ერთადერთობის ფსიქოლოგიის კომპენსაციისთვის
გააზიარე:
“დედისერთა ბავშვს ოჯახში უნიკალური პოზიცია უკავია. მას არ ჰყავს დები და ძმები, რომლებისთვისაც კონკურენციის გაწევა მოუწევდა. შესაბამისად, მთელი ბავშვობის განმავლობაში ის ოჯახის ყურადღების ცენტრშია და მას შემდეგ ცენტრში ყოფნა მისი ცხოვრების მიზნად იქცევა. მისთვის დამახასიათებელია სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობაში, მშობლებით მანიპულაცია და პუბლიკის მიერ მის მიღწევათა აღიარების მოთხოვნილება. ასეთ ბავშვებს უვითარდებათ ერთადერთობის განცდა და მშობლებს მოგვიანებით ამ ერთადერთობის ფსიქოლოგიის კომპენსაციისთვის სხვადასხვა გამოსავლის ძებნა უხდებათ”.
ალფრედ ადლერი, ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი
მაგარია დედისერთობა – არც სათამაშოებში გეცილება ვინმე და არც უფროსების ყურადღებაში, ქვეყნიერების ჭიპიც ხარ და მოვლენების ეპიცენტრიც და, საერთოდ, სამყარო შენ გარშემო ბრუნავს... თუმცა აქვს ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც, თანაც არაერთი. ქვემოთ სწორედ მათზე გავამახვილებთ ყურადღებას.
დედისერთა ბავშვის აღზრდაზე საუბრისას ფსიქოლოგები სამ მნიშვნელოვან შეცდომაზე მიუთითებენ, რომლებიც ბავშვის – მომავალი ზრდასრული ადამიანის – ხასიათის ჩამოყალიბებაზე არცთუ სასიკეთო გავლენას ახდენს.
1. არასრულფასოვანი სოციალიზაცია
საბავშვო ბაღში შესვლამდე დედისერთა ბავშვს გაცილებით ხშირად უწევს უფროსებთან ურთიერთობა და თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა უფრო მეტად უჭირს. ბავშვთა კოლექტივში ადაპტირება კი არცთუ იოლია – ამ წრეს თავისი წესები და ქცევის კოდექსი აქვს. ელიტური დახურული კლუბისა არ იყოს, აქ რომ მოხვდე და “თავისიანად” გაღიარონ, განსაზღვრულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, მაგალითად, შეგეძლოს როლური თამაშების თამაში, აგრესიაზე საკადრისი პასუხის გაცემა, ზოგჯერ – დათმობა, ზოგჯერ კი საკუთარის ბოლომდე გატანა და თავის დამკვიდრება. ეს უნარ-ჩვევები სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებისა და სოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მათ კი მხოლოდ მაშინ შეიძენ, თუ თანატოლებთან ხშირი ურთიერთობის საშუალება გექნება. ოჯახში საქმე სხვაგვარადაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარა ერთია, უფროსი კი რამდენიმე. ურთიერთობის მოდელი, ასე ვთქვათ, ვერტიკალურია, მარტივად – იერარქიული. თანამშრომლობა და თანასწორობა ასეთ “წყობაში” ძნელი მისაღწევია. ასე აღზრდილი ბავშვი სხვაგვარ გარემოშიც – თუნდაც თანატოლებთან ურთიერთობისას – შეეცდება ჩვეული ყურადღების მიპყრობას მისთვის ხელმისაწვდომი ქცევით, ანდა განმარტოებას და საკუთარ თავში ჩაკეტვას არჩევს. არც ერთი და არც მეორე მისი სწორი, ჰარმონიული ფსიქოემოციური განვითარებისთვის მიზანშეწონილი არ არის. გამოსავალი: თუ დაიკოს ან ძამიკოს “ჩუქებას” არ აპირებთ, ნუ მოაკლებთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებას. ინფექციის შიშს სძლიეთ, ათასგვარი ფანტასმაგორიული მიზეზის ძებნას თავი დაანებეთ და ყველა ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენეთ, რათა ბავშვს თანატოლებთან კონტაქტის საშუალება მისცეთ: გამართეთ წვეულებები, მოიწვიეთ ბავშვებიანი სტუმრები, შეიყვანეთ პატარა ასაკის შესაბამის სპორტულ ან შემეცნებით წრეზე, ნება დართეთ, ეზოში ბავშვებთან ერთად დამოუკიდებლად ითამაშოს. სკვერებსა და ეზოებში გამოფენილი ბავშვების “ზედამხედველები” – მშობლები, ძიძები, ბებია-ბაბუები – ხშირად საკუთარ წესებს კარნახობენ ბავშვებს. “ასე არ ითამაშო, იქ არ აძვრე, ტანსაცმელი არ დაისვარო” და მსგავსი მითითებები გრძელ ჯაჭვზე გამობმულ საყელურს ჰგავს. არ არის საჭირო ამდენი აკრძალვა. უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, ცხადია, დაუშვებელია, სხვა მხრივ კი არაფერი დაშავდება, თუ სუფთა ჰაერზე სეირნობისას ბავშვი ტანსაცმელს დაისვრის, სადმე აბობღდება, საკუთარი, თუნდაც აქამდე არარსებული წესებით ითამაშებს და ა.შ.
2. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია
ოჯახში, სადაც მხოლოდ ერთი ბავშვია, გოგონებისგან ხშირად გაიგონებთ: “დედიკო ჩემი საუკეთესო მეგობარია“; ბიჭუნები მეტისმეტად არიან მიჯაჭვულები დედას. ასეთ დროს ბავშვს აღარც სურს თანატოლებთან ურთიერთობა და ამის საჭიროებაც ეკარგება, მომავალში კი უჭირს ადამიანებთან ნორმალური, ჯანსაღი, ჰარმონიული, სასიამოვნო ურთიერთობის დამყარება. აქ კიდევ ერთი ასპექტია: მშობლის ავტორიტეტი შეუცვლელი ღირებულებაა, საჭირო ორიენტირი, ქცევისა და ხასიათის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, მეგობარი კი სულ სხვა რამეა...
გამოსავალი: მშობელი-მეგობარი მოზრდილი ადამიანისთვის უფრო შესაფერისი საყრდენია, ვიდრე მცირეწლოვანი ბავშვისთვის. სკოლამდელ და სასკოლო ასაკში მშობელი-ავტორიტეტი გაცილებით უკეთესი აღმზრდელია. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ბავშვთან მეგობრული დამოკიდებულება სრულიად უნდა გამოირიცხოს. ცხადია, არა. მეგობრობა შვილთან შეიძლება და საჭიროც კია, ოღონდ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს სწორ დირექტივებს, მორალური ნორმებისა და ოჯახური ტრადიციების დამკვიდრებას. დიდ ოჯახებში, სადაც ბევრი ბავშვია, და-ძმები ერთმანეთისგან სწავლობენ ბევრ რამეს, ერთმანეთთან ურთიერთობაში იკვეთება მათი ხასიათი, ბუნება, მიდრეკილებები. დედისერთა ბავშვი ამას მოკლებულია, ამიტომ კარგი იქნება, თუ შვილს სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ხშირი ურთიერთობის საშუალებას მივცემთ და იმის გაცნობიერებაში დავეხმარებით, რომ მშობელი მისთვის არა მარტო თანამოაზრე და საუკეთესო მეგოაბრია, არამედ სწორი ქცევის და, საერთოდ, სწორი ცხოვრების ორიენტირი.
3. დედამიწა ჩემ გარშემო ბრუნავს
დაახლოებით ასეთი განცდა ეუფლება დედისერთა ბავშვს. არც არის გასაკვირი: როცა ოჯახში ერთი ბავშვია, უფროსების ყურადღება, სიყვარული, სითბო და ყოველგვარი მატერიალური თუ არამატერიალური რესურსი მასზეა ორიენტირებული. ოჯახურისგან განსხვავებული გარემო დახვდება მას სახლის კედლებს გარეთ. ყველაზე კეთილგანწყობილი და მეგობრული გარემოც კი ვერ იქნება ისეთი, როგორიც შინაა, ამიტომ ადრევე შეაგუეთ პატარა იმ აზრს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითი ვერ იქნება. მნიშვნელოვანია, ბავშვს სკოლაში მისვლამდე მიეცეს სხვადასხვა ასაკის უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება. ახალი კონტაქტები – ცხადია, თქვენი მეთვალყურეობით – სასარგებლო და განმავითარებელია ბავშვისთვის. ამასთანავე, ჯგუფთან, სოციუმთან თანაარსებობა მას მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს. კარგი იქნება, თუ ამისთვის წინასწარ შეემზადება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დიდი შანსია, ასეთი დამოკიდებულების გამო ბავშვი ეგოცენტრულ და სხვებზე დამოკიდებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. მშობლის მზრუნველობის, მასზე დამოკიდებულების გარეშე პატარა, უდავოა, ვერ იარსებებს, მაგრამ მშობელს უნდა ესმოდეს, რომ ზომიერების დაცვა და უსაფრთხო პირობებში თავისუფლების მინიჭება ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცხადია, სხვადასხვა ბავშვს სხვადასხვაგვარი შესაძლებლობა, სხვადასხვა რესურსი აქვს ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის თავისებურების გათვალისწინება და განსავითარებლად მისთვის შესატყვისი გარემოს უზრუნველყოფა. არც ზედმეტი სიმორცხვე და უთქმელობა ვარგა და არც ის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობის სურვილი უტიფრობასა და უზრდელობაში გადაიზარდოს, ამიტომ მშობლებმა შვილის უნარების, ხასიათის და თანდაყოლილი, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ აღზრდის სტრატეგია. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელი მოთმინებით უნდა მოეკიდოს ბავშვის ინიციატივას, გააკეთოს რაიმე თავად, მის დაუხმარებლად.
გამოსავალი: დამოუკიდებლობის ჩვევის გამომუშავებას მეტ-ნაკლებად უკვე შევეხეთ, სხვებზე ზრუნვის უმნიშვნელოვანესი ადამიანური უნარის ჩამოსაყალიბებლად კი დედისერთა ბავშვისთვის ზედგამოჭრილი იქნება რომელიმე შინაური ცხოველის შეძენა. ეს არცთუ უმნიშვნელო რეკომენდაციაა, რადგან პასუხისმგებლობა და სხვებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანური ღირებულებაა.