ყველაფერი ძუძუთი კვების შესახებ

გააზიარე:

ძუძუთი კვება ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც დედამ შეიძლება გაუკეთოს ახალშობილს და საკუთარ თავს. გარდა იმისა, რომ დედის რძე ფაქტობრივად უკონკურენტო საკვებია ჩვილისთვის, ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის კიდევ უფრო ღრმა და სათუთი კავშირი მყარდება.

ყველა დედას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, შეუძლია, ჩვილი რძით გამოკვებოს, თუმცა ეს არც ისეთი ადვილია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მეძუძურ დედას თავის სხვაგვარი მოვლა და განსაზღვრული წესების დაცვა სჭირდება.

ხსენი

ადრეულ რძეს, რომელიც სარძევე ჯირკვლებში ბავშვის დაბადების შემდეგ (ან ორსულობის მიწურულს) წარმოიქმნება, ხსენი ეწოდება. ამ სქელ, წებოვან სითხეს ხშირად “თხევად ოქროსაც” უწოდებენ და არა მხოლოდ ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ახალშობილისთვის მეტისმეტად ძვირფასია. თავდაპირველად ხსენი ძალიან ცოტაა, სულ რაღაც 40-50 მლ დღე-ღამეში, მაგრამ ვინაიდან ბავშვს ძალიან პატარა კუჭი აქვს, ეს მისთვის სავსებით საკმარისია.

ხსენს ბუნებრივ ვაქცინადაც მოიხსენიებენ, ვინაიდან მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ანტისხეულებს და სისხლის თეთრ უჯრედებს. მისი შემადგენლობა კი ფასდაუდებელია ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ხსენი მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით (A, E და K). მაღალია მასში ცილების კონცენტრაციაც.

ხსენი ადვილი ასათვისებელია. ამასთან, აქვს საფაღარათო მოქმედებაც და ბავშვს პირველი მეკონიუმისგან (მუცლადყოფნის პერიოდში დაგროვილი განავლოვანი მასისგან) ნაწლავის დაცლაში ეხმარება.

გარდამავალი რძე

მშობიარობის შემდგომი ორი-ოთხი დღის განმავლობაში დედის რძე იმატებს. შესაძლოა, იგრძნოთ მკერდის სავსეობა – “რძის მოწოლა”. სიცოცხლის მესამე დღიდან ბავშვს დღე-ღამეში უკვე 300-400 მლ რძე სჭირდება, მერე და მერე – უფრო მეტი.

მეხუთედან მეთოთხმეტე დღემდე რძეს გარდამავალი ეწოდება. ეს ხსენის მწიფე რძედ ქცევის ეტაპია. რძე ფერითა და სტრუქტურით უფრო კრემისებრი ხდება, მდიდრდება ცხიმით და ლაქტოზით (ბუნებრივი შაქრით), რაც მას სწრაფად მზარდი ახალშობილისთვის იდეალურ საკვებად აქცევს.

გარდამავალ რძეში კვლავ დიდი რაოდენობითაა ანტისხეულები, სასარგებლო ბაქტერიები და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალშობილის ჯანსაღ განვითარებას.

მწიფე რძე

სანამ ბავშვი ოთხი კვირისა გახდება, დედის რძე ბოლომდე მომწიფდება. მწიფე რძე მდიდარია ცილებით, შაქრით, ვიტამინებით და მინერალებით, ასევე – ისეთი ბიოაქტიური კომპონენტებით, როგორიცაა ჰორმონები, ზრდის ფაქტორები და ფერმენტები. მეოთხე კვირის ბოლოდან რძეს დიდწილად სტაბილური შემადგენლობა აქვს, თუმცა შესაძლოა, დღიდან დღემდე და კვებიდან კვებამდეც კი შეიცვალოს.

წინა და უკანა რძე

ძუძუს წოვებისას შეამჩნევთ, რომ რძის პირველი ულუფა უფრო თხევადი და ბაცია, რაოდენობრივადაც მეტია და უფრო ადვილადაც გადმოედინება სადინარებიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ რძეს ფერი და კონსისტენცია ეცვლება – უფრო სქელი და ნაღებისმაგვარი ხდება. ეს იმიტომ, რომ კვების პროცესში ცხიმის შემცველობა იზრდება. რძის მეორე ულუფას უკანა რძეს უწოდებენ, ხოლო პირველი წინა რძის სახელითაა ცნობილი. ორივე სრულფასოვანი კვების აუცილებელი ნაწილია და მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებითა და შაქრებით. იდეალურ შემთხვევაში ბავშვმა რძის ორივე ულუფა თანაბრად უნდა მიიღოს.

გაღვიძებისას რძე უფრო მეტია, თუმცა ნაკლებცხიმიანი. დღის მეორე ნახევარში რაოდენობა იკლებს, ხოლო  ცხიმიანობა იმატებს.

რძის ბუნებრივი მარაგი

რძის სამარაგო მოცულობა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს რძის წარმოქმნასა და ძუძუთი კვების მართვაზე. ეს რძის ის ოდენობაა, რომელიც შეიძლება სარძევე ჯირკვალში დარჩეს კვებიდან კვებამდე. ოდენობა ყოველი ქალისთვის ინდივიდუალურია. მეტიც – ერთი და იმავე ქალის სხვადასხვა სარძევე ჯირკვლისთვისაც კი სხვადასხვაა. ის მკერდის ზომაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას ახდენს – დიდი ზომის მკერდს სამარაგო მოცულობაც შედარებით დიდი აქვს.

დედის სარძევე ჯირკვლებს, განურჩევლად რძის სამარაგო მოცულობისა, ყოველთვის შეუძლია ბავშვისთვის სამყოფი რძის წარმოება. ქალს, რომელსაც რძის უფრო დიდი სამარაგო მოცულობა აქვს, შეუძლია, უფრო მეტხანს კვებოს პატარა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვების ხანგრძლივობასა და სადღეღამისო ჯერადობაზე, ხოლო ქალს, რომლის რძის სამარაგო მოცულობა შედარებით მცირეა, უფრო ხშირად მოუწევს ბავშვის კვება, ვინაიდან მისი მკერდი უფრო სწრაფად დაიცლება რძისგან.

ექვსი თვის შემდეგ

ალბათ, გაინტერესებთ, რა ემართება რძეს, როცა ბავშვს დიდხანს ვაწოვებთ ძუძუს – შეუძლია კი ქალის სხეულს ხარისხიანი რძის წარმოქმნა თვეების, მით უმეტეს, წლების განმავლობაში?

4-6 თვიდან ბავშვი მყარი საკვების მიღებას იწყებს: ჯერ ერთი, საჭიროა მის რაციონში ზოგიერთი საკვები ნივთიერების (მაგალითად, რკინის) დამატება, მეორე, მყარი საკვები აუცილებელია ზედა და ქვედა ყბების ფორმის და კარგი თანკბილვის ჩამოსაყალიბებლადაა, – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედის რძე უსარგებლო ხდება. პირიქით. მაგალითად, შვიდი თვის პატარა კალორიების 90%-ზე მეტს ჯერ კიდევ დედის რძიდან იღებს, 11-დან 16 თვემდე კი ნახევარს.

ნურც ბუნებრივი იმუნიტეტი დაგავიწყდებათ. მართალია, ბავშვს ეროვნული კალენდრის მიხედვით ცრით და მისი ორგანიზმი თვითონვე იწყებს იმუნიტეტის გამომუშავებას, მაგრამ დედის რძეში არსებული იმუნური უჯრედები დამატებით იცავს პატარას, განსაკუთრებით – სეზონური და მწვავე ინფექციებისგან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ძუძუთი კვება ორ წლამდეა სასურველი.

რძის ხელოვნური მარაგი

რძის გამოწველა კარგი გამოსავალია, როცა წინასწარ იცით, რომ კვების დროს ბავშვთან ვერ იქნებით. როცა შინ რძის მარაგი გეგულებათ, შეგიძლიათ, უფრო თამამად მიხედოთ თქვენს საქმეებს.

რძის გამოწველას სხვა დადებითი შედეგიც აქვს – ძუძუს დაცლა ხელს უწყობს ახალი რძის უფრო ინტენსიურ წარმოქმნას.

არსებობს ორი ტიპის საწველი აპარატები: მექანიკური, რომლებიც ხელით უნდა ამუშავოთ და ელექტრონული, რომლებსაც რამდენიმე რეჟიმი აქვს. რძის შესანახი კონტეინერებიც ორი ტიპისაა: მრავალჯერადი, ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც რძის დიდხანს შესანახადაა საჭირო, და ერთჯერადი, რომელიც სტერილურია და ასევე კარგად და ხანგრძლივად ინახავს რძეს. ორივე ტიპის კონტეინერებს აქვს სპეციალური ადგილი, სადაც რძის გამოწველის თარიღი და დრო უნდა მიაწეროთ. რამდენ ხანს იქნება რძე გამოსადეგი, მისი შენახვის პირობებზეა დამოკიდებული:

* ოთახის ტემპერატურაზე შენახული რძე გამოწველიდან 6 საათის განმავლობაშია ვარგისი. იდეალურ შემთხვევაში, უმჯობესია, 4 საათში გამოიყენოთ.

* თუ ახალგამოწველილი რძის სადმე წაღება გიწევთ, გირჩევთ, ყინულის პაკეტებში მოათავსოთ.

* მაცივარში რძე 5 დღე ძლებს (შეინახეთ შიდა თაროზე, სადაც ტემპერატურა მუდმივია და არა კარში).

* გაყინულმა რძემ კი  შესაძლოა 3-დან 6 თვემდე გაძლოს. ეს გაყინვის პროცესზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეფექტურია სტრესული გაყინვა ტემპერატურის უეცარი დაწევით, რაც ლაბორატორიულ პირობებში მიიღწევა.

გამოყენების წესები

* უპირველესად გამოიყენეთ ის ულუფა, რომელსაც უფრო ადრინდელი თარიღი უზის.

* გაყინული რძე გაალღვეთ თბილი გამდინარე წყლის ნაკადის ქვეშ. ნუ გამოიყენებთ ცხელ წყალს და მიკროტალღურ ღუმელს – მათი ზემოქმედებით რძე სასარგებლო თვისებებს დაკარგავს და შესაძლოა, აიჭრას კიდეც, გარდა ამისა, შესაძლოა მეტისმეტად გაცხელდეს და ბავშვს პირი დასწვას.

* გამლღვალ ულუფას ხელმეორედ ნუღარ გაყინავთ, თუ 24 საათის განმავლობაში არ გამოიყენეთ, გადაღვარეთ.

* რაც შეეხება რძის ტემპერატურას, ზოგ ბავშვს ცივი სიამოვნებს, ზოგს – თბილი. დააკვირდით, რომელს უფრო დიდი სიამოვნებთ შეექცევა თქვენი პატარა. შეათბეთ რძე გამდინარე თბილი წყლის ჭავლის ქვეშ. თუ ბავშვი ულუფას ვერ მოერია, ნარჩენს ნუ შეინახავთ, გადაღვარეთ.

ავადმყოფობა და ძუძუთი კვება

ბევრ დედას აწუხებს კითხვა, საშიში ხომ არ არის ავადმყოფობისას ძუძუს წოვება.

არსებობს იმ დაავადებების სია, რომელთა დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია. ეს სია, საბედნიეროდ, ძალიან მოკლეა: აივ ინფექცია, აქტიური ტუბერკულოზი და თ-ლიმფოტროპული ინფექცია. თუ არც ერთი მათგანი არ გაქვთ, თამამად შეგიძლიათ, ბავშვს ძუძუ აწოვოთ.

გაციებისა და გრიპის დროს მით უმეტეს არაფერია საშიში - ვირუსი  რძეში არ გადადის. გარდა ამისა, დედის რძე თვითონვე შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო ახალგამომუშავებულ ანტისხეულებს, რომლებიც კვების დროს პირდაპირ გადაეცემა პატარას – ამაზე უკეთესი დაცვა რა უნდა იყოს?!

გაითვალისწინეთ:

* თუ წამლები გაქვთ დანიშნული, დარწმუნდით, რომ ძუძუთი კვების დროს მათი მიღება უსაფრთხოა.  აუცილებლად მოეთათბირეთ ექიმს!

* თუ ღებინება და დიარეა გაქვთ, აუცილებლად სვით საკმარისი რაოდენობის წყალი - ამ დროს გაუწყლოების რისკი ძალიან მაღალია, ეს კი უარყოფითად აისახება როგორც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე რძის მარაგზე.

* მინიმუმამდე დაიყვანეთ ბავშვის ინფიცირების რისკი: შეხებამდე დაიბანეთ ან ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ ხელები; აიფარეთ პირბადე; ცემინებისა და ხველების დროს ცხვირ-პირზე აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი და მაშინვე გადააგდეთ; ეცადეთ, არ აკოცოთ პატარას პირთან და ცხვირთან ახლოს.

* ბავშვს მოთხოვნისთანავე მოაწოვეთ ძუძუ! იშვიათმა კვებამ რძის მარაგზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ვარჯიში

აპირებთ, ბავშვის დაბადებამდე არსებულ რიტმს დაუბრუნდეთ და ვარჯიში დაიწყოთ? – ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა! ოღონდ სიმძიმეების აწევას, გადაძაბვას და გადაღლას, რასაკვირველია, უნდა მოერიდოთ. კარგი იქნება, თუ ვარჯიშს ეტაპობრივად განაახლებთ. კარგია სირბილი, ფიტნესი, იოგა, ცურვა. ფიზიკური დატვირთვა განწყობას აგიმაღლებთ, სტრესისადმი უფრო ამტანი გახდებით და უკეთესადაც იძინებთ (რა თქმა უნდა, ჩვილი მაინც გაგაღვიძებთ ხოლმე ღამღამობით, მაგრამ ჯანსაღი ძილის წყალობით უფრო დასვენებული და ენერგიული იქნებით).

ვარჯიშის დროს აუცილებლად ჩაიცვით სპორტული ბიუსტჰალტერი და ერიდეთ მკერდის ტრავმას, თუნდაც უმნიშვნელოს. უმჯობესია, ბავშვი ვარჯიშამდე გამოკვებოთ – უფრო მეტი დროც დაგრჩებათ თქვენი თავისთვის და დაცლილი მკერდიც ნაკლებ დისკომფორტს შეგიქმნით.

ვინაიდან ფიზიკური დატვირთვა რძის ხარისხზე არავითარ გავლენას არ ახდენს, შეგიძლიათ, ვარჯიშის დასრულებისთანავე მოაწოვოთ ძუძუ პატარას, ოღონდ მანამდე მიიღეთ შხაპი და ჩაიცვით კომფორტული სამოსი.

უკუჩვენება

არსებობს უამრავი მითი იმის თაობაზე, როდის შეიძლება და როდის არა ძუძუთი კვება. რეალურად ბუნებრივ კვებას ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს.

აბსოლუტური უკუჩვენებებია:

* ზოგიერთი ინფექციური დაავადება: აივ ინფექცია, აქტიური ტუბერკულოზი და თ-ლიმფოტროპული ინფექცია, ასევე – ებოლას ვირუსით ინფიცირება (კვება იკრძალება ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაშიც);

* ქიმიოთერაპია.

დროებითი უკუჩვენებებია:

* რადიოლოგიური გამოკვლევა, როცა დედას საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა სჭირდება;

* ბრუცელოზი;

* ზოგიერთი წამალი, რომელთა მიღების დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია;

* მწვავე ჰერპესული ინფექცია, თუ გამონაყარი არეოლებზეა.

აბსოლუტური უკუჩვენების დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად ძუძუს გაშრობაა აუცილებელი. დროებითის შემთხვევაში მოგიწევთ, ბავშვი რამდენიმე დღით ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანოთ, რძე კი გამოიწველოთ (რათა არ დაირღვეს რძის წარმოქმნის ბუნებრივი პროცესი, არ მოხდეს სარძევე ჯირკვლებში მისი შეგუბება, არ განვითარდეს ანთება) და გადაღვაროთ.

 სესილი ცირეკიძე

გააზიარე: