოყოფას წყვეტს. სხეულის ტემპერატურა ისე იმატებს, რომ თუ დახმარებამ დროულად არ მიუსწრო ადამიანს, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კია მოსალოდნელი.

 

 

ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია

სითბური კრამპისა და გამოფიტვის დროს: გადაიყვანეთ ადამიანი გრილ ადგილას და კომფორტულად დააწვინეთ. გახადეთ ან მოუშილიფეთ მჭიდროდ მოტმასნილი ტანსაცმელი. სხეულზე წაუსვით სველი ნაჭერი ან ოთახის ტემპერატურის წყალი გადაავლეთ. თუ გონება არ დაუკარგავს, 15 წუთში ერთხელ დაალევინეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, ოღონდ ნუ მისცემთ ნებას, სწრაფად და სულმოუთქმელად დალიოს. თუ წყლის დალევაზე უარს ამბობს, აღებინებს ან გონება დაკარგა, გამოიძახეთ სასწრაფო.

სითბური დაკვრის დროს: ეს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ნუ იქნებით, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, მის მოსვლამდე კი შეუძლოდ მყოფი გრილ ადგილას გადაიყვანეთ და წამოაწვინეთ. ფეხები შემაღლებულზე შემოაწყობინეთ, სხეულზე სველი ზეწრები შემოახვიეთ. თუ საშუალება გაქვთ, იმ წერტილებში, სადაც მსხვილი არტერიები კანთან ახლოს გადის (მაჯებთან, კოჭებზე, იღლიებში, კისერზე), ნაჭერში გახვეული ყინულის პარკები დააწყვეთ. დააკვირდით სუნთქვას და გულისცემას. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

 

* პრობლემას ზერელედ ნუ მოეკიდებით, განსაკუთრებით – თუ ავადმყოფი ბავშვი, ხანდაზმული ან ტრავმირებულია.

* ნუ მისცემთ მზედაკრულს სიცხის დამწევ საშუალებას (მაგალითად, ასპირინს ან პარაცეტამოლს). ისინი ვერაფერს არგებენ, შესაძლოა, ზიანიც კი მიაყენონ.

* ნუ დაუზელთ სხეულს ალკოჰოლით – ის კანის ფორებს დაახშობს და ტენის აორთქლებას (შესაბამისად, გაგრილებას) ხელს შეუშლის.

* ნუ დაალევინებთ ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველ სასმელს – ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს დამოუკიდებლად აძლევენ ბრძანებებს და გარემო პირობების შესაბამისად გაფართოება-შევიწროების საშუალებას ართმევენ, რაც საგრძნობლად აქვეითებს თერმორეგულაციის უნარს, თანაც ასეთ სასმელს შარდმდენი ეფექტი აქვს და შესაძლოა, ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს.

 

რა მოვუხერხოთ სისხლძარღვებს

სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას და მავნე ჩვევების უქონლობას. სისხლძარღვებმა კიდევ დიდხანს რომ გაგიძლოთ, ასე მოიქეცით:

 

* მიატოვეთ წევა. თამბაქო არტერიების დაუძინებელი მტერია და მასთან განშორება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც კი სისხლძარღვოვანი დაავადების პროგრესის შესაჩერებლად შეიძლება გადადგათ.

* ივარჯიშეთ. გაითვალისწინეთ, რომ არტერიების დაავადების მკურნალობის წარმატება ხშირად სწორედ იმით იზომება, რა მანძილის გავლა შეგიძლიათ ტკივილის განუცდელად (ეს მეთოდი ძირითადად პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზის დროს ამართლებს). სწორად შერჩეული ვარჯიში კუნთებს ჟანგბადის უკეთ მოხმარებას “ასწავლის”, ხელს უწყობს წონის კონტროლს, დადებითად მოქმედებს ქოლესტეროლის ცვლაზე. თუმცა პათოლოგიის დროს გადატვირთვა და გადაღლა არაფრით არ შეიძლება, ასე რომ, ან მცოდნე ინსტრუქტორი აიყვანეთ, ან ძალიან ფრთხილად იყავით, ვარჯიშის მარტივი სახეობა (ვთქვათ, სიარული) შეარჩიეთ და ინტენსივობა ძალიან, ძალიან ნელა ზარდეთ.

* იკვებეთ გონივრულად. თუ ჭარბი წონა გაქვთ, გახდით. კვების ზოგადი წესები ასეთია: ცხიმის წილად დღიური კალორიების 30%-ზე ნაკლები უნდა მოდიოდეს, აქედან ცხოველურის წილად – მხოლოდ მესამედი ანუ 8-10%. რაც შეეხება ქოლესტეროლს, მისი სადღეღამისო ნორმა 300 მგ-ს შეადგენს. უფრო მკაფიო წარმოდგენა რომ შეგექმნათ, სწორედ ამდენ ქოლესტეროლს შეიცავს ერთი კვერცხი. მიირთვით ბოსტნეული, ხილი, წყალში მოხარშული შვრიის, წიწიბურას, მანანისა და ბრინჯის ფაფები, ვეგეტარიანული წვნიანები. კერძის შესაკაზმავად მხოლოდ მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. ნებადართულია ძროხისა და ხბოს მჭლე, ინდაურისა და ქათმის კანგაცლილი თეთრი ხორცი, ნებისმიერი სახის თევზეული, გარდა ხიზილალისა. ღორის, ცხვრის, ბატისა და იხვის ხორცზე, ასევე – ღვიძლზე, თირკმელებზე, ენაზე, ტვინზე, ძეხვზე, სოსისსა და შაშხზე უარის თქმა მოგიწევთ. რძის ნაწარმიდანაც ნაკლებცხიმიან პროდუქტებს – ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს, კეფირს, რძესა თუ იოგურტს მიანიჭეთ უპირატესობა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, გულისთვის სასარგებლო ომეგა-3 მჟავები (რომლებითაც მდიდარია ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია) სისხლძარღვებისთის ძალიან სასარგებლოა.

* გაუფრთხილდით ფეხებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არტერიების პათოლოგიასთან ერთად დიაბეტიც გაქვთ – დიდია საფრთხე, უბრალო ჭრილობაც კი გაგიმიზეზდეთ, ამიტომ ყოველდღე დაიბანეთ და კარგად დაინოტივეთ ტერფები, რათა არ დაგისკდეთ; გეცვათ კარგად მორგებული ფეხსაცმელი და სქელი წინდები; ფრთხილად დაიჭერით ფრჩხილები; უმნიშვნელო ნაკაწრიც კი გულდასმით დაიმუშავეთ ანტისეპტიკით და თუ შეხორცება ოდნავ მაინც გაჭიანურდა, მაშინვე ექიმს მიმართეთ.

* მოერიდეთ მზის სხივებს, საზოგადოდ, გადახურებას. მაღალი ტემპერატურა, გარდა იმისა, რომ ვნებს ზედაპირულ ვენებს, არც ღრმად მდებარე არტერიებისთვისაა დიდად სასარგებლო. გაიხსენეთ, როგორ ვითარდება მზის დაკვრა. ეცადეთ, მზეზე დიდხანს არ დარჩეთ. თუ ეს გარდაუვალია, დაიხურეთ ქუდი. თუ თავი გადაგიხურდათ, იქ, სადაც საძილე არტერიები კანთან ახლოს გაივლის, გრილი სველი ნაჭერი მიიდეთ. თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაქვთ, ფეხები მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და ნურც “ხელოვნურ” მზეს (სოლარიუმს) მიეფიცხებით.

კვებითი ჩვევების შეცვლა, ცხოვრების წესის გაჯანსაღება, მეტადრე – თუ ექიმის რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებთ, პათოლოგიის კონტროლისთვის შესაძლოა საკმარისიც კი აღმოჩნდეს. თუ წამალი ან ქირურგიული ჩარევა მაინც დაგჭირდათ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით მათ ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდით.

 

ის, რაზეც ყველა ლაპარაკობს

მარილს უშუალოდ გულისა და სისხლძარღვების დაზიანებაში ადანაშაულებენ. მისი გავლენა ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმაც დაადასტურა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, თითქოს უმარილო და უგემური ცხოვრებისთვის გაწირვას გიპირებდეთ. მთავარია, ზომიერებამ არ გიმტყუნოთ. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ხშირად გვღალატობს, მაგრამ გამოსწორება ყველას შეგვიძლია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარილის სიყვარული დედის მუცლიდან არავის დაჰყვება – მერეღა ვსწავლობთ, ამიტომ არც გადაჩვევაა შეუძლებელი. თუ არც მაღალ წნევას, არც ჭარბ წონას არ უჩივით, არც ნატრიუმის ქლორიდის მილიგრამობით თვლას მოგთხოვთ; უბრალოდ, ეცადეთ, კერძს ოდნავ დააკლოთ მარილი, სანაცვლოდ კი მწვანილი, სუნელები ან წიწაკა დაუმატოთ. პროდუქტების შესანახავად ალტერნატივა ეძებეთ. მაგალითად, ხორცი დამარილების ნაცვლად გაყინეთ. მალე სურსათის ნამდვილ გემოსაც აღმოაჩენთ.

სუპერმარკეტიდან თუ სწრაფი კვების ობიექტიდან უნებლიეთ მარილის დიდი დოზა რომ არ გამოგყვეთ:

* ეცადეთ, სადილი შინ მოამზადოთ;

* მიირთვით მეტი უმი ხილი და ბოსტნეული;

* თუ დამუშავებული საკვების (ძეხვეულის, სოსისის, კონსერვის) ჭამა მოგიხდათ, არჩევანი იმ ვარიანტზე შეაჩერეთ, რომელიც ყველაზე ნაკლებ მარილს შეიცავს.

მარილი შესაძლოა დაბალი არტერიული წნევის მყისიერ რეგულაციაში დაგეხმაროთ, მაგრამ სასარგებლო პროდუქტების სიაში ის ვერც ამ შემთხვევაში მოხვდება, თანაც ხშირი გამოყენებისას ამ ეფექტსაც დაკარგავს. ამაზე მეტყველებს კვლევები, რომლებიც აშშ-ის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა.

 

მკურნალობის შესახებ

სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობისადმი მიდგომა სხვადასხვანაირია. მაგალითად, თუ არტერიებსა და ვენებს მაღალი ტემპერატურა ერჩის, სისხლძარღვების არეში სველი ცივი ნაჭრის დადება გიშველით.

ყველაზე პრობლემური მაინც ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობაა, რომელიც ზაფხულობით უფრო მეტად მწვავდება. ხშირად საქმე იქამდეც მიდის, რომ შესაძლოა, გაგანიერებული სისხლძარღვისგან გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციული გზით აღმოჩნდეს შესასძლებელი. ამ შემთხვევაში ანგიოლოგი ვენის დაზიანებულ ნაწილს მოჭრის და კანში გაკეთებული ორი პატარა ხვრელიდან ამოაძრობს.

სადღეისოდ შემუშავებულია ვენური დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ელასტიკური კომპრესია, მაკორექტირებელი თერაპია (სკლეროთერაპია), ქირურგიული მკურნალობა და, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა.

ეს მეთოდები კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს და ამიტომ უმეტესად ერთად იყენებენ. თითოეული მათგანის მიზანშეწონილობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალი ექიმი ადგენს. აქვე გვსურს, ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ვენური დაავადების ადრეული გამოვლენა  ძალზე მნიშვნელოვანია (მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია და ეფუძნება ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა სიმძიმის, სიმხურვალის, შეშუპების შეგრძნება), რათა დროულად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.

ასეთ ადრეულ საფეხურზე ხშირად მედიკამენტური თერაპიაც საკმარისია.

ყველა იმ მედიკამენტს, რომლებიც ვენური დაავადების ადრეულ სტადიებზე ინიშნება, მეტ-ნაკლებად მსგავსი სამკურნალო თვისებები ახასიათებს – იმ პათოლოგიურ მექანიზმებზე მოქმედებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ვენური დაავადების განვითარებას: აძლიერებს ვენის ტონუსს, აუმჯობესებს ლიმფის დრენაჟს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. 

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, უმეტესად ის, სულ მცირე, სამ თვეს გრძელდება (წამლის მიღების სტანდარტული წესია 2 აბი დღეში ჭამის შემდეგ), მაგრამ მყარი შედეგის მისაღწევად ჯობს მკურნალობა ექვსი თვე მაინც გაგრძელდეს.

მრავალი მედიკამენტი გამოდის როგორც გელის, ისე აბების სახით და მათი კომბინაცია ხშირად ძალზე შედეგიანია.]

 

 

გააზიარე: