რატომ გვიკანკალებს ხელები

გააზიარე:

ტრემორი – ასე უწოდებენ მედიკოსები ხელების კანკალს. ეს სიმპტომი ხანდაზმულ ასაკთან ასოცირდება, მაგრამ, გაგიკვირდებათ და, არც ახალგაზრდებში ყოფილა იშვიათი. ტრემორი სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიათა რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელის შემშლელი მოვლენაა.

რა არის ტრემორი?
ტრემორი კუნთების უნებლიე რიტმული მოძრაობაა. ის შეიძლება იყოს ხელისა, მკლავისა, თავისა, სახისა, ხმისა, ტანისა, ფეხისა. ამათგან ყველაზე ხშირად ხელის ტრემორს ვხვდებით.
ტრემორი ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა, ეს პათოლოგიაზე მიანიშნებს და მისი მიზეზის დადგენა აუცილებელია.
არსებობს ტრემორის ოთხი ძირითადი სახესხვაობა. მოდი, სათითაოდ განვიხილოთ ისინი, რათა მათი ერთმანეთისგან გარჩევა მოვახერხოთ:
* მოსვენების (სტატიკური) ტრემორი – თავს მაშინ იჩენს, როცა კუნთები მოსვენებული, მოდუნებულია (მაგალითად, სხეულის გასწვრივაა ჩამოშვებული). მოძრაობის დროს ტრემორი ქრება ან მცირდება. ის უმეტესად ხელსა და თითებს მოიცავს. სტატიკური ტრემორი პარკინსონის დაავადებისთვის, ესენციური ტრემორისა და ვერცხლისწყლით მოწამვლისთვის არის დამახასიათებელი.
* მოძრაობის (მოქმედების) ტრემორი – მოძრაობის დროს ვლინდება.
* პოსტურალური ტრემორი – თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანს ხელები დიდხანს უკავია განსაზღვრულ პოზაში გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, მაგალითად, წერს, ფინჯანი უჭირავს, ხელებგაშლილი დგას. იგი თირეოტოქსიკოზის, ალკოჰოლითა და ლითიუმით ინტოქსიკაციის, შფოთვისა და დაღლილობის დროს წარმოიშობა.
* ინტენციური ტრემორი – წარმოიშობა განზრახული მოძრაობის (წერის, თითის ღილაკზე დაჭერის, ობიექტთან მიახლოების) ბოლოს და დასვენებისას ქრება. ის გვხვდება ნათხემის პრობლემების, გაფანტული სკლეროზის დროს.
რა იწვევს ტრემორს?
ტრემორს, წესისამებრ, თავის ტვინის იმ ნაწილების დაზიანება განაპირობებს, რომლებიც სხეულის გარკვეული ნაწილის (მაგალითად, ხელის) კუნთების ინერვაციაზეა პასუხისმგებელი. დაზიანებაში ბრალი მიუძღვის:
* ზოგიერთ მედიკამენტს (კორტიკოსტეროიდებს) და ნარკოტიკს (ამფეტამინებს);
* ვერცხლისწყლით მოწამვლას;
* თავის ტვინისა და ნერვების დაავადებებს;
* მოძრაობის დარღვევებს, დისტონიასა და მემკვიდრეობით პერიფერიულ ნეიროპათიებს;
* თავის ტვინის სიმსივნეს;
* ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას;
* სისხლში გლუკოზის დაბალ დონეს;
* გაფანტულ სკლეროზს;
* კუნთოვან სისუსტესა და დაღლილობას;
* დაბერებას;
* ჰიპერაქტიურ ფარისებრ ჯირკვალს;
* პარკინსონის დაავადებას;
* სტრესს, ბრაზს, დაღლილობას;
* ინსულტს;
* ღვიძლის უკმარისობას;
* ყავის ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელების ჭარბ მიღებას.
როდის მოვინახულოთ ექიმი?
მაშინ, როდესაც:
* ტრემორი მოსვენებისას ჩნდება, ხოლო მოძრაობისას, ნივთთან ხელის მიტანისას მცირდება;
* ტრემორი ხანგრძლივია, ძლიერი და ცხოვრებაში ხელს გიშლით;
* ტრემორთან ერთად თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც: თავის ტკივილი, სისუსტე, ენის ანომალიური მოძრაობა, კუნთების დაჭიმულობა ან უნებლიე მოძრაობები – პათოლოგიური მოძრაობები, რომლებსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს.
მოდი, ტრემორის ყველაზე გავრცელებული ფორმები განვიხილოთ.
ესენციური ანუ კეთილთვისებიანი ოჯახური ტრემორი პათოლოგიური ტრემორის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის იშვიათად შეინიშნება, როდესაც ხელები უმოძრაოდაა და მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ადამიანი ამა თუ იმ მოქმედების შესრულებას ცდილობს – წერას, ხელის ნივთთან მიტანას, ჭიქით წყლის დალევას, თასმების შეკვრას... ტრემორის ეს ფორმა ძლიერდება ემოციური სტრესის, დაღლილობის, მაღალი ტემპერატურის დროს, კოფეინის მიღების შემდეგ.
ტრემორი, როგორც უკვე ითქვა, საშიში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში პროგრესირებს და ზოგჯერ საკმაოდ მძიმდება. ასეთ დროს ადამიანს შესაძლოა ისეთი მარტივი მოძრაობების შესრულებაც კი გაუჭირდეს, როგორიცაა ფინჯნის ხელში ჭერა, ჭამა, მაკიაჟის გაკეთება, პარსვა, ლაპარაკი (სახმო იოგებისა და ენის დაზიანების გამო) და წერა (კალიგრაფია იცვლება, ასოები უფრო დიდი ზომის, უსწორმასწორო და გაურკვეველი მოყვანილობის ხდება).
ესენციური ტრემორი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად 65 წლის შემდეგ იჩენს თავს. თუ ტრემორი ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს, მას ოჯახურ ტრემორს უწოდებენ. პათოლოგიის ეს ფორმა თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის განვითარებაში განსაზღვრულ როლს გენეტიკაც ასრულებს (ესენციური ტრემორის ნახევარზე მეტი გენეტიკური მუტაციების შედეგია). ხოლო რა იწვევს ტრემორს გენეტიკური მუტაციების არმქონე პირებში, დაუდგენელია.
ესენციური ტრემორი ხშირად პარკინსონის დაავადებაში ერევათ. აქვე პარკინსონული ტრემორი განვიხილოთ და მათი გარჩევაც გაგვიიოლდება.
პარკინსონული ტრემორი თავის ტვინის იმ სტრუქტურის დაზიანების შედეგად ვითარდება, რომელიც მოძრაობას აკონტროლებს. პარკინსონს მოსვენების ტრემორი ახასიათებს (პარკინსონის დაავადების პირველი ნიშანიც სწორედ ის არის). კლასიკურ შემთხვევებში ტრემორი ხელების ბურთის ტრიალის მსგავსი მოძრაობით ვლინდება, შედარებით იშვიათად – ნიკაპის, ტუჩების, ფეხების და ტანის კანკალით. პარკინსონის დაავადება 60 წლის შემდეგ იჩენს თავს. უნებლიე მოძრაობები, წესისამებრ, ცალ კიდურში ან ცალ მხარეს იწყება და თანდათან მეორესაც მოიცავს. ესენციური ტრემორისგან განსხვავებით, პარკინსონის დაავადებას სხვა სიმპტომებიც ახასიათებს: მოხრილი პოზა, მოძრაობის შენელება, სიარულისას ხელების მოძრაობა.
ნათხემისებრი ტრემორი ინტენციური ტრემორის სახესხვაობაა. ის ნელი ტრემორების რიცხვს მიეკუთვნება და წინასწარ განზრახული მოძრაობის (ღილაკზე თითის დაჭერა, ცხვირის წვერზე თითის შეხება) ბოლოს წარმოიშობა. ტრემორს ნათხემის დაზიანება განაპირობებს, რასაც, თავის მხრივ, არაერთი მიზეზი აქვს: ინსულტი, ტრავმა, სიმსივნე, ნეიროდეგენერაციული დაავადება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი... შესაძლოა, თან ახლდეს დიზართრია (მეტყველების პრობლემები), ნისტაგმი (თვალების სწრაფი უნებლიე მოძრაობა), სიარულის პრობლემები ან ტანისა და კისრის პოსტურული ტრემორი.
ფსიქოგენური ტრემორი (ფუნქციური ტრემორი) შეიძლება ნებისმიერი ფორმით გამოვლინდეს. მას მყისიერი დაწყება, რემისიის სწრაფი დადგომა, სტრესის დროს გახშირება და ცვალებადი ამპლიტუდა ახასიათებს. ფსიქოგენური ტრემორის მქონე პირთა დიდ ნაწილს ქცევის დარღვევები (ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ფიზიკურ სიმპტომებს იწვევს) ან სხვა ფსიქიატრიული დაავადებებიც აღენიშნება. 
ფიზიოლოგიური ტრემორი ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს. ის თვალით იშვიათად ჩანს. მის გამწვავებას ძლიერი ემოცია (შფოთვა, ბრაზი, შიში), ფიზიკური გადაღლა, კოფეინი ან ცხელება იწვევს. გაძლიერებული ფიზიოლოგიური ტრემორი ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ტრემორის გამოხატული ფორმაა. იგი ზოგიერთი მედიკამენტის ან ალკოჰოლის ზემოქმედების, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობის, ჰიპოგლიკემიის ან სხვა სამედიცინო მდგომარეობების შედეგად ვითარდება. ტრემორის ეს ფორმა პათოგენური ფაქტორის მოხსნის შედეგად უკუიქცევა.
ტრემორი სხვა მდგომარეობებმაც შეიძლება გამოიწვიოს. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ნერვული უჯრედების სიკვდილს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში კიდურების ტრემორით მანიფესტირდება (და პირიქით, ალკოჰოლის მცირე დოზა ესენციური ტრემორის გაქრობას იწვევს, რა მექანიზმით – უცნობია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ესენციური ტრემორის მკურნალობისას ალკოჰოლს არ იყენებენ).
როგორ დავსვათ სწორი დიაგნოზი?
ნებისმიერი ტრემორის გამოვლენისას აუცილებლად ოჯახის ექიმს ან ნევროლოგს მიმართეთ. ეს უკანასკნელი გაგსინჯავთ და ნევროლოგიურ ფუნქციებს შეგიმოწმებთ, რეფლექსებს, კუნთოვან ტონუსსა და ძალას, სხვადასხვა ტიპის მგრძნობელობას, პოზას, კოორდინაციასა და სიარულს დააკვირდება. 
გამოკვლევის დროს, ტრემორის ხასიათის დასადგენად, ექიმმა შესაძლოა ისეთი მარტივი მოძრაობების შესრულება გთხოვოთ, როგორიცაა ჭიქით წყლის დალევა, ხელების ჰორიზონტალურად დაჭერა, რამის დაწერა, სპირალის დახატვა...
ოჯახური ანამნეზი ტრემორის მემკვიდრეობითი ხასიათის დადგენაში გვეხმარება. ზოგიერთი პათოლოგიის გამოსარიცხად შესაძლოა რამდენიმე ტესტის ჩატარება დაგჭირდეთ. სისხლისა და შარდის ანალიზები ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, სხვა მეტაბოლურ ფაქტორებს, მედიკამენტების სიჭარბეს ავლენს. მათი მეშვეობით გამოვლინდება სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც (ნარკოტიკები, ალკოჰოლიზმი). კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანების დიაგნოსტიკაში გვეხმარება, ელექტრომიოგრამის საშუალებით კი კუნთებისა და ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას ვარკვევთ. ესენციური ტრემორის დასადგენად სპეციფიკური ტესტი არ არსებობს, დიაგნოზს, წესისამებრ, ტრემორის გამომწვევი სხვა მიზეზების გამორიცხვის შემდეგ სვამენ.
ვმკურნალობთ ტრემორს
მკურნალობის ხასიათი პათოლოგიის მიზეზზეა დამოკიდებული. ტრემორთა უმრავლესობა ძირითადი დაავადების განკურნების შემდეგ ქრება (მაგალითად, ფსიქოგენური ტრემორი შესაბამისი ფსიქოლოგიური პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ).
ტრემორის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ სიმპტომური მედიკამენტური თერაპია ტარდება. მაგალითად, პარკინსონულ ტრემორს ლევოდოპას და დოფამინის მსგავსი პრეპარატებით მკურნალობენ.
ესენციური ტრემორი, როცა ის სუსტად არის გამოხატული, მკურნალობას არ მოითხოვს. თუ ტრემორი მძიმეა ან პაციენტს მუშაობასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის, დღის წესრიგში მედიკამენტური თერაპიის საკითხი დგება. ტრემორს პროპრანოლოლით ან სხვა ბეტა ბლოკერებით მკურნალობენ. გულყრების საწინააღმდეგო წამლებიც ეფექტურია. არც ისე შედეგიანია ნათხემისებრი ტრემორის მედიკამენტური თერაპია. თავისა და ხმის ტრემორის დროს ბოტულინის ტოქსინის ინექციები გამოიყენება. ტრემორის ქირურგიული მკურნალობაც არსებობს. ყველაზე მძიმე შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტური თერაპია უძლურია, თალამოტომიას და ტვინის ღრმა სტიმულაციას მიმართავენ. ამ დროს  თალამუსში ნერგავენ ნეიროსტიმულატორებს, რომელთა საშუალებითაც თავის ტვინის მოძრაობის მაკონტროლებელი უბნების ელექტრულ სტიმულაციას ახორციელებენ.
სახლის პირობებში მოვლა
სტრესით გამოწვეული ტრემორის მოსახსნელად რელაქსაციური ტექნიკის გამოყენება სცადეთ (მედიტაცია, ღრმა რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები).
ტრემორის დროს, განურჩევლად მისი წარმოშობისა და ფორმისა, ერიდეთ კოფეინს. აუცილებელია სრულყოფილი ძილი.
თუ ტრემორი მედიკამენტით არის გამოწვეული, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით შეცვალეთ იგი ან დოზა დაარეგულირეთ. ალკოჰოლიზმის შემთხვევაში ამ მავნე ჩვევის დაძლევა აუცილებელია, რასაც პროფესიონალთა დახმარებით უფრო იოლად მოახერხებთ.
ძლიერი ტრემორი ადამიანს ყოველდღიურ აქტივობაში ძალიან უშლის ხელს. ნაკლები დისკომფორტი შეგექმნებათ, თუ მწებავშესაკრავიან სამოსს ჩაიცვამთ, საკვებს დიდსახელურიან ჭურჭელში მოამზადებთ, სითხის დასალევად ჩხირებს გამოიყენებთ და განიერი, უთასმო ფეხსაცმელების ტარებას დაიწყებთ.
თამარ არქანია

გააზიარე: