როდის არის მოსალოდნელი კრუპის განვითარება?

გააზიარე:
აცივებასთან ერთად ხშირდება სეზონური დაავადებები და პატარებიც უფრო მგრძნობიარენი ხდებიან მათ მიმართ. ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ დაავადებაზე, კრუპზე, “ავერსის კლინიკის” პედიატრი მირანდა ხიდეშელი გვესაუბრება:

– ცრუ კრუპი სინდრომია, რომელსაც ბავშვებში სასუნთქი გზების პათოლოგია იწვევს. ის, წესისამებრ, ვითარდება ღამით, ერთბაშად, და ვლინდება ტრიადით: ხმის ჩახლეჩით, მყეფავი ხველითა და სტრიდორული (ხმაურიანი, მსტვენი) სუნთქვით. კრუპის განვითარების მიზეზია ხორხისა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებითი ცვლილება და შეშუპება, რომელიც ავიწროებს ხორხისა და ტრაქეის სანათურს და აძნელებს ზედა სასუნთქ გზებში ჰაერის გავლას.

  • როდის არის მოსალოდნელი კრუპის განვითარება და რომელი ფაქტორების გავლენით იზრდება ამის ალბათობა?

– კრუპი თან ახლავს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს, უმთავრესად – პარაგრიპს, რომლის წილად მოდის შემთხვევათა 74%, ასევე – გრიპს, ადენოვირუსულ ინფექციას, რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსულ ინფექციას, მიკოპლაზმურ ინფექციას. ცრუ კრუპის შეტევა შეიძლება განვითარდეს ბავშვთა ასაკის ისეთი ინფექციების დროსაც, როგორებიცაა წითელა, ყბაყურა, ყივანახველა, ქუნთრუშა.
ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად არის განწყობილი ცრუ კრუპის მიმართ. უმეტესად ესენი არიან დღენაკლული, ალეგიული დაავადებებისადმი მიდრეკილი ბავშვები. საყურადღებოა რომ პაციენტთა 15%-ს კრუპის ოჯახური ანამნეზი აღენიშნება.

  • როგორ განვასხვაოთ ცრუ კრუპი ჭეშმარიტისგან?

– ამ ორ დაავადებას ერთნაირი სიმპტომები, მაგრამ განსხვავებული მიზეზები აქვს. ჭეშმარიტი კრუპი, ცრუსგან განსხვავებით, ვითარდება ისეთი მძიმე ინფექციური დაავადების დროს, როგორიც დიფტერიაა. დაავადების კლინიკას განაპირობებს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ხორხის სანათურს ავიწროვებს და თუ სამედიცინო ჩარევა დაგვიანდა, ბავშვი შესაძლოა დაიღუპოს. ცრუ კრუპის დროს კი, როგორც მოგახსენეთ, ხორხის შევიწროების მიზეზი ლორწოვანი გზების შეშუპებაა.
თუ კრუპის სიმპტომებს თან ახლავს ინტოქსიკაციის ნიშნები და ბავშვს დტყ (დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა) ვაქცინაცია სრულყოფილად არ აქვს ჩატარებული, აუცილებელია დიფტერიული კრუპის გამორიცხვა.

  • რა ასაკში გვხვდება კრუპი?

– უპირატესად – 6 თვიდან 3 წლამდე, ვაჟებში – გოგონებზე 2-ჯერ ხშირად. პიკი 1-2 წლის პატარების წილად მოდის. ხშირდება ზამთარში და ადრე გაზაფხულზე.

  • რატომ არის დამახასიათებელი ეს დაავადება კონკრეტული ასაკისათვის?

– კრუპის მთავარი მიზეზია სასუნთქი სისტემის ასაკობრივი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები: ხორხის მცირე ზომის სანათური და ძაბრისებრი ფორმა, ლორწოვანის კარგად განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი და სხვა; სასუნთქი მუსკულატურა ამ ასაკში სუსტია, ამიტომ ხორხი ადვილად ინფიცირდება ვირუსებითა და ბაქტერიებით და შუპდება. 1 მმ-ით შეშუპების შემთხვევაშიც კი ბავშვის ხორხი სანახევროდ იხშობა და ზემოთ აღწერილ კლინიკურ სიმპტომებს იწვევს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრუპი განუვითარდება ყველა პატარას, ვისაც კი ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია შეხვდება. 

  • როგორია კრუპის პირველი ნიშნები, საზოგადოდ, მისი კლინიკური გამოხატულება?

– კრუპს, წესისამებრ, წინ უძღვის ზედა სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის ნიშნები: ხველა, ტემპერატურის მატება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი. ცრუ კრუპი ვითარდება მოულოდნელად, ღამით, შეტევის სახით; ბავშვს ეღვიძება, უვარდება უხეში, მყეფავი მშრალი ხველა, რასაც თან ახლავს ხმის ჩახლეჩა და ჩასუნთქვის გაძნელება – ხმაურიანი, მსტვენი სუნთქვა, ე.წ. ინსპირატორული სტრიდორი. სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის შემცირების გამო ამოქმედდება საკომპენსაციო მექანიზმები, რაც ტაქიპნოეს (სუნთქვის გახშირებას) და სუნთქვის აქტში დამხმარე კუნთების ჩართვას იწვევს, კომპენსატორული მექანიზმების განლევისას კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა იჩენს თავს.
თუ პატარას დახმარება არ გავუწიეთ, სუნთქვა უფრო და უფრო ზედაპირული გახდება, სუნთქვითი მოძრაობები წუთში 40-50-ს აღწევს (ნორმა 20-30-ია) და თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა მოხრჩობა განვითარდეს.

  • კრუპი ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს?

– განასხვავებენ კრუპის მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს.
მსუბუქი კრუპის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია; კარგად იღებს საკვებსა და სითხეს, თამაშობს და დაინტერესებულია გარემოთი; ხმა ჩახლეჩილი აქვს, აღენიშნება მშრალი ხველა. სუნთქვის პრობლემები გამოხატულია მხოლოდ დატვირთვისას.საშუალო სიმძიმის კრუპის შემთხვევაში მსტვენი სუნთქვა თავს იჩენს მოსვენების დროსაც, სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე კუნთები, აღინიშნება გულმკერდის კედლის ჩაზნექა, აღგზნებადობა.
მძიმე ფორმისას გამოხატულია სუნთქვის მკვეთრი უკმარისობის ნიშნები, ძლიერ აღგზნებას ცნობიერების დაბინდვა ცვლის. ზოგადი სიფითრე, ტუჩებისა და ფრჩხილების სილურჯე, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე მიუთითებს.

  • რას ითვალისწინებს პირველი დახმარება და რა შემთხვევაში უნდა გაიგზავნოს პაციენტი სტაციონარში?

– კრუპის ნიშნების გაჩენისთანავე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან გადაიყვანეთ პატარა პედიატრიულ კლინიკაში, ექიმის მოსვლამდე კი ეცადეთ დაამშვიდოთ, კომფორტი შეუქმნათ – ტირილი და მღელვარება უფრო მეტად აძნელებს სუნთქვას. ასუნთქეთ სუფთა ჰაერი, დაალევინეთ თბილი სითხე, უმჯობესია, ტუტე, მაგალითად, ბორჯომიანი რძე. შეიძლება სიმპტომური საშუალებების გამოყენებაც, მაგალითად, 38-38,5 °C-ზე მაღალი ტემპერატურის დროს აცეტამინოფენის ან იბუპროფენის მიცემა შესაბამისი დოზით. ტრადიციული სიმპტომური მკურნალობა გულისხმობს ორთქლის ჩასუნთქვას სპეციალური მოწყობილობით. შეიძლება გამოვიყენოთ ცივი ორთქლის ინჰალატორი, ნებულაიზერი, რომელშიც, როგორც წესი, ფიზიოლოფიური ხსნარი ისხმება. ასეთი ინჰალაცია ხელს უწყობს შეშუპების ჩაცხრობას. სათანადო მოწყობილობის უქონლობის შემთხვევაში დავატენიანოთ ოთახის ჰაერი. ამისთვის სააბაზანო ოთახში მოვუშვათ თბილი წყალი და დგუშით კედლებსა და იატაკზე მოვასხუროთ. ასე დაორთქლილ სააბაზანოში პატარა მშობელთან ერთად 15 წუთი უნდა გაჩერდეს. ჩაიდნით ან ქვაბით ორთქლის დაყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არსებობს დამწვრობის რისკი.
კიდევ ერთი რამ: მართალია, ორთქლის სუნთქვა მკურნალობის მიღებული მეთოდია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვს პროცედურისა არ ეშინია და ძალდატანება არ სჭირდება.მსუბუქი კრუპის მკურნალობა ბინის პირობებშიც შეიძლება, საშუალო სიმძიმისა ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა მოთავსდეს.
აუცილებელი ჰოსპიტალიზაციის ჩვენებებია:

  • საშუალო და მძიმე ხარისხის კრუპი;
  • 1 წელზე ნაკლები ასაკი;
  • სითხესა და საკვებზე უარის თქმა;
  • ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;
  • ანამნეზში მძიმე ფორმის კრუპის ეპიზოდი.
  • ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მაშინაც, როცა:
  • სუნთქვის მსუბუქ გაძნელებასთან ერთად აღინიშნება გულის თანდაყოლილი ანომალია ან ფილტვის ქრონიკული პათოლოგია;
  • ბავშვს ოჯახში მოვლა და მეთვალყურეობა აკლია;
  • ოჯახი საავადმყოფოდან შორს ცხოვრობს და ბავშვის ტრანსპორტირების საშუალება არ აქვს.

  • როგორ განვსაზღვროთ კრუპისადმი მიდრეკილება? მიუთითებს თუ არა მისი პირველი ეპიზოდი იმაზე, რომ ის ბავშვს მომავალშიც განუვითარდება?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს ცრუ კრუპი სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვს არ ემართება. არსებობენ პატარები, რომლებიც უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ცრუ კრუპის მიმართ: დღენაკლულები, ალეგიული დაავადებებისადმი მიდრეკილები, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონეები. საყურადღებოა რომ პაციენტთა 15%-ს აღენიშება კრუპის ოჯახური ანამნეზი. მათ ცრუ კრუპი შესაძლოა რამდენიმეჯერ, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს განუვითარდეთ.

  • როგორია კრუპის მკურნალობის მთავარი პრინციპები?

– მკურნალობა უმთავრესად სიმშვიდეს, ზედმეტი ტრავმირების თავიდან აცილებას
ადექვატური ოქსიგენოთერაპია- ჟანგბადის მიწოდება
საინჰალაციო ადრენალინის გამოყენება
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა
სიმპტომური საშუალებების გამოყენება კლინიკური სურათის მიხედვით.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს კრუპს?

– გართულებები, რომლებიც უშუალოდ კრუპის შედეგია, ძალიან იშვიათია. რამდენიმე მათგანზე მაინც შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:
. თუ სასუნთქი გზების ობსტრუქცია სწრაფად არ აღმოიფხვრა, შესაძლოა, საქმე რესპირატორულ დისტრესამდე – სასუნთქი სისტემის მძიმე დარღვევებამდე მივიდეს.
. აუცილებელია პატარას სითხით დატვირთვა დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) თავიდან ასაცილებლად.
. მეორეული ინფექცია შესაძლოა პნევმონიის, ბაქტერიული ტრაქეიტის მიზეზად იქცეს.
. გამორიცხული არ არის, განვითარდეს შუა ყურის ანთება, ფილტვის შეშუპება, პნევმოთორაქსი, ლიმფადენიტი…

  • ზამთარი ახლოვდება. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ავიცილოთ თავიდან კრუპი?

– პრევენციის ეფექტური მეთოდები, სამწუხაროდ, არ არსებობს. ერთადერთი გზაა, დავიცვათ პატარა იმ ინფექციებისგან, რომლებსაც კრუპის განვითარებამდე მივყავართ. ამისთვის საჭიროა:
. ხელების ხშირი ბანა ანტიბაქტერიული საპნითა და თბილი წყლით;
. მოწესრიგებული დღის რეჟიმი, სუფთა ჰაერზე რეგულარული სეირნობა, ვიტამინებით მდიდარი საკვები რაციონი;
. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.
პატარას დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომლის ჩატარება რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან.


მარი ზაზაშვილი

გააზიარე: