ხანდაზმულთა ანემია

გააზიარე:

80 წლის ოლგა ბებია რამდენიმე წელია მარტო ცხოვრობს. დამსახურებული პედაგოგი ბედის უკუღმართობამ მარტო დატოვა. გაჭირვებამ მისი შვილები უცხოეთში წაიყვანა. იქიდან შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, მაგრამ მოხუცს საკუთარი თავის მოვლა უკვე უჭირს, ბოლო დროს დასუსტდა, თავბრუხვევები დასჩემდა, ამას წინათ კი საწოლიდანაც ვეღარ ადგა. კიდევ კარგი, გულისხმიერი მეზობლები ჰყავს – სასწრაფო გამოიძახეს და კლინიკაში წაიყვანეს. ოლგა ბებიას კრიტიკული ანემია აღმოაჩნდა – სისხლში ერითროციტები ნორმაზე სამჯერ ნაკლები იყო.

ოლგა ბებია ერთ-ერთია იმ მრავალ მოხუცს შორის, რომლებიც ღრმა ანემიის გამო სტაციონარში მოხვდნენ. იმის შესახებ, რა იწვევს ასაკოვან პირებში ანემიას, როგორ ვლინდება ის ან როგორ შეიძლება მისი მკურნალობა, ექიმი ჰემატოლოგი, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ეკა იმედაშვილი გვესაუბრება.

 

– 21-ე საუკუნემ ჩვენს ქვეყანაში მრავალი პრობლემა წამოსწია წინ. განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა ანემიები. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო შვილებმა მიატოვეს მშობლები და ლუკმაპურის საძებნელად უცხოეთში წავიდნენ. მშობლები მარტო დარჩნენ, ასაკი მოემატათ, ხანდახან წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავთ; მათი რაციონი შეიცვლა, ერთფეროვანი გახდა, ხორცი ფაქტობრივად გამოირიცხა. ვინაიდან სასწრაფო, ურგენტულ შემთხვევებს საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს, ასეთი მოხუცები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. სისხლის საერთო ანალიზით – ამ მარტივი, იაფი კვლევით – მათ უმრავლესობას ღრმა ანემია დაუდგინეს.

ოლგა ბებოს შემთხვევაშიც ასე მოხდა – ძვლის ტვინის პუნქტატის შესწავლამ ვიტამინ B12-დეფიციტური ანემია დაადასტურა. მაშინვე დავიწყეთ ადექვატური მკურნალობა. ინექციის მეორე დღესვე მან საწოლიდან დამოუკიდებლად წამოდგომა შეძლო, გამოჯანსაღების შემდეგ კი ბინაზე გავწერეთ. დღეს სრულფასოვან ცხოვრებას ეწევა და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

– როდის უნდა ვიეჭვოთ ანემია, გარდა სისუსტისა, რა აწუხებს ამ დროს პაციენტს?

– ისე სუსტდებიან, რომ კიბეზე ასვლაც კი უჭირთ, უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი გულის ფრიალი და ქოშინი ეწყებათ, თავბრუ ეხვევათ. კანი და ხილული ლორწოვანი გარსები ძლიერ უფითრდებათ. ამას ზოგჯერ თავადაც ამჩნევენ სარკეში ჩახედვისას, ზოგჯერ ახლობლები ეუბნებიან. წესით, ამ ეტაპზე ადამიანი უკვე უნდა დაეჭვდეს, რომ რაღაც ვერ აქვს რიგზე და სისხლის საერთო ანალიზი ჩაიტაროს. მით უმეტეს, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ოჯახის ექიმის მომსახურებაც და სისხლის საერთო ანალიზიც უფასოა. დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით, სავსებით შესაძლებელია, სტაციონარული მკურნალობა არ გახდეს საჭირო.

თუ პაციენტმა არ იმკურნალა, ანემია გაღრმავდება და მისი სხვა სიმპტომებიც იჩენს თავს: თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, მეხსიერების გაუარესება, ხველისას უნებლიე შარდვა, პარესთეზიები (ხელ-ფეხის დაბუჟება), ენის წვა, მტკივნეულობა, ყლაპვის გაძნელება, ცნობიერების დაბინდვა. შესაძლოა, საქმე კომამდეც კი მივიდეს და პაციენტს სტაციონარში მოუწიოს მკურნალობა. ანემიური ღრმა კომის განვითარების შემთხვევაში მას მართვითი სუნთქვა დასჭირდება, შესაძლოა, ცნობიერება ვეღარ აღუდგეს და სიცოცხლის დარჩენილი წლები უუნარო მდგომარეობაში გაატაროს.

– უმთავრესად რა იწვევს ანემიას და რომელ ასაკობრივ ჯგუფებში ვითარდება ის?

– ანემია შესაძლოა გამოიწვიოს რკინის დეფიციტმა, ვიტამინ B12-ის დეფიციტმა, ფოლიუმის მჟავას დეფიციტმა, სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების დაშლამ (ჰემოლიზური ანემია). ჰემოლიზური ანემიის მიზეზის აღმოსაჩენად დამატებითი გამოკვლევაა საჭირო, მაშინ როდესაც სხვა ტიპის ანემიების მიზეზს შესაძლოა სისხლის საერთო ანალიზის პასუხის საფუძვლიანი შესწავლითაც მივაგნოთ.

ფიზიოლოგიურ თავისებურებათა გამო რკინადეფიციტური ანემია უპირატესად ქალებს ემართებათ – მათ ხშირად მოუწესრიგებელი აქვთ მენსტრუალური ციკლი და ჰგონიათ, შვიდდღიანი მენსტრუაცია ნორმაა. სისხლთან ერთად ორგანიზმიდან იკარგება რკინაც, საკვების მეშვეობით კი მისი მარაგი სათანადოდ არ ივსება. ამ პერიოდში ქალები დაორსულებას და შვილის გაჩენასაც ასწრებენ, ორსულობისა და ძუძუს წოვებისას კი უფრო მეტი რკინა იხარჯება. თუ ამ დროს დიაგნოზი არ დაისვა და ადეკვატური მკურნალობა არ ჩატარდა, ვითარება უფრო მეტად დამძიმდება.

B12-დეფიციტური ანემია ხშირად ემართებათ 70 წელს გადაცილებულებს, თუ მათ რაციონში არ არის ხორცი – ვერ ახერხებენ მის შეძენას, ვეგეტარიანელები არიან ან დარღვეული აქვთ რკინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების გამო. ახალგაზრდებსა და ბავშვებს ამ ტიპის ანემია არ უვითარდებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს გადატანილი აქვს ისეთი ოპერაცია, რომელიც ნაწლავიდან საკვების შეწოვას არღვევს.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემია ცალკე, იზოლირებულად, მხოლოდ ორსულებთან, მეძუძურ დედებსა და ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებლებთან გვხვდება – რაც უნდა ერთფეროვანი იყოს ჩვენი რაციონი,საქართველოში მწვანილეულს მაინც იღებს ადამიანი, ალკოჰოლი კი ფოლიუმის მჟავას შთანთქავს. შეგახსენებთ, რომ სპინა ბიფიდას და ნაყოფის სხვა პათოლოგიების პროფილაქტიკისთვის ორსულმა აუცილებლად უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა.

– როგორ ადგენენ ანემიის მიზეზს?

– გამოცდილ სპეციალისტს დეტალური ანამნეზის (ავადმყოფობის ისტორიის) და პროფესიონალ ექიმ ლაბორანტის მიერ ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის პასუხის საფუძველზეც შეუძლია ანემიის ხასიათის დადგენა. ვიტამინ B12-დეფიციტური ანემიის დროს ერითროციტები უფრო დიდია. მათ მაკროციტებს ვუწოდებთ. ასეთ ერითროციტებში არის ჟოლის სხეულაკები და კებოტის რგოლები. შეინიშნება სხვა ცვლილებებიც. დიაგნოზის დასადასტურებლად ძვლის ტვინის პუნქციას მივამართავთ. ასევე ვიკვლევთ სისხლში რკინისა და ფერიტინის რაოდენობას.

B12-დეფიციტურ ანემიაზე ეჭვის შემთხვევაში ძვლის ტვინის პუნქციის ჩატარებისკენ გაიდლაინებიც მოგვიწოდებს, რადგან მსგავსი სიმპტომატიკა და ლაბორატორიული სურათი სხვა დაავადებებსაც ახასიათებს. მაგალითად, სისხლის სისტემურ დაავადებას – ერითრომიელოზს. B12- დეფიციტური ანემია ხშირად სიმსივნური დაავადების ირიბი სიმპტომია. ძვლის ტვინის პუნქციით შესაძლებელია სიმსივნური დაავადების მეტასტაზის აღმოჩენაც. ეს ერთი საშუალოდ მტკივნეული მანიპულაცია მრავალი დიაგნოზის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, ამიტომ მასზე უარი არ უნდა ვთქვათ, რათა ექიმს შეცდომა არ მოუვიდეს და ოპტიმალური, მიზანმიმართული მკურნალობა დანიშნოს.

B12-დეფიციტური ანემიის მკურნალობის პროცესში და მის შემდეგ ძვლის ტვინის პუნქცია საჭირო არ არის.

რკინადეფიციტურ ანემიაზე ეჭვის შემთხვევაში სასურველია, შრატის რკინა და ფერიტინიც შემოწმდეს – მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზმა რკინის დეფიციტი შესაძლოა არ გამოავლინოს. ამ დროს ერითროციტების რაოდენობა არცთუ შესამჩნევადაა შემცირებული, მაგრამ ნაკლებია მათში ჰემოგლობინის შემცველობა. დამატებითი გამოკვლევები ექიმს იმის გადაწყვეტაშიც დაეხმარება, რა ფორმით დაინიშნოს რკინის პრეპარატი – ტაბლეტის, კუნთშიდა ინექციის თუ ვენური ინექციის სახით.

– რა წესების დაცვაა საჭირო საერთო ანალიზისთვის სისხლის ჩაბარებისას?

– საერთო ანალიზისთვის სისხლის აღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში ყოველგვარი პირობის დაუცველად: არ არის საჭირო უზმოდ ყოფნა, მენსტრუაციისგან თავისუფალი დღეები ან რომელიმე რეგულარულად მისაღები მედიკამენტის შეწყვეტა.

– რამდენად ეფექტიანია ანემიების მკურნალობა და სრული განკურნებისთვის რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ის?

– ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა B12-დეფიციტური ანემიის მკურნალობისას. ადამიანი, რომელიც კიბის ორიოდე საფეხურზე ავლის შემდეგ საშინელ სისუსტეს გრძნობდა, გულის ფრიალი, ქოშინი უვარდებოდა, ვიტამინ B12-ის პირველივე ინექციის შემდეგ ენერგიის ისეთ მოზღვავებას გრძნობს, ჰგონია, მთებს გადადგამს. თუმცა მკურნალობა დიდხანს გრძელდება. კურსის დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს უნდა შემოწმდეს რეტიკულოციტული კრიზი, რომელიც ძვლის ტვინში ჰემოპოეზის (სისხლწარმოქმნის) გააქტიურებაზე მიუთითებს. რეტიკულოციტური კრიზი სწორი დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის ერთ-ერთი ნიშანიცაა.

B12 ინექციების სახით ინიშნება და კუნთში კეთდება. სასურველია ნემსის გაკეთება დღის პირველ ნახევარში, რადგან პრეპარატი ოდნავ მაღლა სწევს წნევას, ასაკოვან პაციენტებს კი ხშირად აქვთ ჰიპერტონიული დაავადება. ვინაიადან მდგომარეობა მალევე უმჯობესდება, პაციენტი მკურნალობას აგრძელებს ბინაზე ან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის შეცვლა. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხორცის პროდუქტებით მდიდარი. ხორცი, გარდა იმისა, რომ ვიტამინ B12-ს შეიცავს, რკინის ყველაზე მდიდარი წყაროცაა. ეს ელემენტი მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ვაშლში, ბროწეულში, ჭარხალში.

რაც შეეხება რკინადეფიციტურ ანემიას, მას მკურნალობენ რკინის შემცველი პრეპარატების სხვადასხვა ფორმით – როდესაც ადამიანს კუჭ-ნაწლავიდან შეწოვა აქვს დარღვეული, დასალევი ფორმის მიღება რეკომენდებული არ არის, წამალი კუნთში ან ვენაში კეთდება.

ხშირად პაციენტები რკინის პრეპარატის მიღებას რამდენიმე დღეში წყვეტენ, ეს კი დიდი შეცდომაა. ორ კვირაში რკინის მარაგი ვერ შეივსება, მხოლოდ პირველადი ეფექტი გახდება თვალსაჩინო – გამოკეთდება პაციენტის საერთო მდგომარეობა: აღარ შეაწუხებს ქოშინი, გულის ფრიალი... მაგრამ თუ პრეპარატის მიღებას თავი დავანებეთ, პრობლემა ხელახლა იჩენს თავს, ამიტომ ანემია ბოლომდე უნდა აღმოიფხვრას, რასაც შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

– რა სიხშირით კონტროლდება სისხლი მკურნალობის შემდეგ?

– მდგომარეობის კონტროლისთვის სისხლის საერთო ანალიზი B12-დეფიციტური ანემიის დროს პირველად მკურნალობის დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს ტარდება, რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში – 1 თვეში. მინდა, იდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის დიდ მნიშვნელობას. ამ პროგრამით განხორციელებული მკურნალობის ფარგლებში  უამრავი ადამიანი განიკურნა და დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას.

დასასრულ, ყველას გირჩევთ, არ დაიზაროთ და სისხლის საერთო ანალიზი წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთოთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: