დედიკოს დაუხმარებლად

გააზიარე:

თვეზე მეტია, დაიწყო ახალი სასწავლო წელი. უზრუნველი ზაფხული დასრულდა და მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საზრუნავი მოემატათ. უფრო მეტად, ცხადია, მშობლებს – ბავშვების სასკოლოდ მომზადება, ჩაცმა-დახურვა, სახელმძღვანელოების შეძენა ხომ მათი საქმეა. ბევრს კი შვილებთან ერთად (ხშირად – მათ ნაცვლადაც) მეცადინეობაც უწევს. მათ შორის არიან არა მხოლოდ პირველ-მეორე, არამედ უფროსკლასელთა მშობლებიც...
სკოლაში ახლად მისულ ბავშვს გაკვეთილების მომზადებასა და მეცადინეობის ჩვევის ჩამოყალიბებაში დახმარება მართლაც სჭირდება. მას ხომ ერთბაშად უამრავი სიახლე ატყდება თავს: ახალი გარემო, ახალი მასწავლებელი, ახალი მეგობრები და, ამასთან ერთად, სრულიად ახალი მოვალეობა – გაკვეთილების მომზადება. თუმცა ის, რაც 5-6 წლის პატარასთვის ნორმაა, 8-9 და, მით უმეტეს, 10-12 წლის ბავშვისთვის სხვა არაფერია, თუ არა მავნე ჩვევა და არასწორი მიდგომის შედეგი.
პირველივე კლასიდან


ბავშვს დამოუკიდებლად მეცადინეობის ჩვევა რომ ჩამოუყალიბოთ, თავიდანვე ჩაუნერგეთ, რომ გაკვეთილების სწავლა მხოლოდ და მხოლოდ მისი მოვალეობაა. საშინაო დავალების მთავარი მიზანია, ბავშვს დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევა, გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი და ნებისყოფა განუვითაროს. თუ ყოველდღე გვერდით მიუჯდებით პატარას და ეტყვით, მოდი, ერთად ვიმეცადინოთო, ამით დათვურ სამსახურს გაუწევთ – ის ჩათვლის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და მუდამ ასე უნდა გაგრძელდეს. თუმცა არც მკაცრი ტონით ლაპარაკს გირჩევთ. მით უმეტეს, დაუშვებელია დასჯა სიზარმაცისა და გაკვეთილების მოუმზადებლობისთვის.


სამუშაო კუთხე
ბავშვს საქმიანი განწყობა რომ შევუქმნათ და სამეცადინოდ განვაწყოთ, აუცილებელია მოვუმზადოთ სამუშაო კუთხე, რომელიც მხოლოდ მისი იქნება.
კარგი იქნება, თუ საწერი მაგიდის, მოხერხებული სკამის, ტუმბას, მაგიდის ნათურისა და სხვა საკანცელარიო ნივთების შერჩევაში ბავშვსაც ჩართავთ. პატარას უნდა მოსწონდეს თავისი სამუშაო კუთხე, ამიტომ ნუ იქნებით მეტისმეტად მკაცრი, მიეცით უფლება, თავად შეარჩიოს მაგიდის ნათურის ფერი, დააწყოს წიგნები და რვეულები, როგორც თავად სურს...
დღის განრიგი


სამუშაო კუთხის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი დღის განრიგია, რომელშიც ზედმიწევნით იქნება გაწერილი, როდის რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ, რომელი საგანი იმეცადინოს, როდის დაისვენოს, როდის ისადილოს და ა. შ. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან გვიან საღამოს დაბრუნებულხართ და ბავშვს შემოუჩივლია, მთელი დღეა ვმეცადინეობ, მაგრამ გაკვეთილების სწავლა მაინც ვერ მოვასწარიო. დროის სწორად განაწილება მხოლოდ პატარებს კი არა, ზოგჯერ უფროსებსაც უჭირთ. როდესაც ბავშვი მთელი დღე უგულისყუროდ ჩაჰყურებს წიგნებს, ფიქრით სხვაგან დაფრინავს და ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს თამაშს, გაკვეთილების სწავლას ნამდვილად ვერ მოასწრებს.
ზოგიერთი წინასწარ ნერვიულობს იმის გამო, რომ სამეცადინო ბევრი აქვს, რომ დავალებები რთულია, რომ ვერაფერს მოასწრებს და არც გასართობად დარჩება დრო. ეს პანიკა ბავშვის შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად მოქმედებს და აზროვნებისა და ათვისების უნარსაც აქვეითებს. პატარა ონავარს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ დღის დაგეგმვაში, რათა მან დამოუკიდებლად მეცადინეობაც შეძლოს და გაკვეთილების სწავლაც მოასწროს. როდესაც დაინახავს, რომ თუ დროს სწორად გაანაწილებს, სწავლასაც მოასწრებს, დასვენებასაც და მეგობრებთან ერთად გართობასაც, მეტი სტიმული მიეცემა, განსაზღვრულ დროში ჩაეტიოს და გასართობად რაც შეიძლება მეტი დრო მოიტოვოს. თუმცაღა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, როგორ შეასრულა ბავშვმა საშინაო დავალება და ხომ არ გამორჩა სიჩქარეში რომელიმე გაკვეთილი.


მეცადინეობის ხანგრძლივობა
არამც და არამც არ შეიძლება, ბავშვმა 2-3 საათი გადაბმულად იმეცადინოს. 5-6 წლის პატარა 20-25 წუთში ერთხელ 15 წუთით უნდა შეასვენოთ, მეცადინეობის ხანგრძლივობა კი ჯამში 2 საათს არ აღემატებოდეს. 7-8 წლის ბავშვისთვის დასვენება 35-40 წუთში ერთხელ არის რეკომენდებული. ამასთან, დასვენების დროს არ არის სასურველი ტელევიზორის ყურება და კომპიუტერზე თამაში. ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს მეცადინეობის ხანგრძლივობაც. თუმცა რა ასაკისაც არ უნდა იყოს მოსწავლე, გადაბმულად 1 საათზე მეტს ნუ ამეცადინებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გონება გადაეღლება და სწავლის ხარისხიც მოიკლებს.
რომელი საგნით დავიწყოთ?


ასწავლეთ ბავშვს, სანამ გაკვეთილების მომზადებას დაიწყებდეს, განსაზღვროს, რომელი საგნები აქვს სამეცადინო. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოსწავლემ მეცადინეობა იმ საგნით უნდა დაიწყოს, რომელიც ყველაზე მეტად უჭირს, თუმცა საკითხისადმი ასე სწორხაზოვანი მიდგომა მართებული არ არის. ბავშვის ხასიათი და ტემპერამენტიც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ის ადვილად ერთვება სამუშაო პროცესში, ასე ვთქვათ, “სწრაფად იქოქება” და ასევე მალე იღლება, მართლაც რთული საგნით დაწყება აჯობებს; თუ პატარას სამუშაო განწყობის შექმნა უჭირს, მაგრამ მისი გამჭრიახობა ნელ-ნელა იზრდება, უმჯობესია, მეცადინეობა ნაკლებად რთული საგნით დაიწყოს.
ნუ იქნებით სულსწრაფი და ნუ მოითხოვთ შედეგს პირველივე თვის ბოლოს. დამოუკიდებლად მეცადინეობის ჩვევის ჩამოყალიბება დროს მოითხოვს. ზოგიერთ ბავშვს 3-4 თვეც ჰყოფნის, რომ მშობლის დახმარების გარეშე მეცადინეობას მიეჩვიოს, ზოგიერთს კი 2-3 წელი სჭირდება. მთავარია, გეყოთ ნებისყოფა და ბავშვის ნაცვლად მისი დავალებების შესრულება თავად არ დაიწყოთ.


სტიმული და მოტივაცია
ბავშვმა დაუზარლად რომ იმეცადინოს, აუცილებელია, სტიმული მივცეთ და მოტივაცია გავუჩინოთ. მოტივაციის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ქებამ, დაპირებამ, რომ თუ გაკვეთილებს სწრაფად, ხარისხიანად და დამოუკიდებლად მოამზადებს, ატრაქციონებზე ან გასართობ ცენტრში წაიყვანთ, თუ კარგ ნიშანს მიიღებს, საყვარელ ნამცხვარს გამოუცხობთ. მოკლედ, ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და ბავშვის ინტერესებზეა დამოკიდებული, ოღონდ არამც და არამც არ დაჰპირდეთ ფულს, ძვირად ღირებულ საჩუქარს და ა.შ. მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება გაკვეთილების მომზადება თამაშად ვუქციოთ. მაგალითად, შესთავაზეთ, გაკვეთილი საყვარელ თოჯინას წაუკითხოს, მასვე შეასწავლოს ლექსი. ნუ დაუშლით, თუ ანგარიშის დროს ჩხირების ნაცვლად პატარა ავტომობილებს ან სხვა მცირე ზომის სათამაშოებს გამოიყენებს. გვერწმუნეთ, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

გააზიარე: