რას აშავებს ცხიმგროვა

გააზიარე:

ალბათ ყველას გინახავთ ამობურცული ადგილი კანზე, ხალხში რუსული ენის გავლენით ცხიმგროვას (ჟირავიკს) რომ ეძახიან. ეს კრებითი სახელი სხვადასხვა ბუნების წარმონაქმნებს: ლიპომას, ათერომას, ჰიგრომას – აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა საშიში არ არის, ყველას სურს მიიღოს პასუხი ერთ კითხვაზე: მოვიშოროთ თუ არა ამგვარი წარმონაქმნი? მართლა ისეთი უწყინარია, როგორიც ჩანს თუ შეიძლება, რაიმე ცუდში გადაიზარდოს? ამ და რბილქსოვილოვან წარმონაქმნებთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე ქირურგი აკაკი გუგულაშვილი გვიპასუხებს:

 

– რომელია ყველაზე გავრცელებული რბილქსოვილოვანი წარმონაქმნი?

– ყველაზე გავრცელებული რბილქსოვილოვანი წარმონაქმნია ლიპომა – ცხიმოვანი ლიპობლასტომა. ის მოსახლეობის დაახლოებით 1%-თან გვხვდება, უმეტესად – 30-დან 50 წლამდე ასაკის ქალებთან. ლიპომა ცხიმოვანი ქსოვილისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად კანში, კანქვეშ, კუნთებს შორის ლოკალიზდება. შედარებით იშვიათად გვხვდება სარძევე ჯირკვლებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში, ფილტვებში, თირკმლის ირგვლივ არსებულ უჯრედისში, ექსტრაპერიტონულად, მიოკარდიუმში, ტვინის გარსებში, ძვლებში, ნერვულ ღეროებში, ქალას ღრუში, ღვიძლში, საშვილოსნოში. თუ ლიპომის შემადგენლობაში შემაერთებელი ქსოვილი უფრო მეტია, იგი შედარებით მკვრივია. თუ ფიბროზული ქსოვილი ჭარბობს, მას ფიბროლიპომას ეძახიან.

ლიპომა ნელა იზრდება, აქვს თხელი ფიბროზული გარსი და არ არის მტკივნეული. იგი წარმოადგენს რბილი კონსისტენციის, უმეტესად მოძრავ კანქვეშა წარმონაქმნს. ლიპომების უმრავლესობა მცირე ზომის კანქვეშა კვანძია, რომლებსაც კოსმეტიკური მოსაზრებით იშორებენ, თუმცა შესაძლოა, დიდ ზომებსაც მიაღწიოს. ასე უმეტესად მაშინ ხდება, როცა ლიპომა დაფარულ ადგილასაა და პაციენტი არ ჩქარობს მის მოშორებას. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ძალიან დიდი ზომის ლიპომებიც.

– არსებობს თუ არა ინფორმაცია ლიპომის წარმოშობის მიზეზების შესახებ?

– ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლიპომა ცხიმოვანი ქსოვილის დისემბრიოგენეტიკური ჩანასახებისგან ვითარდება, ზოგჯერ – სიმეტრიულადაც. მას ჰეტეროტოპიკურ ლიპომას უწოდებენ. რაც შეეხება გენეტიკის როლს, ერთეული ლიპომის შემთხვევაში ამაზე საუბარი ძნელია, თუმცა ლიპომატოზის – მრავლობითი ლიპომის – დროს განწყობა მართლაც გენეტიკურად გადაეცემა.

როგორც უკვე გითხარით ლიპომების უმრავლესობა ასიმპტომურია, არ იწვევს ტკივილს, შეხებითაც რბილი და უმტკივნეულოა. ფარავს შეუცვლელი კანი. ლიპომით გამოწვეული ერთადერთი დისკომფორტი უმეტესად კოსმეტიკური დეფექტია. ძალზე იშვიათია მტკივნეული ლიპომა. ტკივილი მაშინ იჩენს თავს, როცა ეს რბილქსოვილოვანი წარმონაქმნი რომელიმე ნერვს აწვება. გარდა ამისა, ზურგზე განლაგებული დიდი ზომის ლიპომები ძლიერ დისკომფორტს იწვევს წოლის დროს.

– რა შემთხვევაში უნდა მოვიშოროთ ლიპომა? არსებობს თუ არა მისი გართულების საშიშროება?

– რბილი ქსოვილების ლიპომა, წესისამებრ, უწყინარია. რაც შეეხაბა შინაგან ორგანოებში არსებულ ლიპომებს, ლიტერატურაში აღწერილია მათი პოტენციური გართულებები. მაგალითად, ბრონქში არსებულმა ლიპომამ შესაძლოა რესპირატორული დისტრესსინდრომი გამოიწვიოს, საყლაპავში არსებულმა – დისფაგია, ნაწლავში ლოკალიზებულმა – გაუვალობა და სხვა, თუმცა პრაქტიკაში ასეთი რამ ძალზე იშვიათად გვხვდება.

ლიპომას უმეტესად კოსმეტიკური მიზეზით იშორებენ. თუ ის სახის ან სხეულის ღია ნაწილზე მდებარეობს, პაციენტი მალევე მოგვმართავს და ჩვენც მის მოშორებას ვურჩევთ. სხვა მხრივ მცირე ზომის ასიმპტომური ლიპომის ამოკვეთა აუცილებელი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტი გამუდმებით მასზე ფიქრობს, ეშინია, რამე ცუდში არ გადაიზრადოს. ასეთ დროსაც მოცილებას ვამჯობინებთ, რათა პაციენტმა თავი მშვიდად იგრძნოს. დიაგნოსტიკისთვის უმეტესად ექიმთან ვიზიტი და ფიზიკალური გასინჯვაც საკმარისია. ლიპომის დიაგნოზის დასმა რთული არ არის, მაგრამ თუ ეჭვი გაგვიჩნდა – ლიპომა მეტისმეტად დიდია, ატიპურად მდებარეობს ან სხვა მიზეზის გამო ეჭვს ბადებს, პაციენტს ჯერ ექოსკოპიური გამოკვლევის, შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, ბიოფსიის ჩატარებას ვურჩევთ. ბიოფსია ზუსტ მონაცემებს გვაწვდის წარმონაქმნის უჯრედული შენების შესახებ. მართალია, ლიპომის გადაგვარების შანსი მცირეა, მაგრამ იშვიათად ამგვარი წარმონაქმნი ლიპოსარკომა აღმოჩნდება ხოლმე, ამიტომ საეჭვო შემთხვევაში თავის დაზღვევა ჯობია. სხვა გართულებები მოსალოდნელი არ არის. ლიპომა ძალიან იშვიათად ინფიცირდება.

–  როგორ მკურნალობენ?

– ლიპომის 100%-იანი მოშორების ერთადერთი გზა ქირურგიული მეთოდით მისი ამოღებაა. ეს საკმაოდ მარტივი ოპერაციაა. ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში ლიპომას კაფსულიანად ვიღებთ, რათა გამოვრიცხოთ მისი ხელმეორედ წარმოშობის საშიშროება. დიდი ზომის ან ატიპურად მდებარე ლიპომის დროს შესაძლოა წინასწარ ბიოფსიის ჩატარებაც დაგვჭირდეს, რათა მისი სარკომული გადაგვარება გამოვრიცხოთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში განსხვავებული მიდგომაა საჭირო. თუ ოპერაციის შემდგომ მიღებული მასალა ეჭვს ბადებს, მას ჰისტომორფოლოგიურადაც შევისწავლით.

ვინაიდან ლიპომებს უმეტესად კოსმეტიკური მოსაზრებით იღებენ, მცირე ზომის წარმონაქნის დროს განაკვეთიც მცირეა. არსებობს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდიც – სტეროიდების ინექცია და სკლეროთერაპია, თუმცა მას იშვიათად მიმართავენ სტეროიდების სისტემური მოქმედებისა და რეციდივის საშიშროების გამო. სწორად ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში, თუ ლიპომა კაფსულიანად მოცილდა, რეციდივის საშიშროება მინიმალურია.

– რას გვეტყვით ათერომის შესახებ, რით განსხვავდება ის ლიპომისგან?

– ათერომა ცხიმოვანი ჯირკვლის რეტენციული ცისტაა (ეპიდერმული ცისტა). მისი შიგთავსი არა ცხიმოვანი ქსოვილი, არამედ ხაჭოსებრი, უსიამოვნო სუნის მქონე მოყვითალო მასაა, რომლის ცენტრში წვრილმარცვლოვანი დეტრიტია, ხოლო ირგვლივ – ქოლესტეროლის კრისტალები და ცხიმის მასების დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ცხიმის მჟავები, კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები. ათერომა ორივე სქესის ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ ნებისმიერ ასაკში; შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც. გარეგნული მსგავსების გამო ათერომა ხშირად ერევათ ლიპომაში. სინამდვილეში ის სრულიად სხვა ტიპის წარმონაქმნია, რომელსაც განსხვავებული ეტიოლოგია აქვს. წესისამებრ, ის ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიქმნება, ამიტომ ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებში მდებარეობს, ხოლო ლიპომები იმ ადგილებზე ჩნდება, რომლებიც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილით არის მდიდარი. ათერომა ყველაზე ხშირად თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, კისერსა და ზურგზეა ლოკალიზებული, შედარებით იშვიათად – შორისის მიდამოში, სათესლე პარკისა და გარეთა სასირცხო ბაგეების არეში. ეს სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომლის ზომაც 5-დან 40 მმ-მდე მერყეობს. შესაძლოა წლობით არ გაიზარდოს ან მოკლე ხანში საგრძნობლად მოიმატოს ზომა. ათერომაც უმტკივნეულოა, მაგრამ, ლიპომისგან განსხვავებით, მკვრივი. მეტწილად უშუალოდ კანქვეშ მდებარეობს და კანთან ერთად მოძრაობს. კანი მის ზედაპირზე უცვლელია.

დიფერენციალური დიაგნოსტიკა ექიმის პრეროგატივაა. მიუხედავად ჩვენი მითითებებისა, სამედიცინო განათლების არმქონეს შესაძლოა მაინც გაუჭირდეს ლიპომისა და ათერომის დიფერენცირება. იშვიათად მათ გასარჩევად ჩვენც გვჭირდება დამატებითი გამოკვლევები. ამ დროს ძალზე ინფორმაციულია ულტრაბგერა.

– რთულდება თუ არა ათერომა? აუცილებელია თუ არა მისი მოშორება?

– ათერომა ლიპომაზე ხშირად რთულდება. მაგალითად, ინფიცირდება. ამ დროს აღნიშნული უბანი მტკივნეული და ჰიპერემიული ხდება, მიმდებარე ქსოვილები შუპდება და არცთუ იშვიათად ტემპერატურაც იმატებს. ზოგჯერ ათერომა კანის ზედაპირზე იხსნება და ათერომული მასა გარეთ გადმოედინება. ათერომა შესაძლოა დაჩირქდეს და კანქვეშა ქსოვილში გასკდეს. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, თორემ ანთებითი პროცესი ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე გავრცელდება.

ათერომის ავთვისებიანი გადაგვარების საფრთხე არ არსებობს.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, თუ ათერომა მცირე ზომისაა, არ იზრდება და, რაც მთავარია, არ გვაწუხებს, მისი მოცილება აუცილებელი არ არის, თუმცა მე როგორც ქირურგი პაციენტებს ათერომის დროულ ამოკვეთას ვურჩევ. არა ავთვისებიანი გადაგვარების შიშით, – როგორც გითხარით, ასეთი რამ გამორიცხულია, – არამედ იმიტომ, რომ დიდია მისი ინფიცირების ალბათობა.

ათერომის მოცილების ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა. მალამოებითა და წამლებით მისი გაქრობა შეუძლებელია. ათერომას კაფსულიანად ამოკვეთენ ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით. თუ ოპერაცია კვალიფიციურმა ქირურგმა ჩაატარა და ათერომა კაფსულიანად, დაუზიანებლად ამოიღო, რეციდივი იშვიათია, მაგრამ თუ ადამიანი მიდრეკილია ათერომის განვითარებისკენ, არ არის გამორიცხული, ის სხვა ადგილას გაჩნდეს.

არსებობს ათერომის მკურნალობის სხვა მეთოდებიც და ყოველ მათგანს თავისი უპირატესობა თუ ჩვენება აქვს. წარმონაქმნის ლოკალიზაციის, ზომისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით, მკურნალობის მეთოდი სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს.

თამარ არქანია

გააზიარე: