ბავშვის ადგილი

გააზიარე:

“ბავშვის ადგილი” – სწორედ ასე უწოდებენ ამ მეტად მნიშვნელოვან ორგანოს, რომელიც ქალის ორგანიზმში სულ რამდენიმე თვე ცოცხლობს, მაგრამ გაცილებით ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მომავალი სიცოცხლის ნორმალურ განვითარებას უდებს სათავეს. პლაცენტა – რა იცით მის შესახებ? რა ფუნქცია აქვს მას, რამ შეიძლება დააზიანოს და როგორ ხდება გართულებათა მართვა? გვესაუბრება კლინიკა “ჰერას” ექიმი, მეან-გინეკოლოგი დალი გაბიძაშვილი.

 

– ქალბატონო დალი, რა ფუნქცია აკისრია პლაცენტას?

– პლაცენტა ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა, რომელიც ნაყოფის ნორმალურ განვითარებას განაპირობებს. უპირველესად, ის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს ნაყოფს და მისგან ნახშირორჟანგი და მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოაქვს. გარდა ამისა, ასრულებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის ფუნქციას, რომელიც ყველა ჩვენთვის ნაცნობ და ორსულობის მიმდინარეობისთვის საჭირო ჰორმონს – პროგესტერონს, ქორიონულ გონადოტროპინს, კორტიკოსტეროიდებს, ესტროგენებს, ანდროიდებს, პლაცენტურ ლაქტოგენს, პროლაქტინს – გამოიმუშავებს. დაბოლოს, უზრუნველყოფს ნაყოფის იმუნურ დაცვას. ასე რომ, პლაცენტაზე, მის ნორმალურ ფუნქციობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორსულობის მიმდინარეობა.

პლაცენტაციის პროცესი ორსულობის მე-4 კვირას იწყება და მე-10-12 კვირისთვის მთავრდება. პლაცენტა სწორედ იმ ადგილას წარმოიქმნება, სადაც ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა, ნიდაცია. უმეტესად – საშვილოსნოს წინა კედლის ზედა მესამედში, ზოგჯერ – უკანა კედელში ან ფუძეზე. თუმცა ნიდაციის საწყის წერტილს დიდი კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მნიშვნელოვანია პლაცენტის საბოლოო მდებარეობა, რომელიც უდიდესწილად განსაზღვრავს მშობიარობის გზას და, საზოგადოდ, ორსულობის დასასრულს.

– პლაცენტის ჩამოყალიბებამდე როგორ მიმდინარეობს ნაყოფის განვითარება?

– პლაცენტის საბოლოო ჩამოყალიბებამდე, ორსულობის პირველ კვირებში, მის როლს ყვითელი სხეული ასრულებს. ის გამსკდარი ფოლიკულის ნარჩენისგან წარმოიქმნება და პროგესტერონს გამოიმუშავებს. სწორედ ეს ჰორმონი უზრუნველყოფს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას და მის ნორმალურ განვითარებას. ყვითელი სხეულის უკმარისობა სწორედ პროგესტერონის უკმარისობის გამო შეიძლება იქცეს ორსულობის შეწყვეტის მიზეზად. ორსულობის მეშვიდე კვირიდან პროგესტერონის გამომუშავებას ქორიონიც იწყებს, რომელიც შემდგომ პლაცენტად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი ყვითელ სხეულზე გაცილებით მეტ პროგესტერონს წარმოქმნის. ამის შემდეგ ყვითელი სხეულის ფუნქცია მცირდება და ის ნელ-ნელა უკუვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ორსულობის ბოლომდეც შენარჩუნდეს.

– არსებობს პლაცენტის სხვადასხვა ანომალია: ნამგლისებრი, ორმაგი, დამატებითი პლაცენტა... რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ ორსულობის მიმდინარეობაზე?

– თუ ქალს დამატებითი პლაცენტა აქვს, მშობიარობის შემდეგ აუცილებლად უნდა დათვალიერდეს იმის გასარკევვად, ხომ არ დარჩენილა საშვილოსნოში მისი წილი, თუმცა ორსულობაზე პლაცენტის ამგვარი ანომალიები, საბედნიეროდ, დიდ გავლენას არ ახდენს. მეანობაში პლაცენტასთან დაკავშირებული საფრთხეები უფრო ფეტოპლაცენტურ უკმარისობას უკავშირდება. ეს უკანასკნელი ზოგჯერ მეტად მძიმე გართულებებს იწვევს და ექიმის მხრივ დიდ ყურადღებას მოითხოვს.

– რა უწყობს ხელს პლაცენტური უკმარისობის განვითარებას და რითია ის ასე საშიში?

– მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია. უპირველეს ყოვლისა, თავად საშვილოსნოს პათოლოგიები – ენდომეტრიოზი, მიომა, ორრქიანი საშვილოსნო, უნაგირა საშვილოსნო; ასევე – დედის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს ორსულობამდე ჰქონდა მენსტრუალური ციკლის დარღვევა; დედის ექსტრაგენიტალური პათოლოგიები – შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა სნეულებები. საკმაოდ გავრცელებული მიზეზია სხვადასხვა ტიპის ინფექცია, მეტადრე – ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც პლაცენტა სრულყოფილად ჯერ კიდევ ვერ ასრულებს თავის ბარიერულ ფუნქციას. თავად ორსულობის პათოლოგიებიდან უნდა გამოვყოთ ორსულთა გესტოზი ანუ ნეფროპათიები. ხშირია ფეტოპლაცენტური უკმარისობა რეზუსკონფლიქტის დროსაც.

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ირღვევა სისხლის მიმოქცევა დედასა და ნაყოფს შორის და ყველა ის ფუნქცია, რასაც პლაცენტა ასრულებს, საფრთხის წინაშე დგება. ნაყოფს აღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, რაც მის განვითარებას აფერხებს. პლაცენტაში გროვდება ფიბრინი, იმატებს სისხლის შედედების უნარი, ირღვევა მიკროცირკულაცია, ჩნდება ინფარქტის კერები, სისხლჩაქცევები. მართალია, მცირე ინფარქტები ნაყოფის განვითარებას ხელს არ უშლის, მაგრამ დიდი ზომის კერები უკვე სახიფათოა. უნდა ითქვას, რომ ეს მორფოლოგიური ცვლილებები არა მარტო პლაცენტაში, არამედ ნაყოფის ორგანიზმშიც შეინიშნება. უკმარისობა შესაძლოა გართულდეს პლაცენტის აცლით, სისხლდენით, მძიმე შემთხვევებში – მუცლის მოშლით, ნაყოფის სიკვდილით.

– როგორ სვამენ დიაგნოზს?

– საბედნიეროდ, დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპებზევეა შესაძლებელი. ყველაზე უსაფრთხო და მაღალინფორმაციული მეთოდი ექოსკოპიური გამოკვლევაა. მისი მეშვეობით პლაცენტური უკმარისობა შეიძლება აღმოვაჩინოთ უკვე მე-16 კვირას. ამ დროს ექოსკოპია პლაცენტაში ავლენს თრომბოზებს, ინფარქტის კერებს. ყურადსაღებია პლაცენტის ზომაც. გადიდება და გასქელება მის უკმარისობაზე მიანიშნებს.

– როგორ იმართება ფეტოპლაცენტური უკმარისობა, რამდენად ეფექტურია მკურნალობა?

– ცხადია, მკურნალობა უკმარისობის მიზეზის დადგენით იწყება. ამის შესაბამისად ინიშნება მედიკამენტებიც. ბუნებრივია, ვცდილობთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, მაგრამ არსებობს პათოლოგიები რომლებსაც ორსულობისას ვერ მოვარჩენთ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, დაორსულებამდე ქალმა გულდასმით გამოიკვლიოს ჯანმრთელობა და ეს პრობლემები ბავშვის ჩასახვამდე აღმოფხვრას.

– ექოსკოპიურად განსაზღვრავენ პლაცენტის სიმწიფის ხარისხსაც. რა მნიშვნელობა აქვს მას?

– განასხვავებენ პლაცენტის სიმწიფის ოთხ ხარისხს: ნულოვანს – ორსულობის 28-30-ე კვირამდე, პირველს – 30-34-ე კვირამდე, მეორეს – 34-38-ე კვირამდე – და მესამეს – 37-ე კვირიდან. მშობიარობის წინ პლაცენტა სიმწიფის სწორედ ამ სტადიაში უნდა იყოს. პლაცენტის სიმწიფის ხარისხები მისი დაბერების დინამიკას განსაზღვრავს. ნაადრევი მომწიფება, დაბერება ფეტოპლაცენტურ უკმარისობაზე მიუთითებს, წარმოიშობა ნაადრევი მშობიარობის რისკიც, ამიტომ უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

– პლაცენტასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პათოლოგია მისი წინამდებარეობაა. რატომ ვითარდება ის?

– როგორც მოგახსენეთ, პლაცენტა ნორმაში საშვილოსნოს ზედა მესამედში მაგრდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ნიდაცია საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში მოხდეს. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ წინამდებარეობა განვითარდება, რადგან საშვილოსნოს ზრდასთან ერთად პლაცენტა თანდათან ზემოთ ადის. თუ ის საშვილოსნოს წინა კედელზეა მიმაგრებული, უფრო მალე აიწევს, რადგან საშვილოსნო უმთავრესად წინა კედლის ხარჯზე იზრდება. ცხადია, უკანა კედელიც იჭიმება, მაგრამ უფრო ნელა. თუ საშვილოსნოს ზრდის კვალდაკვალ პლაცენტა არ გადაადგილდა, ყალიბდება მისი წინამდებარეობა. ის შეიძლება იყოს სრულიც და არასრულიც. სრული წინამდებარეობის დროს პლაცენტა მთლიანად ფარავს საშვილოსნოს შიგნითა პირს, რის გამოც ბუნებრივი გზით მშობიარობა შეუძლებელი ხდება და ორსულობა საკეისრო კვეთით მთავრდება. კიდითი, არასრული წინამდებარეობის დროს ბუნებრივი გზით მშობიარობა ზოგჯერ მაინც გახლავთ შესაძლებელი. როდესაც სანაყოფე სითხე იღვრება, ნაყოფი პლაცენტას მიჭყლეტს და თავი წინსვლას იწყებს, მაგრამ სისხლდენის რისკი მაინც დიდია. აქ უკვე მეანის გამოცდილებასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული, მშობიარობის რა გზას აირჩევს.

ამასთანავე, მხოლოდ მშობიარობა კი არ მოითხოვს სერიოზულ მეთვალყურეობას, არამედ მთელი ორსულობა. ის დიდი სიფრთხილით უნდა იმართოს, რადგან გამორიცხული არ არის სისხლდენის უეცარი დასაწყისი. ამ დროს არც ტკივილი შეინიშნება, არც საშვილოსნოს დაჭიმულობა, სისხლდენა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება და ორსულობის გაგრძელება ეჭვქვეშ დგება.

– როდის არის მოსალოდნელი პლაცენტის წინამდებარეობის განვითარება?

– წინამდებარეობის რისკფაქტორებს მიეკუთვნება მშობიარობა ხანდაზმულ ასაკში (35 წლის შემდეგ) და საშვილოსნოზე არსებული, მაგალითად, საკეისრო კვეთის შემდეგ დარჩენილი ნაწიბურები. სამწუხაროდ, საკეისრო კვეთა ბოლო ხანს მეტად გახშირდა და მას ჩვენების გარეშეც იკეთებენ. მართალია, ტექნიკურად ის ადვილია, მაგრამ დედის ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელი არ არის – საშვილოსნოს ნაწიბუროვანი ცვლილებები შემდგომ შესაძლოა გართულებების მიზეზად იქცეს. ერთ-ერთი ასეთი გართულება სწორედ პლაცენტის წინმდებარეობაა. ამიტომ საკეისრო კვეთის ჩვენების გარეშე ჩატარება არ შეიძლება.

– რას გვეტყვით პლაცენტის ნაადრევ აცლაზე? ის მხოლოდ წინამდებარეობის დროს ვითარდება?

– არა, ნაადრევი აცლა შესაძლოა პლაცენტის ნორმალური მიმაგრების დროსაც განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე. ზოგჯერ ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლის გამო ფიზიოლოგიურად დაწყებული მშობიარობის სასწრაფო საკეისრო კვეთით დასრულება ხდება საჭირო. ნაადრევი აცლა შესაძლოა მოხდეს ორსულობის განმავლობაშიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს გესტოზი აქვს. პლაცენტის ნაადრევი აცლის სიმპტომებია სისხლდენა, ძლიერი ტკივილი და მუცლის დაჭიმულობა. როგორც ხედავთ, სისხლდენა წინამდებარეობასაც ახასიათებს და პლაცენტის აცლასაც, მაგრამ ეს უკანასკნელი იმით განსხვავდება პირველისგან, რომ ტკივილი და დაჭიმულობა ახლავს თან.

– ორსულობის ადრეულ ვადებზე პლაცენტის ნაადრევი აცლა ყოველთვის ორსულობის შეწყვეტას იწვევს?

– ზოგჯერ სისხლი შემოიფარგლება და ყალიბდება ჰემატომა. სისხლის ნაწილი შესაძლოა გამოიდევნოს, ნაწილი კი მუცლის ღრუში დარჩეს და შემდეგ გაიწოვოს. ასეთ შემთხვევებში, თუ აცლის უბანი პატარაა და არც სისხლდენაა ძლიერი, ორსულობა ნარჩუნდება. მკურნალობა ორსულის მოსვენებას, სიმშვიდეს, საშვილოსნოს კუმშვითი ფუნქციის დაქვეითებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას გულისხმობს.

– მშობიარობიდან რამდენი ხნის შემდეგ ხდება პლაცენტის გამოძევება?

– მშობიარობის მესამე პერიოდში, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა გამოიდევნოს პლაცენტაც. გართულებები ამ ეტაპზეც ხდება – შესაძლოა პლაცენტა საშვილოსნოზე მჭიდროდ იყოს მიმაგრებული და არ გამოვიდეს ან ნაწილობრივ გამოვიდეს და დაიწყოს სისხლდენა; დაქვეითდეს საშვილოსნოს კუმშვითი ფუნქცია, რაც სისხლდენის გაძლიერებას გამოიწვევს (ატონიური სისხლდენა). ეს მეანობაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გართულებად მიიჩნევა. ამ დროს მეანის ტაქტიკა სასწრაფოდ, ვენური გაუტკივარების თანხლებით, პლაცენტის ხელით მოშორებას და შესაკუმში საშუალებების შეყვანას გულისხმობს, მაგრამ როდესაც პროცესი ღრმაა, საშვილოსნო ზოგჯერ არ იკუმშება. პლაცენტა გამოიდევნება, მაგრამ სისხლდენა გრძელდება და საჭირო ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა.

– თუ ქალმა გადაიტანა პლაცენტის წინამდებარეობა ან მისი ნაადრევი აცლა, ის მომავალი ორსულობის დროსაც გაუმეორდება?

– ამის პროგნოზირება ძნელია. გართულებები პლაცენტის მხრივ შესაძლოა არ განმეორდეს, მაგრამ, ბუნებრივია, მომდევნო ორსულობამდე მაინც გულდასმით უნდა იქნეს გამოკვლეული პლაცენტის პათოლოგიის მიზეზი და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა მომავალი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: