ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა

გააზიარე:

ამ ჯირკვალს ტყუილად როდი ეწოდება ფარისებრი – ეს პეპლის ფორმის ორგანო მის მიერ გამოყოფილი ჰორმონების მეშვეობით მართლაც ფარივით გვიცავს და, შეიძლება ითქვას, მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობა, იოდის, კალციუმისა თუ სხვა მიკროელემენტების ცვლა, უჯრედების ზრდა-განვითარება, გულის მუშაობა, ორგანიზმის ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება, ენერგეტიკული ცვლა – ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციათა არასრული ჩამონათვალია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ათასგვარი დიაგნოზის “მორგებისას” ზოგჯერ აზრადაც არ მოგვდის, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ბრალი იყოს. არადა, როგორც ექიმები გვაფრთხილებენ, მისი უგულებელყოფა არ ღირს. მაშ, რა სიმპტომებით ვიეჭვოთ ამ ორგანოს დაზიანება და რომელი კვლევა დაგვეხმარება ფარისებრ ჯირკვალზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაში? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ესაკია.

 

– როდის და რა მიზნით იკვლევენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას?

– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა, ცხადია, მისი ამა თუ იმ პათოლოგიის გამოსავლენად ხდება. ეს ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის ნორმალურ ფუნქციობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა, ამიტომ აუცილებელია, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული ნებისმიერი პათოლოგია დასაწყისშივე გამოვავლინოთ და დროულად ვუმკურნალოთ. სხვაგვარად დარღვევები შესაძლოა სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ჰორმონების წარმოქმნა და მათი სისხლში გამოყოფაა. ეს ჰორმონები სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე მოქმედებენ, ამიტომ იმ სიმპტომთა ნუსხაც, რომელთა დროსაც შეიძლება ამ ჯირკვლის ესა თუ ის პათოლოგია ვიეჭვოთ, საკმაოდ ვრცელია: ყლაპვის გაძნელება, კისრის მიდამოში სპაზმის ან მოჭერის შეგრძნება, დისკომფორტი და ტკივილი, თვალით შესამჩნევი გამობერილობა კისრის არეში, წონის უმიზეზო კლება ან მატება, თითების კანკალი, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ოფლიანობა, ადვილად დაღლა, სისუსტე, ყაბზობა, მენსტრუალური ციკლის დარღევა, ფრჩხილებისა და თმის სიმყიფე, თვალების შეშუპება, სითბოს ან სიცივის გაძლიერებული შეგრძნება... ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი.

ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად ორი ძირითადი კვლევაა საჭირო: ექოსკოპიური გამოკვლევა და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის, ჰორმონული სპექტრის შესწავლა. ამ კვლევათა შედეგების ინტერპრეტირება აუცილებლად ერთობლიობაში უნდა მოხდეს ექიმ ენდოკრინოლოგის მიერ. როცა ეს ტესტები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას არ ავლენს, ექიმი, სიმპტომების ხასიათის გათვალისწინებით, ეჭვი სხვა ორგანოების დაზიანებას ეჭვობს.

– რა წესები უნდა დავიცვათ ანალიზის აღებისას და რამდენი ხანი სჭირდება პასუხს?

– ანალიზების აღება აუცილებელია დილის საათებში, უზმოზე. პასუხს იმავე დღეს მივიღებთ, ექსპრესდიაგნოსტიკის შემთხვევაში კი – სამ საათში. ჩვენს კლინიკაში არსებული უახლეს აპარატურაზე ანალიზის ჩატარებისას ცრუ პასუხის მიღება გამორიცხულია.

– ანალიზით სხვადასხვა ჰორმონის დონე განისაზღვრება. რა ფუნქცია აკისრიათ მათ და რაზე მიუთითებს მათი დონის მატება ან კლება?

– ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიდან ყველაზე ხშირად თირეოტროპულ ჰორმონს (TSH) იკვლევენ. უნდა ითქვას, რომ ამ ჰორმონს არა ფარისებრი ჯირკვალი, არამედ ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. თუმცა მისი მაჩვენებელი ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე მეტად ფასეულ ინფორმაციას გვაწვდის. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰორმონები არა იზოლირებულად, არამედ ერთმანეთთან უშუალო კავშირით გამოიყოფა. თავის ტვინში ჰორმონულად მეტად აქტიური ორი ცენტრია – ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი. ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამოყოფის პასუხად ძლიერდება ჰიპოფიზის ჰორმონების გამომუშავება, ისინი კი პერიფერიულ ჯირკვლებს – ფარისებრ ჯირკვალს, საკვერცხეებს და სხვებს – აძლევენ ბრძანებას. ესე იგი იმისთვის, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა ჰორმონი გამოყოს, საჭიროა, სიგნალი ჰიპოფიზიდან წამოვიდეს. ამის კვალობაზე, TSH -ის დონის მომატება გვიჩვენებს, რომ ფარისებრ ჯირკვალს მუშაობა უჭირს, რის გამოც ჰიპოფიზი უფრო მეტ ბრძანებას გასცემს, რათა ფარისებრ ჯირკვალს სათანადო ოდენობის ჰორმონის გამომუშავება აიძულოს, ამიტომ ამ დროს თირეოტროპული ჰორმონი ჭარბია, ნორმაზე მეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის, კერძოდ, თავისუფალი თიროქსინის დონე კი ნორმალურია. ეს გახლავთ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, რაც ნიშნავს, რომ ჰიპოფიზი ამ მდგომარეობას გაძლიერებული მუშაობის ხარჯზე უმკლავდება და ორგანიზმი ფარისებრი ჰორმონების დეფიციტს არ განიცდის.

შესაძლოა, პირიქით, თირეოტროპული ჰორმონის დონე დაწეული იყოს, ფარისებრი ჯირკვლის პერიფერიული ჰორმონისა, თავისუფალი თიროქსინისა, კი ნორმალური. ამას სუბკლინიკურ ჰიპერთირეოზს ვუწოდებთ. თავისუფალი თიროქსინის გაძლიერებულ გამოყოფას ორგანიზმი TSH -ის დონის შემცირებით უშლის ხელს. ეს მდგომარეობა ჩარევას არ მოითხოვს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ საჭიროა ანალიზის გამეორება მდგომარეობის შესაფასებლად.

თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე დაქვეითებულია, ხოლო თირეოტროპული ჰორმონისა – მომატებული, საქმე უკვე კლინიკურ ჰიპოთირეოზთან გვაქვს, ესე იგი ორგანიზმი ცვლილებებს საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდება. ამ დროს აუცილებელია მკურნალობა. როდესაც, პირიქით, თირეოტროპული ჰორმონია დაქვეითებული, ხოლო თავისუფალი თიროქსინი – მომატებული, ვსაუბრობთ კლინიკურ ჰიპერთირეოზზე, რომელიც ასევე მოითხოვს მკურნალობას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას უმთავრესად სწორედ ამ ორი ჰორმონის დონით ვაფასებთ, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ჰორმონების – თავისუფალი ტრიიოდთირონინის, საერთო თიროქსინის – დონის დადგენაც. მათ საკუთრივ ფარისებრი ჯირკვალი აპროდუცირებს. მათი შეფასებაც აუცილებლად ჰიპოფიზის ჰორმონთან (TSH) ერთად უნდა მოხდეს, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და წარიმართოს ადეკვატური მკურნალობა.

– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლისას შესაძლოა საჭირო გახდეს ანტისხეულების განსაზღვრაც. რას წარმოადგენს ANTI TG და ANTI TPO, როდის განისაზღვრება მათი რაოდენობა და რაზე მიუთითებს მათი მაჩვენებლის ნორმიდან გადახრა?

– ეს ორგანიზმის მიერ პროდუცირებული ანტისხეულებია თავისივე უჯრედების, ამ შემთხვევაში – ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების, წინააღმდეგ. მათი არსებობა გვიჩვენებს, რომ პაციენტის იმუნურმა სისტემამ საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი ამოიღო მიზანში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული სპექტრის დარღვევა, მისი ფუნქციის მოშლა, შესაძლოა მრავალმა დაავადებამ, მათ შორის – აუტოიმუნურმაც, გამოიწვიოს. სწორედ მათ დიფერენცირებაში გვეხმარება აღნიშნული მაჩვენებლები. როდესაც სისხლში ამ ჰორმონების დონე მაღალია, ესე იგი დაავადება ქრონიკულია და მუდმივ მკურნალობასა და მეთვალყურეობას მოითხოვს. ანალიზით ხდება თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრაც. ეს მაჩვენებელი დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვის დიაგნოსტიკასა და არააუტოიმუნური დაზიანებების დიფერენცირებაში გვეხმარება.

– რას წარმოადგენს თირეოგლობულინი, როდის არის საჭირო მისი განსაზღვრა?

– თირეოგლობულინი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების კოლოიდის ძირითადი კომპონენტია. ეს ტესტი ინიშნება კვანძოვანი ჩიყვისა და ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.

– რა პერიოდულობით შეიძლება გახდეს საჭირო ტესტის გამეორება?

– დადებითი პასუხის შემთხვევაში (ესე იგი, თუ დაავადება არ დადგინდა) ტესტის გამეორება საჭიროა ერთი წლის შემდეგ, დაავადების გამოვლენის დროს კი ტესტებს ექიმის მიერ შერჩეული სქემის მიხედვით ვიმეორებთ. ეს სქემა, ცხადია, სხვადასხვა პათოლოგიის დროს სხვადასხვაა.

– რომელი დამატებითი კვლევები შეიძლება გახდეს საჭირო ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფარისებრი ჯირვლის მდგომარეობის შესასწავლად აუცილებელია ექოსკოპიური გამოკვლევაც. თუ გამოკვლევამ პათოლოგია გამოავლინა, ტარდება ფარისებრი ჯირკვლის სხვა ინსტრუმენტული კვლევებიც – სცინტიგრაფია, კვანძების არსებობისას – ბიოფსია-ციტოლოგია და სხვა.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: