მაღალი სიცხე, შეხვეული ყელი...
გააზიარე:
მაინც რატომ ვერ ეგუება ჩვენი ყელი ცივ ჰაერს? რატომ ხშირდება ზამთარში ანგინა? მოდი, ამ პოპულარულ დაავადებაზე ვისაუბროთ.
აბა, თქვი “ააა...”
“ანგინა” ლათინური სიტყვაა და მოჭერას, შევიწროებას ნიშნავს. ნუშურების ანთება, ისევე, როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციები, გარემოსთან ჩვენი ურთიერთობის შედეგია; გარემოსთან, სადაც 200-მდე სახეობის ვირუსი, ბაქტერია თუ სოკო ტრიალებს. ასიდან 70 შემთხვევაში ეს დაავადებები გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ხშირად ხელს უწყობს ბაქტერიული ფლორის გააქტიურებას და ბაქტერიული ინფექციის განვითარებას.
ანგინა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმწიფარი იმუნური სისტემის გამო ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ. აქვე იმედის მომცემ ინფორმაციას მოგაწვდით: რაც უფრო ხშირად ემართება ბავშვს რესპირატორული ინფექცია, მით უკეთ იწვრთნება მისი იმუნური სისტემა. მოდი, თავი დავიმშვიდოთ და წარმოვიდგინოთ, რომ იმუნური სისტემის გაკაჟების ეს პრინციპი მოზრდილებზეც ვრცელდება.
ანგინა უმეტესად ვირუსული ინფექციის მესამე-მეხუთე დღეს იჩენს თავს. უნდა ვიცოდეთ, რომ მიკრობების განსაზღვრული შტამები ჩვენს ცხვირ-ხახაშიც არის, მაგრამ მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება, მაგალითად, ვირუსული ინფექციის, ანდა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დრო. ჩვენ ამას ხშირად გაციებას ვაბრალებთ, მაგრამ ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. უბრალოდ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმში, სახელდობრ, სასუნთქი სისტემის დასაწყისში, პირობითპათოგენური ფლორის გააქტიურებას. ანგინა შესაძლოა რესპირატორული ინფექციის გამოვლინება იყოს, ვინაიდან ამ სისტემის პირველი რგოლი სწორედ ხახის ლორწოვანი და ტონზილებია, რომლებიც დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. ყელის გაწითლება, ტემპერატურის მომატება ინფექციის საპასუხო რეაქციაა. ეს კატარული ანგინაა. თუ პროცესში ბაქტერიული ფლორაც ჩაერთო, ყალიბდება ბაქტერიული ანგინა, იწყება ყელის ძლიერი ტკივილი, დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, ნუშურებზე ჩნდება ნადები, უმეტესად – თეთრი. ეს უკვე ფოლიკულური ანგინა გახლავთ. დაავადებას თან სდევს მაღალი ტემპერატურული რეაქცია – 38-39°C. ხშირია ინტოქსიკაციის მოვლენები: ზოგადი სისუსტე, ღებინება...
რა ვიღონოთ?
ასეთ დროს ზოგადგამაჯანსაღებელ სიმპტომურ (ყელის ტკივილის, სიცხის დამწევ) საშუალებებთან ერთად აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიაც, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით – ანტიბიოტიკები თრგუნავს იმუნურ პასუხს და ზრდის ხელმეორედ დაავადების რისკს, ამიტომ დაიხსომეთ, რომ საჭიროების გარეშე მათ მიღებას მხოლოდ ზიანი მოაქვს.
ანგინის დროს სასურველია წოლითი რეჟიმის დაცვა, სითხის უხვად მიღება, პირის ღრუს სანაცია შესასხურებლებით, ყელში გვირილის ნაყენის, სოდიანი წყლის, წყალში გაზავებული იოდინოლის (1:1) გამოვლება, ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს უკანასკნელი შინაც შეიძლება მოვამზადოთ – მწიკვი მარილი გავხსნათ 100 მლ ანადუღარ წყალში. საკვები უნდა იყოს დანაწევრებული, თხიერი და თბილი (სწორედ თბილი და არა ცხელი ან ცივი!). კვების რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის, მაგრამ მაინც, უმჯობესია, მცენარეული პროდუქტი და რძის ნაწარმი მიირთვათ.
რას უნდა ველოდეთ
ნუშურების ანთება შესაძლოა ოტიტით – ყურის ანთებით გართულდეს. ჩვილებში ეს დაავადება ასე ვლინდება: ბავშვი უარს ამბობს ძუძუზე და ხმამაღლა ტირის (წოვის დროს დაფის აპკი იჭიმება, რაც მეტად მტკივნეულია). შედარებით მოზრდილ ასაკში შესაძლოა განვითარდეს დანამატი ღრუების ანთებაც – ჰაიმორიტი ფრონტიტი და სხვა.
თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს ანგინით ან უკვე გამოაჩნდა გულზე შუილი, სახსრების მფრინავი ტკივილი, ცვლილებები საშარდე სისტემის მხრივ, ყელიდან აღებული ნაცხი უნდა გამოვიკვლიოთ (ამ დროს ტონზილებიდან ყველაზე ხშირად ამოითესება A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი; ყურადსაღებია ადენოვირუსის, გრიპის ვირუსის როლიც). გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს სისხლში ანტი-ო-სტრეპტოლიზინის ტიტრს, C-რეაქტიული ცილის შემცველობას. ამ და სხვა ტესტების მიხედვით ვადგენთ, რამდენად მწვავეა პროცესი, რამდენად სახიფათოა ტონზილები ბავშვისთვის და, თუ გნებავთ, მოზრდილისთვისაც.
გაჭიანურებული ყელის ტკივილი
როდესაც ყელის ტკივილი თავს მეტისმეტად ხშირად გვახსენებს, ქრონიკულ ტონზილიტზე ვსაუბრობთ. პათოლოგიური პროცესი ამ შემთხვევაშიც ნუშურებში იბუდებს და მისი იქიდან გამოდევნა ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კი.
ქრონიკული ტონზილიტის ჩამოყალიბება და ადენოიდური ვეგეტაციების წარმოქმნა უფრო მეტად მოსალოდნელია ზედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციის, ბავშვთა ინფექციური დაავადებების, არასათანადო კვების, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობების და, საზოგადოდ, ყველა იმ ფაქტორის ზემოქმედებისას, რომლებიც ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას ასუსტებს – ამის შედეგად ჩვენს დასაცავად მოწოდებული ორგანოები თვითონვე გვიქადიან საფრთხეს.
ქრონიკული ინფექციის კერა ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს, რაც საერთო სისუსტით, სწრაფად დაღლით, სახსრების პერიოდული ტკივილით, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებით, ნორმასთან შედარებით ოდნავ მომატებული სიცხეებით (37.1-37.5) ვლინდება. ამასთანავე, ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშურებში ხშირად სტრეპტოკოკის ის ნაირსახეობა იდებს ბინას, რომელსაც რევმატიზმისა და თირკმელების ანთების გამოწვევა შეუძლია. ქრონიკულ ტონზილიტს შესაძლოა თან ახლდეს დიფუზური გლომერულონეფრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ქოლეცისტიტი, თირეოტოქსიკოზი, აპენდიციტი და კაპილაროტოქსიკოზიც.
გვჭირდება თუ არა ნუშურები?
თუ შეიძლება, მოდა ქირურგიაშიც არსებობდეს, პირველ რიგში ის ალბათ “გლანდების ოპერაციას” შეეხება. ტონზილექტომია ერთ-ერთი პოპულარული ქირურგიული ჩარევაა. ვინ ჩაუყარა საფუძველი ამ მოდას, ძნელი სათქმელია (თავიანთი წილი ბრალი, ალბათ, ექიმებსაც მიუძღვით); ასეა თუ ისე, მოსაზრება, თითქოს ნუშურები ორგანიზმის უსარგებლო დანამატი იყოს, არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზმში ზედმეტი არაფერია. ნუშურები ჩვენი იმუნური სისტემის ნაწილია, თანაც უბრალო ნაწილი კი არა, წინა ხაზი – ცხვირსა თუ პირს ხომ ორგანიზმში შესაღწევ კარიბჭედ მრავალი ბაქტერია თუ ვირუსი ირჩევს.
ტონზილებს ანუ სასის ნუშურებს ადვილად დავინახავთ, თუ პირს ფართოდ გავაღებთ (უფრო სწორად, ჩვენ თუ გავაღებთ, სხვა დაინახავს, ან პირიქით). ეს ორი მცირე მორგვია სასის წინა და უკანა რკალებს შორის, ხახის ორივე მხარეს. ადენოიდური ვეგეტაციები, რომლებიც ცხვირ-ხახის გადიდებულ ნუშურებს წარმოადგენს, უფრო ძნელი შესამჩნევია. ისინი რბილი სასის უკან, ცხვირ-ხახაშია განლაგებული.
მთავარი ზომა არ არის
დიდი ზომის ადენოიდები, ბუნებრივია, ცხვირით სუნთქვას აძნელებს, მუდმივად პირით სუნთქვა კი ხშირ ანგინას, ლარინგიტს, ტრაქეიტსა და ბრონქიტს იწვევს. ბავშვებს პირღიას, მოუსვენრად სძინავთ, უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, ყურადღების გაფანტვას, თავის ტკივილს. ამის მიზეზი მხოლოდ ცუდი ძილი არ არის – გამუდმებით პირით სუნთქვისას ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. გარდა ამისა, შეშუპებული და გადიდებული ადენოიდები ხშირად ევსტაქის მილის (შუა ყურის ღრუს ცხვირ-ხახასთან შემაერთებელი ხვრელის) შესასვლელს ახშობს, რაც შუა ყურის ხშირი და ძნელად სამკურნალო ანთებების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო ადენოიდების ინფიცირება გართულებათა ალბათობას უფრო მეტად ზრდის.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს – ქრონიკული ტონზილიტის დროს სასის ნუშურები გადიდებულიც შეიძლება იყოს, ნორმალური ზომისაც და დაპატარავებულიც კი, თუმცა მათი მცირე ზომა გართულებას არ გამორიცხავს. გადიდებული ნუშურები, თუ გადიდებას ქრონიკული ინფექცია არ ახლავს თან, შედარებით მოზრდილ ასაკში თავისთავად პატარავდება, ადენოიდები კი 14-16 წლისთვის საერთოდ ქრება.
სკალპელის ქვეშ
ოპერაციის მთავარი ჩვენება არც ნუშურების სიდიდეა და არც ხშირი ანგინა. არის შემთხვევები, როდესაც ტონზილიტი თავიდანვე ქრონიკულად, მაღალი სიცხეების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროს ჩივილი შედარებით ნაკლებია, ვთქვათ, უსიამოვნო სუნი პირიდან ან ადვილად დაღლა, რაც შესაძლოა გამოგვეპაროს კიდეც და მოგვიანებით, რევმატული პრობლემების აღმოცენების შემდეგ შევამჩნიოთ. იგივე შეიძლება ითქვას ანალიზებზე: სისხლის ბიოქიმიური ანალიზი გვიჩვენებს, რამდენად აქტიურია რევმატული პროცესი, ეს უკანასკნელი კი, როგორც უკვე გითხარით, ქრონიკული ტონზილიტის გართულებაა.
რევმატული ცვლილებების დროს რომ ოპერაცია აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ტონზილექტომია პრობლემას ვერ გადაჭრის – მკურნალობაც არის საჭირო, ოპერაციის გაკეთებაც მხოლოდ აქტიური პროცესის ჩაცხრობის შემდეგ შეიძლება, თანაც აუცილებლად კარდიორევმატოლოგთან შეთანხმებით და სათანადო წინასაოპერაციო მომზადების შემდეგ. ორგანიზმისთვის ოპერაცია სტრესია, რომელმაც შესაძლოა გაააქტიუროს ყველა ფარული პროცესი, რევმოკარდიტი იქნება ეს თუ გლომერულონეფრიტი. ზოგს მიაჩნია, რომ სასისა თუ ცხვირ-ხახის ნუშურების ოპერაციის გაკეთება სამ წლამდე არასასურველია, ამიტომ ამ ასაკში ოპერაციული ჩარევისგან თავს იკავებენ. საზოგადოდ, ჯანმრთელი ტონზილების ამოკვეთა არც ერთ ასაკში არ არის სასურველი; აი, დაავადებული ნუშურები კი დროულად უნდა მოსცილდეს ორგანიზმს. არის შემთხვევები, სამ წლამდე ასაკის ბავშვსაც კი ორ კვირაში ერთხელ ანგინა აქვს, ექიმს უძლიერესი ანტიბიოტიკების გამოყენება უხდება და მდგომარეობა პრაქტიკულად აღარც კი ექვემდებარება მკურნალობას. ხშირად ნათელი პერიოდის პოვნაც კი ჭირს, რომ ოპერაცია გაკეთდეს... ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სამ წლამდე ლოდინი ზედმეტია.
ანესთეზიით თუ მის გარეშე?
საზღვარგარეთ ამ ოპერაციას ადგილობრივი ანესთეზიით არავის უკეთებენ, ბავშვებს – მით უმეტეს. ტონზილექტომია უმტკივნეულო, მაგრამ სტრესული, უსიამოვნო ოპერაციაა. რაც შეეხება ადენოტომიას, ამ დროს ადგილობრივი გაუტკივარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, თუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს, ზოგადი ანესთეზია ყველაზე მისაღებია. ამ დროს ქირურგს მშვიდად მუშაობის საშუალება აქვს, გართულების ალბათობაც ნაკლებია. მიიჩნევა, რომ ოპერაციის დროს მიღებულმა სტრესმა ბავშვის ფსიქიკას შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს. მაგალითად, ბევრს ოპერაციის შემდეგ შიშები, უნებლიე მოძრაობები უჩნდება.
ყველაზე პოპულარული დიაგნოზი
წამოახველებს თუ არა ადამიანს, ფონენდოსკოპის დადებასაც არ დაგაცდიან – მაშინვე ბრონქიტის დიაგნოზს დაუსვამენ ხოლმე. ხველა გახანგრძლივდა და სიცხეც დაერთო? – დიაგნოზის დასმა არც ამ შემთხვევაშია რთული: ეს ხომ ფილტვების ანთებაა, რომელსაც მედიცინაში გათვითცნობიერებული ნათესავები პნევმონის უწოდებენ.
მწვავე თუ ქრონიკული?
მოდი, საუბარი შედარებით მარტივი პრობლემით – ბრონქიტით დავიწყოთ, თუმცა სიტყვა “მარტივი”, თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, აქ უადგილოა. ბევრი ბრონქიტს ზერელედ ეკიდება და გახანგრძლივებული ხველის შემთხვევაშიც კი საკუთარ ჯანმრთელობას ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს. ბრონქიტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია – ნებაზე მიშვებული ეს დაავადება ბევრ არასასურველ გართულებას იწვევს, მათ შორის – ფილტვ-გულის უკმარისობასაც კი, რაც საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.
ბრონქიტი მრავალნაირია, თუმცა მისი ყველა სახესხვაობა შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ: მწვავედ, რომელიც პირველადად აღმოცენებული მწვავე ანთებითი პროცესია და უმთავრესად ბავშვებში იჩენს თავს, და ქრონიკულად, რომელიც უმეტესად ზრდასრულ პირებს ემართებათ. ვინაიდან მოზრდილებს დიდხანს, წლობით უხდებათ აგრესიულ გარემოში ცხოვრება (დაბინძურებულ ატმოსფეროსთან, ალერგენებთან, ტოქსინებთან ხშირი შეხება და ა.შ.), გასაკვირი არც არის, ბრონქების ქრონიკული დაავადება ჩამოუყალიბდეთ. როგორც აღვნიშნეთ, მწვავე, პირველადი ბრონქიტი უმეტესად მცირე ასაკის ბავშვებში იჩენს თავს. ბოლო ხანს ალერგიულმა ფონმა მოიმატა, ამის კვალობაზე, გახშირდა ალერგიული წარმოშობის ბრონქიტიც, რომლის დროსაც ბრონქოსპაზმი ვითარდება. მრავალრიცხოვანი ალერგიული აგენტებიდან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ქიმიური ნაერთები, მათ შორის – საკვებდანამატები (კონსერვანტები, არომატიზატორები), რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს ბრონქულ ხეზე. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად არა ალერგიული, არამედ ინფექციურ-ალერგიული წარმოშობის ბრონქიტი გვხვდება.
რა იწვევს გაქრონიკულებას
ქრონიკული ბრონქიტი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან დიდხანს მიმდინარეობს და მისგან განკურნება არცთუ იოლია. ქრონიკული ბრონქიტის ჩამოყალიბების რისკფაქტორები გახლავთ:
. ზოგიერთი პროფესია. პათოლოგია უმთავრესად ემუქრებათ მეტალურგებს, მაღაროს მუშებს, მინის მბერავებს, მაშასადამე, პირებს, რომლებსაც მავნე გარემოში საათობით უხდებათ ყოფნა და ან კონტრასტულ ტემპერატურულ რეჟიმში უწევთ მუშაობა, ხშირად ხვდებიან ცხელიდან ცივ გარემოში და პირიქით;
. ფიზიკური თუ ქიმიური აგენტები: ვირუსები, ბაქტერიები, ტოქსინები, ალერგენები, მტვრის ნაწილაკები და სხვა;
. სასუნთქი გზების თანდაყოლილი ნაკლოვანებები – ისინი საგრძნობლად ზრდიან ბრონქიტისა თუ სხვა რესპირაციული პათოლოგიების ჩამოყალიბების რისკს.
რითაც არ უნდა იყოს განპირობებული დაავადება, ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბების უმთავრესი პირობა ბრონქებზე მავნე აგენტების ხანგრძლივი ზემოქმედებაა.
ბრონქიტის მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაგვარი ეტიოლოგიისაა (რომელი პათოგენური ფაქტორით არის განპირობებული) პათოლოგია. თერაპიის კურსის შერჩევამდე უთუოდ უნდა გაირკვეს, რა მიზეზით ჩამოყალიბდა პათოლოგიური კერა, ბრონქების თანდაყოლილი მანკია დამნაშავე, ვირუსი, ალერგენი თუ სხვა მავნე აგენტი. ერთი და იმავე გეგმით ყველა შემთხვევის მკურნალობა არ შეიძლება. მაგალითად, თუ ადამიანს ალფა-ანტიტრიფსინის თანდაყოლილი დეფიციტი აქვს (ის მორეციდივე ბრონქიტით ვლინდება), ამოსახველებელი საშუალებების მიღება ელასტიურობადაქვეითებულ ბრონქებს უფრო მეტად გააღიზიანებს და დააზიანებს. იგივე შეიძლება ითქვას მწეველთა ბრონქიტზე: თუ ეს მავნე ჩვევა არ დავძლიეთ, რა წამლითაც არ უნდა ვიმკურნალოთ, შედეგს ვერ მივიღებთ – ბრონქიტი მალე ხელახლა შეგვახსენებს თავს.
რატომ გახშირდა ბრონქიტი
სასუნთქი გზების დაავადებები წლიდან წლამდე უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მათი ასეთი გავრცელება, უწინარეს ყოვლისა, გარემოს აგრესიულობის მატებას – არასახარბიელო ეკოლოგიურ მდგომარეობას, ტოქსიკური ნივთიერებების, ალერგენებისა და სხვა მავნე ფაქტორების მოჭარბებას – უნდა დავაბრალოთ. გარდა გარემო პირობებისა, სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების გახშირებას განაპირობებს ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების რეზისტენტობის ცვლილება, რაც ანტიბაქტერიული პრეპარატებისადმი მათი მომატებული მდგრადობით გამოიხატება. აღსანიშნავია საერთო პოპულაციაში გენეტიკურ (მათ შორის – სასუნთქი სისტემის) დაავადებათა წილის ზრდაც. მართლაც, იმატა სასუნთქი გზების პათოლოგიებმა (ბრონქიტის, ტრაქეიტის, ალვეოლიტის შემთხვევებმა), რომლებიც ალფა-ტრიფსინის დეფიციტით არის განპირობებული. პათოლოგიის გახშირებაში არანაკლებია რესპირატორული სისტემის თანდაყოლილი ნაკლოვანებების როლიც.
ვსვათ თუ არა ანტიბიოტიკები?
ბრონქიტისგან განკურნების მიზნით ანტიბაქტერიული პრეპარატების თვითნებური მიღება არამც და არამც არ შეიძლება. მართებული თერაპიის დასანიშნავად ექიმს ხელთ სწორი დიაგნოზი უნდა ჰქონდეს, ამისთვის კი რენტგენოლოგიური კვლევა, ნახველის ბაქტეროლოგიური ანალიზია აუცილებელი.
უმართებულო ანტიბიოტიკოთერაპიამ შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოს. მაგალითად, მიზანშეუწონელი ანტიბაქტერიული მკურნალობის შემდეგ ბევრს სოკოვანი დაავადება ემართება.
სწორად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტის გართულების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
სად გადის ზღვარი
ბრონქიტსა და პნევმონიას შორის ზღვრის გავლება ძნელია. შესაძლოა, ანთების კერა უპირატესად ერთ ადგილას იყოს ლოკალიზებული, შესაძლოა, სხვაგანაც ვრცელდებოდეს. ამრიგად, სწორი დიაგნოზის დასასმელად ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის – ტემპერატურული რეაქციის სახე, ხველის ხასიათი, ზოგადი თვითშეგრძნება. ასევე მეტად მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევა, ნახველის ანალიზი.
პნევმონია ფილტვების ანთებითი დაავადებაა. მას ბაქტერიაც იწვევს, ვირუსიც, სოკოც და ერთუჯრედიანი პარაზიტიც. განურჩევლად გამომწვევის ტიპისა, ფილტვების ანთებას მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც თავდაპირველად ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას. საზოგადოდ კი დაავადების სიმწვავე ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე ან, როგორც მედიკოსები იტყვიან – იმუნიტეტზე.
პნევმონიას თან ახლავს:
. ცხელება;
. დაბალი ტემპერატურა, უპირატესად – ასაკოვან პირებში;
. ხველა;
. სუნთქვის უკმარისობა;
. გაძლიერებული ოფლიანობა;
. ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში სუნთქვის დროს;
. თავისა და კუნთების ტკივილი;
. ძლიერი მოთენთილობა.
პნევმონიასთან ხუმრობას არ გირჩევთ. იჩენს თუ არა თავს დაავადების ნიშნები, სპეციალისტს მიმართეთ. რაც უფრო მძაფრად არის გამოხატული ინფექცია, მით უფრო ადრე უნდა მიაშუროთ სამედიცინო დაწესებულებას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ხანში შესულებს, მწეველებს, ალკოჰოლის მოყვარულებს, ასევე მათ, ვინც ქიმიოთერაპიას იტარებს ან რომელიმე ქრონიკული დაავადების გამო მუდმივად უწევს მედიკამენტების მიღება (მაგალითად, პრედნიზოლონისა, რომელიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს). ყურადღებით უნდა იყვნენ ისინიც, ვისაც გულის უკმარისობა და ფილტვების რომელიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს, რადგან ამ დაავადებების ფონზე პნევმონია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს და თუ მკურნალობა დროულად არ დავიწყეთ, ლეტალური შედეგიც კია მოსალოდნელი.
ვავლენთ დამნაშავეს
პნევმონიას იწვევენ მიკროორგანიზმები, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითების გამო ფილტვებში აღწევენ. “დამნაშავეთა” შორის არიან:
. ბაქტერიები, უმთავრესად – სტრეპტოკოკი, შედარებით იშვიათად – სტაფილოკოკი, კლებსიელა, ჰემოფილური ჩხირი. არც ის არის გამორიცხული, ფილტვების ანთება რამდენიმე ბაქტერიამ ერთდროულად გამოიწვიოს.
. ვირუსები. ფილტვებს უმეტესად გრიპის გამომწვევი ვირუსები ერჩიან. ვირუსული პნევმონია მძიმედ იშვიათად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, ბაქტერიული ინფექციით გართულდეს.
. სოკოები და პარაზიტები. სოკოთი და პარაზიტით გამოწვეული პნევმონია უპირატესად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას ემუქრება.
. სხვა მიკროორგანიზმები. მიკოპლაზმა ხშირად გვევლინება ფილტვების ანთების მიზეზად, თუმცა მძიმე ფორმას იშვიათად იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას ლეგიონელასა და ქლამიდიაზე – მიკროორგანიზმებზე, რომლებიც არც ვირუსებსა და არც ბაქტერიებს არ მიაკუთვნებენ.
რისკიც არის და რისკიც
არიან ადამიანები, რომლებსაც ფილტვების ანთება იოლად ემართებათ. პნევმონიის განვითარების რისკს ზრდის:
. ასაკი. ფილტვების ანთება იოლად ემართებათ 65 წელს გადაცილებულებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, მეტადრე – ჩვილებს, რომელთა იმუნური სისტემა მოუმწიფებელია და დაავადების გამომწვევთან ბრძოლის უნარი არ შესწევს.
. დაავადებები, რომლებიც მკვეთრად აქვეითებს იმუნიტეტს. ასეთებია, მაგალითად, აივ ინფექცია და შიდსი, გულის დაავადებები და, რაღა თქმა უნდა, თვით ფილტვის სნეულებები, რომლებიც ამ ორგანოთა ფუნქციას ასუსტებს. მათ შორის აღსანიშნავია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ).
. ქიმიოთერაპია და იმუნოსუპრესორების ხანგრძლივი მიღება, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. გამოკვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ სასხურებელი კორტიკოსტეროიდის (სპრეის) 24 კვირაზე მეტხანს გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს.
. სიგარეტის წევა. ეს მავნე ჩვევა საგრძნობლად აქვეითებს ფილტვის ქსოვილის დამცველობით უნარს და მავნე ბაქტერიებისა და ვირუსების შეჭრისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
. ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება. თუ ადამიანს ისეთი პროფესია აქვს, რომ გამუდმებით უწევს ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი, პნევმონიის განვითარების ალბათობაც დიდია.
ფილტვების ანთება, ერთი შეხედვით, იოლად დასამარცხებელ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, თუმცა კი შესაძლოა, სხვადასხვა მძიმე გართულებას დაუდოს სათავე, მათ შორის:
. ბაქტერიემიასა და სეპტიკურ შოკს. ფილტვებიდან ბაქტერიამ შესაძლოა სისხლძარღვებში გადაინაცვლოს, სისხლის მეშვეობით სხვა ორგანოებამდეც მიაღწიოს და მათი ინფიცირება და ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. ისიც შეიძლება, ბაქტერიები სისხლძარღვებში სწრაფად გამრავლდნენ და სისხლის დინება შეაფერხონ, რასაც სისხლის კაპილარებიდან გამოჟონვა, ქსოვილების შეშუპება, ორგანოთა ფუნქციების მკვეთრი და ზოგჯერ შეუქცევადი დარღვევა მოჰყვება. არც ლეტალური შედეგია გამორიცხული;
. სითხის დაგროვება პლევრის ღრუში და პლევრიტი;
. ფილტვის აბსცესი – ფილტვის ქსოვილში ჩირქოვანი კერის ჩამოყალიბება;
. მწვავე რესპირაციული დისტრესსინდრომი. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ანთებით პროცესში ორივე ფილტვია ჩართული და სასუნთქი ზედაპირი იმდენად არის შემცირებული, რომ ორგანიზმი საჭირო ოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს. ყველაზე ხშირად ეს სინდრომი ფქოდ-ის ფონზე ვითარდება.
კვლავ ანტიბიოტიკების შესახებ
ბაქტერიული ფილტვების ანთების სამკურნალო ყველაზე ეფექტურ საშუალებად დღემდე ანტიბიოტიკები მიიჩნევა, მაგრამ თუ გამომწვევი ვირუსია, მას მხოლოდ და მხოლოდ ანტივირუსული მკურნალობა დაამარცხებს. მიკროორგანიზმის გამანადგურებელ წამალთან ერთად ექიმი ხშირად ნიშნავს სიცხის დამწევ და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.
პნევმონია ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთს მაინც უხდება საავადმყოფოში დაწოლა. სახელდობრ, მათ, ვისი ასაკიც აღემატება 65 წელს, ვისაც აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და უქვეითდება არტერიული წნევა.
გახსოვდეთ!
ფილტვების ანთების დროს:
. ერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას, რაც შეიძლება მეტხანს დაისვენეთ.
. თუნდაც სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდეს და თავი კარგად იგრძნოთ, ერიდეთ შინიდან გასვლას.
. სვით რაც შეიძლება მეტი სითხე.
. არამც და არამც არ შეწყვიტოთ მკურნალობა. თუ ანტიბიოტიკების მიღება შუა გზაზე მიატოვეთ, ბაქტერიების რეზისტენტული (წამალგამძლე) ფორმები ჩამოყალიბდება და შემდგომი მკურნალობა ფუჭი გახდება.
პნევმონიის ალბათობას შეამცირებთ, თუ:
. აიცრებით გრიპზე;
. აიცრებით პნევმოკოკზე – თუ ამგვარი ვაქცინა თქვენს ქვეყანაში არსებობს;
. ხშირად დაიბანთ ხელებს. თუ თქვენს სამუშაო გარემოში ამის საშუალება იშვიათად გეძლევათ, გამოიყენეთ სპეციალური ჟელე-სანიტაიზერი, რომელიც ეფექტურად სპობს მიკროორგანიზმებს;
. ერიდეთ სიგარეტს;
. ივარჯიშეთ;
. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.
ხველაც არის და ხველაც
ერთი წამოხველებაც საკმარისია, რომ დამფრთხალმა მშობლებმა პაწია ექიმთან გააქანონ. ისეც ხდება, რომ ადამიანი თვეობით ახველებს და აზრადაც არ მოსდის, ექიმს გაესინჯოს. მაინც რამდენაც საშიშია ხველა? ეგებ ყურადღებადაც არ ღირს? თუ ხველაც არის და ხველაც? მოდი, ერთად გავარკვიოთ.
ხველა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც გამიზნულია სასუნთქი გზებიდან ექსუდატის, უცხო სხეულის, მტვრის, ანუ ყოველივე იმის მოსაცილებლად, რაც, წესით, სასუნთქ გზებში არ უნდა იყოს. ხველის რეფლექსს განსაზღვრავს ცდომილი ნერვის აღმავალი ტოტი და აკონტროლებს თავის ტვინის ქერქი. ზოგჯერ ხველა ქცევის გამოვლინებაა (მაგალითად, ფსიქოგენური ხველა). რეფლექტორული ხველა პლევრის გაღიზიანების დროსაც აღმოცენდება. ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი ეფექტიც სწორედ ხველით იჩენს თავს.
ამრიგად, ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
. მწვავე რესპირაციულ-ვირუსული ინფექცია;
. მწვავე ბრონქიტი;
. ქრონიკული ბრონქიტი;
. რინოსინუსიტი.
. ბრონქული ასთმა;
. გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
. ყივანახველა;
. თამბაქოს წევა;
. ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ემფიზემა, სარკოიდოზი);
. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები (მაგალითად, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა);
. ფილტვის კიბო;
. სასუნთქი სისტემის ინფექციები (ტუბერკულოზი, ფილტვების ანთება, ფილტვის აბსცესი);
. პანკრეასის კისტური ფიბროზი, იგივე მუკოვისციდოზი;
. უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ სისტემაში.
იცოდით, რომ, ამჟამად მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, ბავშვებს ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზს არ უსვამენ? ამ ასაკში ბრონქების ქრონიკული ანთება ყოველთვის მეორეულია და გამოწვეულია სასუნთქი სისტემის სტრუქტურული ცვლილებებით ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ამა თუ იმ დაავადებით, მაგალითად, პანკრეასის კისტოფიბროზით, იმავე მუკოვისციდოზით.
სხვადასხვანაირი ხველა
ხველა შეიძლება განვასხვაოთ:
• ხანგრძლივობის მიხედვით:
. მწვავე – გრძელდება 3 კვირამდე;
. ქვემწვავე (მოზრდილებისთვის) – 4-8 კვირა;
. ქრონიკული: მოზრდილებისთვის – 8 კვირაზე მეტხანს; ბავშვებისთვის – 4 კვირაზე მეტხანს;
* ნახველის გამოყოფისა და ხმიანობის მიხედვით:
. მშრალი, ანუ ნახველის გამოყოფის გარეშე მიმდინარე (სასუნთქი სისტემის ვირუსული და მიკოპლაზმური ინფექციები, ფილტვის ტუბერკულოზი, უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ სისტემაში, პლევრიტი, ყივანახველა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, სხვადასხვა ნივთიერების – მტვრის, კვამლის – ჩასუნთქვა);
. ექსუდაციური ანუ სველი, რომელიც მიმდინარეობს ნახველის გამოყოფით (ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქოექტაზია, ტუბერკულოზი);
. ე. წ. მყეფავი ხველა (ყივანახველა, კრუპი);
. ხველა რეპრიზებით – ერთ ჩახველებას კიდევ რამდენიმე მოჰყვება (მაგალითად, ყივანახველის შემთხვევაში);
* ეტიოლოგიურად, ანუ მიზეზის მიხედვით:
. სპეციფიკური, რომელიც უკავშირდება სასუნთქი სისტემის სხვადასხვა სიმპტომს ან სინდრომს;
. არასპეციფიკური, რომელიც არ უკავშირდება რესპირაციული სისტემის პათოლოგიას;
. მოსალოდნელი, ანუ ნორმალური ხველა (პათოლოგიად არ მიიჩნევა). ეს არის მდგომარეობა, როდესაც ზრდასრული ადამიანი საათში 1-2-ჯერ, ანუ 24 საათის განმავლობაში 24-48-ჯერ წამოახველებს. ბავშვებში საქმე ცოტა სხვაგვარადაა: ჯანმრთელი ბავშვისთვის, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ გადაუტანია ზედა სასუნთქი გზების ინფექცია და არც ხველის მიზეზზე მიმანიშნებელი სხვა სიმპტომი გამოვლენია, ნორმად მიიჩნევა 24 საათის განმავლობაში ხველის საშუალოდ 10 ეპიზოდი.
ზოგჯერ მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი პატარა კი არ ახველებს, ყეფს. ასეთ ხმას შეშუპებული სასუნთქი გზები (უპირატესად – ტრაქეა, ხორხი) გამოსცემს. სასუნთქი გზების ასეთ შეშუპებას პედიატრები კრუპს უწოდებენ.
კრუპს ყველაზე ხშირად ვირუსი იწვევს, თუმცა არ არის გამორიცხული, მიზეზად ალერგია ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც იქცეს. ხველის ასეთი შეტევები უმეტესად ღამღამობით ვითარდება.
რაც უფრო მცირე ასაკისაა პატარა და რაც უფრო ვიწრო აქვს სასუნთქი გზები, მით უფრო იოლად ვითარდება კრუპი. როგორც პედიატრები აღნიშნავენ, სმ თვალსაზრისით ყველაზე საშიში სამ წლამდე ასაკი ყოფილა.
ძალიან შემაწუხებელია ყივანახველა – ბაქტერიული ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც შემტევი ხველა ბავშვს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და დაუძლურებული პატარა შეტევის ბოლოს თითქოს ყივილით ამოისუნთქავს ხოლმე.
ყივანახველა განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს აუცრელ ბავშვებში. ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმური და რამდენიმეჯერადია და დტყ (დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველა) ვაქცინის შემადგენლობაში შედის.
ყივანახველა იოლად გადამდები დაავადებაა, რომელსაც ხველასთან ერთად ტემპერატურის მატება, სურდო, ცხვირცემინება და საერთო სისუსტე ახასიათებს. ინფექცია ვრცელდება როგორც ჰაერწვეთოვანი (ხველისას, ცემინებისას), ისე ალიმენტური გზით – ბაქტერიები შესაძლოა ხელზე ან საკვებზე მოხვდნენ და მათი პირში ჩადებისას ჯანმრთელ ორგანიზმშიც მოიკიდონ ფეხი.
მსტვენი ხველა უფრო ქვედა სასუნთქი გზების შეშუპებაზე მიუთითებს.
სხვა დაავადებები
ქრონიკული ხველის დროს, უწინარეს ყოვლისა, ასთმა უნდა გამოირიცხოს, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ის არის ასეთი ხველის მიზეზი. ამასთან, მწვავე ბრონქიტი შეიძლება იყოს ასთმის გამოვლინებაც, რის გამოც მათ ერთმანეთისგან განსხვავება ზოგჯერ ჭირს. გაძნელებული სუნთქვა, ხიხინი, გულმკერდის შებოჭილობა, ამოსუნთქვის გახანგრძლივება, მუდმივი, პერსისტული (მდგრადი) ხველა ღამით ან გამთენიისას უმეტესად ასთმაზე მიუთითებს, თუმცა ამ დაავადების ხველით მიმდინარე ვარიანტი სრულყოფილი სახით შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ღამის ხველას ბრონქების მომატებული რეაქტიულობის მქონე პაციენტთა მხოლოდ მესამედი უჩივის; 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების 56%-ს ასეთი ხველა მალევე უწყდება, 37%-ს გრძელდება და მხოლოდ 7.2%-ს გადაეზრდება ბრონქოკონსტრიქციასა და მსტვენ სუნთქვაში. გასტროეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული ხველა უნდა ვივარაუდოთ, როდესაც ქრონიკული ხველის მქონე პაციენტები უჩივიან ყოველდღიურ გულძმარვას და რეგურგიტაციას – კუჭის შიგთავსის ამოსვლას პირის ღრუში. ასეთ დროს ანტირეფლუქსური თერაპია პრაქტიკულად ყოველთვის ამცირებს ხველას და აუმჯობესებს მდგომარეობას. ბავშვებში ამ მდგომარეობით გამოწვეული ხველა იშვიათია (თუმცა ეს საკითხი სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი). იზოლირებული ხველა გასტოეზოფაგური რეფლუქსის თაობაზე ეჭვის ნაკლებ საფუძველს იძლევა, ვიდრე მოზრდილებში, თუმცა ჩვილებში იზოლირებული ხველა შესაძლოა არასპეციფიკური ხველის გამოხატულება იყოს. სინუსიტების დროს თავს იჩენს პერსისტული ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით. სინუსიტი წიაღების ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც უმეტესად რინიტის, ანუ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების ფონზე მიმდინარეობს, ამიტომ რინოსინუსიტის სახელწოდებით არის ცნობილი. თუ ხველას კავშირი აქვს ცხვირის გაჭედვასთან, ცხვირიდან გამონადენის არსებობასა და სახის არეში ტკივილთან, უწინარეს ყოვლისა, სწორედ რინოსინუსიტია სავარაუდო.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სასუნთქი სისტემის ეკოლოგიურად განპირობებული ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებას, ორგანიზმზე გარეგანი გამღიზიანებელი ფაქტორების (მტვრის, კვამლის) ზემოქმედებასა და გარემოს დაბინძურებას უკავშირდება. ამ დაავადების ადრეული ნიშნებია ხველა, ნახველის გამოყოფა და მზარდი ქოშინი. აქვს პროგრესირებადი ხასიათი, მიმდინარეობს სუნთქვის ქრონიკული უკმარისობითა და ფილტვისმიერი გულის სინდრომით. დადგენილია, რომ ქრონიკული ხველის მქონე პაციენტებში თამბაქოსთვის თავის დანებება ასიდან თითქმის ოც შემთხვევაში ხველის შეწყვეტას იწვევს.
ხველა ნახველის გამოყოფით ან მის გარეშე ვირუსული ინფექციით გამოწვეული სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილის პათოლოგიის, ბრონქიოლიტის, განუყრელი სიმპტომია. ეს დაავადება უმეტესად ორ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. კრუპის სინდრომისთვის, რომელიც ასევე ხშირად გვხვდება 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, დამახასიათებელია მყეფავი ხველა ხმის ჩახლეჩასა და ინსპირაციულ სტრიდორთან – უხეშ სუნთქვით ხმიანობასთან ერთად.
თუ ბავშვს უეცრად გაუჭირდა სუნთქვა, აუვარდა ხველა და განუვითარდა სტრიდორი (უხეში სუნთქვითი ხმიანობა) სიცხისა და ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების გარეშე, უნდა ვიფიქროთ, რომ სასუნთქ სისტემაში (ხორხში, ტრაქეაში, საყლაპავ მილში) უცხო სხეული გადასცდა. ასეთი რამ უმეტესად 4 წლამდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით ბიჭებს ემართებათ. მუკოვისციდოზს, ანუ პანკრეასის კისტოფიბროზს (ინგლისურენოვან ლიტერატურაში – ცისტურ ფიბროზს), ბავშვებში შედარებით იშვიათად არსებულ ამ პათოლოგიას, ახასიათებს შეტევითი, ხანგრძლივი მშრალი ხველა, რომელიც მერე და მერე მუდმივ ხასიათს იღებს და ერთვის დიდი რაოდენობით ბლანტი, ძნელად ამოსაღები ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი. ამ დროს ირღვევა არა მარტო სასუნთქი, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე – სხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქცია. უხეში ხველა ახასიათებს ტრაქეისა და ბრონქების თანდაყოლილ ანომალიებს. ზოგჯერ ხველა შუა ყურის ანთების სიმპტომია. ადამიანთა მცირე ნაწილს აქვს ცდომილი ნერვის ყურის ტოტი, რომლის გაღიზიანებამაც შესაძლოა ხველა გამოიწვიოს. ხველის პროვოცირება ასევე შეიძლება მოახდინოს სასმენი არხების გაღიზიანებამ გოგირდის საცობით, უცხო სხეულით, ყურის ინფექციამ. გასათვალისწინებელია სიცივეში და ფიზიკური დატვირთვის დროს განვითარებული ხველაც, რათა ბრონქოსპაზმის არსებობა გამოირიცხოს. ფსიქოგენური ხველა ბავშვებში შედარებით იშვიათია. მას მაშინ ვარაუდობენ, როდესაც დეტალური გამოკვლევის შემდეგ გამორიცხავენ ხველის ყველა სხვა მიზეზს და ქცევის მოდიფიცირების შემდეგ მდგომარეობაც უმჯობესდება. ასეთი პაციენტებისთვის დამახასიათებელია ხმამაღალი საუბარი და ხველა ან მისი გაძლიერება განსაზღვრულ სიტუაციებში.
შედარებით იშვიათია მედიკამენტებით, მაგალითად, ანგიოტენზინრეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებებით, ბეტაბლოკერებით გამოწვეული ხველა (აღნიშნული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში). მედიკამენტის მოხსნიდან 1-4 კვირის განმავლობაში ხველის შეწყვეტა ადასტურებს, რომ ხველა წამლით იყო გამოწვეული. ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით გამოწვეული ხველა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ამ კავშირის მიზეზი უცნობია. მოზრდილებში აღწერილია ომეპრაზოლით (კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალება) გამოწვეული ხველა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაა ამ მხრივ ბავშვებში.
სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო საინჰალაციო საშუალებების გამოყენებისას გვერდითი ეფექტი შესაძლოა ხველაც იყოს. სკოლამდელი და ადრეული ასაკის ბავშვთა 10%-ზე ნაკლებს აღენიშნება პერსისტული ხველა, რომელიც არ უკავშირდება არც გაციებას და არც სუნთქვის გაძნელებას. ხშირად მიზეზი გარეგანი ფაქტორების, მტვრის, ნესტის ზემოქმედებაა. დადგენილია, რომ ქრონიკულ ხველას უჩივის 11 წლამდე ასაკის ბავშვთა 50%, რომელთა ორივე მშობელი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია.
ამოვახველოთ?
თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ხველის დროს აუცილებელი არ არის დაინიშნოს ხველის დამრთგუნველი საშუალებები, მათი გამოყენება არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, უფრო მეტიც – ნახველის გადაადგილების შეფერხებამ შესაძლოა ბაქტერიულ გართულებას შეუწყოს ხელი. ამდენად, შევთანხმდეთ: ხველა ცუდი არ არის. წარმოიდგინეთ მტვრითა და ნახველით დაბინძურებული სასუნთქი გზები და მიხვდებით, რომ ხველა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მათგან გაგვათავისუფლებს. სწორედ ხველის წყალობით ვერ აღწევს ფილტვებამდე უცხო ნაწილაკები და წებოვანი ნახველი, რომელიც ბრონქებში გროვდება და ქვემოთ მიიწევს.
სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების (მაგალითად, გადაცდენილი სითხის) ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერად ახველებს ადამიანს და უკეთ ამოაქვს ნახველი, მით უკეთესია. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები ამოსახველებელი საშუალებების მიღებას.
თუ ადამიანს ნახველი აქვს, ხველის დათრგუნვა არამც და არამც არ შეიძლება. ამიტომაც არის, რომ ხველის დამთრგუნველი მედიკამენტები გაცილებით იშვიათად ინიშნება, ვიდრე ამოსახველებელი. მისი მიღება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი, მეტადრე – ბავშვი ან მოხუცი, რამდენიმე დღეა მშრალად ახველებს და ხველამ დააუძლურა (ასეთი რამ ხდება ყივანახველის და ალერგიული წარმოშობის სპაზმური ხველის დროს).
გაითვალისწინეთ, რომ გაციებულ ბავშვს თითქმის ყოველთვის ახველებს. ასეთი ხველა დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება და შემდეგ თავისთავად გაივლის. შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გასტანოს, მაგრამ ნურც ეს შეგაშფოთებთ. აი, თუ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ კი ექიმთან წასვლა ნამდვილად გმართებთ. თუ ხველამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, შესაძლოა, ეს რომელიმე ქრონიკული დაავადების, მაგალითად, ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის ნიშანი იყოს.
მიიჩნევა (ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ ამერიკელ პედიატრებს), რომ თუ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს წელიწადში სამ-ოთხჯერ ხვდება რესპირაციული ინფექცია, საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ უფრო ხშირად ავადმყოფობს, თანაც მძიმედ და დიდხანს, გაღრმავებული გამოკვლევა და შედარებით ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.
საუკეთესო წამალი
სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, რომლებიც წელიწადის ცივ დროს იჩენს ხოლმე თავს, დროული ყურადღების შემთხვევაში იოლად იკურნება – თანამედროვე სამკურნალწამლო საშუალებების არსენალი მდიდარიც არის და საკმაოდ ეფექტურიც.
გასაკვირი არ არის, რომ ცივ სეზონზე აფთიაქებში ამოსახველებელ საშუალებებზე მოთხოვნა ერთიათად იზრდება.
ეფექტური ამოსახველებელი საშუალებებია: ლიზლი (ამბროქსოლი), რომელსაც მუკოლიზური ანუ ნახველის გამათხიერებელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს; მელონი (ამბროქსოლი, სალბუტამოლი, გვაიფენეზინი), რომელსაც, გარდა ამოსახველებელი და მუკოლიზური ეფექტისა, ბრონქოლიზური მოქმედებაც ახასიათებს, ფლუიფორტი, დოქტორ ტაისის “მრავალძარღვა” და სხვა.
მშრალი, ანუ ნახველის წარმოუქმნელად მიმდინარე ხველის დროს, თუ ის ძლიერ შემაწუხებელია, ხველის დამთრგუნველ საშუალებებს დაგინიშნავენ. ასეთებია მაგიტუსი (დექსტრომეტორფანი, ქლორფენამინი), ბროვინი, პრივიტუსი, ლიბექსანი.
ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობა უმთავრესად მისი მიზეზისკენ არის მიმართული. მათთვის, ვისაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს, მეტად მნიშვნელოვანია ბრონქების გამაფართოებელი, ნახველის გამოძევების ხელშემწყობი საშუალებები. ასეთებია: ბრონქოდილატატორები, რომელთა ინჰალაციაც შეიძლება გახდეს საჭირო და ჰორმონული პრეპარატები (ბეროდუალი, ბეროტეკი). ქრონიკული ბრონქიტის დროს არც ოქსიგენოთერაპიაა გამორიცხული.
ყელის ტკივილის დროს ექიმები ხშირად ურჩევენ ადგილობრივ საშუალებებს, მათ შორის – საწუწნ აბებსაც, მაგალითად, ლივ-ანგინს.
თუ გაციება, ანგინა ან ფილტვების ანთება მაღალი ტემპერატურით მიმდინნარეობს, აუცილებელია სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება. ასეთებია ეფექტი ფლუ, ეფექტი, ცე, პაკოლი, დოლიპრანი, ნუროფენი...
თუ სასუნთქ სისტემაში ბაქტერიებმა დაიდეს ბინა, ყველაზე ეფექტური გზა ანტიბიოტიკებით მკურნალობაა. მათ შორის აღსანიშნავია ავექსონი, დომინალი, კვადიმაქსი, სპერექსი, ტოპტი.
ვირუსული ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიღება გაუმართლებელია. ამ დროს ექიმი ანტივირუსულ პრეპარატს ნიშნავს, მაგალითად, ლემუდორს, "დოქტორ ტაისის ექინაცეის პრეპარატებს.
ისევ და ისევ ლიმონი
გაციების, ყელის ტკივილის დროს ძალიან ეფექტურია ლიმონი, უფრო სწორად, ლიმონიანი ჩაი.
ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონმჟავათი, შაქრებით (გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით), C, A, B და D ვიტამინებით, ეთერზეთებით.
სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში ჩ ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით, ციტრინით. არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს. ასეთივე მოქმედება, თუმცა ნაკლები ხარისხით, ახასიათებს ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს.
ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
ლიმონი სასარგებლოა სასუნთქი გზის ვირუსული პათოლოგიების, ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც.
ავიტამინოზის დროს, სასურველია, სვათ ლიმონის ახალგამოწურული, გაუზავებელი წვენი. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაატკბოთ თაფლით.
ეფექტიანია ლიმონის ნაყენიც, რომელიც ასე მზადდება: ნახევარ ჭიქა დაქუცმაცებულ წიწვს დაასხით 600 გ ცივი წყალი, ჩააწურეთ ერთი ლიმონი და ორი დღით სიბნელეში დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ ან მოურიეთ. მიიღეთ დღეში 200 გრამი.
ასევე: 2-4 ლიმონი 400 გ ნიორთან ერთად დაკეპეთ და 15-20 დღით დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ერთ ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად (გახსენით წყალში და დალიეთ, ან კოვზით მიიღეთ და დააყოლეთ) ძილის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.გაციების დროს: ლიმონი წვრილად დაკეპეთ, უხვად დააყარეთ შაქარი და წუწნეთ. ძალიან კარგია ყელის ტკივილისა და მაღალი სიცხის დროს.
ანგინის დროს ნახევარი ლიმონის წვენი გააზავეთ იმავე მოცულობის წყლით და ყელში გამოივლეთ.
მაღალი ტემპერატურის დროს და გრიპის პროფილაქტიკის მიზნით ლიმონი დამდუღრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 100 გ კარაქი, 1-2 ს.კ. თაფლი და პატარ-პატარა ულუფებად მიირთვით.