შვიდდღიანი განსაცდელი

გააზიარე:

გრიპი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სეზონური გრიპით ყოველწლიურად მოსახლეობის 5-15% ავადდება, 3-5 მილიონი შემთხვევა მძიმეა, ხოლო 300-500 ათასი სიკვდილით სრულდება. ეს განცხადება მათთვის გავაკეთეთ, ვისაც გრიპის ვირუსით ინფიცირება მხოლოდ და მხოლოდ შვიდდღიანი უქეიფობა ჰგონია.

გრიპის ვირუსი, ისევე როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლებელია ინფიცირება ავადმყოფის მიერ გამოყენებული, ლორწოთი დაბინძურებული პირადი ნივთების, თუნდაც პირსახოცის, ჭურჭლის მეშვეობითაც.

გრიპის ძირითადი კლინიკური ნიშნებია ზოგადი სისუსტე, მაღალი ცხელება (39 გრადუსი და მეტი), თავისა და თვალბუდეების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტეხა, ჩახეხვის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა. ხშირია გართულებები გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების მხრივ.

გრიპი განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც აქვს სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ასევე – ხანდაზმულებისა და ბავშვებისთვის.

 

თუ გრიპმა შემოგვიტია

თუ ავად გახდით, უპირველეს ყოვლისა, იმაზე იზრუნეთ, რომ ავადმყოფობა სხვებსაც არ გადასდოთ. ხველისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე ცხვირსახოცი მიიფარეთ, უმჯობესია, ქაღალდისა, გამოყენების შემდეგ კი გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ.

გრიპის სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში ან ტემპერატურის ნორმამდე დაწევიდან (სიცხის დამწევი პრეპარატების გარეშე), სულ მცირე, 24 საათი შინ დარჩით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი გჭირდებათ). ეს სხვებს დაავადებისგან დაიცავს და ვირუსის გავრცელებას შეზღუდავს.

წოლითი რეჟიმის დაცვა მანამდეა საჭირო, ვიდრე სიცხე ნორმალურ მაჩვენებლებამდე არ დაიწევს. სიცხის დამწევი პრეპარატები მხოლოდ მაშინ მიიღეთ, თუ ტემპერატურამ 38.50C-ს გადააჭარბა. შეგიძლიათ გამოიყენოთ პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი... ამ უკანასკნელს ნუ მისცემთ ბავშვებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, განვითარდეს ძალიან იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულება – რეის სინდრომი, რომელიც ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით ვლინდება. სიცხის დამწევი, ცხვირიდან გამონადენის შემამცირებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვთ გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგალითად, ეფექტ-ფლუს). ისინი საგრძნობლად ამსუბუქებენ სიმპტომებს, თუმცა დაავადების ხანგრძლივობას არ ამცირებენ.

მიიღეთ ბევრი სითხე, მათ შორის – თაფლიანი რძე, ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ქათმის ბულიონი, თუნდაც უბრალო წყალი, ოღონდ დღეში ორ ლიტრამდე. ეს, ორგანიზმისთვის ვირუსების მოცილებასთან ერთად, გამოშრობისგანაც დაიცავს ცხვირისა და ყელის ლორწოვანს და ლორწოს მოშორებასაც გააადვილებს. გაითვალისწინეთ, რომ კოფეინი და ალკოჰოლი, პირიქით, დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ ყავა, კოკა-კოლა, სპირტიანი სასმელები არ გამოგადგებათ.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო, თუ განვითარდა:

* სუნთქვის გახშირება ან გაძნელება;

* უეცარი თავბრუხვევა;* ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში;

* მოუსვენრობა, შფოთვა;

* მძიმე ან შეუკავებელი პირღებინება.

 

თავდასხმამდე

როგორ მოვიქვეთ, რომ გრიპის ვირუსს არ ვემსხვერპლოთ? გრიპის სეზონზე, უწინარეს ყოვლისა, ერიდეთ ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით – იმ ადამიანებთან, რომლებსაც სასუნთქი სისტემის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. ხშირად დაბანეთ ხელები პატარებს, განსაკუთრებით – ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ. შეგიძლიათ, საპნის ნაცვლად გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდები.

არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს – გამომწვევი ასეც შეიძლება გავრცელდეს.

ოჯახის ავადმყოფი წევრი შეძლებისამებრ იზოლირებულ გარემოში მოაქციეთ და დანარჩენი წევრები, განსაკუთრებით ბავშვები, მოარიდეთ.

ავადმყოფთან ერთ მეტრზე მეტად მიახლოებისას გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი (შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ ან ოთხპირი დოლბანდისგან თავად დაამზადოთ). ნიღაბი ხშირად იცვალეთ და გამოცვლისას ხელების დაბანაც არ დაგავიწყდეთ. ჭურჭლის ცალკე რეცხვა საჭირო არ არის, ოღონდ საპნით ან სპეციალური ჟელეთი გარეცხვამდე ავადმყოფის ჭურჭელი სხვა ნივთებს არ უნდა შეეხოს. ავადმყოფს ასევე უნდა გამოუყოთ ცალკე პირსახოცი, მისი ოთახი ხშირად გაანიავოთ და სველი წესით დაალაგოთ.

ხალხური მედიცინა გრიპის პროფილაქტიკის უამრავ საშუალებას გვთავაზობს, მაგალითად, ნივრისა და ხახვის, ლიმონის წვენისა და თაფლის მიღებას. შუა აზიის ქვეყნებში პროფილაქტიკისთვის ბროწეულის წვენს სვამენ.

მაგრამ პროფილაქტიკის ძირითადი გზა მაინც ვაქცინაციაა. ცნობილია, რომ ის 3-4-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ხანდაზმულთა სახლებში გრიპის ვაქცინაცია 50-6

0%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და 80%-ით – გრიპთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაავადების რისკს 66%-ით აქვეითებს. აცრა სასურველია გრიპის სეზონის დაწყებამდე. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ვაქცინირებულ ადამიანს ვირუსთან კონტაქტის დროს დასნებოვნების შანსი მაინც აქვს, ვინაიდან იმუნიტეტი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.

 

ყველაზე საშიში ვირუსის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი რამდენიმე ათწლეულის წინ ამხილეს, მისი დამარცხება ვერა და ვერ მოხერხდა. მეტიც – ის უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესხმის თავს. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში 40 მილიონამდე ინფიცირებულია. მოზარდებში აივინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ძალზე გავრცელებულია ნარკომანია, კერძოდ, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინფექციის გადაცემის ეს გზა ყველაზე აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში.

შიდსი თუ აივ ინფექცია?

ამ ორ მდგომარეობას შორის განსხვავებაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ, მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.

ვირუსი ორგანიზმში შეიჭრება თუ არა, ადამიანი აივინფიცირებულია, ხოლო დაავადებაზე, შიდსზე, მას შემდეგ შეიძლება საუბარი, რაც მისი ნიშნები იჩენს თავს. ისიც შესაძლოა, გარეგნულად შიდსის კვალიც არ ჩანდეს, მაგრამ ლაბორატორიულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოავლინოს. იმის შესაფასებლად, გასცდა თუ არა პროცესი ინფიცირების სტადიას და ჩამოყალიბდა თუ არა შიდსი, ექიმი  ლაბორატორიულ კვლევას ნიშნავს, რომლის შედეგადაც ირკვევა, როგორია იმუნური სისტემის მდგომარეობა და ვირუსით დატვირთვა (მისი კონცენტრაცია ორგანიზმში).

მარტივად რომ ვთქვათ, უსიმპტომო სტადია აივ ინფექციაა, სიმპტომების გაჩენა კი შიდსზე მიანიშნებს. საზოგადოდ, შიდსი განსაზღვრული სინდრომებისა და ოპორტუნისტული (თანდართული) დაავადებების, მაგალითად, რომელიმე ინფექციის, სიმსივნის, ნაკრებს წარმოადგენს. როცა ექიმი დიაგნოზს აღნუსხავს, წერს: “აივ ინფექცია – შიდსი”.

მსოფლიოში რეგისტრირებული შემთხვევები, ინფექციის გადაცემის გზის კვალობაზე, ამგვარად ნაწილდება:

* 64% – ნარკოტიკული ნივთიერებების ინექციური მოხმარება;


* 28,6% – ჰეტეროსექსუალური კონტაქტები (ხშირი, დაუცველი კონტაქტები). მართალია, კომერციულ სექსმუშაკებს შეგნებული აქვთ აივინფიცირების საფრთხე, მაგრამ მაინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან;

* 3,4% – ჰომო- და ბისექსუალური კონტაქტები;

* 1,2% – ვერტიკალური გადაცემა (ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს);

* 1,6% – გადაცემის გზა უცნობია;

* 1,2% – სისხლის რეციპიენტი.

გარდა ამისა, რისკის ჯგუფში შედიან ქრონიკული ავადმყოფები, რომლებსაც ხშირად უწევთ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

 

როცა ყველაფერი მჟღავნდება

საინკუბაციო პერიოდი ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე შიდსის შემთხვევაში, სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ცვალებადია. ფარული პერიოდი საშუალოდ 4-5 წელს შეადგენს, თუმცა შესაძლოა, უფრო ხანმოკლე ან ხანგრძლივიც იყოს, რაც შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:

* რამდენმა ვირუსმა შეაღწია ორგანიზმში ანუ ინფიცირება ჩხვლეტით მოხდა თუ ტრანსფუზიით. თუ ადამიანს დიდი ოდენობით ინფიცირებული სისხლი გადაუსხეს, ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი იქნება და, შესაბამისად, საინკუბაციო პერიოდიც – ხანმოკლე;

* რა მდგომარეობაშია მასპინძელი ორგანიზმის იმუნური სისტემა;

* რამდენად ვირულენტურია (აგრესიულია) ორგანიზმში შეჭრილი შტამი.

ფარული პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით აივინფიცირებულები იყოფიან სწრაფად პროგრესირებად, საშუალო დონის (როდესაც ფარული პერიოდი 4-5 წელს შეადგენს) და მუდმივად არაპროგრესირებად კატეგორიებად. ამ უკანასკნელს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც 1981 წელს დაინფიცირდნენ, მაგრამ შიდსი ჯერ არ განვითარებიათ, თუმცა შესაძლოა, დაავადება ახლო მომავალში ჩამოუყალიბდეთ.

გახსოვდეთ: ადამიანი გადამდებია ინფიცირების დღიდან. ვირუსი ორგანიზმში შეჭრისთანავე აქტიურად იწყებს გამრავლებას. გვხვდება ყველა ბიოლოგიურ სეკრეტში, ყველაზე მეტად – სისხლში, თავზურგტვინის სითხეში, სპერმაში, ნაკლებად – ნერწყვსა და  ოფლში.

თუ აივინფიცირების შიშით (დაუცველი სქესობრივი კონტაქტის, საერთო შპრიცით ინექციის შემდეგ) ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის აღმოჩენა მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც მის საწინააღმდეგოდ ანტისხეულები გამომუშავდება, ეს კი განსაზღვრულ დროს მოითხოვს. ფანჯრის პერიოდი, როცა ორგანიზმში ვირუსი არის, მაგრამ არ ჩანს, ინფიცირებიდან ორ თვეს მაინც გრძელდება.

 

საიდან უნდა ველოდეთ საფრთხეს

სადღეისოდ ინფექცის გადაცემის რამდენიმე გზაა ცნობილი და მათი ცოდნა აუცილებელია.

მაშ ასე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გადაედება:

* სქესობრივი გზით. სტატისტიკა მოწმობს, რომ სქესობრივი გზით აივინფიცირების ალბათობა ყველაზე მაღალია და 70-80%-ს შეადგენს. ეს გასაგებიცაა: სპერმასა და საშოს სეკრეტში ვირუსი ძალზე მაღალი კონცენტრაციით გროვდება. ამ გზით ინფექციის გადაცემის საფრთხე კიდევ უფრო დიდია, თუ სქესობრივ პარტნიორს რომელიმე ვენერული დაავადებაც აქვს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – სიფილისი, გონორეა და სხვა – ერთგვარი კარიბჭეა, რომელიც აივ ინფექციისთვის იოლად იღება. ეს იმიტომ, რომ ვენერული დაავადებები უმეტესად სასქესო ორგანოების დაწყლულებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს, დაზიანებულ უბნებში კი ვირუსი იოლად იჭრება. გარდა ამისა, ანთების კერაში უხვად არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ძირითადი სამიზნე – T-ლიმფოციტები, რომლებიც ინფექციასთან უთანასწორო ბრძოლაში მარცხდებიან.

გარდა ამისა, ქალები მამაკაცებზე იოლად ინფიცირდებიან. არ გეგონოთ, აივ ინფექცია განსაკუთრებით ემტერებოდეს მშვენიერ სქესს; უბრალოდ, ვირუსი ქალის ორგანიზმში უფრო ადვილად იჭრება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სპერმა მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ვირუსს. მეორე – ზედაპირი, რომელიც ამ ვერაგი მიკროორგანიზმებით მოითესება, ქალის ორგანიზმში უფრო დიდია.

* ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებით (ინფიცირება საერთო შპრიცით). ამ გზით ვირუსი უფრო იშვიათად გადაეცემა, ვიდრე სქესობრივი გზით – შემთხვევათა საერთო რიცხვის 5-10%-ში, თუმცა ესეც საგანგაშოდ ბევრია.

რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი ნარკოტიკებზე უარის თქმაა, მაგრამ ინფიცირების რისკს ერთჯერადი შპრიციც ამცირებს (ცხადია, მხოლოდ მაშინ, თუ მას ერთი ადამიანი გამოიყენებს და არა რამდენიმე).

* მედიცინის მუშაკებში შპრიცით მანიპულაციის დროს. 1996 წელს აშშ-ში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 52 აივინფიცირებული მედმუშაკი გამოავლინა. 45 მათგანს ინფექცია ნემსის ჩხვლეტით შეეყარა, დანარჩენს – ვირუსით კონცენტრირებული სისხლის დაზიანებულ კანზე, თვალში, პირის ღრუში მოხვედრის შედეგად. მკვლევარებმა ინფიცირების საშუალო ალბათობაც გამოიანგარიშეს და დაადგინეს, რომ ნემსის ჩხვლეტისას იგი 0,3%-ს შეადგენს, ანუ 300 შემთხვევიდან მხოლოდ ერთი ხდება ვირუსის მსხვერპლი, ხოლო დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე და თვალში ინფიცირებული სისხლის მოხვედრის შემთხვევაში ალბათობა კიდევ უფრო ნაკლებია – მხოლოდ 0,1%-ს უტოლდება.

* ვერტიკალური გზით ანუ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე. ვირუსის გადაცემის ალბათობა ამ შემთხვევაში 5-10%-ია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 აივინფიცირებული ბავშვი იბადება, რომლებიც მუცლადყოფნის ან ძუძუთი კვების პერიოდში ინფიცირდებიან. ამჟამად საქართველოში აივ ინფექციაზე ყველა ორსულის გამოკვლევა არ ხდება. ქალი მხოლოდ ამ შემთხვევაში იგზავნება შემდგომი გამოკვლევისთვის, თუ მკურნალმა ექიმმა იეჭვა, რომ მომავალი დედა ინფიცირებულია.

* შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით. როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, ტრანსფუზიის დროს მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ შემოწმებული სისხლი გამოიყენება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში სისხლის გადასხმით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული. დასნებოვნების ალბათობა, სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 3-5%-ია.

 

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი არ გადაედება:

* კოცნით. ნერწყვში ვირუსი იმდენად ცოტაა, რომ კოცნით ინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. კოცნა საშიშია მხოლოდ მაშინ, როცა ნერწყვს დიდი ოდენობით სისხლი მოჰყვება ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაზიანებულია და ვირუსი მასში იოლად აღწევს. იგივე ითქმის ოფლსა და შარდზეც. სხვა ფიზიოლოგიურ სითხეებში (სპერმაში, რძეში, სისხლსა და თავზურგტვინის სითხეში) ვირუსები ძალზე მაღალი კონცენტრაციითაა და ინფიცირების თვალსაზრისით საშიშია;

* მწერის ნაკბენით. თავდაპირველად, როდესაც ვირუსი ის-ის იყო აღმოაჩინეს, მართლაც გამოითქვა მოსაზრება, რომ მისი გადამტანები შესაძლოა კოღოები, ტკიპები და სხვა სისხლისმწოველები ყოფილიყვნენ, მაგრამ სპეციალისტები მალევე მიხვდნენ, რომ მწერებს ბრალი არ მიუძღვოდათ, რადგან კბენისას ისინი ადამიანის ორგანიზმში ნერწყვს უშვებენ და არა სისხლს. ამ უკანასკნელს, პირიქით, ამოწოვენ. წარმოიდგინეთ, რა სავალალო მდგომარეობა იქნებოდა მთელ მსოფლიოში, მწერებს შიდსი რომ გადაჰქონდეთ – ეს პაწაწინა არსებები სულ რამდენიმე წელიწადში გაავლებდნენ მუსრს კაცობრიობას;

* სტომატოლოგიური მანიპულაციების, მანიკიურ-პედიკიურის, თმის შეჭრისა და პარსვის დროს;

* ანალიზის ჩაბარების დროს;

* აუზზე, აბანოსა და საუნაში;

* . ხელის ჩამორთმევით;

. პირადი ჰიგიენის ნივთებით (მაგალითად, პირსახოცით, ჭურჭლით) და ტანსაცმლით;

* დონორობისას. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, სხვას სისხლი გადაუსხათ, მათ შორის – შიდსით დაავადებულსაც კი.

 

***

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წითელბაფთიანი ადამიანები ამ დღეს ერთიანდებიან საერთო მიზნით – დაამარცხონ ეს უკურნებელი სენი. მართალია, ამ სასტიკი ვირუსის მოსპობა ჯერ ვერ მოახერხეს, მაგრამ ეფექტური მკურნალობით მისი მიძინება სავსებით შესაძლებელია.

პირველი დეკემბერი სტიგმასთან ბრძოლის დღედაც აღიქმება. ინფიცირებული ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და როცა მათ ისეთივე პატივისცემით მოვეპყრობით, როგორითაც სხვებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ ამ ინფექციის შესახებ მეტი ვიცით, ჩვენი ცნობიერება და შეგნება გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე წარმოგვედგინა.

 

არსაიდან მოსული ვირუსი

ჰერპეს ზოსტერი, იგივე სარტყლისებრი ლიქენი, წელიწადში 100 000-დან საშუალოდ 200 კაცს ემართება. 80 წელს გადაცილებულებს შორის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – 1100.

ყველაფერი კი ბავშვობიდან მოდის: თუ ბავშვობაში ჩუტყვავილა გადაიტანეთ, არ გეგონოთ, მასთან საბოლოოდ გაასწორეთ ანგარიში; დაავადების გამომწვევი ვირუსი, varicella zoster-ი, ხერხემლის გასწვრივ, ნერვულ კვანძებში იბუდებს და წლების განმავლობაში პასიურ მდგომარეობაშია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, სძინავს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მისთვის ხელსაყრელი, ჩვენთვის კი ბოლომდე დაუდგენელი მიზეზის გამო უეცრად იღვიძებს და მასპინძელ ორგანიზმს უტევს.

ზოსტერის ხელწერა

თავდაპირველად კანზე, წესისამებრ, წითელი ლაქები ჩნდება. გამონაყარი ყოველთვის ცალმხივია, წარმოიშობა სხეულის წინა ან უკანა მხარეს – ხერხემლიდან გულმკერდისკენ, ნერვის გასწვრივ, ზოგჯერ – სხეულის სხვა ნაწილებზეც (მათ შორის – თავზე, სახეზე – თვალის, პირისა და ყურების მიდამოში). გამონაყარი მტკივნეულია. ხშირად მას წინ უძღვის (ან ერთვის) წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი. ამ პერიოდში ავადმყოფი თავს სუსტად გრძნობს, მოთენთილია, უჩივის თავის ტკივილს, ტემპერატურის მატებას. შემდეგ ლაქები სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. მოგვიანებით ბუშტუკები სკდება, წარმოიქმნება მცირე ზომის წყლულები, რომლებიც ნელ-ნელა ხორცდება და ქერქით იფარება. ქერქი 2-3 კვირის შემდეგ ჩამოიფცქვნება. ჩამოთვლილ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს მუცლის ტკივილი, რომელიც გამონაყარის გაჩენამდე მუცლის პათოლოგიებზე ბადებს ეჭვს. კლინიკა ასევე შეიძლება წააგავდეს მიოკარდიუმის ინფარქტს, თირკმლის ან სანაღვლე გზების ამა თუ იმ პათოლოგიას. შესაძლოა ჰერპეს ზოსტერით იყოს განპირობებული შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შესივება, სახის ზოგიერთი კუნთის მოძრაობის გაძნელება.

ჰერპეს ზოსტერი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ მისი გამოვლენის ალბათობა მეტია, თუ:

* გადააბიჯეთ 60 წელს;

* ერთ წლამდე გადაიტანეთ ჩუტყვავილა;

* იმუნური სისტემა დასუსტებული გაქვთ იმუნოდეფიციტური დაავადების (მაგალითად, შიდსის) ან იმუნოდეპრესიული მოქმედების პრეპარატების მიღების გამო.

იმუნიტეტს ასუსტებს აგრეთვე ქიმიო- და სხივური თერაპია, სტრესი, ტრავმა, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ლიმფოიდური სიმსივნეები.

 

როგორ აღმოვაჩენთ, რას ვმკურნალობთ

ზოსტერის დიაგნოზს უმთავრესად ვიზუალურად, კლინიკური ნიშნების საფუძველზე სვამენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემებისა და გამონაყარის შეფასებაც. ჰერპეს ზოსტერის დიაგნოსტიკისთვის ზოგჯერ განსაზღვრავენ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, რომლებიც დაავადების აქტიურ ფაზაში ვლინდება. თუ ექიმს სურს, ლაბორატორიულად დარწმუნდეს ამ დაავადების არსებობაში, ყველაზე საიმედო გამოკვლევა უშუალოდ ვირუსის აღმოჩენაა, მაგრამ ეს გამოკვლევები საკმაოდ ძვირად ღირებულია და ძალზე იშვიათად მიმართავენ.

მკურნალობის მიზანია ტკივილის შემსუბუქება, გამონაყარის მოსპობა და გამოჯანმრთელების დაჩქარება, მეორეული ბაქტერიული ინფექციისა და პოსტჰერპესული ნევრალგიის პრევენცია.

ზოსტერის დროს, უპირველეს ყოვლისა, ინიშნება ანტივირუსული პრეპარატები (აციკლოვირი), რომლებიც ამცირებს ტკივილს, გართულებების რისკს და დაავადების ხანგრძლივობას. საუკეთესო შემთხვევაში, პაციენტმა მისი მიღება ტკივილისა და წვის აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა დაიწყოს. ზოსტერის დროს ანტივირუსული პრეპარატები გაცილებით დიდი დოზებით ინიშნება, ვიდრე მარტივი ან გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში.

ტკივილის შესამცირებლად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ცივი წყლის საფენები (20-40 წუთის განმავლობაში დღეში 4-8-ჯერ), დამამშვიდებელი აბაზანები (მაგალითად, შვრიის კოლოიდური აბაზანები) და ლოსიონები.

სხვა მედიკამენტებიდან იყენებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს – ქავილის შესამსუბუქებლად – და კაპსაიცინის (წიწაკის ექსტრაქტის) შემცველ მალამოებს, რომლებიც ამცირებს პოსტჰერპესული ნევრალგიის განვითარების რისკს.

ვიდრე სიცხე არ დაიწევს, რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი. ზედმიწევნით დაიცავით კანის სისუფთავე. დაბინძურებული საგნები ხელმეორედ არ გამოიყენოთ, მრავალჯერადი გამოყენების ნივთები კი მდუღარე წყალში ან სხვა სადეზინფექციო ხსნარში გაასტერილეთ. მნიშვნელოვანია ვიტამინებით მდიდარი და სრულფასოვანი საკვების მიღება. სხვა განსაკუთრებულ პირობას დაავადება, ფაქტობრივად, არ მოითხოვს.

ავადმყოფი იზოლირებული უნდა იყოს მათგან, ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია. განსაკუთრებული სიფრთხილე ორსულებს, ბავშვებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებს მართებთ. ზოსტერის გამომწვევი ვირუსი გადაედება მხოლოდ მას, ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია, მაგრამ გადადების შემთხვევაში ვითარდება არა ზოსტერი, არამედ ჩუტყვავილა.

გაითვალისწინეთ, რომ ზოსტერის ვაქცინა მხოლოდ დაავადების პრევენციისთვისაა მოწოდებული. აშშ-ში რუტინული სამედიცინო მეთვალყურეობა გულისხმობს 60 წელს გადაცილებულთა აცრას ჰერპეს ზოსტერზე. ვაქცინაცია არ უტარდებათ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ვაქცინა ეფექტურია პოსტჰერპესული ნევრალგიის საპროფილაქტიკოდაც.

 

ჰერპესი

ჰერპესვირუსების ჯგუფი ორი ათასამდე სახეობას აერთიანებს, მაგრამ მხოლოდ რვას შესწევს ადამიანის ინფიცირების უნარი. უკანასკნელი სამი – მე-6, მე-7 და მე-8 – არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს ჯერ კიდევ შეისწავლიან, პირველ ხუთს კი საზოგადოება უკეთესად იცნობს.

პირველსა და მეორეს მარტივ ჰერპესვირუსებს უწოდებენ, მესამე ტიპისა კი ბავშვებში მეტად გავრცელებულ ინფექციას – ჩუტყვავილას იწვევს. ეს უკანასკნელი არც ისე მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ როცა იმუნური სისტემა დათრგუნულია, შესაძლოა ძალზე არასასურველი შედეგი მივიღოთ.

მეოთხე ტიპის ჰერპესვირუსს ეპშტეინ-ბარის ვირუსი ეწოდება და ინფექციურ მონონუკლეოზს იწვევს, რომელიც ცხელებით, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, ჰეპატოლიენური სინდრომით (ღვიძლისა და ელენთის გადიდებით) და სისხლში სპეციფიკური ცვლილებებით მიმდინარეობს.

მეხუთე ტიპს კი ციტომეგალოვირუსის სახელით ვიცნობთ. სწორედ მის სინდისზეა მრავალი ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და სხვა გართულებები.

 

ყველაზე მარტივი

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მარტივი ჰერპესის ვირუსით დედამიწის ლამის მთელი მოსახლეობაა ინფიცირებული, მაგრამ დაავადება შემთხვევათა მხოლოდ მესამედში იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი უჩივის გრიპის მსგავს სიმპტომებს (მაღალ ტემპერატურას, შემცივნებას, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებას), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას და სხვა. დანარჩენ შემთხვევებში კი ქრონიკული ინფექცია ვითარდება. ამ დროს ვირუსი ნერვულ განგლიებამდე (კვანძებამდე) აღწევს და იქვე იბუდებს. ასე ვითარდება ფარული ინფექცია. ვირუსი კარგა ხანს არ ამჟღავნებს თავის არსებობას, ერთ მშვენიერ დღეს კი მოულოდნელად გამოაჩენს ბრჭყალებს. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ყველასთვის კარგად ნაცნობი კლინიკური ნიშნები: ბუშტუკოვანი გამონაყარი ცხვირ-ტუჩის არეში, იშვიათად – სახის სხვა ნაწილებზე (ლოყაზე, ყურზე...). მეორე ტიპის ჰერპესვირუსი კი გამონაყარს უმთავრესად სასქესო ორგანოებზე (სასქესო ასოზე, საშოს ლორწოვანზე, უკანა ტანის სიახლოვეს, ბარძაყებზე, დუნდულებზე) იწვევს.

გამონაყარის მომდევნო ეპიზოდები უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მეტადრე მაშინ, როცა ჰერპესული გამონაყარის სტარტიც არცთუ აგრესიულია. ბუშტუკები, წესისამებრ, 8-10 დღე რჩება, მერე კი ნელ-ნელა ქრება.

მართალია, პირველი ტიპის ვირუსი უფრო მეტად სახეს ემტერება, ხოლო მეორე ტიპისა – გენიტალიებს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ერთმანეთს ადგილი გაუცვალონ, ანუ პირველი ტიპის ჰერპესვირუსი სასქესო ორგანოების გამონაყარის მიზეზად იქცეს და პირიქით.

ამერიკული სტატისტიკით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 50-80%-ს ორალური (ტუჩის) ჰერპესი აქვს. გამონაყარის პირველი ეპიზოდი უფრო მძაფრად მიმდინარეობს, ვიდრე მომდევნოები. ეს იმიტომ, რომ იმუნიტეტი ჰერპესთან ბრძოლისთვის მოუმზადებელია. ამ დროს ბუშტუკები შესაძლოა დიდ ფართობს მოედოს: ზედა ტუჩს, ტუჩის შიგნითა ზედაპირს, ნესტოს, ლოყას, ნიკაპს, პირის ღრუს...

 

რატომ უნდა გვეშინოდეს

როდესაც ადამიანს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს (მაგალითად, შიდსის დროს), ჰერპესი აქტიურდება, ინტენსიურად მრავლდება და დაავადება კანსა და ლორწოვან გარსებთან ერთად სხვა ორგანოებსა და სისტემებზეც ვრცელდება. შესაძლოა, დაზიანდეს ღვიძლი, გული, ფილტვები, ტვინი...

ორსულებს არცთუ იშვიათად ურჩევენ ლაბორატორიულ ტესტირებას ჰერპესვირუსის გამოსავლენად. ნაყოფს ჰერპესი, წესისამებრ, მშობიარობისას, ჰერპესის ბუშტუკებით მოფენილ სამშობიარო გზებში გავლისას გადაედება.

ბავშვი მაშინაც დაინფიცირდება, თუ აქტიური ჰერპესით ინფიცირებულმა აკოცა ან ვირუსებით სავსე ბუშტუკს შეეხო და შემდეგ ჩვილს მოეფერა.

გამოთვლილია, რომ აშშ-ში ახალშობილთა მხოლოდ 0,1%-ს უვლინდება ნეონატალური (ახალშობილთა) ჰერპესინფექცია, მაშინ როდესაც ორსულთა 25-30%-ს გენიტალური ჰერპესი აქვს. ეს იმის დასტურია, რომ პატარა ყოველთვის არ ინფიცირდება.

ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, თუ ქალი ორსულობისას, უფრო კი მის მეორე ნახევარში დაინფიცირდა. ამ შემთხვევაში ქალის ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავება ვერ ესწრება. თუ დედა დაორსულებამდე იყო ინფიცირებული, მისი ანტისხეულები პლაცენტური ბარიერის გავლით ნაყოფის ორგანიზმში ხვდება და ინფიცირებისგან იცავს.

ნეონატალური ჰერპესი მძიმედ მიმდინარეობს – ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და ბავშვი გონებრივი განვითარების მძიმე დარღვევებით იბადება.

თუ ორსული ინფექციის მხოლოდ მატარებელია და დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება, ნაყოფის ინფიცირების შანსი ძალიან მცირეა, პრაქტიკულად ნულის ტოლი. თუმცა იშვიათია, მორეციდივე ჰერპესი ორსულობისას, იმუნიტეტის დაქვეითდების ფონზე, არ გამწვავდეს, ამიტომ იმუნური სისტემის გაძლიერებას ნებისმიერი ორსულისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ეს დაავადების პრევენციის ერთადერთი გზაა.

 

 

ვიშორებთ ვირუსს

ჰერპესის ვირუსს უმთავრესად მედიკამენტებით ებრძვიან. უნიშნავენ უმეტესად აციკლოვირის (ზოვირაქსი, ჰერპევირი), ვალაციკლოვირისა (ვალტრექსი) და ფამციკლოვირის (ფამვირი) შემცველ საშუალებებს. ტუჩის ჰერპესის შემთხვევაში ეფექტურია კრემები და მალამოებიც.

თუ ადამიანი წინასწარ იგრძნობს, რომ გამოაყრის და დაავადების პროდრომულ პერიოდშივე მიიღებს მედიკამენტებს, გამონაყარი მალევე გაქრება.

თუ გამონაყარი მალ-მალე იჩენს თავს (წელიწადში 6-ჯერ და მეტად), აუცილებელია სუპრესორული თერაპია. ასეთი მკურნალობის ფონზე გამწვავების ეპიზოდები 80%-ით იშვიათდება.

როგორც ითქვა, დაავადების პირველ წელს გამონაყარი ყველაზე მძაფრი და ხშირია. გამწვავებას (გამონაყარის გაჩენას) ხელს უწყობს ავადმყოფობა (მაგალითად, გრიპი), მკაცრი დიეტა, ემოციური და ფიზიკური სტრესი, მზეზე დიდხანს ყოფნა (გარუჯვა, თხილამურებით სრიალი), ქირურგიული ტრავმა, ჰორმონული მედიკამენტების მიღება. ჯანსაღი კვების, ვარჯიშის და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შემთხვევაში მთვლემარე ჰერპესი იშვიათად იღვიძებს.

 

გაცხოველებული” ვირუსის ამბავი

გრიპის პანდემია, სპეციალისტების გამოთვლით, ყოველ 30-40 წელიწადში ერთხელ იფეთქებს. ამ დროს მოცირკულირე ვირუსების გვერდით განსხვავებული გენოტიპი ჩნდება – ცხოველთა სამყაროს რომელიმე წარმომადგენლის (ჩვეულებრივ, წყალმფრენი ფრინველების) გრიპის გამომწვევი ადამიანს ასნებოვნებს. ვინაიდან ახალი ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მოსახლეობას პრაქტიკულად არ გააჩნია, დაავადება ელვის სისწრაფით – სულ რამდენიმე თვეში – მთელ მსოფლიოს ედება.

ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ გრიპის ახალი ვირუსი A(H5N1) გაჩნდა. მრავალ ქვეყანაში ზაფხულშიც კი ძალიან ბევრი გახდა ავად. მაჩვენებლებმა განსაკუთრებით მოიმატა ზამთარში. სადღეისოდ ეს ვირუსი ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ბევრმა მის მიმართ ერთგვარი იმუნიტეტიც შეიძინა, თუმცა თავად H5N1 ვირუსი, რომელსაც ფრინველის გრიპის ეპიდემიას აბრალებდნენ, არსად გამქრალა. გზადაგზა, სავარაუდოდ, შეხვდება სხვა ვირუსებს, შეიძენს ახალ-ახალ გენებს და მავნე თვისებები მოემატება თუ დააკლდება, არავინ იცის. ასე რომ, შესაძლოა, პირველივე პოსტპანდემიურმა სეზონმა საკმაოდ ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზოს. სადღეისოდ არსებული მონაცემებით, H5N1 საფრთხეს უქადის მცირეწლოვან ბავშვებს, ორსულებს, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს.

 

***

ფრინველის გრიპი ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი იწვევს. მან პირველად იტალიაში იჩინა თავი საუკუნის წინათ, დღეს კი უკვე ყველგან გვხვდება. ამ ვირუსით ნებისმიერი ფრინველი შეიძლება დასნებოვნდეს, თუმცა ზოგიერთი სახეობა შედარებით იშვიათად ინფიცირდება. გარეულ ფრინველებში ქათმის გრიპი ფარულად მიმდინარეობს და ეპიდემიური თვალსაზრისით საშიში არ არის, შინაურ ფრინველებში კი შესაძლოა მეტად მძიმე, მომაკვდინებელი დაავადება გამოიწვიოს.

ინფექცია ზოგჯერ შინაურ ფრინველებსაც უსიმპტომოდ გადააქვთ, თუმცა არც კვერცხდების შემცირება და სასუნთქი სისტემის დაავადებაა გამორიცხული. არსებობს ელვისებური ფორმაც, რომელიც წინამორბედი სიმპტომების გარეშე ფრინველის სიკვდილით სრულდება.

გრიპს ფრინველები ავრცელებენ. ვირუსის რეზერვუარებად მიჩნეულნი არიან გადამფრენი წყლის ფრინველები – გარეული იხვი, ბატი, ყანჩა და სხვები. მათ ვირუსი ნაწლავებით გადააქვთ და ნერწყვსა და ფეკალურ მასასთან ერთად გარემოში გამოყოფენ. გამომწვევი ყველაზე ხშირად სწორედ ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა.

ფრინველის გრიპის ვირუსი უძლებს ყინვას, მაგრამ რამდენიმე წამში კვდება მაღალ ტემპერატურაზე, მაგალითად, მდუღარე წყალში ან გახურებულ ტაფაზე. ინფიცირებული ფრინველის ხორცის საკვებად გამოყენება, თუ ის თერმულად სათანადოდ არის დამუშავებული, დაავადებას არ გამოიწვევს, მაგრამ საშიშია გრიპისგან მკვდარი ფრინველის შეხება – მის სხეულზე ვირუსის არსებობის ალბათობა ძალიან დიდია.

ადამიანებში ფრინველის გრიპი ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც გრიპის ნებისმიერი სხვა ვირუსი: მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელისა და კუნთების ტკივილს. ეს დაავადება იმით არის საშიში, რომ ძალიან მალე გადაიზრდება ფილტვების, გულისა და თირკმელებისმხრივ მძიმე გართულებებში.

ფრინველის გრიპის ვირუსი, თეორიულად, ადამიანის ინფიცირებას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ 1997 წლიდან დღემდე ინფიცირებისა და სიკვდილის რამდენიმე ათეული შემთხვევა აღირიცხა. ადამიანი ამ გრიპის გავრცელების ჯაჭვში უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს. დასნებოვნება შესაძლებელია როგორც ცოცხალ ინფიცირებულ ფრინველთან, ისე დაავადებული ფრინველის ხორცთან კონტაქტით. დასნებოვნების ძირითადი წყარო ადამიანისთვის სწორედ ფრინველის ხორცია, თუმცა მსოფლიოში აღრიცხულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გრიპი ადამიანისგან ადამიანს გადაედო, რასაც მეცნიერები ვირუსის მუტაციას (გენომის სტრუქტურის შეცვლას) აბრალებენ. ასეთი შემთხვევა იმდენად ცოტა იყო, რომ ეპიდემიოლოგთა განგაში არ გამოუწვევია. მეტსაც გეტყვით – ბოლომდე ისიც კი არ დამტკიცებულა, რომ ადამიანი სწორედ ადამიანისგან დაინფიცირდა. მიუხედავად  ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ყურადღებით ადევნებენ თვალს ვირუსის გავრცელებას, რადგან არსებობს ალბათობა, ვირუსმა ისეთი მუტაცია განიცადოს, რომ იოლად გადაედოს ერთი ადამიანისგან მეორეს.

გარდა ადამიანისა, ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნების შემთხვევები დადასტურებულია ვეშაპებს, ვირთხებს, ღორებს, წაულებსა და შინაურ ცხენებს შორის. ღორების პოპულაციაში გრიპის გავრცელება 1970, 1996 და 2004 წლებში აღირიცხა. ღორების ინფიცირება ერთი რამის გამოა საყურადღებო: ისინი შეიძლება დაავადდნენ როგორც ფრინველის, ისე ადამიანის გრიპით, ამ ორი ვირუსის თანხვედრის შემთხვევაში კი შესაძლოა მოხდეს ფრინველის გრიპის მუტაცია და მან ადამიანისგან ადამიანზე გადასვლის უნარი შეიძინოს. მუტაციის საშიშროება არსებობს ადამიანის ორგანიზმში ფრინველის გრიპისა და სხვა სახის გრიპის ვირუსების თანხვედრის დროსაც.

ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინაში H1N1-ად იხსენიებენ. სახელწოდება “ღორის გრიპი” რეალურ ისტორიას უკავშირდება: 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. ადგილობრივმა მედიკოსებმა მას გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ A ტიპის ვირუსი ჰქონდა. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. სწორედ იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას “ღორის გრიპის” სახელი.

 

აფრიკული საფრთხე

დღეს მთელი მსოფლიო ებოლის ვირუსზე ლაპარაკობს, თუმცა ის ერთადერთი საშიში აფრიკული სენი როდია; არსებობს ინფექციების მთელი წყება, რომლებიც ერთ – ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე ვირუსული ინფექციების – ჯგუფში ერთიანდება. სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება ყირიმ-კონგოს, დენგეს, ლასის, მირბურგის და ყვითელი ცხელება. ეს დაავადებები უმეტესად მაღალი ტემპერატურით იჩენს თავს. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

. ძლიერი სისუსტე, მოთენთილობა;

. თავბრუხვევა;

. კუნთების, ძვლების, სახსრების ტკივილი.

შესაძლოა, მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ ადამიანის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო. ამაზე უმთავრესად კანქვეშ გაჩენილი სისხლჩაქცევები მიგვანიშნებს, თუმცა ანალოგიური პროცესიამ დროს შინაგან ორგანოებშიც მიმდინარეობს. სისხლჩაქცევები შესაძლოა გაჩნდეს პირის ღრუში და თვალის კაკლებზეც.

მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმეზე მეტყველებს შოკი, ნერვული სისტემის აშლილობა, კომა, დელირიუმი. პროცესი, წესისამებრ, თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობით სრულდება.

ვირუსს ინფიცირებული ცხოველები, მწერები და ადამიანები ავრცელებენ. ინფიცირება ხდება:

. ინფიცირებულ ადამიანთან მუშაობისას;

. ინფიცირებული ცხოველის დაკვლისას;

. ნარკოტიკების ინტრავენური შეყვანისას შპრიცის გაზიარების შემთხვევაში;

. დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას;

. ვირთხებით სავსე შენობაში მუშაობისას ან ცხოვრებისას.

ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი უმთავრესად აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული და თუ მან დედამიწის სხვა ნაწილში იჩინა თავი, ეს ნიშნავს, რომ ინფექცია ვიღაცამ აფრიკიდან ჩამოიტანა. იმ ქვეყნებში, სადაც მიმოსვლა ინტენსიურია, საფრთხეც მეტია. ამიტომაც შემოჰკრეს განგაშის ზარებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, როდესაც ებოლის პირველი შემთხვევა აღირიცხა.

ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზის დასმა იოლი არ არის. უმთავრესად იმიტომ, რომ ავადმყოფობის ნიშნები იმდენად ზედაპირულია, სხვა დაავადებებისგან მისი გარჩევა ჭირს. თავად განსაჯეთ – თუ ადამიანი მოთენთილია და მაღალი სიცხე აქვს, მაინცდამაინც დენგეს ან ებოლის ცხელება რატომ უნდა იეჭვოს?! საბოლოოდ დიაგნოზს მაინც სვამენ, მაგრამ ისეც ხდება, რომ ამ დროისთვის ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

სპეციფიკური მედიკამენტები არ არსებობს. თერაპია ძალზე ზოგადია: ტარდება ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც მდგომარეობას ამსუბუქებს. მნიშვნელოვანია რეჰიდრატაციაც – ორგანიზმის სითხით შევსება.

ებოლის ბოლოდროინდელმა ეპიდემიამ ძლიერნი ამა ქვეყნისანი დააფიქრა. ასე რომ, როგორც ჩანს, ვაქცინაზე მუშაობა გაგრძელდება (შეგახსენებთ: რამდენიმე წლის წინ დაავადების შეზღუდული გავრცელების გამო კვლევის დაფინანსება შეწყვიტეს). ჯერჯერობით ამ ჯგუფის ერთადერთი ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს, ყვითელი ცხელების გამომწვევია, ებოლის, დენგეს და სხვა ვირუსებთან გამკლავებას კი მეცნიერები უახლოეს მომავალში გვპირდებიან.

 

აფრიკიდან შემოპარული საფრთხე

ბოლო თვეების განმავლობაში მისი თავდასხმის შედეგად შავ კონტინენტზე ოთხი ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მსოფლიოს ჯანდაცვის სამსახურებმა განსაკუთრებულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განგაშის ზარებს შემოჰკრა – აფრიკული მონსტრი ჩვენს მედიცინის მუშაკებსაც დაერიაო... ალბათ მიგვიხვდით – მთელი ამ აურზაურის მიზეზი ებოლის ვირუსია.

 

ებოლის ვირუსით გამოწვეული დაავადება, რომელსაც ებოლის ჰემორაგიული ცხელების სახელით იცნობენ, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად ლეტალურად სრულდება. სტატისტიკის თანახმად, სიკვდილიანობა 90%-ს აღწევს.

გამომწვევი ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე). დასავლეთ აფრიკაში მიმდინარე ეპიდაფეთქების დროს დაავადების უმეტესად ადამიანისგან ადამიანზე გავრცელების შემთხვევებია აღრიცხული.

ადამიანი ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან ან სისხლით დაბინძურებულ გარემოსა თუ საგნებთან კონტაქტის შედეგად. ვირუსის გადაცემა გარდაცვლილის გვამთან შეხებითაც შესაძლებელია.

ებოლის ეპიდაფეთქების დროს დაავადების მაღალი რისკი ემუქრებათ:

* სამედიცინო პერსონალს;

* ავადმყოფის ოჯახის წევრებს და მასთან  ახლო კონტაქტის მქონე სხვა პირებს;

* ადამიანებს, რომლებსაც დაკრძალ

ვისას უშუალო შეხება ჰქონდათ ამ დაავადებით გარდაცვლილის გვამთან.

 

რას გვიქადის ვირუსი

ებოლის ვირუსით გამოწვეული დაავადებისთვის დამახასიათებელია უეცარი ცხელება, ძლიერი სისუსტე, კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი. ამ სიმპტომებს მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და ზოგჯერ შინაგანი და გარეგანი სისხლდენაც,  რომელიც ერთდროულად იწყება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 


 განცხადებით, თუ ვინმე იმყოფებოდა ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია ებოლის ვირუსის გავრცელების არედ ან ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და ამის შემდეგ დამახასიათებელი სიმპტომები გამოაჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

როგორ მკურნალობენ

ებოლის ვირუსით ინფიცირება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებით დასტურდება. მძიმედ დაავადებულებს ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. მათი ორგანიზმი გაუწყლოებულია და მოითხოვს ორალურ რეჰიდრატაციას ან ისეთი სითხეების ინტრავენურ მიწოდებას, რომლებიც ელექტროლიტებს შეიცავს.

სათანადო სამედიცინო დახმარება ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობას აუმჯობესებს.

 

ჭორები ინტერნეტიდან

რას აღარ ამბობენ ებოლის ვირუსზე! მხოლოდ სოციალურ ქსელებში გაგონილი ინფორმაციაც საკმარისია, რომ შინიდან ცხვირი არ გამოვყოთ, სანამ ებოლისგან მსოფლიოში უკანასკნელი ადამიანიც არ განიკურნება.

ხშირად გაიგონებთ, რომ ებოლა საკვების მეშვეობით გადაეცემა. ცხადია, ასე არ არის. გადაცემის გზებზე უკვე ვისაუბრეთ. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ საკვებს მართლაც მიუძღვოდა ბრალი აფრიკაში, სადაც ებოლით ინფიცირებული პრიმატების ხორცს მიირთმევდნენ.

ყურს მოჰკრავთ მეორე ჭორსაც _ თითქოს 10 ლიტრი წყლის დალევით ავადმყოფი იკურნებოდეს. ალბათ ხვდებით, რომ ეს, სხვა თუ არაფერი, საეჭვოდ ჟღერს. რეჰიდრატაცია ნამდვილად არის ებოლის მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ მხოლოდ ამ გზით ინფექციის ორგანიზმიდან განდევნა ძნელი წარმოსადგენია. იქ, სადაც ებოლა მძვინვარებდა, წყლის პრობლემა კონტინენტის გაჩენის დღიდან არსებობს, ამიტომ ნუ გაიკვირვებთ, რომ წყლის მნიშვნელობას ასე უსვამენ ხაზს.

საზოგადოდ კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაბეჯითებით გვირჩევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოთა რეკომენდაციების გათვალისწინებას. მიუხედავად იმისა, რომ ებოლის ვირუსის სპეციფიკური წამალი არ არსებობს, გადარჩენის საუკეთესო გზა საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობის ჩატარებაა ინფექციის კონტროლის პროცედურების მკაცრი დაცვით.

 

უსაფრთხო მოგზაურობისთვის

ბოლო ხანს ალბათ ბევრჯერ მოგიკრავთ ყური, რომ სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტები პანიკამ მოიცვა, თითქოს ყველა აფრიკელი მგზავრი ებოლის ვირუსს ატარებდეს თან.

მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურები ზედმიწევნით უნდა უფრთხილდებოდნენ ჯანმრთელობას, ებოლის ვირუსით ინფიცირების რისკი მათთვის არც ისე დიდია, რადგან ადამიანისგან ადამიანს ვირუსი უმთავრესად ავადმყოფის ბიოლოგიური სითხეებითა და გამონაყოფებით გადაეცემა.

მედიცინის მუშაკებმა უკვე მიიღეს რეკომენდაცია, ეპიდაფეთქების ტერიტორიაზე ზედმიწევნით მისდიონ ჯანმოს მიერ გაცემულ ინფექციის კონტროლის გაიდლაინებს, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს:

* მგზავრობისას თავი ვარიდოთ ისეთ პირთან კონტაქტს, რომელსაც ავადმყოფობის ნიშნები აქვს;

* თუ ეპიდაფეთქების ადგილიდან დაბრუნების შემდეგ ებოლის იდენტური სიმპტომები გამოგვაჩნდა, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.

გააზიარე: