რატომ თამაშობს წნევა

გააზიარე:

სად გარბის წნევა
მაღალი არტერიული წნევა უმთავრესად ასაკოვანთა ხვედრიაო, იტყვით. შესაძლოა, ასაკთან ერთად ამ დაავადების გავრცელება მართლაც იმატებდეს, მაგრამ ის არც ახალგაზრდებს შორის ყოფილა იშვიათი. მაინც რა იწვევს ჰიპერტენზიას? როგორ მკურნალობენ მას? ამ და სხვა კითხვებით “ავერსის კლინიკის” კარდიოლოგს დავით მაისურაძეს მივმართეთ:

. რამდენად გავრცელებული დაავადებაა არტერიული ჰიპერტენზია?
– დავიწყებ იმით, რომ არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლის სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკფაქტორს ორივე სქესის, სხვადასხვა ასაკისა და რასობრივი წარმომავლობის ადამიანებისთვის. სიკვდილის ძირითად მიზეზად მთელ მსოფლიოში სწორედ ეს დაავადებები გვევლინება. ამავე დროს, შთამბეჭდავია არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. იგი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი არაინფექციური პანდემია გახლავთ. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ზრდასრულ მოსახლეობაში მისი გამოვლენის მაჩვენებელი 20%-ს აღწევს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰიპერტენზიაა ყველაზე ხშირი პირველადი დიაგნოზი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზია დაახლოებით მილიარდ ადამიანს აქვს და მასთან არის დაკავშირებული ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი სიკვდილის შემთხვევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2005 წლის ანგარიშში, 2002 წლის მონაცემების საფუძველზე, ნათქვამია, რომ საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის ხვედრითი წილი სიკვდილობის მიზეზთა შორის 48,8%-ს შეადგენს.
ფართომასშტაბიანი მულტიცენტრული კვლევებით არის დადასტურებული, რომ არტერიული ჰიპერტენზიის ადეკვატური კონტროლი (მისი სამიზნე დონის მიღწევა) პოპულაციურ დონეზე ამცირებს თავის ტვინის ინსულტისა და გულის კორონარული დაავადების განვითარებას და ამ დაავადებათა მიზეზით განპირობებული სიკვდილობის რისკს.
არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადება და, ამავე დროს, გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების განვითარების უმთავრესი რისკფაქტორიც არის. არტერიულ წნევასა და კარდიოვასკულური შემთხვევების ალბათობას შორის დამოკიდებულება ძლიერ მკაფიო, უწყვეტი და სხვა რისკის ფაქტორებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია.
. როგორია არტერიული წნევის ნორმა და უპირატესად რა იწვევს მის მატებას?
 – არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ.სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება. ადრე ჩვენში მას ჰიპერტონიულ დაავადებას უწოდებდნენ. როდესაც არტერიული ჰიპერტენზია რაიმე სპეციფიკური მიზეზის შედეგად ვითარდება, მას მეორეულ ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიას ვუწოდებთ.
ესენციური ჰიპერტენზიის ეტიოპათოგენეზი მულტიფაქტორულია, მარტივად რომ ვთქვათ, მრავალი მიზეზი აქვს, ხოლო საფუძვლად არტერიული წნევის რეგულაციის დარღვევა უდევს, რომელშიც ერთმანეთთან დაკავშირებული ნეიროჰუმორული და უჯრედულმოლეკულური ფაქტორებია ჩართული.
ფიზიოლოგიურად არტერიული წნევის სიმაღლეს ორი ფაქტორი: გულის წუთმოცულობა და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა – განაპირობებს.
საზოგადოდ, განიხილება არტერიული წნევის სამი კატეგორია:
1. ნორმული;
2. პრეჰიპერტენზია:
I სტადია;
II სტადია;
3. ჰიპერტენზია.

არტერიული წნევის კლასიფიკაცია 18 წელს გადაცილებულთათვის


 არტერიული წნევის კატეგორია   სისტოლური წნევა    დიასტოლური წნევა
 ნორმალური  <120  და  < 80
 პრეჰიპერტენზია  120-139  ან  80-89
 ჰიპერტენზია      
 I სტადია  140-159  ან  90-99
 II სტადია  ≥ 160  ან  ≥ 100


. როდის ინიშნება ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა?
– ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დანიშვნის საბაზისო კრიტერიუმად წნევის მატების ხარისხი განიხილება. მოწოდებულია ყველა ჰიპერტენზიული (I და II სტადიის მქონე) პირის მკურნალობა.
ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის მიზანი კარდიოვასკულური და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება გახლავთ.
ჰიპერტენზიულ პირებში, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებში, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლის მიღწევაა. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ.სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.
იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სამიზნე წნევაა <130/80 მმ ვწყ. სვ.
. რა პრინციპით წარმოებს ატრერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა?
– ჰიპერტენზიულ პირთა დაახლოებით ორ მესამედში სამიზნე არტერიული წნევის მიღწევა ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის საშუალებით ხერხდება.
შემთხვევათა მხოლოდ ერთ მესამედშია შესაძლებელი ეფექტური მკურნალობა ერთი მედიკამენტის საშუალებით. ამას კვლევებიც ადასტურებს.
. რა სიხშირით უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი და მკურნალობის ეფექტის შესაფასება?
– პაციენტთა უმრავლესობამ ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ან სამიზნე არტერიული წნევის მიღწევამდე კიდევ ერთი შემოწმება უნდა გაიაროს, სამიზნე წნევის მიღწევის შემდეგ კი მომდევნო ვიზიტები შეიძლება 3-6 თვეში ერთხელ განხორციელდეს.
მეორე სტადიის ჰიპერტენზიისა და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს ექიმთან ვიზიტი უფრო ხშირად სჭირდებათ. თანმხლები დაავადებების, მაგალითად, გულის უკმარისობისა და დიაბეტის დროს ვიზიტები ხშირად არის საჭირო. პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს სხვა კარდიოვასკულური რისკის ფაქტორების კორექცია.
ასპირინის დაბალი დოზით მკურნალობა ნაჩვენებია სამიზნე წნევის მიღწევის შემდეგ, რადგან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის დროს არსებობს ჰემორაგიული ინსულტის განვითარების რისკი.
საზოგადოდ, პლაზმის კალიუმისა და კრეატინინის კონტროლი წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა განხორციელდეს.
. არის შემთხვევები, როდესაც მომატებული არტერიული წნევა სასწრაფოდ უნდა დავწიოთ...
– ასეთ მდგომარეობას ჰიპერტენზიის სასწრაფო შემთხვეას ვუწოდებთ. ამ დროს არტერიული წნევა 180/120 მმ ვწყ.სვ-მდე და უფრო მეტად არის მომატებული, თუმცა არ აღინიშნება სამიზნე ორგანოების მწვავე დაზიანება. ჰიპერტენზიის სასწრაფო შემთხვევების დროს არტერიული წნევა, ჩვეულებრივ, ორალურად მისაღები მედიკამენტებით, ამბულატორიული მეთვალყურეობით უნდა დაქვეითდეს. მძიმე ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობას სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები, ჩვეულებრივ, არ უვლინდება. ასეთ პირებს არტერიული წნევა თანდათანობით უნდა დაეწიოთ 24-48 საათის განმავლობაში. ეს ხშირადხორციელდება ორალური მედიკამენტებით, სტაციონარში მოთავსების გარეშე, ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკური გაუმჯობესება მოსალოდნელია წამლების მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის შემდეგ.
გაითვალისწინეთ: ასიმპტომურ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ სამიზნე ორგანოების აშკარა მწვავე დაზიანების ნიშნები, არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება მიზანშეწონილი არ არის.
ჰიპერტენზიის გადაუდებელი შემთხვევები კი განისაზღვრება როგორც არტერიული წნევის ძლიერი მატება სამიზნე ორგანოების მწვავე დაზიანების არსებობის დროს. მწვავე კორონარული სინდრომი, აორტის განშრევებადი
ანევრიზმა, ფილტვების მწვავე შეშუპება, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, თავის ტვინის მწვავე ინფარქტი ან ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა და ეკლამფსია ის კლინიკური მდგომარეობებია, როდესაც საჭიროა არტერიული წნევის დაუყოვნებელი დაქვეითება. მხოლოდ სწრაფი რეაგირების შემთხვევაში შეიძლება თავიდან ავიცილოთ სამიზნე ორგანოთა დაზიანების პროგრესი.

პერორალური ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები

თიაზიდური შარდმდენები 
ქლორთიაზიდი

ქლორტალიდონი
ჰიდროქლორთიაზიდი
პოლითიაზიდი
ინდაპამიდი
მეტოლაზონი
მარყუჟზე მოქმედი შარდმდენი
ბუმეტანიდი

ფუროსემიდი
ტორსემიდი
კალიუმშემნახველი
შარდმდენი ამილორიდი

ტრიამტერენი 
ალდოსტერონის რეცეპტორის ბლოკერები
ეპლერენონი

სპირონოლაქტონი
 
ბეტა-ბლოკერები 
ატენოლოლი

მეტოპროლოლი
პროპრანოლოლი
ბისოპროლოლი
ნებივოლოლი
 
კომბინირებული ალფა და ბეტა ბლოკერები 
კარვედილოლი

ლაბეტალოლი
აგფ ინჰიბიტორები
ბენაზეპრილი

აპტოპრილი
ენალაპრილი
ფოზინოპრილი
ლიზინოპრილი
პერინდოპრილი
მოექსიპრილი
ქვინაპრილი
რამიპრილი
ტრანდოლაპრილი
ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები
კანვესარტანი

ეპროსარტანი
ირბესარტანი
ლოსარტანი
ოლმესარტანი
ტელმისარტანი
ვალსარტანი


. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც ოჯახის წევრს არტერიული წნევა მეტისმეტად უწევს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორ დავეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე?
– თუ თქვენს გვერდით ვინმეს უეცრად არტერიულმა წნევამ მეტისმეტად აუწია (სისტოლურმა მაჩვენებლმა მიაღწია 180-ს ან დიასტოლურმა – 110-ს, – ეცადეთ, კონსულტაციისთვის დაუკავიშრდეთ ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახოთ. თუ ექიმთან დაკავშირება ან სასწრაფოს გამოძახება ვერ მოახერხეთ, შეიძლება, ავადმყოფს მისცეთ ხანმოკლე მოქმედების ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი (ანაპრილინი, ნიფედიპინი, კლოფელინი, კაპტოპრილი). მაგრამ მუდამ გახსოვდეთ, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ჩატარებულმა თვითმკურნალობამ შესაძლოა არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. 
. ხშირია თუ არა ბავშვებში არტერიული წნევის მატება? რა იწვევს მას?
– ბავშვებსა და მოზარდებში არტერიული ჰიპერტენზია განისაზღვრება როგორც რამდენიმე გაზომვით მიღებული არტერიული წნევის მაღალი ციფრები. ბავშვებში ჰიპერტენზიის შემთხვევაში ექიმმა აუცილებლად მეორეული ჰიპერტენზია უნდა ივარაუდოს და კლინიკური მონაცემების საფუძველზე შესაბამისი გამოკვლევა დაიწყოს.
მოზარდებში არტერიული ჰიპერტენზია ხშირად ასოცირებულია სიმსუქნესთან, მჯდომარე ცხოვრების წესთან, ჰიპერტენზიისა და სხვა კარდიოვასკულური გართულებების ოჯახურ ანამნეზთან.
როცა მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით არტერიული ჰიპერტენზიის მართვა ვერ ხერხდება, ფარმაკოლოგიური თერაპია აუცილებელია. ინიშნება იგივე ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, რომლებიც მოზრდილ პაციენტებში, მხოლოდ დოზა უნდა იყოს მცირე და დიდი სიფრთხილით შეირჩეს. აგფ-ინჰიბიტორები და ალდოსტერონის რეცეპტორის ბლოკერები არ გამოიყენება ორსულებისა და იმ მოზარდი გოგონებისთვის, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან ანუ აქვთ დაორსულების რისკი. მკაცრად იკრძალება ბავშვებში ანაბოლური სტეროიდების გამოყენება.
გაურთულებელი ჰიპერტენზიის პირობებში ბავშვებს ფიზიკური აქტივობა არამც და არამც არ უნდა შევუზღუდოთ, რადგან ხანგრძლივი ვარჯიში არტერიულ წნევას აქვეითებს.
. რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, ცხოვრების როგორ რეჟიმს მივდიოთ, რომ არტერიული ჰიპერტენზიისგან თავი დავიცვათ?
– ჰიპერტენზიის პრევენციის უმნიშვნელოვანესი გზა ყველა ადამიანისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა გახლავთ. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰიპერტენზიის მკურნალობაშიც.
ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს:
1. წონის დაკლებას მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვს;
2. რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს (სწრაფ სიარულს სუფთა ჰაერზე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში კვირაში 4-5 დღე მაინც);
3. დიეტურ კვებას ანუ კალიუმით და კალციუმით მდიდარი (ხილი, ბოსტნეული, დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები) და ნატრიუმით ღარიბი საკვების მიღებას (ნატრიუმის დღიური ოდენობა 100 მმოლამდე უნდა შემცირდეს; ეს 2,4 გრამს უდრის, რაც 4 გრამ სუფრის მარილს შეესაბამება);
4. ალკოჰოლის შეზღუდვას დღეში 30 მილილიტრამდე (ეთანოლზე გადაანგარიშებით) მამაკაცებში და 15 მილილიტრამდე ქალებსა და მცირე წონის პირებში.
-----------------

გამოიჩინეთ სიფრთხილე!

ჰიპერტენზიის ტყვეობაში ყოფნა არასოდეს არის სასიამოვნო, არც ახალგაზრდობისას და არც, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც “ტკბილად დაბერების” პერსპექტივა არსებობს. ვერც სქესს გამოვყოფთ, უფრო უკეთ რომ ეგუებოდეს მანომეტრზე დაფიქსირებულ მაღალ ციფრებს. მიუხედავად ამისა, ჰიპერტენზიას მაინც ჰყოლია ფავორიტები – ქალები.

არტერიული წნევის მატება მრავალ ფაქტორს შეიძლება დავაბრალოთ: ფსიქოემოციურ გადაძაბვას, მემკვიდრეობას, ასაკს, ჭარბ წონას, – მაგრამ რაკი სუსტ სქესს წნევა განსაკუთრებულად ემტერება, ერთ-ერთ დამნაშავედ ქალის ჰორმონებიც უნდა მივიჩნიოთ.

ესტროგენები გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაზიანებისგან იცავენ, მაგრამ საკმარისია, ამ ჰორმონთა რაოდენობამ იკლოს, რომ დამცავი მექანიზმი მწყობრიდან გამოდის და პრობლემაც იჩენს თავს.

ჰორმონული ძვრები, ჩვეულებრივ, კლიმაქსურ პერიოდში და ორსულობისას ხდება. ჰიპერტენზიაც ქალებს სწორედ ამ დროს ატყდება თავს.

რისკის ფასი
წინა გვერდებს თუ გადაავლეთ თვალი, უთუოდ შეამჩნევდით იმ გართულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც ჰიპერტენზია იწვევს და იმ ორგანოების ნუსხასაც მოჰკრავდით თვალს, რომლებსაც განსაკუთრებით ემტერება მაღალი წნევა. საკმარისია, წნევამ მოიმატოს, რომ ორგანოების სისხლით მომარაგება ირღვევა. ბუნებრივია, ამგვარი ცვლილებები ორსულობის დროსაც იჩენს თავს. ყველაზე მეტად პლაცენტა ზარალდება. შეგახსენებთ: ის დედისა და ნაყოფის დამაკავშირებელი რგოლია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება სისხლი (და მასთან ერთად ჟანგბადი) საშვილოსნოს ღრუში მობინადრე ცეროდენა არსებას. თუ სისხლმომარაგების დარღვევას მუდმივი ხასიათი მიეცა, ნაყოფის ზრდა-განვითარებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი არტერიული წნევის გამო იმატებს პლაცენტის აშრევების (საშვილოსნოს კედლიდან მოცილების) რისკიც. ამდენად, არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა განვითარდეს ან ბავშვი წონის დეფიციტით დაიბადოს.

პრობლემის სამი ვარიანტი

არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც  ორსულობისას იჩენს თავს, ძირითადად სამი სახისაა: ქრონიკული, გესტაციური და პრეეკლამფსია. მათ შორის ყველაზე სახიფათო პრეეკლამფსიაა. ის თანდათანობითაც შეიძლება განვითარდეს და უეცრადაც. ძირითადი ნიშნებია ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა სრულ დაქვეითებამდე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, შარდის რაოდენობის შემცირება. პრეეკლამფსიას ხშირად თან ახლავს შეშუპება (უპირატესად – სახისა და კიდურებისა), თუმცა ორსულობისას ამგვარი ცვლილება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს პირობადებული.
სპეციალისტთა აზრით, პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ ქალს:
. ჰიპერტენზია  ან სიმსუქნე ორსულობამდეც აღენიშნებოდა;
. პრეეკლამფსია წინა ორსულობის დროსაც განუვითარდა;
. 20 წლამდე ასაკისაა ან 40 წელს არის გადაცილებული;
. ტყუპს ელის;
. აქვს შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის რომელიმე პათოლოგია, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა ან სკლეროდერმია.
გესტაციური ჰიპერტენზია ორსულობის მეორე ნახევარში იჩენს თავს, მშობიარობის შემდეგ კი, წესისამებრ, წნევა ნორმას უბრუნდება. წნევის მაჩვენებელს ამ შემთხვევაშიც რეგულარული კონტროლი სჭირდება. კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ, თუნდაც იმისთვის, რომ პრეეკლამფსია არ გამოგეპაროთ.
ქრონიკული ჰიპერტენზია ქალს დაორსულებამდეც აღენიშნება. ამ შემთხვევაში ორსულმა არტერიული წნევა რედულარულად უნდა იზომოს და მკურნალობა გააგრძელოს. ხშირად ისეც ხდება, რომ ჰიპერტენზიის მქონე ქალს ორსულობის დროს წნევა ურეგულირდება. ყურადღების მოდუნებას არც ამ შემთხვევაში გირჩევთ.

ასე მოიქეცით
ჰიპერტენზია, მით უმეტეს – ორსულობისას, სწორედ იმ დაავადებათაგანია, რომლებიც რეგულარულ ყურადღებასა და კონტროლს საჭიროებს. თუ არტერიული წნევის ხშირი ცვალებადობა დაგჩემდათ, ასე მოიქეცით:
. მიმართეთ სპეციალისტს. თუნდაც მკურნალობის ფონზე ჰიპერტენზიისგან გათავისუფლდეთ, ყურადღებას მაინც ნუ მოადუნებთ. სასურველია, არტერიული წნევა პერიოდულად შინ თავად იზომოთ.
. არამც და არამც არ მიიღოთ ანტჰიპერტენზიული საშუალება თვითნებურად. მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები სვით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა.
. შეძლებისდაგვარად ხშირად დაისვენეთ. ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმს ცოტაოდენი სიზარმაცე უხდება კიდეც.
. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ მარილის ოდენობა. მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინების კომპლექსი.
. აკონტროლეთ წონა. ორის სამყოფის ჭამა, ისევე როგორც შიმშილობა, ორსულობის დროს სრულიად დაუშვებელია, მით უმეტეს, თუ არტერიული ჰიპერტენზიაც გაწუხებთ.
. უარი თქვით მავნე ჩვევებზე. მიუხედავად გაფრთხილებისა, ზოგიერთი ქალი ორსულობისას სიგარეტს თავს არ ანებებს. დაიხსომეთ: თუ წნევა თამაშობს, თამბაქო ორმაგ ზიანს მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას.
ალბათ გაგიგონიათ, რომ ორსულებს დაბალი არტერიული წნევისა და ჰემოგლობინის მოსამატებლად შავი ღვინის სმას ურჩევენ. არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში ალკოჰოლისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
------------------------

მეორადი პრობლემა


უმიზეზოდ არაფერი ხდებაო, ამბობენ. ეს გამოთქმა ყველაზე მეტად ალბათ მეორეულ ჰიპერტენზიას მიესადაგება. თუ პირველადი ჰიპერტენზიის დროს წნევის მატების მიზეზი უცნობი რჩება, – მიიჩნევენ, რომ წნევა უმიზეზოდ თამაშობს (გენეტიკას, ჭარბ წონას, მკაცრ დიეტას აბრალებენ), – მეორეულის შემთხვევაში დამნაშავის პოვნა ადვილია: პრობლემას უმეტესად თირკმელები, სისხლძარღვები, გული და ენდოკრინული სისტემა ქმნიან.


ავადმყოფობის დროს, – აქაოდა, პირველადი კი არა, მეორეული ჰიპერტენზია მაქვსო, – სიხარული რა მოსატანია, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მოიძევება: თუ მიზეზს ვუმკურნალებთ, აღარც მაღალი წნევა შეგვაწუხებს!

 როგორც პირველადი, მეორეული ჰიპერტენზიაც ხშირად არაფრით გასცემს თავს, ხოლო ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავის ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენა, დაავადების საწყის სტადიაზე ცოტას თუ აწუხებს. წესისამებრ, სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც არტერიული წნევა მაღალ ციფრებს აღწევს.
მიუხედავად ასეთი შესანიშნავი კონსპირაციისა, მეორეულ ჰიპერტენზიაზე ეჭვის აღება შესაძლებელია, მით უმეტეს – თუ უკვე მიხვდით, რომ პრობლემის თავიდათავი სისხლძარღვებში მჩქეფარე სისხლის წნევის ცვალებადი ხასიათია.
მეორეულ ჰიპერტენზიას ახასიათებს:
. მაღალი არტერიული წნევა, რომელიც წნევის დამწევი მედიკამენტებით ვერ ან ვეღარ რეგულირდება – ადრე წამალი გშველოდათ, ახლა კი აღარ მოქმედებს, ან პირველივე მცდელობა, წნევა ანტიჰიპერტენზიული საშუალებით დაგეგდოთ, უშედეგო აღმოჩნდა;
. მეტისმეტად მაღალი ციფრები: სისტოლური – 100 მმ-ზე მეტია, ხოლო დიასტოლური 110-ს აჭარბებს;
. არტერიული წნევის უეცარი მომატება, თუ ჯერ არ შეგსრულებიათ 20 წელი ან 50-ს უკვე გადააბიჯეთ;
. სისხლით ნათესავებს შორის მაღალი არტერიული წნევის შემთხვევათა არარსებობა.
არსებობს უამრავი დაავადება, რომელსაც მეორეული ჰიპერტენზიის გამოწვევა შეუძლია, მათ შორის:
. დიაბეტური ნეფროპათია – შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულება, რომელიც თირკმელების დაზიანებით ვლინდება. თირკმელებში უამრავი უწვრილესი სისხლძარღვი გადის, რომლებიც სისხლის ფილტრაციას და ნარჩენების შარდით გამოყოფას უზრუნველყოფს. დიაბეტის დროს ყველაზე ადრე უწვრილესი სისხლძარღვები ზიანდება, მათ შორის – თირკმელებისაც, ეს კი თითქმის ყოველთვის იწვევს არტერიული წნევის მატებას.
. თირკმლის პოლიკისტოზი. ასეთი პრობლემა მემკვიდრეობით თუ გერგებათ: თირკმლის ქსოვილში არსებული კისტები ორგანოს ნორმალურ მუშაობაში უშლის ხელს, რაც წნევის მატებას იწვევს.
. გლომერულონეფრიტი. ეს თირკმლის სისხლძარღვოვანი ფილტრების ანთებაა. ანთებადი, შეშუპებული და მწყობრიდან გამოსული ფილტრები კი სისხლის წნევის ცვლილებას განაპირობებს.
. ჰიდრონეფროზი. ამ დროს თირკმელში არსებული კენჭები, სიმსივნური ქსოვილი თუ სხვა უცხო სხეული გამტარ გზებს ახშობს და შარდის გამოდევნას აფერხებს, რაც ასევე ჰიპერტენზიის მიზეზად იქცევა.
. რენოვასკულური ჰიპერტენზია. საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომლის დროსაც თირკმელში შემავალი არტერიების სანათური ვიწროვდება და თირკმელი ზიანდება. სისხლძარღვთა დაზიანების მიზეზი უმეტესად ათეროსკლეროზი ანუ მათ სანათურში ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგებაა. სტენოზს (შევიწროებას) სისხლძარღვის კედლის კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი შრეების შესქელებაც იწვევს. ამ პათოლოგიურ მდგომარეობას ფიბრომუსკულური დისპლაზია ეწოდება.
. კუშინგის სინდრომი. ამ დროს ჰიპოფიზის (თავის ტვინში არსებული ჯირკვლოვანი წარმონაქმნი) ბრძანებით (უმეტესად – ჰიპოფიზის სიმსივნის დროს) თირკმელზედა ჯირკვალში დიდი რაოდენობით კორტიზოლი წარმოიქმნება, რაც წნევის მატებას იწვევს.
. ალდოსტერონიზმი. ამ შემთხვევაში კი თირკმელზედა ჯირკვალში ჭარბად გამოიყოფა ჰორმონი ალდოსტერონი. ამის შედეგად ირღვევა წყალმარილოვანი ცვლა, ორგანიზმიდან იდევნება დიდი ოდენობით კალიუმი. იზრდება წნევის მაჩვენებელიც.
. ფეოქრომოციტომა. ეს იშვიათი სიმსივნური პათოლოგიაა, რომელიც თირკმელზედა ჯირკვალში წარმოიშობა და ადრენალინისა და ნორადრენალინის პროდუქციას ააქტიურებს, რაც, თავის მხრივ, წნევის მატებას იწვევს.
. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება ან, პირიქით, გაძლიერება. პირველს ჰიპოთირეოზი ეწოდება, მეორეს – ჰიპერთირეოზი. არტერიული წნევა ორივე შემთხვევაში იმატებს.
. ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, რასაც კალციუმის ცვლის მოშლამდე და ამის გამო წნევის მატებამდე მივყავართ.
. აორტის კოარქტაცია. თუ ადამიანი ამ დეფექტით (აორტის შევიწროებით) დაიბადა, გულს დამატებითი ძალისხმევა სჭირდება, რომ აორტაში გადასროლილი სისხლი ვიწრო ხვრელში გაატაროს.
. ძილის აპნოე. როდესაც ადამიანი ხვრინავს და დროდადრო უნებლიეთ წყვეტს სუნთქვას, ორგანიზმს ჟანგბადი შეფერხებით მიეწოდება. ჰიპოქსიაში მყოფი სისხლძარღვები ზიანდება და წნევის რეგულაციას ვეღარ ახერხებს.
. ჭარბი წონა. მეტი კილოგრამები მეტ სისხლს მოითხოვს. მთელი ორგანიზმი სათანადოდ რომ მოამარაგოს სისხლით, გულს მეტი ძალისხმევა სჭირდება და სისხლძარღვებსაც მეტი ძალა ადგება, ეს კი არტერიული წნევის მატებას იწვევს.
. პრეეკლამფსია. ეს მძიმე პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულობის მე-20 კვირიდან იჩენს თავს და წნევის მატებითა და შარდში ცილის გაჩენით ვლინდება.
. ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები, კონტრაცეპტივები... ჰიპერტენზიას ზოგიერთი მცენარეული სამკურნალო საშუალებაც კი იწვევს.
მეორეული ჰიპერტენზიის გართულებები ძალზე სახიფათოა. მაღალმა წნევამ, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა არტერიები დააზიანოს: მისი ზემოქმედებით სისხლძარღვთა კედლები სქელდება და ელასტიკურობას კარგავს, ამგვარად შეცვლილ ქსოვილზე კი იოლად მაგრდება ცხიმოვანი ფოლაქები და ვითარდება ათეროსკლეროზი. არც ის არის გამორიცხული, ჰიპერტენზიის ზეგავლენით არტერიათა კედლები გათხელდეს და ანევრიზმა ჩამოყალიბდეს.
სისხლძარღვები ზიანდება თირკმელებშიც, რაც ამ ორგანოს ფუნქციას არღვევს, და თვალის ფსკერზეც, რაც უმთავრესად მხედველობის დაქვეითებით ვლინდება.
მაღალი არტერიული წნევის არცთუ იშვიათი გართულებებია გულის უკმარისობა და მეხსიერების დაქვეითება.
ძალიან ხშირად მაღალი არტერიული წნევა მეტაბოლურ სინდრომთან ერთად იჩენს თავს. ეს სინდრომი ნივთიერებათა ცვლის მოშლითა და სისხლში განსაზღვრულ ნივთიერებათა დონის ცვლილებით ვლინდება. სახელდობრ, იმატებს ტრიგლიცერიდების, ინსულინის დონე, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა (კარგი ქოლესტეროლისა), პირიქით, მცირდება.
მეორეული ჰიპერტენზიის მკურნალობის ტაქტიკას მიზეზის მიხედვით ადგენენ. უმეტესად საკმარისია სპეციფიკური დიეტის დაცვა, ვარჯიში და ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების (დიურეტიკების, ბეტა-ბლოკერების, კალციუმის არხების ბლოკერების) მიღება, მაგრამ ზოგჯერ, მედიკამენტების უეფექტობის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო. მაგალითად, გლომერულების დაზიანებით განპირობებული ჰიპერტენზიის მკურნალობის ერთ-ერთი გზა ტრანსპლანტაციაა; რენოვასკულური ჰიპერტენზიის დროს საჭიროა დაზიანებული სისხლძარღვის სტენტირება; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის ჰორმონული მკურნალობის შედეგად წნევაც რეგულირდება.
----------------------

წნევიანი სელებრითების აღლუმი

გვინდა, იმ ცნობილი ადამიანების ტოპათეული წარმოგიდგინოთ, რომელთაც არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაუსვეს.

ჯო მონტანა, უფრო სწორად, ჯოზეფ კლიფორდი, წლების განმავლობაში ამერიკის ნაციონალური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ. ის პენსილვანიის შტატში დაიბადა და ბავშვობიდან იცოდა, რომ სიცოცხლეს ფეხბურთს მიუძღვნიდა. მართლაც, ორად ორი რამ, რასაც ბოლომდე უერთგულა, ფეხბურთი და მესამე ცოლის ჯენიფერის სიყვარულია.
ჯო მონტანა ჯერ მხოლოდ 36 წლისა იყო, როცა ჰიპერტენზიის სიმპტომებმა პირველად შეაწუხა. ექიმს მიემართა, სრული სამკურნალო პროგრამა გაიარა,  რომელშიც დიეტა, ვარჯიში და მედიკამენტები შედიოდა და საგრძნობლად მომჯობინდა. “დღემდე ფორმას ვინარჩუნებ, ეს ყველაფერი კი ჩემი მკურნალი ექიმებისა და მზრუნველი მეუღლის დამსახურებაა”, – განაცხადა მან სატელევიზიო ინტერვიუში.
. მომღერალი ტონი ბრექსტონი მაღალი არტერიული წნევის მატარებელია – მისი ნორმალური წნევა 160/105 მმ ვწყ. სვ გახლავთ. ის ამჟამადაც მკურნალობს. ექიმთან მისვლა და მკურნალობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ შეერთებულ შტატებში ამ დაავადების გამო ყოველწლიურად 460 ათასზე მეტი ქალი კვდება.
. მსახიობი რობერტ გიიომი პრობლემას თავდაპირველად დარდიმანდული დაუდევრობით ეკიდებოდა, მაგრამ მას შემდგე, რაც წნევამ დაარტყა, გონს მოეგო, კრიზისული პერიოდი დაძლია და მკურნალობის საფუძვლიანი, გრძელვადიანი კურსიც ჩაიტარა.
. 28 წლის მომღერალი და მსახიობი მონიკა დენის არნოლდი, უკვე წლებია, რაც ჰიპერტენზიას უჩივის. ჰიპერტენზიის სიმპტომებმა მას შემდეგ შეაწუხა, რაც მისმა შეყვარებულმა ჯერვის ვიმსმა თავი მოიკლა. ჯერვის ძმა, 25 წლის სტივი, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გაიგო თუ არა ძმის გარდაცვალების ამბავი, ჯერვისმა იარაღი ამოიღო და ტყვია საფეთქელში დაიხალა.
მონიკას უმძიმესი დეპრესია დაეუფლა, მაგრამ 17-თვიანი პაუზის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება განიზრახა. ახლა ის ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, ყოველდღე საათსა და 45 წუთს შეუსვენებლად ვარჯიშობს და დიდი სიფრთხილით არჩევს რაციონს. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: “მივხვდი, რომ სიცოცხლე მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო რაღაცებს ვკარგავთ”.
. პრეზიდენტი ბილ კლინტონიც ჰიპერტენზიით დაავადებულთა რიგებში მოხვდა. ის გურმანი გახლავთ, ამიტომ დიეტათერაპიაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა მედიკამენტებზე ყოფილი პრეზიდენტი უარს არ ამბობს და მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს გადის.
. ყველაზე პოპულარული ამერიკული თოქშოუს წამყვანი ლარი კინგიც მაღალ არტერიულ წნევას უჩივის. გულის ოპერაციაც კი აქვს გადატანილი. დღეს ის დიაბეტითაც არის ავად და აქტიური წევრია ორგანიზაცია heart health-ისა, რომელიც ჰიპერტენზიით დაავადებულთა დასახმარებლად პერიოდულად საქველმოქმედო აქციებს მართავს.
. გრემის მფლობელი პროდიუსერი რენდი ჯეკსონი, ლარი კინგივით, არა მხოლოდ წნევას, არამედ დიაბეტსაც უჩივის. მას ოპერაციული ჩარევაც დასჭირდა, რათა ზედმეტ წონას როგორმე გამკლავებოდა. სიმსუქნე მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. დღეს ის ინტენსიურ მკურნალობის კურსს გადის, თუმცა არ ვარჯიშობს.
. მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი ჰიპერტენზიით დაავადებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია. მას მაღალი არტერიული წნევა წლების განმავლობაში ტანჯავდა, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრება განვლო. არც კარიერაში, არც პირად ცხოვრებაში დაავადებას ხელი მაინცდააინც არ შეუშლია. მუდმივი დიეტა და ძილის წინ თბილი წლის აბაზანები – ეს ორად ორი სამკურნალო საშუალება გახლდათ, რომლებსაც მსახიობი მიმართავდა, ასაკის მატებასთან ერთად კი მედიკამენტების სმაც დაიწყო.
. ვიქტორია გოტის ვაჟი ფრანკ გოტი აგნელო 13 წლის ასაკში 106 კგ-ს იწონიდა. ის სპეციალურ ფიტნესპროგრამაში ჩაერთო, რომლის წყალობითაც 47 კილოგრამის დაკლება მოახერხა. ფრანკი პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც ტელევიზიაში მოხვდა და ერთ-ერთი რეალითი-შოუს ვარსკვლავად იქცა. მას შემდეგ ის ფიტნესპროგრამისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეწევა. მისი გადაცემებიც სწორედ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას ეძღვნება.
. მომღერალი ნატალი კოლიც ჰიპერტენზიით არის ავად. მან უმძიმესი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. “დღეს თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ხელახლა დავიბადე. სიცოცხლე მიხარია და, სიმართლე რომ გითხრათ, ხანგრძლივი მკურნალობაც არაფრად მიმაჩნია, რადგან პატარა მსხვერპლის გაღება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სიცოცხლე მპირდება”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ვარსკვლავმა ჰოსპიტალიდან გამოსვლისას.
იმისთვის, რომ ფანების ამალა და ვარსკვლავური ბრწყინვალება დიდხანს შეინარჩუნონ, ცნობილი სახეები გმირულად ისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, თუმცა გამონაკლისებიც მრავლად არიან და მათ ჯანმრთელობასთან ხუმრობა ხშირად ძვირად უჯდებათ ხოლმე.
----------------------------

უმართავი მდგომარეობა


ჰიპერტენზიით დაავადებულები წნევის რამდენიმე მილიმეტრით აწევასაც კი ძლიერ განიცდიან. ალბათ თქვენს სამეზობლო-სანათესაოშიც არიან ადამიანები, იღლიაში მანომეტრამოჩრილები რომ დადიან და მარცხენა ხელზე ბრინჯაოს სამაჯურს ატარებენ. 
 არტერიული წნევის ცვლილება, მით უფრო – მაღალ ციფრებამდე, მართლაც საყურადღებო სიმპტომია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც წნევა უკვე არაერთხელ გახდომია უმართავი.
სწორედ უეცრად განვითარებული ძლიერი ჰიპერტენზიის (ანუ მაღალ ციფრებამდე ასული წნევის) აღსანიშნავად შემოიღეს ექიმებმა ტერმინი “ჰიპერტონიული კრიზი”. ამ დროს მრავალ ორგანოს ძლიერი დარტყმა ადგება, რაც მათი ფუნქციის დაქვეითებით გამოიხატება.
ჰიპერტენზიის შემოტევებს რომ თავი არ დააჩაგვრინოთ, რამდენიმე მარტივი წესის ცოდნა დაგჭირდებათ:


წესი №1
თუ არტერიული წნევის მკვეთრ მომატებასთან ერთად თავი იჩინა სიცოცხლისთვის საშიშმა გართულებებმა, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სტაციონარული მკურნალობა (ანუ კრიზში მყოფის საავადმყოფოში გადაყვანა), ამიტომ წნევის მომატებისას ყურადღება მიაქციეთ სამიზნე ორგანოთა დაზიანების ნიშნებს: თავის ძლიერ ტკივილს, ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, გულმკერდის ტკივილს, მხედველობის  გაუარესებას. მათი შემჩნევისას აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი სტაციონარს მიმართეთ.

წესი 2
თუ თქვენს თვალწინ ვინმეს კრიზი განუვითარდა, ექიმის მოსვლამდე მშვიდ, მყუდრო გარემოში მოათავსეთ. ურიგო არ იქნება, თუ ფეხებს თბილ წყალში ჩააყოფინებთ. თუ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს სვამს, მიეცით დამატებითი დოზა, ოღონდ წამლის მოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით: თუ ხანგრძლივმოქმედი მედიკამენტი ერთი საათით ადრე აქვს მიღებული, დოზას ნუ დაამატებთ – როდესაც მანამდე მიღებული მედიკამენტიც დაიწყებს მოქმედებას, შესაძლოა, წნევა ნორმაზე მეტად დაეცეს. შეგიძლიათ დაალევინოთ შედარებით ხანმოკლე მოქმედების წნევის დამწევი მედიკამენტი (კაპტოპრილი, ანაპრილინი, ნიტროგლიცერინი, ლაზიქსი), მაგრამ ასეთი მედიკამენტების თვითნებურად მიღება რეკომენდებული არ არის, ამიტომ ჯობს, ექიმს ტელეფონით მაინც დაუკავშირდეთ.

წესი 3
ყოველგვარი მედიკამენტის თვითნებური მიღება საშიშია, განსაკუთრებით კი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატებისა, რადგან მათ აქვთ როგორც ჩვენებების, ასევე უკუჩვენებების ფართო სპექტრი. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ნიტროგლიცერინის მიღება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ  არამც და არამც არ შეიძლება. კერძოდ, ამ მედიკამენტის მიმართ მგრძნობელობის მომატებისას, დახურულკუთხოვანი გლაუკომის არსებობისას, ვიაგრას დალევის შემდეგ, მწვავე ინსულტისას... თუმცა ხდება პირიქითაც, როცა ნიტროგლიცერინი არჩევის პრეპარატია ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული სტენოკარდიის სამკურნალოდ. არასამედიცინო პროფესიის ადამიანისთვის ეს ყველაფერი, ცხადია, რთულია, ამიტომ სასურველია, მედიკამენტი ინდივიდუალური მგრძნობელობის, ჩვენებისა და უკუჩვენების გათვალისწინებით მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა ექიმმა დანიშნოს.

დაიხსომეთ: გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არტერიული წნევა მკვეთრად არ არის მომატებული, მაგრამ ვამჩნევთ სამიზნე ორგანოთა დაზიანების ნიშნებს (მწვავე კორონარული სინდრომი, აორტის განშრევებადი ანევრიზმა, ფილტვების მწვავე შეშუპება, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, თავის ტვინის მწვავე ინფარქტი ან ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა და ეკლამფსია). გადაუდებელი ჩარევა ამ დროსაც აუცილებელია.

გააზიარე: