ორსულობა და ანტიბაქტერიული თერაპია
გააზიარე:
ანტიბიოტიკები მედიკამენტების ჯგუფია, რომელიც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. მათ ზოგჯერ ანტიბაქტერიულ ან ანტიმიკრობულ საშუალებებსაც უწოდებენ. ანტიბიოტიკების მიღება შესაძლებელია სითხის, ტაბლეტების, კაფსულების და საინექციო ფორმით. ამ უკანასკნელს უმეტესად მძიმე ინფექციური პათოლოგიებისა და კლინიკაში მკურნალობის დროს იყენებენ.
არსებობს ანტიბიოტიკების კრემები, მალამოები და ლოსიონებიც, რომლებიც კანის ინფექციების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.
ანტიბიოტიკები, ჩვეულებრივ, მძიმე ბაქტერიული ინფექციის დროს ინიშნება, რადგან ხშირად ინფექცია თავისთავად ლაგდება. ანტიბიოტიკების სწორი გამოყენება აუცილებელია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესამცირებლად. მიკრობები დროთა განმავლობაში მდგრადები ხდებიან ანტიბიოტიკების მიმართ, რაც შემდეგში ანტიბაქტერიულ თერაპიას ნაკლებად ეფექტურს ხდის.
უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ისეთი ინფექციების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც ბაქტერიებით არის გამოწვეული. ისინი უეფექტია ვირუსებით (მაგალითად, გაციება ან გრიპი) და სოკოებით (მაგალითად, კანის, პირის ღრუს ან საშოს სოკოვანი ინფექციები) გამოწვეული ინფექციების დროს.
არის შემთხვევები, როდესაც ვირუსული ან მცირე ბაქტერიული ინფექცია უფრო სერიოზულ, მეორეულ ბაქტერიულ პროცესში გადაიზრდება. სწორედ ამ დროს გვჭირდება ანტიბიოტიკები, თუმცა თერაპიის დანიშვნამდე აუცილებელია შესაბამისი კვლევების ჩატარება გართულებული ინფექციის (ე.წ. სუპერინფექციის) გამომწვევის დასადგენად და ანტიბიოტიკოგრამის გაკეთება, რათა გაირკვეს, სახელდობრ რომელი ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ არის ესა თუ ის ინფექცია მგრძნობიარე. ამით თავიდან ავიცილებთ ჩვენთვის უსარგებლო მედიკამენტების მიღებას და მკუნალობის კურსიც უფრო ხანმოკლე და ეფექტური იქნება.
როგორ მუშაობს
ანტიბიოტიკები, ჩვეულებრივ, მოქმედების მიხედვით ჯგუფდება. თითოეული ჯგუფი ეფექტურია მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ბაქტერიებისა და პარაზიტების წინააღდეგ. სწორედ ამიტომ გამოიყენება სხვადასხვა ანტიბიოტიკი სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ.
ანტიბიოტიკები პათოგენზე სხვადასხვა გზით ზემოქმედებს. არსებობს ბაქტერიციდული და ბაქტეროსტატიკული მოქმედების ანტიმიკრობული საშუალებები. პირველი ბაქტერიებს ხოცავს, ხოლო მეორე ანელებს ან აჩერებს მათ ზრდასა და გამრავლებას.
ანტიბიოტიკებს სხვა კრიტერიუმების მიხედვითაც აჯგუფებენ. ესენია:
* ბაქტერიებზე ზემოქმედების ადგილი და მექანიზმი;
* ქიმიური სტრუქტურა;
* სპექტრი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ბევრ ინფექციურ აგენტზე მოქმედებს, ხოლო ვიწრო სპექტრისა – სპეციფიკურ ინფექციებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ანტიბაქტერიული თერაპიის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რა სახის ინფექციასთან გვაქვს საქმე, რამდენად მძიმეა ის და რამდენად სწრაფად იწყება გამოჯანმრთელების პროცესი მკურნალობის დაწყების შემდეგ.
მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს:
* რამდენიმე დღე (მაგალითად, საშარდე გზების ინფექცია);
* ერთი ან ორი კვირა (პნევმონია);
* რამდენიმე თვე (ძვლის ინფექციები);
* 6 თვეზე მეტი (აკნე).
დოზირება
იმისთვის, რომ სწორად და ეფექტიანად იმკურნალოთ ანტიბაქტერიული საშუალებებით, საჭიროა მათი დოზის, დღის განმავლობაში მისაღები ოდენობისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის სწორად შერჩევა. თითოეული წამლის მიღების წესი მოქმედი ნივთიერების ნახევარდაშლის პერიოდზე, მის კლირენსსა და ქსოვილებში გავრცელებაზეა დამოკიდებული.
* ნახევარდაშლის (ნახევარგამოყოფის) პერიოდი არის დრო, რომელიც საჭიროა პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის შესამცირებლად მისი საწყისი კონცენტრაციის ნახევრამდე. მისი გათვალისწინება აუცილებელია დოზირების რეჟიმის შერჩევისას, ვინაიდან პრეპარატი ოპტიმალური ხნის განმავლობაში უნდა იყოს აქტიური ორგანიზმში, რათა ეფექტურად იმოქმედოს ინფექციის წინააღმდეგ მომდევნო დოზის მიღებამდე. მარტივად რომ ვთქვათ, ნახევარდაშლის პერიოდი განსაზღვრავს, დღეში ერთი დოზა უნდა მიიღოთ თუ ორი.
* კლირენსი აღნიშნავს, რამდენად სწრაფად გამოიყოფა პრეპარატი ორგანიზმიდან;
* გავრცელების მოცულობა კი პრეპარატის ქსოვილებში გავრცელებას გულისხმობს.
ვისთვის არ შეიძლება
იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიღება უკუნაჩვენებია. ამის მიზეზი უმეტესად წარსულში გადატანილი ალერგიული რეაქციაა ანტიბიოტიკზე. ერთი ჯგუფის ანტიბაქტერიულ პრეპარატზე ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს, რომ ვერც ერთ ანტიბიოტიკს ვერ მიიღებთ. კონსულტაციისა და ალერგიული სინჯების შემდეგ ექიმი თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტს შეგირჩევთ.
თუ რეგულარულად იღებთ რომელიმე მედიკამენტს, შესაძლოა, ზოგიერთ ანტიბიოტიკზე უარის თქმა ან მისი მიღების დროს თქვენი მუდმივი წამლის შეწყვეტა მოგიხდეთ. აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ.
თუ ორსულად ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები უსაფრთხოების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა:
* ორსულებისთვის უსაფრთხო მედიკამენტები;
* აკრძალული მედიკამენტები;
* მედიკამენტები, რომელთა დადებითი ზემოქმედება აღემატება ნაყოფზე არასასურველი გავლენის რისკს.
ორსულობის დროს ნაყოფი ჟანგბადს, სისხლს და საკვებ ნივთიერებებს პლაცენტის საშუალებით იღებს. ეს ორგანო მოქმედებს როგორც ფილტრი, რათა ნაყოფი დაცული იყოს. მაგრამ ზოგიერთ მედიკამენტს და მავნე აგენტს (ვირუსს, ბაქტერიას, პარაზიტს, ტოქსინს) შეუძლია, დაუბრკოლებლად გაიაროს მასში და გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. ამიტომ ორსულებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ყოველგვარი სამკურნალო საშუალება.
რა ემუქრება ნაყოფს
ორსულისთვის სახიფათო ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს:
* ტვინისა და გულის თანდაყოლილი დეფექტები;
* ტუჩისა და სასის ნაპრალი – ე.წ. კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა;
* კბილების დაზიანება;
* ართროპათია (ძვლებისა და ხრტილის დაავადება);
* ენცეფალოპათია;
* ახალშობილთა სიყვითლე;
* სმენის პრობლემები (ოტოტოქსიკური გავლენა);
* თირკმლის პრობლემები.
ვინაიდან ორსულებზე კვლევების ჩატარება ეთიკური მიზეზების გამო არ და ვერ ხერხდება, ვერ ვიტყვით, რომ ყველა რეკომენდაცია მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებით არის გამყარებული, თუმცა არსებობს დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რომლის საფუძველზეც ორსულებისთვის უსაფრთხო ანტიბიოტიკებად მიიჩნევა:
* პენიცილინის ჯგუფი (ამოქსაცილინი);
* ცეფალოსპორინები (ცეფალექსინი);
* მაკროლიდების ჯგუფის ზოგიერთი მედიკამენტი (ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლინდამიცინი).
აკრძალულია:
* ქლორამფენიკოლი;
* ამინოგლიკოზიდები;
* ტერტაციკლინი.
თუმცა კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკანასკნელი მონაცემებით, მეტრონიდაზოლი აღარ მიიჩნევა საშიშ ანტიბიოტიკად და ნებადართულია ბაქტერიული ვაგინოზების დროს მკურნალობის სქემაში მისი ჩართვა.
რა სარგებლობა მოაქვს ანტიბიოტიკებს ორსულობის დროს
ორსულობის დროს იმუნური სისტემა სუსტდება, რის გამოც ხშირია ინფექციებით ავადობა. ინფექცია შესაძლოა გართულდეს და ორსულის ან ნაყოფის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გამოიწვიოს. თუ ინფექციას არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა, საქმე ნაადრევი მშობიარობით, მკვდრადშობადობით, განვითარების ანომალიებით ან ახალშობილის სიკვდილით დასრულდეს.
ყველაზე ხშირად რთულდება :
* B ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადებები (ახალშობილთა პნევმონია, მენინგიტი, სეფსისი);
• საშარდე გზებისა და თირკმლის ინფექციები (ნაადრევი მშობიარობა, დედის მხრივ – მწვავე ინფექცია, ანემია, რესპირატორული დისტრესსინდრომი);
* ნაღვლის ბუშტის ინფექცია;
* პლაცენტისა და ამნიონური სითხის ინფექცია (ნაყოფის სიკვდილი, დედის სეფსისი, ენდომეტრიტი, ძლიერი სისხლდენა მშობიარობის შემდეგ, თრომბოემბოლიური გართულებები);
* სიფილისი (მკვდრადშობადობა, ახალშობილის ადრეული სიკვდილი);
* ბაქტერიული ვაგინოზი (ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის წონის დეფიციტი);
* ლისტერია (ორსულობის შეწყვეტა ნაადრევ და გვიან ვადებზე, ნაადრევი მშობიარობა).
ამ დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა არათუ სასურველი, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
როგორ მივიღოთ ანტიბიოტიკები ორსულობისას უსაფრთხოდ
ანტიბიოტიკების მიღების საუკეთესო გზაა ექიმის მითითებების შესრულება, მაგრამ ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
* პირველ ტრიმესტრში სასურველია ანტიბიოტიკებისთვის თავის არიდება, თუ მათი მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის;
* დამატებითი კვლევები ინფექციის გამომწვევი აგენტის დასადგენად;
* რაც შეიძლება მცირე დოზის მიღება;
* ანტიბიოტიკების მიცემა უმოკლეს დროში;
* მხოლოდ ერთი ტიპის ანტიბიოტიკის გამოყენება;
* ანტიბიოტიკების მიცემა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (!).
ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ აუცილებლად ექიმის დანიშნულებისამებრ – ზუსტი დოზით, მიღების წესისა და ხანგრძლივობის დაცვით. უკეთესობა შესაძლოა მკურნალობის დაწყებისთანავე შეამჩნიოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ კურსი. დაუსრულებელი მკურნალობა ხელს შეუწყობს ბაქტერიების მდგრადობის (რეზისტენტობის) გამომუშავებას ანტიბიოტიკების მიმართ, რაც უფრო მეტად გაართულებს ბაქტერიულ პროცესს.
ყველაზე ხშირი ინფექციური პროცესი, რომელიც ორსულებს აწუხებთ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა – ე.წ. გაციებაა, მაგრამ ის უმეტესად არ მოითხოვს ანტიბაქტერიულ მკურნალობას. სიმპტომების შემჩნევისას უმჯობესია მიმართოთ სხვა, უსაფრთხო საშუალებებს:
* მიიღოთ თბილი შხაპი;
* ხშირად სვათ ცხელი სითხე (ნურცწყლის მიღება დაგავიწყდებათ – ანადუღარი წყლისგან დამზადებული სასმელები ვერ შეცვლის ელექტროლიტების შემცველ სასმელ წყალს);
* სასუნთქი გზების დასატენიანებლად გამოიყენეთ ნებულაიზერი;
* ცხვირი გამოირეცხეთ ფიზიოლოგიური ხსნარით;
* დაისვენეთ, მოიწესრიგეთ დღისა და ძილის რეჟიმი.
თუ სიმპტომები არათუ არ ალაგდა, დამძიმდა კიდეც, დამატებითი მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს. ნურასოდეს მიიღებთ ანტიბიოტიკებს თვითნებურად.
სესილი ცირეკიძე