ქუთუთოს ყვითელი ხალები

გააზიარე:

თუ 50 წელს გადააბიჯეთ და ქუთუთოზე პატარა ყვითელი ხორცმეტები გაგიჩნდათ, ნუ შეშინდებით – ეს ქსანთელაზმებია. მართალია, არც სახელი აქვს სასიამოვნო და არც შესახედავად არის მიმზიდველი, მაგრამ ქსანთელაზმა ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი რამაა, რაც ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. ის ერთგვარი ცხიმგროვაა კანზე.

ცნობილია, რომ ქსანთელაზმა მას უჩნდება, ვისაც სისხლში მაღალი აქვს ქოლესტეროლის ან რომელიმე სხვა ლიპიდის დონე. მოგეხსენებათ, ზედმეტი ცხიმი სხვადასხვა ორგანოში ლაგდება, ხშირად აზიანებს ღვიძლს და პანკრეასს, ზოგჯერ სისხლძარღვების კედლებზე გროვდება და ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის, იშვიათად კი ქუთუთოზეც დეპონირდება ყვითელ ცხიმგროვებად. არსებობს მოსაზრება, რომ ქსანთელაზმების მქონე პირებს ლიპიდების სიჭარბის გამო შედარებით მეტად ემუქრება ათეროსკლეროზის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების საფრთხე. ქსანთელაზმები ხშირად ჩნდება ისეთი დაავადებების ფონზე, რომლებსაც ჰიპერლიპიდემია ახასიათებს. ესენია: ოჯახური დისლიპოპროტეინემია, ოჯახური ჰიპერტრიგლიცერიდემია და ლიპოპროტეინ ლიპაზის ოჯახური დეფიციტი.

ქსანთელაზმები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად მათ შუახნის ქალბატონებთან ვხვდებით. ისინი, წესისამებრ, ოთხივე ქუთუთოს აზიანებენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მხოლოდ ერთი ან ორი “დაამშვენონ”.

ქსანთელაზმები პროგრესირებენ, თუმცა ნელა. ზოგჯერ მრავლებიან კიდეც. შეიძლება, რამდენიმე მცირე ზომის ქსანთელაზმა გაერთიანდეს. წარმონაქმნს, წესისმებრ, მკაფიო კონტურები აქვს, არ არის მტკივნეული, მქავანა და არ მოქმედებს მხედველობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქსანთელაზმის დიაგნოსტიკა ადვილია, ქუთუთოზე ნებისმიერი ასეთი წარმონაქმნის გაჩენისას ექიმს უნდა მიმართოთ. ეს უკანასკნელი დანამდვილებით გეტყვით, რასთან გაქვთ საქმე, თუ საჭიროდ მიიჩნია, ბიოფსიასაც ჩაგიტარებთ. მას შემდეგ, რაც ქსანთელაზმის დიაგნოზი დადასტურდება, ექიმი სისხლში ლიპიდური სპექტრის შემოწმებას გირჩევთ.

თუ ლიპიდების დონე მართლაც მომატებულია, ექიმი, უპირველეს ყოვლისა, დიეტას დაგინიშნავთ. ზოგიერთს წამლების მიღებაც სჭირდება. თუმცა ლიპიდური ცვლის მოწესრიგება იშვიათად თუ გააქრობს ქსანთელაზმებს – ამან შეიძლება მხოლოდ მათი პროგრესირება შეაჩეროს და გართულებები აგვაცილოს თავიდან.

საბედნიეროდ, ქსანთელაზმების მოსაშორებლად უამრავი ხერხი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია ნახშირორჟანგითა და არგონით მისი ლაზერული აბლაცია. ამ პროცედურის ღირსებებია კარგი ჰემოსტაზი (სისხლდენის შეჩერება), უკეთესი ვიზუალიზაცია, ნაკერების არარსებობა და პროცედურის სისწრაფე, თუმცა მას შეიძლება მოჰყვეს ნაწიბურის წარმოქმნა ან პიგმენტური ცვლილებები. ეფექტურია ქიმიური მოწვაც. ამისთვის იყენებენ ქლორძმარმჟავას, რომელიც შლის ლიპიდებს და იწვევს ცილების კოაგულაციას. ამ დროს დანაწიბურება მინიმალურია.

ელექტროკოაგულაციასა და კრიოთერაპიას უმთავრესა ზედაპირული ქსანთელაზმების სამკურნალოდ მიმართავენ, თუმცა ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი არც ისე ეფექტურია – იგი რეციდივს იძლევა და პროცედურის გამეორება ხდება საჭირო. გარდა ამისა, კრიოთერაპიის შემდეგ მოსალოდნელია ნაწიბურის გაჩენა და ჰიპოპიგმენტაცია.

ყველაზე ეფექტური, მაგრამ შედარებით ტრავმული მეთოდია ქსანთელაზმების მოშორება ქირურგიული წესით. ცხადია, ეს მცირე მასშტაბის ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. წარმონაქმნის მიმდებარედ, კანზე, მცირე ზომის ხაზოვანი განაკვეთი ტარდება, ისე, რომ წარმოქმნილი ნაწიბური კარგად შეერწყას ირგვლივ მდებარე კანს. მიკროსკოპის ქვეშ ქირურგი ნელ-ნელა იღებს ცხიმგროვას, ისე, რომ ირგვლივ მდებარე ქსოვილები არ დაზიანდეს, რის შემდეგაც რამდენიმე კოსმეტიკურს ნაკერს ადებს. აუცილებელია ნატიფი განაკვეთის გაკეთება, ვინაიდან ქუთუთოს ქსოვილი მიდრეკილია დანაწიბურებისკენ და დიდი ზომის, უხეში განაკვეთის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, განვითარდეს ქუთუთოს დეფორმაცია, დამოკლება, ექტროპიონი (ქუთუთოს დამოკლების გამო იგი ბოლომდე ვერ ხურავს თვალის ნაპრალს) და შემდეგ უფრო რთული რეკონსტრუქციული ოპერაციები გახდეს საჭირო.

ქსანთელაზმების მოშორება პლასტიკური ქირურგიის სფეროა და თუ პროცედურა არაკვალიფიციურმა ქირურგმა ჩაატარა, იზრდება გართულების რისკი. სამწუხაროდ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ათიდან 4 შემთხვევაში ქსანთელაზმები რეციდივს იძლევა. თუ პაციენტს უკვე ორჯერ დასჭირდა მათი მოშორება, კვლავ წარმოქმნის ალბათობა იმატებს.

თამარ არქანია

გააზიარე: