ვიკვლევთ მცირე მენჯის ღრუს

გააზიარე:

ვაგრძელებთ ციკლს “ულტრაბგერის ენა” და ამჯერად ქალბატონების ყურადღებას ვითხოვთ.

თუ გინეკოლოგიური ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარეთ, მაგრამ იმის შიშით, რომ მაინც ვერაფერს გაიგებდით, პასუხი არც კი გადაგიშლიათ, –  ექიმის სიტყვიერ განმარტებას დასჯერდით, –  დროა, საგულდაგულოდ შენახული დასკვნა მოიძიოთ და კითხვას შეუდგეთ, ხოლო თუ გინეკოლოგიური ექოსკოპია არასოდეს ჩაგიტარებიათ, დროა, ამ საქმეს მიხედოთ. პასუხის წაკითხვაში ჩვენი რესპონდენტი, ექიმი გინეკოლოგი, სონოგრაფისტი თამარ ჩხაიძე დაგეხმარებათ:

 

  • –  ქალბატონო თამარ, როგორ უნდა მოვემზადოთ გინეკოლოგიური ექოსკოპიისთვის?

–  გინეკოლოგიური ექოსკოპიის ჩატარების ორი მეთოდი არსებობს: ტრანსაბდომინალური, როდესაც ქალის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს ზემოდან ვიკვლევთ, და ტრანსვაგინალური – სპეციალური საშოსმხრივი ტრანსდუსერით. ტრანსაბდომინალური გამოკვლევისთვის აუცილებელია გადავსებული შარდის ბუშტი, რათა შეიქმნას ფიზიოლოგიური აკუსტიკური ფანჯარა მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ვიზუალიზაციისთვის. ამ გამოკვლევას უმთავრესად ქალიშვილებთან მივმართავთ. ტრანსვაგინალური გამოკვლევა ცარიელი შარდის ბუშტის ფონზე ტარდება. სქესობრივი გამოცდილების მქონე ქალებთან, განსაკუთრებით კი ჭარბწონიანებთან, უკეთესი ვიზუალიზაციისთვის სწორედ ვაგინალური გამოკვლევის ჩატარებაა რეკომენდებული. როცა გოგონა ქალიშვილია და, სავსე შარდის ბუშტის მიუხედავად, ვიზუალიზაციის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, მივმართავთ ტრანსრექტალურ გამოკვლევას – გამოკვლევას სწორი ნაწილავიდან. გინეკოლოგიური გამოკვლევა სასურველია ჩატარდეს ციკლის პირველ ფაზაში, მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მეხუთე-მეათე დღეს.

  • –  რომელი ორგანოების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას ეს გამოკვლევა?

–  გინეკოლოგიური ექოსკოპიით ვიღებთ ინფორმაციას საშვილოსნოს სხეულის, ცერვიკალური არხის, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების სხვადასხვა პათოლოგიის, ასევე მცირე მენჯის ღრუში არსებული სისხლძარღვოვანი წნულის მდგომარეობის შესახებ; შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ორგანოთა განვითარების ანომალიებზე, მათ ორგანულ ცვლილებებზე, ანთებით პროცესებზე, კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებზე. გარდა ამისა, ხშირად ჰორმონული დისბალანსი საკვერცხეებისა და ენდომეტრიუმის მდგომარეობაზეც აისახება.

  • –  როგორია საშვილოსნოს ნორმალური მდებარეობა და ფორმა? რას ნიშნავს უკან გადახრილი, ორრქიანი, უნაგირა საშვილოსნო?

–  საშვილოსნო მცირე მენჯის ღრუში მდებარეობს. მისი წინა კედელი ებჯინება შარდის ბუშტის უკანა კედელს, ხოლო უკანა კედელი –  სწორ ნაწლავს. უკან გადახრილი საშვილოსნო ფიზიოლოგიური მდებარეობის ერთ-ერთი ვარიანტია, იგი ქალის დაბადების დროს განისაზღვრება. უნაგირა საშვილოსნო ქალის სასქესო ორგანოთა განვითარების ერთ-ერთი ანომალიაა. ამ დროს საშვილოსნოს ფუძე გასქელებულია, მისი სხეულის გარდიგარდმო ზომა კი გაზრდილი. ერთი სიტყვით, საშვილოსნო უნაგირის ფორმას იღებს. ორრქიანი  საშვილოსნოც განვითარების ანომალია გახლავთ. ამ დროს საშვილოსნოს ღრუ გაყოფილა ორ ნაწილად – ორ რქად, რომლებიც საშვილოსნოს ღრუს შუა ან ქვედა მესამედში ერთდება. ორრქიანი საშვილოსნო უმეტესად არავითარ სირთულეს არ იწვევს, თუმცა არ არის გამორიცხული, განსაზღვრული გინეკოლოგიური და სამეანო გართულებების მიზეზიად იქცეს. გარდა ამისა, გინეკოლოგს ზოგიერთი მანიპულაციის ჩატარებისას სჭირდება ამგვარი დეტალების ცოდნა. სწორედ ამიტომ იწერება ულტრაბგერის დასკვნაში ინფორმაცია საშვილოსნოს მდებარეობისა და ფორმის შესახებ.

  • –  საშვილოსნოს რომელი დაავადებები დიაგნოსტირდება ყველაზე ხშირად ულტრაბგერით? როგორ აღწერთ ხოლმე მათ?

–  ყველაზე ხშირად გვხვდება შიდა ენდომეტრიოზი, იგივე ადენომიოზი. მას ახასიათებს ექოლოგიური პოლიმორფიზმი, რაც დამოკიდებულია მისი გამოვლენის ხარისხსა და ფორმაზე. კლასიკურად ადენომიოზური საშვილოსნოს ზომა აღემატება დასაშვებ ნორმას (100 სმ3), ფორმა ბურთისებური აქვს, ხოლო მიომეტრიუმის სტრუქტურა –  ლოკალურად ან დიფუზურად არაერთგვაროვანი.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მიომური კვანძებიც. მათ ერთმანეთისგან მდებარეობა განასხვავებს. ინტერსტიციული მიომეტრიუმის სისქეში მდებარეობს, სუბმუკოზური – საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანის ქვეშ და, როგორც წესი, საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას 

იწვევს, სუბსეროზული მიომური კვანძი კი საშვილოსნოს მფარავი სეროზული გარსის ქვეშ. გარდა ამისა, მიომური კვანძი შეიძლება იყოს ინტრალიგამენტური (ფართო იოგის სისქეში არსებული) და იჯდეს ვიწრო ან ფართო ფეხზე.

პოლიპი არის პათოლოგიური, ეგზოფიტური ქსოვილოვანი სტრუქტურა საშვილოსნოს ღრუში. იგი ენდომეტრიუმის პათოლოგიებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. პოლიპი შეიძლება იყოს ჯირკვლოვანი, ფიბროზული, ჯირკვლოვან-ფიბროზული და ადენომატოზური. მისი სტრუქტურა და აღწერილობა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომელ პოლიპთან გვაქვს საქმე. პოლიპი უმეტესად ოვალური ფორმის ექოგენური წარმონაქმნია. მას შესაძლოა ჰქონდეს კაფსულა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, არ არის გამორიცხული, სხვა სახის ექოლოგიური სურათი მოგვცეს.

  • –  რომელია საკვერცხეების ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ექოლოგიურად ჩანს?

საკვერცხეების მულტიფოლიკულოზიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია პათოლოგიაა, განსაკუთრებით – პუბერტატული ასაკის გოგონებში ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ა და სხვადასხვა სახის ჰორმონული დისბალანსის დროს. იგი ანოვულატორულ მენსტრუალურ ციკლს ასახავს. ამ დროს საკვერცხეები სიმეტრიულად არის გადიდებული მათში არსებული მრავლობითი სხვადასხვა ზომის ფოლიკულის ხარჯზე.–  ულტრაბგერით ყველაზე ხშირად საკვერცხის რეტენციული ცისტების დიაგნოზს ვსვამთ. ამ დროს ულტრაბგერაზე ჩანს ცისტური ჩანართები საკვერცხის ქსოვილში თხელი, გლუვი კედლით და ანექოგენური ან ჰეტეროგენული შიგთავსით. გარდა რეტენციული, ფუნქციური ცისტებისა, საკვერცხეში შეიძლება უამრავი სხვა სახის ცისტაც შეგვხვდეს, მათ ულტრაბგერითი სურათის დიდი მრავალფეროვნება ახასიათებთ. საკვერცხის ცისტის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად, წესისამებრ, განმეორებითი კვლევა ტარდება.

  • –  როგორ მივხვდეთ, რომელი ცისტა არის საშიში და რომელი –  არა?

–  ერთჯერადი ულტრაბგერითი კვლევით ავთვისებიანი პროცესის დიაგნოსტირება იშვიათად ხდება. ამისთვის, როგორც უკვე გითხარით განმეორებითი გამოკვლევაა საჭირო, თუმცა არსებობს განსზაღვრული ულტრაბგერითი მაჩვენებლები, რომლებიც პროცესის ავთვისებიანობაზე მიგვანიშნებს. ესენია: ცისტის მრავალკამერიანობა, ტიხრების ან კედლის შიდა კონტურის გასქელება 5 მმ-ზე მეტად, ცისტაში ქსოვილოვანი კომპონენტის არსებობა. დაბალრეზისტენტული სისხლის ნაკადიც ირიბად ცისტური წარმონაქმნის ავთვისებიან ბუნებაზე მიუთითებს. ცისტის გლუვი, სადა კედელი, მისი ანექოგენურობა ან ჰომოგენური შიგთავსი კეთილთვისებიანობის მაჩვენებელია.

  • –  საშვილოსნოს ყელისა და კვერცხსავალი მილის რომელი დაავადებები ვლინდება ექოლოგიურად?

–  საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებიდან ექოლოგიურად დიაგნოსტირდება ენდოცერვიკალური პოლიპი, ცერვიკალური ენდომეტრიოზი, ცერვიკალური მიომები, საშვილოსნოს ყელის კიბო და სხვ. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ დიაგნოზს – ნაბოთისა და ენდოცერვიქსის ცისტებს, მათ რეტენციულ ცისტებს მიაკუთვნებენ, რომლებიც არავითარ საფრთხეს არ უქმნიან ქალის ჯანმრთელობას. ეს ცისტები ცერვიკალურ არხში არსებული ჯირკვლების სადინართა დახშობისა და მათში სეკრეტის დაგროვების შედეგად წარმოიქმნება და  არასოდეს განიცდის მალიგნიზაციას.  კვერცხსავალი მილი ნორმაში ულტრაბგერით არ ვიზუალიზდება. ექოლოგიურად იგი პათოლოგიური ცვლილებების დროს ვლინდება. კვერცხსავალი მილის ყველაზე ხშირი ექოლოგიურად დასმული დიაგნოზი მილის ანთებადი პროცესებია. ამ დროს, ანთების ხასიათის კვალობაზე, მილის პროექციაზე განსხვავებული შიგთავსის მქონე ტუბულარული სტრუქტურა ჩნდება. გარდა ამისა, შესაძლოა შეგვხვდეს მილის ენდომეტრიოზი, პარატუბარული ცისტები, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, ექტოპიური ორსულობა კვერცხსავალ მილში და სხვა.

  • –  ულტრაბგერით დასკვნაში ხშირად ვხვდებით ფრაზას: “სითხე დუგლასის ფოსოში”. რას ნიშნავს ეს და საშიშია თუ არა?

–  დუგლასის ფოსო ანატომიური ფოსოა მცირე მენჯის ღრუში, კერძოდ, საშვილოსნოსა და სწორ ნაწლავს შორის. დუგლასის ფოსოში 5 მლ-მდე სითხე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და პათოლოგიაზე არ მიუთითებს. საზოგადოდ, დუგლასსი ფოსოში სითხის არსებობა ყველაზე ხშირად პოსტოვულაციურ პერიოდს ემთხვევა. მოგეხსენებათ, მომწიფებული ფოლიკული ოვულაციის დროს სკდება და მისი შიგთავსი მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება, რაც ფიზიოლოგიურია და, რა თქმა უნდა, საშიში არ არის. დუგლასის ფოსოში არაფიზიოლოგიური ოდენობის სითხის არსებობა შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებდეს. ესენია გარეთა ენდომეტრიოზი, საკვერცხის ცისტის აპოპლექსია (გასკდომა), საკვერცხის ცისტის შემოგრეხა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებადი პროცესები, პელვიოპერიტონიტი, ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა.

თამარ არქანია

გააზიარე: