სქესობრივი მომწიფების დარღვევები

გააზიარე:

ძნელია იყო მშობელი და, ასე მგონია, თითქმის შეუძლებელია იყო რაციონალური მშობელი. მაგალითად, შვილების მიმართ ზოგი მეტისმეტად თავშეკავებულია, ზოგიც – მეტისმეტად ყურადღებიანი. რომელი ჯობია? მე თუ მკითხავთ, იქ, სადაც საქმე ბავშვს ეხება, უყურადღებობით რამის გაფუჭებას ზედმეტი ყურადღება და ამაო განგაში სჯობს. დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელი გაფაციცებით აკვირდება შვილის ზრდა-განვითარებას. რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა ხედავ, როგორ იზრდება, თვალსა და ხელს შუა კაცდება თუ ქალდება შენი შვილი... სქესობრივი განვითარების დარღვევებზე, ნაადრევ და ნაგვიანევ სქესობრივ მომწიფებაზე კი ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა გვესაუბრება:

– სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ისიც, რას მივიჩნევთ ნორმად. ნორმის მაჩვენებლები სხვადასხვა რასისთვის სხვადასხვაა. სამწუხაროდ, საქართველოში სქესობრივი მომწიფების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, სამაგიეროდ, უამრავი ეპიდემიოლოგიური მონაცემი გვაქვს აშშ-ის მოსახლეობის შესახებ. ცნობილია, რომ აფროამერიკელ გოგონებში სქესობრივი მომწიფების დაწყება 6 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად ნორმალურ მოვლენად ითვლება, მაშინ როდესაც ანგლოსაქსებისთვის – კავკასიური, თეთრი რასის წარმომადგენლებისთვის – ეს ასაკი 7-8 წელია. ვინაიდან ქართველები თეთრ რასას მივეკუთვნებით, გოგონების სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკად ჩვენშიც 8 წელია მიჩნეული. 7 წლის ასაკში სქესობრივი მომწიფების დაწყება ადრეულ ვარიანტად მიიჩნევა და არა ნაადრევად. ვაჟებთან ეს პროცესი 1-2 წლით გვიან იწყება.

  • – რა პარამეტრებით უნდა შევაფასოთ სქესობრივი მომწიფების დაწყება?

– უწინარესად, ვაკვირდებით სასქესო ნიშნების განვითარებას: გოგონებთან – მკერდის ზრდას, ბოქვენზე და იღლიებში თმიანობის გაჩენას, საბოლოოდ კი მენსტრუალური ციკლის დაწყებას; ვაჟებს ეზრდებათ სათესლე ჯირკვლები და, საზოგადოდ, გენიტალიები, ბოქვენზე და იღლიებში უჩნდებათ თმა. ამას თან ახლავს დამატებითი ნიშნების გაჩენაც: ვაჟებს ეცვლებათ ტემბრი, უბოხდებათ ხმა, ამოსდით წვერი, უფართოვდებათ მხრის სარტყელი, გოგონებს ეცვლებათ ფიგურა, იღებენ უფრო ქალურ, მომრგვალებულ ფორმებს. ორივე სქესისთვის დამახასიათებელია კანის გაცხიმიანება, სახეზე აკნეს გაჩენა და ოფლის მძაფრი სუნი. დარღვევა მაშინ უნდა ვიეჭვოთ, როცა გოგონას ან ვაჟის მომწიფება აღნიშნულ ვადებში ვერ თავსდება. როცა ის ვადებს უსწრებს, საქმე ნაადრევი მომწიფების სინდრომთან გვაქვს, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში – სქესობრივი მომწიფების შეფერხებასთან.

უნდა ითქვას, რომ სქესობრივი მომწიფების შეფერხება ვაჟებთან უფრო ხშირია, ხოლო გოგონები ნაადრევი მომწიფებისკენ არიან მიდრეკილნი.

შეფერხებაზე ვსაუბრობთ მაშინაც, როდესაც აღნიშნული პროცესების თანმიმდევრობაა დარღვეული. ამას ჩვენ არასწორ პუბერტატს, არასწორ სქესობრივ მომწიფებას ვუწოდებთ. იდეალური ნორმაა, როდესაც გოგონას ჯერ მკერდი ეზრდება და მხოლოდ ამის შემდეგ ამოდის თმა ბოქვენზე და იღლიებში, ხოლო მენსტრუალური ციკლის დაწყება სულ ბოლო ეტაპია. ვაჟებთან ჯერ სათესლეების ზრდა უნდა დაიწყოს, მათი სიგრძივი ზომა 25 მმ-ზე მეტი გახდეს, შემდეგ გაჩნდეს თმა ბოქვენზე და იღლიებში და დაიწყოს ასოს გადიდება. ხანდახან პირიქით ხდება – გოგონას მკერდი ჯერ არ გაზრდია, ბოქვენზე და იღლიებში კი თმა უკვე ამოსდის; ბიჭს სათესლეები ჯერ პატარა აქვს, მაგრამ პენისი უკვე გაეზარდა და თმიანობაც გაუჩნდა. თანმიმდევრობის შეფასება ძალზე მნიშვნელოვანია, მას დიდი სადიაგნოზო ღირებულება აქვს.

სქესობრივი მომწიფების შეფასებისას მნიშვნელოვანი პარამეტრია სიმაღლეში ზრდა. ეს ორი პარამეტრი, წესისამებრ, გვერდიგვერდ მიაბიჯებს, თუმცა, ცხადია არა ყოველთვის და ამასაც თავისი სადიაგნოზო ღირებულება აქვს. მაგალითად კლაინფელტერის სინდრომის (ქრომოსომული ანომალია, როცა მამაკაცს ერთი ან მეტი დამატებითი X ქრომოსომა აქვს) დროს გენიტალიების, განსაკუთრებით – სათესლეების, ზრდა რამდენადმე ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას, თუმცა პაციენტი მაღალია. მსგავსი შემთხვევები იშვიათია. უმეტესად, როცა სქესობრივი მომწიფება იგვიანებს, სიმაღლეში ზრდა და ფიზიკური ზრდა-განვითარებაც მეტ-ნაკლებად შეფერხებულია.

  • – რა იწვევს სქესობრივი მომწიფების შეფერხებას?

– სქესობრივი მომწიფების დაგვიანებას მრავალი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირია სქესობრივი მომწიფების დაგვიანება კონსტიტუციური ანუ ოჯახური ტიპით, როდესაც ერთი ან ორივე მშობელი ან თუნდაც რომელიმე ახლო ნათესავი გვიან მომწიფდა. შვილი ხშირად მშობლის სქესობრივი განვითარების ტემპს იმეორებს. როდესაც მსგავს შემთხვევებში დედებს ვეკითხებით, როდის დაეწყოთ დედათა წესი, იხსენებენ, რომ 15-16 წლის ასაკში, თანაკლასელ გოგონებზე გვიან და ყველაფერი გასაგები ხდება. ეს ნორმის ფარგლებში ჯდება, თუმცა ის, რომ მშობელსაც გვიან   დაეწყო მენსტრუალური ციკლი, ყოველთვის არ გამორიცხავს პათოლოგიას. სქესობრივი მომწიფების შეფერხება შესაძლოა უამრავმა ენდოკრინულმა თუ არაენდოკრინულმა დაავადებამ გამოიწვიოს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია იმ ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგია, რომლებიც სქესობრივი მომწიფების დაწყებასა და რეგულაციას განაგებს. ვგულისხმობ ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-გონადების ღერძს. არცთუ იშვიათია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ან ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული სქესობრივი მომწიფების დარღვევები. მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ნებისმიერი მძიმე არაენდოკრინული დაავადება, მაგალითად, ქრომოსომული, რომლის დროსაც სქესობრივი მომწიფება ძალზე დაგვიანებული და არასრულფასოვანია. გაგიკვირდებათ და სქესობრივი მომწიფების დარღვევა შესაძლოა ძლიერმა სტრესმა და მკაცრმა დიეტამაც გამოიწვიოს. მყავს პაციენტები – მოზარდი გოგონები, რომლებსაც არარაციონალური დიეტის ან შიმშილობის ფონზე შეუწყდათ მენსტრუალური ციკლი, დაერღვათ სქესობრივი მომწიფების პროცესი, სისხლში იმატა მამაკაცური ჰორმონების დონემ და ჭარბთმიანობა განუვითარდათ. სქესობრივი მომწიფების დასაწყისში, ვიდრე ციკლი დარეგულირდება, მგზავრობამ და კლიმატის შეცვლამაც კი შეიძლება ციკლის არევა გამოწვიოს.

არასწორ პუბერტატსაც სხვადასხვა რამ იწვევს. ყველაზე ხშირად გვხვდება თირკმელზედა ჯირკვლების ნაადრევი აქტივაცია.

ნაადრევ მომწიფებასაც მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა მომწიფების შეფერხებასთან შედარებით ამ მიზეზების დიაპაზონი ვიწროა. სამაგიეროდ, მეტია ალბათობა, მას მძიმე პათოლოგია ედოს საფუძვლად. ყველაზე მწვავე და უსიამოვნო, რაც არაფრით არ უნდა გამოგვეპაროს, სასქესო ჰორმონების წარმომქმნელი სიმსივნეა.

  • – როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შეამჩნია, რომ მისი შვილის სქესობრივი მომწიფების ტემპი ნორმაში არ ჯდება? რა სახის გამოკვლევების ჩატარება მოუწევს მას მიზეზის დასადგენად?

– ამ შემთხვევაში მშობელმა შვილი აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვთა ენდოკრინოლოგთან. მართალია, განგაში ხშირად ცრუა, მაგრამ პროცესის ნებაზე მიშვებას თავის დაზღვევა სჯობია. ცხადია, მშობელი შვილის სქესობრივ განვითარებას ობიექტურად ვერ შეაფასებს. ხდება ისეც, რომ შვილს ერთი სქესობრივად მომწიფებული თანაკლასელი ჰყავს, მშობელს კი ჰგონია, რომ ის არის ნორმალური და ყველა დანარჩენი ჩამორჩება. სინამდვილეში შესაძლოა პირიქით იყოს – სწორედ იმ ბავშვს ჰქონდეს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, სხვები კი ნორმალურად ვითარდებოდნენ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ვამოწმებთ, ნამდვილად გვაქვს თუ არა საქმე დარღვევასთან. ამისთვის უამრავი ობიექტური მარკერი არსებობს. ვარკვევთ, დაწყებულია თუ არა სქესობრივი განვითარების პროცესი, სქესობრივი მომწიფების რომელ სტადიაზეა პაციენტი, სწორი თანმიმდევრობით მიმდინარეობს თუ არა პროცესი. ამის დასადგენად პაციენტის ფიზიკალური გასინჯვაა საჭირო, რაც მეტ-ნაკლებად ინტიმური პროცესია: ხდება ვაჟის სათესლეების, პენისის გაზომვა, გოგონას სარძევე ჯირკვლების დათვალიერება. სქესობრივი მომწიფების ხარისხის დადგენის შემდეგ ვამოწმებთ, შეესაბამება თუ არა იგი ასაკობრივ ნორმას. არსებობს სპეციალური ნორმატივები, სადაც წერია, როგორი უნდა იყოს პენისის, სათესლეების ზომა ამა თუ იმ ასაკში, როგორი მკერდი უნდა ჰქონდეს გოგონას, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ჰორმონის დონე და ა.შ.

თუ მშობელი მართალი აღმოჩნდა და ბავშვის სქესობრივი განვითარება ნამდვილად სცდება ნორმის ფარგლებს, მიზეზის ძიებას ვიწყებთ. როგორც უკვე გითხარით, ყველაზე გავრცელებული მიზეზი კონსტიტუციურია. მასზე ეჭვის მიტანა მშობლის გამოკითხვით არის შესაძლებელი. ძალზე ინფორმაციულია ძვლოვანი ასაკის განსაზღვრაც. ამ დროს ტარდება ბავშვის არააქტიური მტევნის რენტგენოგრაფია სხივ-მაჯის სახსრიდან თითების ბოლომდე. რა ინფორმაციას გვაწვდის ხელის რენტგენი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ? საქმე ის გახლავთ, რომ მტევანი ბევრ მცირე ზომის ძვალს შეიცავს, რომლებიც თავიდან ხრტილით არის წარმოდგენილი. ხრტილი რენტგენის სხივებს ატარებს, ამიტომ რენტგენოგრამაზე არ ჩანს. როგორც კი ხრტილი გაძვალდება, რენტგენზე გამოჩნდება. თითოეული ხრტილი კონკრეტულ ასაკში განიცდის გაძვალებას. იმის მიხედვით, რამდენი ხრტილია გაძვალებული და რამდენი გამოჩნდა უკვე რენტგენის სურათზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მომწიფებულია ბავშვი ბიოლოგიურად. მოგეხსენებათ, ბიოლოგიური მომწიფების ტემპი ყველას სხვადასხვანაირი აქვს. არ არის გამორიცხული, საპასპორტო მონაცემებით 13 წლის ჭაბუკის ბიოლოგიური ასაკი 11 ან 10 წელი აღმოჩნდეს. სქესობრივი მომწიფების შეფერხების ან ტანდაბლობის შემთხვევაში ძვლოვანი ასაკი შესაძლოა უსწრებდეს, შეესაბამებოდეს ან ჩამორჩებოდეს საპასპორტო ასაკს. აღნიშნული გამოკვლევის შედეგად ვადგენთ, რომელ მათგანთან გვაქვს საქმე. ამას თავისი დიაგნოსტიკური დატვირთვა აქვს, განსაზღვრული მიმართულებით მივყავართ და შესაძლო მიზეზების ჩამონათვალსაც ამცირებს.

ხშირად გვჭირდება სასქესო ჰორმონების გამოკვლევაც. უნდა გაკეთდეს სინჯები, შეფასდეს სისხლში გონადოტროპინების შემცველობა, ჰიპოფიზის ფუნქცია – რამდენად არის იგი აქტივირებული და რამდენად უბრძანებს გონადებს, სასქესო ჯირკვლებს, სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. პარალელურად სხვა მძიმე დაავადებებსაც გამოვრიცხავთ, რომლებმაც შეიძლება მეტ-ნაკლებად შეაფერხოს სქესობრივი მომწიფება.

თუ პაციენტი, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით არის ავად, დიალიზზეა ან რომელიმე სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს, შანსი, რომ ზრდაში ჩამორჩებოდეს და სქესობრივი მომწიფებაც შეფერხებული იყოს, დიდია. თუმცა არც ყველაფრის მძიმე ქრონიკული დაავადებისთვის გადაბრალება იქნება მართებული. მსგავს შემთხვევებშიც უნდა გამოირიცხოს სხვა პათოლოგიები, ვინაიდან თეორიულად შესაძლებელია, ძირითად დაავადებას რაიმე ჰორმონული დარღვევაც დაერთოს თან.

  • – რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა?

– დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ პაციენტის ექიმთან მიყვანა და მკურნალობა დაგვიანდა, ამან შესაძლოა მის მომავალ ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა. სქესობრივი მომწიფების შეფერხების დროს, წესისამებრ, სიმაღლეში ზრდის პროგნოზიც არ არის კარგი; შესაძლოა, ზრდასრულ ასაკში არც რეპროდუქციული ფუნქცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. გარდა ამისა, თუ დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგვიანდა, ბავშვი სოციუმში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, აქვს ფსიქოემოციური განცდები. თანაკლასელები უკვე ცხოვრების ინტიმური მხარეებით ინტერესდებიან და მსგავს თემებზე საუბრობენ, სქესობრივად მოუმწიფებელი ვაჟისთვის კი ეს ყველაფერი უცხოა, მას არ ესმის, რაზეა საუბარი, თანატოლებს შორის უფსკრული ჩნდება, რაც შემდეგ თანატოლებთან ურთიერთობაზე, მოზარდის ფსიქიკაზე აისახება. იმატებს ფსიქოემიოციური დარღვევების რისკი. დაახლოებით ასეთივე პრობლემები იჩენს თავს გოგონებთანაც.

  • – როგორია თანამედროვე ენდოკრინოლოგიის მიდგომა სქესობრივი მომწიფების დარღვევის მკურნალობის მიმართ?

– სქესობრივი მომწიფების კონსტიტუციური, ოჯახური შეფერხების შემთხვევაში მკურნალობის საკითხი დიდად საკამათოა. მსოფლიო ენდოკრინოლოგიაში ორგვარი მიდგომა არსებობს და კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს ნორმის ვარიანტია, არავითარი მკურნალობა არ სჭირდება, დაკვირვებაც საკმარისია, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს პათოლოგიაა და სასქესო ჰორმონების მცირე დოზებით პროცესს ბიძგის მიცემა მაინც სჭირდება.

თუ პრობლემის მიზეზი რომელიმე მძიმე პათოლოგია, სწორედ მას უნდა ვუმკურნალოთ. ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნის შემთხვევაში აგრესიული მკურნალობაა აუცილებელი. თუ საქმე გვაქვს ოპერაციის შემდგომ მდგომარეობასთან, როცა ჰიპოფიზი ამოკვეთილია, გამოსავალია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით ან ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული დარღვევის დროს ჰორმონული ბალანსის აღდგენის შემდეგ პრობლემა თავისთავად გვარდება.

ზოგიერთი დაავადება, სამწუხაროდ, ნაკლებად ემორჩილება მკურნალობას. მაგალითად, ტერნერის სინდრომი – ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც გოგონას ერთი X ქრომოსომის დეფიციტი აქვს. ამ დროს საკვერცხეები უმეტესად ატროფირებულია, შემაერთებელი ქსოვილით არის ჩანაცვლებული, მენსტრუალური ციკლი კი მეტ-ნაკლებად არასრულფასოვანია. აღნიშნული დაავადების დროს ჩანაცვლებითი თერაპიით ვიზუალურად ვაღწევთ ქალური ნიშნების ჩამოყალიბებას, რათა გოგონას პირადი ცხოვრება ჰქონდეს, შვილოსნობის ფუნქციის უზრუნველყოფა კი საკმაოდ გაძნელებულია.

ამრიგად, თქვენ უკვე იცით, როგორი ტემპითა და თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს ბავშვის სქესობრივი მომწიფება, რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია მის დარღვევას მომავალში და ვის უნდა მიმართოთ ამ დროს. ბავშვთა ენდოკრინოლოგები სიამოვნებით დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში.

თამარ არქანია

გააზიარე: