როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ორგანიზებულობას?

გააზიარე:

ბავშვებს, საზოგადოდ, ახასიათებთ ქაოსურობა და არაორგანიზებულობა. ერთი საქმიდან უცებ მეორეზე გადახტებიან ხოლმე, წიგნები სკოლაში რჩებათ, ძირს დავარდნილ პირსახოცს იქვე ტოვებენ და საქმეების უმეტესობა ბოლომდე არ მიჰყავთ.
ყველა მშობელი ოცნებობს, მისი შვილი ორგანიზებული იყოს და დაწყებული საქმე, მაგალითად, საშინაო დავალება, სხვა საქმეებსა თუ გასართობზე მოცდენის გარეშე, დროულად დაასრულოს.
ეს ოცნება აუხდენელი არ არის. ზოგიერთი ბავშვი ბუნებრივადაა ორგანიზებული, დანარჩენებს კი ამ უნარის დასწავლა შეუძლიათ. მშობლების ხელშეწყობა და პრაქტიკა მათ საშუალებას მისცემს, გონებრივი თუ ფიზიკური შრომის მიმართ სწორი მიდგომა გამოიმუშაონ და ორგანიზებულად დაასრულონ დაწყებული საქმე.
თუნდაც თავად არ იყოთ ორგანიზებული ადამიანი, თქვენზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ გაართმევს თავს.

სამამდე თვლასავით მარტივად
ყველა დავალება ბავშვებისთვის შეიძლება სამსაფეხურიან პროცესად დაიყოს.
1. ორგანიზება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი არის იქ, სადაც უნდა იყოს დავალების შესრულების დროს და მომარაგებული აქვს ყველა საჭირო ინვენტარი.
2. ფოკუსირება. ბავშვი კონცენტრირებულია დავალების შესრულებაზე და სწავლობს, როგორ არ გაეფანტოს ყურადღება სხვადასხვა საცდურზე.
3. საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე, ალაგებს ჩანთას და მეორე დღისთვის ამზადებს.
მას შემდეგ, რაც ბავშვი ამ საფეხურებს აითვისებს, შეძლებს, უფრო ხშირად შეეჭიდოს საქმეს დამოუკიდებლად. ესე იგი, თანმიმდევრულად და უფრო ეფექტურად მოახერხებს საშინაო დავალების, საოჯახო საქმეების თუ სხვა მოვალეობების შესრულებას. მაგალითად, კუბებისგან კოშკის ბოლომდე აწყობას და თამაშის დასრულების შემდეგ სათამაშოების თავის ადგილას დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ბავშვს მაინც დასჭირდება მშობლის მითითებები, მაგრამ თქვენი ჩარევა ნელ-ნელა უფრო და უფრო ნაკლებად იქნება საჭირო.
ეს უნარები ბავშვს არა მარტო პრაქტიკაში გამოადგება, არამედ თვითშეფასებასაც აუმაღლებს და საკუთარ ძალებში დაარწმუნებს. ამასთან, თავისუფალი დროის უფრო ეფექტურად და სასიამოვნოდ გატარებასაც ისწავლის, რადგან მეტად დააფასებს მას.

კბილების გახეხვიდან წაკითხულის გააზრებამდე
თავდაპირველად ბავშვს სამსაფეხურიანი მეთოდი გააცანით და ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გამოყენებაში ავარჯიშეთ. ისეთი მარტივი დავალებაც კი, როგორიც კბილების გახეხვაა, მოითხოვს ამ სამსაფეხურიანი გზის გავლას. მაგალითად:
1. ორგანიზება. შედი აბაზანაში და მოამზადე კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა. მოუშვი წყალი.
2. ფოკუსირება. სტომატოლოგმა გითხრა, რომ კბილების სრულფასოვნად გასახეხად 3 წუთია საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენ ხანს უნდა გააგრძელო ეს საქმიანობა და არ შეწყვიტო, თუნდაც სასტუმრო ოთახიდან საყვარელი მულტფილმის ხმა მოგესმას.
3. საქმის ბოლომდე მიყვანა. თუ ბავშვი პირველ და მეორე საფეხურებს სწორად გაივლის, მესამე თავისთავად გამოუვა. საქმის ბოლომდე მიყვანა იმასაც გულისხმობს, რომ მან ჩაკეტოს ონკანი, შეინახოს კბილის ჯაგრისი და პასტა და კარგად გაიმშრალოს სახე.
უფრო რთული დავალების შესრულებისას, მაგალითად, სასკოლო მოხსენების მომზადებისას, ნაბიჯები უფრო კომპლექსურია, მაგრამ არსი იგივე რჩება.


მაგალითად:
1. ორგანიზება. აუხსენით ბავშვს, რომ ეს საფეხური მთლიანად საქმესთან შესაჭიდებლად მომზადებას ეთმობა. უპირველეს ყოვლისა, უნდა დაფიქრდეს, რა ნივთები დასჭირდება მოხსენების მოსამზადებლად. დაეხმარეთ საჭირო ნივთების: წიგნის, საწერი კალმის, რვეულის, ლეპტოპის – მოძიებასა და თავმოყრაში.
მომდევნო ეტაპია ადგილის პოვნა დავალების შესასრულებლად. ყველა საჭირო ნივთი დააწყვეთ იქ, სადაც ბავშვი სიწყნარეში შეძლებს საქმეზე კონცენტრირებას.
შეადგინეთ შემდგომი სამოქმედო გეგმა, მაგალითად: დავწეროთ წიგნის სათაური და ავტორი, ჩამოვწეროთ კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც საჭიროა მოხსენების სრულფასოვნად დასაწერად. ასწავლეთ, როგორ გადახაზოს გეგმის უკვე შესრულებული პუნქტები, ავარჯიშეთ ხმამაღლა მსჯელობაში:” სათაური და ავტორი დავწერეთ, ახლა რა მოდის?"
2. ფოკუსირება. აუხსენით, რომ ეს საფეხური გულისხმობს გეგმით გათვალისწინებულ დავალებებზე ყურადღების კონცენტრირებას და მათ ერთიმეორის მიყოლებით შესრულებას.
ფოკუსირება – ეს არის საქმეზე ფიქრი და მუშაობა მაშინაც კი, როცა ამ დროს სულ სხვა რამის კეთება გინდა. ეს ყველაზე რთული ნაწილია. ასწავლეთ ბავშვს, როგორ აღუდგეს წინ მსგავს საცდურებს. თუ შუა მოხსენების წერისას უეცრად გონებაში გაუელვა, რომ ახლა სიამოვნებით ითამაშებდა ფეხბურთს მეგობრებთან ერთად, ასწავლეთ, რომ ამ დროს საკუთად თავს ჰკითხოს:” ესაა, რასაც ახლა უნდა ვაკეთებდე?” თუ საკუთარი თავი ვერ დაარწმუნა, მაშინ მცირე შესვენება გამოაცხადოს და ცოტა ხნით მოსწყდეს საქმეს, გაიარ-გამოიაროს, აივანზე გაიხედოს, მაგრამ მალევე დაბრუნდეს უკან, რადგან დიდი ხნით მოცდენამ შესაძლოა სრულიად წაართვას საქმის კეთების მუხტი.
საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს საფეხური გულისხმობს სრულფასოვან ფინალს, ამ შემთხვევაში – ნაშრომზე საკუთარი სახელისა და გვარის დაწერას, მოხსენების გადამოწმებას და მის ზურგჩანთაში მოთავსებას ან პედაგოგისთვის გადაგზავნას, თუ მის სკოლაში მოხსენებებს ელექტრონული სახით აბარებენ.

როგორ დავიწყოთ
გთავაზობთ რჩევებს 1-2-3 მეთოდის სწავლებისთვის:

ვაცნობთ იდეას
გააცანით იდეა და აუხსენით, როგორ გაუადვილებს ის საქმეს, რომ უფრო სწრაფად შეძლებს საშინაო დავალების შესრულებას და, შესაბამისად, მეტი დრო დარჩება მეგობრებთან ერთად გასატარებლად ან საყვარელი მულტფილმის საყურებლად, რომ, ამ ყველაფერთან ერთად, თავისი თავითაც იამაყებს, რაც ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.

სწორი მოლოდინი
წინასწარ გააფრთხილეთ, რომ საცდურებისთვის თავის არიდება თავდაპირველად ძნელი იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას მოახერხებს, თანაც, თუ დახმარება დასჭირდა, თქვენც მის გვერდით იქნებით.

გეგმა აუცილებელია
დავალებები დაყავით პუნქტებად პრიორიტეტულობის მიხედვით. შეიმუშავეთ გეგმა. თუ რომელიმე პუნქტის შესრულება ბავშვს განსაკუთრებით უჭირს, ამით დაიწყეთ. მისი მოშორებით განცდილი თავისუფლების შეგრძნება მას მეტ მოტივაციას მისცემს დანარჩენი პუნქტების შესასრულებლად.

არ გადააჭარბოთ
საუკეთესო შედეგისთვის მოირგეთ მხოლოდ შორიდან დამხმარის სტატუსი. ნუ გადააჭარბებთ ნურც დახმარებაში და ნურც ქებაში. ბავშვისთვის მეტად სასიამოვნო იქნება იმის ცოდნა, რომ ქებას მხოლოდ დამსახურებულად იღებს. ამასთან, ის უნდა აცნობიერებდეს, რომ თქვენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაეხმარებით, როდესაც ყველაფერს სცდის და დარწმუნდება, რომ დავალების დამოუკიდებლად შესრულება არ გამოსდის.

ასწავლეთ კითხვების მეშვეობით ფიქრი
ყველა ადამიანი ნებისმიერი დავალების შესრულებისას საკუთარ თავთან გაუცნობიერებლად დიალოგს მართავს:” საბარგულიდან პროდუქტები გადმოვიღე, რამე ხომ არ დამრჩა? რძის ნაწარმი სახლში შესვლისთანავე მაცივარში უნდა შევინახო!” ბავშვებს ამ ჩვევის ჩამოყალიბებისთვის დრო სჭირდებათ და მშობელს შეუძლია, დიდი დახმარება გაუწიოს ამ პროცესის სწრაფად და სწორად წარმართვაში. თავდაპირველად, ურჩიეთ, ხმამაღლა დაუსვას საკუთარ თავს დავალების შესაბამისი კითხვები. მაგალითად:” ყველა საჭირო ნივთი ჩავდე ზურგჩანთაში? მათემატიკის რვეული დამავიწყდა, უნდა ჩავდო”; “დედამ რომ გასარეცხი ტანსაცმლის კალათაში ჩაყრა მთხოვა, არ ჩამიყრია”. დროთა განმავლობაში ბავშვი გაუცნობიერებლად დაიწყებს საკუთარი თავისთვის ამ კითხვების დასმას და დავალების შესრულებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობაც ნელ-ნელა უფრო გაუძლიერდება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: