მუცელში დაგროვილი აირები

გააზიარე:


არ გეგონოთ, მუცლის შებერილობა მხოლოდ ჩვილებს აწუხებდეთ – ამერიკელი გასტროენტეროლოგების მონაცემებით, აირების ჭარბ დაგროვებას მოსახლეობის 11% უჩივის. მათივე განმარტებით, მეტეორიზმი, თუმცაღა საკმაო უხერხულობას იწვევს (მეტადრე – შებერილი მუცლის უნებლიე დაცლისას), უმეტესად უწყინარია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის მძიმე დაავადებაზე მიუთითებს. ასეთ დროს მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

გვესაუბრება აკადემიური დოქტორი მედიცინაში, “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი ნინო კიკნაძე.

– რისი ბრალია უმთავრესად შებერილობა?

– მუცლის შებერილობას აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. ამ საკმაოდ გავრცელებული სიმპტომის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების გამოყოფის დარღვევა ან მათი ჭარბი წარმოქმნაა. მუცლის შებერილობას ზოგჯერ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი უჩივის ფუნქციური დარღვევის ფონზე, ზოგჯერ კი იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.


აირები ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე გზით ხვდება, უმთავრესად – აირების გადაყლაპვისას, საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში მათი წარმოქმნისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციის (დახშობის) შედეგად აირთა აბსორბციის (შეწოვის) დარღვევისას და ატმოსფერული წნევის ცვლილების ფონზე აირების ნაწლავში გადანაცვლებისას.

– რა არის აეროფაგია?

– საკვების ან სითხის მიღების დროს გადაყლაპული აირი ჯანმრთელ ადამიანს პრობლემას არ უქმნის. ის თავისთავად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან საყლაპავის გავლით – ბოყინის გზით, რაც საკვების მიღების შემდეგ პათოლოგიად არ ითვლება. მაგრამ ხდება აირების ჭარბი გადაყლაპვაც, რასაც აეროფაგია ეწოდება. აეროფაგია იწვევს ხშირ ბოყინს. იგი უნებლიე პროცესია და ხშირად ასოცირდება ემოციურ სტრესთან. აეროფაგიის მიზეზია სწრაფი კვება, სითხის სწრაფად და დიდი ყლუპებით მიღება, ჭამის დროს საუბარი, საღეჭი რეზინის ღეჭვა, თამბაქოს წევა. გადაყლაპული აირის რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის პოზაზეც. მაგალითად, თუ საკვებს მწოლიარე მიირთმევთ, გადაყლაპული აირები უფრო ადვილად აღწევს ნაწლავებში და მუცლის შებერილობას იწვევს.


ნორმაში, ნაწლავებში გადაყლაპული აირის მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება. მოზრდილ ჯანმრთელ ადამიანთა უმრავლესობა დღეში გამოყოფს საშუალოდ 0.5-1.5 ლ გაზს, რომელიც გამოდის ანუსიდან პასაჟით დღეში 14-23-ჯერ.

– რა სიმპტომები შეიძლება ერთვოდეს მეტეორიზმს?

– ნაწლავებში ჭარბი აირწარმოქმნა მუცლის არეში დისკომფორტს იწვევს. როდესაც აირი გადაადგილდება ნაწლავის, განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ფიზიოლოგიური ნაკეცების გასწვრივ, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყრუ ან მკვეთრი, მჭრელი ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში. ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს უშუალო კავშირი აირების რაოდენობასა და ტკივილის ინტენსივობას შორის, ვინაიდან ყველა ადამიანს ტკივილის ინდივიდუალური აღქმა აქვს. ზოგიერთი ამ დროს მხოლოდ მუცლის გარშემოწერილობის მატებას უჩივის, ზოგიერთს ნორმალური აირწარმოქმნის ფონზეც კი აწუხებს შებერილობის შეგრძნება და დისკომფორტი...

– რა საკვები აძლიერებს აირების წარმოქმნას?

– მსხვილ ნაწლავში მილიარდამდე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ბაქტერია ბინადრობს. მათი ნაწილი ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციობას, თუმცა მაინც ხდება ისე, რომ საჭმლის მონელებისას აირები ჭარბად წარმოიქმნება. ხშირად ეს საკვების ბრალია. მაგალითად, კომბოსტო შეიცავს კარბონჰიდრატს – რაფინოზას, რომლის ფერმენტული მონელების შედეგად ჭარბად წარმოიქმნება აირები. ეს მუცლის შებერილობის შეგრძნებას იწვევს და შესაძლოა, თან ახლდეს ნაწლავებიდან აირების ინტენსიური და ხმაურიანი გამოყოფა, რაც საგრძნობ დისკომფორტს უქმნის ადამიანს.


საკვებით გამოწვეულ ჭარბ აირწარმოქმნას ალიმენტური მეტეორიზმი ეწოდება. მისი მიზეზია ცელულოზით, უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი საკვების მიღება – ისეთისა, როგორიც არის პარკოსნები (ლობიო), ბროკოლი, კომბოსტო, ხილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), კარტოფილი, ლაფშა.

– რა დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს მუცლის შებერვით?

– ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვრული ნივთიერებების (კარბონჰიდრატების) მონელება ამ პროცესში მონაწილე ფერმენტის დეფიციტის გამო. ასეთი დარღვევაა, მაგალითად, ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტის შედეგად განვითარებული ლაქტოზის აუტანლობა. ლაქტოზას რძე და რძის ნაწარმი შეიცავს. ლაქტაზის დეფიციტის დროს ასეთი საკვების მიღება ინტენსიურ აირწარმოქმნას, დიარეასა და მუცლის ტკივილს იწვევს.
ზოგჯერ ლაქტაზის დეფიციტი მეორეულია – ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ნაწლავებში ბაქტერიათა ჭარბი გამრავლების შედეგი, და ადამიანს, რომელიც მანამდე კარგად იტანდა რძესა და რძის ნაწარმს, მათი მიღებისას შესაძლოა მუცლის შებერილობა, ტკივილი და დიარეა განუვითარდეს.


მუცლის შებერილობის ერთ-ერთი მიზეზია დისპეფსია, რომელიც მუცლის ზედა ნაწილში პერიოდული ან მუდმივი დისკომფორტით ვლინდება. ხშირია ფუნქციური ხასიათის დისპეფსია (აშშ-ში, მაგალითად, იგი მოსახლეობის 25%-ს აწუხებს და პირველადი ჯანდაცვის ექიმYან და გასტროენტეროლოგთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია). ამ დროს ჩივილის კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ფუნქციური ხასიათის დისპეფსიას ახასიათებს მუცლის არეში დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება. ზოგჯერ ამას ერთვის გულისრევა, პირღებინება, მადის დაქვეითება, წონის კლება.


ფუნქციური ხასიათის დიპეფსიის დროს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ორგანული (სტრუქტურული) დაზიანება არ შეინიშნება. ჩივილების მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევა (კუჭის დროულად დაცლის შეფერხება), ანდა კუჭის ან ნაწლავების (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს) მაინერვირებელი ნერვების მომატებული აქტივობა, რის შედეგადაც, მიუხედავად კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედებისა და გაზების ნორმალური რაოდენობისა, პაციენტს დისკომფორტი და ტკივილი აწუხებს.ფუნქციური ხასიათის დისპეფსიასა და მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იწვევს სხვა ფაქტორებიც: კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევა, ჰელიკობაქტერიული ინფექცია, შფოთვა და დეპრესია.
აქვე უნდა ითქვას, რომ მუცლის შებერილობა ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრუქტურულ დაავადებასაც ახლავს თან. მაგალითად, წყლულოვან დაავადებას, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს.

– რა იწვევს ორსულობისას მეტეორიზმს?

– ორსულები არაორსულებზე ხშირად უჩივიან მუცლის შებერილობასა და შეკრულობას. მიზეზები იგივეა, თუმცა მოქმედებს დამატებითი ფაქტორებიც. მაგალითად, ჰორმონული ცვლილებები, კერძოდ, პროგესტერონის დონის მომატება, გავლენას ახდენს წვრილი და მსხვილი ნაწლავების მოტორიკაზე და ანელებს შიგთავსის გადაადგილებას. შეკრულობისა და შებერილობის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე ფსიქოემოციური სტრესი, გადიდებული საშვილოსნოს ზემოქმედება მუცლის ღრუში სისხლის მიმოქცევაზე, ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, რკინის პრეპარატები, რომელთა მიღება ხშირად უხდებათ ორსულებს.

– რას გულისხმობს სწორი კვება მეტეორიზმის დროს?

– ინტენსიური აირწარმოქმნისა და მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად უნდა ვერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, როგორიცაა: რძე და რძის პროდუქტები (ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში), პარკოსნები (ლობიო), კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი, კარტოფილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), ხილი, ხელოვნური დამატკბობლები, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (მათ შორის – გაზიანი მინერალური წყალიც), საღეჭი რეზინი. მიირთვით ნელა, ჭამის დროს ნუ ილაპარაკებთ, ნუ მოსწევთ, ნუ შეჭამთ წამოწოლილი. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კვების სწორ რეჟიმს.

– შეიძლება თუ არა ფერმენტული პრეპარატების თვითნებური გამოყენება?

– მუცლის შებერილობისა და სხვა დისპეფსიური ხასიათის ჩივილების დროს ბევრი თვითნებურად იღებს ფერმენტულ პრეპარატებს. მართალია, გვერდითი ეფექტები ამ წამლებს თითქმის არ ახასიათებს, მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე მათი გამოყენება მაინც არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, პაციენტმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ არასასურველია პეპსინის შემცველი ფერმენტული პრეპარატის მიღება კუჭის მომატებული სეკრეციის დროს. გარდა ამისა, აუცილებელია პრეპარატის მიღების რეჟიმისა და წესის გათვალისწინება. პანკრეასული ფერმენტების ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ნაწლავის დაზიანება (მაფიბროზებელი კოლონოპათია) გამოიწვიოს; წამლის არასწორი მიღების, მაგალითად, ფერმენტული პრეპარატის დაფხვნის ან დაღეჭვის შედეგად შესაძლოა პირის ღრუს ლორწოვანი გარსი გავიღიზიანოთ და`ან წამლის ფერმენტული აქტივობა დავაქვეითოთ.


ფერმენტული პრეპარატების დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია: კუჭის სეკრეციის დაქვეითება, პანკრეასის ეგზოკრინული ფუნქციის დაქვეითება (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი, პანკრეასზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი). ზოგჯერ ფერმენტული პრეპარატები ინიშნება ღვიძლისა და სანაღვლე გზების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც. ფერმენტული პრეპარატები უშუალოდ მუცლის შებერვისა და აირთა დაგროვების საწინააღმდეგო საშუალებები არ არის, მაგრამ შეიძლება მათი გამოყენება დამხმარე საშუალებებად მუცლის შებერილობის მიზეზის გათვალისწინებით, ექიმის დანიშნულებით.

– რით მკურნალობენ მუცლის შებერილობას?

– ინტენსიური აირწარმოქმნისა და მუცლის შებერილობისას ინიშნება: სიმეტიკონი, გააქტიურებული ნახშირი, ალფა-გალაქტოზიდაზა (ბიანო – სამწუხაროდ, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არ არის), რომელიც ამცირებს აირთა წარმოქმნას პარკოსნების მიღების შემთხვევაში, ბისმუტ სუბსალიცილატი, რომელიც ამცირებს სუნიან აირგამოყოფას. თუ მუცლის შებერილობა გამოწვეულია ნაწლავებში მავნე ბაქტერიების ჭარბი გამრავლებით (დისბაქტერიოზი) ან Helicobacter Pylori-თ გამოწვეული ინფექციით, ექიმი ნიშნავს სპეციფიკურ ანტიბიოტიკოთერაპიას.


აეროფაგიის დროს მკურნალობა მიმართულია შფოთვითი აშლილობის კორექციისკენ; პაციენტს ვურჩევთ, საკვები მიირთვას ნელა, თავი არიდოს აეროფაგიის მაპროვოცირებელ ფაქტორებს. შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევაში შედეგიანია ფსიქო- და ფარმაკოთერაპიაც.


მუცლის შებერილობის უკან შესაძლოა მძიმე პათოლოგია იდგეს, ამიტომ ზოგიერთი სიმპტომის აღმოცენებისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. გთავაზობთ ამ სიმპტომების ჩამონათვალს:

  • დიარეა, რომელიც ხუთ დღეზე მეტია გრძელდება
  • წონის უმიზეზო კლება
  • მუცლის ტკივილი
  • სისხლიანი განავალი
  • მადის დაქვეითება 
  • აუხსნელი ცხელება ორ დღეზე მეტხანს
  • პირღებინება

თქვენი ასაკის, თანმხლები სიმპტომებისა და ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმმა შესაძლოა დაგეგმოს განავლისა და სისხლის ანალიზი, რენტგენოლოგიური, ენდოსკოპიური ან სხვა სახის კვლევა. მართებულად დაგეგმილი და ჩატარებული ეს კვლევები ზუსტი დიაგნოზის საწინდარია.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: