სიცხე – მაღალი თუ დაბალი?

გააზიარე:

აცივდა, ვირუსები გააქტიურდნენ, ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. ავადმყოფობის მთავარი ნიშანი მაღალი ტემპერატურაა. მშობელთა უმეტესობამ უკვე იცის, რომ სიცხეს თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ მაინც ღელავენ. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა უნდა იღონოს მშობელმა, როცა პატარას ტემპერატურა ნორმაზე მაღალი ან დაბალი აქვს.
გვესაუბრება ოჯახის ექიმი, პედიატრი ნონა ბუიძე.
ჰიპერთერმია
– როდესაც ბავშვს ტემპერატურა უწევს, მშობელი ყოველთვის შფოთავს, თუმცა ჯანმრთელი ბავშვისთვის სიცხე უმეტესად არ არის სერიოზული საფრთხის ნიშანი. თავისთავად, მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობას არ ვნებს, ის კი არა, ზოგჯერ სარგებლობაც მოაქვს – ორგანიზმს ინფექციის დამარცხებაში ეხმარება, ამიტომ ხშირად მასთან ბრძოლა არც არის საჭირო, თუმცა ზოგჯერ ეს აუცილებელია.

  • – რა იწვევს ტემპერატურის აწევას?

– სხეულის ტემპერატურას არეგულირებს თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოთალამუსში მდებარე თერმორეგულაციის ნერვული ცენტრი. მას სხეულის თერმოსტატის ფუნქცია აკისრია. სხეული ნორმალურ ტემპერატურას მისგან გაგზავნილი იმპულსების წყალობით ინარჩუნებს.
სხვა ფაქტორებთან ერთად სიცხის აწევას ხელს უწყობს შემცივნება – ორგანიზმი ცდილობს, დამატებით გამოიმუშაოს სითბო, ხოლო ტემპერატურის დაქვეითებისას გამოყოფს ოფლს, რაც მას სითბოს გაცემაში ეხმარება.
დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა იცვლება: დილაობით ის, როგორც წესი, შედარებით დაბალია, ხოლო საღამოობით – მაღალი. ბავშვებს ის ასევე ეცვლებათ სირბილის, თამაშის, ვარჯიშის დროს.
ნორმალურ ტემპერატურად 36,5 – 37,2 გრადუსი მიიჩნევა.
ავადმყოფობის დროს ჰიპოთალამუსი ტემპერატურას მაღლა “უშვებს”, რათა მიკრობებს არასასურველი პირობები შეუქმნას.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თავისთავად სიცხე დაავადება არ არის, მისი მეშვეობით ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ვლინდება.

  • – უმეტესად რა იწვევს ბავშვებში სიცხეს?

– ბავშვებში სიცხის გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია:
. ინფექცია, უმეტესად – ვირუსული, ხშირად– ბაქტერიულიც;
. გადახურება მეტისმეტი ჩათბუნების ან ცხელ გარემოში ყოფნის შედეგად. საქმე ის არის, რომ მცირე ასაკის ბავშვები სხეულის ტემპერატურას ვერ არეგულირებენ და ჭარბი სითბოს გაცემა უჭირთ. თუმცაღა, რაკი ჩვილებში სიცხე შესაძლოა სერიოზული ინფექციის ნიშანიც იყოს, ჯობს, მსგავს შემთხვევებში ექიმს დაუკავშირდეთ;
. იმუნიზაცია – ხშირად ბავშვებს აცრის შედეგად უვითარდებათ სუბფებრილური (37.9°C მდე) ტემპერატურა;
. კბილების ამოჭრა. სიცხის აწევას ხშირად კბილების ამოჭრასაც უკავშირებენ, თუმცა ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 37.8°C-ს. ამ შემთხვევაში სიცხის რეალური მიზეზი ღრძილების შეშუპებაა.

  • – როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?

– ტემპერატურის მაჩვენებელზე მეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის საერთო მდგომარეობას. სიცხე ხშირად არ არის პრობლემის პირდაპირპროპორციული. ვირუსული ინფექციის დროს ბავშვს შესაძლოა ძალიან მაღალი სიცხე მისცეს, თუმცა ეს სერიოზულ პრობლემად არ ითვლება, ხოლო მართლაც მძიმე ინფექცია უსიცხოდ წარიმართოს ან ტემპერატურა ნორმაზე მეტადაც კი დასწიოს, განსაკუთრებით – ჩვილებში.
თუ პატარა თამაშობს, ნორმალურად იღებს საკვებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სითხეს, კანი ნორმალური ფერისა აქვს, არ არის მივარდნილი და გიღიმით, საგანგაშო არაფერია. ყურადღება გმართებთ, თუ ბავშვს ტემპერატურის დაწევის შემდეგ ჩვეული აქტიურობა არ დაუბრუნდა.

  • – ხშირად მშობლები ჩივიან, რომ სიცხიანი ბავშვი საკვებზე უარს ამბობს...

– არ იდარდოთ, თუ სიცხიანი ბავშვი არ ჭამს. ინფექციის დროს უმადობა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ბავშვი ნორმალური რაოდენობის სითხეს იღებს და კარგად შარდავს, უჭმელობა არაფერს ავნებს.

  • – როგორ შეაფასებთ ტემპერატურის გაზომვის მეთოდებს?

– ხშირად დედა შუბლზე კოცნისას ან ხელით შეხებისას ამჩნევს სიცხეს. ტაქტილური (შეხებით განსაზღვრული) ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ადამიანის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული და ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. საჭიროა, ზუსტად აკონტროლოთ ტემპერატურა. ის ნორმაზე მეტია თუ აღემატება:
. 37.5°C-ს ორალური (პირის ღრუში) გაზომვისას;
. 38°C-ს რექტალური (უკანა ტანიდან) გაზომვისას;
. 37.2°C°-ს იღლიაში გაზომვისას.
სიცხის გაზომვა, გარდა იღლიისა, რაც ჩვენში ყველაზე მიღებული მეთოდია, ბავშვის ასაკისა და განწყობის მიხედვით, შეგიძლიათ პირის ღრუში, საზარდულსა და სწორ ნაწლავშიც. სამ თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ყველაზე მოხერხებულია სიცხის გაზომვა ციფრული თერმომეტრით რექტალურად (სწორ ნაწლავში). მოზრდილებისთვის (4 წლამდე) ყურის თერმომეტრსაც იყენებენ. იღლიასა და საზარდულში გაზომვა ნაკლებად ზუსტ მეთოდებად ითვლება. ყველაზე ზუსტ ინფორმაციას მაინც რექტალური გაზომვა მოგცემთ. სანდოდ მიიჩნევა პირის ღრუში გაზომილი სიცხეც, მაგრამ ეს მეთოდი მხოლოდ 4 წლიდან არის რეკომენდებული, ისიც მაშინ, როდესაც ბავშვს არ ახველებს და არც ცხვირი აქვს გაჭედილი.
მნიშვნელოვანია თერმომეტრის სწორად გამოყენებაც. ციფრული თერმომეტრები სწრაფ და ზუსტ ინფორმაციას იძლევა, თანაც დღეს მათი მრავალფეროვანი არჩევანია – არსებობს სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ღირებულების თერმომეტრები სიცხის ორალურად, რექტალურად და აქსილარულად (იღლიის ფოსოში) გასაზომად. მთავარია, გულდასმით მისდიოთ ინსტრუქციას.
სხვა თერმომეტრები – ყურისა, შუბლისა, საწოვარა – ნაკლებად ზუსტ შედეგებს იძლევა. სამ თვემდე ასაკის ბავშვებში საწოვარიანი თერმომეტრის გამოყენებას ისედაც არ აქვს აზრი – ჩვილი ვერ შეძლებს, თერმომეტრი რამდენიმე წუთს გაუნძრევლად ედოს პირში. რაც შეეხება ვერცხლისწყლიან შუშის თერმომეტრს, რომელიც ჩვენთან კვლავ ხმარებაშია, მრავალ ქვეყანაში მას უკვე აღარ იყენებენ, მეტიც – ლიკვიდაციას ექვემდებარება ვერცხლისწყლის ტოქსიკური ზემოქმედების გამო.

  • – ზოგიერთ მშობელს რექტალური გაზომვა აშინებს...

– საშიში არაფერია. თერმომეტრის თავს წაუსვით ვაზელინი ან სხვა საცხი, ცალი ხელით ზურგზე მწოლიარე ბავშვს ფეხები მკერდთან დაუკავეთ, მეორე ხელით ვაზელინიანი თერმომეტრი 2 სანტიმეტრამდე შეიყვანეთ ანალურ ხვრელში. თუ წინააღმდეგობას წააწყდით, შეჩერდით. დაიცადეთ, ვიდრე თერმომეტრი სიგნალს არ მოგცემთ (ვერცხლისწყლიანის შემთხვევაში – ვიდრე სინდიყის სვეტი არ გაჩერდება).
ტემპერატურის ორალური გაზომვისთვის ჭამიდან ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს გასული. ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს პირში არაფერი უდევს, ჩავუდოთ თერმომეტრის სენსორიანი ბოლო ენის ქვეშ და ვთხოვოთ, ტუჩები მოკუმოს.
იღლიაში გაზომვისას დარწმუნდით, რომ თერმომეტრი იღლიის კანს ეხება და არა ტანსაცმელს. ჯობს, ბავშვს ხელი თავად დაუკავოთ მკერდთან.
კიდევ ერთი: არასოდეს გაუზომოთ ბავშვს სიცხე უშუალოდ ბანაობის შემდეგ და სიცხის გაზომვისას არასოდეს დატოვოთ უყურადღებოდ.

  • – როდის დავალევინოთ ბავშვს სიცხის დამწევი პრეპარატი?

– ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ექიმები ყოველგვარი ჰიპერთერმიის დროს სიცხის დამწევ პრეპარატებს ნიშნავდნენ. ახლა მიდგომა შეიცვალა – სიცხის მკურნალობისას ითვალისწინებენ როგორც ტემპერატურის მაჩვენებელს, ისე ბავშვის საერთო მდგომარეობას. ხშირად წამლის მიცემა 38.9°C-ზეც კი არ არის რეკომენდებული (ეს არ ეხება 3 თვემდე ასაკის ჩვილებს – მათი სხეულის ტემპერატურა 38°C-ის ზევით არ უნდა ავუშვათ), ვინაიდან ასეთი ტემპერატურის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ინტერფერონს – ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს და ბავშვი ადვილად სძლევს ინფექციას. თუმცა, როდესაც მაღალი სიცხე ბავშვს დისკომფორტს უქმნის, თავს იჩენს ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები და სხვა საყურადღებო სიმპტომები, დამწევს ვაძლევთ, რა თქმა უნდა, ექიმსაც ვუკავშირდებით, მით უმეტეს – თუ ბავშვს სუნთქვა გაუძნელდა ან, ტემპერატურის დაქვეითების მიუხედავად, კვლავ გახშირებულად სუნქთქავს.
თუ სიცხე 39°C -ს მიუახლოვდა, გახადეთ ბავშვს პერანგი და სხეული გრილ ან ნელთბილ წყალში დასველებული პირსახოცით დაუზილეთ. ცივმა შესაძლოა ბავშვს კანკალი დააწყებინოს, რაც ტემპერატურას კვლავ მაღლა ასწევს.
შეიძლება ძმრიანი წყალხსნარის გამოყენებაც: 1 წილი წყალი, 1 – სპირტი, 1 – ძმარი. ერიდებიან ამ მიზნით სუფთა ალკოჰოლის გამოყენებას, რადგან ალკოჰოლი კანიდან ადვილად შეიწოვება ორგანიზმში და შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ძმარიც იძლევა ალერგიულ რეაქციებს.
თუ ცხელება მაინც გაგრძელდა, გამოიყენეთ სიცხის დამწევი პრეპარატი.
მეტი ყურადღება გმართებთ, თუ თქვენს შვილს ერთხელ მაინც ჰქონია კრუნჩხვა. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ დაალევინეთ სიცხის დამწევი მედიკამენტი, უმჯობესია, პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. თუ კრუნჩხვა მაინც განვითარდა, ნუ შეშინდებით, გააღეთ ფანჯარა, რომ პატარას მეტი ჰაერი მიაწოდოთ, გვერდზე დააწვინეთ, საჩვენებელი და ცერა თითები ქვედა ყბის კუთხეებთან მოსჭიდეთ და ჰაერის ნაკადმა სასუნთქ გზებში უკეთ რომ შეაღწიოს, ყბა წინ წამოუწიეთ.

  • – როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას?

– მაღალი სიცხის დროს ეცადეთ, ბავშვს მსუბუქად ჩააცვათ, სამოსი ნატურალური ქსოვილისა იყოს; ოთახში ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნეთ, რომ პატარას არც დასცხეს და არც შესცივდეს.
მაღალი სიცხის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, ამიტომ პატარას ბევრი სითხე ასვით. თუ ძუძუს აწოვებთ, ეცადეთ, უფრო ხშირად მისცეთ ძუძუ, შედარებით მოზრდილებისთვის კარგია ლიმონიანი ან ჟოლოიანი ბაცი ჩაი, კომპოტი, უბრალო წყალი. სითხე არ უნდა შეიცავდეს კოფეინს (კოკა-კოლა), რადგან ის შარდვას ახშირებს. თუ ბავშვს აღებინებს და ფაღარათი აქვს, ექიმის რეკომენდაციით მიეცით ელექტროლიტური ხსნარი, ხოლო ხილის წვენები შეუზღუდეთ.
ზოგადად, მიეცით ბავშვს უფლება, ჭამოს, რასაც თვითონ მოისურვებს, თუმცა ჭამას ნუ დააძალებთ. ეცადეთ, კარგად დაისვენოს. მთელი დღე ლოგინში კოტრიალი არ არის აუცილებელი, მაგრამ ხანდახან მაინც უნდა წამოწვეს.
ნუ გაუშვებთ ბავშვს სკოლაში ან ბაღში, ვიდრე 24 საათის განმავლობაში ზედიზედ ნორმალური ტემპერატურა არ დაფიქსირდება.
ჰიპოთერმია
– არანაკლებ საყურადღებო სიმპტომია ჰიპოთერმია, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება 35°C -ზე მეტად, რაც შეიძლება იყოს ვირუსის ცხოველმყოფელობის, გადაცივების ან მოყინვის შედეგი. ჰიპოთერმია შეიძლება გამოიწვიოს ცივ წყალში დიდხანს ყოფნამაც.

  • – როგორ ამოვიცნოთ ჰიპოთერმია?

– ჰიპოთერმიის ნიშნებია: კანკალი, რაც ორგანიზმის დამცავი მექანიზმია, ის სითბოს გამოყოფის რეფლექსურ გაძლიერებას იწვევს; ზერელე და იშვიათი სუნთქვა; ცივი და ფერმკრთალი კანი; კოორდინაციის დაკარგვა; ლეთარგია, აპათია; გონების დაკარგვა. ბავშვებს ზოგჯერ კანი კაშკაშა წითელი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ჰიპოთერმიის ნიშნები თანდათანობით ვითარდება, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

  • – რა უნდა ვიღონოთ ამ დროს?

– პირველ რიგში, ბავშვი მოვაცილოთ სიცივეს, თუ ტანსაცმელი სველი აქვს, გავხადოთ. სხეული თანაბრად, თანდათანობით უნდა გავათბოთ, ამისთვის ცხელი სათბური ან სხვა ადგილობრივი გამათბობელი არ გამოგვადგება; უმჯობესია, მთელს სხეულზე დავაფაროთ პლედი და თბილი სითხეები მივცეთ. შეიძლება თბილი კომპრესების დადება თავზე, კისერზე, მკერდზე, მაგრამ არამც და არამც – კიდურებზე: სითბო აამოძრავებს კიდურებში ცივ სისხლს და ის წავა გულისკენ, ფილტვებისა და ტვინისკენ, რაც ორგანიზმის ზოგად ტემპერატურას მკვეთრად დასწევს, ეს კი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. ასევე არ შეიძლება მოყინული ადამიანისთვის ალკოჰოლიანი სასმლის მიცემა, არც მასაჟი. პირიქით, კანს ფრთხილად უნდა შევეხოთ, რადგან შესაძლოა, მოყინული იყოს და უნებლიეთ მძიმედ დავაზიანოთ.


ექიმს დაუკავშირდით, თუ:

. სამ თვემდე ასაკის ბავშვის რექტალური ტემპერატურა აღწევს 38°C -ს;
. სამ თვეზე უფროსი ასაკის ბავშვის სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 39°C -ს;
. ორ წლამდე ასაკის ბავშვს 24 საათზე მეტია, სიცხე აქვს, ხოლო 2 წელზე უფროსი ასაკისას – 72 საათზე მეტი.
ან: ტემპერატურა 39°C -ზე ნაკლებია, მაგრამ:
. ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე ან სისუსტის გამო არ შეუძლია მათი მიღება;
. აქვს გაუწყლოების ნიშნები – ჩაცვენილი თვალები, გამომშრალი ლორწოვანი გარსი, ცოტას შარდავს, უცრემლოდ ტირის, ჩვეულებრივზე ნაკლებად აქტიურია;
. აქვს სხვა ჩივილიც – სტკივა ყელი ან ყური;
. აქვს პერიოდული ცხელება, რომელიც ყოველ ღამით მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება;
. აქვს თანმხლები ქრონიკული პრობლემა (გულის დაავადება, სიმსივნე, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია);
. გაუჩნდა გამონაყარი;
. შარდვისას უჩივის ტკივილს.

. ბავშვი გაუჩერებლად ტირის;
. მეტისმეტად აღგზნებულია;
. ძილად არის მივარდნილი და გაღვიძება უჭირს;
. გაუჩნდა გამონაყარი ან იისფერი ლაქები, რომლებიც სისხლჩაქცევებს წააგავს;
. ტუჩები, ენა ან ფრჩხილები გაულურჯდა;
. ყიფლიბანდის არე გამოზნექილი ან ჩაზნექილია;
. კისრის კუნთები რიგიდულია (ძლიერ გამაგრებულია);
. ძალიან სტკივა თავი;
. უჭირს მოძრაობა;
. უჭირს სუნთქვა, თუმცა ცხვირი გაჭედილი არ აქვს;
. სდის ნერწყვი;
. სტკივა მუცელი;
. განუვითარდა კრუნჩხვა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: