სათესლე ჯირკვლის ტკივილი

გააზიარე:

სათესლე ჯირკვალი მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს რომ ასრულებს, ყველამ ვიცით, მაგრამ დაავადებისგან, სამწუხაროდ, არც ერთი ორგანო არ არის დაზღვეული და ამ ჯირკვალშიც შეიძლება პრობლემამ იჩინოს თავი. საქმე ზოგჯერ სპერმატოგენეზის დაქვეითებამდე ან სქესობრივი აქტის თანმხლებ დისკომფორტამდეც კი მიდის, თუმცა გამოსავალი უმეტესად კეთილსაიმედოა და მკურნალობის შემდეგ პაციენტი სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებს, ამიტომ ექიმები მამაკაცებს ურჩევენ, ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევისთანავე მიმართონ სპეციალისტს. დროული მკურნალობა გამოჯანმრთელების საწინდარია.

ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი სიმპტომია სათესლე ჯირკვლის ტკივილი. მის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე უროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ექიმი უროლოგი შალვა მშვილდაძე გვესაუბრება.

 

– რა ფუნქცია აკისრია სათესლე ჯირკვალს და როგორია მისი ანატომია?

– სათესლე ჯირკვალი მამაკაცის სასქესო სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის გამოიმუშავებს და გარეთ გამოყოფს თესლს, მონაწილეობს მამაკაცური სასქესო ჰორმონების სინთეზში. ამრიგად, მის ნორმალურ ფუნქციობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მამაკაცის სასქესო ფუნქცია.

მოგეხსენებათ, მამაკაცს ორი სათესლე ჯირკვალი აქვს. ნორმაში მარცხენა შედარებით დაბლაა. მუცლადყოფნის პერიოდში სათესლე მუცლის ღრუში იმყოფება, განვითარების კვალდაკვალ კი საზარდულის არხს გაივლის და ჩამოდის სათესლე პარკში. დაბადებისას ორივე სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში უნდა იყოს ჩამოსული, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ჯირკვლის მუცლის ღრუში დარჩენას კრიპტორქიზმი ეწოდება.

გარეგანი ფაქტორებისგან სათესლეს რამდენიმე გარსი იცავს. ისინი გამოიმუშავებენ სითხეს, რომელიც ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის არის საჭირო.

სათესლე ჯირკვალს, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანოს, თავისი არტერია, ვენა და ლიმფური სისხლძარღვები აქვს. აქვს ასევე თესლგამომტანი სადინარიც, რომელიც სპერმის გამოყოფას უზრუნველყოფს.

– ყველაზე ხშირად რომელი დაავადებები იწვევს სათესლე ჯირკვლის ტკივილს?

– ამ მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ვარიკოცელეს – სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. ვარიკოცელე უმეტესად მარცხენა სათესლეზე გვხვდება, ვინაიდან მისი ვენა მართი კუთხით უერთდება მარცხენა თირკმლის ვენას, განსხვავებით მარჯვენა სათესლის ვენისგან, რომელიც მახვილი კუთხით პირდაპირ ქვედა ღრუ ვენას ერთვის (რაც იმას ნიშნავს, რომ ვენა სისხლის დინების მიმართულებით ერთდება), თუმცა გვხვდება როგორც მარჯვენამხრივი, ისე ორმხრივი ვარიკოცელეც.

– რა იწვევს ვარიკოცელეს?

– ცალმხრივი ვარიკოცელეს მიზეზი უმეტესად ანატომიური თავისებურებაა. განსაზღვრული მნიშვნელობა გენეტიკასაც ენიჭება. ვერ ვიტყვით, რომ დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგრამ წინასწარი განწყობა ნამდვილად გადადის.

– შესაძლოა, ვარიკოცელე ქრონიკულმა ვენურმა უკმარისობამ გამოიწვიოს?

– ცხადია, შესაძლოა, ვენური სარქვლების უკმარისობა ქვედა კიდურებისა და სხვა მიდამოს ვენების ვარიკოზთან ერთად ვარიკოცელეს მიზეზადაც იქცეს. ვარიკოცელე შესაძლოა განვითარდეს მაშინაც, თუ რაიმე სხვა მიზეზით მოხდა იმ ვენური აუზის ობსტრუქცია, რომელშიც სათესლე ჯირკვლის ვენა ხვდება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის დაავადებები, წესისამებრ, ორმხრივ ვარიკოცელეს იწვევს, ამიტომ თუ პაციენტს ორივე მხარეს აქვს სათესლე ვენების ვარიკოზი, უპირველესად სწორედ სისტემურ ანგიოლოგიურ პათოლოგიას ვეჭვობთ. აუცილებლად ვამოწმებთ სხეულის სხვა მიდამოს ვენებსაც.

– როგორ ვლინდება ვარიკოცელე, რა ტიპის ტკივილი ახასიათებს მას?

– ვარიკოცელე უმეტესად ახალგაზრდა ასაკში, სქესობრივი მომწიფების შემდეგ მჟღავნდება, თუმცა არც ბავშვებთან არის იშვიათი. როგორც ვთქვით, მისი მთავარი სიმპტომი სათესლე ჯირკვლის ტკივილია. ეს გახლავთ ყრუ ტკივილი, რომელიც ხშირად საზარდულის არეში სიმძიმედ, დაჭიმულობად შეიგრძნობა. სიმპტომები ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის, დიდხანს დგომის შემდეგ, ამიტომ დაავადება ხშირად აქვთ მათ, ვისაც დიდხანს დგომა და მძიმე ფიზიკური შრომა უწევს (მაგალითად, ჯარისკაცებს). ვარიკოცელეს გამწვავებას ასევე იწვევს ქრონიკული ყაბზობა და ყველა სხვა ფაქტორი, რომელიც მუცლის ღრუში წნევის მომატებას განაპირობებს. მოსვენებისას ტკივილი შესაძლოა არც კი იგრძნობოდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის მუდმივია. შესახედავად ჯირკვალი გადიდებულია, ქვემოთ ჩამოწეული, მაღალი ხარისხის ვარიკოზის დროს კი ყურძნის მტევანს წააგავს.

– უქადის თუ არა ვარიკოცელე საფრთხეს შვილოსნობის ფუნქციას?

– დადგენილია, რომ ვარიკოცელე სპერმაში აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას იწვევს. იმის თაობაზე, რატომ ზიანდება სპერმატოზოიდები, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სათესლე ჯირკვალში არსებული მუდმივი ვენური სტაზი სერტოლის უჯრედების ფუნქციას აქვეთებს. მეორე თეორიით, სპერმატოგენეზის დაქვეითების მიზეზია სათესლეში მუდმივად არსებული მაღალი ტემპერატურაა, რაც ასევე ვენური სტაზით არის განპირობებული... ასეა თუ ისე, როდესაც მამაკაცს სიმპტომური ვარიკოცელე აქვს, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სპერმოგრამა.

– კიდევ რომელი გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი?

– უთუოდ უნდა ჩატარდეს ექოსკოპია და დოპლეროგრაფია სათესლე ჯირკვალში სისხლის დინებისა და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენური წნულის დიამეტრის განსასაზღვრად. ექიმი ვიზუალური დათვალიერებითაც სვამს ვარიკოცელეს დიაგნოზს, მაგრამ აუცილებელია, ის ექოსკოპიური კვლევითაც დადასტურდეს.

– როგორ მკურნალობენ ვარიკოცელეს?

– მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიული ოპერაციაა. არსებობს ორი ტიპის ოპერაცია: ვარიკოზული ვენების ლიგირება (ეს მეთოდი მკურნალობის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა და გაიდლაინითაა მოწოდებული) და ვარიკოზული ვენების ანასტომოზირება, ანუ გადაკვეთა და ახალ ვენებთან გადაბმა, ახალი კავშირების შექმნა. ცალკეულ შემთხვევებში ოპერაციის ტიპი ექიმის შეხედულებისა და პაციენტის სურვილისამებრ ირჩევა.

– მოსალოდნელია თუ არა რეციდივი?

– რეციდივის ალბათობა, განსაკუთრებით – პირველი მეთოდის გამოყენებისას, საკმაოდ მცირეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სათესლეში რჩება ვენური სისხლძარღვები, ამიტომ თუ პაციენტს ქრონიკული ვენური უკმარისობა აქვს და ადეკვატური მკურნალობა არ ჩაუტარდა, არ აღმოიფხვრა მიზეზი, ცხადია, გამორიცხული არ არის, ვარიკოცელე განმეორდეს კიდეც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვარიკოცელე მამაკაცთა დაახლოებით 20-25%-ს უდასტურდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე-მეხუთე მამაკაცი საოპერაციოა. მრავალ მათგანს ის არ აწუხებს, არც ტკივილს უჩივის, არც სპერმატოგენეზის დაქვეითებას. შესაძლოა, მთელი ცხოვრება ვარიკოცელეთი გაატაროს, მაგრამ ოპერაცია არ დასჭირდეს.

– გამიგონია, ვარიკოცელეს ოპერაციის შემდგომ სათესლე ჯირკვალში ხშირად სითხე გროვდებაო...

– ოპერაციის შემდეგ იშვიათად მართლაც ყალიბდება ჰიდროცელე – სათესლე ჯირკვლის წყალმანკი. მისი მიზეზი სათესლის ტრავმა ან ლიმფური კოლატერალების დაზიანებაა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის ხშირი პოსტოპერაციული გართულებაა. ჰიდროცელე ბავშვთა ასაკში უმეტესწილად თანდაყოლილია და ბუდობრივი გარსის შეუხორცებლობით არის გამოწვეული, ანუ არსებობს კავშირი სათესლე პარკსა და მუცლის ღრუს შორის (ნორმაში ეს კავშირი დაბადების შემდეგ აღარ უნდა იყოს). ბავშვის ფეხზე დგომის ან ტირილის დროს ჰიდროცელე ვლინდება, დაწოლის დროს კი ქრება. მოზრდილ ასაკში სათესლის წყალმანკის მიზეზი ბუდობრივი გარსის მიერ სითხის გამოყოფასა და შეწოვას შორის ბალანსის დარღვევაა.

– როგორ ვლინდება ჰიდროცელე?

– ჰიდროცელესაც ახასიათებს ტკივილი, სათესლის გადიდება. გასინჯვისას სათესლე პარკი ჩვეულებრივზე ელასტიკური და გლუვია. ამის ნახვა მამაკაცს თავადაც შეუძლია. ძველად, სანამ კვლევის თანამედროვე მეთოდები დაინერგებოდა, დიაგნოზის დასადასტურებლად ბნელ ოთახში სათესლეს ფარანს ანათებდნენ და თუ შუქს კარგად გაატარებდ, ესე იგი მასში სითხე იდგა. მას შემდეგ, ცხადია, დიაგნოსტიკა გაცილებით დაიხვეწა და დიაგნოზის დადასტურება ამ შემთხვევაშიც ექოსკოპიური კვლევით ხდება.

– როგორ მკურნალობთ?

– მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული მეთოდით არის შესაძლებელი. თანდაყოლილი ჰიდროცელეს დროს წყდება კავშირი სათესლესა და მუცლის ღრუს შორის, ზრდასრულებთან კი ამოვკვეთთ ბუდობრივ გარსს. შეიძლება, პუნქციურადაც დავცალოთ სათესლე ჯირკვალი, მაგრამ ასეთ დროს რეციდივის ალბათობა დიდია, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ კი რეციდივი, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

– კიდევ რომელი დაავადება იწვევს სათესლე ჯირკვლის ტკივილს?

– სათესლე ჯირკვლის ტკივილი ხშირია მისი ანთების – ორქიტის დროსაც. ორქიტი, წესისამებრ, ამა თუ იმ ტიპის (სქესობრივად გადამდები, საშარდე გზების) ინფექციით არის გამოწვეული. ხშირად თან ახლავს ყბაყურას, შეიძლება ითქვას, მისი არცთუ სასურველი გართულებაა, რადგან მომავალში შესაძლოა უნაყოფობის მიზეზად იქცეს. ორქიტი ემართებათ იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს, მათ შორის – დიაბეტიანებს.

– რა სიმპტომების საფუძველზე ეჭვობთ სათესლის ანთებას?

– სათესლის ანთებას ტკივილი, სიწითლე, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება გვაეჭვებინებს. დიაგნოზის დადასტურება ამ შემთხვევაშიც ულტრასონოგრაფიით უნდა მოხდეს. ამის შემდეგ ვუნიშნავთ ანტიბიოტიკებსა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. აუცილებელია ექოსკოპიური კონტროლი იმის გასარკვევად, ხომ არ არის ჯირკვალში დაჩირქების კერები. თუ სათესლე ჯირკვლის აბსცესი განვითარდა, სამწუხაროდ, სათესლე უნდა ამოიკვეთოს, თუმცა მამაკაცები ცალი ჯირკვლითაც ჩვეულებრივ აგრძელებენ სქესობრივ ცხოვრებას, სპერმატოგენეზი და სხვა მამაკაცური ფუნქციები სავსებით შენარჩუნებული აქვთ.

– სათესლე ჯირკვლის ტკივილს მისი შემოგრეხაც იწვევს...

– დიახ, შემოგრეხას ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს. ის ერთბაშად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღმოცენდება, განსხვავებით ორქიტისა და სხვა პათოლოგიებისგან, როდესაც ტკივილი ნელ-ნელა ვითარდება და მას სხვა სიმპტომებიც ახლავს თან. სათესლე ჯირკვალი ტრიალდება თავის სისხლძარღვოვან ფეხზე. ამ დროს, ბუნებრივია, იჭყლიტება, იკვანძება სისხლძარღვები და სათესლეს სისხლი აღარ მიეწოდება. თუ ის სწრაფად არ ჩასწორდა და ნეკროზი დაიწყო, სათესლის გადარჩენა ვეღარ ხერხდება.

ექიმი ვიზუალურადაც და ხელით გასინჯვითაც ამჩნევს შემოგრეხას: სათესლე უფრო მაღლა დგას, ბაგირაკიც თითქოს ზემოთ არის აქაჩული, – მაგრამ ამ დიაგნოზის დადასტურებაც ექოსკოპიურად უნდა მოხდეს და დოპლეროგრაფიით ინახოს, გრძელდება თუ არა სისხლის მიმოქცევა სათესლეში. სამწუხაროდ, შემოგრეხისას ზოგჯერ ცრუ ორქიტის დიაგნოზს სვამენ, ანტიბიოტიკოთერაპიას ატარებენ, ამასობაში კი სათესლე ჯირკვლის ნეკროზი ვითარდება და შემდეგ მისი ამოკვეთა ხდება საჭირო. ამის გამორიცხვა შეიძლება ექოსკოპიური კვლევით, რომელიც ნათლად აჩვენებს, სათესლის შემოგრეხასთან გვაქვს საქმე თუ ანთებასთან.

– როგორ მკურნალობენ?

– ზოგჯერ სათესლე სპონტანურად სწორდება. ზოგიერთი პაციენტი, ვისაც შემოგრეხა ხშირად ემართება, თავისითაც კი ისწორებს მას, თუმცა, ცხადია, არავის მოვუწოდებ, ასე მოიქცეს. შემოგრეხაც ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს – სათესლე ჯირკვლის შემობრუნებას და მის ფიქსაციას, რათა პრობლემა აღარ განმეორდეს. ვაფიქსირებთ საწინააღმდეგო მხარესაც. მომავალი გართულებების თავიდან ასაცილებლად სათესლე ჯირკვლის ფიქსაცია თვითჩასწორებისა თუ სპონტანური ჩასწორების შემდეგაც აუცილებელია.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: