მემანქანეთა პროფესიული დაავადება

გააზიარე:
პროფესიულ დაავადებათა ნუსხაში “მეტროპოლიტენის მემანქანის” გასწვრივ “ვიბრაციულ დაავადებას” ამოიკითხავთ. ამ საინტერესო სახელწოდების მიღმა არცთუ სახალისო სიმპტომები იმალება. დაავადებამ ასეთი სახელწოდება გამომწვევი მიზეზის გამო მიიღო – მას მატარებლის ვიბრაციის მუდმივი ზემოქმედება იწვევს.

მაინც რას წარმოადგენს ვიბრაცია და რატომ არის იგი ესოდენ საზიანო ჯანმრთელობისთვის?
ვიბრაცია მექანიკური რხევითი მოძრაობაა, რომელიც განსაზღვრული პერიოდულობით მეორდება. განასხვავებენ ლოკალურ და ზოგად ვიბრაციას. ლოკალური ვიბრაცია ადამიანს ზედა კიდურების გზით გადაეცემა (ესენი, წესისამებრ, ხელის მექანიზირებულ იაარაღებთან მომუშავე პირები არიან). ზოგადი ვიბრაცია კი საყრდენი ზედაპირიდან (სკამი, იატაკი და სხვა) გადაეცემა მჯდომარე ან ფეხზე მდგომი ადამიანის სხეულს. უმთავრესად სწორედ ამ სახის ვიბრაციის ზემოქმედებას განიცდიან მეტროპოლიტენის მემანქანეები. სამედიცინო ლიტერატურაში ვკითხულობთ, რომ ზოგადი ვიბრაციის ზემოქმედება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის თითქმის ერთდროულ დაზიანებას იწვევს. მემანქანეებს შორის ხშირია გავა-წელის რადიკულიტის შემთხვევები. ცნობილია, რომ ვიბრაცია ხელს უწყობს ხერხემლის, გავა-წელის ნერვული ფესვების მიკროტრავმატიზაციას. ვიბრაციული დაავადების განვითარებისა და დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიბრაციის ზემოქმედების ხანგრძლივობას (სამუშაო ცვლის განმავლობაში ვიბრაციასთან კონტაქტის დროსა და მუშაობის სტაჟს). თანამედროვე პროფესიებისთვის ზოგადი ვიბრაციის ზღვრული დასაშვები დონის უმნიშვნელო მომატებაა დამახასიათებელი, რაც დაავადების ნელ განვითარებას განაპირობებს. მისი საწყისი სიმპტომების გამოვლენას წლები სჭირდება. ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული დაავადების კლასიფიკაციაში რამდენიმე ხარისხს გ
ამოყოფენ.


I ხარისხი დაავადების საწყის, მსუბუქი გამოვლინებას გულისხმობს, რომლის დროსაც ორგანიზმის მამოძრავებელი ფუნქცია დარღვეული არ არის.
II ხარისხი ზომიერად გამოხატული პათოლოგიური პროცესია. ამ დროს მომუშავის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობები, სოციალური აქტივობა და პროფესიული შრომისუნარიანობა ქვეითდება.

III ხარისხი ძალიან იშვიათია. ამ დროს პათოლოგიური პროცესი გამოხატულია, დაქვეითებულია ადამიანის როგორც პროფესიული, ისე საერთო შრომისუნარიანობა.
დაავადების თითოეული ფორმა კლინიკურად სხვადასხვა სინდრომით ვლინდება. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ძირითადი სინდრომები.


ანგიოდისტონიური სინდრომი
ის პერიფერიულიც შეიძლება იყოს ცენტრალურიც (ცერებრული). პირველისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების ტკივილი, ზოგჯერ – წვივის კუნთებისა და ტერფების სპაზმი, რომელიც ხშირად მოსვენების დროსაც ვითარდება, მტევნებისა და ტერფების გაცივება, გალურჯება და მომატებული ოფლიანობა. მეორე კი თავის ტკივილით, თავბრუხვევით, პულსისა და წნევის არასტაბილურობით ხასიათდება. ზოგს მყარი არტერიული ჰიპერტონია აღენიშნება. ამ ცვლილებებს ხშირად დაღლილობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, ოფლიანობა და გულის არეში მსუბუქი ტკივილიც ერთვის. ქვედა კიდურების სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი
ამ სინდრომისთვის ქვედა კიდურების დიფუზური ტკივილები, მგრძნობელობის დაქვეითება, ტერფის გაცივება და გალურჯებაა დამახასიათებელი. ზოგჯერ კუნთოვანი სისუსტე და მცირედ გამოხატული სისხლძარღვოვანი ცვლილებებიც შეი
ნიშნება.


ცერებრულ-პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი

ეს სინდრომი ვიბრაციული დაავადების ზომიერ გამოვლინებას (II ხარისხი) მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, კიდურების დაბუჟება, ზოგჯერ – ფეხის ტერფის თითების გათეთრების შეტევები, მუდმივი თავის ტკივილი, გულის წასვლის ეპიზოდები, მომატებული აღგზნებადობა. შეტევებს თან ახლავს გულისრევა, მეხსიერების ხანმოკლე გამოვარდნა, თავბრუხვევა და საერთო ოფლიანობა.


სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი
მგრძნობელობის დარღვევა შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებზეც (ტანი, თავი) გავრცელდეს. მისთვის დამახასიათებელია წელ-გავის მეორეული რადიკულიტიც, უმეტესად – მუშაობის ხანგრძლივი სტაჟის მქონე მძიმეტონიანი სატვირთო 
ტრანსპორტისა და თვითმავალი მოწყობილობების მძღოლებში. ვიბრაციული დაავადების გამოხატული გამოვლინება (III ხარისხი) თანამედროვე შრომის პირობებში შედარებით იშვიათად გვხვდება.


სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომი

მისთვის სიარულისას ქვედა კიდურებში ტკივილისა და სისუსტის შეგრძნება, მამოძრავებელი ფუნქციის დაქვეითება, წვივისა და ტერფის ძალის შესუსტება, მგრძნობელობის დაქვეითებაა დამახასიათებელი.
ცნობილია, რომ II ხარისხის ვიბრაციული დაავადების მქონე ავადმყოფების სრული გამოჯანმრთელება არ ხდება, თუმცა ვიბრაციასთან კონტაქტის შეწყვეტის შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი რეგრესირებს. I ხარისხის დაავადების მქონე ავადმყოფებში ანალოგიურ პირობებში სრული გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია.

გააზიარე: