ცხიმოვანი ღვიძლი

გააზიარე:
დღეს თითქმის არ არსებობს დაავადება, რომლისგან განკურნება ან რომლის შეჩერება მაინც თანამედროვე მედიცინას არ შეეძლოს. მთავარია, ის დროულად აღმოვაჩინოთ. სწორედ დაავადებათა დროული დიაგნოსტირებაა თანამედროვე მედიცინის მთავარი გამოწვევა, რასაც უამრავი სკრინინგტესტი და სახელმწიფოების მიერ დახარჯული მილიონები ემსახურება.ღვიძლი იმ ორგანოთაგანია, რომელთა დაავადებების უმრავლესობა, განსაკუთრებით – ქრონიკული, შეუმჩნევლად, აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ხშირად ისე აღწევს ტერმინალურ სტადიას, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს.

გვინდა, ერთ-ერთ ამ “მდუმარე” პათოლოგიაზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება (მედიკოსები მას სტეატოჰეპატოზს უწოდებენ) უკანასკნელ ხანს მსოფლიოში ისე გახშირდა, რომ თამამად შეგვიძლია, მას ოცდამეერთე საუკუნის დაავადება ვუწოდოთ. ამ მხრივ არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მიზეზებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ჰეპატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გეგეშიძე გვესაუბრება:

  • – ქალბატონო თამარ, რას ნიშნავს ღვიძლის სტეატოზი?

– ღვიძლის სტეატოზი, იგივე სტეატოჰეპატოზი, ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას ნიშნავს. ამ დროს ღვიძლის უჯრედებში, ჰეპატოციტებში, ცხიმი ჭარბად ლაგდება. ეს საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და ჩვენშიც ხშირად შეგხვდებათ. ზოგჯერ ღვიძლში ცხიმის ჩალაგებას თან ღვიძლის ქსოვილის ანთებაც ახლავს. ეს სტეატოჰეპატიტია, დაავადების უფრო მძიმე ფორმა. სტეატოზი ხშირად ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან ასოცირდება. ასეთ დროს ჰეპატოლოგები ღვიძლის ალკოჰოლურ დაავადებაზე ვსაუბრობთ, დანარჩენ შემთხვევებში კი, როცა დაავადების განვითარებაში ალკოჰოლს ბრალი არ მიუძღვის, ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებასთან გვაქვს საქმე.
დაავადების მექანიზმი მარტივად ასე შეიძლება ავხსნათ: ღვიძლის უჯრედებში ტრიგლიცერიდები და ცხიმის სხვა მოლეკულები გროვდება, რაც ამ ორგანოს ფუნქციობას აფერხებს.

  • – რა იწვევს ცხიმოვან ჰეპატოზს?

– უშუალო მიზეზი უცნობია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებას ერთი კონკრეტული მიზეზი არც აქვს – სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს იჩენს თავს. გაცილებით უპრიანი იქნება, თუ უშუალო მიზეზებზე კი არა, არამედ განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, ასეთი ფაქტორი კი უამრავია.
მოგეხსენებათ, ოცდამეერთე საუკუნეში, არაჯანსაღი კვებისა და ცხოვრების უმოძრაო წესის პირობებში, საგრძნობლად გახშირდა ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მთავარ რისკფაქტორებს სწორედ ეს მდგომარეობები წარმოადგენს. მართლაც, ცხიმოვანი ჰეპატოზის მქონე პირთა 70%-ს ჭარბი წონა აქვს. უახლესი მონაცემებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მოზრდილებში ჭარბი წონის შემთხვევები გაორმაგდა, ბავშვებში კი გასამმაგდა. ზედმეტი წონა სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონესთან ასოცირდება, რაც პაციენტის მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარებას მხოლოდ ეს ფაქტორები არ უწყობს ხელს – პრობლემა ნორმალური წონის მქონე და გამხდარ ადამიანებსაც ხშირად აწუხებთ. სტეატოჰეპატოზის მიზეზი შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის II ტიპი და ინსულინრეზისტენტობაც (ამ დროს სისხლში ინსულინის დონე ნორმალურია, თუმცა დაქვეითებულია ორგანიზმის მგრძნობელობა მის მიმართ, რის გამოც სისხლში გლუკოზის დონე მუდმივად მაღალია).
ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებას ხელს უწყობს: ცილის დეფიციტი (ალიმენტური ან რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული), სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ვილსონის დაავადება, გალაქტოზემია, ფრუქტოზის აუტანლობა, ჰომოცისტინურია, სისტემური კარნიტინის დეფიციტი, თიროზინემია, მოკლე ნაწლავის სინდრომი (ოპერაციის შემდგომი), ასევე – ზოგიერთი მედიკამენტის: ამიოდარონის, ტამოქსიფენის, გლუკოკორტიკოიდების, ტეტრაციკლინის, ესტროგენის, მეტოტრექსატის, თალიუმის – ხანგრძლივი მიღება. სტეატოზი იშვიათად ორსულებშიც გვხვდება და შედარებით საშიში მიმდინარეობა ახასიათებს.

  • – რამდენად გავრცელებული დაავადებაა სტეატოჰეპატოზი?

– საზოგადოდ, ცნობილია, რომ კვების არასწორი რეჟიმი, განსაკუთრებით – სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრობა, ამ დაავადების განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. აშშ-ში ღვიძლის სტეატოზი მოსახლეობის თითქმის მესამედში და ჭარბი წონის მქონეთა 80%-შია დადასტურებული. ევროპაში იგი მოსახლეობის 33%-ს აწუხებს. სამწუხაროდ, არსებობს მონაცემები, რომ დაავადება გაახალგაზრდავდა და ინსიდენტობამ განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში იმატა.

  • – როგორია კლინიკური სურათი?

– ღვიძლის სტეატოზი მდუმარე დაავადებაა. ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს. პაციენტს დაავადების თაობაზე ეჭვს არაფერი უჩენს, განსაკუთრებით – ადრეულ სტადიაში, როცა ღვიძლის ციროზი გამოხატული არ არის და მისი ფუნქციაც მეტ-ნაკლებად კომპენსირებულია. ცხიმოვანი ჰეპატოზისთვის უმთავრესად არასპეციფიკური სიმპტომებია დამახასიათებელი: სისუსტე, ადინამია, პერიოდულად მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება, შებერილობა, ნაწლავთა დისფუნქცია. ამ დროს ღვიძლი გადიდებულია, ზოგჯერ ელენთაც დიდდება. პროცესის პროგრესირებისას რამდენიმე წელიწადში შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ციროზი თავისი კლინიკური სიმპტომებით: უმადობით, წონის დაქვეითებით, სისხლძარღვთა გაგანიერებით, საყლაპავიდან სისხლდენით, კანისა და ლორწოვანის სიყვითლით, კანის ქავილით, ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგროვებით), ქვედა კიდურების შეშუპებით, მძიმე შემთხვევებში – ცნობიერების დარღვევით. ამერიკაში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზი,C ჰეპატიტისა და ალკოჰოლური ჰეპატოზის შემდეგ, ციროზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ისიც სათქმელია, რომ ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს ციროზი ყოველთვის არ ვითარდება, – მედიცინაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტა და ღვიძლი ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა, – თუმცა, ცხადია, ეს შემთხვევები გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ და არა ნორმად. პაციენტი შესაძლოა სულ სხვა პრობლემით მივიდეს ექიმთან და გამოკვლევისას ღვიძლის სტეატოზი აღმოაჩნდეს. ეს დაავადება ხშირად არის ასოცირებული სხვასთან. თავად მქონია არაერთი შემთხვევა, როცა B ან C  ჰეპატიტის  მქონე პაციენტის კვლევისას სტეატოზი გამოგვივლენია. ღვიძლის სხვა დაავადებების მკურნალობისას ცხიმოვანი ჰეპატოზის გათვალისწინება აუცილებელია, ეს ექიმს მდგომარეობის სწორ მართვაში ეხმარება.
სხვა შემთხვევაა მწვავედ განვითარებული ცხიმოვანი ჰეპატოზი, რომელიც უმთავრესად ორსულობის მესამე ტრიმესტრში გვხვდება და შეიძლება სიყვითლით, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი დარღვევით და ღვიძლის უკმარისობით მიმდინარეობდეს.

  • – როგორ სვამენ სტეატოჰეპატოზის დიაგნოზს?

– ღვიძლის სტეატოზზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ლაბორატორიული კვლევა. ღვიძლის მდგომარეობისა და ფუნქციის შესახებ ყველაზე დიდ ინფორმაციას ღვიძლის ფერმენტების (ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა) განსაზღვრა გვაწვდის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზი, ლიპიდური სპექტრი, რკინის ცვლის შესწავლა, ინსულინრეზისტენტობისა და გლუკოზის დონის დადგენა. ინფორმაციულია ინსტრუმენტული კვლევები: მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა (გვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ღვიძლის სტრუქტურისა და ფიბროზის შესახებ), კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
ღვიძლის ბიოფსიით შეიძლება დადგინდეს სტეატოზი, მისი ხარისხი და ფორმა, ფიბროზის ხარისხი და ანთება. ეს მეთოდი ყველაზე ინფორმაციულია, თუმცა ინვაზიურია და განსაზღვრულ სირთულეებსა და რისკებს უკავშირდება. არსებობს არაინვაზიური ბიომარკერებიც – ფიბრომაქსი და ღვიძლის ელასტოგრაფია, რომლებიც ფიბროზის ხარისხს გვიჩვენებს და ღვიძლის უჯრედების ცხიმოვანი ინფილტრაციის პროცენტული მაჩვენებლის დადგენის საშუალებას გვაძლევს.

  • – როგორ მკურნალობთ სტეატოჰეპატოზს?

– ღვიძლის სტეატოზის სპეციფიკური თერაპია არ არსებობს, მკურნალობა უმთავრესად რისკფაქტორების მოდიფიცირებას გულისხმობს. ჭარბი წონის არსებობისას აუცილებელია კვების მოწესრიგება, წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში), ჰიპერგლიკემიისა და ლიპიდური სპექტრის რეგულირება. უნდა აღინიშნოს, რომ წონის სწრაფი დაკლება სასურველი არ არის – ის შესაძლოა თავად იქცეს ჰეპატოზის მიზეზად. ოპტიმალურია თვეში 10%-ის დაკლება. მნიშვნელოვანია ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან აცილება. თუ პაციენტს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი აქვს, მან უარი უნდა თქვას ალკოჰოლსა და იმ მედიკამენტებზე, რომელთა მიღება შესაძლოა ღვიძლის დაზიანების მიზეზი გახდეს. აუცილებელია იმ დაავადების მკურნალობაც, რომელთანაც ეს პრობლემაა ასოცირებული. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ან ინსულინრეზისტობის დროს აუცილებელია გლუკოზის დონის რეგულირება. ეს თავიდან აგვაცილებს ღვიძლის შემდგომ დაზიანებას და შეამცირებს ამ ორგანოში უკვე დაგროვილი ცხიმის ოდენობას. არსებობს ცხიმოვანი ჰეპატოზის მკურნალობის თანამედროვე, ექსპერიმენტული მეთოდები. ერთ-ერთი მათგანია ანტიოქსიდანტებით (მაგალითად, E ვიტამინით) მკურნალობა. ეს მიდგომა კლინიკური კვლევის სტადიაშია და რამდენად ეფექტურია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ასევე ექსპერიმენტული მიდგომაა უახლესი ანტიდიაბეტური პრეპარატებით მკურნალობა (დიაბეტის არმქონე პირებშიც), რომლებიც ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდას და ინსულინრეზისტენტობის შემცირებას იწვევს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ამ მეთოდებს ჯერჯერობით არ ვიყენებთ.

  • – როგორია დაავადების პროგნოზი?

– თუ დიაგნოზი ადრეულ სტადიაში დაისვა და ექიმის ყველა რჩევა გათვალისწინებულ იქნა, პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროცესის პროგრესირებისას (1-2%-ში) 20 წელიწადში შესაძლოა ღვიძლის ციროზი განვითარდეს. თუ სტეატოზი სხვა დაავადებებთან, მაგალითად, შაქრიან დიაბეტთან, B და C ჰეპატიტებთან, ვილსონის დაავადებასთან არის ასოცირებული, ღვიძლის ციროზის განვითარება 8-10 წელიწადშიც კია მოსალოდნელი (10-12%). გარდა ამისა, სტეატოზი თავად არის გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების რისკფაქტორი, ამიტომ ყველა ჭარბი წონის მქონე ადამიანისთვის – და არამხოლოდ მათთვის – საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობაა.
თამარ არქანია

გააზიარე: