მთავარი თემა: ალერგიული რეაქციების კვალდაკვალ

გააზიარე:

  თანამედროვე გაგებით, ალერგია განსაზღვრული ფაქტორების მიმართ ორგანიზმის ზემგრძნობელობაა. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ადამიანის იმუნური სისტემა განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს სხვადასხვა ალერგენზე, რაც დაავადების სიმპტომებით გამოიხატება. იმუნური სისტემა ადამიანს გარეგანი თუ შინაგანი წარმოშობის მავნე ანტიგენებისგან იცავს და საკმაოდ ეფექტურადაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ისიც ცდება – არაადეკვატურად იქცევა, რაც იმუნოპათოლოგიურ მდგომარეობებს განაპირობებს. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობაა ალერგია. 
სხვა იმუნოპათოლოგიური მდგომარეობებისგან განსხვავებით, როდესაც იმუნური სისტემის ფუნქციობა დათრგუნული (იმუნოდეფიციტები) ან გაუკუღმართებულია (ავტოიმუნური დაავადებები), ალერგიის დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურობს.
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალერგიული დაავადებები თანდათან ხშირდება, განსაკუთრებით – განვითარებულ ქვეყნებში. მათი რისკფაქტორების შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობის განვითარების ჰიგიენური თეორია. ამ თეორიის თანახმად, ალერგიული დაავადებები უმთავრესად მათი ხვედრია, ვინც ზედმეტად ჰიგიენურ პირობებში იზრდებოდა, ნაკლებად ჰქონდა კონტაქტი თანატოლებთან, ბუნებასთან, ინფექციებთან, ხშირად იღებდა ანტიბიოტიკებს, არ მოუხდია სახადი დაავადებები და ა.შ.
ამასთან ერთად, რასაკვირველია, მეტად მნიშვნელოვანია ალერგიული დაავადებების მიმართ გენეტიკური განწყობაც. შესაძლოა არსებობდეს სხვა, ჯერ კიდევ უცნობი ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობს ალერგოზების ჩამოყალიბებასა და გავრცელებას.
ალერგია სხვადასხვაგარია: კვებითი, კანისა, სასუნთქი სისტემისა, მწერის ნაკბენით გამოწვეული, წამლისმიერი... არის შემთხვევები, როდესაც მისი გამოვლენა სხვა, პირველად დაავადებას უკავშირდება. მაგალითად, მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება შესაძლოა ასოცირებული იყოს ვირუსულ ინფექციასთან, ჩიყვთან, დიაბეტთან, კუჭის წყლულთან, ავთვისებიან დაავადებასთან.
არსებობს ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ალერგიაც. მაგალითად, ალერგია სითბოზე, სიცივეზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, წყალზე, მექანიკურ გაღიზიანებაზე მზის სხივებზე.
სხვადასხვა ალერგიული დაავადება სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. მაგალითად, კვებითი ალერგია ყველაზე მეტად წლამდე ასაკის ბავშვებს აწუხებთ, 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებთან უმთავრესად დერმატოზული გამოვლინებები გვხვდება, 5 წლიდან პუბერტატულ ასაკამდე უპირატესად ზედა და ქვემო სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები შეინიშნება.
არსებობს სეზონური ალერგიის ცნებაც. მიჩნეულია, რომ გაზაფხულობით ალერგიული რეაქციები ხშირდება. ეს შეიძლება იმუნური სისტემის ბუნებრივ სისუსტესაც დავაბრალოთ და იმ ცვლილებებსაც, რაც ამ დროს ბუნებაში ხდება. მაგალითად, ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობას. მცენარეულ მტვერზე ალერგიას პოლინოზი ეწოდება და სასუნთქი სისტემის ალერგოზს წარმოადგენს.
რესპირაციული ალერგოზის ერთ-ერთი ფორმაა ასთმა, რომელიც შესაძლოა სეზონური ალერგიის ერთ-ერთი ვარიანტით, ასთმური ბრონქიტით გამოიხატოს და ერთ მშვენიერ დღეს ასთმად ჩამოყალიბდეს.
კიდევ ერთი სეზონური პრობლემაა მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიული რეაქცია, რომელიც ზოგჯერ ისე მძიმედ მიმდინარეობს, რომ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

როგორ გავექცეთ მფრინავ ალერგიას
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ადამიანი შიშით ელის წელიწადის იმ დროს, როდესაც ქალაქი ჭადრის ბუსუსებით ივსება. შიშის მიზეზი ალერგიაა – მისი გამომწვევი ხომ ამ დროს ჰაერში დაფრინავს და, ფაქტობრივად, ვერსად დაემალები...
პოლინოზი მცენარის მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადებაა, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. არც არის გასაკვირი – მცენარეები, რომლებიც ალერგიას იწვევს, ხომ წელიწადის განსაზღვრულ დროს ყვავილობს.
ვინაიდან მცენარეები ყველგან ხარობს, ეს დაავადებაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მოსახლეობის 5%-ს აწუხებს. მათ შორის ბევრი ბავშვია.
ყოველგვარი მტვერი როდი იწვევს ალერგიას; ცხვირცემინება და ცრემლდენა რომ გამოიწვიოს, მტვერი ალერგიული ბუნებისა უნდა იყოს, ჭარბად წარმოიქმნებოდეს, ძალზე მსუბუქი უნდა იყოს და იოლად დაფრინავდეს, რომ რეგიონ
ში ფართოდ გავრცელდეს.
ყველაზე მეტი მცენარის მტვერი ჰაერში დილით, დღისით და მშრალ, მზიან ამინდში დაფრინავს. წვიმიან ამინდში კი მისი აგრესიულ-ალერგიული ნაწილაკები თითქმის ქრება.

საქართველოში ალერგიის გამომწვევი მცენარეები სამ წყებად ყვავილობს:
I პერიოდი მარტიდან იწყება და მაისის პირველ კვირამდე გასტანს. ამ დროს ყვავის ხეები: ჭადარი, ფიჭვი, ალვა, კაკალი, ევკალიპტი, წაბლი, მურყანი. ამ პერიოდის წილად პოლინოზის შემთხვევათა 7-10% მოდის.
II პერიოდი მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ დროს უმთავრესად პურეული მცენარეები ყვავის: ტიმოთელა, სათითურა, წივანა, თივაქასრა, შვრიელა, ჭვავი. საქართველოში პოლინოზის შემთხვევათა 60-70% სწორედ ამ პერიოდის წილად მოდის.
III პერიოდი აგვისტოდან გვიან შემოდგომამდე გასტანს. სწორედ ამ დროს ყვავის სარეველები: ამბროზია, ავშანი, თუთუბო. ამ პერიოდზე მოდის პოლინოზის შემთხვევათა 15-20%.
პოლინოზის დროს ყველაზე ხშირად რინოკონიუნქტივიტი ვითარდება. ეს რთული სახელის მქონე სინდრომი ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიშნებით ვლინდება: ქუთუთოების ქავილით, თვალის ლორწოვანი გარსის შეწითლებით, ცრემლდენით, თვალების წვისა და ჭრის შეგრძნებით. მათთან ერთად შეინიშნება ცხვირცემინება, ცხვირის წვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ლორწოვანის შეშუპების გამო, ცხვირიდან გამონადენი, სახის, ხახის, ყურების ქავილი.
ალერგენი მხოლოდ სასუნთქი გზებიდან როდი ხვდება ორგანიზმში – აგრესიული მტვრის ნაწილაკები შესაძლოა  საკვებსაც შეჰყვეს. ამ დროს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უმეტესად – გულისრევა და პირღებინება, იჩენს თავს, რასაც არცთუ იშვიათად ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპებაც ერთვის. ასე რომ, თუ პოლინოზი შემოგეჩვიათ, გირჩევთ, ალერგიის სეზონზე დიეტურ საკვებს დასჯერდეთ.
გარდა ამისა, თუ  ხეების მტვერზე გაქვთ ალერგია, ერიდეთ ვაშლს, კაკალს, ალუბალსა და ატამს, ბალახებზე ალერგიის შემთხვევაში – ხორბლისა და ჭვავის პურს, სარეველებზე ალერგიისას კი ჰალვას, მზესუმზირას და მის ზეთს, საზამთროსა და ნესვს. ერიდეთ თაფლსაც, რადგან მისი 10% მცენარის მტვერია. სიფრთხილე გამოიჩინეთ მცენარეული წამლების მიმართაც.
პოლინოზის სამკურნალოდ ექიმი  უთუოდ დაგინიშნავთ მედიკამენტებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა სხვა ღონისძიებებიც:
* აგრესიული მცენარეების ყვავილობის პერიოდში თავი არიდეთ სკვერებს, ბაღებს, პარკებს, პიკნიკებსა და ლაშქრობებს.
* მშრალ, ცხელ და ქარიან ამინდში შინ დარჩით.
* თუ შინიდან აუცილებლად უნდა გახვიდეთ, გაიკეთეთ მზის სათვალე და თან გაიყოლეთ ერთჯერადი სველი ხელსახოცები.
* ალერგიის პერიოდში ხშირად დაალაგეთ ბინა სველი წესით.
სპაზმით გართულებული
ალბათ შესწრებიხართ შემთხვევას, როცა ადამიანს უეცრად ხველა აუვარდება, ჰაერი არ ჰყოფნის, წრიალებს, ადგილს ვერ პოულობს... მხოლოდ მაშინ როდი ხდება ასე, როდესაც სასულეში უცხო სხეული გადაგვცდება – თუ ადამიანი ალერგიულია, ალერგენის უმცირესი ულუფის შესუნთქვაც კი ხშირად ხველის შეტევას იწვევს.
ბრონქოსპაზმი ალერგიის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს არის ბრონქების გლუვი კუნთების შევიწროება გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების პასუხად. ამ დროს ადამიანი თავისუფლად ჩაისუნთქავს, მაგრამ ამოსუნთქვა უჭირს – ეს სასუნთქი გზების მნიშვნელოვან კუნთოვან დატვირთვას მოითხოვს, რასაც თან ახლავს დამახასიათებელი მსტვენი ხმიანობა. ამასთან ერთად, ბრონქოსპაზმს ახასიათებს დისკომფორტი, გულმკერდის შებოჭილობა, ხველა, ქოშინი და ამოხველების მოთხოვნილება. არსებითად, სწორედ ბრონქოსპაზმია, ოღონდ ქრონიკული ბრინქოსპაზმი, ასთმა – დაავადება, რომელიც ბრონქების გლუვი კუნთების შექცევადი სპაზმით, ლორწოს ჭარბი წარმოქმნით, ანთებითა და ლორწოვანის შეშუპებით მიმდინარეობს.

სპაზმის მიზეზები
ბრონქოსპაზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
. თამბაქოს წევა – როგორც აქტიური, ისე პასიურიც. კვამლი არღვევს ფილტვის ფუნქციას, ამცირებს მედიკამენტებისადმი მგრძნობელობას და ხელს უშლის დაავადების კონტროლს (განსაკუთრებით – ასთმის დროს). თურმე ჩვილებს, რომელთა დედებიც ეწევიან, სიცოცხლის პირველ წელს 4-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ ხიხინით მიმდინარე დაავადებები.
. რესპირაციული ვირუსული ინფექციები – იწვევს სიმპტომებს, რომლებიც მრავალი ნიშნით ჰგავს  ასთმას.
. შენობისშიდა და შენობისგარე ალერგენები – ოთახის მტვრის ტკიპა, ცხოველები (ძაღლები, კატები, მღრღნელები), ფრინველები, ტარაკნები, მცენარეები, ობისა და საფუარის სოკოები და სხვა. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვებთან ოთახის მტვრის ტკიპებით, ძაღლისა და კატის ბეწვითა და ქერტლით სენსიბილიზაცია ასთმის მსგავს სიმპტომებს იწვევს.
. ფიზიკური დატვირთვა. ზოგჯერ ის ბრონქოსპაზმის ერთადერთი მიზეზიც კია, მაგრამ ფიზიკურ აქტივობას, სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან განსხვავებით, ადამიანი თავს ვერ აარიდებს. ეს არც არის საჭირო – პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა დატვირთვის წინ ექიმის მიერ დანიშნული ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტის მიღება.
. ძლიერი ემოცია – სტრესი, დეპრესია, შფოთვა.
. ქიმიური აგენტები, მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ფორმალდეჰიდი) და აეროზოლური ნივთიერებები.
. პროფესიული აგენტები – სამუშაო გარემოში არსებული ნივთიერებები. სადღეისოდ 300-მდე ასეთი პროფესიული ალერგენია ცნობილი.
. დაბინძურებული გარემო. ბავშვებს, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან, შესუსტებული აქვთ ფილტვების ფუნქცია, თუმცა ასთმის განვითარებასთან მისი კავშირი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
. საკვები, კვებითი დანამატები და კონსერვანტები (სულფიტები, რომლებსაც კონსერვანტებად იყენებენ ზოგიერთი საკვების, ლუდის და ღვინის წარმოებისას). დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩვილი ასაკიდანვე კვებავენ ხელოვნური ნარევებით, ძროხის ან სოიის რძით, ხიხინით მიმდინარე დაავადებები უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე დედის რძით გამოზრდილებს.
. ძლიერი ქარი, სიცივე, ნესტი.
. აეროალერგენების სეზონური მატება, რაც ხშირად ალერგიულ რინიტთან არის ასოცირებული.
. ზოგიერთი მედიკამენტი – ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები (მაგალითად, ბეტაბლოკერები).
. მემკვიდრეობითი განწყობა – თუ ორივე მშობელს აქვს ასთმა, ალბათობა, ის შვილსაც განუვითარდეს, 50%-ია, ერთ-ერთი მშობლის დაავადებისას – 25%, თუ ორივე ჯანმრთელია – 10%-ზე ნაკლები.
. სიმსუქნე – ამ დროს სისხლში მომატებულია ზოგიერთი ჰორმონი, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ფუნქციის დარღვევას და ასთმის განვითარებას.
. ფსიქოსოციალური ფაქტორები – სტრესი, ოჯახური პრობლემები და სხვა.

როგორ ავიცილოთ თავიდან სპაზმი
ბრონქოსპაზმის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რისკფაქტორების აღმოფხვრა. არც ასთმით დაავადებული ადამიანი, არც მისი ოჯახის წევრები და, ზოგადად, გარემოცვა არ უნდა ეწეოდნენ. გარდა ამისა, უნდა ერიდოთ ბრონქოსპაზმის გამომწვევ მედიკამენტებს, საკვებსა და კვებით დანამატებს, ასევე – მძაფრსუნიან ნივთიერებებს. საწოლის თეთრეული და, შეძლებისდაგვარად, საბნებიც კვირაში ერთხელ ცხელ წყალში გარეცხოთ და მზეზე ან ცხელ საშრობში გააშროთ. აუცილებელია ბალიშისა და ლეიბის ჰაერგაუმტარ შალითებში ჩასმა.  უმჯობესია, ლეიბს შემოკრული ჰქონდეს სპეციალური შალითა, რომელსაც მტვერი არ ედება. ხალიჩები მაგარი იატაკით შეცვალეთ, განსაკუთრებით – საწოლ ოთახში. ბინა დაამუშავეთ ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით, ოღონდ ისეთ დროს, როცა ბრონქოსპაზმის მქონე ადამიანი  შინ არ არის. თუ გარემოში ალერგენები მომრავლდა (მაგალითად, ალერგიის გამომწვევ მცენარეთა ყვავილობის დროს), ფანჯრები მჭიდროდ დაიხურეთ. ტენიანობა სახლში 50%-მდე შეამცირეთ. ნუ იყოლიებთ შინ (უკიდურეს შემთხვევაში, საწოლ ოთახში მაინც) ცხოველებს. თუ ოჯახის რომელიმე წევრს მომატებული აქვს მგრძნობელობა ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოების მიმართ, სახლში დამატენიანებელ, გამათბობელ და გამაგრილებელ მოწყობილობებს ნუ დაამონტაჟებთ.

ასთმა სეზონურიც არსებობს?
“ასთმა” ბერძნული სიტყვაა და სუნთქვის გაძნელებას, სულხუთვას ნიშნავს. ბრონქული ასთმა დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის განმეორებითი შეტევები. მას საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთების ფონზე.
ბრონქული ასთმა სეზონურიც შეიძლება იყოს და არასეზონურიც. სეზონური სიმპტომატიკა თავს იჩენს მცენარეთა ყვავილობის პერიოდში, რომელიც ადრე გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება. სეზონურ შეტევებს იწვევს აგრეთვე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები და კლიმატის თავისებურებები. არასეზონური სიმპტომატიკა კი დაკავშირებულია შინაურ ცხოველებთან, ფრინველებთან, ოთახის მტვერსა და მის ტკიპებთან, მძაფრ სუნებთან, მაღალ ტენიანობასა და სხვა ალერგენებთან.
ბრონქული ასთმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს შენობისშიდა, ასევე შენობისგარე ალერგენები. საშიშია ტენიან გარემოში ცხოვრება, აეროალერგენებთან ხშირი კონტაქტი, ვირუსული ინფექციები, ზოგიერთი მედიკამენტი, ბალიშის ბუმბული, მატყლის ლეიბი (ალერგიის შემთხვევაში აუცილებელია მათი შეცვლა სინთეტიკური მასალით), პარფიუმერია და სხვა.
გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ ბრონქულ ასთმას ეგზოგენურს ვუწოდებთ, ხოლო შინაგანი მიზეზებით განპირობებულს – ენდოგენურს. ეგზოგენური ასთმა ადრეულ ასაკში იჩენს თავს და ასოცირებულია რომელიმე კონკრეტულ ალერგენთან – მცენარის მტვერთან, ცხოველის ბეწვთან და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალერგენი ამ დროს იდენტიფიცირებულია. არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზმი უცხოდ აღიქვამს ორგანიზმშივე არსებულ რომელიმე ნივთიერებას. ეს ენდოგენური ასთმაა. ბრონქული ასთმის ეს ფორმა მოზრდილთათვის არის დამახასიათებელი. ამ შემთხვევაში ალერგენის დადგენა შეუძლებელია და დაავადება ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას. 
ასთმის სამკურნალოდ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომლის მიზანია სიმპტომების შემცირება, ანთებითი პროცესის შესუსტება და სასუნთქი გზების გადაგვარების პროცესის შეჩერება.
უკანასკნელ ხანს პოპულარული გახდა ასთმის მკურნალობისადმი ახალი მიდგომა: ელიმინაცია (ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა), ფარმაკოთერაპია, იმუნოთერაპია და ყოველივე ამასთან ერთად – პაციენტის განათლება და გათვითცნობიერება.
ეგზოგენური ასთმის შემთხვევაში, როდესაც ალერგენი იდენტიფიცირებულია, მიმართავენ ელიმინაციის ეფექტს. თუ ელიმინაცია შეუძლებელია – იმუნოთერაპიას. იმუნოთერაპიის დროს ალერგენის სამკურნალო ფორმა აღმავალი დოზებით შეჰყავთ ორგანიზმში. ეს ხანგრძლივი პროცესია, შესაძლოა წელიწადზე მეტხანსაც გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ორ კვირაში ერთხელ უნდა ეწვიოს ექიმს. ეფექტი საკმაოდ კარგია, თუმცა საბოლოო ჯამში ბრონქული ასთმის სტადიაზეა დამოკიდებული. მძიმედ მიმდინარე ასთმის დროს იმუნოთერაპია არ ტარდება.
ფარმაკოთერაპია გულისხმობს ანტიალერგიულ, ანტიანთებით, ბრონქოდილატაციურ (გამაფართოებელ) და საფეხურებრივ მკურნალობას (კორტიკოსტეროიდებით, ბეტააგონისტებით, ლეიკოტრიენების ანტაგონისტებით და სხვა) სიმპტომების მიხედვით.
ბრონქული ასთმის ოპტიმალური მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისა და ექიმის ერთობლივ, შეთანხმებულ მოქმედებას. პაციენტს საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს თავისი დაავადების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს, ადვილად გადაიტანოს გამწვავების პერიოდები. აუცილებელია რაციონიდან იმ საკვების ამოღება, რომელსაც შეუძლია ასთმა გაამწვაოს, შეტევა გამოიწვიოს. ასეთებია ციტრუსები, თაფლი, შოკოლადი, ნიგოზი და სხვა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვა და ემოციური სტრესი პროვოცირებას უწევს ასთმის შეტევებს. აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი პრინციპების დაცვა, მავნე ჩვევების (ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა) უარყოფა, გამაჯანსაღებელი აქტივობა, რაც ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
. თუ ადამიანს ასთმური ხველის შეტევები განსაზღვრულ სეზონზე ეწყება, შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ალერგენს (ბავშვს გარკვეული ხნის განმავლობაში აუკრძალეთ ეზოში თამაში; თუ ზრდასრულს “ალერგიულ” გარემოში უწევს მუშაობა, ჯობია, საქმე გარკვეული ხნით გადადოს), შინ კი ფანჯრები საგულდაგულოდ დახურეთ. შესაძლოა, ხველის შეტევა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ იჩენდეს თავს. მისი აკრძალვა არ არის აუცილებელი, საკმარისია პროფილაქტიკა. მკურნალობის ფონზე დისკომფორტი, წესისამებრ, გაივლის.
. აკონტროლეთ წნევა. ჭარბი წონა ასთმიანს სასიკეთოდ ნამდვილად არ წაადგება.
. ყურადღებით შეადგინეთ კვების რაციონი. ძალზე სასარგებლოა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, C ვიტამინით, სელენით, ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები – თევზი, ხილი, ბოსტნეული. თუ ექიმი გირჩევთ, მიიღეთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსიც. . ეცადეთ, ოთახში, სადაც ალერგიულ ადამიანს უხდება ყოფნა, ჰაერი მეტისმეტად ტენიანი არ იყოს – ტენი ფილტვებს აღიზიანებს.
. შესაძლოა, პრობლემას ოთახის მტვერი ამწვავებდეს. გადამალეთ პლუშის სათამაშოები, აიღეთ ხალიჩები, ხშირად დაფერთხეთ და მტვერსასრუტით მოწმინდეთ ნაჭრის ავეჯი, ლეიბები, შალითები, დაალაგეთ ბინა სველი წესით.

დაფოთლილ-შეშუპებული 
გაზაფხულის ბოლო წელიწადის ის დროა, როცა ბუნების წიაღში გასეირნება ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, მაგრამ პიკნიკი შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს: ვერაგულად შემოპარული ალერგენი ორგანიზმს საპასუხო რეაქციისკენ იწვევს და ისიც არ აყოვნებს – კანი ფოთლისმაგვარი გამონაყარით იფარება და შემაწუხებლად გვექავება ან ბურთივით ვიბერებით. ალერგიის პირველ ფორმას ჭინჭრის ციებას უწოდებენ, მეორეს – კვინკეს შეშუპებას. 

დისკომფორტის მიზეზები
კანისმხრივ ალერგიულ გამოვლინებათაგან ყველაზე გავრცელებულია ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი და ჭინჭრის ციება, რომელიც, სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება. 
ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია (urtica – ჭინჭარი) პოლიეტიოლოგიური – მრავალი ფაქტორით გამოწვეული დაავადებაა. უმთავრესი მიზეზები კი მედიკამენტი, საკვები, ინფექცია და მწერის ნაკბენია. არსებობს ჭინჭრის ციების ისეთი ვარიანტებიც, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, სიცხის, ვიბრაციის, ინსოლაციის, წყლის ზემოქმედებით ვითარდება.
ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული მორეციდივე ანუ პერიოდული გამწვავებით მიმდინარე ანთებითი დაავადებაა. ბავშვობის ასაკში ამ პათოლოგიას უმთავრესად კვებითი ალერგენები იწვევს, ყველაზე ხშირად – კვერცხი, რძე, არაქისი, სოია და ხორბალი. მოზრდილებთან საკვებისმიერი ალერგია იშვიათია.
ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად ოთახის მტვერიც განაპირობებს. დაავადების მიმდინარეობას ძალზე ართულებს სტაფილოკოკური და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია.
კონტაქტური დერმატიტი ორგვარია: მარტივი, რომელიც კანზე ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით ვითარდება და ალერგიული, რომელიც კანთან ალერგენის კონტაქტის შემდეგ სპეციფიკური იმუნოლოგიური რეაქციის შედეგად იჩენს თავს. მარტივი კონტაქტური დერმატიტი კანთან აგრესიული ფაქტორის, მაგალითად, მჟავას, პირველსავე კონტაქტს მოჰყვება. ისიც შეიძლება, ალერგიული რეაქცია ნაკლებად აგრესიულ აგენტთან, მაგალითად, სარეცხ საშუალებასთან, განმეორებითმა კონტაქტმა გამოიწვიოს. ალერგიული ხასიათის კონტაქტური დერმატიტის დროს ცვლილებები კანზე ალერგენთან კონტაქტიდან 10-14 დღეში წარმოიშობა.
კანის ალერგიულ დაავადებებს სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებს. ჭინჭრის ციების დროს გამონაყარი ძალიან ჰგავს ჭინჭრის ნასუსხს, სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება წამოყოს თავი და ძლიერ მქავანაა.
ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება, რომელიც სახის, ლორწოვანი გარსებისა და სხეულის სხვა ნაწილების შესივებით გამოიხატება. მას ქავილი არ ახასიათებს, თუმცა შესაძლოა, წვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს თან. ძალიან საშიშია პირისა და ხახის ლორწოვან გარსებზე განვითარებული კვინკეს შეშუპება.
ატოპიური დერმატიტი სამ ასაკობრივ ჯგუფში: ჩვილებთან, ბავშვებსა და მოზრდილებთან – ვლინდება. ბავშვებთან კანის პათოლოგიური ცვლილებები უპირატესად შუბლსა და ლოყებზე წარმოიშობა და თავის ქალას თმიან ნაწილსა და ნიკაპზე ვრცელდება. გამონაყარისთვის ტიპობრივი ადგილებია იღლიები, იდაყვისა და მუხლისქვეშა ფოსოები, მაჯები, ხელის მტევნები. გამონაყარს ხშირად ერთვის კანის ზედა ფენის აქერცვლა და ქერქების წარმოქმნა. დაზიანებულ კანში იოლად იჭრება ინფექცია და საკმაოდ რთულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს. კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი პოლიმორფული ანუ მრავალფეროვანია, თან ახლავს ქავილი, შეშუპება და შეწითლება. 
გახსოვდეთ: ამგვარი ალერგიული რეაქციის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. ჰორმონის (ეპინეფრინის) მყისიერი ინექციის შედეგად პროცესის ჩაცხრობა იწყება, მაგრამ საჭიროა ანტიალერგიული მკურნალობის კურსიც.
თუ ერთხელ მაინც გადაგიტანიათ ამგვარი რეაქცია, გირჩევთ, მუდამ თან იქონიოთ კალმის მსგავსი ეპინეფრინის შპრიცი.

როგორ ავიცილოთ თავიდან საფრთხე ან როგორ მოვემზადოთ მის შესახვედრად
. თუ ალერგენთან კონტაქტს თავს ვერ აარიდებთ, წინასწარ მიიღეთ ანტიჰისტამინური მედიკამენტი.
. დაფოთვლის შემთხვევაში შვებას მოგგვრით გრილი შხაპი. მჭიდრო და სინთეტიკური ტანსაცმელი გაიხადეთ და ხალვათი ბამბის სამოსი ჩაიცვით.
. ერიდეთ საკვებსა და მედიკამენტებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმში ალერგიულ რეაქციას იწვევს.

ერიდეთ მწერებს!
მწერის ნაკბენი ალერგიულ ადამიანს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ბუნების წიაღში ჩასაფრებულ კბენიებთან შეხვედრას ყოველთვის ვერ ავარიდებთ თავს, სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ. მანამდე კი, მოდი, გავარკვიოთ, რა ტიპის ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს მწერის ნაკბენმა.
ალერგიული რეაქცია ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ის სამი ტიპისაა: ნორმალური, ლოკალური და ალერგიული.
* ნორმალური ტიპისაა რეაქცია, როდესაც ნაკბენი მტკივანია, ხოლო კანი მის გარშემო – შეწითლებული და შესივებული;
* ლოკალური რეაქციაც, არსებითად, ნორმალური რეაქციაა, ოღონდ უფრო გავრცობილი, თუმცა შეშუპება და სიწითლე ნაკბენ უბანს არ სცდება ანუ მეტ-ნაკლებად ლოკალური ხასიათი აქვს. მაგალითად, თუ მწერმა მუხლზე გიკბინათ, შესაძლოა მთელი ფეხი გაგისივდეთ.
* ალერგიული რეაქცია კი ძალზე მძიმეა და ხშირად ანაფილაქსიური შოკით ვლინდება. 

რა არის ანაფილაქსიური შოკი
მძიმე ალერგიულ რეაქციას, რომელიც მრავალი ორგანოს დაზიანებით მიმდინარეობს, ანაფილაქსიური შოკი ეწოდება. მისი მექანიზმი მხოლოდ სიმძაფრით განსხვავდება ჩვენ მიერ არაერთხელ აღწერილი ალერგიული რეაქციებისგან. უკვე სენსიბილიზებულ (მგრძნობელობამომატებულ) ორგანიზმში ალერგენის ხელახალი მოხვედრა აგრესიულ პასუხს იწვევს – ჩასაფრებული ანტისხეულები მათ თავდაუზოგავად ეკვეთებიან. გამოიყოფა ალერგიის მედიატორები (ჰისტამინი), მათი ზემოქმედებით კი ვითარდება გლუვი კუნთების სპაზმი, ფართოვდება სისხლძარღვები და მათი განვლადობა იმატებს. თანაც ეს ყველაფერი შესაძლოა ძალზე სწრაფად მოხდეს – სულ რაღაც 10 წუთში მიმოქცევაში მყოფი სისხლის 50% ძარღვებს გარეთ აღმოჩნდეს. იოლი მისახვედრია, რომ ორგანიზმი ძნელად თუ გაუძლებს ამ გამოცდას. მხოლოდ დროულ და კვალიფიციურ ჩარევას შეუძლია შოკში მყოფი ადამიანის ხსნა.
ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რაც უფრო ადრე იჩენს თავს პირველი კლინიკური სიმპტომები, მით უფრო მძიმე ანაფილაქსიური შოკია მოსალოდნელი. პირველი 30 წუთის განმავლობაში ალერგენის მოხვედრის ადგილას იგრძნობა ჩხვლეტა, რომელიც მალე სახეზე გადაინაცვლებს. ადამიანს მოუსვენრობა, შიში იპყრობს. ამას შესაძლოა დაერთოს გამონაყარი (უმეტესად – ნაჭინჭრი), მუცლის სპასტიკური ტკივილი (ჭვალი), ღებინება, ფაღარათი, სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ხველა, გულის აჩქარება, არითმია. თუ ჩარევამ დაიგვიანა, ყალიბდება შოკის სურათი: ადამიანი ფითრდება, არტერიული წნევა უვარდება, პულსი უსუსტდება და უხშირდება და გონს კარგავს. თუ ალერგენი ვენაში მოხვდა, ანაფილაქსიური შოკი უფრო სწრაფად ვითარდება. ასეთ დროს, სისუსტის, მოუსვენრობისა და შიშის ხანმოკლე ეპიზოდის შემდეგ, ადამიანს გული მისდის, ოფლი ასხამს, ფითრდება, ვეღარ იკავებს შარდსა და განავალს, ეწყება კრუნჩხვა და ბოლოს კომაში ვარდება.
ანაფილაქსიურ რეაქციებს ყველაზე ხშირად თურმე სამკურნალო პრეპარატები იწვევს – ანტიბიოტიკები, საკონტრასტო ნივთიერებები, საანესთეზიო საშუალებები. თუმცა საავადმყოფოში მხოლოდ წამლისმიერი ალერგია როდი გვემუქრება – ლატექსიც, რომლისგანაც მზადდება ქირურგიული ხელთათმანები, წვეთოვნები და კათეტერები, ხშირად იქცევა ანაფილაქსიური რეაქციის მიზეზად (პრობლემა უმთავრესად მედიცინის მუშაკებსა და ბავშვებთან წარმოიშობა).
სააავადმყოფოს გარეთ მომხდარი შემთხვევების ნუსხაში პირველ ადგილს საკვებით გამოწვეული ანაფილაქსია იკავებს. თხილის, არაქისის, კვერცხის, თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების ერთი ციცქნა ულუფაც კი უმძიმეს რეაქციას იწვევს.
ზოგჯერ მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება. ამ შემთხვევაში ექიმები იდიოპათიურ ანაფილაქსიაზე საუბრობენ.

როგორ ვებრძოლოთ შოკს
სწრაფი და ადეკვატური ჩარევა რომ აუცილებელია, ნათელია. თუ შოკური რეაქცია საავადმყოფოში განვითარდა, ბუნებრივია, პაციენტს ექიმები დაეხმარებიან. თუ ასეთ რამეს შინ ან ქუჩაში შეესწარით, უპირველეს ყოვლისა, გამოიძახეთ სასწრაფო, მანამდე კი, ვინაიდან სპეციფიკური დახმარება მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ, მოგიწევთ, ზოგად ღონისძიებებს დასჯერდეთ.
თუ ავადმყოფი გონზეა და სუნთქვა უჭირს, წამოსვით, ფანჯარა გამოაღეთ, გულშემატკივრები მოაცილეთ, თავისუფლად რომ ისუნთქოს. თუ ახლომახლო ვინმე ასთმიანს ბრონქების გამაფართოებელი სპეციალური ინჰალატორი აღმოაჩნდა, მისი გამოყენებაც სცადეთ. თუ გონება ებინდება, პულსი იმდენად სუსტია, რომ ძლივს ისინჯება, წნევა დაქვეითებულია, წამოაწვინეთ და ფეხები მაღლა ააწევინეთ.
ექიმებს საკმაოდ ძლიერი ანტიანაფილაქსიური არსენალი აქვთ – მთავარია, პაციენტი დროულად მიხვდეს მათ ხელში, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგაც რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს დარჩენა – ზოგჯერ ანაფილაქსია ტალღურად მიმდინარეობს და ჩამცხრალი სიმპტომები რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა იჩენს თავს.
ანაფილაქსიური შოკის გადატანის შემდეგ ადამიანმა ალერგოლოგს უნდა მიმართოს, რათა მომხდარის მიზეზი დაადგინოს და მომავალში საფრთხე თავიდან აიცილოს.
კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი ანაფილაქსიის მიზეზებს და თავად დარწმუნდებით, რომ ასეთი უსიამოვნებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მათთვის თავის არიდება მეტ-ნაკლებად მაინც შესაძლებელია.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს მედიკამენტებზე ალერგიის შესახებ.
ალერგენულობით განთქმული მედიკამენტები (საანესთეზიო საშუალებები, ანტიბიოტიკები) სინჯის შემდეგ უნდა გაკეთდეს. ანაფილაქსიური რეაქცია თვით სინჯმაც შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ, როცა ასეთი მანიპულაციის (საზოგადოდ, სამედიცინო პროცედურის) ჩატარებას შემოგთავაზებენ, იკითხეთ, აქვს თუ არა ექიმს შოკიდან გამოსაყვანი მედიკამენტები და იცის თუ არა, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს.
ნებისმიერი მედიკამენტი ინსტრუქციის ზუსტი დაცვით უნდა გაკეთდეს. სხვათა შორის, ანაფილაქსიური შოკის ერთ-ერთი შემთხვევა ტრაგიკულად იმიტომ დასრულდა, რომ პაციენტს წამალი წვეთოვანი ფორმის ნაცვლად განუზავებლად გაუკეთეს. დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, ინსტრუქციის ზედმიწევნის შესრულების შემთხვევაში მოხერხდებოდა თუ არა მსხვერპლის გადარჩენა – ანაფილაქსიური რეაქცია შესაძლოა ალერგენის უმცირესმა დოზამაც გამოიწვიოს. და მაინც, წესების დაცვა აუცილებელია.

იცით თუ არა, რომ...
ანაფილაქსიის პირველ
ი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2641 წელს მომხდარა, როცა კრაზანის თითქოსდა უწყინარ ნაკბენს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ეგვიპტის მეფე მენესი შეუწირავს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითობას მიაწერეს და არც სახელის დარქმევა უფიქრიათ და არც მექანიზმის გაშიფვრა (ჩვენში დარჩეს და, ვერც მოახერხებდნენ).
ნათლიობის პატივი კი ფრანგ ქიმიკოსს, ფარმაკოლოგს, მოგზაურსა და ბუნების მკვლევარს რიშეს ერგო, თანაც, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სრულიად შემთხვევით. 1902 წელს ის საკუთარი იახტით დასდევდა ზღვის ღრუბლებსა და მოლუსკებს, მათგან მიღებულ ნივთიერებებს კი ლაბორატორიულ ცხოველებს უშხაპუნებდა. ამ გზით ცდილობდა, ზღვისთვის ახალი შხამები გამოეტყუებინა. მოდი, მეცნიერის საქციელის ეთიკურ მხარეს თავი დავანებოთ – კაცმა არ იცის, რატომ მოუვიდა აზრად, ზღვის ანემონების გამონაწვლილი ხელმეორედ შეეშხაპუნებინა იმავე ძაღლებისთვის, ვისი მეშვეობითაც ორიოდე კვირით ადრე უკვე დაამტკიცა ამ მომცრო, ყვავილებივით კაშკაშა ცხოველების უვნებლობა. საწყალი ცუგები კინაღამ გადაჰყვნენ ცდას: კრუნჩხვები დაეწყოთ, დასუსტდნენ, კუჭიც კი აეშალათ.
ვიდრე ამ აღმოჩენის ამბავს მსოფლიო შეიტყობდა, მეცნიერებას და მკვლევარის სიძუნწეს კიდევ ერთი-ორი ზღვის გოჭუნა შეეწირა. ამ შემთხვევაში დიფტერიის საწინაააღმდეგო შრატის ანტიტოქსიკურ ძალას იკვლევდნენ და ეკონომიის მიზნით ლაბორატორიული ცხოველების განმეორებით გამოყენება სცადეს. ინექციიდან ერთი წუთიც არ გასულიყო, რომ ზღვის გოჭმა საშინლად დაიწყო შფოთვა, გალიაში აქეთ-იქით აწყდებოდა, სწრაფად სუნთქავდა, უკანა თათებზე ჯდებოდა და წინა თათებით ცხვირს იფხანდა, თითქოს რაღაც სუნთქვას უშლის და მისი მოშორება უნდაო. ნახევარი წუთის შემდეგ ცემინება დაიწყო, მერე – მკვეთრი, ყეფასავით ხველა და 2-3 წუთში მოკვდა კიდეც.
სულ ცოტა ხანში ექიმებმა დაადგინეს, რომ ანაფილაქსია მხოლოდ საგანგებოდ ჩატარებული ცდის საინტერესო შედეგი არ არის – ასეთი გართულება საკმაოდ ხშირია კლინიკაში. თანაც, ალერგიის სხვა გამოვლინებებისა არ იყოს, ბოლო ხანს უფრო და უფრო ხშირდება. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დამნაშავენი თავად ვართ – რაც შეგვეძლო, ყველაფერი დავაბინძურეთ: ჰაერი, ნიადაგი, საკვები, სასმელი... აი, შედეგიც. ანაფილაქსიური რეაქცია უკვე საკვებზეც გვხვდება. თხილზე ანაფილაქსია პირველად სულ ოციოდე წლის წინ აღწერეს.

ანტიალერგიული სტ
რატეგია
როცა არ უნდა განვითარდეს და რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ალერგია, მას ყოველთვის ერთნაირად ვებრძვით. საუკეთესო სტრატეგია ალერგენისთვის თავის არიდებაა. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, საქმეში ექიმი ერთვება.
სპეციფიკური მკურნალობის არსი ასეთია: ჯერ ალერგენს გამოავლენენ, მერე კი მისი მცირე დოზების შეყვანით მისდამი ორგანიზმის მგრძნობელობის შემცირებას ცდილობენ. არასპეციფიკური საშუალებები კი უკვე გამოვლენილი ალერგიის სიმპტომებს ამცირებს. ამ ჯგუფში განსაკუთრებული ადგილი უკავია ანტიჰისტამინურ ნივთიერებებს (ალერფასტს, ფენკაროლს და სხვ.). 
ახლა კი, მოდი, უფრო ვრცლად ვისაუბროთ ალერგიის თითოეულ ქეისზე.

ვიჭერთ მცენარის მტვერს
გახსოვდეთ: პოლინოზის დიაგნოსტიკა ადვილია – ძნელია მკურნალობა. პოლინოზის მკურნალობის ერთ-ერთ წამყვან მეთოდად მიიჩნევა იმუნოთერაპია – ალერგენებით აცრა. ეს ძვირად ღირებულია და ხანგრძლივი მეთოდია – მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ხუთი წელი გრძელდება. სამწუხაროდ, შედეგი არც ამ შემთხვევაშია ასი პროცენტით გარანტირებული. ყველაზე ხშირად პოლინოზთან გამკლავებას ანტიჰისტამინური პრეპარატებით ცდილობენ. ისეც ხდება, რომ ამგვარ თერაპიას მოსალოდნელ პრობლემამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ. ხშირად პოლინოზი დროთა განმავლობაში თავისთავად გაივლის – ადამიანი იზრდება და მისი იმუნური სისტემაც ცვლილებებს განიცდის. 

ვახშობთ სპაზმს
თუ ალერგია ბრონქოსპაზმით მიმდინარეობს, ადამიანი იძულებულია, ინჰალატორი (აეროზოლი, ნებულაიზერი) გამოიყენოს. ინჰალატორი სხვადასხვანაირია და მისი სწორად შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის მისაღებად.
აეროზოლი დოზატორით (Metered Dose Inhaler – MDI) ძალზე პოპულარულია ასთმით დაავადებულებს შორის. კომპლექტში შედის წამლით სავსე მომცრო ჭურჭელი – კანისტრა – და პლასტმასის კონტეინერი, რომელშიც ეს კანისტრა თავსდება. პლასტმასის ნაწილს აქვს პირში ჩასადები ბოლო და ღილაკი, რომელზე დაჭერის დროსაც მედიკამენტი სასუნთქ გზებში ხვდება. 
აეროზოლი დოზატორითა და სპეისერით (MDI with Spacer) უფრო უკეთ უზრუნველყოფს სასუნთქ გზებში წამლის სრული დოზის მოხვედრას. ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ გამოფრქვეული წამალი ჯერ სპეისერში ხვდება, მერე კი ადამიანი მას ნელ-ნელა მთლიანად შეისუნთქავს. სპეისერი ზოგჯერ ინჰალატორს მოჰყვება, ზოგჯერ კი ცალკე უნდა შეიძინოთ და მოარგოთ. კიდევ უფრო მოხერხებულია ნიღბიანი აეროზოლი, რომელიც სპეისერზე მაგრდება.
არსებობს ფხვნილის ინჰალატორიც. მისი გამოყენებისას არც დოზის კონტროლი ხდება, არც მედიკამენტის გამოფრქვევა – ადამიანი თავად ირგებს პირზე ინჰალატორს და ღრმად შეისუნთქავს.
ნებულაიზერი მედიკამენტს ორთქლად აქცევს, რომელსაც ადამიანი ნიღბის საშუალებით შეისუნთქავს. ნებულაიზერი ძალზე მოხერხებულია ბავშვებისთვის.
ინჰალატორი სჭირდება პატარას თუ ნებულაიზერი, ექიმი დაადგენს, თუმცა რა გზით მოხვდება ფილტვებში მედიკამენტი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 

ანტიშოკური სტრატეგია
როდესაც ადამიანს ზედა სასუნთქი გზების ლოწოვანი უშუპდება: ხმა ეკარგება, ყელში უცხო სხეულის შეგრძნება უჩნდება ან ანაფილაქსიური შოკი ემართება, – სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
* დაუყოვნებლივ გაკეთდეს 0.1%-იანი ადრენალინის ჰიდროქლორიდის ინექცია (ის პირველი რიგის პრეპარატად მიიჩნევა ანაფილაქსიური შოკისა და მწვავე ურტიკარიის დროსაც). ადრენალინი კეთდება კანქვეშ ან კანში, მოზრდილებისთვის – 0.2-0.5 მლ, ბავშვებისთვის – 0.01 მლ წონის ყოველ კილოგრამზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არა უმეტეს 0.3 მლ-ისა.
* სტეროიდული პრეპარატებიდან არჩევითია დექსამეტაზონი, რომელსაც შეშუპების საწინააღმდეგო ძლიერი თვისება აქვს. წონის ყოველ კილოგრამზე 0.6 მლ კეთდება, თუმცა ჯამში – არა უმეტეს 10 მლ-ისა ანუ 2 ამპულისა. შეიძლება პრედნიზოლონის შეყვანაც 1-2 მგ/კგ დოზით.
* ანტიჰისტამინური პრეპარატებიდან შეიძლება დიმედროლის გამოყენება.

გააზიარე: